Friday, February 7, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 43)

43.
ქირურგის იდეა, სულ მალე, სისრულეშიც მოიყვანეს. ყველას გასაკვირად და თანაც, სულ უმოკლეს ვადაში, ძალიან ადვილად მიაგნო შესასვლელ კარს.
საკმაოდ სოლიდურად გამოწყობილი, სერიოზული სახის მამაკაცი, რაღაცას ეძებდა, უფრო სწორად, შესასვლელს ვერ პოულობდა, რომელიც „შემთხვევით“ დაეჯახა, სწორედ იმავე მისამართზე მისულ, ასვე სერიოზული სახის მამაკაცს.
დიდი ბოდიშის მოხდითა და მოწიწებით უკრეს ერთმანეთს თავი.
- საოცარია. - აწუწუნდა ქირურგი. - ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მეხსიერება, არ მღალატობდა. რაც არ უნდა ნასვამი ვყოფილიყავი, ორიენტირება არასდროს დამიკარგავს. - მერე უცნობს მიუბრუნდა. - კიდევ ერთხელ, გიხდით ბოდიშს.
- არა, რას ბრძანებთ. - გაუღიმა უცნობმა. - ბოდიში და, სახლს ვერ აგნებთ?
უცნობის შეკითხვა ჩვეულებრივი იყო, თუმცა არც ის იყო გამორიცხული, რომ ამოწმებდა ახალ სტუმარს.
- არა, არა! სახლი, არა. - ახლა ქირურგმა გაუღიმა და ცოტა დაბნეულად, ცოტა თითქოს უხერხულად, დაბალი ხმით განაგრძო. - აქ, სტუმრად ვიყავი და... ახლა, ვეღარ ვიხსენებ, საიდან შევედი.
- გვარი, ან ბინის ნომერი, გახსოვთ? - ისევ ჩაეკითხა უცნობი. - იქნებ სულაც, სულ სხვა მისამართია?
- მისამართი, ნამდვილად ეს არის, რადგან მაშინაც ჩემმა მძღოლმა მომიყვანა აქ. სამწუხაროდ, მასაც არ ახსოვს, თუ რომელ სადარბაზოში შევედი. თითქოს, ეს უნდა იყოს... და რა ვიცი...
- მეტი, არაფერი გახსოვთ? - უცნობი თითქოს,  უფრო  მეტად შეეცადა დაზუსტებას.
- იმ მშვენიერ ადგილას, როგორ აღმოვჩნდი, კიბით თუ ლიფტით?.. არა, ლიფტი რაღაც არ მახსენდება, თუმცა?.. რა ვიცი?.. მხოლოდ ის მახსოვს მშვენივრად დავისვენე, განვიტვირთე... საკმაოდ ნასვამიც ვიყავი... ისე, იქნებ მართლაც, სულ სხვა მისამართია და ჩემს მძღოლსაც ეშლება? მაპატიეთ, შეგაყოვნეთ. მშვიდ საღამოს გისურვებთ. - ქირურგმა ყველა არგუმენტი მოიშველია, მაგრამ როგორც ჩანდა, არაფერი გამოსდიოდა. ისიც კარგად იცოდა, რომ ზედმეტად, არც არავის უნდა აჰკიდებოდა. კიდევ ერთხელ მოუბოდიშა უცნობს და ის იყო, ნაბიჯი გადადგა, რომ...
- ერთი წუთით! - შეაჩერა უცნობმა. - წამობრძანდით.
ქირურგი შეყოვნდა. თითქოს, ახლაღა შეათვალიერა უცნობი.
- მეც იქ მივდივარ. - მშვიდი, დაბალი ხმით მიუგო უცნობმა და წინ გაუძღვა.
- ბარემ, მძღოლს გავუშვებ. - ქირურგმა ტელეფონი მოიმარჯვა. - თავისუფალი ხარ! - მბრძანებლური ტონით მიმართა, ტელეფონი გათიშა და მორჩილად მიჰყვა უცნობს.
სადარბაზოში შესვლისთანავე ქირურგმა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ უცნობმა ხელით ანიშნა, ჩუმადო და ძალიან დაბალ ხმაზე, თითქმის ჩურჩულით უთხრა:
- გვიანია, უხერხულიცაა მეზობლების შეწუხება, ხალხს მოსვენება უნდა.
ქირურგმაც უხმოდ დაუქნია თავი და უკან მიჰყვა. კიბის რამდენიმე საფეხურით, ჯერ პირველ სართულზე ავიდნენ, ლიფტს აუარეს და მეორე სართულს აუყვნენ. სართულის ბაქანზე, მხოლოდ ორი ბინა იყო. უცნობი ერთ კართან შეჩერდა, ზარი ერთხელ დარეკა და რამდენიმე წამში, ისევ გაიმეორა. მხოლოდ ამჯერად, ორი ზარი ზედიზედ გაუშვა. კარი მალევე გაიღო და არც კარში გამოჩენილა მისი გამღები და არც კარის გაღებამდე უკითხავს, ვინ ხართო. 
უცნობმა პირდაპირ შეაბიჯა, ქირურგიც ფეხდაფეხ მიჰყვა. მათ უკან კარი ვიღაცამ გადაკეტა. ჩვეულებრივ ბინაში შევიდნენ, თითქოს ოჯახში მოხვდნენ. შესასვლელიდანვე ისმოდა, სასტუმრო ოთახიდან გამომავალი, ტელევიზორის ხმა. სამზარეულოდანაც, ქვაბების ხმაური  და ტაფის შიშხინიც მოისმოდა. კაბინეტის ტიპის ოთახში შევიდნენ. ფანჯარასთან ახლოს, საწერი მაგიდა იდგა, იქვე დივანი, სავარძლები, ერთი კუთხე კი, ქოთნის ყვავილებისთვის ისე იყო დათმობილი, თითქოს რაღაც პატარა მოაჯირები, სადაც ქოთნები იყო მიმაგრებული, სართულებიან ტერასებს ქმნიდა და ლამის, ჭერამდე ადიოდა. უცნობი ყვავილებისკენ წავიდა და ქირურგმაც აღმოაჩინა, რომ სწორედ იქ იყო ჩასასვლელი ქვედა სართულზე. თუმცა, სანამ ახლოს არ მივიდა, მანამდე არც კი ჩანდა ქვედა კიბე. 
ქირურგი ნაბიჯებს ითვლიდა. ცდილობდა, კარგად დაემახსოვრებინა გზა. ყვავილის ქოთნებში ჩაფლული ხვეული კიბით, ქვედა სართულზე ჩავიდნენ, სადაც ისევე, როგორც ზედა სართულზე, აქაც ოჯახი ცხოვრობდა, ან სულაც ასე ჩანდა. პირველ სართულზეც იგივე განმეორდა, იმავე სტილის ყვავილებში ჩაკარგული კიბით ჩავიდნენ სულ ქვედა, სავარაუდოდ სარდაფში, სადაც უკვე, „სიცოცხლე“ ჩქეფდა. 
პატარა მაგიდებითა და სავარძლებით გაწყობილ საკმაოდ მოზრდილ ოთახში, მუსიკაც კი არ იყო ზედმეტად ხმამაღლა. მშვენივრად შეიძლებოდა, სასიამოვნო მელოდიით დამტკბარიყავი. რბილ, ტყავგადაკრულ სავარძელში ჩაფლულს, მოგეწრუპა სასმელი და მიგეყოლებინა გემრიელ სასუსნავები. ბარი სავსე იყო სხვადასხვა მარკის სასმელებით. ბარმენი კოქტეილების შეზავებით იყო დაკავებული, ერთი-ორი მოფუსფუსე ოფიციანტიც შეინიშნებოდა. ხილი და მისაყოლებელი უფასო იყო სასმელის ფასში შედიოდა. დარბაზს ირგვლივ, რამდენიმე შუშის კარიანი ოთახი ეკრა, სადაც სათამაშო მაგიდები იყო გაშლილი. ქირურგმა ისიც შეამჩნია, რომ ოთახები დაყოფილი იყო მწეველთათვის და არამწეველთათვის.
უცნობმა სასმელზე დაპატიჟა და იქვე მყოფთ გამოუცხადა, ჩემს სტუმარს დღეს, არაფერი გადაახდევინოთო. მერე ქირურგს მიუბრუნდა:
- დღეს ჩემი პირადი სტუმარი ხარ, ყველაფერი გადახდილი იქნება!
ქირურგი მადლობებს უხდიდა, მაშინ შემდეგში ჩემზე იყოსო, უცნობიც ღიმილით დაეთანხმა. მერე ლამაზად გაპრანჭულმა სასიამოვნო გარეგნობის ქალმა, ყურში რაღაც უჩურჩულა. უცნობს, სიამოვნებისგან გაეღიმა. ქირურგს ლამაზი საღამოს გატარება უსურვა და იმ ქალსაც მიანიშნა, ჩემი პირადი სტუმარიაო. ქალმა ქირურგს, ღიმილით დაუკრა თავი და უცნობთან ერთად, ერთ-ერთ კარში გაუჩინარდა.
ქირურგმა ტელეფონი მოიმარჯვა, მაგრამ ოფიციანტმა, დიდი მოწიწებით მიმართა, თუ შეიძლება გამორთეთო. ქირურგსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა დამორჩილებოდა იქაურ წესებს. მერე კოქტეილის ჭიქას დასწვდა და სათამაშო მაგიდების თვალიერებას მოჰყვა. ცდილობდა სახეები დაემახსოვრებინა, ან იქნებ, ვინმე ნაცნობიც შეენიშნა.
- ითამაშებთ?
მოესმა ქირურგს ზურგს უკან, ყურთან ახლოს. ქალს საკმაოდ ნაზი და თბილი ხმა ჰქონდა და სასიამოვნო სუნამოც ზომიერად ესხა.
- ძალიან ცუდი მოთამაშე ვარ. - გაუღიმა ქირურგმა. - ხშირად ვერიდები, უფრო თვალს ვადევნებ, თუმცა ახლო მეგობრების წრეში ხანდახან მაინც მიწევს თამაში, ალბათ უფრო იმიტომ, რომ წუწურაქი არ ვეგონო ხალხს. - გაეცინა ბოლოს.
ქალიც აკისკისდა.
- მაშინ შეგიძლიათ, უბრალოდ დატკბეთ სასიამოვნო მუსიკითა და სასმელით, თქვენმა მეგობარმა იზრუნა, ყველაფერი გადახდილია, ასე რომ მოითხოვეთ, რაც გსურთ!
ბოლო სიტყვებს, ქალმა თითქოს ხაზი გაუსვა, ან სულაც ქირურგს მოეჩვენა ასე.
- სიამოვნება შეიძლება, ბევრი რამისგანაც მიიღო და არა მხოლოდ სასმელისა და მუსიკის მოსმენით. - ქირურგმა თვალებში ჩახედა და ისე გაუღიმა, ამით ანიშნა, კიდევ რას შემომთავაზებთო.
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა ქალი. სახეზეც შეეტყო, რომ მშვენივრადაც მიუხვდა, ახალი სტუმარი, რასაც გულისხმობდა.
- დღეს ისეთი დაძაბული ცხოვრებაა და თანაც, დატვირთული სამუშაო საათების მერე, ოთახის ფლოსტებში ფეხის გაყრაც კი ნეტარებაა. - ეცინებოდა ქირურგს.
- განტვირთვა აუცილებელია. დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზეც და სხეულზეც.
- თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით? - ჩაეკითხა ქირურგი.
ქალი წამით შეყოვნდა, მაგრამ მერე მაინც უპასუხა:
- იცით? აქ არ არის აუცილებელი ვინაობისა და საქმიანობის დასახელება, რადგან ჩვენი სტუმრების უმეტესობას სურს, რომ...
- არც ფეხსაცმლის ზომა და არც სისხლის ჯგუფი? - გაეღიმა ქირურგს.
- მიმიხვდით, არა? - ღიმილითვე მიუგო ქალმა.
- მშვენიერი კოქტეილია. - თემა შეცვალა ქირურგმა. - უხდება ტროპიკული ხილი და ეგზოტიკიდან, კიდევ რას შემომთავაზებდით?
- არჩევანი ბევრია. გააჩნია თქვენ როგორ ფორმებს ანიჭებთ უპირატესობას. - ქალმა ქირურგის, ოდნავ მუცელშებერილ ჭიქას, თითით კონტურები მოუხაზა. - თხელი, სქელი, ფუმფულა, პუნტულა, მაღალი დაბალი...
- ძვლებზე ხელების დაჭრას, ნამდვილად არ ვაპირებ. - კვლავ გაუღიმა ქირურგმა. - თუმცა, სულ სხვა პრეტენზია მაქვს! ისე, არც პრეტენზია არ არის, მაგრამ მაინც.
- გაუჩენელს გავაჩენო, ამას ნამდვილად ვერ შეგპირდებით, მაგრამ ვცადოთ.
- იცით? - ქირურგმა თვალებში ჩახედა. - ბებერი, ჩემი თავიც მეყოფა. ახალი სისხლი მჭირდება, რაც შეიძლება ახალი და ყველაზე ახალგაზრდა.
- ეგ არ არის პრობლემა. - გაუღიმა ქალმა. - თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ აქ საბავშვო ბაღი არ არის.
- არა, ეგ არც მიფიქრია. - მიუხვდა ქირურგი. - ხომ გითხარით უკვე? ბებერი, ჩემი თავიც მეყოფა.
- მშვენივრად გამოიყურებით. - გაეცინა ქალს. - ცოტა ხნით, დაგტოვებთ.
ქირურგს თავიდან ეგონა, რომ სულ ადვილად გაართმევდა თავს, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისთვის, ბებერი ნაძირალას როლის თამაში.

***
ლამის, მთელი კვირა იყო გასული და მიმისთვის, მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ქირურგმა, შესასვლელს მიაგნო და კარგადაც გაერია იმ წრეში. ერთი სული ჰქონდა, უფრო დაწვრილებით გაეგო ყველაფერი, მაგრამ ფიფოს, ბავშვი დილით ისე მიჰყავდა სკოლაში, რომ ზემოთაც არ ამოდიოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და თავად 
შეეხმიანა ქირურგს.
- გამოგივლით ამ საღამოს. - უპასუხა მიმის ზარს ქირურგმა. - იმ დღის მერე, ფიფოც არ მინახავს და რომელზე მოდის ხოლმე სახლში?
- ვეტყვი ცოტა ადრე მოვიდეს. - უპასუხა მიმიმ და მაშინვე ფიფოსთან გადარეკა.
- მე და გალე მოვალთ და გემრიელობები, ხომ იქნება? 
- რა თქმა უნდა! - მიმი სიხარულისგან ცმუკავდა. საშინლად განიცდიდა ფიფოს წასვლას, თუმცა მის მოსაბრუნებლად, რატომღაც ვერც ვერაფერს აკეთებდა.
- რა წამოვიღო?
- შენ რაც გინდა, ორაგულის მომზადება ვიფიქრე, კომშით.
- მოვიტანო თევზი?
- არაა! - გაეცინა მიმის. - სანამ შენ მოიტან და მერე მე, მაგის მომზადებას დავიწებ,  სჯობს უკვე გამზადებული დაგახვედროთ.
- მაშინ დესერტი? რა გინდა, აბა მითხარი? - ფიფომ ისედაც იცოდა, მიმის რაც უყვარდა, მაგრამ სურდა, მისგან გაეგო.
- ტორტი სუფლე, ან?.. ნუ რა ვიცი, რასაც ნახავ. ისე, წაბლს თუ მოიტან, მერე წაბლის ტორტსაც გამოვაცხობდი, მხოლოდ ეგ უკვე, ხვალისთვის.
- ესე იგი, ხვალაც დაპატიჟებული ვარ? - გაეცინა ფიფოს.
- თუ გინდა, ზეგ იყოს. - მიმი ვითომ, ვერ მიუხვდა.
- ესე იგი, ზეგაც მოვდივარ. - ფიფოს ახლა უფრო ხმამაღლა გაეცინა.
- ის ბიჭიც წამოიყვანე, თუ გინდა, შენი მძღოლი.
- ჰო, კარგი და ისა... - ფიფო შეყოვნდა. - ჩემს კაბინეტში, რომ ვისკის ბოთლები იყო, დარჩა იქიდან რამე?
- და ვინ დალევდა? - გაეცინა მიმის. - თუ დატოვე, იქნება აბა რა.
ფიფომ იცოდა, მიმის არაფრის დამლევი არ იყო, მაგრამ ის უფრო აინტერესებდა, ვინმე  ჰყავდა თუ არა სტუმრად. დარწმუნებული იყო, მიმი ამას არ დაუმალავდა, მაგრამ ეჭვი მაინც, სულს უღრღნიდა.
- ვაიმე, ეს რამხელა ტორტია! - კარის გაღებისთანავე, მიმიმ ემოცია ვერ დაფარა.
- სულ რომ არ შემოგეჭამოს და ცოტა ჩვენც რომ შეგხვდეს მაგიტომ მოვიტანე ამხელა. - გაისმა ფიფოს სიცილი, მძღოლის ზურგს უკან, რომელსაც ხელში უზარმაზარი ტორტი ძლივს ეჭირა.
მიმიმ ტორტი ჩამოართვა, მძღოლი ისევ ქვემოთ ჩაბრუნდა და კიდევ უამრავი რამ ამოიტანა.
- რა იყო? - გაუკვირდა მიმის. - შიმშილობაა?
- ყოველდღე, ხომ ვერ მოვიტან და იყოს ბარემ მომარაგებული. - უპასუხა ფიფომ.
- მერე ვინ შეჭამს ამდენს, მთელი წლის სამყოფია.
- ესე იგი, მე ვჭამდი მთელი წლის სამყოფს? - გაეცინა ფიფოს.
- ასე გამოდის! - უპასუხა მიმიმ და კარის გასაღებად მიბრუნდა.
ახლა ღია კარში, ქირურგიც დიდი ტორტით გამოჩნდა.
ფიფი სიცილის ძლივს იკავებდა:
- დაიცა, გალეოს გადავურეკო, ეგეც ტორტით არ მოგვადგეს. - ფიფო ლამის სიცილისგან გაიგუდა, როცა გალეომ უპასუხა, აბა რა წამოვიღოო.
- აუცილებელია რამის მოტანა? - ცოტა არ იყოს, იწყინა მიმიმ. 
- ხომ იცი, ისე არ მოვა, და რა ვუთხრა? - იკითხა ფიფომ.
- მაშინ, ნაღების ლიმონათი იყოს, მე და დიმეს გვიყვარს, მხოლოდ მაშინდელივით, ყუთით არ მოიტანოს! - ეცინებოდა მიმისაც.
საოცრად გემრიელი ვახშამი გამოვიდა. ყველამ ერთხმად აღნიშნა, მიმის მომზადებული გემრიელობანი, ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა. მიმიმ შეიფერა.
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ... - დაიწყო მიმიმ. - მეც მაინტერესებს, რა ხდება იმ ახალ საქმეში, თუ საიდუმლო არ არის.
- საიდუმლო კი არის, აბა რა. - თავი დააქნია ფიფომ. - მაგრამ შენ ისედაც იცი, რომ არაფერს გიმალავ.
- შესასვლელსაც მივაგენი, გავერიე იმ ხალხში. - დაიწყო ქირურგმა. - თუმცა სადარბაზოში, რომელი მხრიდანაც კარში შევედით, იმდენი ვიარეთ იქეთ და აქეთ, რომ... ნაბიჯებს კი ვითვლიდი, ფიფოს დავუმესიჯე რაც გადავთვალე.
- მაინც ვერაფერი გავიგე. - უპასუხა ფიფომ. - მესიჯები კი შევინახე.
- როგორც კი შევედი, გადავთვალე რვა ნაბიჯი, მარჯვნიდან.
- აბა, მარცხნივ შევედიო. - ჩაერია გალეო.
- მოვალ ახლავე. - მიმიმ პასტა და ფურცელი მოიძია. - კორპუსი როგორია?
- კორპუსია, რაა. - უპასუხა გალეომ.
- ზოგი განიერია, რამდენიმე სადარბაზოს მოიცავს ორივე მხრიდან, ზოგი უფრო ვიწროა, ამიტომ ვიკითხე, როგორი ტიპის კორპუსია, ფორმა როგორი აქვს უფრო მართკუთხა თუ?
- ოთხკუთხედია, გრძელი. - გალეო წამით ჩაფიქრდა. - მართკუთხა.
მიმიმ ფურცელზე მონახაზი გააკეთა.
- რამდენი სადარბაზოა? რამდენი კარი აქვს კორპუსს ერთ მხარეს?
- ოთხი.
- აი, ასე. - მიმიმ ოთხივე კარი მონიშნა.
- აქედან შევედი. - თითი დაადო ქირურგმა. - რამდენიმე საფეხურით, პირველ სართულზე, მერე მეორეზე და მარცხენა კარში შევედი.
- ესე იგი, სავარაუდოდ, სადღაც აქ. - მიმი ახლა ბინის კარი მონიშნა.
- აი, მაქედან დავიწყე ნაბიჯების თვლა. - ქირურგმა ტელეფონს ჩახედა. - ესე იგი, რვა ნაბიჯი შესვლიდან, მერე მარჯვნივ თორმეტი და შევედი ოთახში, სადაც თვრამეტი ნაბიჯით მივედი კედლამდე და იყო ქვემოთ ჩასასვლელი, მრგვალი კიბე.
- კიბის საფეხურებიც ხომ გადათვალე? - იკითხა გალეომ.
- თვრამეტი. - უპასუხა ქირურგმა.
- თვრამეტი? - იკითხა მიმიმ.
- მგონი, ეგ გამომრჩენია, ძლივს მოვასწარი მესიჯის გაშვება ტელეფონი გამომართვევინეს, მერე კი ისევ ჩავრთე, მაგრამ მგონი თვრამეტი მახსოვს.
- კარგი, იყოს თვრამეტი. - მიმიმ საფეხურები მონიშნა. - ასე გამოვიდა, რომ ისევ პირველ სართულზე აღმოჩნდი, მხოლოდ ზედა სართულიდან ჩახვედი.
- კი, მასეა. - კვერი დაუკრა ქირურგმა. - მერე გავიარე, ნამდვილად მახსოვს მომცრო ოთახი. ასე, ათი ნაბიჯი ძლივს იყო, იმ კარიდან აშკარად, მარჯვენა მხარეს წავედი, ზუსტად თორმეტი ნაბიჯი, პატარა ვიწრო დერეფანივით იყო, თითქოს ლოჯივით. მარცხენა მხარეს, ოთხების განლაგება ისე იყო, როგორც ნებისმიერ ბინაში. გავიარეთ ეს ლოჯივით რაღაც და ისევ პატარა ოთახში ჩავედით ქვედა კიბით და უკვე, იქ აღმოვჩნდით.
- ნახეთ, რა გამოვიდა! - ხმამაღლა წარმოსთქვა მიმიმ და ფურცელი შუაში დადო. - ესე იგი, ის ადგილი მარცხენა მხარეს კი არ მდებარეობს, საიდანაც შენ თავიდან შეხვედი, არამედ აი, აქ არის! მარჯვნივ პირველი სართულის ქვეშ!
ბიჭები ახმაურდნენ.
- მდაა. - აი, თურმე, რა ხდება. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ფიფომ და მერე გალეოს მიუბრუნდა. - შენ კი, მარცხენა მხარეს იყავი ჩასაფრებული და მთელი ამბები კი, აქეთ ხდებოდა. მარჯვნივ უნდა გაგეხედა, მარჯვნივ! - სიცილით დაუმატა ბოლოს.
- მთავარი შესასვლელი, ხომ მარცხნივ არის მაინც. - უკმაყოფილოდ უპასუხა გალეომ.
- და რა ხდებოდა მერე, იქ? - იკითხა მიმიმ. - სამორინეა?
- და არა, მხოლოდ! - უპასუხა ქირურგმა. - პატარა გოგონებიც ბლომად არიან, ცოტათი უფროსებიც და დიდებიც!
- და მერე, ეს ამდენი გოგო, რომ შედის და გამოდის, ნუთუ მათ კვალზეც ვერ გახვედით? - უკვირდა მიმის.
- ჰო, მართლა! გოგოების იქეთ-აქეთ წრიალი, არ დააფიქსირეთ? - იკითხა ფიფომ. - ეგ აღარც გამახსენდა, ყოჩაღ მიმი, ისევ შენ თორემ აი, გალეო სულ მარცხნივ იყურებოდა.
ყველას გაეცინა.
- არაფერი გოგოების ზედმეტი წრიალი, არ შეინიშნებოდა. ჩვეულებრივ, იმდენი მაცხოვრებელი შედის, რამდენიც ცხოვრობს იქ, ნუ იმ ბიძია-ბაბუებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც გვიან მოდიან. - გალეო ცოტა, თავის მართლებასაც მოჰყვა.
- ესე იგი, იქ ცხოვრობენ. - დაასკვნა ფიფომ. - ან, კიდევ სხვა შესასვლელიც არის, „სლუჟებნი“! - გაეცინა ბოლოს.
- ბინები, რომლებიც გავიარე, აშკარად ჩანდა, რომ მარტოხელებისთვის, სულაც არ იყო. სავარაუდოდ, ზოგიც ალბათ, მართლაც იქ ცხოვრობს. - დაუმატა ქირურგმა და წამოდგა. - ჩემი წასვლის დროც დადგა.
- სად მიგეჩქარება? - შეაჩერა ფიფომ. - დღეს მორიგე ხარ?
- მორიგე არ ვარ, მაგრამ სხვა საქმეზე მინდა გავიდე. - ქირურგმა რაღაცნაირი მზერა მიაპყრო გალეოს, ჩანდა თითქოს, მანაც იცოდა რაღაც.
- რა ხდება? - ფიფომ თვალები მოწკურა.
- ორ-სამჯერ ვიყავი, უკვე იქ. - დაიწყო ქირურგმა. 
- ჰა? ორჯერ, თუ სამჯერ? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო.
- სამჯერ! და დღესაც ვაპირებ.
- შენ რაღაც, ძაან გაგიტკბა.- გაეცინა ფიფოს.
- ჰო, ახალგაზრდობაში არ მივლია ბორდელში და ახლა დავიწყე, არა? - გაეღიმა ქირურგს.
- ამ დღეებში, დავეცემით თავს. - უპასუხა გალეომ. - ჯერ კარგი გეგმა უნდა შევიმუშავოთ და დავიწყებთ ოპერაციას, არ მინდა შენც რომ მოჰყვე.
- პირიქით. - უპასუხა ქირურგმა. - მეც უნდა დამაკავოთ იმათ თვალწინ, უკეთესიც იქნება! რა იცი, მერე იმ ხალხის ნაცნობობა, იმ კლიენტებთან მეგობრობამ შეიძლება კიდევ, სხვა კვალზეც გაგვიყვანოს.
- კი კარგი აზრია. - კვერი დაუკრა ფიფომ. - მაგრამ შენ რაღაც, მაინც სხვანაირად ხარ აჟიტირებული. ისე, თუ ვინმე მართლა შეგიყვარდა, ან მოგეწონა, ვისი რა საქმეა? თუ არაფერში იქნება დამნაშავე, ადვილად გამოვაძვრენთ.
- ისე, ის გოგოები, რატომ უნდა დაიჭიროთ? - იკითხა მიმიმ. - ან ის კლიენტებიც, რა შუაშია.
- ჩვენი მთავარი მიზანია, არალეგალური საქმიანობის გამოაშკარავება. - აუხსნა ფიფომ. - მერე ნარკოტიკების ამოღება და ასე შემდეგ.
- იქ პატარა გოგოებია... - ქირურგი შეყოვნდა. - ძალიან პატარა... სულ პატარა...
- რაა?! - იკითხა ფიფომ. - პედოფილები დადიან იქ?
- არც მასეა საქმე, მაგრამ მაინც. - უპასუხა ქირურგმა. - ბევრი არასრულწლოვანია და უმეტესობას, პატრონიც არ ჰყავს რომ მიხედოს, თვითონ ირჩენენ თავს და...
- და? - ჩაეკითხა ფიფო. - ცოტას ხომ არ წაინარკომანებენ?
- სამწუხაროდ. - თავი ჩაქინდრა ქირურგმა. - საცოდავი ბავშვებია, ძალიან მენანება და ძალიან გული დამწყდება... იცი, ფიფო. - ქირურგი წამით შეყოვნდა. - რამე სხვა გზა უნდა გამოინახოს. იმ საწყალი ბავშვების დაჭერა, ნამდვილად საშინელება იქნება, ისედაც გაუბედურებულნი არიან და ციხე, საბოლოოდ დაღუპავს.
- არა, იმ ბავშვების დაჭერა, რაში მაწყობს? - უპასუხა ფიფომ. - აი, იძულებით რეაბილიტაციაზე, კი გავუშვებდი სათითაოდ.
- ეგ, აუცილებელიც არის, რომ სწორ გზაზე დადგნენ. - გაუხარდა ქირურგს.
- აი, სწორი გზისა, რა მოგახსენო. - დაუმატა ფიფომ. - მაგას, თვითონ უნდა ეცადონ.
- კარგი წავედი და შემატყობინეთ მეც მინდა იმ დღეს იქ ვიყო და მეც დამიჭირეთ სხვებივით. - გაეღიმა ქირურგს.
- ოპერაციას, როცა დავგეგმავთ, აუცილებლად შეგატყობინებთ. - უპასუხა გალეომ.
- აქაც, ოპერაცია, იქაც ოპერაცია. - ისევ გაეღიმა ქირურგს. - სულ ოპერაციებში ვარ, რა.
გაცილებისას მიმიმ, ჩუმად გადაუჩურჩულა ქირურგს:
- მეც მინდა, იმ ბავშვებს დავეხმარო.
- ძალიან კარგი იქნება. - გაუხარდა ქირურგს.
- მხოლოდ ფიფოს არ უნდა, უფრო სწორად არ უნდა, რომ ჩავერიო.
- მერე შენც ნუ ჩაერევი და ისე დაეხმარე. მოვა მაგის დროც. მაგაზე არ იდარდო, ერთად დავეხმარებით საცოდავ, გზააბნეულ ბავშვებს.
მიმი კმაყოფილი სახით შებრუნდა ოთახში და ჩუმად, გარინდული უსმენდა ბიჭების საუბარს, მაგრამ ფიქრებით, სულ სხვაგან იყო და ეს ფიფოს, არ გამოჰპარვია.
LEX. 2020 წლის 7 თებერვალი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment