Monday, February 3, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 42)

42.
ფიფოს ელდა ეცა, მაგრამ შეეცადა, არაფერი შეემჩნია. სტუმრებს მოუბოდიშა და პირდაპირ, მიმის საწოლზე გაიშოტა. სუფრა მისკენ ახლოს მოაწევინა და ჩვეული სახით, კონიაკის წრუპვას მოჰყვა. დროდადრო, მეგობრების საუბარში ერთვებოდა, მაგრამ გონება მაინც, მძიმე ფიქრით ჰქონდა დაკავებული.
„არა, ისე, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ იქ, ტუალეტია? ნეტა, დიდი ხანია იცის?..
ადრე როცა მიმის ვკითხე, ორსულობის დროს გავიცანი კონსულტაციაშიო, ისე მართლა საკითხავია ამ სიშორეზე რატომ დადიოდა, როცა სახლთან ახლოს, პირდაპირ მის ცხვირწინ საუკეთესო კლინიკაა, პრინციპში ეს მამიდამაც დამიდასტურა მშობიარობის დროს, ეს კაცი, ძალიან დაგვეხმარაო...
ეჰ, რა ვიცი, აბა? ამათ, რას გაუგებ. 
რაც მიმის ვიცნობ, სულ რაღაცას მიმალავს. თუმცა მოგვიანებით, ყოველთვის უხდება მისი აღიარება.“
- უფროსო! ჩამოგეყვინთა უკვე და ჩემი წასვლის დროც დადგა. - სიცილით მიმართა მძღოლმა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა გაეგო, იქ რჩებოდა, თუ სახლში უნდა გაეყვანა, რადგან ფიფოს მშობლები, სულ სხვა მხარეს ცხოვრობდნენ, მაშინ უფრო მეტად დააგვიანდებოდა შინ მისვლა. 
- არა, არ მძინავს! - გაეცინა ფიფოსაც. - უბრალოდ, ფიქრებში გავერთე. იქნებ, დროზე ეშველოს და ეს ერთი საქმე მაინც გაიხსნას, აგერ უკვე ამდენი თვეა, წინ ვერ მივიწევთ და თუ გაგვიმართლა, ბარემ, ახალ წელსაც გემრიელად ჩავუსხდებით!
- თავს ვიმტვრევ და ჯერ კიდევ, არაფერი საინტერესო არ გამოჩნდა. - ამოიხვნეშა გალეომ.
- და რა გინდა, რომ გამოჩნდეს? - ჩაეკითხა ფიფო. - არ გამოდის, ის შენი გეგმა, ვერ ხედავ? 
- და რა ვქნა, აღარ ვიცი. - აბუზღუნდა დეტექტივი. - დაახლოებით ვიცით, რომ იქ, რაღაც ხდება. იმ ერთ სადარბაზოში შედის ყველა ის ხალხი, რომლებიც ცალკე, ფასიან სადგომზე აჩერებს მანქანას, ხან დილამდე და ხან, მხოლოდ რამდენიმე საათით. 
- იქნებ, იქ ცხოვრობენ? - ჩაურთო მძღოლმა.
- არა, იქაური მაცხოვრებლები, ნამდვილად არ არიან! ყველას, თავისი ოჯახი და სულ სხვა საცხოვრებელი სახლი აქვს და ასევე თანამდებობა, ასე რომ, უბრალო და ასე ვთქვათ, უფულო ხალხი, იქ არ დადის! - გალეო შეყოვნდა.
- და, მერე? - არ აცალა ფიფომ ამოსუნთქვა.
- შევარჩიეთ რამდენიმე. სხვებთან შედარებით, ხშირი სტუმარი.  ვუთვალთვალეთ, მაგრამ სანამ ჩვენი კაცი, იქამდე მივიდა... მოკლედ, სადარბაზო ვიცით, მაგრამ ზუსტად, რომელ ბინაში შედიან, ეს ვერ დავადგინეთ ჯერ კიდევ! ბინებიც, სულ სათითაოდ გადავამოწმეთ. ჩვეულებრივ, როგორც ყველა უბანსა, თუ კორპუსში, წყვილები, მარტოხელები, დიდი თუ პატარა ოჯახები და ასევე, დაკეტილი ბინებიც!
- და იქნებ, სულაც არ არის დაკეტილი და არ გააღეს? - ჩაერია ქირურგი.
- ეჰ. - ხელი ჩაიქნია გალეომ. - ყველაზე კარგად, ეგენი შევამოწმეთ. არანაირი მრიცხველი არ არის გააქტიურებული, დავიჯერო ამ სიცივეში, გაზი არ უნდათ? თუ ყველა უსინათლოა? შუქს მაინც არ ანთებენ? 
- და, რას აპირებ? - ჩაეკითხა ისევ ფიფო.
- არაფერი ვიცი, რა უნდა ვქნა? - თავი გააქნია გალეომ და მალულად ფიფოს გახედა, რომელიც ყოველთვის მისი გაჭირვების ტალკვესი იყო. იქნებ ამჯერადაც, ისევე როგორც არა ერთხელ, ერთად ეპოვნათ გამოსავალი.
- რადგან არ გამოდის, ეგ შენი გეგმა, ესე იგი, სტრატეგია უნდა შეცვალო და როგორ? ეს უკვე, შენვე უნდა მოიფიქრო! - ფიფომ კვლავ შესავსებად, ცარიელი ჭიქა გაუწოდა. 
„იქნებ, მიმიმ აქ შემოსვლისას, სტუმრებს უკვე უთხრა, ტუალეტი სადაც არის და უბრალოდ, მე ვერ გავიგე? ხომ შეიძლება? რატომაც არა!“
ფიფო ისევ ფიქრებში გადაერთო, მაგრამ წუთიც არ იყო გასული, რომ მიმიმ კარი შემოაღო:
- ბიჭებო, საპირფარეშო თუ დაგჭირდეთ, აი იქ, არის, ნუ მოგერიდებათ! 
ფიფოს ისევ აეშალა ფიქრები, ახლა უკვე, აღარ იცოდა, საით წაეყვანა აზრები. თუმცა ფიქრი, ვინ აცალა, მიმის რეაქციამ, ისევ გამოაფხიზლა.
- ვაიმე, ფიფო, ფეხსაცმელებით! - მიმიმ საყვედურით შეხედა, საწოლზე უდიერად წამოკოტრიალებულ ფიფოს.
- ისე, მართლა, გაგეხადა ფეხზე, შინაურები ვართ, მაინც ყველა. - ჩაურთო ქირურგმა. - გინდა მაშინდელივით გაგისივდეს? ხომ გაგაფრთილეს? ახლა უფრო, მეტი მოვლა უნდა, ამდენი ოპერციები წყალში, რომ არ ჩაიყაროს.
- მოგიძებნი ოთახის ჩუსტებს, იქნება აქ რამე ძველი, ჩვენი დატოვებული. - მიმიმ ფიფოს ფეხზე გახადა.
- ძველი, როგორ იქნება? - გაეცინა ფიფოს. - მაშინ ეტლში ვიჯექი, ძირი ახალივით ექნება! ჰოდა, მერე? - ახლა გალეოს მიუბრუნდა ფიფო.
- ჯერ არ ვიცი, ვფიქრობ, რა.
- და ცოტა ახლოდან, რომ გეთვალთავლათ? თუ არ არის მაგის ვარიანტი? - იკითხა ქირურგმა.
- არ გამოდის ახლოდან, რადგან იქ ერთმა ან ორმა ბიჭმაც რომ იწრიალოს, ჩათვალეთ რომ დავიწვებით, ამაშია საქმე. ამიტომ, რაღაც სხვა ვარიანტი გვინდა! - გალეომ ისევ მალულად ფიფოს გახედა.
- ჰოო... - ჩაფიქრებული ხმით ჩაურთო ფიფომ. - რაღაც სხვა... ვიღაც სხვა...
- იცი, რა ვიფიქრე? - დაიწყო ქირურგმა, მაგრამ ფიფომ მაშინვე გააწყვეტინა.
- არა! არა! მიმი გამორიცხულია!
- არც მიფიქრია მიმიზე. - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. - მე შევალ.
- სად შეხვალ? - ჩაეცინა ფიფოს. - როცა კარი ვერ გვიპოვნია.
- აი, მომისმინეთ ახლა. - დაიწყო ქირურგმა. - ცოტათი, თქვენზე უფროსი ვარ და ბევრით თუ არა, სულ ცოტა მეტად მაინც ხომ მესმის თქვენზე მეტი და საქმე, იცით რაშია? უფრო სწორად, შეცდომას იცით, სად უშვებთ?
- ჰო, აბა სად? - ვეღარ ითმენდა ფიფო, თუმცა სხვებმაც ინტერესით დაცქვიტეს ყურები.
- სად და... - დაიწყო ისევ ქირურგმა. - თქვენი ბიჭებისა თუ გოგოების ის ნაწილი, ვინც ასეთ ოპერაციებზე ხართ ჩასაფრებულნი, უმეტესობა ახალგაზრდებია, თუნდაც იმიტომ რომ მარდად ირბინონ, როცა საჭირო გახდება, ამიტომაც მათი იქ, სადარბაზოსთან ახლო-მახლო წრიალი, უფრო შესამჩნევია.
- ჰოდა, მაგიტომაც ვიყავით შედარებით შორს! თუმცა, არც იმდენად! მოპირდაპირე კორპუსში ვიქირავეთ ბინა, მაგრამ სანამ მივედით...
- მერე? - გააჩერა ფიფომ, გალეო და ქირურგს მიმართა. - ალბათ, რაღაც იდეა გაქვს, ხომ?
- თუ დამაცდით. - გაეღიმა ქირურგს. - მე როგორც უკვე ორმოცს გადაცილებული და თანაც, კარგა ხანია.
ყველას გაეცინა.
- მე მივალ და გავჩერდები იქვე ახლოს ვიწრიალებ, მერე თუ მეცოდინება მაინც, ის ვინც ხშირად დადის, როგორღაც უნდა ავეკიდო ან ვთხოვო, ვითომ ადრეც ვიყავი, ამერია მისამართი და როგორ შევიდე ან რაღაც, მსგავსი.
- იდეა, კარგია. - მოეწონა ფიფოს. - მაგრამ მსგავსი და ასე რაღაც-რაღაცეები, არ გამოგვადგება! უფრო კონკრეტული უნდა იყო და უფრო დაზუსტებით უნდა იცოდე, თუ რას ეძებ! თუნდაც, ცუდად გახსოვდეს!
- გასაგებია. ზუსტად უნდა ჩამოვყალიბდე, რასაც ვეძებ. - კვერი დაუკრა ქირურგმა. 
- მაშინ საჭიროა, კარგი მანქანა და არა ისეთი, როგორიც შენ გყავს. - ჩაერია მიმიც. - და უფრო სოლიდურადაც უნდა გეცვას.
- და არა, ისე როგორც მაცვია. - სიცილით ჩაურთო ქირურგმა. - ეჰ, ჩაცმა-დახურვას, დიდი ხანია გადავეჩვიე, ჩემს შემოსავალს კი წლებია უკვე, სულ სხვა დანიშნულება აქვს.
- მანქანასაც ვიშოვნით, რა პრობლემაა? ვითხოვებთ, ვიქირავებთ! - გამოცოცხლდა გალეო.
- ჰო, ისე, მარტო მანქანის მარკაზეც არ არის საქმე. სავარაუდოდ, თანამშრომელს არ უნდა ეკუთვნოდეს, ვინმე უცხოსი, ან ვიქირავებთ მართლა! - ჩაურთო ფიფომ.
- მძღოლი მე ვიქნები, ისედაც ხომ ვარ! - გაეცინა ფიფოს მძღოლს. 
- მშვენიერია! - გაუხარდა გალეოს. - ზოგი მართლაც მოჰყავთ და მერე აკითხავენ.
- ჰოდა, ვიქნები მძღოლი, მხოლოდ ახლა, ჩემი უფროსი, თუ ნებას დამრთავს, სახლში წავალ, ბავშვები რა ხანია, მელიან. 
- კარგი, რა ფიფო, რაა. - ისე უსაყვედურა მიმიმ, თითქოს ფიფო, მართლაც აღარ აპირებდა მის გაშვებას.
- დაიცა, ჩაგირიცხავ ზედმეტ საათებს, ბავშვებს გზაში, რამე უყიდე.
მძღოლი უხერხულობისგან აწრიალდა. არ გინდა, არ გინდაო.
- კაი, ნუ იპრანჭები, ახლა! - შეაგულიანა ფიფომ. - როცა გაძლევენ, უნდა აიღო! მერე საახალწლოდ, პრემიასაც ჩაგახუტებ და ამ ოპერაციაში მონაწილეობის მიღებისთვისაც, ცალკე ბონუსებიც გექნება!
- აბა, განა ყველას ჰყავს, ასეთი უფროსი. - შეაქო მძღოლმა. - აი, პრემიაზე კი, ბავშვებს გავახარებ და ახალ ნაძვის ხესაც დავდგამთ, რა ხანია შემჭამეს უკვე.
- მე მოგცემთ ნაძვის ხეს. - ჩაერია ქირურგი. - მართალია, დიდი ხნის წინ არის ნაყიდი, მაგრამ ყუთი არც კი გაგვიხსნია, დიდია და ლამაზი.
- მერე თქვენ, არ გინდათ ოჯახში? - ეუხერხულა მძღოლს. 
- ვინ არის ახლა ჩემთან, მაგის ამწყობი? - გაეცინა ქირურგს. - და არც ბებიაჩემი აპირებს, მის ირგვლივ ხტუნვასა და სიმღერას.
- კარგი. ეს ნაძვის ხეც დავდგით! - ჩაერია ფიფო. - შენ თავისუფალი ხარ! - მიმართა მძღოლს. - პრემიაც გექნება და ნაძვის ხეც!
- და უფროსო... - მძღოლი შეყოვნდა. - სად მოგაკითხოთ? აქ რჩებით, თუ?..
ფიფო ცოტა თითქოს დაიბნა, რადგან არც გალეომ და არც ქირურგმა არ იცოდა, მისი სახლიდან წასვლის ამბავი, მათი თანდასწრებით კი, მიმისაც თავი ჩვეულებრივ ეჭირა.
- დილით, გამოსვლისას დაურეკე. - დაასწრო მიმიმ, სანამ ფიფო  მოიფიქრებდა და ფიფომაც, შვებით ამოისუნთქა. - იყავი, შენ მე გავაცილებ. - ისე მიმართა მერე ფიფოს, თითქოს ის მართლაც აპირებდა საწოლიდან წამოხტომას.
- ჰო, იმას ვამბობდი და წეღან ბოლომდე, ვეღარ ჩავედი. - დაიწყო ისევ ქირურგმა. - მე ყველანაირად საუკეთესო ვარიანტი ვარ, რადგან იქ თუ ვინმე მართლაც სტაჟიანი კრიმინალია, მაშინ მას ჩემი ასაკის თანამშრომელი, შეიძლება ეცნოს კიდევაც სახეზე, მე კი მათთვის, სრულიად უცნობი ვარ და თანაც, რანაირი შეკითხვაც არ უნდა დავსვა, ისეთი არ იქნება, როგორსაც თქვენ დასვამთ. 
- მოკლედ მანქანას ვიშოვნით! აი, ტანსაცმელზე მიმისთან, ის გამოგაწყობს, როგორ საჭიროა! - ფიფომ მიმის თვალი ჩაუკრა.
- უჰ, იმდენი რამ მაქვს, არც ჩამიცვამს წესიერად. - გაეცინა ქირურგს.
- გამორიცხულია! - ჩაერთო მიმი. - რადგანაც იქ, საკმაოდ დიდ ფულიანი ბიძია-ბაბუები დადიან, ამიტომაც შენც, სათანადოდ უნდა გეცვას და არა ნაფტალინიდან ამოღებული პიჯაკი!
მიმის სიტყვებზე, ყველას გაეცინა.
- და მაინც, რა არის იქ? - მიუბრუნდა მიმი ფიფოს. - ზუსტად, რა დაწესებულებაა?
- დაწესებულება არა, მაგრამ უწესებულება კი არის. - გაეცინა ფიფოს. - კაზინო, ან ბორდელი, ან ყველაფერი ერთად.
- მერე მაგის მეტი, რა არის ქალაქში, რომ ასე არ იჩუმათონ. - გაუკვირდა მიმის. - ვითომ, არალეგალურიო და ქვეყანამ კი იცის.
- მაგაშიც მართალი ხარ, ჩემო მიმი. - ჩაეღიმა ფიფოს. - მაგრამ ეს ის ჩუმათობაა, რომელიც სახელმწიფო გადასახადებს გვერდს უვლის, უფრო ბევრად მეტი შემოსავალი აქვს და თანაც, სავარაუდოდ, ყველაზე კარგად იქ საღდება, საკმაოდ სუფთა, მაღალი ხარისხის და თავისთავად, საკმაოდ ძვირად ღირებული ნარკოტიკები.
- მდააა. - ჩაილაპარაკა მიმიმ. - და ხომ შეიძლება, რომ სხვაგანაც საღდებოდეს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ჩვენ, მხოლოდ ეს კვანძი გვაქვს. თორემ სხვაგანაც იმდენია. 
- ყოველ კლუბს, თავისი გამსაღებელ-მომხმარებელი ჰყავს. - ჩაურთო გალეომ. - თუმცა ხშირად, იქ ნარევია, ბევრად უსუფთაო. ათას რამეს ურევენ, ტალკიო, ცარციო, თაგვის წამალსაც კი. 
- მერე ხომ იწამლება ხალხი? რა საშინელებაა? - შეწუხდა მიმი.
- კი, იწამლება და ხშირად გამსაღებელს, იმის იმედია აქვს, რომ სიკვდილის მიზეზად, ზედმეტ დოზას დაასახელებენ და ადვილად გამოძვრება.
- მერე ექსპერტიზა, ხომ დაადგენს? - კვლავ უკვირდა მიმის.
- ეჰ. - ხელი ჩაიქნია გალეომ. - ჩვენთან, თუ სპეციალურად არ მოითხოვე აუტოფსია, ისე ნაკლებად აკეთებენ. ისე ხშირად კი, პატრონებიც უარზე არიან.
- მერე მოითხოვეთ! - არ ცხრებოდა მიმი.
- ფასიანია, მიმი და თანაც სპეციალური მიმართვა სჭირდება. - უპასუხა ფიფომ. - აბა ჩემი ჯიბიდან ხომ არ გადავუხდი ექსპერტს ხელფასს.
- ჩვენს ქვეყანაში, რა ყველაფერი პრობლემაა. - ჩაილაპარაკა მიმიმ.
- რას ვიზამთ, ასეთი ქვეყანა გვაქვს. - დაუმატა გალეომ.
- ეს სასტიკი სამყაროა და ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ, სხვა სამყარო, ჩვენ არ გვაქვს!..
ციტატასავით გაიჟღერა მიმის სიტყვებმა და თავადაც არ იცოდა, თუ საიდან მოუვიდა აზრად. თითქოს, შორეული წარსულიდან, ვიღაცამ გონებაში ჩასძახა და მანაც გაახმოვანა და სწორედ ამ შორეული წარსულის ნაწილი, ახლა მის პირისპირ იჯდა და ცხადი იყო, მასაც ეცნო ეს სიტყვები. 
ქირურგი და მიმი, წამით ერთმანეთს მიაჩერდნენ. ნაცნობი სიტყვები და საერთო ნაცნობი, რომლის გახსენებაც, დღესაც ტკივილს იწვევდა მიმის სულში და არა სინანულის, არამედ საშინელი ბოღმისა და ბრაზის გრძნობას უღვიძებდა. 
ფიფოს არაფერი გამოჰპარვია. თუმცა, ზუსტად ვერ მიხვდა, თუ რა იყო მიზეზი, რომ მიმი, ასე უცბად შეცბა და აშკარად დამფრთხალი სახით მიაჩერდა ქირურგს, რომლის თვალებშიც, ტკივილით სავსე მზერა აღბეჭდილიყო. 
ფიფო რაღაცას თითქოს მიხვდა, მაგრამ რას? თავადაც არ იცოდა. თუმცა, ახლა უფრო დარწმუნდა, რომ მათ შორის, კიდევ რაღაც იყო ისეთი, რაც მან დღემდე არ იცოდა, მაგრამ როგორ უნდა გაერკვია? რომელი ეტყოდა?
„არა! არა! გამორიცხულია! მიმი და ქირურგი? სასაცილოც კია! და თანაც, ამდენი ხანი კი მეცოდინებოდა, ვინმე თუ ეყოლებოდა. მიმი არ დამიმალავდა. თუნდაც, იმიტომ რომ ბევრჯერ ვკითხე, ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემაზე.
ან იქნებ, მაინც მიმალავს? ვითომ? დავიჯერო? 
შეიძლება, შეყვარებულიც არის, მაგრამ ქირურგი? 
არაა, გამორიცხულია! შეყვარებული ქალის თვალები, სულ სხვანაირია, მაგას მაინც ვერ გამომაპარებს. 
ისე, ზოგჯერ მგონია, რომ მე მიყურებდა ასე, ან ყოველთვის მეგონა, ან იქნებ, ასეც მინდოდა რომ ყოფილიყო. 
ნამდვილად ვგრძნობდი, თუ მეჩვენებოდა?“
ფიფო ფიქრებში გაერთო და თან, თვალს აყოლებდა მის წინ მდგარ, ძველებური ავეჯის, მოჩუქურთმებულ ორნამენტებს და ის კი არ იცოდა, რომ სწორედ იმ კარადაში, იმ ერთი ფიცრის მიღმა, მიმის ის კაბა ეკიდა, რომლითაც პიპასთან ჰქონდა ჯვარი დაწერილი. მხოლოდ იმ ერთი კარის გაღება იქნებოდა საჭირო და ქირურგი, მაშინვე იცნობდა, თავისივე ხელით მოტანილ კაბას, როცა კურიერის ფორმაში გამოწყობილი, ეახლა მიმის. 
მაგრამ აბა ფიფო, რას წარმოიდგენდა?
- ფიფოს უკვე ჩაეყვინთა და ჩვენი წასვლის დროც მოსულა. - ქირურგმა გალეოს ანიშნა. 
- არა, არ მძინავს. - გამოფხიზლდა ფიფო, თუმცა ახლა მართლაც ძილი, ყველაფერს ერჩივნა.
- მართლა გვიანია. - წამოდგა გალეოც. 
- დაიცა ტაქსს გამოგიძახებთ და მიმიც გაგაცილებთ. - ფიფო ტელეფონს დასწვდა. მართლაც საშინლად ეძინებოდა. ჯერ სტუმრებს გაისტუმრებდა და მერე, თავადაც გაუყვებოდა სახლის გზას.
აქამდე თუ თავი ამაყად ეჭირა, სახლიდან რომ წამოვიდა, ახლა ცოტა თითქოს, ინანა კიდეც, ასე რომ არ ყოფილიყო ხომ დარჩებოდა აქ, მიმისთან და მშვიდად გააგრძელებდა ძილს.
მიმიმ სტუმრები გააცილა. ფანჯრები გამოაღო და ჰაერის დიფუზორიც ჩართო. 
- მიმი. - გაიზმუვლა ფიფომ. - ტაქსი გამომიძახე, რაა...
მიმიმ არაფერი უპასუხა, კვლავ ოთახის მოწესრიგებაში იყო ჩართული.
- თორემ სანამ მოვა და სანამ მე აქედან გავეტევი და სანამ სახლში მივალ... - განაგრძო ფიფომ ნამძინარევი ხმით. - ძილიც ხომ უნდა მოვასწრო.
- და ვინ გაგდებს, მერე? იყავი და გამოიძინე, მხოლოდ საბნის ქვეშ მაგ შარვლით არ შეწვე. დარჩი აქ! ნუ გეშინია, მოძალადე არ ვარ. - გაეცინა ბოლოს.
ფიფო გაიტრუნა. საშინლად გაუხარდა. ერთი კი დააპირა, უარი ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა.
- დიმეოს, მამიდას ყოფილ ოთახში სძინავს, მე შევუწვები, შენ აქ იყავი. 
- და, დილით? - როგორც იქნა ხმა ამოიღო ფიფომ.
- რა, დილით? მძღოლმა ხომ გითხრა, გამოსვლისას დავრეკავო?
- უი, ხო. კარგი, მაშინ დავრჩები! მხოლოდ, ფანჯარა დამიხურე. 
- საშინელი ბუღი იდგა.
- ახლა ხომ განიავდა და ეყოფა.
ის იყო მიმიმ გასვლა დააპირა, რომ კარში ატირებული დიმეო შემოვარდა.
- დედა! დედა! შენთან მინდა! 
- კი, დეე, მოვდივარ და ერთად დავიძინოთ. - მიმი ბავშვს მოეხვია. 
- დედა, მეშინია!
- ვინ შეაშინა, ჩემი ბიჭი! - დაიროხროხა ფიფომ. - ვინ გაბედა!
- მამიკოოო! - ბავშვი სიხარულით ახტა ლოგინზე და მამას შეუწვა. - დეე, მოდი რა შენც, რაა, ერთად დავიძინოთ, შუაში მინდა!
- მერე დავეტევით ამდენი? - ეცინებოდა მიმის.
- აქ თუ ვერ დავეტევით, და... - უხაროდა ფიფოს. - რვა კაციანი საწოლია!
მიმის მართლაც საკმაოდ განიერი საწოლი ჰქონდა და სამივე, თავისუფლად მოთავსდებოდნენ.
ბავშვი გახარებული იყო, ორივე მშობელი ერთად ჰყავდა. ხან ერთს ეხვეოდა და ხან მეორეს. მერე როგოც იქნა, ჩაეძინა. თუმცა ძილში, ხშირად შფოთავდა, რამდენჯერმე შეხტა კიდეც. ერთი ორჯერ წამოიყვირა, დედას და მამას უხმობდა. ლამის გაათენებინა.
მიმი შეშფოთებული იყო. გამთენიისას, ძალიან ფრთხილად, კიდევ ერთხელ მოუსინჯა შუბლი.
- სიცხე არა აქვს. - წაიჩურჩულა ფიფომ. - მეც ვნახე.
- ადრე ასე, არასდროს უქნია. - ჩურჩულითვე უპასუხა მიმიმ.
- ალბათ, უყურა რამე სისულელეს, მონსტრებზე და აი, შედეგიც. 
- როგორ ფიქრობ? არ ვუმოწმებ რას ნახულობს და რას არა? - იწყინა მიმიმ.
- სახლში, არა, სხვაგან სადმე ნახავს, სკოლაში ან უბანში. რას გაიგებ, მთავარია ავად არ არის და რა მოხდა მერე? დაესიზმრა ბავშვს რაღაც და...
- და ჩვენც გაგვათენებინა. - ღიმილით ჩაურთო მიმიმ.
- კიდევ კარგი, შიშებისგან არ ჩაიფსა და არ ჩაგვასველა. - ფიფო ძლივს იკავებდა სიცილს.
- ვაიმე, რას ამბობ. - ეცინებოდა მიმისაც. 
- ის წუხანდელი ხაჭაპური, დარჩა? 
- გადაგინახე დილისთვის, არ იდარდო. 
- დილაა უკვე.
- რომელი საათია? - მიმი მობილურს დასწვდა.
- ყავის დალევის დროა. - ფიფოს თვალი არ გაუხელია ისე უპასუხა.
- შეგიძლია მანამდე, შხაპი მიიღო. მოასწრებ, თანაც ჩემთან, არ ცივა. 
- რა ბედნიერებაა, ჯერ კიდევ ვერ ჩავართვევინე გათბობა, ხან რას იმიზეზებენ და ხან რას. ერთი მეც ვერ მოვიცალე, რაა.
მძღოლმა როცა მოაკითხა, ფიფოს უკვე ყავაც დაელია და შხაპის მიღებაც მოესწრო, მძღოლს გამოწკეპილი დახვდა, თუმცა მიმი, მაინც უკმაყოფილო ჩანდა.
- წუხანდელი პერანგით მიდიხარ. 
- და მერე, რა? - ეცინებოდა ფიფოს. - იქნებ, ორი მაქვს ასეთი?
- თუ გინდა სამი გქონდეს, მაგრამ მაინც.
- ჰო, კარგი წავედი და ბავშვს მიხედე. დააკვირდი ამაღამაც თუ ასე გააკეთა, იქნებ მივიყვანოთ ფსიქოლოგთან.
- კარგი, ვნახოთ. იმედია მართლაც რაღაც დაესიზმრა და სხვა არაფერი სერიოზული.
მიმიმ ამით დაიმშვიდა თავი, თუმცა დიმეოს ეს საქციელი, მას მერე, კიდევ არა ერთხელ განმეორდა. ამიტომ როცა სახლში იყო, ხანდახან მიმი, თავისთან იწვენდა და როცა ფიფოსთან იყო, მაშინ მამასთან წვებოდა და ეს უკვე აშფოთებდა ორივე მშობელს. ქირურგმაც ურჩია, ცოტა აცალეთ, თუ ძალიან ხშირად და ზედიზედ განმეორდა, მაშინ ჩავერიოთ, თუ არა და თავად უნდა მოაგვაროს და მოერიოსო. 
ქირურგი მართალი იყო, მაგრამ ფიფო იმასაც ამჩნევდა, რომ ქირურგი რატომღაც, ბავშვის ფსიქოლოგთან ვიზიტის, კატეგორიული წინააღმდეგი ჩანდა. ყველაფერი ამის მიზეზი ის, იმ ძველ საბუთებში ჩარჩენილი ჩანაწერი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ, მიმისაც კი არ უმხელდა.
LEX. 2020 წლის 3 თებერვალი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment