- საკმაოდ კარგად გამოცდილ დეტექტივებსაც აქვთ ერთი მაინც, თუ მეტი არა, ბოლომდე გაუხსნელი და გაურკვეველი საქმე! - ხანუმა დეიდამ სათვალე მოიხსნა და ფიფოს ჩააშტერდა. - ასე რომ, ამით არ წყდება და არ მთავრდება არც ცხოვრება და არც კარიერა!
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი.
- კომბოსტოც და ძეხვიც დაჭრილია! - სამზარეულოდან წინსაფრიანი ფსიქოლოგი ბიჭი გამოჩნდა. - ახლა, რა ვქნა?
- კომბოსტო სიგრძეზე წვრილად და ძეხვი კუბებად? - ჩაეკითხა ხანუმა.
- ზუსტად მასე! - მიუგო ბიჭმა.
- კარგი. ახლა მე მიმიშვი. - ხანუმა სამზარეულოსკენ წალასლასდა.
იონა ფიფოს მიუჯდა.
- მენაგვის თანამდებობიდან, მზარეულამდე დაწინაურდი? - ფიფომ ცალყბად გაუღიმა.
- დამხმარე მზარეულად. - ღიმილითვე უპასუხა ბიჭმა.
- ესე იგი, მაინც შავი მუშა ხარ? - ფიფოს ახლა უფრო მეტად გაეცინა.
- ასე გამოდის. - სიცილი იონასაც გადაედო.
- ჩემკენ რა ხდება?
- ჯერ, საინტერესო არაფერი. - მიუგო იონამ. - ბებია, კარგი ქალია. ბავშვიც ცოტაც მომეჩვია. მცნობს უკვე. ვცდილობ, ყოველდღე თვალში არ შევეჩხირო და ზემდეტად ხშირად არ გამოვჩნდე. ისე, იმ ბავშვთან კონტაქტი, რთული სულაც არ ყოფილა. თუმცა, თავიდან მეგონა, გამიჭირდებოდა, მაგრამ სულაც არა!
- ლაპარაკი შეუძლია?
- კი, როგორ არა! ზოგჯერ, ცოტა ძუნწად იცის პასუხი, თუ არ უნდა, ხმასაც არ გაგცემს. თითქოს, არც გისმენს და მერე უცებ გპასუხობს.
- და რა თემაზე საუბრობთ ხოლმე?
- არაფერს ისეთზე. - მხრები აიჩეჩა იონამ. - უფრო კითხვებზე გპასუხობს, მერე კიდევ რამეს მოაყოლებს. იცი, რაღაცნაირია. სულ არ მოველოდი, რომ ასეთი... - იონამ თავი გააქნია. - მე რატომღაც, უფრო რთულად წარმომედგინა, ასეთი ტიპის ბავშვებთან ურთიერთობა.
- ჰო, ოო? - წარბები აზიდა ფიფომ.
- ისე, ძალიან თბილი ბავშვია. - ეღიმებოდა იონას. - უფრო ხშირად მამას ახსენებს და რატომღაც დედას, არასდროს.
- ზოგს მამა უყვარს, ზოგს მარტო დედა, ვის როგორ. - ჩაურთო ფიფომ.
- რამდენჯერაც დედა ვუხსენე, ბებია თითქოს მოიღუშა, თემის შეცვლაც კი სცადა და თანაც, არა ერთხელ! ბავშვს კი, საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონდა დედის ხსენებაზე, მაგრამ მამას თუ უხსენებ, მაშინვე თვალები უბრწყინდება და ისეთი სიყვარულით მოიხსენიებს.
- ნუ ახლა, პრობლემური ბავშვია და მისგან უცნაურობები, არც უნდა გაგიკვირდეს.
- ხო, მაგრამ მამის ხსენებაზე, თუ ასეთი ბედნიერია? ეს უკვე უცნაურობაც აღარ არის.
- ნუ, რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- სხვათა შორის, ბებიასაც მშვენივრად სცნობს და ძალიანაც კი უყვარს! - განაგრძო იონამ. - მგონი, ჩემთანაც მოსწონს ურთიერთობა და დედაზე, საერთოდ რეაქცია არა აქვს.
- და დედამისი გინახავს?
- არა. - მიუგო იონამ. - ეზოში მხოლოდ ბებიას ჩამოჰყავს, მაგრამ როცა ბაბუაც თან ახლავთ, მაშინ ვერიდები ხოლმე მათთან მიახლოებას.
- ჰმ, ეგ ჭკვიანურია. - მოუწონა ფიფომ.
- რატომღაც, ასე ვიფიქრე. - კვერი დაუკრა იონამ. - არც ძაან გათქვეფა მინდა მათ ოჯახში. თუმცა, სულ ასე გაგრძელებაც არ ივარგებს.
- მდაა - თავი გააქნია ფიფომ. - საინტერესოაა. და შენ რა იცი, შენთან მოსწონს თუ არა ურთიერთობა?
- ბებიამისმა მითხრა, როგორც კი ეზოში ჩამოვიყვან, სულ თვალებით გეძებსო და რა ვიცი.
- ჰმ.
- მეც ვცდილობ რომ თბილად ვესაუბრო. თუმცა, მკაცრად და უხეშად რატომ უნდა მოვექცე? თან ვინც უყვარს და რაც უყვარს, სულ იმ თემის ირგვლივ ვტრიალებ და ამიტომაც შევამჩნიე, თუ როგორ უბრწყინდება თვალები, მამის ხსენებაზე და მერე, ბებიაც ისე არაკრაკდება.
- ჰოო? და რაო, რას ჰყვება? - აწრიალდა ფიფო.
- უაღრესად მოსიყვარულე მამაა! უამრავი საჩუქრები, სითბო, სიყვარული არ აკლია მისგან. მამის გარეშე, ძალიან უჭირს გაძლება. წამლებსაც კი არ სვამს, თუ მამას არ დაელაპარაკება! თუნდაც, ტელეფონით. ზოგჯერ როცა ბავშვი ვერ იძინებს და მამა ძალიან დაკავებულია, მაინც მოირბენს და სანამ არ დააძინებს, მანამდე არ შორდება მის საწოლს და მერე ისევ უკან მიდის სამუშაოდ.
- ჰმ, ღამითაც ატარებს ლექციებს? - ჩაეცინა ფიფოს.
- მოკლედ, მამაზე აბოდებს, მზე და მთვარე ამოსდის და კიდევ...
- კიდევ რა? - ჩაეკთხა ფიფო.
- კიდევ, ვიღაც მიმი უყვარს.
- ვის?! - ფიფო აენთო.
იონა, ფიფოს რეაქციაზე შეხტა და ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ხმით უპასუხა:
- ვის და იმ ბავშვს. მამიკო მიყვარს და კიდევ მიმი მიყვარსო.
ფიფოს ცოტა გულზე მოეშვა.
ბიჭი კი, გაკვირვებული სახით შეჰყურებდა ფიფოს.
- მდააა. - ჩაფიქრებული ხმით ამოიხვნეშა ფიფომ. - ამით რა გამოვა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ შენ მაინც გააგრძელე მაგ ოჯახთან მეგობრობა და ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს.
იონამ თავი დაუქნია.
სამზარეულოში დატრიალებულმა, საოცრად გემრიელმა სურნელმა, სასტუმრო ოთახშიც შემოაღწია.
- მოხმარება ხომ არ გინდა? - ფიფომ სამზარეულოში შეიხედა.
- აი ეს წაიღე, შუაში ჩადგი.
- უჰ, რა სურნელი აქვს, რა არის? - მოუთმენლად იკითხა ფიფომ.
- აჯიკაში ჩაშუშული კომბოსტო და ძეხვი. - მიუგო ხანუმამ.
- აუუ!!! - ნერწყვმორეული აყმუვლდა ფიფო.
- რაო ნათლიაშენმა? საბოლოოდ რა გაირკვა? - იკითხა ხანუმამ, როცა სუფრას შემოუსხდნენ.
- იმ დღეს, შენთან კი გამოვაგზავნე. - მიუგო ფიფომ. - უკვე ისე ვიყავი, ვიფიქრე, ჯანდაბას, გაიგოს ყველაფერი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ აქამდე ვერ მოაღწია და ამიტომ ცოტა ხნით, ისევ ჩვენს საიდუმლოდ უნდა დარჩეს!
- დარჩეს მერე. - მხრები აიჩეჩა ხანუმამ. - შენს ალიბზე დარბოდა ნათლიაშენი, იმ მომენტში ყველაზე აქტუალური ეგ იყო, თუ მაგას ვერ მოაგვარებდა მაშინ კი მოვიდოდა ჩემთან, მაგრამ გადარჩი და შენი საიდუმლო, აი ისევ ინახება, ჩემს ბებერ გულში.
- ბებერიო გაიძახი და ყველაზე მაგარი გული გაქვს! - შეაქო ფიფომ.
- კარგი, კარგი! - ჩაეღიმა ხანუმას. - ისე, ეს ალიბის ამბები, კი ბატონო გაირკვა და სუფთად დამთავრდა, მაგრამ ხელბორკილების ამბავი?
- არ მკითხო. - თავი გააქნია ფიფომ.
- ჰმ, მაინც უნდა გკითხო. - ჩაეღიმა ხანუმას. - და მაინც, რანაირად მოხვდა იქ შენი ანაბეჭდები?
- უჰ! მაგას ისეთი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომ ლამის კრისტალებად დაშალეს.
- მერე? - ჩაეკითხა ხანუმა.
- მერე და ის, რომ ჩემი ანაბეჭდები! - თითქოს, ნიშნის მოგებით მიუგო ფიფომ. - მეორადი გადატანით არის დატოვებული!
- და ეგ, როგორ ხდება? - ჩაერია იონა.
- ზედ სკოჩის კვალიც კი აღმოაჩინეს და სავარაუდოდ, იქიდან აპლიკაციასავით იქნა გადაყვანილი, მოკლედ მაგრად უჩალიჩია რაა. - თავი გააქნია ფიფომ.
- ხომ შეიძლება, შენი რომელიმე თანამშრომლის გაკეთებულიც იყოს? - ხანუმამ გამომწვევად გახედა ფიფოს. - რა? არ შეიძლება, რომ ვინმე გადაკიდებული გყავდეს? შურდეს, იბოღმებოდეს! რამდენიც გინდა!
ფიფომ მხრები აიჩეჩა, ხანუმამ კი განაგრძო:
- შური, ყველაზე დიდი სენია ამ ქვეყნად და არც იკურნება! - ხანუმა წამით შეყოვნდა. - არ იკურნება, რადგან სინდისთან არის კავშირში! განა, სინდისის განკურნება შეიძლება?
- რა ვიცი? თითქოს, არ არიან ცუდი ბიჭები. - ფიფომ თავი გააქნია. - ყველასთან მართლაც კარგი ურთიერთობა მაქვს!
- ერთი ესპანური ანდაზა გამახსენდა. - დინჯი ხმით მიუგო ხანუმამ. - მგელს დანახვისთანავე სცნობ და კაცს კი, ათი წლის მერეც ვერაო! აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგოო!
- კი. - თავი დაუქნია ფიფომ. - ვიფიქრე სხვებზეც, მაგრამ არც იმ ძველ ვერსიას გამოვრიცხავ.
- ისე, თანამშრომელს, ყველაზე ადვილად ექნებოდა წვდომა, შენს თითის ანაბეჭდებთან! თუმცა, სხვასაც შეეძლო მისი მოპოვება და ამის ათასი ხრიკიც არსებობს. ხან ფინჯანს დაკარგავდი, ხან...
- თუნდაც, ლუდის ცარიელ ბოთლსაც არ მიაქცევდი ყურადღებას, ისე შეიძლება მოგესროლა ურნაში! - ჩაერია იონა, რამაც საერთო სიცილი გამოიწვია.
- შენ ნამუშევარი ხარ მაგ სფეროში და დააკვირდებოდი კიდევაც. - ხითხითებდა ხანუმა.
იონას სულაც არ სწყინდა. მასაც გემრიელად ეცინებოდა. იცოდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული, გულიანი ხუმრობა იყო და ამ ხალხის უზომოდ მადლიერი იყო, ასე უანგაროდ შეიფარეს და უვლიდნენ. ხანუმა დეიდამ ვაგზალზე მენაგვედ მუშაობაც კი აუკრძალა. ჯერ სწავლას მიხედე და უკეთეს სამსახურს მე თვითონ გიშოვნიო. ფიფოს თხოვნით კი, თავისუფალ დროს პიპას ოჯახთან დაახლოებას ცდილობდა და ჯერ-ჯერობით მშვენივრად გამოსდიოდა.
- ცოტა ხნით უნდა გავყუჩდე. - ფიფომ სავარძელში გადაინაცვლა. - საერთოდ არ უნდა გამოვჩნდე. სამსახურიდანაც ბიულეტენზე გამიშვეს. ჩემს უკითხავად გამოწერეს. თუმცა, ამ ეტაპზე, მეც ასე მაწყობს. ალბათ, აქაც ხშირად აღარ უნდა მოვიდე. შენ კი. - მიუბრუნდა იონას. - ქუჩაში შემთხვევითაც, რომ შემხვდე დაიმახსოვრე, არ გიცნობ და არ მიცნობ! ასე სჯობს. რა იცი, რა ხდება.
- და მაინც ფიქრობ, რომ ის შენი ეჭვმიტანილია ამ ახალ საქმეშიც გარეული? - ჩაეკითხა ხანუმა.
- კი ვფიქრობ! ვერ გამოვრიცხავ! - მიუგო ფიფომ. - ნუ, რა ვქნა, ასე მეფიქრება.
- მერე? რას აპირებ ამ სიჩუმით? - კვლავ ჩაეკითხა ხანუმა ფიფოს. - შენ ისეთი ხარ, უქმად მაინც არ გაჩერდები, ვერ გაჩერდები და შურისძიებამ, ხომ ნახე, არა? სადამდე მიიყვანა შენი ეჭვმიტანილი?
- აბა რა ვქნა? - თავი გააქნია ფიფომ. - შევეგუო იმას, რომ ასე მასხრად ამიგდო? იმის მაგივრად, რომ მე დამეჭირა, აქეთ ჩამაყუდა და თანაც, თავადვე გამომიყვანა!
- ჰოო, ნათლიაშენი კი, ახლა „ვენებს იჭრის“, გინდა თუ არა, ჩემთან ვიქეიფოთო. - ახითხითდა ხანუმა.
- აბაა! ხომ წარმოგიდგენია, მასთან ერთად სუფრას რომ შემოვუსხდებით?! - წამოენთო ფიფო. - დიდის ამბით, მადლობების ხდას რომ დავიწყებ და მერე ძმაკაცურადაც რომ ჩავეხვევი და გადავკოცნი! და ამ ბოღმიან გულზე, შეიძლება ისე დავთვრე, რომ ვეღარც მოვზომო და შუბლიც გავუხვრიტო!
- ჰო, კარგი, კარგი დაწყნარდი! - შეუფუცხუნა ხანუმამ აფეთქებულ ფიფოს.
ფიფო უსიამოვნოდ დაიჯღანა.
- ისე, რა საოცარია, არც ერთი სამხილი არ გაქვს მის წინააღმდეგ! რაღაც მაინც რომ გქონდეს, თუნდაც, სულ უმნიშვნელო. - თავი გააქნია ხანუმამ. - ნუთუ, მართლა ასე ძლიერ უჭრის გონება, რომ ერთ შეცდომასაც კი არ უშვებს?
ფიფომ ხელი ჩაიქნია.
- თუ სამხილი არ არსებობს და შენც, არც არაფერი დამამტკიცებელი ფაქტი არ გაქვს მის წინააღმდეგ, იქნებ, ეგ ტიპი სულაც არ არის დამნაშავე და ტყუილად... - იონამ ხანუმას გადახედა.
- დაიმახსოვრე ბავშვო! - ხანუმამ ბიჭს თითი დაუქნია. - ზოგჯერ სამხილის სრული უქონლობა, უფრო ამტკიცებს დანაშაულს!
- გასკდა თავი. - ჩაიბურტყუნა ფიფომ.
- მაშინ. - დაიწყო იონამ. - სადღაც, რაღაც მომენტამდე, მის დონემდეც უნდა დაეშვა. მასავით უნდა იმოქმედო. შენი ყოველი ნაბიჯი, შენი ყოველი ქმედება, კარგად მოფიქრებული და გააზრებული უნდა იყოს! უმცირეს დეტალებშიც კი არ უნდა იყოს შეცდომა დაშვებული, და კიდევ რაც მთავარია, უკან დასახევი მხოლოდ ერთი კი არა, რამდენიმე გზა უნდა გქონდეს გადანახული.
- ყველანი რა მაგარი ჭკვიანები ხართ სხვის საქმეში. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- მართალს გეუბნება ეს ბიჭი! - ხანუმამ ფიფოს მწყრალად გახედა. - კარგად დაუკვირდი რაც გითხრა. მის დონემდე დაშვება იმას კი არ ნიშნავს, რომ თვითონაც ისეთივე მკვლელი გახდე! შენს უკან სამართალი უნდა იდგეს! კანონით უნდა მოქმედებდე! ხანდახან, რაღაც პატარ-პატარა დარღვევებიც კი მოსულა, ამას ჩვენ გვერდის ავლას ვეძახით, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო უნდა იყოს, რომ ვერავინ გამოგეკიდოს!
- ძალიან ზედმეტად ჭკუის დარიგება, ხომ არ გამოგდით ორივეს? - ფიფო მოიღუშა.
- აბა რა გინდა? თავი შეაკლა? - ისევ შეუფუცხუნა ხანუმამ. - მკვლელია! სერიული მკვლელი! მერე რა, რომ კონკრეტული მიზანი აქვს და კონკრეტულ ხალხზე ნადირობს! აი, სწორედ ის კონკრეტული ხალხია მისი მტერი! და ახლა შენც მისი დაუძინებელი მტერი გახდი!
- და რატომ არ მომკლა მერე ამდენი წელი?
- ჯერ იმდენად არ უშლი ხელს! ერთობა შენით, ხალისი ემატება! ჰაჰა, აქეთ გიშლის ნერვებს, ხომ ხედავ? - ჩაეცინა ხანუმას. - მან ეს მიზანი, მრავალი წლის წინ დაისახა და შენ არც ხარ მისი მთავარი და ძირითადი სამიზნე.
- და მაინც რა თამაში იყო? წინა დღეს ჩაგსვა, მეორე დღეს გამოგიყვანა? - ჩაერია ისევ იონა. - ტყუილად არ იქნებოდა ეს, რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ახლა უფრო მეტი სიფრთხილე გმართებს!
- ეჰ, კარგი რა! - ხელი ჩაიქნია ფიფომ. თუმცა, თვითონაც იგივეს ფიქრობდა.
- სჯობს უმუშევარი იყო ან სხვა საქმეს მოჰკიდო ხელი, ვიდრე ოთხმა კაცმა ფეხებით გამოგიტანოს სახლიდან! - კვლავ შეუტია ხანუმამ. - მართალია ეს ბიჭი, ახლა უფრო მეტად საშიში გახდა და ზუსტად შენთვის გახდა საშიში და ისიც კი გიჩვენა, რომ ჯერ არაფერს გერჩის, მაგრამ მისი ასეთი ქცევა, ეს უკვე შენთვის პირადი გაფრთხილებაა. ამით შეგატყობინა, მიფრთხილდიო!
- ოთხი კაცი... ოთხი ფიცარი... - ჩაილაპარაკა ფიფომ.
- ჰო, ყველა იქ წავალთ, ადრე თუ გვიან, მაგრამ ისე არ მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ შენი გამარჯვება არ ვიხილო! - ხანუმამ ფიფოს გადახედა.
- ეჰ, დღემდე ისევ მარტო მე ვფიქრობ ნიღბების ვერსიას, გვერდით არავინ მიდგას და აბა როგორ დავამტკიცებ რამეს, სანამ თუნდაც პატარა შეცდომას არ დაუშვებს?!
- რატომ, მარტო შენ! - იონამ თავი წინ წამოსწია. - მეც მასე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, რომ...
- რომ რა? - მოუთმენლად გააწყვეტინა ფიფომ. - ჰო, აბა ჩამომიყალიბე რას ფიქრობ მკვლელზე? - ფიფო ცინიკური სახით მიაჩერდა.
- დამნაშავე ხელოვანია! - დაიწყო იონამ. - არტისტულად წარმოგვიდგენს დრამას, ანუ მის მიერ ჩადენილი მკვლელობის აქტს! ხოლო დეტექტივი კი ამ შემთხვევაში, ის კრიტიკოსი გამოდის, რომელმაც უნდა შეუფასოს ნამუშევარი და ისედაც, სწორედ ამიტომაც იდგმევა სპექტაკლი მაყურებლებისთვის, რომ კრიტიკოსებმა შესაბამისად შეუფასონ! ან გაასწორონ მიწასთან, ან შეაქონ! აღიარონ რეჟისორის გენია!
- ვაღიარებ! - ტაში დასცხო ფიფომ. - გენიოსია! და მერე, რა ვქნა?
- ნუ მკვლელი, მაინც მკვლელია! - განაგრძო იონამ. - და რაც არ უნდა სამართლიანი მკვლელის სტატუსი მოირგოს, მაინც დამნაშავეა! აქ უკვე მისი, შემოქმედებითი შექება გამორიცხულიცაა, რა თქმა უნდა, მაგრამ შენ ხომ შეაფასებ და აღიარებ მის სიძლიერეს?!
- და მერე, რაში სჭირდება ეს ამდენი სცენები და დრამები? - წამოენთო ფიფო. - ვის სჭირდება, ეს თამაში?! მკვლელობით გინდა შური იძიო? მერე მიდი, მოკალი და წადი რაა, გაიარე! რას მეთამაშება?! - ხმას აუწია ფიფომ. - რა სცენებს დგამს?! და ამით, რა მაჩვენა, მერე?!
- სწორედაც, რომ გაჩვენა! - კოპები შეკრა იონამ და ისე მიახალა ფიფოს. – ახლა უკვე, პირადად შენ გიჩვენა და ზუსტად ის გიჩვენა, თუ აი, რა მოიტანა, იმ უგვანო ხალხის უკუღმართმა ცხოვრებამ! დიახაც! ის მოიტანა, რომ უდანაშაულო ადამიანი, დამნაშავედ აქცია! უბოროტო კაცი, ბოროტი გახადა!
ფიფო თავჩაღუნული იბღვირებოდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი. ამიტომაც, ხმა არ გასცა, არაფერი უპასუხა იონას.
- ეჰ, ბავშვებო. - ამოიხვნეშა ხანუმამ. - ტრაგედიის თამაშია ეს ცხოვრება.
ბიჭებმა უხმოდ დაუქნიეს თავი.
- მოთამაშენი იცვლებიან, სცენა კი ყოველთვის უცვლელი რჩება. - დაბალი ხმით დაურთო ხანუმამ.
LEX. 2017 წლის 5 ნოემბერი, კვირა.

No comments:
Post a Comment