Sunday, October 17, 2021

ძველი პიანინო (ნაწილი 124)

124. 
საათზე მეტი იდგა ფიფო შხაპის ქვეშ. ასე ეგონა, ის საშინელად ჩახუთული და გულის ამრევი, საზიზღარი საკნის სუნი, არასდროს მოშორდებოდა ტანიდან. თითქოს თვალშიც დააკლდა და ქუთუთოები ისე ჰქონდა დაბერილი, წამდაუწუმ ეცრემლებოდა და ძლივს დაუცხრა. ცალკე ფეხსაცმელმაც კი ისე ძლიერ მოუჭირა, თითქოს ორი ზომით პატარა სცმოდა. ერთ ხანს, ფეხშიშველიც კი იარა ოთახებში და იატაკის სიგრილე რომ უფრო მეტად შეეგრძო. 
საშიში და საგანგაშო ფიფოს არაფერი სჭრიდა, ავად სულაც არ იყო. ეს ყველაფერი კი დარდისა და ნერვიულობის შედეგად ჰქონდა და უკვე მერამდენედ, გრილი შხაპის ქვეშ დამშვიდებას ცდილობდა. 
ხელბორკილების ამბავი, ჯერ კიდევ გასარკვევი იყო. თუმცა, ფიფომ ისედაც მშვენივრად იცოდა, თუ საიდან და ვისგანაც მოდიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა პირველ რიგში, თვითონ უნდა დამშვიდებულიყო. კარგად უნდა მოეფიქრებინა და დაელაგებინა აზრები, თუ როგორ და რანაირად, რა გზით უნდა ემხილა დამნაშავე. 
მანამდე კი, ყველგან და ყველასთან, თავი ისე უნდა დაეჭირა, თითქოს ვერ ხვდებოდა ვერაფერს. და მხოლოდ მარტო ხანუმამ იცოდა სიმართლე და ისიც ზოგიერთი დეტალების გამოტოვებით, ბოლომდე არა. არც ნათლიამ და არც იმ ახალგაზრდა ფსიქოლოგმა, ფიფოს ეჭვმიტანილის არსებობის შესახებ, ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ. 
ლუკმა ყელზე დაადგა, როცა გაიგო, თუ ვინ დაეხმარა საპატიმროდან გამოსვლაში. კინაღამ დაიხრჩო, ძლივს ამოისუნთქა. 
ცალყბად უღიმოდა ნათლიას, რომელიც არ ზოგავდა არ აკლებდა გაკილვას: 
- რა იყო ბიჭო, იქ ჭამას ხომ არ გადაგაჩვიეს? 
ხითხითებდა ნათლია და თან თითსაც მუქარით უქნევდა. ჭკვიანად იყავიო.
ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყო ფიფო, იმაზე მეტად, ვიდრე ადრე იყო. თუმცა, ადრე სულაც არ ფრთხილობდა, ან სულაც, რა ჰქონდა საფრთხილო? უფრო მიმის გულისთვის თუ იკავებდა თავს, მაგრამ მაინც ვერც ისე და ვერც ასე, ვერაფერს უმტკიცებდა თავის, უკვე რა ხანია მიზანში ამოღებულ ეჭვმიტანილ პროფესორს. 
ფიფო დარწმუნებული იყო, მისი დაპატიმრება, ნამდვილად პიპას ნამოქმედარი იყო. მართალია, მხოლოდ ერთი ღამე გაატარა იმ აყროლებულ საკანში, მაგრამ ეს რამდენიმე საათიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბევრ რამეზე დაფიქრებულიყო. 
და მაინც, რატომ გაუკეთა ეს? 
არც იმდენად სულელი ბრძანდებოდა ბატონი პროფესორი, რომ ვერ გაეთვალა, დეტექტივი, რომელსაც ნათლიის სახით, ასე მფარველი ჰყავს და მართლაც რომ დანაშაული ჩაედინა, მაინც შედარებით, ადვილად დაიძვრენდა თავს და მით უმეტეს, თუ უდანაშაულო იყო და მაშინ, რა თამაში იყო ეს? 
თუ ამით, კიდევ ერთხელ უჩვენა მკვლელმა, მისი ძალაუფლება. 
ფიფოსთვის ყველაფერი გასაგები და მისახვედრი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთ რამ ვერ გაეგო, თუ იმდენი გააკეთა, რომ აქეთ დასდო ბრალი და თავისავე თანამშრომლებს საკანშიც გამოამწყვდევინა, მაშინ რატომღა იწვალა ამდენი მის გამოსასხსნელად? 
„იქნებ, უნდა რომ ამით, თავისი ზეძლიერება მაჩვენოს? უფრო დამამციროს, დამცინოს!!“ 
ფიქრობდა ფიფო და ამდენი გაუთავებელი ფიქრებისგან თავი უსკდებოდა. 
„ან იქნებ, მიმის გამო? მიმის ხათრით დამინდო და პირიქით, აქეთ დამეხმარა გათავისუფლებაში? 
ან მიმი, საერთოდ, რა შუაშია აქ? ჩემს პატიმრობა-თავისუფლებასთან, მიმის რა კავშირი აქვს?“ 
ფიფოს არც უნდოდა ნათლიისთვის, ბევრი კითხვების დასმა და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს, ყველაფრის საქმის კურსში იყო. თუმცა, მაინც ერთი სული ჰქონდა გაეგო, საიდან და როგორ მოხვდა პიპა, მხატვრის სახელოსნოში და როგორ მოახერხა ასეთი მყარი ალიბის შექმნა, მაგრამ ნათლიასგან, მხოლოდ იმის გაგება შესძლო, რომ ამ ქვეყნად, საუკეთესო მეგობრებს, მაინც არაფერი შეედრებაო. 
ფიფოს ლამის გული გაუსკდა, მაგრამ თავი შეიკავა და შენიღბული სახით უღიმოდა ნათლიას. გულში კი მწარედ ეცინებოდა, ასეთი გამოცდილი და გაქექილი კაცი, როგორიც მისი ნათლია იყო, ასე ადვილად როგორ გააბრიყვეს.
„ჰმ, ნეტა იცოდეს, მაინც ვის აქებს და ადიდებს!“ 
ფიქრობდა გამწარებული ფიფო და თან, ხმასაც ვერ იღებდა. ამ ეტაპზე არც აწყობდა ვინმეს ჩარევა და ზედმეტად იმის გახმაურება, რომ ნამდვილად ჰყავდა ეჭვმიტანილი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერაფერს უმტკიცებდა და ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ სწორედ ის იყო მისი პირდაპირი მეტოქე მიმის დასაბრუნებლად.
აჩქარება ახლა არანაირად არ შეიძლებოდა. რადგან ბრძოლა იყო, ბოლომდე უნდა ეომა, მაგრამ ზუსტად მოწინააღმდეგის მეთოდებით. მშვიდად, დინჯად, წყნარად უნდა ემოქმედა ისე, რომ თავად დიდ ხანს არც გამოჩენილიყო. ყოველი მომენტი, ყოველი, თუნდაც სულ პატარა, მცირე ნიუანსიც კი გააზრებული და გათვლილი უნდა ჰქონოდა და მხოლოდ ასე შეიძლებოდა მისი სააშკარაოზე გამოყვანა. მხოლოდ ეს იყო ის ერთადერთი გზა, რითაც შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს, ემხილა მკვლელი. 

 *** 
ახალგაზრდა ბიჭმა, მისკენ წამოსროლილი ბურთი ხელში შეათამაშა:
- ვაა, ეს რა მაგარი ბურთია! არ მაჩუქებ? 
- ჩემი არ არის! - ბურთის წამოსაღებად მისულმა ბიჭმა, მოუთმენლად უპასუხა და ბურთს ხელი დასტაცა. 
- მაშინ, ვისია? ის ვერ მაჩუქებს? - ეშმაკურად ჩაეღიმა ახალგაზრდას. 
- აი იმისია! - მოშორებით, ეზოს მერხზე მჯდარ, ცოტა მათზე მოზრდილი ბიჭისკენ გაიშვირა ხელი მეორე ბავშვმა. 
- მერე თვითონ რატომ არ თამაშობს? - იკითხა ახალგაზრდამ და სინანულით გააქნია თავი. - თან, როგორ მოწყენილი ზის. 
- ეგ დებილია და იმიტომ! 
- ფეხბურთის თამაში არ იცის! 
- გოლიც კი ვერ გაიტანა!
ერთმანეთს არ აცლიდნენ ბიჭები.
- უი, მართლა? - გაკვირვებით ჩაეკითხა უცნობი, მოთამაშე ბიჭებს. 
- ვერ თამაშობს და ჩვენზე დიდია! 
- ჩვენი ტოლიც არ არის!
- არ იცის თამაში!
ახმაურდნენ ბავშვები. 
- მერე რა, რომ არ იცის! - მხრები აიჩეჩა ახალგაზრდამ. - ან რა მოხდა მერე, თუ თქვენზე დიდია? ასწავლეთ თამაში და მასაც ეცოდინება! 
- მაგას რა უნდა ვასწავლოთ? - დაიჯღანა ერთი ბავშვი. 
- ეგ დებილია, მაინც ვერ გაიგებს! - მიუგო მეორემ. 
- აბა ბურთი, რომ წაართვით? - კვლავ ჩაეკითხა უცნობი.
- ჩვენ არ წარგვირთმევია! - თავი გააქნია კიდევ ერთმა ბიჭმა. 
- თვითონ გვათხოვა! - დაუმატა მეორემ. 
- და მარტო თქვენ, რომ თამაშობთ და მისი პატრონი, შორიდან გიყურებთ, ეს კარგია? - უცნობმა ახალგაზრდამ, ახლა ცოტა საყვედურიც შეურია კითხვაში.
ბიჭები აზმუვლდნენ: 
- მართლა თვითონ გვათხოვა! 
- დებილია და მაგან რა უნდა ისწავლოს? 
- ეგ ხო, მაინც ვერ თამაშობს?! 
- დებილებთან აბა, როგორ უნდა ვითამაშოთ?! 
უკმაყოფილოდ იჯღანებოდნენ ბავშვები. 
ახალგაზრდამ, ბიჭების ზმუილს ყური არ ათხოვა, ბურთს ხელი დაავლო და მის პატრონს მიუჯდა გვერდით. 
ბიჭმა უცნობ ახალგაზრდას, თბილად გაუღიმა. 
- ეს რა მაგარი ბურთი გქონია! - ახალგაზრდამ ტყავის, მართლაც რომ საკმაოდ ძვირადღირებული ბურთი, ხელში შეათამაშა. - მაჩუქებ? 
- გაჩუქებ! - უყოყმანოდ დაუქნია თავი ბიჭმა. 
- კარგი! - ღიმილით დაეთანხმა უცნობი ახალგაზრდა, მოზარდ ბიჭს. - ვიჩუქებ მე ამ ბურთს! ძალიან დიდი მადლობა! 
პასუხად ბიჭი ყურებამდე გაიკრიჭა. 
- შენ კი, რადგან ასეთი კარგი ბიჭი ხარ! - განაგრძო უცნობმა ახალგაზრდამ. - მეც მინდა დაგასაჩუქრო და ახლა მე გჩუქნი ამ ბურთს შენ! 
ბიჭს უფრო მეტად გაეღიმა. 
- აიღე, გამომართვი! - ახალგაზრდამ ბურთი გაუწოდა. - მხოლოდ უნდა შემპირდე, რომ შენც ითამაშებ! 
- წესებს არღვევსო და მერე თამაშსაც გვირევსო, ბავშვები წუწუნებენ და ესეც აღარ თამაშობს. - ჩაერია ბიჭის გვერდით მჯდომი ბებია. 
- ჰმ. - უცხო ახალგაზრდას გაეღიმა. 
- თანაც, ეს იმათზე დიდია, ტანადაც და ასაკითაც, მაგრამ ჭკუა იმათ მაინც მეტი უჭრის. ეჰ, რას ვიზამთ... - ამოიხვნეშა ბებიამ. 
- სამაგიეროდ, ნახეთ როგორი კეთილი ბიჭია! - მიუგო ახალგაზრდამ. - ერთი ვთხოვე, არც მიცნობს და მაშინვე მაჩუქა! 
- კი, ძალიან კეთილია! - კვერი დაუკრა ბებიამ. - კეთილია და უბოროტო. 
- ეტყობა კიდეც, რომ სიბოროტის ნატამალიც კი არ გააჩნია! - თავი დაუქნია ახალგაზრდამ. 
- ჰო, მართალი ხარ, შვილო. – ამოიხვნეშა ქალმა. - ასეა ყოველთვის, ჩამომატანინებს ხოლმე ბურთს, მეზობლის ბავშვებისთვის და მერე თვითონ ზის და უყურებს მათ თამაშს. 
- და არ ითხოვს, რომ თვითონაც ათამაშონ? 
- საკვირველია, მაგრამ არასდროს უთხოვნია. - ბებიამ მხრები აიჩეჩა. - თუმცა, არც ისინი ეპატიჟებიან, მაგრამ მაინც.
- ჰმ, მართლაც საოცარია. - კვერი დაუკრა უცნობმა ახალგაზრდამ. - ალბათ, იცის რომ მაინც არ ათამაშებენ. 
- ეჰ, ნეტა ამას თუ ესმის მაგდენი? - კვლავ ამოიხვნეშა ქალმა. 
- და რატომ გგონიათ, რომ არ ესმის? 
- აბა, შვილო, როგორ? - კვლავ გაიკვირვა ქალმა და შვილიშვილს ისე გადახედა, რომ ამით თითქოს, უფრო დაარწმუნა, ბავშვს შეხედე და გაიგებო. 
- და თქვენ, გგონიათ, რომ მართლა ვერაფერს ხვდება? ვერაფერს გრძნობს? - არ მოეშვა ახალგაზრდა. 
- რა ვიცი, აბა შვილო. 
- იცით, რომ ამ ბავშვების საოცარი ფენომენი! - განაგრძო უცნობმა ახალგაზრდამ. - ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი და გამორკვეული!
ბიჭის ბებიამ გაკვირვებით გახედა. ჩანდა, ბევრ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მაინც გაუღიმა უცნობს. 
- და ყველაზე მთავარი კი, ის არის, რომ ეს ბიჭი უაღრესად კეთილია! - კვლავ განაგრძობდა უცნობი. - სიკეთით სავსე გული აქვს! სიბოროტის ნატამალიც კი არ გააჩნია და არავის არაფერს დაუშავებს! უფრო სწორად, ვერაფერს დაუშავებს, რადგან მის გონში არ არსებობს სიკეთისა და სიბოროტის ზღვარი! 
ქალი გაოგნებული უსმენდა უცნობ ახალგაზრდას და მერე ამოიხვნეშა: 
- ეჰ, თავის თავის უბედურია, შვილო თორემ, აბა ამან, ვის რა უნდა დაუშავოს? 
- არასდროს თქვათ მასე! - შუბლი შეკრა უცნობმა. - არასდროს უწოდოთ მას, უბედური! და თანაც, მისი თანდასწრებით! 
ბებია უხერხულად შეიშმუშნა და შვილიშვილს გახედა, რომელსაც ხელში ერთი დიდ ფოთოლი ეჭირა და ისეთი დაკვირვებით ათვალიერებდა, რომ თითქოს, ვერც კი გრძნობდა, ან იქნებ, არც ამჩნევდა, მის გვერდით მჯდომი ბებია და ის ვიღაც უცხო ახალგზარდა, მასზე რომ საუბრობდნენ. 
- თქვენ გგონიათ, რა? მართლა არაფერი ესმის, ან ვერ ხვდება? - კვლავ მტკიცედ განაგრძობდა ახალგაზრდა. 
ბებიამ უხმოდ აიჩეჩა მხრები. 
უცნობმა კი ისევ განაგრძო: 
- მას, ყველაფერი ესმის და ძალიან ბევრ რამესაც ხვდება, მაგრამ თავისი სამყარო აქვს, იქ ურჩევნია და იქ უფრო მშვიდად ერთობა, ამიტომაც არ უნდა გამოსვლა!
- კი, თავისი სამყარო აქვს. - ნაღვლიანად გაუღიმა ქალმა. 
- აი, ხომ ხედავთ, გარეთ რაც ხდება? რა ხდება ჩვენს სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ, დავდივართ რა აღარ ხდება! 
- ჰოო. - კვერი დაუკრა ქალმა. - სულ შეიცვალა ხალხი. 
- შური და ბოღმა! ბოროტება! - შემართებით განაგრძო კვლავ უცნობმა ახალგაზრდამ. - შუღლი და ქიშპობა, ყველაზე და ყველაფერზე! დაუნდობლობა, ერთმანეთის გაუტანლობა! ველურებივით შეესევიან, თუ რამე გამოსარჩენია და არც კი იყურებიან გვერდით, იქნებ ის რაც შენ ბევრი გაქვს, შენთვის ზედმეტია და აღარ გჭირდება? და ვისაც მართლა სჭირდება? განა, არ შეგიძლია, რომ ცოტაოდენი სითბო და თანაგრძნობა გამოიჩინო და მასაც გაუნაწილო? მაგრამ, არა! მე ბევრი მინდა, უფრო მეტი, აი, სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობენ დღეს თანამედროვე, ეს მართლაც მედროვენი! 
- ჰო. მართალი ხარ, შვილო. - თავი დაუქნია ქალმა. - ცხოველის დონემდეა დასული ადამიანის ბუნება. 
- სულაც არა! - თავი გააქნია უცნობმა. - ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით! 
- და რატომ? - გაეღიმა ბებიას. 
- რატომ? დაფიქრდით, აბა? - ჩაეკითხა უცნობი. 
- ჰმ, თუმცა. - ჩაფიქრებული ხმით განაგრძო ქალმა. - მართლაც ამდენი სიბოროტე, რაც ამ ქვეყნად არის, ცხოველებში არც იქნება. 
- დიახ! - კვერი დაუკრა უცნობმა. - არც იქნება და ვერც იქნება, რადგან არც ერთი ცხოველი არ ტოვებს თავის ნაშიერს, ისე როგორც ადამიანი, გაჩენისთანავე რომ მიაგდებს ხოლმე და რატომ? რის გულისთვის? 
ბებიამ დანანებით გააქნია თავი.
- და ეს ყველაფერი იმის გულისთვის, რომ ხალხი რას იტყვის?! - არ ცხრებოდა უცნობი ახალგაზრდა. - იმიტომ რომ იმ ხალხის აზრია მისთვის მთავარი და არა, საკუთარი სისხლი და ხორცი, რომელიც თავად შვა! 
- სამწუხაროდ. - ნაღვლიანად დაუქნია თავი ბებიამ და შვილიშვილს თბილად გადაუსვა თავზე ხელი. 
- ბებოს ბიჭია? - ღიმილით ჰკითხა უცნობმა ახალგაზრდამ. 
- ბებოსია, აბა ვისია? - ბებია ახლა შვილიშვილს მოეხვია და აკოცა. 
პასუხად ბიჭმა ჯერ ბებოს გაუღიმა, მერე კი იმ უცნობს. 
- მართლა, რა კარგი ბიჭია. - უცნობმა ახალგაზრდამაც ღიმილით გადახედა მომღიმარ ბიჭს. - გარეთ იმდენი სიავეა, ეს კი თავისთვის არის, უბოროტო და კეთილ სამყაროში ცხოვრობს, რადგან იქ თავს ბევრად მშვიდად და ლაღად გრძნობს! 
LEX. 2017 წლის 3 ნოემბერი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment