Monday, December 30, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 37)

37.
იმ ქალის ბინაზე, თვალთვალი დაწესდა, მათი საუბრის მოსმენასაც კი შეეცადნენ, თუმცა დიდად არ გაუმართლდათ. მობინადრეებმა, რატომღაც სახლი, მალევე დაცალეს და სასწრაფოდ, სულ სხვა მისამართზე, უკვალოდ მიიმალნენ.
არც იმ ქალის ტელეფონის ნომრის გაშიფვრამ გაარკვია ბევრი რამ. შემოსული და გასული ზარები, მხოლოდ მიმისთან და იმ სოფლიდან იყო დაფიქსირებული. არანაირი სხვა მეგობარი კაცის ზარი, თუ მესიჯი არ ფიგურირებდა და იმ ბინის დატოვებასთან ერთად, ის ტელეფონიც დადუმდა. ამიტომაც გალეო, ფიფოს აზრს დაეთანხმა, რომ ქალს, შესაძლოა სხვა ნომერიც ჰქონოდა და არა მის სახელზე აღებული, თუმცა ეს ფიფოზე ბევრად ადრე, მიმიმაც ივარაუდა და როგორც გაირკვა, არც შემცდარა. ეს ბევრიც ვერაფერი იყო, მაგრამ მიმის მაინც უხაროდა, რადგან მისი იდეა იყო.
- ნუ, ბოლო-ბოლო გამოჩნდება, სად წავა? - ამშვიდებდა, ყურებჩამოყრილ დეტექტივს, ფიფო.
- ისე, როგორ მალე იყნოსა, რომ კვალში ვედექით და ეგრევე აიბარგა და ის ნომერიც, იმავე დღესვე გათიშა.
- შენ წარმოიდგინე, არც იმდენად მალე. 
- მალე იყო, აბა რაა? - გალეომ ხელი ჩაიქნია. - ერთი კვირის დაყენებულიც კი არ იყო ბინაში მოსასმენები. 
- მერე შენ, ერთი კვირა, ცოტა გგონია? - ჩაეცინა ფიფოს. - ჭკვიანი და გამჭრიახი გონება, იმავე საღამოსვე იაზრებდა და გადაბარგდებოდა, რა წუთიდანაც, მიმიმ მიაცილა სახლში.
- ესე იგი, ბევრი იფიქრა მაინც? 
- ან ბევრი, ან შესაძლებელია, შედარებით გვიან გამოუტყდა, თავის კუროს და ისიც მაშინვე მიხვდებოდა, რომ სახიფათო ზონაში ცხოვრობდნენ, თან ჯერ მიმიმ მიაცილა, მერე გაზის კანტორიდან ორი კაცი ესტუმრა, სახლი გადაამოწმეს. 
- ხომ, მაგრამ ეს კანტორის თანამშრომლები, შენი იდეა არ იყო? - გალეოს ხმაში, საყვედური იგრძნობოდა. 
- მერე? - ჩაეღიმა ფიფოს. - ქალაქში ისედაც, იმდენი უბედური შემთხვევა მოხდა, გაზის გაჟონვის გამო, სრულიად ბუნებრივი ვიზიტი იყო, თანაც მთელი, ეზოც ხომ მართლა შევამოწმეთ? 
- ერთი კი მართლა იყო კანტორიდან, ნამდვილი სპეციალისტი,  სწორედ საჭირო კითხვებსაც სვამდა და მართლაც სერიოზულად ამოწმებდა, მეორე კი, ჩვენიანი იყო და ჩვენებურად მიუდგა საქმეს. 
- მერა რა? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მე, იმ ქალის კუროს ადგილას, მაინც დავფრთხებოდი. იმავე დღესვე დავცლიდი ბინას და სხვაგან გადავიდოდი. რა გარანტია მექნებოდა, რომ ორივე მოგზავნილნი არ იყვნენ? ამიტომაც ეგ იაზრა და სასწრაფოდ გადაბარგდა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ უფრო ადრეც უნდა გადასულიყო.
- იქნებ, მართლაც იმ ქალმა დაუმალა, მიმიმ რომ მიაცილა?
- თანაც, მაშინაც მარტო იყო სახლში, გაზი როცა გადაამოწმეს. - ფიფო გაყუჩდა. - და მერე კიდევ, მთელი კვირა იფიქრა? თუ იფიქრეს?
- იქნებ, ის კაცი არ იყო? სადმე იყო წასული, რომ ჩამოვიდა, ეს ამბავი დახვდა და ზომებიც მიიღო.
- შეიძლება! ყველაფერი შეიძლება! 
- მდააა, ახლა სად ვეძებო, არც კი ვიცი. - ამოიხვნეშა დეტექტივმა. - არც სოფელში გამოჩენილა, როგორც გავიგე.
- ჯერ მოყუჩებულია. მერე სადმე მაინც, გამოყოფს ცხვირს! ნუუ, იმედია.
- და საერთოდაც, რომ არ გამოჩნდეს?
- ეს სასოწარკვეთა და პესიმიზმში მთელი არსებით გადავარდნა, რა არის?! - დაუცაცხანა ფიფომ. - საქმის მეტი, რა გაქვს? და თუ გამოჩნდება და ვიმედოვნებ, რომ სულ მალე, მერე მაგასაც მივხედავთ!
- შენ მართლა გჯერა, რომ გამოჩნდებიან? - გალეოს ისევ, დამწუხრებული სახე ჰქონდა.
- გამორიცხულია, რომ არ გამოჩნდნენ! ადრე თუ გვიან, მაინც გამოჩნდებიან! წამალს გასაღება ხომ უნდა? თავის დროზე, კარგად აწყობილი ხიდები დაემსხვრათ და ჯერ ცოტას იყუჩებენ, მერე კი სხვა არხების გათხრით დაინტერესდებიან და სადღაც მაინც გამოჰყოფენ თავს და სწორედაც რომ, იმ დამპალ თავებს დავაცლით!
- ჰო, მაგრამ როდის? - ამოიხვნეშა დეტექტივმა.
- ნათელმხილველი, კი არ ვარ! - ჩაეცინა ფიფოს. - ეგ, რომ ვიცოდე, ვინ როდის და რა დანაშაულს ჩაიდენს, მაშინ აქ კი არ ვიჯდებოდი და ტვინს კი არ გავიჭყლეტდი ფიქრით! დავჯდებოდი სადმე ოფისში, რბილ ბალიშებში გადავწვებოდი და მივიღებდი კლიენტებს სამკითხაოდ. - გაეცინა ფიფოს. - შენ, ურიგოდ მიგიღებდი.
დეტექტივს ცალყბად გაეღიმა.
- ამ ეტაპზე, არც არანაირი ვარიანტი და არც არანაირი მინიშნებაც კი არ გვაქვს მათი პოვნის, მაგრამ ასე ყურები კი არ უნდა ჩამოვყაროთ! - გაამხნევა ისევ ფიფომ. - და თანაც, პოვნა ერთია და ფაქტზე აყვანა კი, მეორე.
- ისე, ერთი ვარიანტიც რჩება. - გალეომ ფიფოს ქვემოდან გამოხედა.
- მაინც?
- თუ ჩართავს, ან როცა ჩართავს იმ ნომერს, ხომ ნახავს, რომ...
- რის თქმა გინდა? - ფიფოს ხმაში სიმკაცრე დაეტყო, თითქოს გუმანით იგრძნო კიდევაც, დეტექტივი რასაც უმიზნებდა.
- მიმი რომ შეეხმიანოს... 
- არავითარ შემთხვევაში! 
- ვიფიქრე, ისე დაურეკოს, მოიკითხოს...
- შენ, რომ იფიქრე, მეც ვიფიქრე! - ფიფო სავარძელში გასწორდა. - მიმი, არასდროს ურეკავდა პირველი და არც მესიჯს სწერდა, მაგრამ ყოველთვის პასუხობდა. იმ დღის მერე კი, სამი კვირა გავიდა და მიმი სოფელშიც არ ყოფილა. პირიქით, აქეთ უნდა მოიკითხონ და თუ ის დაურეკავს, მაშინვე იცი შენ, რაც უნდა ქნა! ვისაუბრეთ უკვე, ამაზე! - ფიფო წამით შეყოვნდა. - მიმი შეეცდება, საუბარი გაუგრძელოს, დანარჩენს, თქვენ მიხედავთ!
- ჰო, მაგრამ როგორ გავიგო? მაშინ ყველა საუბრის მოსმენა... - გალეო სიტყვას ვეღარ აგრძელებდა და უხერხულად აცეცებდა თვალებს.
- მიმიმ იცის და ნება დაგვრთო, რომ ამ ეტაპზე, მის ყოველ საუბარს ვუსმინოთ, მართლა! ჰო! 
- ნუ, მაშინ არ არის პრობლემა. 
- იმედია, საუბრიდან ხომ მიხვდებით, ვინც იქნება? და ვინც არ უნდა დაურეკოს, მიმი მას მაშინვე სახელით მიმართავს და ასე უფრო გაგიადვილდებათ! სხვათა შორის... - ჩაეცინა ფიფოს. - ესეც, მიმის იდეა იყო.
- რა ბედნიერი კაცი ხარ, რა. - გაეღიმა დეტექტივს. - იდეალური ცოლი გყავს.
- მერე მოიყვანე შენც ცოლი და იქნები ბედნიერი. - გაეცინა ფიფოს.
„ჰო, იდეალურია! იმაზე მეტად იდეალური ვიდრე წარმოვიდგენდი. დიახ! ისეთი იდეალური, რომ... მისი გულის მოგებასაც იდეალური...
იქნებ, ისევ ის უყვარს? და წლების მერე, მაინც ერთგული რჩება...“
- ცოლის მოყვანას, რა უნდა? მთავარი მერეა, როგორ შევეწყობით. - გალეოს სიცილმა, ფიფო უსიამოვნო ფიქრებიდან გამოარკვია და პასუხად, ცალყბად გაუღიმა.
მიმის ტელეფონი, სულ ჩართული და მზად ყოფნაში ჰქონდა. იქნებ მაინც, როგორმე იმ ქალს დაერეკა და ამ ზარით, გამოძიების საქმეში, ოდნავი ნათელი წერტილი მაინც გამოჩენილიყო, მაგრამ უკვე ლამის თვე იწურებოდა და არც იმ ქალისგან იყო რამე შეტყობინება და არც სოფლიდან არავინ შეხმიანებია, მხოლოდ დრო და დრო, მიმის გახსნილი უფასო სასადილოსთვის, სურსათი ჩამოდიოდა და ამასაც იქ, ვაჩეს დედა ხელმძღვანელობდა. 
ერთ ღამესაც, მიმის ტელეფონი აწკრიალდა. ნომერს დახედა თუ არა, მაშინვე ფიფოს საძინებელში შევარდა, მძინარეს ეცა და ერთი-ორჯერ მაგრად შეანჯღრია. სანამ ფიფო თვალებს მოიფშვნეტდა, მიმიმ უკვე უპასუხა და სახელითაც მიმართა. ფიფომ თავისი მობილური მოიმარჯვა, რომ გალეოსთვის დაერეკა და თან მიმის ანიშნა, ოთახიდან დროულად გასულიყო. 
ქალმა მოუბოდიშა, ასე გვიან რომ გაწუხებო. მიმიმაც თავის მხრივ, ნამძინარევი ხმით უპასუხა, ხომ მშვიდობააო. საუბარი, დიდ ხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ სავარაუდო ადგილის დაფიქსირება, მაინც შესაძლებელი გახდა და ამ ეტაპზე, გამოძიებისთვის, ესეც საკმაოდ დიდი ნაბიჯი იყო.
- რაო, რა მინდაო? - იკითხა ფიფომ დილით, სანამ საუზმეს შეექცეოდა.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - არც არაფერი.
- აბა შუაღამეზე, რატომ გამახსენდიო? - არ მოეშვა ფიფო, თუმცა გალეოსგან, ისედაც გაიგებდა, მაგრამ მაინც ვერ ითმენდა.
- კი მაგრამ, ხომ მისმენდი?
- მე? არა. - გაეცინა ფიფოს. - ისინი, კი!
- ჰა, ჰა! - აკისკისდა მიმი. - და ვეღარ ითმენ, სანამ მოგახსენებ, არა?
- რომ შემოხვედი, მაშინვე გალე გავაღვიძე და მერე აღარც გადამირეკავს, არც თვითონ დაურეკავს, ალბათ არკვევდა, ზარის შემოსვლის ადგილს.
- იმედია, დაფიქსირდა. რაც შემეძლო, გავწელე საუბარი. - უპასუხა მიმიმ. - თუმცა, მალევე გამითიშა და ვერც ის გავიგე, ან რატომ დამირეკა, ან საერთოდ, რა უნდა ჩემგან. თანაც, ასე გვიან. 
- ჰო, ცოტა გაუგებარია. ვითომ, შენთან იმიტომ მეგობრობს, რომ ვითომ, გამოძიების დეტალებზე, რამე დაგაცდევინოს, მაგრამ...
- მაგაზე, არ იდარდო. - ჩაეღიმა მიმის. - ლამის, მთელ სოფელს მოვდე, რომ შენ, დიდი ხანია აღარ ხარ გამომძიებელი და არანაირ საქმეს, შენ აღარ იძიებ, ისე თუ ვინმე ახლობელი შეგაწუხებს და არაოფიციალურად ჩაერევი, მაგრამ ან დაეხმარები და ან ვერა. აი, ასეთი ჭორები დაგიყარე სოფელშიიიი. - ისევ აკისკისდა მიმი.
- ჰოო? - გაეცინა ფიფოს, მერე კი ჩაფიქრებული ხმით უთხრა. - და აბა მაშინ, რა უნდა შენგან? 
- რა ვიცი.
- ნუ, ადრე იქნებ ეგონა, რომ რამეს გამოგტყუებდა, მერე? შეეძლო შეეწყვიტა შენთან ნაცნობობა. 
- იცი? - მიმი წამით ჩაფიქრდა. - ან ის ნარკოტიკების ჩაყრაც, რა თამაში იყო?
- ეგ, ვერც მე გავიგე. - ფიფომ საათს დახედა. - ჩვენ, ხომ არ გვაგვიანდება?
- ღვიძავს უკვე, ისაუზმებს და გაუყევით სკოლის გზას.
- დიდი სისულელე კი იყო ისე, შენი მოწამვლა. 
- მეც ეგ მიკვირს. - თავი დაუქნია მიმიმ. - თუ ის იფიქრა, რომ ჩემი სახით, სარფიან კლიენტს იშოვნიდა? და ის რატომღა ვერ გაიაზრა, რომ შენ...
- ჰო, ის მაინც უნდა გაეტვინა, მე სად ვმუშაობ და ბოლოს და ბოლოს, დღეს თუ ხვალ, მაინც მაგას მივადგებოდი. 
- ისე, ზოგჯერ ისეთი ხალხი ზის წამალზე, რომ...
- კი, მაგრამ სამართალდამცავის სიახლოვეს, მაინც ერიდებიან და თანაც, ასე აშკარა მოქმედებას. - ფიფო წამით ჩაფიქრდა. - სწორედ ასეთი ქმედება იყო, თვითონ უტვინოდ.
- იქნებ, იმ კაცმა ურჩია და...
- ნუ, თუ ისიც დებილია და ორი იდიოტი, ასე უტვინოდ მოქმედებს. - ჩაეცინა ფიფოს. - თუმცა, რაღაც არა მგონია, მაგრამ მაინც თუ ასეთი უტვინოები არიან, მაშინ ჩათვალონ, რომ მაგათი ბიზნესი, საბოლოოდ დახურულია! 
- როგორ დახურულია? დაიჭირეთ უკვე? - გაუკვირდა მიმის.
- არა, მიმი, არა! - გაეცინა ფიფოს. - იმის თქმა, მინდა, რომ ასეთი უჭკუო ნაბიჯით, წინ ვერ წავლენ და ვერც ბიზნესს ააწყობენ! თუმცა ისე, საერთოდაც ვერ გადადგამდნენ ნაბიჯს, მათ კი, ხედავ? როგორ ოპერატიულად მოუსვევს და ისე დაცალეს ბინა, რომ მისი ხელმეორედ გადამოწმებისას, თითის ანაბეჭდებიც კი ვერ აღმოაჩინა გალემ!
- ჰმ, საოცარია. - მიმიმ თავი გააქნია. - და პირველივე ვიზიტის დროს აეღოთ მერე?
- აიღეს მაშინვე. დამშვიდდი შენ.
- მერე ის კაცი, ვინ არის, ვერ გაარკვიეთ?
- გარკვეულია უკვე. 
- მერე? 
- რა მერე? დავიჭიროთ? - ჩაეცინა ფიფოს. - ჯერ, რის საფუძველზე და მეორეც, ოფიციალურ მისამართზე, დიდი ხანია აღარ ცხოვრობს, არც არსად მუშაობს და წლებია, უცხოეთშია წასულიო. მხოლოდ, ამის გარკვევა შევძელით.
- და ვინ არის საერთოდ? რას წარმოადგენს?
- არაერთხელ ნასამართლევი. როგორც წვრილმანზე, ისე მსხვილმანზე. - ფიფო წამით გაჩუმდა და მერე დაუმატა. - მკვლელობის გარდა.
- სახელი? გვარი?
- ფეხსაცმლის ზომაც? - ჩაეცინა ფიფოს.
- და იქნებ, სადმე ნანახი მყავს, იქნებ სულაც...
- რა იქნებ, სულაც?
- მითვალთვალებს ან ჩვენს სახლთან დაბორიალობს, იქნებ! იქნებ! უამრავი რამ შეიძლება იყოს, რა არა?
- შეიძლება. - ფიფომ ამოიხვნეშა. - გაჩვენებ ფოტოებს. მერე გალე გადმოგიგზავნის და მაშინვე წაშალე! თუმცა იცოდე, ძველი ფოტოები იქნება და ახლა შეიძლება, სულ სხვანაირადაც გამოიყურებოდეს.
- ჰო, კარგი, მაშინ სიმაღლეც მინდა ვიცოდე.
- და წონაც? - ისევ გაეცინა ფიფოს.
- წონა არ არის აუცილებელი და თანაც, თუ ძველი ფოტოა, ხომ შეიძლება იმის მერე გახდეს, ან გასუქდეს, მაგრამ სიმაღლეში? გაიზრდებოდა, ვითომ?
- და რა იცი, რომ დაბალია? - ფიფოს გულიანად გაეცინა.
- ისე, ვივარაუდე. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - რატომღაც ვიფიქრე, რომ დაბალი, ცოტა ღიპიანიც, ცოტა გაბურძგნულიც, მსხვილი კოტიტა თითებით...
- არააა, რააა!!! - ფიფო სიცილისგან ბჟირდებოდა. - გალეო უნდა გავაგდებინო და შენ დაგნიშნო, მის ადგილას! 
- რატომღაც, ასეთი წარმოვიდგინე. - მიმისაც ეცინებოდა. 
- და ეს ხელის თითები, საიდან? - ძლივს ითქვამდა სულს, ფიფო.
- მსხვილი მუშტი ექნებოდა, თლილი, წვრილი თითები, ასე მაგრად ვერ დაარტყამდა ქალს და თან, რაღაც გარეგნობით, უფრო მასეთი წარმოვიდგინე. 
- რატომ? ნაზი და ნატიფი რეციდივისტი, ვერ წარმოგიდგენია? - ეცინებოდა ფიფოს.
- მოძალადე, უფრო ფიზიკურად სხვანაირად წარმოვიდგინე და თანაც...
- რა, თანაც?
- აშკარად იმ ქალს უყვარს, ცოტა ჯანიანი ტიპები მხიბლავსო.
- ეტრფის და აღმერთებს! - სიცილით დაუმატა ფიფომ. - და თანაც, ხიბლავს.
- ეს ქალი, ვითომ თავნებაა, დამოუკიდებელის როლს თამაშობს, მაგრამ ფაქტია, რომ არ არის მასე. ცოტა ცანცარაც არის.
- იქნებ, მაგიტომ ხომ არ მიიბეგვა, როცა თავის კუროს მოახსენა, რაც ჩაიდინა? ყავაში, რომ ჩაგიყარა?
- რა ვიცი?
- ძალიან უტვინო ქცევა იყო, მართლა. - ფიფომ ამოიხვნეშა. - როცა საქმე, ასეთ და საკმაოდ ძვირიან პროდუქციასთან გაქვს და ასეთი უტვინო ნაბიჯი? რა ვიცი?
- იქნებ, იმ კაცმა, სულაც არ იცოდა და... 
- და ქალმა, თავის მოკლე ჭკუით იფიქრა, მაგარ მაყუთიან კლიენტს გავჩითავო? ისე, სავარაუდოდ, ხშირადაც უბრაგუნებს.
- მაინც, რა აჩერებს მასეთ კაცთან? - სახე დაბრიცა მიმიმ.
- უამრავი მიზეზი შეიძლება დაასახელო, მაგრამ დასკვნა, მაინც ერთია! ფიფომ ამოიხვნეშა. - ტვინგამოცლილი! ღირსებაგარეცხილი! ყველაფრი ადამიანურისგან ჩამორეცხილი!
- ტვინგარეცხილებს, ბაღში გვეძახდნენ! - ჩაერია დიმეო და საუზმეს მიუჯდა.
- და მერე? ვინ აღმოჩნდა, ტვინგარეცხილები? - გაუღიმა ფიფომ. - ის ვინც, ისევ ბაღში დარჩა! აი, შენ კი უკვე, სკოლაში დადიხარ და ახლა დროზე, თუ არ წავალთ, ისევ საბავშვო ბაღში მოგიწევს დაბრუნება. 
- სხვა პერანგი ჩაიცვი? - მიმიმ საყელო შეუსწორა. - მეგონა, ის უფრო მოგწონდა.
- ესეც უხდება. - თვალი ჩაუკრა ფიფომ. - ის, ლამაზია?
- ვინ! - ცოტა ხმამაღლა მოუვიდა დიმეოს და ხმაც, ცოტა არ იყოს, შეცბუნებული ჰქონდა.
- აი, ვისაც ეპრანჭები. - ფიფომ სერიოზული სახე მიიღო.
- არავის არ ვეპრანჭები! გოგო კი არ ვარ?! - წარბი შეკრა ბიჭმა.
- სუფთად და კოხტად ჩაცმა იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ეპრანჭები. - ჩაერია მიმი. - იცი, მამაშენი, რამდენ ხანი დგას სარკესთან და რამდენ ხანს არჩევს, სუნამოს?
- ბოლოს, მაინც მიმი მირჩევს. - დაუმატა ფიფომ.
- მეც დედიკო მირჩევს, მაგრამ ახლა, ეს პერანგი მინდა! 
- მერე? გეცვას, ვინ დაგიშალა? - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- აბა, რა ამბავი ატეხეთ? - უკან არ იხევდა ბიჭი. 
- ჰო, მართლა მიმი, რა იყო? - ჩუმად ჩაუკრა თვალი ფიფომ, მიმის. - რას ერევი, კაცების საქმეში? ჩვენ გვეკითხები, შენ რომელი კაბა და ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა?
- ამ პერანგში, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. - სერიოზული სახით დაუმატა ბიჭმა.
- უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. - კვერი დაუკრა ფიფომ და ღიმილს ძლივს იკავებდა.
- სწორედ, კომფორტულად გაგვიანდებათ. - გაეცინა მიმის.
გასვლისას, დიმეო შეყოვნდა. დედამ კიდევ ერთხელ შეუსწორა, საყელო.
- დეე? - ბიჭი ყოყმანობდა. - გოგოებს, როგორი ბიჭები მოსწონთ?
- პირველ რიგში, ზრდილობიანი და სუფთა. აბა ჭუჭყიან ფრჩხილებიანი ბიჭი, რა მოსაწონია?
დიმეომ, ჩუმად შეავლო თვალი, თავის თითებს და კმაყოფილი ღიმილით გაეკიდა, უკვე წინ წასულ მამას.
LEX. 2019 წლის 30 დეკემბერი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment