Tuesday, July 27, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 118)

118.
მიმიმ ღიმილით გააყოლა თვალი სკოლისკენ გაქცეულ ბავშვს და თავი გააქნია, თუმცა მაშინვე მოიღუშა. 
„კი მაგრამ, საიდან მოუვიდა ეს აზრი? დავიჯერო, ვინმემ რამე უთხრა? რა სისულელეა! 
და იქნებ, ფიფოზე ჩააწვეთა ვინმემ? ან ვინ? ვის უნდა გაებედა? ეს მხოლოდ, რამდენიმემ ვიცით და თანაც, ყველა ჩვენიანია. 
დავიჯერო, მხატვარს წამოსცდა? არაა! გამორიცხულია, როგორც მახსოვს, ძანეს დედამაც იცოდა, მგონი. 
არა! არა! ისინი ორივე გამორიცხულია! დარწმუნებული ვარ, არავის ეტყოდნენ. 
და თუ მართლა ფიფოზე უთხრა ვინმემ რამე, მაშინ ის უფრო არ უნდა ეკითხა, ფიფო მამაჩემია თუ არაო? რაღა მაინც და მაინც, მე მომდგა? 
საკმაოდ გონიერი ბავშვია და იქნებ, ასე ცდილობს, რომ მათქმევინოს, სინამდვილეში ვინ არის მამამისი? 
ჰმ, დიმეო, დედას სიხარულო, ასე ადვილად, ვერაფერს დამცინცლავ, შვილი.“
მიმის ახლა ხმამაღლა გაეცინა და მანქანა ადგილიდან დაძრა. 
იყო დრო, როცა მიმი, თავის ძველ მეგობართან, მხატვართან იოხებდა დარდებს. სწორედაც რომ იმ სახელოსნოს წყალობით, უფრო მეტად დაუმეგობრდა ფიფოს და მისი ცხოვრების მეგზური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიფოს, ბევრად უფრო ადრე იცნობდა, ვიდრე მხატვარს, მაგრამ მათი უანგარო მეგობრობა, სწორედაც რომ იმ სახელოსნოში დაიწყო და მას მერე, აღარც დამთავრებულა. ახლა კი მხატვრის მაგიერ, ქირურგი ჰყავდა გვერდში და მასთან იმშვიდებდა თავს. თუმცა, გალეოც და ჩუკიც ძალიან უყვარდა და დიდ პატივსაც სცემდა, მაგრამ ამ სამ ადამიანში, მხოლოდ ქირურგმა იცოდა მისი ოჯახის საიდუმლო და ამიტომ ახლა გულის მოსაოხებლად, ისევ ქირურგთან გაჩნდა. 
- წარმოდგენაც არ მაქვს, საიდან მოუვიდა ეს აზრი. - უყვებოდა მიმი ქირურგს, დიმეოს ამბავს. 
- მდაა. - უკვირდა ქირურგსაც. - მიმი, შენც ხომ იცი, რომ ჩემგან, ეგ არ გავიდოდა. 
- ვაიმე, როგორ არ ვიცი! 
- არც ბებიაჩემმა იცის რამე და ანდრას, მით უმეტეს, არც ვეტყოდი. 
- კი, კი, ვიცი, განა შენი არ მჯერა, მაგრამ ვინმესთვის რომ არ მომეყოლა ახლა, გამისკდებოდა ეს გული. 
- კარგი, დამშვიდდი. იქნებ, რაღაც საუბარს მოჰკრა ბავშვმა ყური, სულაც სულ სხვას ეხებოდა, მანაც თავის მხრივ იკითხა, გადაამოწმა. 
- რა ვიცი, ეგეც შეიძლება. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ისე ფიფომ იცის, რომ შენ... 
- არა, მიმი. - თავი გააქნია ქირურგმა. - ფიფომ ისიც კი არ იცის, რომ ძალიან კარგად ვიცნობდი პიპას. ჩემთან არასდროს უხსენებია და მე, მით უმეტეს, რატომ უნდა მეთქვა რამე? 
- რა თქმა უნდა, არც მე მითქვამს. თუმცა ადრე, რამდენჯერმე ისეთნაირად მკითხა, მივხვდი რომ რაღაცას ეჭვობდა. 
- და რას ეჭვობდა? - გაიკვირვა ქირურგმა. 
- საიდან გაიგო, თუ მიხვდა არ ვიცი, მაგრამ ის იცოდა, რომ მასზე ადრე გიცნობდი. შენ და ფიფომ ხომ მაშინ გაიცანით ერთმანეთი, როცა დიმეო დაიბადა?
- კი, მასე იყო. 
- ჰოდა, სწორედ ეგ მკითხა შენზე, ადრეც თუ იცნობდიო. ან რატომ მკითხა, არ ვიცი, არც კი მახსოვს მაშინ, რას მოაყოლა. 
- მერე, შენ რა უთხარი? 
- თითქმის, სიმართლე. - მიმიმ ამოიხვნეშა. - დიმეოს დაბადებამდე, ორი თვით ადრე გაგიცანი, მხოლოდ კონსულტაციაში და არა, ჩემს სახლში.
- ჰმ. ეგ კი არის სიმართლე. - ქირურგს გაეღიმა. - სიმართლე, მხოლოდ წვრილმანი დეტალების გარეშე. 
- და აბა, რა უნდა მეთქვა? - თავი გააქნია მიმიმ. - იმას ხომ არ ვეტყოდი, რომ... 
- კარგი მიმი, დამშვიდდი. ეგ არ არის ახლა პრობლემა და აწი, რომც გაიგოს, მე თვითონ ისე ავუხსნი, რომ არც გული დაწყდეს და არც ზურგი შეგაქციოს. 
- ოჰ, ერთი ფეხზე დადგეს და რაც არ უნდა მკითხოს, აღარაფერს დავუმალავ. - მიმის ცრემლები მოადგა. 
- სიმართლე რამდენადაც მწარეა, იმდენად რთულია მისი ამოთქმა, მაგრამ ნუ იდარდებ, შენს გვერდით ვარ და ფიფო, აუცილებლად გაგვიგებს, თუ რატომ დავუმალეთ ის სიმართლე, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეხებოდა პირადად მას. 
პასუხად მიმიმ ამოიხვნეშა. 
- და რაო, დიმეომ? - ქირურგმა თემის შეცვლა სცადა. - ნაშვილები ვარო? ჰაჰ! რა სასწაული ბავშვია. 
- იცი, რა ვიფიქრე? 
- აბა, რა იფიქრე? 
- იქნებ სულაც, ფიფოზე შეეპარა ეჭვი და ჯერ მე გამომკითხა? ჩემგან უნდოდა ჯერ გაგება, აბა რას ვეტყოდი, მაგრამ მაინც, ვის უნდა ეთქვა? 
- ძანესთან ხომ არ მოისმინა რაღაც? იქნებ, მოხუცების საუბარს ყური მოჰკრა? 
- არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი არასდროს ეტყვიან და ისიც ვიცი, რომ ამ თემაზე, სპეციალურად არ საუბრობენ. თუმცა შეიძლება, ბავშვმა მართლაც რამეს მოჰკრა ყური? 
- არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ შენ მაინც მშვიდად უნდა იყო მიმი. არ ღირს ამაზე, ნერვების შლა. იმ მოხუცებს კი, მე გამოვკითხავ, მეგობრულად, ისე რომ არაფერი ეწყინოთ, შენ მაგაზე არ იდარდო. 
- რომელ ერთზე აღარ ვიდარდო უკვე, აღარც ვიცი. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ფიფოს კვების რაციონიც რომ არ მოსწონს, შენ სანაქებო ნათლულს, ის თუ იცი? 
- ვიცი, ვიცი. - ეცინებოდა ქირურგს. - და შენ წარმოიდგინე, მართალია ბავშვი. 
- რაა? შენც უწონებ მაგას? - თავი გააქნია მიმიმ. - სადღაც რაღაც ამოიკითხა და ის ვიღაც ახალი ექიმიც, თავს უქნევს, ეს რა კარგი რამეაო, თუმცა იმას რა ენაღვლება, რა? უპრობლემო ექსპერიმენტის ჩატარების შანსი მიეცა. 
- ის ახალი ექიმი, საკმაოდ დაფასებული პროფესორია. უცხოეთის, რამდენიმე ქვეყნის კვლევით ინსტიტუტებში კითხულობს ლექციებს და სრულიად ეთანხმება დიმეოს მოსაზრებას. 
- მდაა. - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მიმიმ მხრები. 
- ეგ არც იმდენად ახალი თემაა და ბევრჯერ არის შემოწმებული. თუმცა ხშირად, წლებია საჭირო, რომ რაღაც სიახლე დაინერგოს მეცნიერებაში, რომელიც ბევრ რამეზე აგვიხელს თვალებს. 
- და ესე იგი, რა გამოდის? შენც ეთანხმები დიმეოს?
- თავისთავად! - კვერი დაუკრა ქირურგმა. - მიმი, მე ბავშვის ახირებას კი არ ვეთანხმები, არამედ უკვე მეცნიერულად კარგად გამოკვლეულ მეთოდს, რომელიც აქ, ჯერ კიდევ, ძალიან დიდ ხანს შეიძლება არც შემოვიდეს, მაგრამ უცხოეთის წამყვან კლინიკებში, უკვე საკმაოდ მოთხოვნადი ხდება. 
- კარგი ბატონო. - ჩაეღიმა მიმის. - რა გაეწყობა. 
- ახლა ის მითხარი, დედა როგორ არის? დღეს უფრო უკეთესად უნდა იყოს არა? 
- რა შედარებაა. უკვე წამოჯდომაც თავისუფლად შეუძლია, ცოტა სიარული უჭირს დამოუკიდებლად და კვლავ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ სახლისკენ გახედვაც არ უნდა. 
- იყოს მერე! სახლში ორი ექთნის დაქირავება, უფრო ძვირი დაგიჯდება. თანაც, დაზღვევაც ხომ აქვს და აქ, უფრო მშვიდად გრძნობს თავს. 
- ფულის პრობლემა, მართლა არ მაქვს. ეგ ერთადერთია, რაც არ მიჭირს, სხვა ყველაფერი კი, ჩემს თავზე ტყდება. 
- მესმის შენი და შენს გვერდით ვარ ყოველთვის. - დააიმედა ქირურგმა. - დიმეოს კი, ერთი კარგად უნდა დაველაპარაკო და თანაც ცალკე, ასე უმჯობესია და ისიც არ მინდა, სპეციალურად მივაკითხო და ისე ვესაუბრო. 
- რისთვისაც არ უნდა მიაკითხო, მაინც მიგიხვდება, ეგ ისეთი დაქოქილი ბავშვია. 
- ჯერ ფიფოს ახალი კვების რაციონზე შევეხმიანები და მერე ვნახოთ, ეს მშვენიერი მიზეზია.
- ვნახოთ აბა, ერთი რას გეტყვის, ან თუ გეტყვის საერთოდ. - ამოიხვნეშა მიმიმ. - წავალ ფიფოს დავხედავ. ისე დღეს თუ შეძლებ, სკოლის მერე მოვიყვან ფიფოსთან, მიზეზიც საკმარისად გვაქვს, ის ახალი ექიმიც თუ დახვდება, მაშინ ასე ადვილად ვერაფერს იეჭვებს. 
- კარგი, საღამოსკენ გამოვალ მეც და ვნახოთ აბა, ერთი რას გვეტყვის ჩვენი პატარა გენიოსი. 
პასუხად მიმიმ, მხრები აიჩეჩა და იქაურობა დატოვა.
დედას და მამიდას მშვიდად ეძინათ, ერთმანეთის გვერდიგვერდ საწოლებზე, რომელთაც მხოლოდ კომოდი ჰყოფდა. 
„ჩემი ჯიუტები.“ 
მიმიმ ღიმილით გადახედა მოხუცებს, ფეხაკრეფით გამოვიდა პალატიდან და ახლა ფიფოს სანახავად გასწია. 
შორიდანვე მოჰკრა თვალი, დერეფნის ბოლოს, მოსაცდელში, სკამზე ჩამომჯდარ მთვლემარე გალეოს.
„ალბათ წუხელ, მთელი ღამე გაათია.“ 
მიმის გაეღიმა და ყავის აპარატისკენ წავიდა. 
- მართლა მინდოდა ყავა, მაგრამ ტანი ვერ ავწიე, ისე ვიჯექი. - გალეომ მიმის მადლობის ნიშნად, თავი დაუკრა. 
- ცოტა წინ, არ წავიდა საქმე? 
- დიდად ვერა, მაგრამ რაღაც-რაღაცეები უფრო იკვეთება და ზუსტდება. - მიუგო გალეომ. - გთხოვ, ჯერ ნურაფერს მკითხავ, მხოლოდ არ გეწყინოს. 
- აბა, რა საწყენია? განა არ მესმის. - მიმიმ დერეფნის სივრცეს გახედა. - ოღონდაც ფიფო დაგვიბრუნდეს და სულ არაფერს არ ვიკითხავ. 
- განა შენ გიმალავ მიმი, პირიქით, შენთან რომ ვამბობ, ამდენს სხვა განყოფილების ხალხთანაც კი არ ვიტყვი, მაგრამ ახლა ის ახალი ინფორმაციები რაც ვიცი, საკმაოდ სახიფათოა და არ მინდა შენც რაღაც ხიფათსა და შარში გაგხვიო, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არსად იტყვი. 
- უკვე გასაგებია. - ცალყბად ჩაეღიმა მიმის. - ჩვილების საქმე. 
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი. 
- და ჩვენი ქირურგიც ხიფათშია, არა? - ჩაეკითხა მიმი. 
- უკვე ბევრჯერ ვთხოვე და მაინც არ ეშვება. 
- კი მაგრამ, ფიფო არ დაინდეს და მაგას დაინდობენ? - გაცხარდა მიმი. - მოვიდეს ერთი აქ და მე თვითონ ვეტყვი. 
- საკმაოდ ღრმად კი შეტოპა და მართლაც ახლა უკვე, ძალიან სახიფათოა მისი იქ მუშაობა. 
- როგორმე უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს იქაურობა, ახლა გმირობის დრო არ არის! 
- მართალი ხარ მიმი. - მიუგო გალეომ. - ფიფოზე თავდასხმით, თავიანთი ძალაუფლების სიძლიერე და დაუნდობლობა გვაჩვენეს. 
- საქმეც მაგაშია! - კვერი დაუკრა მიმიმ. 
- ისე, შეიძლება ფიქრობენ, რომ ამით დანარჩენებიც დააშინეს, მაგრამ ამ ქირურგს, საერთოდ არ ეშინია, ლამის მზადაა, სიცოცხლე გასწიროს და... 
- კი მესმის და ვიცი რატომაც იქცევა ასე, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო. - მიუგო მიმიმ და ის იყო, ყავა უნდა მოესვა, რომ მისი მობილურიც აწკრიალდა. 
კვლავ დიმეოს დამრიგებელი რეკავდა, ისევ დირექტორი იბარებდა და ისევ ორივე მშობელს. 
- კი მაგრამ ამჯერად, რაღა ხდება? - მიმის ხმაში, ისტერიამ გაჟონა. მობილური გამორთო და სასოწარკვეთილი მზერა, გალეოს მიაპყრო. 
- რაო? - ეღიმებოდა გალეოს. 
- გუშინწინ დამიბარეს, გუშინაც და ახლა, დღესაც! 
- ჰმ. და რას აშავებს ასეთს? 
- დიმეო დაუკავებია მანდატურს და ახლა კვლავ დირექტორი იბარებს, თან ორივე მშობელს, როცა გუშინ, კიდევ ერთხელ ავუხსენი ფიფოს მდგომარეობა და თან, ქირურგიც მახლდა! 
- ჰოდა, ახლა მე წამოვალ. - გალეო წამოდგა. 
- კარგი რაა. ისედაც უამრავი საქმე გაქვს. 
- თუ მანდატურმა დააკავა, ესე იგი ბიჭს, ახლა ჩემნაირი დამცველი სჭირდება. 
- ჰმ, მაშინ ჩუკის უნდა დავურეკოთ და ამ პატარა მაიმუნი ბავშვისთვის, ღირს კი ამდენი ხალხის შეწუხება? - თავი გააქნია მიმიმ. - ნეტა მართლა, ამჯერად რაღა დააშავა? 
- რადგან მანდატურია საქმეში გარეული, სავარაუდოდ იჩხუბა. 
- რაა? - გაცხარდა მიმი. - გავგიჟდები ახლა მართლა! 
- ნუ ბიჭია და ან იჩხუბებდა, ან რა ვიცი აბა, რა გითხრა. - მხრები აიჩეჩა გალეომ. 
- უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. - წუხდა მიმი. - იმედია, უკითხავად არაფერი აიღო. 
- ვნახოთ, მივალთ და გავარკვევთ. შენ არ იდარდო, მიმი! ბავშვს, ნებისმიერი სიტუაციიდან დავიხსნით. არც იმხელა ასაკშია, რომ ამდენად სერიოზული პასუხი მოეთხოვებოდეს. - დააიმედა გალეომ. - დავისვამ და კაცურად დაველაპარაკები, ავუხსნი და დარწმუნებული ვარ, გაიგებს, ჭკვიანი ბიჭია! 
- კარგი, ბატონო. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მიმი. - დაისვი, ელაპარაკე, აუხსენი, მაგრამ რიგი უნდა დაიკავო, ჯერ ქირურგია შენს წინ. 
- ჰა, ჰა! - გაეცინა გალეოს. - მაშინ ქირურგის მერე, მე ვარ! 
სკოლის დირექტორის მოსაცდელში, რამდენიმე ბავშვი მშობლებთან ერთად იბღვირებოდნენ და მიმის დანახვაზე, უფრო უმატეს მკვახე ტონს და სანამ მიმი კაბინეტის კარს შეაღებდა, ერთი-ორი მწარე რეპლიკაც კი მოხვდა მის ყურს. მიმიმ შეპასუხებაც დააპირა, მაგრამ მის ზურგს უკან, გალეო იდგა და აღარ შემობრუნდა, ისე შეაბიჯა დირექტორთან.
დატუქსული დიმეო, მაინც ამაყად იჯდა და სულაც არ გრძნობდა თავს დამნაშავედ. 
„ღმერთო ჩემო, რა უტიფარი ბავშვია.“ 
გაუელვა მიმის. 
- ამჯერად, რა დაწერა? თუ, დემონსტრაცია მოაწყო? - მიმი დირექტორის პირდაპირ ჩამოჯდა. 
- უფრო უარესი! - მიუგო დირექტორმა. 
- მაინც? - ჩაეკითხა მიმი. 
- დაერია კლასელებს! თანაც, თავისზე უფროსებს და მუშტი-კრივი გაგვიმართა, პირდაპირ სკოლის წინ! - დირექტორმა მკაცრადა გადახედა ბავშვს, რომელიც კვლავ მშვიდად იჯდა. 
მიმი ახლაღა დააკვირდა დიმეოს. სახეზე ცემის კვალი, მართლაც აჩნდა ბავშვს, თუმცა არც კი იმჩნევდა. 
- დეე, რატომ იჩხუბე, შვილო? - ჰკითხა მიმიმ სასოწარკვეთილი ხმით. 
დიმეომ ხმა არ გასცა. 
- რა მოხდა, დედი? შენც ხომ ნაცემი ხარ, სახეზე გეტყობა და რატომ იჩხუბე? ვისთან? 
- ხმასაც კი არ იღებს, თუ რატომ იჩხუბა! - მიუგო დირექტორმა. 
- კი მაგრამ, მარტო თავისთვის ჩხუბობდა? - გაიკვირვა მიმიმ. - ვისაც ეჩხუბა, ის ბავშვი, სად არის? იქნებ, ერთად ვათქმევინოთ და შევარიგოთ ბავშვები! 
- მერე უნდათ იმათ მშობლებს, რომ მათმა შვილებმა, ასეთ ბავშვთან იმეგობროს? - მკვახედ მიახალა დირექტორმა. 
- ვერ გავიგე? - მიმი ახლა უფრო გაკვირვებული ჩანდა. - ბავშვებს? ესე იგი, მრავლობითში? კი მაგრამ, რამდენი იყვნენ? და თანაც, ასეთ ბავშვთან? ეს რას ნიშნავს? და მგონი, აქეთ დაერივნენ მათზე უმცროს და თანაც, ბევრი ერთად და კიდევ მარტო ჩემი შვილი ზის დამნაშავე? 
- ვინ, ვის დაერია, ეს კიდევ საკითხავია! - უკან არ იხევდა დირექტორი. 
- ესე იგი, შვიდი წლის ბავშვი, მასზე რამდენიმე წლით უფროსებს დაერია და იქეთ მიწასთან გაასწორა? ამის თქმა გინდათ? - ახლა არც მიმიმ დაიხია უკან და თვალი ბავშვისკენ გააპარა, რომელსაც აშკარადა დაეტყო, რომ მოეწონა დედისგან დაცვა. 
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სწორედაც მასეა! - მიუგო დირექტორმა. 
- და ახლა რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შუღლი, დამთავრდეს და ბავშვები შევარიგოთ? - იკითხა მიმიმ. 
- იმ ბავშვებს უნდათ მერე შერიგება? - დამცინავად ჩაეკითხა დირექტორი. 
- დიმეოც კარგად არის ნაცემი, სახეზეც ეტყობა და თანაც, ეს პატარაა მათთან შედარებით. იმათ კი, უფრო მეტი გონიერება უნდა გამოეჩინათ, თავისზე უმცროსს და თანაც, რამდენიმე ერთად რომ დაესხნენ თავს და რაც შეეხება შერიგებას, არც არავინ ეხვეწება! - მიმი წამოდგა და დიმეოს ხელით ანიშნა, წავედითო. 
- ჯერ მანდატურთან გაქვთ საქმე მოსაგვარებელი და მერე, მიბრძანდით! - მკვახე ხმით მიახალა დირექტორმა. 
- კეთილი. მანდატურსაც ვნახავთ და უკან რომ მოვბრუნდები, ჩემი შვილის საბუთები, გამზადებული დამახვედრეთ! ერთი წუთითაც კი აღარ გვინდა ისეთ სკოლაში გაჩერება, სადაც უფროსები, შურის გამო, ერთიანი ძალებით ცდილობენ დაჩაგრონ მათზე, პატარა! რა უნდა ისწავლოს ბავშვმა, ასეთ სკოლაში?! - მიუგო მიმიმ, კაბინეტი დატოვა და თან, დიმეო და გალეოც გაიყოლა. 
გარეთ ისევ გაბზუებული ბავშვები და მათი უკმაყოფილოდ მოყაყანე მშობლები იცდიდნენ. კლასის დამრიგებელიც იქვე, საკმაოდ შეწუხებული სახით იდგა და მიმის მანდატურის ოთახისკენ მიანიშნა, მე წამომყევითო. კართან მისულებს კი დამრიგებელმა, დაბალ ხმაზე გადაულაპარაკა, კამერები ნახეთო.
მანდატური საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა. ისედაც თამბაქოს კვამლისგან გაჭვარტლულ ოთახში, კიდევ პირში გაეჩარა სიგარეტი. სკამზე გადაწოლილს ფეხები მაგიდაზე შემოეწყო და მთელი მისი ზრდილობა და ინტელექტი, ზედ სახეზე ეწერა. 
თითით მიანიშნა შემოსულებს, დასხედითო და საკმაოდ უკმაყოფილო და ცოტა არის იყოს, უზრდელურადაც დაიწყო საუბარი. 
არც კი დაუფარავს, რომ მიმის სიმშვენიერით აშკარად იყო მოხიბლული. ურცხვად ათვალიერებდა ქალს და თვალს არ აცილებდა. სიტყვების ზედმეტი წელვითა და ჟარგონებით, ისე უხსნიდა, თუ როგორ უნდა გაეზარდა შვილი, რომ მომავალში, ციხეში არ აღმოჩენილიყო. 
- ბიჭია და ახლა, სისხლი უდუღს, ძველ ბიჭობს და რა გონორზეა ხედავთ? მერე ახლავე თუ არ მივხედავთ, სწორედაც რომ მასეთებია მერე „მალალეტკების სროკზე“ რომ აღმოჩნდება და... 
გალეო მთელი ეს პერიოდი, ჩუმად იყო. ჯერ დირექტორთან როცა შეხედა, რომ მიმიც მშვენივრად აბამდა თავს საუბარს, აღარ ჩაერია, მაგრამ ახლა კი, ყელში ამოუვიდა ამ ტუტუცი ბიჭის ქცევა. 
- დიმეო. - მიმართა გალეომ ბავშვს. - თუ შეიძლება, გარეთ დაგველოდე, რაა. 
ბიჭმა დედას გახედა. 
- დამრიგებელთან მიდი და მეც მოვალ. - უთხრა მიმიმ.
როგორც კი ბავშვი გავიდა, გალეო მანდატურს მიუბრუნდა და საკმაოდ მკაცრი ტონით მიმართა: 
- ახლა ეგ ფეხები ჩამოიღე, სანამ მოგამტვრიე და სათითაოდ უკან შეგტენე! და კამერის ჩანაწერები მაჩვენე! 
მანდატური შეცბა. ასეთ თავდასხმას არ მოელოდა. მართალია, ფეხები მართლაც მაშინვე ჩამოიღო მაგიდიდან, მაგრამ არანაირი კამერის ჩანაწერის ჩვენებას არ აპირებდა. 
- კამერის ჩანაწერები, არ ინახება. - ენის ბორძიკით დაიწყო მანდატურმა. 
- და რამდენი ხანი, არ ინახება?! - შეუტია გალეომ. - განა რამდენი ხნის წინ მოხდა? 
- დირექტორმა თუ არ წაშალა... 
- და დირექტორს, რატომ უნდა წაეშალა? მგონი ეს სკოლის დაცვას, მანდატურებს უფრო ეხებათ, არა? ვიდრე, დირექციას? - კვლავ უტევდა გალეო. 
- შევიდეთ დირექტორთან და იქ გავარკვიოთ. - მანდატური წამოდგა და პირველი გავიდა კარში. 
- იქნებ, არ გვინდა? - ჩუმად გადაულაპარაკა მიმიმ გალეოს. 
- ახლა, მე დამაცადე. - ასევე ჩუმადვე უპასუხა გალეო. - წესრიგის დამყარება როგორ უნდა, ვაჩვენებ ამათ!
- კი მაგრამ მე, ამხელა ქალი! ამ სკოლის დირექტორი! ვამტკიცებ, რომ თქვენმა შვილმა, ჩხუბი თავად წამოიწყო და თქვენ კი რა დამამტკიცებელ საბუთს მთხოვთ?! 
- მეც მინდა ვიცოდე, ზუსტად რა მოხდა. - ჩაერთო მიმი. - ვინ და რატომ დაიწყო ჩხუბი და მერე, როგორ განვითარდა მოვლენები, რადგან აბსურდია, ბევრად პატარა ბიჭმა, მასზე რამდენიმე წლით უფროსი ბიჭები, ისე სასტიკად სცემა, რომ მშობლებსაც კი უხმეს თავის დასაცავად! 
- ყველას მშობელი, მე დავიბარე! - უკან არ იხევდა დირექტორი. მშვენივრად ჩანდა, რომ არანაირი ჩანაწერების ჩვენებას არ აპირებდა. - ან რას აიჩემეთ ეს ჩანაწერი? ვინ გითხრათ? საიდან მოიტანეთ, რომ სკოლა, თავის მოსწავლეებს უთვალთვალებს?! ალბათ ვიღაცამ, უშნოდ ჩაგაწვეთად და მაგასაც გავარკვევ! 
- ახლავე მოვითხოვ, დღევანდელი დღის მთლიანი ჩანაწერის ჩვენებას! - მკაცრად მიმართა გალეომ და ჯიბიდან ამოღებული საბუთი, თვალებზე ააფარა.
დეტექტივის საბუთის დანახვაზე, დირექტორი გაშრა, ფერი საერთოდ დაეკარგა. 
- რა საჭირო იყო, დეტექტივის გამოძახება? - ძლივს, დაბალი ხმით წაილუღლუღა ქალმა და მერე მანდატურს, აშკარად აკანკალებული ხმით, კამერების ჩანაწერები შემოტანა სთხოვა. 
- დამშვიდდით ქალბატონო. - მიუგო გალეომ. - აქ გამოძახებაზე არ ვარ. უბრალოდ, ჩემი უფროსის შვილთან ერთად ვარ, რადგანაც დღეს მამამისი, უმძიმესი დიაგნოზით სიკვდილს ებრძვის. ჩვენ, მისი თანამშრომლები, დავალებული და ვალდებულნიც კი ვართ, რომ მის ოჯახზე, ყველანაირად ვიზრუნოთ! 
დირექტორი პირდაღებული შეჰყურებდა. 
- მგონი, არც იცით, ხომ? - განაგრძო ისევ გალეომ. - ვისი შვილი სწავლობს თქვენს სკოლაში? 
- მე მოსწავლეებს, მშობლების დამსახურების მიხედვით, სულაც არ ვანსხვავებ! - ძლივს ამოიდგა ენა ქალმა. - ამიტომ ამით, არც დავინტერესებულვარ, ჩემთვის მთავარია ბავშვი... 
ამ დროს კარი გაიღო და მანდატურმა ჩანაწერები შემოიტანა. დირექტორმა ანიშნა, შენ ჩართეო.
ჩანაწერით ვერაფერი გაირკვა, რადგან ჩანდა, კამერა ისეთი კუთხით იყო მიმართული, რომ მხოლოდ სკოლის შესასვლელი ჩანდა. იქ კი უკვე გაგულისებული, მაგრამ შედარებით დაშოშმინებული ბიჭები, ჯგუფად შედიოდნენ სკოლის ფოიეში, მაგრამ დიმეო, არსად ჩანდა. რამდენიმე ხნის მერე, ისიც გამოჩნდა, დამრიგებლის თანხლებით. ფაქტი იყო ჩხუბი, სკოლის გარეთ, იმ ადგილას მოხდა, სადაც სკოლის კამერები ვერ წვდებოდა. 
- კი მაგრამ, მარტო ეს ერთი კამერა გაქვთ? - გაკვირვებული იკითხა გალეომ. 
- რატომ ერთი? - მიუგო მანდატურმა. - კამერა ყველა სართულზეა და ხომ ნახეთ, სკოლის შემოსასვლელთანაც. 
გალეომ თავი გააქნია და ფანჯარასთან მივიდა. 
- ქუჩაში ისედაც არის კამერები. - დაიწყო დირექტორმა. - და ახლა ორმაგად, ჩვენ ცალკე ხომ არ მივუყენებთ? 
გალეომ არაფერი უპასუხა, მობილური მოიმარჯვა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიისა და მოპირდაპირე ქუჩების, ყველა ჩანაწერები მოითხოვა. 
- დამახვედრეთ რომ მოვალ! - დეტექტივმა ტელეფონი გათიშა. - ყველაფერს გავარკვევ! გპირდებით, დამნაშავე დაისჯება, როგორც უმცროსი, ასევე უფროსი! - დირექტორს გამჭოლი მზერით დაემშვიდობა და მიმისთან ერთად, იქაურობა დატოვა. 
LEX. 2021 წლის 26 ივლისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment