Friday, November 24, 2023

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 154)

154. 
- და სახლის დაცლას, მართლაც რამე კონკრეტული მიზანიც აქვს? - დაბალი ხმით ჰკითხა გალეომ.
- თუ ჩემი ეჭვები გამართლდა, კი! - ასევე დაბალი ხმით მიუგო მწირმა.
- და თუ არ გამართლა, ეგ თქვენი, ეგრეთ წოდებული, ეჭვები? - ჩაეკითხა გალეო.
- მაშინ უბრალოდ, ბავშვი ჰაერს გამოიცვლის. - ირონიულად მიუგო მწირმა და დეტექტივს თვალი გაუსწორა. - მიმისაც არ აწყენდა სუფთა ჰაერი.
„ზუსტად რას გულისხმობს ეს კაცი, ნეტა ერთი ბოლომდე გამაგებინა.“
ფიქრობდა გალეო და მწირის გამჭოლ მზერას, უკვე საკმაოდ კარგად გამოცდილი დეტექტივი, თვალს ძლივს უსწორებდა.
„ისე მიყურებს, ასე მგონია, რომ რენტგენზე მიღებს.
მართლაც დიდი გაქექილი ვინმე ჩანს და მაინც, ვინ ხარ სინამდვილეში? ვინ?“
როგორც წინა დღეებში შეთანხმდნენ, დეტექტივს მწირი, თავის სამმართველოში უნდა მიეყვანა, მხოლოდ სხვადასხვა გზით მივიდოდნენ და შენობაში შესვლისას, წესიერად ვერც ვერავინ უნდა მიმხვდარიყო, ეს ორნი ერთად იქნებოდნენ, თუ ცალ-ცალკე. ესეც მწირის დაგეგმილი იყო, რადგან მშვენივრად იცოდა, მარტო უცხო კაცს საშვის გარეშე ასე ადვილად არც შეუშვებდნენ. დეტექტივის გვედრით და მით უმეტეს, იქაურ თანამშრომელის თანხლებით, სხვა კაცს ისე გაატარებდნენ, რომ წესიერად ზედაც არ შეხედავდნენ. მწირმა ისიც კი გაითვალისწინა, რომ მოგვიანებით, გალეოს თუ გამოკითხავდნენ შენობაში შეშვების ამ მომენტს, პასუხიც უკვე გამზადებული ექნებოდა.
- შარს ვერავინ მოგდებს. - წინა დღით უხსნიდა მწირი. - სრულიად უბრალოდ და თავისუფლად შეგიძლია უპასუხო, რომ შესასვლელში ვიღაც კაცმა, რაღაც გკითხა და ფაქტიურად ერთდროულად შეხვედით მისაღებში, ასასვლელი კი მხოლოდ ისედაც ერთადერთი კიბეა და ბუნებრივია, იქაც ერთდროულად ავიდოდით. აი, სულ ეს არის!
- ჰმ, რა ადვილად აწყობთ ყველაფერს. - ცინიკურად ჩაეღიმა გალეოს.
- ფოკუსს ხშირად, ყველაზე მარტივი ახსნა აქვს. - ასევე ღიმილით მიუგო მწირმა. თუმცა, გალეოსგან განსხვავებით, ღიმილი უფრო მდარე იყო, ვიდრე ცინიკური.
- მე მაინც, სახიფათო მგონია და...
- რა თქმა უნდა, სახიფათოც არის და საშიშიც! - დაეთანხმა მწირი. - ამიტომაც არც მინდა რომ ზედმეტად გაერიო და გამოჩნდე! ნებისმიერ დროს შეგიძლია დაამტკიცო, რომ პირადად შენ, არაფერ შუაში ხარ!
- და მართლაც, რომ გამოიკვლიონ და გამოიძიონ? - გალეო ფრთხილობდა. - მაშინ ხომ გამოჩნდება, რომ ერთმანეთს უკვე ვიცნობთ! თუნდაც მიმისთან, არაერთხელ შევხვედრილვათ!
- არც მასეა საქმე. - დინჯად მიუგო მწირმა. - მიმისთან, თქვენს გარდა, ვინც იმ საღამოს იყავით, არავინ ვუნახივარ. არც მასთან მოსული და არც მისგან გამოსული.
- ჰმ, დაცვა და ექთანი გამოგრჩათ! - ირონიულად მიახალა გალეომ.
პასუხად მწირმა ცალყბად გაუღიმა.
- და როგორც დღის, ისე ღამის! - კვლავ ირონიულად განაგრძო გალეომ.
წამით დუმილი ჩამოვარდა.
- მიმის და ფიფოს, საკმაოდ ჭკვიანი სახლი აქვთ. - მშვიდი ხმით მიუგო მწირმა.
დეტექტივი შეცბა. ამას უკვე აღარ მოელოდა. ახლა მისთვის ცხადი გახდა, რომ სახლი, მიმის თაოსნობით, რამდენადაც გემოვნებით იყო მოწყობილი, იმდენად ჭკვიანურად იყო განაწილებული ოთახები და გასასვლელები და სავარაუდოდ, ეს უკვე ფიფოს დამსახურება იქნებოდა, ამიტომაც უცხო ვერავინ შეამჩნევდა მწირი როგორ გადი გამოდიოდა ოთახებში და სახლშიც როგორ შედიოდა.
„რა თქმა უნდა, სახლის ასეთ დაპროექტებაში, უეჭველი ფიფოს ხელი ურევია და გამოდის, რომ მართლა ასე კარგად და ახლოს იცნობს ფიფოს?“
- მე მაინც ვფიქრობ, რომ სრულ სიმართლეს არ მეუბნებით. - მიმართა გალეომ და თან თვალს არ აშორებდა მოსაუბრეს.
- სრული სიმართლე, არც არის საჭირო. - დინჯად მიუგო მწირმა. - მით უმეტეს, როცა საფრთხესთან გვაქვს საქმე. რაც უფრო ნაკლები გეცოდინებათ, მთ უფრო ადვილად გამოძვრებით, ბატონო დეტექტივო. - მწირმა ცალყბად გაუღიმა.
დეტექტივი უხერხულად შეიშმუშნა. თან საშინლად ბრაზობდა, თან უარზეც არ იყო, ფიფოს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ ფაქტიურად ზუსტად კი არა მიახლოებითაც ვერ ხვდებოდა ამ კაცის ჩანაფიქრს. ბოლომდე არც სჯეროდა მისი მონაჩმახის და მხოლოდ თავს უქნევდა.
- ბუნებრივია, სრულიად უნდობლობას ვიწვევ და მე მართლაც მესმის თქვენი. - დაიწყო მწირმა. - და სხვა გზას ხედავთ? გვაქვს სრული გარანტია იმისა, რომ ფიფოს ოჯახის წევრები მშვიდად იქნებიან?
- ნუ გარანტია... - დეტექტივი გაჩუმდა.
- ცხადია, ფიქრობ რომ ფიფოს მეტი რაღა უნდა შეემთხვეს. - განაგრძო მწირმა. - ან მის ლიკვიდირებას ამჟამად არაფერი აზრი არა აქვს, რადგან ყოველგვარ რეალობას არის მოწყვეტილი.
- დიახ, სწორედაც რომ მაგას ვფიქრობ! - მიუგო გალეომ. - და თუ ადრე ფიფოს დასაშანტაჟებლად ბავშვის გაიტაცეს, ახლა დიმეოს და მიმის რაღატომ უნდა ემუქრებოდეს საფრთხე? ან ვისკენ არის ეს შანტაჟი მიმართული?
მწირმა არაფერი უპასუხა, თვალიც კი არ დაუხამხამებია, ისე უსწორებდა მზერას დეტექტივს. გალეომ ისიც კი შეამჩნია, რომ ბოლო შეკითხვაზე სულ ოდნავ, თითქოს შეიშმუშნა კიდეც მოსაუბრე.
„ესე იგი, თუ ფიფოს ამ მომენტში არაფერი ემუქრება, ვიღაც სხვა არის საფრთხის ქვეშ? და ვინ სხვა? და რატომ უნდა დატოვონ სახლი მიმიმ და ბავშვმა?
ვერაფერი გავიგე...“
გალეოს უკვე ფიქრები ერთმანეთში ერეოდა და ისევ იმ კითხვის ირგვლივ განაგრძო საუბარი. იქნებ, მაინც რამე წამოსცდენოდა ამ უცხო კაცს.
- ისე, თუ მართლაც მათი ლიკვიდირება უნდათ, სხვა ადგილას ვერ მიწვდებიან, თუ რა? - ცინიკური ხმით განაგრძო გალეომ. - რა მნიშვნელობა აქვს, ქალაქში იქნებიან თუ სოფელში? და თუნდაც სადმე შორს, უცხოეთში. დღეს ძალიან ადვილია ნებისმიერ ადგილას მისწვდე, თუ იცი სად ეძებო და სხვათა შორის, არც ადგილსამყოფელის დადგენა იქნება რთული.
- სრულიად გეთანხმებით. - კვერი დაუკრა მწირმა. - დღეს სადმე უღრან ტყეში, გამოქვაბულში თუ დაიმალება და ისიც შესაძლებელია, დიდ ხანსაც ვერ გასძლო. თუ თავად არ ხარ მონადირე, ან მგელი შეგჭამს ან ტურა.
- ჰო, რა თქმა უნდა. - გაეცინა გალეოს.
- და როგორ წარმოგიდგენიათ! - მწირს სახეზე დამცინავი ღიმილი აესახა. - ბავშვი და ორსული ქალი გამოქვაბულში?
- აბსურდია! - მყისვე მიუგო გალეომ. - თანაც, მიმი ფიფოს გარეშე, არსად წავა! მით უმეტეს, თუ კი არც კი იცის რამდენი ხნით მოუწევთ გადახვეწა.
- ამიტომაც, საცხოვრებელი ადგილი კარგად უნდა შეირჩეს. იმდენად მყუდრო და მშვიდი გარემო უნდა იყოს, რომ...
- და მშობლიურ სახლზე უფრო მეტი სიმყუდროვე, სად უნდა ნახონ? - ცინიკურად ჩაეკითხა გალეო.
- მშობლიური სახლი, ყოველთვის უსაფრთხო არ არის. - დინჯად მიუგო მწირმა.
- ესე იგი, კონკრეტულად მათი აქ გაჩერება არის მათთვის საფრთხე?
- აი ეს უკვე ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოა. - მშვიდი ხმით მიუგო მწირმა.
გალეომ ვერაფერი უპასუხა.
„ესე იგი, აქედან უნდა წავიდნენ და მაშინ იქნებიან უსაფრთხოდ? ვითომ?“
ფიქრობდა გალეო.
„და რა მნიშვნელობა აქვს ადგილ სამყოფელს? მისამართის გამოცვლა უშველის ვითომ?
მისამართისა და ბინის გამოცვლას... ბინა... სახლი... სახლში რაღაც ინახება?
როგორ მინდა ვიცოდე ზუსტად რა უნდა ამ კაცს და როგორ? რანაირად ვკითხო?
ნუთუ მართლა სახლში რაღაც გადამალა ფიფომ, რადგან თურმე ასეთ ლაბირინთებში უცხოვრია...“
- ზუსტად ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ!
მწირის ხმამ გალეო ფიქრებიდან გამოარკვია.
- ასეთი დარწმუნებული როგორ ხართ? - მყისვე მიუგო დეტექტივმა. - თუმცა, არც იმდენად რთული გამოსაცნობია, რა თქმა უნდა სწორედაც რომ ამ საქმეზე ვფიქრობ.
- ეგ თავისთავად. - კვერი დაუკრა მწირმა. - თუმცა, ერთი სული გაქვს, უფრო ღრმად ჩასწვდე სიტუაციას. - მწირი შეყოვნდა. - ადამიანს ყველაზე მეტად, გაურკვევლობა უღრღნის გულს.
- ჰმ, რატომღაც რომ გულს არ მიღრღნიდეს. - ჩაეცინა დეტექტივს.
პასუხად მწირმა მდარედ გაუღიმა.
- და ამის პასუხიც უკვე იცით. - მტკიცე ხმით მიმართა მწირმა. - არ არის ამაზე მეტის ცოდნა ახლა საჭირო და სახლი, უნდა დაიცალოს და მორჩა! - მწირი წამით შეყოვნდა. - ადამიანებისგან.
გალეომ ვერაფერი უპასუხა. უკვე აღარ იცოდა რა ეღონა, თვალწინ სულ მიმის მავედრებელი თვალები ედგა და უკან დახევას არც აპირებდა. თუმცა, არც კი იცოდა რას მოუტანდათ ეს ყველაფერი.
„მხოლოდ მიმის თხოვნით, მაგრამ მაინც რამდენად სწორად ვიქცევი?
ეს ჩუკიც კიდევ ვერაფერს მეშველება. მაინცდამაინც დღეს აქვს პროცესი. რამე იდეას მაინც მომაწოდებდა.
ასე მგონია, სრულიად მარტო ვარ ამ უცხო კაცის წინაშე და არავინ მიმაგრებს ზურგს. რჩევა მაინც მომცეს ვინმემ, მაგრამ ვინ? სხვას ვერავის ჩავრევ და ვერც მხატვრისგან გავიგე რამე და ქირურგს ხომ არასდროს არ სცალია.“
გალეომ დაცვარული შუბლი მოიწმინდა და თვალი მოსაუბრისკენ გააპარა. დარწმუნებული იყო, მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც უხმოდ და ჩაფიქრებული იჯდა, ეს უცხო კაცი მზერას არ აშორებდა და თვალებით ღრღნიდა, მაგრამ შეცდა. მწირი თვალებმინაბული იჯდა ლამის მისგან ზურგშექცევით და სავარაუდოდ ვერც კი ხედავდა დეტექტივის აღელვებულ სახეს. დეტექტივი ახლა უფრო მეტად ჩაფიქრდა, რომ ეს კაცი, თუ თვალით ვერ ხედავდა, ისედაც მშვენივრად გრძნობდა ყველაფერს.
„იმედია კეფაზეც არ აქვს თვალები, მაგრამ მთელი ტანით ვგრძნობ რომ ყოველ ჩემს ამოსუნთქვაზეც კი რა სახე მაქვს და როგორ გამოვიყურები ამასაც ხედავს, იმასაც მშვენივრად გრძნობს ახლა ამ მომენტშიც კი რას ვფიქრობ.“
- ზოგჯერ, პრიმიტიულად და სრულიად უბრალოდ, არაფრისმთქმელ ტყუილს ამბობენ, რომ ამ ტყუილით სხვა უფრო დიდი ტყუილი გადაფარონ.
მწირის სიტყვებმა იმდენად ზარივით გაიჟღერა რომ გალეო შეკრთა.
- ესე იგი, დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე? - მყისვე დაუსვა კითხვა გალეომ.
- უფრო ალეგორიასთან.
- ჰმ. - თავი გააქნია გალეომ. - ახლა არ თქვი, რომ პატარა ტყუილით, დიდ ტყუილს ვფარავო?
- ისიც ხომ დავამატე, რომ ალეგორიულად ვთქვი. - მწირს ღიმილი აუთამაშდა. - და მთავარი ამოცანა კი მეგობრის ოჯახის დაცვაა და ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს, ვიტყუებით რამეს, თუ ბოლომდე არ ვყვებით სიმართლეს.
- არც არაფერი! - მხრები აიჩეჩა გალეომ.
- მაშინ რა განერვიულებს?
გალეომ ვერაფერი უპასუხა. მწირმა კი განაგრძო.
- თუ მხოლოდ იმას განიცდი, რომ ფაქტიურად საქმის კურსშიც არ ხარ, ეს მარტო პირადად თქვენ არ გეხებათ! თქვენს გარდა, სხვა მეგობრებიც არიან საქმეში ჩართულნი და მათაც ზუსტად იმდენივე იციან, რამდენიც პირადად თქვენ და უკვე ბევრჯერ ავხსენი, რომ იმაზე მეტს ჯერ ვერაფერს ვიტყვი. სანამ სამშვიდობოს არ გავალთ, მანამდე ხმასაც ვერ ამოვიღებ. ჩემი დიდი სურვილი კი იქნება, რომ ფიფომ თავად უნდა მოგიყვეთ ყველაფერი.
- და ფიფომ რომ ვერ...
- სამარეში რომ წაიღოს? - ჩაეკითხა მწირი.
გალეო შეცბა.
- ესე იგი, ასე იქნება საჭირო და მორჩა!
„თუ კი იმ ნარკოტიკებს ეძებენ, მე და ფიფომ რომ გადავმალეთ...“
გალეო კვლავ ჩაფიქრდა.
„ნუთუ ასეთი იდიოტი ჰგონიათ ფიფო რომ სახლში, ოჯახში სადაც ბავშვია, იქ ასეთ რამეს გადამალავდა?
ჰა, ჰა! წარმოდგენაც კი არავის აქვს, რომ მე და ფიფომ, თავის დროზე როგორ გავანადგურეთ. ყველაფერმა ჩემს ხელში გაიარა, ფიფომ მხოლოდ მე მანდო, ძლივს ვათრიეთ დროებით სამალავში და სულ ნაწილ-ნაწილ, სულ სხვადასხვა ალაგზე ვანადგურეთ. ნამდვილად ვიცი, რომ ჩემს მეტს ვერავის ენდო მაშინ ფიფო და მარტო ჩვენ ორმა ვიცოდით ეს ყველაფერი.
რადგან, ვერსად მიაგნეს, ალბათ ჰქონიათ რომ სახლში იქნება გადამალული, ამიტომაც მოითხოვენ, რომ მიმიმ სახლი უნდა დატოვოს, თუნდაც დროებით, რომ ყოველი კუთხე კუნჭული სათითაოდ უნდა გადაქექონ, იატაკსაც აყრიან და თუ მოინდომეს ჭერსაც ჩამოიღებენ, მაგრამ მე სად და როგორ უნდა ვთქვა, რომ არაფერი აღარ არსებობს, ერთი გრამიც კი არ დავტოვეთ ის საწამლავი, ყველაფერი უკვე გავანადგურეთ!
აქამდე კი მხოლოდ მიმიმ იცოდა, ფიფო კოლეგებიდან, მარტო მე მენდობოდა. ის კი არადა თანამშრომლებში ხშირად ჩემზე კურიოზებს ჰყვებოდა, მსუბუქად დამცინოდა კიდევაც სამსახურში და როგორც კი ამბავს მომიტანდნენ, მაშინვე ვითომ მართლა მწყინდა და ბრაზი მომდიოდა ფიფოზე. მერე მეც რაღაც მწარეს ვიტყოდი მასზე და ფიფოსაც მაშინვე მიურბენინებდნენ ენას. მოგვიანებით კი ბევრს ვიცინოდით ერთად ახლა კი ამ ვიღაც უცხი კაცსაც სცოდნია ჩვენი ფარული მეგობრობის ამბავი.“
ამ ხნის მანძილზე რაც გალეო ჩაფიქრებული იჯდა და დროდადრო დაცვარულ შუბლს იწმენდდა, მწირი მისგან განსხვავებით შედარებით უფრო მშვიდად გასცქეროდა ფანჯრის მიღმა სივრცეს და თითქოს სულაც არ ადარდებდა ლამის ზურგშექცევით რომ იჯდა მოსაუბრესთან. ზედაც არ უყურებდა. გალეო კი სიმწრის ოფლში იწურებოდა, მაგრამ აბა როგორ უნდა ეთქვა ამ უცხო კაცისთვის, რომ ის რასაც ფიფოს მტრები ეძებდნენ, უკვე მისი ხელშეწყობით, კარგა ხანია განადგურებული იყო.
- შეიძლება უკვე აღარც არსებობს რასაც ეძებენ! - მოულოდნელად ზარივით გაისმა მწირის ხმა და დეტექტივის გაფითრებულ სახეს, ისეთი გამჭოლი მზერით ჩააკვირდა, რომ გალეომ ენის ბორძიკით რაღაც გაურკვევლად დაუდასტურა.
მწირმა არაფერი უპასუხა. კვლავ განმგმირავი მზერით ჩაშტერებოდა სახეში და ისედაც უკვე ფერდაკარგულ დეტექტივს ახლა სულ მთლად გათეთრებოდა სახე.
- შეიძლება უკვე განადგურებულიც არის, რასაც ეძებენ. - ძლივს ამოილუღლუღა გალეომ.
- შეიძლება! - მტკიცე ხმით დაუკრა თავი მწირმა. - მაგრამ როგორ გინდა შეატყობინო ეს იმ კაციჭამიებს? როგორ უნდა აუხსნა? ან ვინ მივა და ვინ ეტყვის?
- თუ... თუ სხვა გზა არ...
- თუ სხვა გზა არ იქნება. - შეეშველა მწირი. - მიხვალ და ყველაფერს ეტყვი. ამით თავს დაიღუპავ, რადგან როგორც ამ წამს აღვნიშნე, კაციჭამიები-მეთქი, მათთან რამის აღიარება უკვე თვითმკვლელობის ტოლფასია!
წამით დუმილი ჩამოვარდა. დეტექტივი ცოცხალმკვდარი იდო სკამზე.
- არ არსებობს იმის გარანტია, რომ დაგიჯერონ ან გენდონ ბოლომდე. - დაიწყო მწირმა. - შენ მიდიხარ და დეტალებში უყვები ყველაფერს, როგორ გაანადგურე სამხილი თუ რაც იყო, რასაც ეძებენ და ამის მერე იწყება სწორედაც ის უნდობლობა. იქნებ, ატყუებ? იქნებ, ბოლომდე არ გაგინადგურებია? იქნებ, დარჩა კიდევ? და იქნებ, სხვაც არის საქმის კურსში? აი, ხედავ? ეგ შენი აღიარება, რამდენ ტანჯვად დაგიჯდება? და ღირს რომ? მაგას არ სჯობს ბავშვმა და ორსულმა ქალმა ჰაერი გამოიცვალონ? - ბოლო სიტყვები ღიმილით დაასრულა მწირმა და გალეოსაც ცოტა გულზე მოეშვა.
- ესე იგი, მაინც სჯობს რომ სახლი დაიცალოს, არა? - წაიბურტყუნა გალეომ.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა მწირმა. - როცა იცი, რომ ვერაფერს ამტკიცებ, ან თუნდაც, ვერაფერს შეაგნებინებ, უბრალოდ, უნდა მიუშვა! აი, სულ ეს არის! სრულიად მარტივი ლოგიკა!
- და მერე რა გარანტიაა იმისა, რომ ახლა სხვაგან, სხვა სახლში არ დაიწყებენ ძებნას? ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ?
- ეს უკვე სულ სხვა თემაა და ასე ვთქვათ, ფიქრისა და ქმედების სავარაუდო შემდგომი ეტაპია.
- და მაინც შემდგომი ეტაპია არა? - არ მოეშვა გალეო.
მწირი წამით შეყოვნდა და შემდეგ ძალიან დინჯი ხმით მიუგო:
- როგორც ვიცი, ჭადრაკს კარგად თამაშობ, არა?
- ნუუ... - მხრები აიჩეჩა გალეომ და ისიც კი გაიფიქრა, რა დროს ჭადრაკიაო. - შეძლებისდაგვარად ვცდილობ, თუმცა ფიფო საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა. ყოველთვის საინტერესო იყო მასთან შერკინება.
- და უფრო მეტად ხშირად რომელი იგებდით?
- უფრო მეტად ხშირად... - გალეომ ამოიხვნეშა. - ხშირად ყაიმზე ვთანხმდებოდით და რა შუაში ახლა აქ ჭადრაკი?
მწირი მდუმარედ შეჰყურებდა და თვალებით ხვრეტდა. საშინლად დაძაბული დეტექტივი წესიერად ვერაფერს ხვდებოდა და მაინც ყველაფერზე კვერს უკრავდა.
მეორე დღეს ყველაფერი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მწირმა დაგეგმა. გალეოს კი მაინც სიმწრის ოფლი ასხამდა, სანამ ის დღე დასრულდებოდა.
- აბა, როგორ გიკითხოთ, ბატონო დეტექტივო! - ჩუკიმ, მანქანის კარი გამოაღო და მძღოლის გვერდით სავარძელში მოკალათდა.
- სტაბილურად! - მიუგო გალეომ. - როგორც, ყოველთვის!
- ძალიან კარგი! - გაუღიმა ჩუკიმ. - სტაბილურობა სჯობს, ალიაქოთს!
- შენ ხომ არ გეჩქარება? - მიმართა გალეომ.
- არა, არა! და რა იყო?
- დიმეო სკოლიდან უნდა გამოვიყვანო. ახლა უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო და თანაც, ისე რომ ზედმეტი დაცვა, არავის ეჩხირებოდეს თვალში.
- და იმ ამბებზე რა ხდება?
- მშვენიერი ამინდებია! - ღიმილით მიუგო გალეომ.
- ესე იგი, ეს ამბებიც გადავიტანეთ, არა? - კვლავ ჩაეკითხა ჩუკიმ.
- კი, კი! აბა, რაა! - თავი დაუკრა გალეომ. - თანაც ისე კარგად დაემთხვა, რომ...
- რა დაემთხვა? - არ აცალა ჩუკიმ.
- მოკლედ, ამ კაცის იქ მიყვანიდან იმავე საღამოს, სერიოზული ჩოჩქოლი ატყდა სწორედაც, რომ ვესტიბიულში.
- თანამშრომლებმა ერთმანეთს დასცხეს? - ჩაეცინა ჩუკის.
- აჰამ! - ღიმილითვე მიუგო გალეომ. - და მეც ვისარგებლე, ვითომ ძალიან მაინტერესებდა ზუსტად რა მოხდა და კამერების გადამოწმება მოვითხოვე და აი, მაშინ, დანაშაულიც კი ჩავიდინე!
- ჰოო? - წარბები აზიდა ჩუკიმ.
- დიახ, ყმაწვილო! მე მართლაც რომ გამოუსწორებელი დანაშაული ჩავიდინე! ავდექი და საერთოდ წავშალე იმ კაცის გამოჩენა ჩვენს შენობაში, როგორც მისი შემოსვლა, ასევე მისი გასვლა და ახლა შენობის გარეთ რამდენი ხალხი მიდი მოდის, ეს უკვე თავადვე გაარკვიონ!
- ჰმ, ყოჩაღ შენ!
გალეომ შეიფერა.
- ისე არც გამიკვირდება, რომ ეგ ატეხილი აყალ-მაყალი. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ჩუკიმ. - ესეც იმ კაცის შემოგდებული იყოს.
- ჰაჰ! - ჩაეცინა გალეოს. - ცოტა რთულია დავიჯერო, როგორ უნდა მოეხერხებინა, თუმცა ვინ იცის? ჩვენ მიახლოებითაც კი არ ვიცით, თუ ვისთან გვაქვს საქმე!
- მდაა და ისე, მართლაც ყოჩაღ შენ! როგორ კარგად მოიფიქრე, რომ ის ჩანაწერი ასე ოსტატურად ამოგეშალა.
პასუხად დეტექტივი სავარძელში შეწრიალდა და ცალყბადაც გაეღიმა.
- რა?! - არ მოეშვა ჩუკი. - ახლა არ მითხრა, ეგეც იმ ტიპმა შთამაგონაო.
- ნუუ... როგორც კი საშუალება მოგეცემა, იქნებ როგორმე წაშალოო. - ჩაიბურტყუნა გალეომ.
- ჰოო... - ღიმილით გააქნია თავი ჩუკიმ. - ასე ერთი შეხედვით, მართლაც დაუჯერებელიც კი არის, რომ ესეც იმ კაცმა მოაწყო, თუმცა უკვე აღარაფერი მიკვირს.
- რა ვიცი... რა ვიცი... - ჩაიდუდღუნა დეტექტივმა.
- და მე მაინც არ მესმის.  - დაიწყო ჩუკიმ. - დავუშვათ, დაცალეს ის სახლი და სხვაგან გადაიხვეწნენ და ის, რასაც ვითომ მართლა მალავენ, იმას თან ვერ წაიღებენ თუ რა?
- სწორედ მეც ეგ კითხვა დავუსვი და იცი, რა მიპასუხა?! - წამოენთო გალეო.
- რაო?
- ჭადრაკის თამაში ხომ იციო!
- რაა? - ჩუკიმ წარბები აზიდა.
- უფრო სწორად, ისიც კი იცოდა მე და ფიფო რამდენს ვთამაშობდით. - გალეომ ამოიხვნეშა. - ზოგი პარტია, ლამის თვეობითაც კი გრძელდებოდა. ხან დიდ ხანს არ გვეცალა, ხანაც კიდევ მომდევნო სვლაზე ბევრსაც ვფიქრობდით.
- მერე მოვაწყოთ, ერთი მაგარი ჩემპიონატი! - შესთავაზე ჩუკიმ და მანქანასთან უკვე მოახლოებულ დიმეოს ღიმილით გახედა.
- რა ჩემპიონატი? - იკითხა ბავშვმა და მანქანის უკანა კარი გამოაღო.
- არ გინდა დიმე, ჭადრაკის ჩემპიონატი მოვაწყოთ? მეგობრულ-ძმაკაცური?! - ჩუკი დიმეოსკენ შემობრუნდა. - მაგრამ არანაირი ასაკობრივი შეღავათები, ასე რომ შენც უნდა მიიღო მონაწილეობა და სამართლიანად შევერკინოთ!
- რა მაგარი იქნებაა! - ბავშვს თვალები გაუბრწყინდა. თუმცა, მაშინვე მოიწყინა და მძიმედ ამოიხვნეშა. - მამიკო მასწავლიდა...
- ჰოდა, როცა ფიფო უკეთ გახდება, სანამ სიარულს და წამოდგომას შესძლებს, აი სწორედ მაშინ გაერთობა ჭადრაკით და უფრო მეტი სტიმულიც მიეცემა. - გაამხნევა ჩუკიმ ყურებჩამოყრილი ბავშვი.
ბიჭმა წყლიანი თვალები შეანათა. ჩუკიმ კვლავ მისი ხასიათზე მოყვანა სცადა:
- აბა თუ გახსოვს, პირველი შთაბეჭდილება ჭადრაკის თამაშს რომ სწავლობდი? ყველაზე ძალიან რა მოგეწონა მაშინ?
- ყველა ფიგურას თავისი სვლა და ადგილი აქვს, ეს არის ყველაზე საინტერესო! - მკვირცხლად მიუგო დიმეომ.
- ჰო, ყველას თავისი სვლა აქვს. - გაიმეორა ჩუკიმ და გალეოს რაღაცნაირი მზერა მიაპყრო.
„ყველას თავისი ადგილი, თავისი სვლა, ყველას თავის საქმე აქვს!“
გაუელვა დეტექტივს.
„აი თურმე, რას გულისხმობდა ის კაცი, შენს საქმეს მიხედეო, შენ რაც გევალება ის გააკეთო, სხვას კი თავის საქმეს...“
- დიმეე!  - გალეომ ცალი ხელი საჭეს უშვა და უკან ბიჭს მოუღუტუნა. - წავედით ბურგერებზე!
- აუ, დედიკომ სადილიო... - თან ძალიან გაუხარდა ბავშვს და თან ისეთი სახით იკითხა, რომ ცხადია მიმისთან ან ადვოკატს უნდა დაერეკა და ან დეტექტივს.
- ეგ მერე დავაყოლოთ! - მიუგო ჩუკიმ. - თუ დაგვრჩება ადგილი.
- მიმის მე დავურეკავ. - გაამხნევა გალეომ. - შენ არ ინერვიულო.
- მე ძალიან მიყვარს. - მიუგო დიმეომ. - მაგრამ ვიცი რომ არ არის სასარგებლო და არც დედიკოს მოსწონდა, როცა მამას ბურგერებზე დავყავდი.
- ჰოდა, სანამ ფიფო წაგიყვანს, მანამდე ჩვენ ვჭამოთ! - შეაგულიანა დეტექტივმა. - აბა, ხომ არ ვიშიმშილებთ მანამდე!
- აბა, რაა! - ბიჭი მხიარულად აჭყიპინდა.
გალეო და ჩუკი კი კვლავ იმ უცხო კაცზე ფიქრობდნენ. სავარაუდოდ მათ გარდა, კიდევ სხვა დამხმარეებიც უთუოდ უნდა ჰყოლოდა, რადგან მაშინ ასე თავდაჯერებული როგორ იქნებოდა. 
იმ დღემ მშვენივრად ჩაიარა და გალეომ როგორც იქნა, შედარებით მშვიდად დაიძინა. თუმცა სიმშვიდემდე ჯერ კიდევ შორს იყო. საკმაოდ გაკვირვებული და გაოცებული იყო ამ უცხო კაცის გამოჩენითა და მისი ქმედებებით. თითქოს მთელი სამყარო მის ნება-სურვილზე ტრიალებდა და მისი ტვინით მოქმედებდა. თუმცა ყველაზე გამაოგნებელი დეტექტივს მაინც წინ ელოდა, როცა დილით სამსახურში მისულს, მაგიდის ზედა უჯრაში სწორედ ის ცხვირსახოცი დახვდა, რომელსაც წინა დღეებში ასე გამწარებით ეძებდა, რადგან მასში სანუკვარი სამხილი ჰქონდა გახვეული.
LEX. 2023 წლის 7 ნოემბერი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment