Monday, December 16, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 35)

35.
დიდ ხანს მოუწია ლოდინი. დაბორიალობდა მიმის სამსახურის შორიახლო და ერთი სული ჰქონდა, როდის გამოჩნდებოდა მისი მანქანა. 
მიმის სახლიც, ასევე მისი სამსახურიც და ბევრი სხვა ჩვევებიც, უკვე კარგად ჰქონდა შესწავლილი, ამიტომაც სწორი დრო შეარჩია და იმედი ჰქონდა, შესვენებაზე გამოსულ მიმის, სრულიად „შემთხვევით“ შეეჩეხებოდა. 
ჩვეულებრივ მიმი, ყოველთვის ერთი და იმავე დროს გადიოდა ლანჩზე. ახლა კი, რაღაც იგვიანებდა და ჩანდა, მიმი დღეს ლანჩზე გასვლას არ აპირებდა.
ცოტაც და უკვე იქაურობას დატოვებდა, რომ მიმის მანქანაც, კომპანიის ავტოფარეხიდან გამოგრიალდა.
ქალი ხეს მოეჭიდა, მზერა სადღაც ერთ წერტილზე გაუშეშდა და ვითომდა ვერც არკვევდა, თუ სად იმყოფებოდა. მიმის დასანახად მშვენიერი გათამაშებული სცენა იყო და ისიც წამოეგო, მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან, მთელი ხვეწნითა და მუდარით მოისვა გვერდით და ჭრილობების დასამუშავებლად, სასწრაფოდ ექიმთან გააქცუნა.
ქალი გზაში ქვითინებდა, არ მინდა ექიმიო.
- ექიმს, მერე პოლიციაც მოჰყვება და მერე, ვინ იცის? იქნებ, უფრო უარეს დღეში ჩამაგდოს?! - ბღაოდა ქალი.
- ბავშვის ნათლიაა. - ამშვიდებდა მიმი. - ჩემი თხოვნით, არაფერს იტყვის და არც ზედმეტს გკითხავს.
ქალი ჯერ თავიდან, სასტიკ უარზე იდგა, უფრო მიმის სახლში სტუმრობას უმიზნებდა. ხან საიდან მოუარა და ხან საიდან, მაგრამ ვერაფერს გახდა. მიმი თითქოს, ვერ ხვდებოდა მის მინიშნებებს ან იქნებ, არც ხვდებოდა და რადგან არაფერი გამოუვიდა, ბოლოს იძულებული გახდა, ექიმთან ვიზიტს დასჯერებოდა.
- ხომ იცი, კონფედენციალურია! - კიდევ ერთხელ გააფრთხილა მიმიმ ქირურგი. 
- კი, ბატონო. - თავი დაუქნია ქირურგმა და ჭრილობების დამუშავებას შეუდგა. 
ქალს წარბი და ტუჩის ერთი კიდე, გახეთქილი ჰქონდა. ცხვირიც კარგად შესიებოდა. 
- ნეტა, მალე მომირჩება? - აზლუქუნდა ისევ, ძლივს დამშვიდებული პაციენტი.
- ჯერ, კარგად უნდა მოშუშდეს და მერე, ნაკერები უნდა აგხსნა. 
- ვაიმე, კიდევ რამდენი დღე უნდა ვიყო აქ?
- აქ გაჩერება, სულაც არ არის საჭირო. - დაამშვიდა ქირურგმა. - სახლშიც მშვენივრად მოშუშდები.
- სახლში? - ქალს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
- ჰო, სახლში! შენ არ თქვი, კიბიდან დავგორდიო? - ჩაეკითხა ქირურგი, თუმცა ისედაც ნათელი იყო, რაც გადახდა თავს მის იდუმალ პაციენტს.
- ჰო. - მხრები აიჩეჩა ქალმა. - სახლში დავეცი... - მუდარით სავსე თვალი, მიმის შეავლო.
მიმის ახლაც ენიშნა, ქალის შეპარული თხოვნა, მაგრამ...
„არავითარ შემთხვევაში!“
გაივლო გულში.
„ჩემს სახლში, არ მივიყვან. ფიფო გაგიჟდება. ანდა, რა შუაშია ფიფოს გაგიჟდება? სულელი კი არ ვარ, ეჭვმიტანილი სახლში მივიყვანო! მადლობა თქვას, რომ აქ, უსაფრთხოდ და უპრობლემოდ უმკურნალეს.“
მოულოდნელად, მობილურის ხმამ გაიწკრიალა. ზარი ქალის ჩანთიდან მოდიოდა. მიმის, ჩანთისკენ გაწვდილი ხელი, ქალის წივილზე გაუშეშდა.
- ხელი არ ახლო! - შეჰკივლა ქალმა.
- მხოლოდ ჩანთის მოწოდება მინდოდა. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. 
- იყოს, არ ვუპასუხებ! - ახლა უფრო მშვიდად მიუგო ქალმა.
- მერე, ნუ უპასუხებ და ისე გაუთიშე. - გაეღიმა მიმის. - მიხვდება, რომ არ გცალია და შეგეშვება.
- მიხვდება, არააა, ჰაჰ! - ჩაეცინა ქალს.
ტელეფონი კი, კვლავ რეკავდა. რამდენიმე ზარის შემდეგ, წყდებოდა და ისევ რეკავდა. ქალი ჯიუტად არ პასუხობდა და თვალებიც, რაღაცნაირი ბოღმით უელავდა.
- შეიძლება უამრავი დაზიანებები მიიღო სახლში. - დაიწყო ქირურგმა. - კიბიდანაც ჩამოვარდე და ფანჯრიდანაც გადმოფრინდე, მაგრამ ძირს დაცემამდე, ყოველთვის ვინმეს მუშტზე კი არ ეცემი. - ქირურგმა, სათვალე შეისწორა და ქალს სახეში ჩააკვირდა.
ქალმა თავი ჩაღუნა.
ისევ გაისმა ზარი ქალის ტელეფონში.
- არ მინდა, რომ ვუპასუხო. - ჩაიბურტყუნა ქალმა.
- მერე, ნუ უპასუხებ! - გაეღიმა ქირურგს. - შენი ნება არ არის? ტელეფონიც შენია და ნომერიც! გინდა უპასუხებ და გინდა, არა! - ქირურგმა ბოლო პლასტირიც დააკრა და წამოდგა. - მორჩაა, ახლა თავისუფალი ხარ, შეგიძლია წახვიდე სახლში.
- არ მინდა იქ მისვლა! - ამოიკვნესა ქალმა და მიმის გახედა.
- კი, მაგრამ სახლი, ხომ შენია? - შეეკითხა მიმი. მშვენივრად კარგად ახსოვდა, სოფელში როგორ იკვეხნიდა, ახალი ბინის „დათრევას“ ქალაქში. 
- ნუ, ნახევრად. - წაიკნავლა ქალმა.
- ნახევრად, როგორ? - ჩაერია ქირურგი. - ნაქირავები გაქვს, თუ?..
- ერთად ვიქირავეთ, ნახევარს მე ვიხდი.
- შენი პარტნიორი, ასეთი „გულუხვია“, რომ საყვარელ ქალს, ბინის ქირის წილში სვამს? - ქირურგმა ამოიხვნეშა. - ახალგაზრდა, ლამაზი, ასეთი სიმპათიური გოგონა! და რატომ ცხოვრობ ისეთ კაცთან, ვინც პატივს არ გცემს?
- პატივს, როგორ არ მცემს? კარგად მაცხოვრებს, არაფერი მაკლია. - ქალი საყვარლის დაცვას შეეცადა. 
- მარტო ჭინჭების ყიდვა, სულაც არ ნიშნავს კარგ ცხოვრებას. - არ ეშვებოდა ქირურგი.
- და რატომ, ჭინჭების? - უკან არ იხევდა ქალი.
მიმის გაეღიმა, თუმცა ჩარევაც ვერ მოასწრო, ისევ ქირურგმა გააგრძელა.
- არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ფულია გადახდილი, შენს ქურქსა, თუ ჩექმაში. შენი ღირსება, შენი ქალობა და ადამიანობა, ბევრად უფრო ძვირი ღირს!
- ჰო, მაგრამ როცა, სიყვარულია? - ამოიკვნესა ქალმა.
- სიყვარული? სიყვარული, რა არის? თუ იცი საერთოდ, რას ნიშნავს, სიყვარული? - არ ცხრებოდა ქირურგი. -  სიყვარულია სითბო, უანგაროდ ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთგაგება.
- მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს! - წამოიძახა ქალმა.
- კი, რა თქმა უნდა! - ჩაეღიმა ქირურგს. - გაგება სახეზეც გეტყობა! და ნუ გწყინს, გოგონი.
ქალი მოიბუზა.
- ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ გლანძღავ ან... - ქირურგი წამით შეყოვნდა. - შენ არ ხარ პირველი და არც უკანასკნელი, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. სამწუხაროდ, ქალების უმეტესობა, რატომღაც სიყვარულს იმიზეზებს და რატომ? რა გაჩერებს მასეთ კაცთან? რა გიჭერს?
- როცა წასასვლელი არსად გაქვს... - ამოიკვნესა ქალმა.
- როგორ თუ არსად არ გაქვს? - კვლავ შეუტია ქირურგმა. - იმ სახლში დაიბადე? თუ ყვავილი ხარ და იქ ამოხვედი? არც მშობლების სახლი გაქვს და არც ნათესავი გყავს? 
- ეჰ, ვის უნდა დღეს, ზედმეტი ბარგი! - ამოიხვნეშა ქალმა.
- ეგეც, მართალია, ზედმეტი პურის მჭამელი არავის უნდა. - ქირურგი წამით შეყოვნდა. - იცი, ჩვენთან სანიტრებად, როგორც ახალგაზრდა გოგონები ასევე ბიჭებიც მუშაობენ. შრომა სათაკილო სულაც არ არის, დროებით დაუბრუნდი შენს მშობლიურ კერას, ნახე სამუშაო, მერე იქირავე ცალკე შენთვის ბინა, იყავი და იცხოვრე, ნორმალური შეყვარებული გაიცანი და არა ისეთი, ვისი სიმხეცეც, დღეს სახეზე გატყვია!
- არც კი ვიცი, სად წავიდე. - ქალმა მიმის ქვეშიდან ამოხედა.
- შეგიძლია, სოფელში ნათესავებთან, იქაური მეგობრებიც სიამოვნებით მიგიღებენ, მერე კი რამეს ნახავ. - მიმი კვლავ არ იმჩნევდა, ქალის მინიშნებებს.
- რა ვიცი... - მოიბუზა ქალი.
- რატომ რა იცი? - არ იხევდა უკან მიმი. - ის ბიჭი, რომ მოკვდა, შენ ხომ, მისი ნათესავი ხარ?
- ნათესავი? - გაიკვირვა ქალმა.
- ჰო, აბა? თუ, ვცდები? - მიმი ჩაფიქრდა. - შეიძლება ვინმეში შემეშალე.
- ვინ, ვინმეში?
- რატომღაც, ასე მომეჩვენა, გასვენებაზე ხომ, ჭირისუფლებში იჯექი და ვიფიქრე... 
- აა, ხოო. - ქალს, სახე წამოენთო.
„ეს მიმი, რა ეშმაკი და გაიძვერა ყოფილა. სად დამთირა და როგორ დამიმახსოვრა?“
გაივლო გულში, მაგრამ თავი მაშინვე ხელში აიყვანა და მშვიდი ხმით განაგრძო:
- შემთხვევით აღმოვჩნდი. - გაუღიმა მიმის. - ახალმა ფეხსაცმელმა, საშინლად მომიჭირა. უბრალოდ, თავისუფალ ადგილას ჩამოვჯექი და ვეღარც ავდექი, მერე რა ვიცი, ბევრმა მომისამძიმრა. აღარც დამიწყია, რომ წესიერად არც კი ვიცნობდი და შენ, როგორ გახსოვს? - ჩაეცინა ბოლოს.
- ჯერ, მისი მეუღლე მეგონე, შვილები მოვიკითხე, თუ დარჩა მეთქი. გავიგე, ცოლი არც ყოლიაო, მერე ჩავთვალე რომ და იყავი, ან ძაან ახლობელი. მერე კი, აღარც მიკითხავს და არც გამხსენებია. - მიმიმ ყურებამდე გაუღიმა.
არა! ამ ქალს, ნამდვილად არ შეუშვებდა მის სახლში. ზღურბლზე, ფეხსაც კი არ გადმოადგმევინებდა.
ძალიან გაუგრძელდათ ექიმთან ვიზიტი. ქალი თავს მშვენივრად გრძნობდა, სულაც არ აპირებდა მათთან განშორებას. 
- ვაიმე, რომელი საათია. - შეიცხადა მიმიმ. - სამსახურში უნდა მივბრუნდე, თორემ...
მიმი, საკმაოდ ოსტატურად ცდილობდა, თავის დაძვრენას და ამისთვის, სამსახური მოიმიზეზა.
- კარგი წავიდეთ, მეც გამოვალ. - ქალი ზლაზვნით წამოდგა.
- დღეს ნამდვილად, აღარ მცალია. - მიმი თადარიგის დაჭერას შეეცადა. - გაგიყვან იქამდე, სადაც გინდა და გავვარდები სამსახურში. დღეს უამრავი საქმე მაქვს. ბავშვი მყავს ჯერ სკოლიდან გამოსაყვანი, მერე მუსიკაზე მიმყავს და მოგვიანებით, ცურვაზე.
მიმიმ ისიც კი იაზრა. ეს ქალი, სამსახურში არ წამომყვესო და მერე, ჩემთან სტუმრობაც არ მოისურვოსო, ამიტომ ყოველნაირად შეეცადა, რომ დროულად ჩამოეშორებინა თავიდან.
„მეტი, რაღა უნდა? დავეხმარე, სულ უფასოდ უმკურნალეს და ახლა მიხედოს თვითონ თავის თავს.“
ფიქრობდა მიმი.
- ვიფიქრე, სადმე ყავა მაინც დაგველია. - ქალი ისევ შეეცადა, მიმის გვერდით, კიდევ უფრო მეტი დრო გაეტარებინა.
- არა, სხვა დროს იყოს. რაღაც ამ ბოლო დროს, თითქოს ყავასაც ვეღარ ვიტან. - მცირე ტყუილი შეაპარა მიმიმ.
- ჰო, იმ დღესაც, როგორ ცუდად გახდი, გულიც გერეოდა. - ახლა ქალი ცრუობდა, მშვენივრადაც ახსოვდა რომ მიმის, გული სულაც არ არევია, მხოლოდ სუნთქვა ეკვროდა და ხველებისგან იგუდებოდა.
- მიმი! - მხიარულად შესძახა ქირურგმა. - ორსულად ხომ არ ხარ?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. მშვენიერი იდეა იყო და აყოლა გადაწყვიტა. - ისე, მართლა ამ ბოლო დროს, სიგარეტის კვამლიც კი, რაღაცნაირად მაღიზიანებ და არც კი დავკვირვებივარ.
- ჰოდა, ჩავიდეთ ქვემოთ, ბარემ აქ ხარ და ყველანაირი ანალიზები ჩავიტაროთ.
- არა, რაა! - შეწუხებული ხმით მიუგო მიმიმ. - სწორედ, დღის მეორე ნახევარში, ისეთი საშინელი და რთული განრიგი მაქვს, რომ ვერანაირად ვერ შევძლებ. მოდი, ხვალ იყოს!
- თუ გინდა, უფრო გვიან იყოს! ვნახავ ამაღამ, მორიგე ვინ არის და ბარემ, გეცოდინება. 
- გვიან? - მიმი ჩაფიქრდა. - უფრო, გვიან?
- ჰო. - თავი დაუქნია ქირურგმა. - ბარემ, ფიფოც წამოიყვანე და მივულოცავ კიდევაც.
- ჯერ წინასწარ, ნუ ვიზეიმებთ. - გაეცინა მიმის. - კარგი, დაგირეკავ და შევთანხმდებით, მხოლოდ დღეს, ვერა.
- ეს ექიმი, უცოლოა? - იკითხა ქალმა გამოსვლისას.
- დიახ, უცოლოა. - ჩაეცინა მიმის.
- და, მარტო ცხოვრობს?
- არა. მარტო ნამდვილად არ ცხოვრობს.
- მდაა. - ჩაილაპარაკა ქალმა. - სამწუხაროა.
- რატომ არის, სამწუხარო? - ვითომ გაიკვირვა მიმიმ, მიხვდა ქალი რასაც უმიზნებდა. - ცოლიანი ხომ არ არის?
- არა, მაგრამ თუ ბინა არა აქვს, მასეთი რად მინდა?
- ბინა, როგორ არა აქვს? აბა ნაქირავებში კი არ ცხოვრობს.
- ეგ, რა ბინის ქონაა, თუ ერთი ვაგონი ნათესავებიც იქ არიან.
- ჰო, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ ქირურგს სახლში, მარტო მოხუცი ბებია ჰყავდა და არც თუ ისე ვიწროდ ცხოვრობდნენ, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- მითხარი აბა, სად ჩამოგსვა, თორემ ჩემს სამსახურში მასეთი სახით, ვერც მიგიყვან და იქაც არც არის ისეთი სიტუაცია, რომ ვინმე მახლდეს. - მიმი კვლავ, თავის დაძვრენას შეეცადა.
- რა ვიცი, სადმე გაჩერებასთან ახლოს. - უკმაყოფილოდ მიუგო ქალმა.
- მიგიყვან, ბარემ.
- იყოს, ჯერ არც მომიფიქრებია, ვისთან წავალ.
- გინდა, ტაქსის ფულს მოგცემ?
- არა, იყოს.
- არა, მართლა! თუ გინდა, სოფელში ჩადი, ჩვენს გოგოებთან, ტაქსით გაგიშვებ.
- არ მინდა. ჯერ შევივლი სახლში, ვნახოთ ერთი, რა სიტუაცია დამხვდება. - ქალმა წამით იყუჩა. - შენ ნუ გეშინია, მეტს ხელს ვეღარ მახლებს, ვიცნობ კარგად! რამდენადაც თავხედია, იმდენად მშიშარაც არის. 
- და რას ეტყვი? ტელეფონს რატომ არ ვიღებდიო?
- ხომ მეტყობა, ექიმთან რომ ვიყავი? 
- კი, როგორ არა. - თავი დაუქნია მიმიმ.
- ცუდად გავხდი და სასწრაფომ წამიყვანა, მერე პოლიციაც მოვიდა, ასე ვეტყვი და ჰაჰ! ისე დაშინდებააა... 
- კარგი, მაშინ სახლამდე მიგიყვანო?
- ჰო! ბარემ, ეს სიკეთეც მიყავი. - გაუღიმა ქალმა.
- მხოლოდ, ვერ შემოვალ, რაა.
- არც მინდა, რომ გნახოს! - ქალმა ენაზე იკბინა, თუმცა დროულად გამოასწორა. - უფრო სწორად, არ მინდა, რომ ვინმე მახლდეს.
- კარგი, კარგი. - გაუღიმა მიმიმ. - მართლა არ მაქვს ახლა სტუმრობის დრო. 
მიმიმ ქალი ჩამოსვა. სანამ მანქანას აბრუნებდა, იქაურობაც კარგად შეათვალიერა, ისიც მშვენივრად დაინახა, თუ რომელ კარში გაუჩინარდა. 
მიმიმ სამსახურისკენ აიღო გეზი, მაგრამ გზაში, ქირურგის მესიჯი მიიღო და უკანვე, კლინიკაში გაბრუნდა. 
მშვენივრად იცოდა, რატომაც იბარებდა. წინა დღეებში, მიმის მიტანილი, ყავაში დასველებული, ცხვირსახოცის ანალიზის პასუხები, უკვე მზად ჰქონდა, მაგრამ რადგან მიმის თხოვნით, საკმაოდ დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა, ამიტომაც ცალკე დაიბარა.
- ცოტა კი გაწვალდი, ამდენი წადი-წამოდით, მაგრამ... - გაუღიმა ქირურგმა. - იმ გოგოს თანდასწრებით, მაინც ვერ გეტყოდი, თან აშკარად, ყოველ შენს მოძრაობას თვალს ადევნებდა. 
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ.
- ჰო, მართლა და თანაც, არც მისი თვალის გუგები მომეწონა და ცხვირის ნესტოებიც საკმაოდ გამომწვარიც ჰქონდა.
- რაა? 
- სად იშოვე, ასეთი მეგობარი? - ჩაეღიმა ქირურგს.
- ჩემი დაქალი, ნამდვილად არ არის. უბრალოდ, შემეცოდა და დავეხმარე და, რა იყო?
- არაფერი ისეთი, თუმცა რაღა ისეთი... - ქირურგმა ამოიხვნეშა.
მიმი ზუსტად ვერც ხვდებოდა, ქირურგს საითკენ მიჰყავდა საუბარი, თუმცა დიდად არც აინტერესებდა, ამიტომაც რისთვისაც იყო მოსული, ის მოსთხოვა:
- და რაო, ანალიზის პასუხებმა, რა დაადგინა? რამე იყო გარეული, ჩემს ყავაში?
- შენს ყავაში? - ჩაეკითხა ქირურგი. - აბა, რატომ მომატყუე, სხვისიაო?
- კარგი, ბოდიში, მაგრამ არ მინდოდა გენერვიულა, და არც მინდა, რომ ფიფომ გაიგოს, ამიტომაც შენთან გამოვიქეცი, შენ კი მტუქსავ აქ. - გაუღიმა მიმიმ. - და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ფინჯანი იყო.
- აი, სწორედაც შესაძლებელია, რომ მაგას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს და არა თვითონ იმას, თუ რა ნივთიერება იყო ყავაში შერეული.
- შეიძლება ვნახო პასუხები? - მიმი უკვე, ვეღარ ითმენდა.
- კი, ახლავე მოვა და ნახავ.
მიმი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, ერთხანს ფანჯარას მიადგა, მერე მობილურს უკირკიტა. ისიც კი გაივლო გულში, ჯერ მოგეტანა ის ჯანდაბა ანალიზები და მერე დაგებარებინეო, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ჯერ კიდევ, მოთმინებით იტანდა ლოდინს. 
- და ამდენი საათი სჭირდება, აქ ამოტანას? - ბოლოს, მიმის მოთმინებას ზღვარმა, პიკს მიაღწია.
- რას? - ირონიული ხმით გაიკვირვა ქირურგმა. - ანალიზების პასუხებს?
- დიახ!
- პასუხები აქ, მაქვს უჯრაში.
- და აბა, ვის და რას ველოდები?! - მიმი სიმწრისგან წამოწითლდა. 
და სანამ ქირურგი, პასუხს აღირსებდა, მიმის კარს მიღმა, რაღაც ძალიან ნაცნობი ფეხის ხმა მოესმა, რომელსაც თან, ხელჯოხის ხმაც ენაცვლებოდა, გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ ფიფო უკვე, ზღურბლზე იდგა და არანაკლებ გაკვირვებული სახით შეჰყურებდა, მიმის გაფართოებულ თვალებს.
LEX. 2019 წლის 16 დეკემბერი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment