Monday, September 9, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 22)

22.
სად იყო მთელი დღე მიმი, როცა მის პირმშოსა და ერთადერთ, ნაფერებ შვილს, დაბადების დღე ჰქონდა. ეს კითხვა აწუხებდა ფიფოს და ერთი სული ჰქონდა, სანამ სახლში მივიდოდა.
ძლივს წამოიყვანა დიმეო იმ სახლიდან, ათასნაირი დაპირებების მიუხედავად, ბავშვი როგორც იქნა, დაითანხმა სახლში წასულიყვნენ. 
კართან შეჩერდნენ, სანამ ფიფო გასაღებს მოარგებდა, ბიჭისკენ გადაიხარა და რაც შეიძლება, დაბალი ხმით უთხრა:
- მამი, ჩვენ კაცები ვართ და ერთმანეთს გვერდში უნდა ამოვუდგეთ. - ფიფომ წამით შეისვენა, ზუსტი სიტყვების კარგად შერჩევა იყო საჭირო, რომ ბავშვი როგორმე დაეყოლიებინა. - ამიტომ დღევანდელი დღე, ცოტა ხნით, საიდუმლოდ უნდა დარჩეს. სულ ცოტა ხნით, კარგი?
ბავშვმა მხრები აიჩეჩა. მაინც ვერ მიხვდა რატომ უნდა დაემალათ დედასთვის, როცა ასეთი მშვენიერი დრო გაატარეს. 
„ნუთუ დედას ეწყინება, მე რომ მხიარულად ვიყავი?“
მამას აღარაფერი უთხრა, მაგრამ ეტყობოდა, რომ აშკარად ყურები ჩამოყარა.
- არა, დედას კი არ ეწყინება. - თითქოს მის გულში იჯდაო ფიფო. - გაუხარდება, ძალიან გაუხარდება, მხოლოდ დარწმუნებული ვარ, რომ იმ პიანინოს პოვნის ამბავი, ცოტა ეწყინება, სულ ცოტათი, რადგან თვითონ ვერ იპოვნა და ამ შემთხვევაში, მე გავიმარჯვე, თუმცა შენთან ერთად. უბრალოდ სანაძლეო მოვიგე მამ, და შემარგე ხომ? ეს რამდენიმე დღე, ნურაფერს იტყვი, შევთანხმდით?
- კარგი. - ბიჭს როგორც იქნა, გულზე მოეშვა. დაუთმობს მამას გამარჯვებას, აბა რაა, როცა ასეთი საუცხოო დღე აჩუქა, და...
სახლში ჩუმად შეიპარნენ. ჩამიჩუმი არ ისმოდა. იქნებ, მიმი მართლაც არ იყო ჯერ მოსული. შემოსასვლელში, მისი ოთახის ჩუსტები, თავის ადგილას დახვდა და მხოლოდ ეზოში გაჩერებულ მანქანაზე იფიქრა, რომ სახლში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც მიმი, თავისი საძინებლიდან არ გამოდიოდა.
„ნუთუ, ასე ადრე დაიძინა? ან იქნებ, მანქანა დატოვა და ისე წავიდა?
იქნებ, გადაღლილია? შეიძლება, ჩაეძინა და ვერც კი გაიგო, როგორ დაღამდა.“
ფიფომ ბავშვი დააწვინა. ამდენი ემოციებისგან გადაღლილს, მალევე ჩაეძინა. სახლში კვლავ სიჩუმე სუფევდა. ფიფო ქვედა სართულზე ჩავიდა. ახლა ის დრო იყო, ჩამჯდარიყო სავარძელში, ვისკის ბოთლისთვის თავი მოეხადა და ფიქრებში ჩაძირულიყო, თუ როგორ უნდა შეეპარებინა მიმისთვის, იმ ნაცნობი პიანინოს შემოტანა სახლში.
ის იყო, ფიფოს თავისი კაბინეტის კარი უნდა შეეღო, რომ შეამჩნია მიმის კაბინეტის, ოდნავ შეღებული კარიდან, შუქი გამოდიოდა.
„ნუთუ ჩვენი მოსვლა ვერ გაიგო? ჩუმად კი შემოვიპარეთ, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა ყოფილიყო. ბავშვი დილის მერე, არც უნახავს და რატომღაც, არც მოუკითხავს.
მიმი ყოველთვის საკმაოდ ყურადღებიანი დედა იყო და ახლა რა დაემართა? თანაც, ბავშვის დაბადების დღეზე.“ 
და ფიფოს უცებ, მის მიერ წამოყენებული პირობა გაახსენდა. მიმის, სწორედ დიმეოს დაბადების დღეზე უნდა ეთქვა, ფიფოსთვის შეპირებული პასუხი.
„და ამის გულისთვის მარიდებს თავს? ამიტომ მემალება, რომ არაფრის შეცვლა არ სურს, არც ჩემი გაშვება უნდა და არც ჩემი ნამდვილი ცოლობა. ნუთუ, ასეთი რთულია ჩემთან... ჩემთან მოკარება. ასეთი მონსტრი ვარ?“
ფიფომ მობილურის ეკრანზე თავი შეათვალიერა, მერე უფრო შორს გასწია ეკრანი და მხრები აიჩეჩა.
„ამის გულისთვის თუ იქცევა ასე, ესეც კაი ჩურჩუტი ყოფილა მაშინ, არადა სხვა გოგოებზე, ბევრად ჭკვიანი მეგონა.“
ჩაეღიმა ფიფოს და მიმის კაბინეტის კარი შეაღო. მიმი არც იქ არ დახვდა, მხოლოდ მაგიდის სანათი დარჩენოდა ჩართული.
„და მთელი საღამო აქ გაატარა? ბავშვის დაბადების დღეზეც არ იკადრა მოსვლა! თუმცა, სად უნდა მოსულიყო? უჰ, კიდევ კარგი, არ წავიდა ბაღში.“
ფიფო სანათის ჩასაქრობად გაიწია, მაგრამ მერე გადაიფიქრა და მიმის სავარძელში მოკალათდა. 
„ჰმ, მართლაც საინტერესოა, ასეთი რა საქმე უნდა ჰქონოდა მიმის? ასე რით იყო დაკავებული მთელი დღე, რომ საღამოსაც კი წუთიც ვერ გამოძებნა, შვილისთვის დაბადების დღე მიელოცა.“ 
ოთახს თვალი მოავლო. კედელზე ნახატი, ოდნავ დამრეცად დაკიდული მოეჩვენა. არც იმდენად მოსწონდა ეს სურათი. ცოტა უკვირდა კიდეც, მიმის როგორი კარგი გემოვნება ჰქონდა და ეს უნიჭოდ შესრულებული, ცოტა უღიმღამო პეიზაჟი, რომელიც საერთოდ არ უხდებოდა მიმის კაბინეტს, რატომ დაკიდა მიმიმ და თანაც, რაღაც ასეთ შეუფერებელ ადგილას.
„თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს.“
გაიფიქრა ფიფომ. მერე მაგიდას მოავლო თვალი, თითქოს უცნაურად არც მოეჩვენა, ორი ლეპტოპის არსებობა. ერთი, მიმის ჩვეული, უკვე ნაცნობი, საწერ მაგიდაზე იდო ისე, რომ მარტო სარქველის ახდა იყო საჭირო, ეს მეორე, რაღაც უცხო, ცოტა მოძველებული კი, მაგიდის ერთ კუთხეში. 
„ალბათ, სამსახურის არის, ადრე ასეთი არ შემინიშნავს“.
მიმის ლეპტოპი, დიმეოს და ოჯახის საერთო ფოტოებითა და სამსახურის ფაილებით გამოტენილი იყო. არაფერი განსაკუთრებული. ფიფოს გულზე მოეფინა, მისი სურათებიც ბლომად იყო და მშვენივრადაც გამოიყურებოდა იმ ფოტოებზე.
მერე რატომღაც, იმ უცხო, ლურჯ ლეპტოპზე შეაჩერა მზერა. ალბათ, მართლაც ძველი იყო. როგორც ახსოვს, მხატვარსაც რაღაც ასეთივე აჩუქეს, რადგან თავისი, ისედაც მოძველებული ლეპტოპი, წყობიდან იყო უკვე გამოსული და ხშირად, სადგამადაც იყენებდა.
„ჰაჰ! და ეგ როდის იყო... რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ.“
ფიფომ არ იცოდა, რომ მხატვრის ის ახალი ლეპტოპი, თავის დროზე პიპამ აჩუქა, ეს იმ დროს იყო, როცა თვითონ იჯდა ციხის საკანში და თავის უტვინობის გამო, ბოღმას ბოღმაზე ანთხევდა. მის იქიდან დახსნას კი, ისევ მისივე მტერი ცდილობდა.
სწორედ ზუსტად ისეთივე ლეპტოპი ედო მიმის მაგიდის კუთხეში, რომელიც ადრე არასდროს შეუნიშნავს სახლში. 
„და იქნებ, ის არის? მაგრამ რატომ? რა უნდა ჩემს სახლში და თან, ამდენი წლის მერე, ახლა გამოჩნდა?“
მერე თავის თავზე ჩაეღიმა. ათასი სულელური აზრი ერთმანეთში ერეოდა და ეს ყველაფერი კი, მიმის უცნაური საქციელის გამო იყო.
ფიფომ ვეღარ მოითმინა და ლეპტოპს დასწვდა, მაგრამ ვერაფრით შესძლო ჩართვა. რანაირი პაროლი არ ატრიალა, მაინც ვერაფერი მოარგო. 
საინტერესო იყო, რას მალავდა მიმი? რა ჰქონდა ისეთი, რომ არავის უნდა გაეგო. 
ფიფომ, ყელის სიმშრალე იგრძნო. ახლა რამე მაგარს დალევდა კაციო, გაიფიქრა, მაგრამ მიმის „მურაბის წვენი“, როგორც თვითონ უწოდებდა ლიქიორს, ნამდვილად არ უნდოდა.
ჩაეღიმა და ღიმილიც სახეზე შეეყინა.
თავმოხდილი, მუცელგაბერილი, გრძელყელიანი ლიქიორის ბოთლი, სულ სხვაგან იდგა და არა თავის ჩვეულ ადგილას, ვერცხლის სინზე, თავისივე სტილის პატარა ბროლის ჭიქებთან ერთად.
ფიფო უკვე სერიოზულად იბოღმებოდა და თავის კაბინეტში გადასვლა გადაწყვიტა, იქ სიგარეტსაც თავისუფლად გააბოლებდა და წესიერ სასმელსაც დალევდა. გასვლისას მობრუნდა და ის დამრეცად დაკიდული ნახატი შეასწორა, მერე ზურგი შეაქცია და კარისკენ წავიდა. თუმცა მაშინვე შედგა, ისევ რაღაცნაირი მზერა მიაპყრო ნახატს. თავადაც არ იცოდა, რატომ ამოიჩემა, ან ასე ძლიერ, რატომ არ მოსწონდა და მოულოდნელად, მისდა გასაოცრად, ნახატის ჩამოხსნისთანავე, კედელში ჩასმული სეიფიც შენიშნა. 
ფიფოს ჩაეღიმა.
არა, უჩვეულო აქაც თითქოს არაფერი იყო. სეიფი თავადაც ჰქონდა კაბინეტში და იქ, ბავშვის უსაფრთხოების დასაცავად, თავის კუთვნილ იარაღს ინახავდა და პაროლიც პრიმიტიული იყო, მიმიმაც იცოდა. 
მაგრამ მიმის სეიფი, უფრო საინტერესოდ და დამაინტრიგებლად მოჩანდა. ფიფო უფრო ახლოს მივიდა და მის ფეხქვეშ, რაღაცამ გაიტკაცუნა. პატარა ბროლის ნატეხი, ფიფოს ფეხქვეშ დაიფშვნა. სეიფზეც რაღაც წებოვანი იყო მისხმული. ფიფომ ოდნავ თითი მოუსვა და გემო გაუსინჯა, მერე საწერ მაგიდას გახედა და ყველაფერს მიხვდა.
„ჰმ! მიმიმ ლიქიორიანი ჭიქა, პირდაპირ, საწერი მაგიდიდან, სეიფს შეაფშვნა. ნატეხები, როგორც ჩანს აუკრეფავს, მაგრამ ერთი გამორჩა.“
რაში იყო ნეტავ საქმე? ფიფომ ვეღარ მოითმინა და სეიფის გახსნას შეუდგა, აქაც იგივე განმეორდა, როგორც იმ უცხო ლეპტოპზე. ვერანაირი თარიღი, თუ სიტყვა ვერ მოარგო საიდუმლო საკეტს. 
„გადამრევს ეს გოგო! რას მალავს ასეთს? ხომ არ ავიწყდება, ვინ ვარ? ძაღლის გეში მაქვს, ასე ადვილად ვერაფერს გამომაპარებს!“ 
ფიფომ, ახლა უფრო მეტად ბრაზმორეულმა დატოვა მიმის ოთახი და თავისთან გადაინაცვლა.

***
მიმი კოვზს, იმდენ ხანს ატრიალებდა, რომ ლამის ფინჯანს ძირი გააცალა. სახეზე ფერი არ ედო, ტუჩებიც გამომშრალი და გაცრეცილი ჰქონდა.
ფიფო ახლა უფრო დაიბოღმა.
„ნუთუ, პასუხის გაცემამ, ასე დაანაღვლიანა?“
- ბავშვს შენ წაიყვან? - ფიფომ საუბრის წამოწყება სცადა.
მიმიმ უხმოდ გააქნია თავი, მერე ფანჯარას გახედა და დაბალი ხმით წაიკნავლა:
- დღეს არ მივდივარ სამსახურში. 
- არც მე! - ჩაურთო ფიფომ და სანამ იტყოდა, ბავშვს მძღოლი წაიყვანსო, დიმეომ დაასწრო:
- არც მე!
- შენ წახვალ! - ცოტა მკაცრი ხმით მიმართა ფიფომ, თან მიმის უჩუმრად, ბავშვს თვალი ჩაუკრა.
ბავშვიც მიხვდა, დედას და მამას მარტოდ დარჩენა სურდათ. მართალია იძულებით, მაგრამ მაინც დაეთანხმა. მობუზული ჩაჯდა მანქანაში. 
- მამი, ოღონდ ახლა ბაღში წადი, ბარემ დაამთავრე, რაღა დაგრჩა და ყველაფერს შეგისრულებ, ვალში ვიქნები, ნებისმიერი სურვილი აგისრულო.
- მართლა სულ, სულ ყველაფერს? - დიმეომ თვალები დაჭყიტა.
- რასაც მოისურვებ! - ფიფომ ღიმილით მიუხურა კარი და სახლში აბრუნდა.
მიმი საწოლზე მიწოლილიყო და პირველივე, რაც მის ოთახში შესვლისთანავე, ფიფოს თვალში მოხვდა, საწოლთან მდგარ ტუმბოზე, საფერფლე და სიგარეტი იყო, თუმცა თამბაქოს კვამლის სუნის ნასახიც კი არ იდგა ოთახში.
- მიმი! - დაიწყო ფიფომ.
- სანთებელა გაქვს? - მშრალი ხმით შეაწყვეტინა მიმიმ.
ფიფოს ჩაეღიმა. 
„აი, თურმე, რატომ არ იდგა სიგარეტის სუნი. ჰმ. წამოდგომაც კი დაეზარა.“
- საწოლ ოთახებში, არ ვეწევით! ხომ არ დაგავიწყდა? - შენიშნა ფიფომ.
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- თან, არც კი გისაუზმია. - განგრძო ფიფომ. - უზმოზზე მოწევა ხომ იცი, არ შეიძლება. სხვათა შორის, ეს შენ მასწავლე და ასეც მიმაჩვიე.
- წესები იმისთვის არსებობს, რომ უნდა დაარღვიო. - მიმი გაჩუმდა და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - ხანდახან მაინც.
- ჩამოდი ქვემოთ, ყავას ვამზადებ და იქ მოვწიოთ, ბავშვი ბაღშია. - ფიფო მიმის პასუხს აღარ დაელოდა, ისე გავიდა და კარიც ღია დატოვა.
მიმი ქვემოთ ჩალასლასდა. არც ახლა დაუკარებია პირი ყავისთვის და მანამდეც ხელუხლებელი დატოვა, მხოლოდ ზედიზედ რამდენიმე ღერი მოსწია. ფიფო თვალს არ აშორებდა. ცდილობდა მიმის სახეზე ამოეკითხა პასუხი. ბოლოს კი ვეღარ მოითმინა.
- მიმი!
მიმიმ, ხელით ანიშნა, გაჩუმდიო და ფიფოც დადუმდა. ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს დუმილი, რომ უეცრად ფიფოს მობილური არ აწკრიალებულიყო. ეკრანზე უცხო ნომერი გამოჩნდა. ფიფომ უპასუხა. მიმიმ აშკარად ყურები ცქვიტა, რაც ფიფოს არ გამოჰპარვია, ამიტომ მიმის ინტერესის გასამძაფრებლად, ოთახიდან გავიდა და ისე განაგრძო საუბარი, თუმცა ხმამაღლა და ისევ მიმის გასაგონად.
დიმეო იყო. იმ კეთილ, ბაღის დამლაგებელს სთხოვა მამასთან დარეკვა. ფიფოს ხმამაღლა ეცინებოდა და ისეთნაირად პასუხობდა, რომ მიმისთვის მაინც გაუგებარი რჩებოდა, თუ ვის ელაპარაკებოდა. 
დიმეომ ახლა, საბავშვო ბაღში სთხოვა ტორტის მიტანა. მართალია, მისი დაბადების დღე, უკვე გასული იყო, მაგრამ წინა დღის შეპირებულ ზეიმს, ახლა დღეს ითხოვდნენ ბავშვები, თანაც უკვირდათ, დიმეო ყოველ წელს, დაბადების დღეს, საბავშვო ცენტრში იხდიდა, წელს კი გამოტოვა და ჯგუფელებიც, სადღესასწაულო ტორტის გარეშე დატოვა და თანაც, შეპირებული ტორტის. 
ფიფო მშვენივრად მიხვდა, ეს იდეა უთუოდ მასწავლებლებისგან მოდიოდა და უფრო მეტად გაეცინა. 
- მოვიტან! აუცილებლად მოვიტან, შენ არ ინერვიულო! - ტელეფონი გათიშა და მობრუნებისთანავე, მიმის მომზირალ თვალებს გადააწყდა. 
ფიფოს გულში ჩაეღიმა. გუშინდელი საიდუმლო, რომ არ გამჟღავნებულიყო, ბიჭმა მამას დაურეკა. ფიფომ კი, ისე ესაუბრა, მიმი მაინც ვერ მიხვდებოდა, თუ ვინ ურეკავდა. 
- მე არ მივდივარ იმ კლინიკაში! - უცებ მიახალა ფიფომ.
- რაა?
- არსადაც არ ვაპირებ გამგზავრებას! ვიცხოვრებ ასე, სანამ ვიცოცხლებ!
- ფიფო, რას ამბობ? - მიმის ძველი ხმა დაუბრუნდა და ის გაცრეცილი სახეც ჩვეულებრივ აენთო.
- რაც გესმის, იმას ვამბობ! - მკაცრი ხმით მიმართა ფიფომ. - აბა, რა სახე გაქვს? რა გჭირს? არც საკუთარი შვილის დაბადების დღეზე იკადრე მოსვლა! და ვიცი ეს რატომაც გააკეთე! ვიცი!
მიმი შეცბა, ხმა ვეღარ ამოიღო. ფიფო მართალი იყო.
- მე შენ პასუხი მოგთხოვე და დიმეს დაბადების დღისთვის შევთანხმდით, თანაც ისიც გითხარი, რომ ნებისმიერ პასუხს მივიღებდი! შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვცემდი პატივს! შენ კი? როგორ მოიქეცი? შენი ოფოფების, თუ ხუშტურებისა თუ სიჯიუტის გამო, საკუთარი შვილიც კი არ დაინდე და გული ატკინე! - ფიფო ისე იყო შეტევაზე გადასული, რომ უკან დახევას არც აპირებდა.
„ან ახლა, ან არასდროს! პასუხი მინდა!“ 
გაივლო გულში, როცა მიმის ყველაფერი მიახალა.
მიმი კედელზე იყო აკრული. ფერი საერთოდ წასვლოდა და უსიცოცხლო თვალებით, ფიფოს მიშტერებოდა. ბოლოს ოდნავ გააქნია თავი.
- არ წახვიდე... - წაიჩურჩულა და იქვე ჩაიკეცა. 
ფიფოს არ შეეძლო მიმის წინ ჩამუხვლა, თუმცა სიამოვნებით გააკეთებდა ახლა ამას.
- არ წახვიდე... გთხოვ, არ დამტოვო... - ჩურჩულებდა მიმი.
- აბა, საიდან მოიტანე, რომ... რომ.... - ფიფო შეყოვნდა. - ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის მეგობრებად ვრჩებით, ესაა მთავარი ჩვენს ურთიერთობაში. 
მიმიმ, უხმოდ თავი დაუქნია.
- ადექი ახლა, ხომ იცი, რომ მე ვერ წამოგაყენებ. 
მიმიმ ისევ დაუქნია თავი.
- მიმი, შენ თუ ასე გააგრძელე და... - ფიფო ისევ შესაფერის სიტყვებს ეძებდა. - არც ოპერაცია მინდა, არც უცხოეთში მკურნალობა და საერთოდ, არც არაფერი მინდა შენგან და არც შენთან ერთად, თუ კიდევ ასე... თუ ასე...
- კარგი! მოვრჩეთ! - მიმი მკვირცხლად წამოდგა. - მივდივართ იმ კლინიკაში და მორჩა! - ფიფოს თვალი თვალში გაუყარა. - არ მაქვს ეს პასუხი და რა ვქნა? დღეს არ მაქვს! სანამ არ ჩამოვალთ და სანამ შენ ფეხზე არ დაგაყენებ, მანამდე არაფერი პასუხი არ იქნება და მორჩა! 
ფიფო ჩაფიქრდა. იქნებ საქმე, სულ სხვა რამეში იყო და ვერ ხვდებოდა. მიმი ამას, ისედაც ეტყოდა და არც მოერიდებოდა. ამისთვის სულაც არ იყო საჭირო, ეს გულზე ყრები და მისი ისეთი უხასიათობა, რომ საკუთარი შვილის დაბადების დღეც კი გამოტოვა. 
„ის კი არა და, წესიერად არც კი მიულოცა, თუმცა კიდევ კარგი, მართლაც არ მივიდა იმ საბავშვო ბაღში...
უი, დიმეოს პირობა...“
ფიფოს ახლა მოაგონდა. კიდევ კარგი დროულად გაახსენდა. მძღოლს დაურეკა და ეს საკითხიც ადვილად მოგვარდა. საბავშვო ბაღში, დიმეოს უკვე გასული დღის აღსანიშნავად, დიდი ტორტი მიიტანეს.
ბავშვი აღფრთოვანებული დაბრუნდა სახლში. უამრავი ლამაზად შეფუთული საჩუქარი ჰქონდა თან. 
- აი, ხომ ხედავ, როგორი ყურადღებიანი ჯგუფელები გყავს, შენ კი სულ წუწუნებ. - ეცინებოდა ფიფოს. - სანამ დედა მოსულა საჩუქრები შეიტანე ოთახში. იცი, კიდევ ერთი ტყუილი უნდა ვთქვათ, მე და შენ! ძალიან კი მრცხვენია, ამას რომ გასწავლი და ასე, რომ ვიქცევით, მაგრამ ახლა ასეა საჭირო სულ ცოტა ხნით. სულ, სულ ცოტა ხნით. 
- დედას არ ვუთხრათ, რომ საჩუქრები მაჩუქეს?
- როგორ არ უნდა უთხრა, მაგრამ ჩვენს საიდუმლოს ჯერ ნუ გაამჟღავნებ. 
- აბა?
- ვითომ, ეს გუშინ იყო და არა დღეს. სულ ეს არის, მხოლოდ ერთი დღე შევცვალეთ და მეტი არაფერი.
მალე მიმიც დაბრუნდა. დიდი ტორტით ხელში. ბავშვს მოუბოდიშა, გუშინდელი დღე, რომ გამოუტოვა.
- ახლა, ჩვენც აღვნიშნოთ სახლში! - მიმი სუფრის გაწყობას შეუდგა.
ფიფომ ბიჭს თვალი ჩაუკრა. ბავშვს ჩუმად ჩაეღიმა. 
- მე არ მოვდივარ იმ კლინიკაში! - გამოაცხადა დიმეომ.
- შენ არ მოდიხარ? - გაეღიმა მიმის და მერე ფიფოს გახედა. - არც შენ არ მოდიხარ? და აბა მე იქ, რა მინდა? რა გავაკეთო?
- თქვენ წადით! - ბიჭმა ორივეს გადახედა. - მე სოფელში დავრჩები!
- რა სოფელში? სად? - მიმის ყურებამდე ეღიმებოდა. 
- იმ სოფელში, სადაც მამამ აუზი ააშენა. იქ ბევრი ბავშვებია.
- ბევრი ბავშვები, საბავშვო ბაღშიც კი გყავს, მაგრამ მაინც ვერ ერთობი. - მიმის ხმაზე აშკარად უსიამოვნება დაეტყო. 
ფიფო ხმას არ იღებდა, თითქოს მარტო ბიჭს მიანდო სიმართლის აღიარება. 
- თქვენ წადით! - ისევ გაიმეორა დიმეომ. - მე სოფელში ვრჩები, ძანესთან ერთად!
LEX. 2019 წლის 2 სექტემბერი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment