მხატვრის მოულოდნელმა შეკითხვამ, ქალი დააბნია, ვერაფერი უპასუხა. ზურგი შეაქცია და ოთახში შევიდა.
მხატვარი ფეხდაფეხ მიჰყვა და საკმაოდ მკაცრი ხმით მიმართა:
- რატომ გაჩუმდი?! რა?! არ იცი, შენი შვილი რამდენი წლის არის?! თუ გგონია ისე დამიმალავდი, რომ ვერ გავიგებდი?! - ხმას აუწია მხატვარმა.
ქალი ადგილიდან მოსწყდა და შემაძრწუნებელი ქვითინით ჩაებღუჯა მხატვრის სველს სამოსს. გოდებდა და გულსაკლავად მოსთქვამდა:
- არ ვმალავდი, არა! უბრალოდ, ბავშვს ვუფრთხილდებოდი! ცალკე შენც კი, გიფრთხილდებოდი! ჩემო სიხარულო! რა ბოროტი ხალხია! როგორ ჩაგაწვეთეს! შენ ხომ არც იცი, რა დღეშიც ვარ?! სადაც კი ოდესმე ვახსენე, ყველა ამრეზით მიყურებს, „უი საწყალი“ - ყველა ამას ამბობს და აღარ შემიძლია! აღარ შემიძლია, ამდენის ატანა! მერე ყველას მეც ავადმყოფი ვგონივარ, რადგან ამ ქვეყნად დაავადებული შვილი მოვავლინეე!!!
- რაა?! რა სჭირს ბავშვს? რატომ არ მითხარი? - ხმა აუკანკალდა მხატვარს. - იქნებ, დავეხმაროთ? ერთად მივხედოთ!
საყვარელი ქალის ცრემლებმა მხატვარს, ფიფოსთან საუბარი სულ დაავიწყა და ახლა ამ ქალის გულისათვის, ყველაფრისთვის მზად იყო.
- არა, არა! შეუძლებელია მისი მორჩენა! ის ავად არის ძალიან ავად! - ქალი მუხლებზე დაეშვა. - მაპატიე, გთხოვ, მაპატიეე! - ბღაოდა ქალი. - მაპატიე, რომ ჩემი ავადმყოფი შვილის ამბავი ასე დაგიმალე...
- რა?! რა სჭირს ბავშვს?! - მხატვარი მის წამოყენებას შეეცადა.
- როგორი გამწარებული დედა ვარ, შენ ხომ არ იცი? ჩემი საცოდავი შვილი! -
განწირული ხმით მოსთქვამდა ქალი. - მეთერთმეტე წელშია და ისე ისველებს, რომ ვერც კი გრძნობს. დღეში რამდენჯერაც დამინახავს, იმდენად უცხო ვარ მისთვის, ვერასდროს ვერ მცნობს! არც კი იცის, რომ დედა ჰყავს!
- ყველაზე ლამაზი და მოსიყვარულე. ამ ქვეყნად, ყველაზე საუკეთესო დედიკო ჰყავს შენს შვილს...
მხატვარი ცრემლებს უკოცნიდა გულაჩუყებულ ქალს. არც ქალი ჩამორჩა ალერსში და უსაყვარლეს მეგობარს, მზრუნველად ხდიდა სველ სამოსს.
- სულ გაყინულხარ! წამოდი ცხელი შხაპი გიშველის.
საყვარელი ქალის მზრუნველობა, თავბრუს ახვევდა მხატვარს. ისიც კი გადაავიწყდა ეკითხა, სინამდვილეში შენი ძმა არის, თუ ქმარიო.
ამ ქალისთვის კი, წუთიც საკმარისი აღმოჩნდა. როგორც კი მისმა რჩეულმა, ბავშვი უხსენა, ქალი წამსვე მოეგო გონს და ყველაფერი მის სასარგებლოდ შემოაბრუნა. აუხსნა და დაარწმუნა, თუ რატომ მალავდა ასე შვილის არსებობას, ისიც კი დაუმატა, რომ მოგვიანებით, აუცილებლად აპირებდა თქმას და უბრალოდ, მათ დასაშორებლად, სულ ცოტათი დაასწრეს ბოროტმა ენებმა.
მხატვარი სატრფოს ალერსში ჩაიძირა და მისი სითბოს მეტი, აღარაფერი ახსოვდა.
ღამდებოდა, ქალმა სახლში წასვლა მოიმიზეზა.
- აუ დარჩი რაა. არ წახვიდე, გთხოვ. - ემუდარებოდა მხატვარი.
- არ შემიძლია. დედას დილიდან წნევა აქვს. მოსვლა მთხოვა და ამაღამ, ბავშვს მე უნდა ვუთიო ღამე. - ქალმა ხელები თავზე შემოიჭდო. - ვიცი რა ტანჯვაც მელის, მაგრამ რა ვქნა? ჩემი შვილია, მე უნდა მივხედო.
- მართლა, ასე რთულად არის საქმე?
- ხო, ურთულესად! მთელი ღამე ყვირის, ძლივს იძინებს. ყველაფერს ვუმალავთ მაკრატელს, დანას, ასანთს. სულ ფხიზლად უნდა იყო. - სევდიანად ამოიხვნეშა ქალმა და ხალათს დაუწყო ძებნა.
- არ ჩაიცვა რაა, ცოტა ხანს იდექი რა მასე. - მხატვარს სუნთქვა შეეკრა.
ფანჯრიდან შემოსულ მთვარის შუქზე, ქალის უმშვენიერესი სხეული არეკლილიყო.
მხატვარი მონუსხულივით შეჰყურებდა, ბუნების საოცარ ქმნილებას.
„ნუთუ, შეიძლება ასეთი ულამაზესი ქმნილება, ბანდის წევრი, მკვლელი და გაიძვერა იყოს?
არა! არა! ფიფოს რაღაც ეშლება. ფიფომ რაღაც სწორად ვერ გაიგო!
მართლაც შეუძლებელია, რომ ასეთი თბილი და სათნო ქალი, ბოროტმოქმედი იყოს!
ვერ დავიჯერებ!“
მხატვარი კვლავ დარჩენას სთხოვდა, ქალი კი კვლავაც უარზე იდგა, შინ მიიჩქაროდა. სინამდვილეში კი ერთი სული ჰქონდა, მიმის მივარდნოდა და თმებით ეთრია.
სამწუხაროდ, ადამიანთა ბოღმას საზღვარი არა აქვს, ისევე, როგორც სიყვარულით გაბრუებულ სიბრმავეს, ხშირად ადამიანი მხოლოდ იმას ხედავს, რის დანახვაც თავად სურს.
***
მხატვარი ისევ საწოლში ნებივრობდა ფიფო, რომ ესტუმრა.
- როგორ მოხდა, ათ საათზე უკვე იძინებ? - ფიფო სიცილს ვერ იკავებდა.
- დამეზარა ადგომა. - მხატვარი სიგარეტს გადასწვდა, მაგრამ კოლოფი ცარიელი დაუხვდა.
ფიფოს გაეცინა:
- მოვიტანე სიგარეტიც, სასმელიც, მისაყოლებელი და დესერტიც!
- აუ მართლა, მაგრად მშია. - მხატვარი ზანტად წამოდგა.
- შენი ზარი, რომ დაფიქსირდა, იმ დროს მიმისთან ვიყავი, მაგრამ არ მითქვამს აქ რომ მოვდიოდი. უბრალოდ, სამსახური მოვიმიზეზე და იმედია, ასეთ წვიმაში თავზე არ წამოგვადგება და თავისუფლად ვისაუბრებთ!
ფიფოს ერთი სული ჰქონდა, როდის შეიტყობდა მხატვრისგან ცხელ-ცხელ ამბებს. მანამდე კი სამზარეულოში დატრიალდა და სანამ მხატვარი ძილ-ბურანიდან წესიერად გამოვიდოდა, უკვე პელმენის წვნიანს ამზადებდა.
- უუუჰ, როგორ მიყვარს. - ხარბად ჩაისუნთქა მხატვარმა კერძის სურნელი.
ფიფო, მხატვრის მონაყოლმა ჩააფიქრა. კარგა ხანს იჯდა ასე მდუმარედ და მერე, როგორც იქნა, ხმა ამოიღო:
- ჰოო, მართლაც რთულია, საწყალი ბავშვი.
- აი, ხომ ხედავ? შენც მასე თქვი! საწყალიო! - გაცხარდა მხატვარი. - და ყველა მასე, რომ ეუბნება, ეს გოგოც ცალკე მაგის გამო იტანჯება, ამიტომაც ბავშვზე, ყველგან და ყველასთან არც საუბრობს! ვერ საუბრობს! იშვიათად საუბრობს!
- ეს ხო, კარგი, მაგრამ იმაზე რა გითხრა, თავისი ძმის, ცოლია, თუ?
- აუუ, ეგ საერთოდ გადამავიწყდა... - სასოწარკვეთილი ხმით აღმოხდა მხატვარს. - აუუუ! მართლა, როგორ ვერ მოვტვინე, რომ მეკითხა!
ფიფოს მწარედ ჩაეცინა. უკმაყოფილოდ მოუკიდა სიგარეტს და სავარძელში გადაწვა.
- ვკითხავ! აუცილებლად ვკითხავ, როგორც კი მოვა, მაშინვე მივახლი. - უკან არ დაიხია მხატვარმა.
- შენი იმედი მაქვს. - ირონიული ხმით აღნიშნა ფიფომ.
- შენი საქმეები, როგორ მიდის? მიმისთან? - მხატვარმა თემის შეცვლა სცადა.
- არ ვიცი! - თავი გააქნია ფიფომ. - მიმი იმდენად აგვიანებს პასუხს, რომ...
- და მერე, რა? აცადე, მოიფიქროს წესიერად!
- რაღა ვაცადო? რამდენი? მთელი თვე გავიდა უკვე! მერე მართლაც მუცელი შეეტყობა?! მე კი მინდა, რომ თავიდანვე, ჩემს შვილად იყოს აღიარებული! - ფიფო მოთმინებიდან გამოვიდა, ამოხეთქა რაც გულში ჰქონდა.
მხატვარმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავისთვის გაიფიქრა.
„ეჰ, ფიფო, ფიფო, რა გჭირს? უკვე მეორეჯერ ხდები მამა და არც ერთხელ შენი საკუთარი შვილის.“
- და შენი საკუთარი შვილი, რომ გყავდეს, არ გინდა?
- მერე ჩემიც მეყოლება და ისიც ჩემი იქნება, ვისაც გავზრდი შვილად! გასაგებია! - ცოტა უკმეხად შეუღრინა ფიფომ.
- კი, ბატონო, შენი იყოს. - ჩაეცინა მხატვარს. - მიმი მეც ძალიან მიყვარს, კარგი ადამიანია და იმსახურებს რომ ბედნიერი იყოს.
***
მიმიმ ფიფო გასასვლელამდე მიაცილა და ის იყო, თავის ოთახში უნდა შესულიყო, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.
- მიმი, გააღე დედა, ალბათ ფიფოს რამე დარჩა. - სამზარეულოდან გამოსძახა დედამ.
მიმის ღიმილი სახეზე შეეყინა, როცა ზღურბლზე, სულ მთლიანად გაწუწული, პიპას და იდგა.
მიმისგან განსხვავებით, ქალი არც დაბნეულა და დაუპატიჟებლად შედგა სახლში ფეხი. თვალის მოვლებისთანავე შეაფასა ყველაფერი და არც დაუფარავს გაკვირვება:
- მშვენივრად მოწყობილხარ! დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
- მთელი ჩემი ცხოვრება, ისევე როგორც, მამაჩემი და ბებიაჩემიც თურმე, ამ სახლში დაბადებულა.
- ჰმ. როგორც ვხედავ ქონება არ გაკლია, აბა პიპასგან რა გინდოდა? ნუთუ, სიყვარულმა ასე გაგაბრუა, რომ კუდში დევნა დაუწყე კაცს, რომლისთვისაც სულ ერთი ხარ! - რაც შეიძლებოდა მეტი ღვარძლი ჩაურია სტუმარმა.
მიმი საშინლად აილეწა, თვალები რისხვით აენთო და სანამ რამეს იტყოდა, ისევ ქალმა დაასწრო:
- აქ შენი ამბების გასარკვევად არ მოვსულვარ, ჩემი ამბავი მაინტერესებს!
- შენი? - ახლა უფრო გაიკვირვა მიმიმ.
- რატომ უთხარი მხატვარს ჩემზე?
- შენზე?
მიმიმ იცოდა მხატვრის ახალი გატაცების შესახებ და ამის გამო, უკვე იშვიათად სტუმრობდა. არანაირად არ მოსწონდა ამ ქალის ვულგარული და თანაც გესლიანი ენა. გამოხედვაც ისეთი სუსხიანი ჰქონდა, რომ მიმის ტანში სცრიდა, მით უმეტეს, თუ მისი დანახვა, პიპას ახსენებდა.
- რა გატლიკინებდა, მაინც არ მესმის? - გაცხარებით განაგრძო ქალმა. - თუ სამაგიეროს მიხდი? რადგან ჩემი ძმა ვერ შეაბი, ისე როგორც შენ გინდოდა და ახლა ჩემზე იყრი ჯავრს!
სტუმარს იმდენად ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი, რომ მიმის დედა გაკვირვებული გამოვიდა:
- რა ხდება შვილო?
- არაფერი, დეე! ხომ იცი, ჩვენი მხატვარი? ჩვენი მეგობარი? - წამსვე შეაგება მიმიმ.
დედამ თავი დაუქნია და სანამ მიმი საუბარს გააგრძელებდა ქალმა დაასწრო:
- რაღაც უაზროდ ვიკამათეთ და ახლა მიმისთან მოვედი, იქნებ შეგვარიგოს! - გაუღიმა გაკვირვებულ დედას სტუმარმა.
- ცხელ ჩაის მოგიმზადებთ, მიმი პირსახოცი მაინც მიეცი, სულ სველია გოგო.
- კარგი დე, შენ წადი დაისვენე, მე თვითონ მივხედავ, არ ინერვიულო.
როგორც იქნა, დედა გაისტუმრეს. ქალი სველ თმებს იმშრალებდა და თან მიმის თვალს არ აშორებდა. ჩანდა, მიმისგან იმ პასუხებს მოითხოვდა, რისთვისაც ასეთ ამინდში მოულოდნელად დაადგა თავს.
მიმიმ ცხელი ჩაი დაუდგა და სამურაბე ახლოს მიუწია.
- ახლა თავიდან მომიყევი, რა ხდება და რა გინდა ჩემგან? მხოლოდ, დაბალ ხმაზე.
- რატომ უთხარი მხატვარს, რომ შვილი მყავს? რა გალაპარაკებდა? კიდევ რა იცის ჩვენზე?
- მეე? - გაიკვირვა მიმიმ. - არაფერი მითქვამს! კაი ხანია, რაც არ მინახავს.
- აბა, ვის შეეძლო ეთქვა? შენ რა გგონია, სასიამოვნო იმის აღიარება, რომ დებილი შვილი მყავს და თანაც, ვისგან!
- და მე რა ვიცი, საიდან გაიგო?
- შენს მეტი, საერთო ნაცნობი, არავინ მყავს!
- მე ნამდვილად არაფერი მითქვამს! და არც ვაპირებდი!
- მართლა? დავიჯერო?
- მართლა! და თუ გინდა, ნუ დაიჯერებ! - იწყინა მიმიმ. - საერთოდ არ მჩვევია სხივი ოჯახის გაჭორვა! მით უმეტეს, თუ... - მიმის უნდოდა ეთქვა, რომ პიპას გულისთვის მაინც არასდროს იტყოდა რამეს, მაგრამ დროულად გაჩუმდა.
- დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ...
- როგორ დაგიმტკიცო? არც კი ვიცი, მაგრამ მე რომ მომვარდი, შენ თვითონ, რატომ არ ჰკითხე?
ქალი ჩაფიქრებული იჯდა, მერე ამოიხვნეშა:
- იქნებ, ისიც იცის, რომ?.. - ქალი წამით შეყოვნდა. - ან პიპაზე, საერთოდ რა იცის?
- მხოლოდ, ის რომ ადრე ვმეგობრობდით და შენ, მისი და ხარ. ჩემგან მეტი არც არაფერი იცის. ბავშვი საერთოდ არც მიხსენებია, თუნდაც იმიტომ, რომ არც შენზე და არც პიპაზე არაფერი მითქვამს, იმაზე მეტი, რაც უკვე გითხარი!
- და შენ არ შეგიძლია ჰკითხო, საიდან გაიგო?
- შემიძლია! როგორ არ შემიძლია! - მტკიცე ხმით მიუგო მიმიმ. - მაგრამ არაფრის კითხვას არ ვაპირებ! ეგ შენ თვითონ უნდა ჰკითხო, შენი გასარკვევია და იმიტომ!
ქალი ფანჯარასთან მივიდა. გარეთ ისევ თავსხმა იყო.
- ისე წვიმს, რომ ასე მგონია, არასდროს გადაიღებს.
- გადავიცმევ და გაგიყვან სახლში. - შესთავაზა მიმიმ.
- არა, იყოს ნუ წუხდები. - თავი გააქნია ქალმა. - მაინც ტაქსი უნდა გამოვიძახო და თანაც, არც ისე შორს ვცხოვრობ შენგან.
- ჰოდა, მით უმეტეს, ახლოს ხარ! ცოტას მეც გამოვალ გარეთ. წვიმის გამო, მთელი დღეა ისედაც სახლში ვზივარ.
- მანქანაშიც გაწვიმს? - გაეხუმრა ქალი.
მიმისაც მხიარულად გაეცინა.
მიმიმ ქალი სახლამდე მიიყვანა და თვითონ მხატვრის სახელოსნოსკენ გასწია.
- აკი, საქმეზე გამომიძახესო? - გაკვირვება ვერ დაფარა მიმიმ, როცა მხატვართან მისულს, ფიფო იქ დაუხვდა.
- აკი, ფილმის ყურება მინდაო და თან იქნებ, ჩამეძინოსო? - შეუბრუნა ფიფომ კითხვა.
მიმის გაეღიმა.
- „საწოლში შევწვები და ისე ვუყურებ!“ - სიცილით გამოაჯავრა ფიფომ.
- უჰ, რა ვიცი. - გაიკრიჭა მიმი. - ვიწექი და ავდექი, ვერ მოვისვენე! ისე, რა დროს ძილია? ათი საათიც არ არის ჯერ!
- სხვათა შორის, უკვე თერთმეტის ნახევარია. - სიცილით დააზუსტა მხატვარიც.
- რაღაც ძაან გემრიელი სუნებია აქ! - ნერწყვმორეულმა მიმიმ კერძს ჩახედა.
- ზუსტად, ერთი ულუფა დარჩა და შენი იყოს, გითმობ! - ფიფო ყურებამდე უღიმოდა, მაგრამ გულს მაინც რაღაც ფარული კითხვა უღრღნიდა. არ მოსწონდა მიმის ასეთი წანწალი. ორსული გოგო, თავს რატომ არ უფრთხილდებოდა?
- გთხოვ, ყავა მომიმზადე რააა. - მუდარით შეხედა მიმიმ ფიფოს.
ფიფო უხმოდ დაემორჩილა და გავიდა თუ არა, მიმიმ მხატვარს ჩუმად გადაუჩურჩულა:
- შენი „ლუბოვი“ მომივარდა, წეღან. დაკითხვა დამიწყო. კინაღამ შემჭამა, რატომ უთხარი მხატვარს, შვილი რომ მყავსო.
- მერე? ხომ უთხარი, რომ შენ არაფერი გითქვამს?
- ძლივს დავარწმუნე, ან იქნებ, მაინც არ სჯერა?
- მე თვითონ ავუხსნი მერე, შენ დამშვიდდი. მაგაზეც მოვთხოვ პასუხს! ზედმეტები მოსდის უკვე, შენთან რაღა უნდოდა?
- თანაც ისე მეცა, რომ. - მიმიმ თავი გააქნია. - ისე იყო დარწმუნებული.
- კარგი, დამშვიდდი.
- ისე, სათხოვარი მაქვს შენთან, ვიცი სწორად გამიგებ. - უფრო მეტი დაბალი ხმით უთხრა მიმიმ.
მხატვარმა თავი დაუქნია.
- ფიფოს უნდა, რომ ჩემი შვილის მამა იყოს, მაგრამ...
- მაგრამ შენ არ გინდა და ვერ ეუბნები? კარგი, მე ვეტყვი!
- დამაცადე, სხვა რამ მინდა გთხოვო. - მიმი წამით შეყოვნდა. - არც იმან იცის და არც ფიფომ არ იცის, ვინ...
- რაც მთავარია, შენ ხომ იცი?
- კი, მაგრამ...
- და არ გინდა, რომ კიდევ ვინმემ იცოდეს!
მიმიმ ძლივს მოასწრო თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა, რომ ფიფოც შემოვიდა:
- აი შენი ნანატრი ყავაა!
- უღრმესი მადლობა. - მიმიმ ფიფოს ყურებამდე გაუღიმა.
წუთით უხერხული დუმილი ჩამოვარდა.
- რაღაც, ვერ ხარ ხასიათზე, თუ მეჩვენება? - მიმიმ მხატვარს გახედა, რადგან ყოველთვის მხიარული, ახლა აშკარად ყურებჩამოყრილი იჯდა.
მხატვარმა არაფერი უპასუხა.
- ისევ რაღაცას მიმალავთ, არა? - მიმიმ ახლა ფიფოს შეხედა.
- არა მიმი, არაფერს გიმალავთ! - მიუგო ფიფომ. - უბრალოდ, ჩვენი მხატვარი შეყვარებულია და...
- ჰო. - თავი დაუქნია მხატვარმა.
- ეგ ისედაც ვიცი! და ისიც ვიცი, ვინც უყვარს და კიდევ ისიც ვიცი, რომ მაინც რაღაცას მიმალავთ! ორივე! - მკაცრად წარმოსთქვა მიმიმ.
ფიფომ მხატვარს შეხედა.
- იცი რაშია საქმე, ჩემო მიმი? - მხატვარმა სიგარეტს მოუკიდა. თითქოს დროს წელავდა, შესაფერის სიტყვებს ეძებდა, რომ ეთქვა.
- ჰო, გისმენ აბა. - მიუგო მიმიმ და სიგარეტის სუნზე დაიჯღანა.
მხატვარმა მაშინვე ჩააქროს და განაგრძო:
- როცა ადამიანი უზომოდ გიყვარს და მისგანაც ამასვე გრძნობ, ასე გგონია, რომ მოხარშულს იცნობ და ერთი პატარა რამეს, როცა გაიგებ! აი, ისეთს, რომელიც შენთვის, ბევრად ადრე უნდა ეთქვათ...
- მერე გული გწყდება, რომ თავიდანვე არ გითხრეს და თავისთავად, რწმენაც გერყევა. - დროულად ჩაერია ფიფო.
- ჰო, მესმის. - ჩუმად ჩაილაპარაკა მიმიმ.
თითქოს სათავისოდაც ენიშნა, თვითონაც, ხომ უმალავდა ფიფოს. თუმცა, სიტყვაც ჩამოართვა, რომ არასდროს ჰკითხავდა, იმაზე მეტს, რამდენსაც თავად მიმი მოუყვებოდა.
- მაგიტომაც იყო ჩემთან მოსული. ეგონა, რომ მე გითხარი! - ამოიხვნეშა მიმიმ.
ფიფო შეცბა:
- ვინ? ვინ იყო შენთან?
- აი ჩვენი მხატვრის რჩეული! - თითქოს, ნიშნის მოგებით მიუგო მიმიმ.
- მდააა. - ფიფო მოიღუშა.
- რაღაც ისე მოხდა, რომ მეც ახალი გაცნობილი მყავდა. უცებ გზაში ცუდად გავხდი და აქამდე მომაცილა, მერე უნებურად შემოვიპატიჟე, მე თვითონაც არ ვიცი, რატომ და... - მიმი ისე მოჰყვა თავის მართლებას, თითქოს ბიჭები მართლაც რამეში ადანაშაულებდნენ.
დუმილი ჩამოვარდა. ვერც ერთი ხმას ვერ იღებდა.
ისევ მხატვარმა ითავა სიტუაციის განმუხტვა და მშვიდი ხმით დაიწყო:
- როდესაც გეუბნებიან, რომ მე შენი მესმის, სულაც არ არის მასე! სინამდვილეში, ეს თანაგრძნობის გამოხატვაა, მხოლოდ სიტყვიერი გამოხატვაა და მეტი არაფერი, მაგრამ ზოგჯერ, არაფერიც არ ესმის მას, მაგრამ ის, მაინც შენს გვერდით დგას! აი, ეს არის მთავარი, რადგან მეგობარი ჰქვია!
- იცით როგორ მიყვარხართ ბიჭებო? თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. - მიმის ცრემლი მოერია.
- შენ მარტო მე არ გიყვარვარ, თორემ... - ნაღვლიანი ხმით აღნიშნა ფიფომ.
- კარგი რაა... - მუდარით შეხედა მიმიმ.
- აბა, პასუხს რატომ აგვიანებ? ხომ ბევრჯერ აგიხსენი, რატომაც ვჩქარობ? მერე უფრო დაგეტყობა და ხალხი იფიქრებს, რომ...
- სულაც არ მაინტერესებს ხალხის აზრი! მთელი დღეები, თითქმის ერთად ვართ, ჩემს ყველა მეზობელსაც უკვე კარგად იცნობ, სულ რომ მარტოც დავრჩე, მაინც ყველა შენზე იფიქრებს და რა განერვიულებს? ან რა გეჩქარება?
- პასუხს, რომ ვერ მცემ, სწორედ ეს მანერვიულებს! ასე მგონია, გაძალებ ან გაიძულებ. მართლა არ ხარ ვალდებული, რომ ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც არ გინდა, მაშინ უნდა გამცე ზუსტი პასუხი. მე ხომ არ გაძალებ, არა? თუ იმის იმედი გაქვს, რომ ოდესმე, ბავშვის ნამდვილი მამა...
- არა! არასოდეს! - წამოიყვირა მიმიმ. - არც კი იცის და ვერც ვერასდროს გაიგებს! იმიტომ, რომ მე ასე მინდა და მორჩა!
მხატვარი ჩუმად იყო, არ ერეოდა საუბარში, მერე კონიაკიანი ჭიქა მიმის მიაწოდა:
- აი, ცოტა მოსვი ეს. ყლუპი.
მიმიმ ჭიქა ჩამოართვა.
- ზოგიერთი საიდუმლო, ისე ღრმად უნდა დაიმარხოს, რომ მზის შუქიც ვერასდროს იხილოს, იმიტომ რომ ასეა საჭირო! - თვალი ჩაუკრა მხატვარმა.
მიმიმ არაფერი უპასუხა.
არც ფიფო იღებდა ხმას.
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს დუმილი, რომ ფიფოსთვის არ დაერეკათ.
ახალი მკვლელობა იყო.
LEX. 2017 წლის 12 ოქტომბერი, ხუთშაბათი.

No comments:
Post a Comment