Monday, August 9, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 119)


119.
 
მიმიმ ბავშვი, სკოლაში აღარ დატოვა. გალეოს კი დაუბარა, სახლში ვიქნებითო. 
- დედასთან? - იკითხა გალეომ. 
- ჰო, ჯერ-ჯერობით, ისევ მანდ მირჩევნია. - მიუგო მიმიმ. 
დღის მეორე ნახევარი იყო, როცა გალეომ ყურადღებით გადაავლო თვალი ჩანაწერებს და მაშინვე სკოლისკენ აიღო გეზი, სადაც უკვე დირექტორის კაბინეტში კვლავ შეკრიბეს ბავშვები, მშობლებიანად, დამრიგებელი და მანდატური. 
მიმიმ არაფერი იცოდა, გალეომ აღარ ჩათვალა საჭიროდ, ზედმეტად მისი შეწუხება, რაზეც ზოგ-ზოგიერთმა მშობელმა, პრეტენზიებიც კი გამოთქვა, თუმცა აღარავინ მიაქცია ყურადღება. 
- გაინტერესებთ ალბათ, თუ რატომ დაგიბარეთ. - დაიწყო დეტექტივმა. - დიმეო სპეციალურად არ მოვიყვანე და ამას, ახლავე ნახავთ! 
გალეომ ჩანაწერი ჩართო, სადაც მშვენივრად ჩანდა, თუ როგორ გამოდის დიმეო სკოლიდან, იქვე კუთხესთან მჯდარ მათხოვარს, რაღაცას აწვდის და უკან ბრუნდება. 
- როგორც მივხვდი. - გალეომ ახსნა დაიწყო. - დიმეომ თავისი ლანჩი დაუთმო, ვიღაც მოხუცს და ახლა ნახეთ შემდეგ რა ხდება. 
ყველანი, მონიტორს ჩააკვირდნენ.
სკოლიდან გამოდის ის მოჩხუბარი რამდენიმე ბიჭი, რომლებიც მათხოვარს დასცინიან. ბოთლებით წყალიც ასხეს. მერე ერთ-ერთმა, ლანჩიც დააგდებინა და ფეხითაც გაუთელა. ამ დროს ეცა დიმეო იმ ბიჭს და ძირს აგორავა. ბიჭს, სხვებიც მიეშველნენ. საშინელი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ახლა, ის მათხოვარი კაცი ჩაერია, დიმეო ხელში აიტაცა და უამრავ თავდამსხმელს გამოსტაცა ხელიდან. დიმეო არ მშვიდდებოდა, ხელებს და ფეხებს გიჟივით იქნევდა, ბოლოს როგორც იქნა, დამშვიდდა და მათხოვარს ჩაეხუტა. ბავშვები სკოლისკენ გაიქცნენ, დიმეოც მალე მიჰყვა მათ. 
- მგონი ხვდებით, დიმეო რატომ აღარ დავიბარე. - გალეომ მშობლებს გადახედა. 
ბავშვები თავჩაღუნულები ისხდნენ. დირექტორი, გაოგნებული დარჩა. 
- ბავშვებო, მომისმინეთ. - დაიწყო გალეომ დაბალი ხმით. - დარწმუნებული ვარ, რაც თქვენ ჩაიდინეთ, ამას არც სახლში და არც სკოლაში, არავინ გასწავლიდათ, მაგრამ მაინც უცხო თვალი, ყოველთვის იმას იტყვის, ამას ასწავლიან სახლში და სკოლაშიო. - გალეო გაჩუმდა. - ამ საქციელს, რომ გამართლება არა აქვს, ესეც ფაქტია, მაგრამ ახლა, სულაც აღარ მიკვირს დიმეოს საქციელი. საერთოდ, არ ვარ მომხრე მუშტი-კრივის, მაგრამ ამის ნაცვლად, სიტყვიერად რომ აეხსნა ეს ყველაფერი, მოუსმენდით? ალბათ, არა. იცით ბავშვებო, რომ მამამისი, დღეს სიკვდილს ებრძვის და სწორედ მსგავსს უსამართლობას ეწირება მისი სიცოცხლე. 
- იჩხუბა? 
- ვიღაც დაიცვა? 
ერთ დროულად წამოვიდა კითხვები. 
- დიახაც, რომ დაჩაგრული ხალხი დაიცვა. - განაგრძო გალეომ. - ბოროტებისგან დაჩაგრული, რომლის სიბოროტის სათავეს, ბავშვობიდან მოდის და გზადაგზა, ზრდასთან ერთად იკვებება, ამიტომაც ასე სერიოზულად ჩავერიე თქვენს ჩხუბში, რომ მერე მომავალში, არ იქცეთ მტარვალ და ბოროტ ადამიანებად! 
- ის ბოროტები, ხალხს ხოცავდნენ? - კვლავ იკითხეს ბავშვებმა. 
- დეტალები, აღარ არის საინტერესო. - ჩაერია დირექტორი. 
- არა, რატომაც არა. - მიუგო გალეომ. - გეტყვით, რადგან ასე გაინტერესებთ. ის ბოროტი ხალხი ბავშვებო, იცით რას შვებოდნენ? დედებს ახალშობილ შვილებს პარავდნენ და ატყუებდნენ მოკვდაო, მერე იმ ბავშვებს სხვებზე ჰყიდნენ და... 
გალეომ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ დირექტორი სკამიდან, ძირს გაიშხლართა. 

 ***
გვიანი იყო, როცა მიმის მობილურში ზარი შემოვიდა. მიმიმ გაკვირვებულმა უპასუხა. სკოლის დირექტორი, მიმისთან შეხვედრას მოითხოვდა და თანაც, სახლში და თან, მოწმეების გარეშე. 
- კარგი, მობრძანდით, დიმეოს უკვე სძინავს. 
მიმი გაოგნებული იყო. რა უნდოდა, ამ არასასიამოვნო ქალს, მის ოჯახში და თანაც, ასე გვიან. 
ქალი ძღვენით მოვიდა. საუკეთესო მარკის კონიაკი და შოკოლადი მოართვა მიმის. 
- ყავას ინებებთ? თუ გვიანია? - შესთავაზა მიმიმ. 
- სწორად აღნიშნეთ, გვიანია. - ქალმა ამოიხვნეშა. - წყალი, თუ შეიძლება. 
მიმიმ წყალი დაუდგა და სტუმრის წინ ჩამოჯდა.
ქალმა რამდენჯერმე მოსვა წყალი. თითქოს, არც აპირებდა საუბრის დაწყებას. 
- მაპატიეთ, ასეთი გვიანი ვიზიტი. ალბათ ფიქრობთ, რომ სრულ ჭკუაზე არ ვარ. - დირექტორმა ამოიხვნეშა. 
მიმიმ არაფერი უპასუხა. 
- თქვენი მეუღლე, უკეთ არის? 
- ცვლილება არაფერი. - მიუგო მიმიმ. - და გისმენთ. იმედია, კვლავ საჩხუბრად და სასაყვედუროდ არ მოსულხართ? - მიმის უკვე, მოთმინების ფიალა ევსებოდა. 
- არა, არა. - თავი გააქნია ქალმა. - არავითარი საჩხუბრად. პირიქით, თქვენი დახმარება მინდა. თუმცა იმედი კი, მართლაც არ მაქვს, მაგრამ... 
- გისმენთ. - მიმის უკვე გული უღონდებოდა. 
- როგორც გავიგე, თქვენი მეუღლე, ბავშვების ვაჭრობის საქმეს იძიებდა. 
- დიახ. - კვერი დაუკრა მიმიმ. - თუმცა, გამოძიების დეტალები, ნამდვილად არ ვიცი და რომც ვიცოდე, მაინც ვერაფერს გეტყვით. 
- კი მესმის. - ქალს თვალები აუცრემლდა. - იმედიც კი არ მაქვს, მაგრამ მაინც მინდა ვცადო. - ქალი შეყოვნდა. წყალიც მოსვა და განაგრძო. - ძალიან დიდი ხნის წინ, მეც დავკარგე შვილი. ორი წლის მერე კი, ისევ იგივე, ფილტვები არ გაეხსნაო. ორივე ჯერზე ცარიელი წამოვედი სამშობიაროდან, ისე რომ ჩემი შვილების საფლავებიც კი არ მაქვს. 
- და იქნებ, მართლაც არ არიან ცოცხლები? - მიმიმ მეტი ვერაფერი მოიფიქრა. 
- შეიძლება, მაგრამ ისეთი რაღაცეები მოვისმინე თქვენი დეტექტივისგან, რომ... 
- გასაგებია. - ახლა უკვე ჩასწვდა მიმი ამ ქალის ვიზიტს. - ეგ თვითონ, დეტექტივს უნდა მიმართოთ. აბა მე, როგორ დაგეხმარებით? 
- იქნებ, თქვენ სთხოვოთ? - შეევედრა ქალი. - უამრავი ხალხია ალბათ, განცხადების რიგში და... 
- არ არის პრობლემა. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ხვალ დაელაპარაკეთ და ყველაფერში დაგეხმარებათ. თუმცა იცოდეთ რომ წინასწარ, ტყუილად იმედებს ნუ... 
- არა, იმედი არც მაქვს, მაგრამ მაინც, ხომ უნდა ვცადო? 
- აუცილებლად! - კვერი დაუკრა მიმიმ და ტელეფონს დასწვდა. 
- ასე გვიან... 
- არც იმდენად გვიანია, დეტექტივისთვის. - დაამშვიდა მიმიმ, მერე გალეოს რაღაცეები გამოჰკითხა და სტუმარს მიუბრუნდა. - პირველ რიგში, დაგჭირდებათ ის საბუთი, თუ რამდენჯერ, სად და როდის იმშობიარეთ, ამას ხვალ, უფრო დაწვრილებით გალეო დაგაკვალიანებთ, გელოდებათ დილიდან. 
- უღრმესი მადლობა და მაპატიეთ, ასეთი საშინელი ადამიანი რომ ვიყავი... 
სტუმარი კიდევ დიდ ხანს იხდიდა ბოდიშებსა და მადლობებს და როგორც იქნა, წავიდა. 
დიმეოს ეძინა, არაფერი გაუგია. მიმი ფრთხილად შეუწვა. თვალები დახუჭა და ის იყო, ძილისკენ უნდა წასულიყო, რომ დიმეოს ხმამ შეაღვიძა. 
- დეე. - დაიჩურჩულა ბიჭმა. 
- რაო, დეე? - მოეხვია მიმი. - რამ გაგაღვიძა? ცუდი სიზმარი, ხომ არ ნახე? წყალი გინდა მოგიტანო? 
- დეე. - კვლავ გაიმეორა დიმეომ. - ბებო ლაპარაკობს. 
- რაა? - მიმიმ თავი წამოჰყო. - რა დაგესიზმრა ახლა? 
- გავიგონე, დეე. - დიმეო დედას ჩაეხუტა. - დეე, მე მართლა, არ ვარ ნაშვილები? 
- კარგი რა დიმეო. - იწყინა მიმიმ. - ჩემი გულის გახეთქვა, რატომ გინდა? რამდენჯერ აგიხსენი და თუ არ გჯერა, ავიღოთ ანალიზები და დაისვენებ მერე! დაიძინე ახლა! 
- აბა, ბაბუდა რომ ამბობდა, ბავშვს უთხარი სიმართლეო? 
- მამიდაჩემი? - მიმიმ თავი წამოჰყო. - ვის ეუბნებოდა? 
- ბებოს. - მიუგო დიმეომ. - ბებომ უარი უთხრა და ყველაფერი, თქვენი ბრალია, თქვენ დამაძალეთო და ახლა, არ დავთმობო. 
დიმეომ დაწვრილებით მოუყვა, ყველაფერი, რაც მაშინ გაიგონა. მიმი ყურებს არ უჯერებდა და ძლივს დაარწმუნა ბიჭი, რომ საქმე სხვა ბავშვს ეხებოდა და არა, პირადად მას. 
- ახლა დამშვიდდი? - ეფერებოდა მიმი. - ნათესავის ბავშვზეა და შენ კი, რა ამბავი ატეხე. ამიტომაც ქექავდი ალბომებს? 
- ჰო, დე, მაგრამ მე ცოტათი შენ გგავარ, მაგრამ შენ რატომ არ გავხარ არც ერთ ნათესავს? 
- დიმეო, ნუ დაიწყე ახლა თავიდან! 
მიმიმ ძლივს დააძინა ბავშვი და ახლა, თავადაც ჩაფიქრდა. 
„აყვანილი ვარ? კი მაგრამ ერთხელ მაინც, რაღაც ხომ უნდა მეგრძნო? 
არა, არა! რაღაცას ურევს ეს ჩემი შვილი, ყური მოჰკრა ბებიების ჭორაობას და ჰგონია, რაღაც საიდუმლოს ახადა ფარდა.“ 
მიმიმ გვერდი იცვალა. თუმცა, მაინც ვერ მოისვენა და საწოლზე წამოჯდა. მერე ფრთხილად ადგა და ჯერ დედას ოთახიდან დაიწყო საბუთების ქექვა. ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა. მისი დაბადების მოწმობა, ნამდვილად არ ჰგავდა ყალბ საბუთს. ზუსტად ის თარიღი ემთხვეოდა, რომელიც ყოველთვის იცოდა. მშობლებად მითითებული იყო ისინი, ვისაც მთელი ცხოვრება იცნობდა. 
„არა, არა! ნამდვილად ვიღაც სხვა ბავშვზე იქნება ეს ამბავი. 
იქნებ სულაც, მამიდაჩემმა გააჩინა ბავშვი და იმ წლებში, ვერც გამოაჩინა? და ახლა ეძებს იქნებ?“ 
მიმი დამშვიდდა. კვლავ საძინებელს მიაშურა. თუმცა ძილი, აღარც მიეკარა. გადაწყვიტა, პასუხი მაინც მოეთხოვა, თუნდაც იმაზე, რომ რატომ უმალავდა დედა, თუ კი ლაპარაკი შეეძლო? რა თამაში იყო ეს? 
დილით საუზმისას, მიმი სიყვარულით შეჰყურებდა, თუ როგორ გემრიელად ილუკმებოდა მისი პირმშო. 
- რა იყო, დე? - ბიჭმა გაკვირვებული სახით შეხედა.
- არაფერი. ჭამე. - გაუღიმა მიმიმ. - ამ უქმეებზე, ძანესთან არ გინდა? 
- ჯერ აქ მაქვს საქმე მოსაგვარებელი და მერე წავალ ძანესთან, თორემ ცოდოა, უკვე რამდენი დღეა მელოდება, რომ მასთან დავრჩები. 
- ოჰ! რა საქმეები გაქვთ, ბატონო დიმეო? - გაეცინა მიმის. 
- ერთი საბუთი ვიპოვნე, ბაბუს კაბინეტში. - დაიწყო ბიჭმა, რასაც მიმის პროტესტი მოჰყვა. 
- ჯერ ერთი, რა წესია, უფროსების უკითხავად, კაბინეტების ქექვა და მეორეც! - მიმი შეყოვნდა. - რა საბუთი ნახე? შენ იცი, რომ მეც ვნახე?! ყველაფერი გადმოვქექე და გარწმუნებ, არც მე და არც შენ, არ ვართ ნაშვილები და მეორეჯერ, აღარ გავიგო, ამ თემაზე, თორემ გავგიჟდები, იცოდე! 
- უბრალოდ, გამიკვირდა. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - ხალათის და ჩუსტების გაჩუქებას, რატომ უნდა ბეჭედის დარტყმა და მოწმეების ხელმოწერა? 
- რაა?! 
დიმეო წამოდგა და ოთახიდან ძველი, გაყვითლებული თაბახის ფურცელი გამოიტანა და დედას გაუწოდა. 
- ეს რა არის? - მიმიმ აკანკალებული ხელით ჩამოართვა. 
ნოტარიულად დამტკიცებული ძველი, ფერგადასული საბუთი, რომელსაც მიმის მშობლებისა და მამიდის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი აწერდა ხელს, სადაც აღნიშნული იყო, ვიღაც ქალი, რომელსაც გადაეცა ოთხი ათასი მანეთი და რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო, დათბილული პლუშის ფუმფულა ხალათი და თბილი ოთახის ჩუსტები. დოკუმენტი თარიღდებოდა, მიმის დაბადებამდე, ორი თვით ადრე.
- და, მერე? - მიმიმ ისე გამომცდელად ჩახედა ბავშვს სახეში, რომ თითქოს, მისი შედგენილი ყოფილიყო ის საბუთი.
- აბა, მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. 
- რომ არ იცი, საქმეც მაგაშია! - გაწიწმატდა მიმი. - რა შენი საქმეა, ვის რას აჩუქებენ? და მეორეჯერ, აღარ გააკეთო ეს, რომ სხვის ოთახებში იქექო! - მიმიმ ჩაი მოსვა და მაშინვე დადგა. 
- მაპატიე, რაა დეე. - დიმეო დედას მოეხვია. - მეტს, აღარ დავქექავ. 
- კარგი ჰო. - მიმი ბავშვს მიეალერსა. - შენც ხომ კარგად იცი შვილო, რომ ჩვენები, ყოველთვის ყველას უნგაროდ ეხმარებოდნენ. ალბათ, ამ ვიღაც ქალს, ძალიან გაუჭირდა და დაეხმარნენ და მერე, რა?
- მერე საბუთი, რატომ გააკეთეს? - უკან არ იხევდა ბიჭი.
- იცი, რა ვიფიქრე? - მიმი ცდილობდა, გამოსავალი მოეძებნა. - ალბათ, თავის დროზე, ჩვენებს ამ ქალის ვალი ჰქონდათ და ბევრჯერ რომ არ მოეთხოვა, ეს საბუთიც მაგიტომ შეადგინეს! აი, სულ ეს არის! 
- ბევრჯერ, რატომ უნდა მოეთხოვა? 
- უჰ! ზოგი, ძაან ტუტუცია! ვალს დაუბრუნებ და მერე მაინც იტყვის, არ მოგიციაო და ალბათ, ამიტომ და რას მალაპარაკებ შვილო, ამდენს? 
- მე უბრალოდ, ხალათზე და ჩუსტებზე გამეცინა და თან, ძალიან გამიკვირდა. 
- დედი, წინათ ასე მაღაზიებში კი არ ეყარა ძვირფასი ჩასაცმელი. ვერც ინტერნეტით გამოიწერდი და ეს ნივთებიც მაშინ, საკმაოდ ძვირი და ძნელად საშოვნელი იყო. ალბათ, გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ გადასცეს და ნუ დამღალე შვილო! 
მიმიმ საბუთი საიმედოდ შეინახა. მერე ბავშვი, ძანესთან გაიყვანა. თვად კი საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. ერთ ხანს იჯდა, ფიფოს საწოლთან, გონებაში ესაუბრებოდა. ათას რამეს გადაწვდა. მერე უცებ, მოფხიზლდა. გადაწყვიტა დედა და მამიდა, იმ სულელურ ფარსში ემხილებინა და უკვე მართლაც დრო იყო, სახლში წაეყვანა. 
- რაღა შაბათ დღეს აგიტყდა წასვლა? - ბურდღუნებდა მამიდა. - მოგვეცადა ბარემ, ორშაბათამდე. 
- საბუთები უკვე გამზადებულია და ახლა, ძალიან ბევრი პაციენტია რიგში. - მიუგო მიმიმ. - და ნუ მალაპარაკებთ ამდენს! 
როგორც იქნა, დალაგდნენ. მიმი ხელსაყრელ მომენტს ელოდა და თან ფიქრობდა, პირდაპირ შეტევაზე გადასულიყო და ისე ემხილებინა, თუ თანდათან შეეპარებინა. 
- დედა! - დაიწყო მიმიმ. - ვიცი, რომ ლაპარაკობ! და არ მინდა ახლა, თავის გაქნევა! 
- უჭირს ლაპარაკი და... - მამიდამ მაშინვე დაცვა სცადა. 
- და მერე, რა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - უჭირს ერთია და საერთოდ ვითომ დამუნჯდა, ეს სულ სხვა რამაა! 
- რას ჰქვია, ვითომ? - კვლავ შეეცადა დაცვას მამიდა.
- მორჩით ახლა ამ ფარსს! - მკაცრად შეუტია მიმიმ. - და მაინტერესებს, როდის და რა ვითარებაში მიშვილეთ? 
მართალია, მიმიმ გაშვილების ვერანაირი საბუთი ვერ აღმოაჩინა, მაგრამ მაინც შეტევაზე წასვლა ამჯობინა.
მიმის ამ სიტყვებზე, ორივე ქალი, ადგილზე შეხტა. თუმცა მამიდა, მაშინვე მოეგო გონს. 
- მიმი შვილო, რა გეტაკა? 
- უბრალოდ, მართლა მაინტერესებს, ვინ იყვნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლები? - უკან არ იხევდა მიმი. 
- მიმი, შვილო. - დედამ როგორც იქნა, ხმა ამოიღო, მაგრამ მამიდამ, ისე დაუბრიალა თვალები, რომ მაშინვე გაჩუმდა. 
- რაო, დედი? - გაეღიმა მიმის. - როგორც იქნა, გაბედე სიტყვის თქმა? 
- მიმი, შვილო. - კვლავ განაგრძო დედამ. - შეგიძლია გადაქექო ყველაფერი, შენი დაბადების მოწმობა ნამდვილია და იქ... 
- ეგ ვიცი, მოწმობა ოფიციალურად არის გაცემული, მაგრამ რაღაც ეჭვი შემეპარა და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. ამიტომ გეკითხებით და ნუ მეწინააღმდეგებით! ბავშვმა ყველაფერი გაიგონა და გისმენთ აბა? ვინ ვარ მე? იქნებ სულაც, ის მოწმობა ისე გამიყალბეთ... რა? ფული არ გექნებოდათ, თუ რა? 
- არ არის ის მოწმობა ყალბი! - ხელი მსუბუქად დაარტყა დედამ მაგიდაზე. 
- კარგი დედა. - თავი დაუქნია მიმიმ. - მე მხოლოდ სიმართლე მჭირდება და ამას აუცილებლად გავარკვევ, უბრალოდ მინდოდა, რომ თქვენ თვითონ გეთქვათ, მაგრამ რადგან არ აპირებთ სიმართლის თქმას... - მიმი წამოდგა და იქაურობა დატოვა. 
ერთ ხანს, ქალაქში ატარა მანქანა. შაბათი საღამო იდგა. გალეო ისვენებდა, ქირურგიც თავის ოჯახში იყო. დაქალებთანაც ხშირად ერთობოდა ხოლმე, მაგრამ მაინც ფიფოსთან ერთად საერთო მეგობრები, უკვე ყველაფერს ერჩივნა.
დადიოდა ასე ქალაქში და თითქოს, წასასვლელიც არსად ჰქონდა. მერე უცებ, უბნის პატარა მარკეტი შენიშნა და გაახსენდა, ჩუკიც იქვე ახლოს ცხოვრობდა.
ადვოკატი ჩაფიქრებული უსმენდა. მიმი კი განაგრძობდა საუბარს. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. თუმცა არც არაფერი იცოდა, მხოლოდ დიმეოს მოსმენილი დიალოგი და მოხუცების უცნაური ქცევა. 
- და შენ, როგორ მოიქცეოდი მათ ადგილას? 
- რა თქმა უნდა, სიმართლეს ვეტყოდი! - კოპები შეკრა მიმიმ. 
- ვერ ეტყოდი. - გაეღიმა ჩუკის. - ასე უცებ, ვერც ეტყოდი, იმიტომ რომ ამდენი წლებია გასული და თანაც, არც ხარ დარწმუნებული, რომელია სიმართლე. 
- და როგორ გავარკვიო? 
- პირველ რიგში, შენი დაბადების მოწმობა ნამდვილად უნდა იყოს არქივში აღნიშნული. 
- კარგი, მაგას ორშაბათს გავარკვევ. 
- უნდა გაარკვიო, თუ ზუსტად როდის არის გაცემული. ემთხვევა თუ არა შენს საბუთის თარიღს, არქივის დოკუმენტი, ან განმეორებითად ხომ არ არის აღებული? იქნებ მანამდე, სხვა საბუთი იყო? მოკლედ მაგაზე, ერთად წავალთ და გაგირკვევ, ისე... - ჩუკი წამით გაჩუმდა. - გალეო თუ დაარეკინებს, იმავე დღესვე, ერთ საათში გაგირკვევენ. 
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - არც მინდა ბევრი ხალხის ჩარევა. იქნებ მართლაც, ვცდები და ბავშვმა, სულ სხვა რამ მოისმინა. 
- კარგი, მაშინ ოფიციალურად უნდა დაველოდოთ პასუხს. ან... 
- ან? - ჩაეკითხა მიმი. 
- დაიცა. - ჩუკიმ ტელეფონი მოიმარჯვა გალეოს დაურეკა და რაღაცეები ისე გამოჰკითხა, რომ მიმი, საერთოდ არ უხსენებია. 
- რაო? - ვეღარ ითმენდა მიმი, როცა ჩუკიმ მობილური გათიშა და მიმის ღიმილით მიაჩერდა. 
- მოკლედ, გალეოს სახელითა და გავლენით მივალთ ორშაბათს არქივში და მაგ საბუთის ნამდვილობას დავადგენთ და კიდევ, სასურველია რომ დედაშენმა, დაწეროს განცხადება, მაგრამ დაწერს? აი, მინდობილობა რომ გქონდეს... 
- მაქვს! - გამოცოცხლდა მიმი. - ისეთი მინდობილობა მაქვს, რომ ნებისმიერ რამეზე, გამოდგება! საავადმყოფოში რომ დავაწვინე, მაშინ გავაფორმე. სადაზღვეოდ დაგვჭირდა და იმედია, გამოგვადგება აქაც, რადგან არ დავაკონკრეტე მაშინ სპეციალურად, რომ ბევრჯერ არ მერბინა. ყველაფერზე მიმიწვდება ხელი. 
- შესანიშნავია! - გაუხარდა ჩუკის. - მოკლედ ორშაბათს, ჩვენ მივდივართ იუსტიციაში და ვწერთ მიმართვას, თუ რამდენჯერ და როდის იმშობიარა დედამ. ეს ყველაზე ნაღდია, თორემ დაბადების მოწმობა შეიძლება სულაც არ იყოს ყალბი. 
- რა გაძლებს, ორშაბათამდე. - ამოიხვნეშა მიმიმ.
მიმიმ უქმეები, დედასთან გაატარა. ჩვეულებრივად იქცეოდა. არც ზედმეტ სითბოს ამჟღავნებდა და არც სიცივეს. ორივე ქალი, თვალებში შესციცინებდა, თითქოს ცდილობდნენ გამოეცნოთ, თუ რა ჰქონდა მიმის ჩაფიქრებული.
ორშაბათს, ჩუკისთან ერთად დათქმულ დროზე, განცხადება შეიტანა. პასუხს, ერთ კვირაში დაჰპირდნენ, თუმცა ნაცნობობისა და მრავალმხრივი გავლენების წყალობით, პასუხი მეორე დღესვე შეატყობინეს. 
მიმის ხელები უკანკალებდა. კონვერტის გახსნას თითქოს, ვერ ბედავდა. ჩუკიმ ურჩია, სახლში, დედის და მამიდის თანდასწრებით გაეხსნა და თუ საჭირო გახდებოდა, მაშინვე მოეთხოვა პასუხი. 
მიმიმ სადილი გააწყო. ჯერ აცადა ქალებს, სანამ დესერტზე გადავიდოდნენ. მერე ის იყო კონვერტი უნდა გაეხსნა და დიმეოს სკოლის დირექტორის ზარიც შემოვიდა. 
- ამას, რაღა უნდა? - მიმი ბუზღუნით დასწვდა მობილურს. 
ქალები, გაფაციცებით უსმენდნენ. თუმცა, ბევრი ვერაფერი გაიგეს და მიმიმ, როგორც კი ტელეფონი გათიშა, სახეში მიაჩერდნენ. 
- მდაა. - მიმიმ თავი გააქნია. - ძალიან საინტერესო ამბები აქვს დიმეოს სკოლის დირექტორს. 
- რა ამბები? - ვეღარ მოითმინა მამიდამ. 
- მოკლედ ქალმა, ორჯერ იმშობიარა და ორჯერვე უთხრეს, რომ ბავშვი დაეღუპა, სინამდვილეში კი გაირკვა, რომ კი არ დაეღუპა, არამედ მოპარეს! 
- რას ამბობ? - შეიცხადა დედამ. 
- ჰო! ექიმებმა და ექთნებმა მოპარეს და გაუყიდეს! 
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა დედას. 
- დიახ! - განაგრძო მიმიმ. - ახლა ამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება და არანაირი ხელჩასაჭიდი არა აქვს ამ ქალს, თუ სად და ვინ ზრდიდა მის შვილებს. 
- რა საშინელებაა. - მამიდამ ამოიხვნეშა. 
მიმიმ არაფერი უპასუხა. წამოდგა. ჩანთიდან კონვერტი ამოიღო და ადგილს დაუბრუნდა. 
- ეს რა წერილია? - ვეღარ მოითმინა მამიდამ. 
- ჯერ არ ვიცი. - მიუგო მიმიმ. - მაგრამ ამით, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. 
მიმიმ კონვერტი გახსნა, სადაც სულ რამდენიმე ხაზი ეწერა. ერთ ხანს, თვალებგაფართოებული კითხულობდა. მერე მისკენ მომზირალ ქალებს ამოხედა. 
- მიმი რა წერია? - შეწუხებული ხმით იკითხა ორივემ. 
- ვინ ვარ? როდის დავიბადე, ის მაინც თუ იცით? 
LEX. 2021 წლის 5 აგვისტო ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment