Monday, September 2, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 21)

21.
დიმეო გაოგნებული იყო. მამას მეტი შეკითხვა ვეღარ დაუსვა, თუმცა უამრავი კითხვა მოაწვა, მერე კი ჩათვალა, რომ ეს დაძმობილება იყო და თამაში განაგრძო. 
სადილობის დროც მოვიდა, ფიფო და დიმეო მაინც არ ტოვებდნენ იქაურობას და ახლა დიასახლისი სადილზეც ეპატიჟებოდა და მოგვიანებით გემრიელ ვახშამსაც შეჰპირდა.
- ბაბუ დღეს იუბილარი ხარ, საზეიმო ნამცხვარი კი მოგართვით, მაგრამ სამწუხაროდ საჩუქარი არ გვაქვს, არ ვიცოდით თუ გვესტუმრებოდი, შეგიძლია აირჩიო, რომელი სათამაშოც მოგეწონება შენი იყოს! 
- ისედაც უამრავი სათამაშო აქვს და წესიერად არც კი თამაშობს. - ჩაერია ფიფო. - ნუ წუხდებით.
- ექნება, აბა რაა. - ჩაეღიმა ბაბუს. - ამას ისეთი მშობლები ჰყავს, ცივ ნიავს არ აკარებენ, მაგრამ ჩვენც გვსურს რამე ვაჩუქოთ. ჰე, მიდი ბაბუ აიღე რაც მოგწონს.
- ძანე, კეთილი ბიჭია, აირჩიე რაც გინდა. - დაუმატა ბებიამ. - ნებისმიერ რამეს დაგითმობს.
- ჩვენ ძმები ვართ. - ისევ ჩაილაპარაკა ძანემ და არც ახლა შეუხედავს არავისთვის. 
მოხუცები ოდნავ შეცბარნი ჩანდნენ, მხოლოდ ფიფოს ეღიმებოდა, დიმეომ კი თავი დაუქნია და ამით თითქოს დაუდასტურა ძმობა.
- მთელი თვეა ვეხვეწებით რა გაჩუქოო და უარზეა, არაფერი უნდა.
- როგორ არ მინდა! - წამოიძახა დიმეომ და მამას საყვედურით აღსავსე თვალები შეანათა.
- ისე, ჰო! - ჩაეცინა ფიფოს. - რაღაც განსაკუთრებული, განსხვავებული პიანინო უნდა ბიჭს, მოვიარეთ მთელი მაღაზიები და გადამყიდველები, მისი მოსაწონი ვერაფერი შევარჩიეთ.
- ჰოო. - ჩაეღიმა ბაბუს. - საქმე სერიოზულად ყოფილა. - მერე ბიჭს სახეში ჩააკვირდა. - იცი, მეც მაქვს ერთი პიანინო, პატარა როიალივითაა, მაგრამ ძალიან ძველია. - კაცი წამოდგა, ისიც ფიფოსავით ხელჯოხზე დაყრდნობილი, მაგრამ ფიფოსგან განსხვავებით ნელ-ნელა წალასლასდა კაბინეტისკენ. 
დიმეო უკან მიჰყვა და შესვლისთანავე იმ მოძველებული პიანინოს დანახვაზე ფერი წაუვიდა. ზუსტად ასეთი მინდაო კი გაიფიქრა, მაგრამ ამდენი ემოციებისგან ხმა ვეღარ ამოიღო.
კაცმა იმ ძველი ნაცნობი მელოდიის აკორდები აკრიფა და დაკვრას შეუდგა. თუმცა ვისთვის იყო ნაცნობი? ფიფოს ალბათ არც კი ახსოვდა წესიერად არც ჰქონდა მოსმენილი. დიმეო კი თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა ნანატრ ინსტრუმენტს და კლავიშებზე მოთამაშე მოხუცი კაცის დამჭკნარ თითებს, თვალს არ აცილებდა.
უცებ ფიფომ შეამჩნია, რომ ქალმა ლოყაზე ხელი შემოიჭდო და გაოცებული თვალებით, ქმარს რაღაც მიანიშნა. ფიფომ იმ მინიშნებას თვალი გააყოლა და ელდა ეცა. დიმეო, ბაბუს დაკრულ მელოდიას, უნებურად თითებს აყოლებდა. 
მოულოდნელად, ძანე გაშმაგებული შემოიჭრა ოთახში და ისეთი ძალით დაახეთქა ინსტრუმენტის სარქველი, რომ მოხუცმა ძლივს მოასწრო ხელების გამოწევა. ძანეს ისევ არავისთვის ზედ არ შეუხედავს, ისე გავიდა ოთახიდან, მაგრამ ამჯერად სათამაშოს აღარ დაუბრუნდა და კვლავ, თავის ჩვეულ ადგილას, ფანჯარასთან კოპებშეკრული ჩამოჯდა. 
მოხუცები მშვენივრად მიხვდნენ, რატომ ჰქონდა ბიჭს ასეთი მწვავე რეაქცია ამ მელოდიის გაგონებაზე.
- იცით, არ მოსწონს, როცა ვუკრავ და საერთოდ ამ პიანინოს, რომ ვეხები. - ისეთი სახით შეხედა კაცმა ფიფოს, რომ ისიც ზუსტად მიუხვდა, რაც ხდებოდა. 
ცხადი იყო, ძანეს ეს ყველაფერი, მამას ახსენებდა და მისთვის, რა თქმა უნდა, გაურკვეველიც იყო ასეთი მოსიყვარულე მამა, სად და რატომ გაუჩინარდა.
დიმეომ მამას ხელი ჩამოქაჩა. ფიფო დაიხარა, ბავშვმა რაღაც უჩურჩულა. ფიფო უარზე დადგა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი. ბიჭმა წარბი შეიჭმუხნა. ფიფომ, კიდევ ერთხელ დაუბრიალა თვალები. მოხუცებმა ერთმანეთს გადახედეს.
- ბაბუ! - მოხუცი დიმეოსკენ გადმოიხარა. - მოგწონს ეს ინსტრუმენტი?
და სანამ ფიფო ხმას ამოიღებდა ან ბიჭს დაუბღვერდა, დიმეომ დაასწრო და შეჰყვირა:
- კი! მომწონს! მომწონს! ზუსტად ასეთი მინდოდა! ეს მინდოდა! მამი ვიყიდოთ რაა! გეხვეწები მხოლოდ ეს მიყიდე და აღარასდროს არაფერს მოგთხოვ!
- ეს პიანინო არ იყიდება. - გაუღიმა ბებიამ. - მხოლოდ ჩუქდება. 
- არა, არავითარ შემთხვევაში! - ფიფომ ნაწყენი ტონით შენიშნა.
- მამა! გთხოვ! 
- ეს ძანესია, აბა, ხომ არ წავართმევთ? - ფიფომ თავის დაძვრენა სცადა.
- ხომ ხედავთ რომ ძანეს, ამ ინსტრუმენტის ხმის გაგონებაც კი არ უნდა. - ჩაერია ბაბუ. - გაყიდვით კი, არაფრის დიდებით არ გავყიდით, მაგრამ თუ ამ პატარა ბიჭს, ასე გულით სურს და თანაც გაუფრთხილდება...
- არა, რას ამბობთ! - შეიცხადა ფიფომ. - ისედაც ვაპირებთ ყიდვას, ბარემ ახალს ვუყიდით და...
- ახალი მშობლებმა უყიდეთ, ჩვენ მოხუცები კი, ამ ძველს ვჩუქნით და მორჩა! - ბაბუ წამოდგა. - დღესვე ვიძახებ მანქანას და გადავიტანოთ შენთან ბაბუ, შენია ეს!
- არა, იყოს. - ფიფო უხერხული სიტუაციიდან თავს ვეღარ იძვრენდა. - მანქანას მე თვითონ მოვიყვან, ამაზე მაინც ნუ შეწუხდებით.
- ჩვენ კვირის ბოლოს სოფელში მივდივართ, საზაფხულოდ პანსიონატიც იხურება და ამიტომ, რაც მალე გაგატანთ...
- მოვაგვარებ მაგას, მაგრამ ისეთ უხერხულობაში მაგდებთ. - ფიფოს სიტყვები არ ჰყოფნიდა, თან მართლაც არ უნდოდა, მიმისთვის ნაცნობი ინსტრუმენტი სახლში შეეტანა, მაგრამ უარის მიზეზად, არაფერი არ მოსდიოდა თავში.
- მამ, წავიღოთ, რაა. - აწრიპინდა ბიჭი. - ძალიან მინდა, ზუსტად ეს მინდა, გთხოვ!
- ჩვენც მალე მივემგზავრებით. კლინიკაში ჩემი რიგი მოვიდა და რაც შეიძლება დროულად უნდა ჩავიდეთ იქ. - ფოფო წამით შეყოვნდა. - მოდით, ასე გავაკეთოთ, რომ ჩამოვალთ მერე გადავიტანო, არსად გაიქცევა მამ. 
ბიჭმა წარბები შეიჭმუხნა.
- ნუ გეშინია, ბები. - დაუყვავა ქალმა. - ცოცხალი თავით, არავის დავუთმობთ, ეს შენია და მორჩა! 
დიმეო მოიღუშა. ფიფო კვლავ ახსნას შეეცადა.
- მამი, ეს ახლა, რომ გადავიტანოთ, აუცილებლად უნდა აწყობა და სანამ ჩვენ ჩამოვალთ, მერე ისევ ასაწყობი გახდება. 
- ჰო, ბაბუ, დაუჯერე მამას, როგორც კი ჩამოხვალთ, მაშინვე გვესტუმრე და წაიღე ბაბუ შენია, შენი.
მოხუცებიც მშვენივრად მიხვდნენ, ფიფომ რატომაც დაიხია უკან და რატომ ამბობდა უარს, ბავშვის ნანატრ საჩუქარზე, ამიტომაც მხარი აუბეს და ბავშვის დარწმუნებას შეეცადნენ, რომ ასე უფრო უმჯობესი იყო, თუმცა გულით უნდოდა ეს საჩუქარი, ბიჭისთვის გადაეცათ, მაგრამ ფიფოს სიტყვასაც პატივს სცემდნენ. ან იქნებ, სულაც ასე უფრო სჯობდა, ბავშვსაც პიანინოს ხათრით, ხშირად მოუწევდა მათთან სტუმრობა.
- ჩვენი წასვლის დროა. - ფიფომ საუბრის თემა შეცვალა.
- არა, რაა. - აწუწუნდა ბავშვი. - ვიყოთ აქ, ცოტა ხანი კიდევ დავრჩეთ.
- მერე დედა, რომ გველოდება? თანაც შენი ჯგუფელები დღეს ტორტს ელოდებოდნენ და იმედიც გაუცრუვდათ. 
- არ მინდა იმათთან!
- კარგი, დამშვიდდი. - გაეცინა ფიფოს. - იქიდან ხომ წამოგიყვანე და უკან აღარ მიგაბრუნებ, მაგრამ აი დედა, რომ იქ დიდ ტორტს მიიტანს, მაშინ?
- მაშინ? - დიმეო ჩაფიქრდა.
- ჰო! მაშინ! - ფიფოს ეღიმეობდა. - თავის დაძვრენა მოგვიწევს და როგორ უნდა გავამართლოთ ჩვენი საქციელი?
- მე არაფერი დამიშავებია. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ბიჭმა.
- მე დავაშავე და შენ, როგორც ჩემმა თანამოაზრემ, მხარი უნდა დამიჭირო.
- როგორ?
- ეს ჯერ არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მაგრამ იცოდე, შენი იმედი მაქვს.
დიმეომ შეიფერა, ღიმილით დაუქნია თავი და ძანეს მიუახლოვდა. რაღაც უთხრა, ძანემ არც გამოხედა. დიმეო ახლა, სხვა სათამაშოს გაწყობას შეუდგა, ძანემ არც ახლა გამოხედა. ბიჭი მიხვდა, სხვა ხერხისთვის უნდა მიემართა და ახლა რაღაც, სულ სხვა რამ უთხრა. ამჯერად, ძანემ ხალიჩაზე გადმოინაცვლა და ბიჭებმა ისევ ერთად განაგრძეს თამაში.
- რა საინტერესოა. - გაკვირვებული შეჰყურებდა ბაბუ. - წლებია, არავის იკარებს და არც ეთამაშება და აღარც თავად თამაშობს.
- ნეტა, ასეთი რა უთხრა, ამ პატარა გვრიტმა, რომ სათამაშოდ დაიყოლია. - გაოცებული ხმით ჩაილაპარაკა ბებიამ.
- ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახი ჭკუის ბავშვია. - დაუმატა კაცმა და ცოლს რაღაცნაირი მზერა შეავლო.
ფიფოს ეს მზერა არ გამოჰპარვია, თავადაც დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ ტელეფონის ზარმა, ხმის ამოღებაც არ აცალა. 
მოუსმინა, რაღაც უპასუხა, მერე თვითონაც დარეკა. ეტყობოდა, ძლიერ ჩააფიქრა ამ ზარმა. მერე თვალები გაუნათდა. სახეზე ეწერა, აშკარად რაღაც იდეა გაუჩნდა და არც დიმეოს გამოჰპარვია ეს. მიხვდა, მამას მისთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჯერ არ ეცალა, ისეთი მონდომებით აგებდნენ ბიჭები, მატარებლის სავალ რელსებს. 
ფიფომ ისევ დარეკა და კმაყოფილი სახით, დიმეოს თვალი ჩაუკრა. 
მალე ოთახი, უამრავი ფერადი ბუშტით აივსო და საზეიმო, საბავშვო ბაღში მისატანი, წინასწარ შეკვეთილი დიდი, სართულებიანი ტორტიც ფიფომ იქ მოატანინა. 
ბავშვებმა გაიხარეს, დიმეო ბედნიერი იყო. 
- ბოდიში უნდა მოგიხადოთ. - კაცის ხმამ ფიფო ფიქრებიდან გამოარკვია. - პიანინო კი შემოგთავაზეთ, მაგრამ უცებ არც გამხსენებია, რომ მიმი... იქნებ მიმის არ უნდა, რომ...
- მეც მაგიტომ უკან დავიხიე, თორემ ბავშვს ამის გამო, აბა როგორ ვაწყენინებდი? - დაეთანხმა ფიფო. - აიჩემა, პიანინო მინდაო და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა დაიწუნა, რაც ვაჩვენეთ. არფერი უნდა პიანინოს მეტი, ახლაც მიკვირს, აქ როგორ კარგად გაერთო.
- ჰმ, ამ ასაკში ერთი და იმავეს ძახილი, ეს უკვე აკვიატებული იდეაა. - ჩაეცინა ბაბუს და ბიჭს გახედა. - ჭკვიანი ბავშვია.
- კი, ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია. - თავი დაუქნია ფიფომ. - და არც იმდენად ჯიუტია, უფრო დამყოლი ხასიათი აქვს. დამიჯერებს და იქნებ, შევაცვლევინო აზრი.
- პიანინოს გულისხმობ? მაშინ არ გირჩევ. ზუსტად იცის ბიჭმა, რასაც ითხოვს. ეს ხომ უბრალო გასართობი სათამაშო არ არის, არა? მაგრამ... დედა თუ დაეთანხმება...
- მიმი არ არის ცუდი გოგო, ზოგჯერ შეიძლება ბევრი რამ არ მოსწონდეს, მაგრამ მოულოდნელად ასე თავს ვერ დავაცხრები, ჯერ ცოტას შევამზადებ და მერე აუცილებლად წავიღებთ.
- მიმი კარგი გოგოა, ოქროა. ბოღმას გულში არ ჩაიდებდა.
- არა, რა ბოღმა, მაგრამ... მოვაგვარებ ამ ამბავს.
- ჰო, შვილო. - ამოიხვნეშა კაცმა. - აბა ბოღმას და სიძულვილს, კარგი რა მოუტანია?
- არა, რა სიძულვილი?! - გაიკვირვა ფიფომ.
- ეჰ, ზოგიერთებს, სიძულვილიც კი არ დაეხმარა სიმშვიდის მოპოვებაში. - კაცმა ხელი ჩაიქნია. 
ფიფო ახლა მიხვდა, თუ რას და ან ვის სიძულვილს გულისხმობდა კაცი. 
„ჰო, მასეა. სიძულვილმა და შურისძიებამ აქცია მკვლელად და ბოროტმოქმედებას კი, სამართალი ეძახა და მერე რა გამოვიდა? რა მიიღო ან რა მოიგო?“
ფიქრობდა ფიფო და ვერ ამჩნევდა ბავშვის მოშტერებულ მზერას.
„მიმის კიდევ რა ეტაკა დღეს? ისე ცივად მიპასუხა, შენ მიიტანე ტორტი ბაღშიო და ტელეფონიც გამითიშა. იქნებ, არ მეცალა? იქნებ, სად ვიყავი და...“
მოსაღამოვდა. ბავშვები სახლებში წაიყვანეს. დიმეო გაკვირვებული იყო, მარტო ძანეს არ აკითხავდნენ მშობლები. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ჩუმად ჰკითხა მამას.
- ძანე აქ ცხოვრობს, თავის ბებოსთან და ბაბუსთან. ეს მისი სახლია. - უპასუხა გაოცებულ ბავშვს ფიფომ.
- ვაა, რა მაგარიაა. - გაუკვირდა ბიჭს.
- ჰო, რა იყო? - გაცინა ფიფოს. - შენც ხომ დიდ სახლში ცხოვრობ. 
- ეს მთლიანი სართულებიც მისია და ის ეზოც?
- მამ, რა იყო? - ფიფომ ცოტა თითქოს უსაყვედურა. - ჩვენი სახლიც ორი სართულია.
- ეს უფრო სხვანაირი სახლია. - ჩაიბურტყუნა ბიჭმა. - მომწონს ეს სახლი. 
- უნდა მოგწონდეს აბა რაა, შენი სახლიც არის. - ჩაერია ბაბუ.
- და როცა მინდა, მაშინ მოვალ? - ბიჭს სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა.
- როცა გინდა და რამდენიც გაგიხარდეს ბაბუ, იმდენი ხანი დარჩი.
- ჰოო, დარჩენაც კარგია, მაგრამ ჩვენი წასვლის დროა. - ჩაერია ფიფო.
- ცოტა ხანი, კიდევ ვიყოთ რაა. - მუდარით შეხედა მამას.
ფიფოს გაეცინა.
- ხვალაც მოვიდეთ რა აქ, გთხოვ და ზეგაც. - შეევედრა ბიჭი.
- ვნახოთ, არ ვიცი. ხომ იცი, რომ იმ კვირაში უკვე მივემგზავრებით, ამდენი დრო არ გვაქვს.
- ბავშვიანად მიდიხართ სამკურნალოდ? - გაუკვირდა ბებიას. 
- აბა, არც დედაჩემთან უნდა დარჩენა და არც მიმის დედასთან.
- ძანესთან დავრჩები! - მოულოდნელად წამოიძახა დიმეომ. - ეს ხომ ჩემი სახლიც არის? - მერე ძანეს მიუბრუნდა. - უთხარი რა გეხვეწები დავრჩები შენთან, ძანე, უთხარი რა, გთხოვ!
- ჩვენ ძმები ვართ. - უკვე აკვიატებული სიტყვასავით ჩაილაპარაკა ძანემ და პირველად ახლა შეხედა თვალებში ბიჭს.
LEX. 2019 წლის 28 აგვისტო, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment