16.
ფიფო ისეთი შეზარხოშებული დაბრუნდა სახლში, რომ მტკივანი ფეხი არც გახსენებია, მაგრამ დილით ბახუსთან ერთად, ყველა ტკივილმა იჩინა თავი.
- მიმი, ბავშვი შენ წაიყვანე რაა, მისკდება თავი. - ისე უთხრა ფიფომ, თითქოს მარტო ბახუსი ყოფილიყო მისი უხასიათობის მიზეზი.
- ცივი ბორჯომი გინდა?
- არაფერი მინდა, იქნებ ცოტა გამოვიძინო. - ფიფო თვალებს ძლივს ახელდა და ერთი სული ჰქონდა, როდის დარჩებოდა მარტო.
- არაფერს შეჭამ?
- არა, რა საჭმელიიი!!! - წაიყმუვლა ფიფომ.
- მოკლედ, ჩვენ წავედით. მაცივარში შენთვის პატარა სიურპრიზია.
- ჰოო?
- ისე, თუ გინდა, გაგიცხელებ? - გაიკრიჭა მიმი.
- ვაი! - გაეცინა ფიფოს. - სიურპრიზია და თან ცხელ-ცხელი?
- წუხელ გავეკეთე, ვიცოდი დილით პირს ჩაიგემრიელებდი, მაგრამ არ გსურს და რას ვიზამთ, აბა? - ეშმაკურად ჩაეღიმა მიმის.
- ვახ, რა არის ასეთი საინტერესო და თანაც, იდუმალი? ვერ გამიმხელთ?
- ჩიხირთმა მოგიმზადე!
- ვაუ! - გაუკვირდა ფიფოს. - და რა იცოდი, დილით ბახუსი, რომ მომკლავდა?
- გუშინ, როგორც კი დარეკე, ხმაზევე შეგატყვე! უი, არა! ხმაზე კი არა, ალკოჰოლის მძაფრმა სურნელმა, მობილურშიაც შემოაღწია და აი მეც, მაშინვე მივხვდი!
- აჰამ და ისე დეტექტივად ხომ არ დაიწყებდი მუშაობას?
- ჰა, ჰა! კერძო სააგენტო მოვაწყოთ, შენ კანონიერი გზით გამოიძიებ, მე კი ყნოსვით მივაგნებ!
- მე მთავარი ოფის-მენეჯერი ვიქნები! - წაიწრიპინა საუბარს შემოსწრებულმა ბავშვმა.
- აჰა! - ეცინებოდა ფიფოს. - ოფის-მენეჯერიც გვყავს და თან, მთავარი!
- ჰოდა, ახლა! ბატონო ოფის-მენეჯერო, წავედით ბაღში, თორემ ვაგვიანებთ უკვე. - მერე ფიფოს მოხედა. - ისე თუ გინდა, ბარემ გაგიცხელებ? მოვასწრებ!
- არა, ჯერ არ მინდა! წადით თქვენ, ავდგები მერე და მივხედავ! - გაუღიმა ფიფომ და თან, სული ელეოდა, როდის დატოვებდა დედა-შვილი მის საძინებელს, რომ მეგობარი ქირურგისთვის ეხმო.
***
- ფიფო, რა არის ეს? აქამდე, როგორ მიიყვანე საქმე? - საყვედურობდა გულმოსული ქირურგი ფიფოს და რუმბივით შესიებულ ფეხს, უთვალიერებდა.
- არაფერი ეშველება?
- რა ვიცი, აბა ასე ზეპირად რა გითხრა? ჩვილების ქირურგი ვარ ტრავმატოლოგი კი არა. - ცალყბად ჩაეღიმა ქირურგს.
- აბა ვინ გამოვიძახო? ვის მირჩევ?
- სასწრაფოდ, შენი ჰოსპიტალიზაციაა საჭირო!
- ვაიმე, არ გამოვა მასე! თან არ მინდა, რომ მიმიმ გაიგოს.
- რას ჰქვია, არ გინდა? აბა აქ, ვინ უნდა მოიყვანო ისეთი მკურნალი? მაშინ ნათელმხილველს დავუძახოთ და ის გვეტყვის!
- მდაა! - ამოიხვნეშა ფიფომ. - ესე იგი, არ გვყავს კარგი სპეციალისტი.
- ეგ რა შუაშია? ამ ფეხს რენტგენი უნდა, ცალკე ანალიზების აღება აუცილებლად დაგჭირდება. კიდევ ათასი რამ და ეს აქ, სახლის პირობებში, აბა როგორ გაკეთდება?
- აუ, არ მინდა რომ ჯერ ჩემებმა გაიგონ, ჯერ ყველა ერთად ინერვიულებს, მერე მეც ცალ-ცალკე და სათითაოდ მომშლიან ნერვებზე და მერე, ერთიანად.
- შევეცდები, დღის ბოლომდე გავჩუმდე, მაგრამ მერე? როდემდე დამალავ?
- უჰ, რა ვიცი, რა ვიცი.
- იქნებ, საგანგაშოც არაფერია და უბრალოდ გადაიღალე, ბევრი იარე და ზედმეტი ტვირთი დააწვა, ისედაც დაზიანებულ კოჭს?
- ჰო, შეიძლება. ისე, კი, ჰო! ბევრი ვიარე გუშინ.
- აბა, წავედით მაშინ, გამოვიძახებ ამბულატორიას და შენ მანამდე გაემზადე. სპორტული შარვალი სად გაქვს?
- ჰალსტუხი არ დამჭირდება? - ისე უშნოდ იხუმრა ფიფომ, რომ თავადაც არ გაეღიმა.
ფიფოს მართლაც რთული მდგომარეობა ჰქონდა. ანალიზების პასუხებიდან, ზოგი ერთ კვირაში იქნებოდა და ზოგიც, ორში. არც რენტგენის სურათი იყო სახარბიელო და მთელი კვირა კლინიკაში, რომ არ გაეტარებინა, მიმიმ თავისივე კაბინეტშივე მოუწყო პალატა და უამრავი ექიმი თუ მკურნალი დაახვია თავს.
მეგობარი ქირურგი ცდილობდა, ისეთ დროს მოენახულებინა ფიფო, რომ მიმის ნაკლებად გადაჰყროდა, მაგრამ ზოგჯერ მაინც უწევდა მასთან შეხვედრა. მიმის კი ისე ეჭირა თავი, რომ ვერავინ ვერაფერს ატყობდა და ფიფოც დარწმუნებული იყო, რომ ეს კაცი, ბავშვის დაბადების დროს, ერთდროულად, მიმისთან ერთად გაიცნო და მას მერე მეგობრობდნენ.
მიმი იმ დროს დაადგა თავს სამზარეულოში ჩაფიქრებულ ქირურგს, როცა ის ყავის პირველი ყლუპის მოსმას აპირებდა. ქირურგს ფინჯანი ხელში შეეყინა, წამოდგომაც კი დააპირა, მაგრამ მიმიმ შეაჩერა.
- იჯექი. - მშვიდი მტკიცე ხმით უთხრა, მერე მის წინ ჩამოჯდა და თვალებში ჩახედა. - რა სჭირს ფიფოს? - წამით შეყოვნდა. - ახლა მაინც მითხარი სიმართლე.
ეს ბოლო სიტყვები ორაზროვანი იყო, ქირურგიც მშვენივრად მიუხვდა, მიმი არამარტო ფიფოს ამბავს გულისხმობდა.
მიმი ფიფოსაც ისევე უვლიდა და თავს დაჰკანკალებდა, როგორც ერთ დროს, პიპას და მაშინაც მხსნელად და მკურნალად, იგივე ქირურგი იყო მოვლენილი. სწორედ ეს აღნიშნა მიმიმ და თვალი, თვალში გაუყარა და სანამ ქირურგი ხმას ამოიღებდა, თავადვე დაასწრო:
- უკან არაფერზე დავიხევ, ნებისმიერი თანხა დამისახელონ, მხოლოდ ფიფო, ფეხზე უნდა დადგეს და მორჩა!
- შევეცდები ყველანაირად. ჯერ პასუხები მოვიდეს და მერე ვნახოთ, რის გაკეთება შეიძლება და რის არა.
- ვფიქრობ, ისევ უცხოეთში მოგვიწევს წასვლა.
- ჰოდა, ჯერ აქაური პასუხები მოვიდეს და მერე იქნებ შევძლო და გადავუგზავნო უცხოეთის კლინიკებს და მერე...
- და რა გარანტიაა, რომ ეს პასუხები, სწორი იქნება? იქნებ, ამ არასწორი პასუხის მიხედვით ვიმკურნალოთ და მერე რა შედეგი მოჰყვება ამას? ვინ მომცემს, იმის გარანტიას, რომ...
- რაღაც ვიფიქრე, მაგრამ... - ქირურგი შეყოვნდა.
- მაინც?
- ისე, შენ სწორად აღნიშნე, ის პასუხები, რომ არ აღმოჩნდეს...
- მითხარი, ბარემ რის თქმაც გსურს! ადამიანის ჯანმრთელობაზეა ახლა აქ საუბარი და მიკიბ-მოკიბვის დრო აღარ არის!
- საკმაოდ დიდ თანხას მოიცავს, როცა...
- კარგი, რაა? - შეაწყვეტინა მიმიმ. - მე მინდა, საუკეთესო მკურნალობის, ასევე საუკეთესო შედეგი და უკან არაფერზე დავიხევ! გითხარი უკვე და გისმენ, თქვი, რა შეიძლება გაკეთდეს! - მიმიმ წამით გაჩუმდა და ისევ განაგრძო. - კი, მაგრამ არ შეიძლება, რომ ანალიზებიც უცხოეთში ავიღოთ და ყველანაირად, ბარემ იქვე გავესინჯოთ?
- ეგ საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ...
- რაღა, მაგრამ?
- ფიფოს დაზღვევა ხომ აქვს?
- ოოო, კარგი, რააა? რა დროს ფულზე საუბარია, ჯერ დავადგინოთ ყველაზე უკეთესი ვარიანტი და მერე ვიზრუნოთ. ბოლო-ბოლო, გავყიდით ბინებს და ყველა ერთ სახლში ვიცხოვრებთ, არ მაქვს ამაზე პრეტენზია.
- მაშინ რაც უფრო მალე დავიწყებთ სამზადისს, მით უფრო უკეთესია, რომელი კლინიკა შევარჩიოთ?
- რომელიც ყველაზე საუკეთესოა! - მიმი წამით შეყოვნდა. - შენ უფრო გაარკვევ.
- კარგი, მაშინ უმჯობესია, რომ ჯერ მოთხოვნა გავაგზავნოთ, რიგში აქედანვე ჩავდგეთ, რომ როგორც კი ჩავა ლოდინი, რომ არ მოუწიოს.
- და სად ჩავა, მარტო? მეც წავყვები!
- კარგი იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა დაჯდება და ვშიშობ, ისევ ოპერაცია გახდება საჭირო.
- ჰოდა, რაც იქნება საჭირო და რამდენიც დაჯდება, უნდა გაკეთდეს და მორჩა! - მიმი წამოდგა და დაბალი, ჩაფიქრებული ხმით განაგრძო. - სამსახურში შვებულებას ავიღებ, ფიფოსაც გავუგრძელებ ბიულეტენს ან თუნდაც, უხელფასოს.
- ჯერ ნუ იჩქარებ, გავაგზავნი მოთხოვნას კლინიკაში, როგორც კი პასუხი იქნება, მაშინვე აიღეთ ბილეთები და წადით.
- და შენ არ წამოხვალ?
- მეე? - ქირურგმა წარბები აზიდა.
მოულოდნელმა კითხვამ, ქირურგი ცოტა არ იყოს, დააბნია. როგორ არ უნდოდა, სიხარულით გაჰყვებოდა ფიფოს და გვერდში ამოუდგებოდა, ბოლო-ბოლო, მისი შვილის ნათლია იყო და მშვენივრადაც მეგობრობდა, მაგრამ მისი ფინანსური მდგომარეობა, ამდენს ნამდვილად ვერ გასწვდებოდა და თანაც, მართლა სხვის ხარჯზე ხომ არ დააწვებოდა, ისედაც რამდენი გასავალი ელოდათ წინ.
- ჰო, შენ! რა გაგიკვირდა? აბა, მე რა გავიგო, იმათი პასუხების? იქნებ, სულაც მატყუებენ და სულ სხვა რაღაც გამაკეთებინონ, შენ უფრო არ გაარკვევ?
- კი, მაგრამ მე, ჩვილ-ბავშვთა ქირურგი ვარ და თანაც... - ქირურგი შეყოყმანდა. - არა ისე პასუხებს, როგორ არ გავშიფრავ, რა პრობლემაა, გადმომიგზავნით და ყველაფერს აგიხსნით, აქედან.
- ამდენი გაგზავნა გადმოგზავნას არ გირჩევნია, რომ შენც წამოხვიდე?
- როგორ არ მირჩევნია?!- მიუგო ქირურგმა, თუმცა მაინც, თითქოს უკან რომ იხევდა.
- მოკლედ, ამდენ ქაქანს. შენ გააგზავნე შეკითხვაა, თუ მოთხოვნაა, თუ რაც არის და როგორც კი პასუხი მოვა, იმ დღესვე შევუკვეთავთ სამ ბილეთს და სასწრაფოდ გავემგზავრებით! - მიმი წამოდგა და სანამ სამზარეულოდან გავიდოდა, უფრო მშვიდი ხმით უთხრა. - ისე, ფიფოს აქვს დაზღვევა, მაგრამ ალბათ, ერთი ბილეთის ფული თუ გამოვა მაქედან. ასე რომ, შენც მოდიხარ და უარს, არ მივიღებ!
ქირურგი სიხარულით აღარ იყო, აკი შეჰპირდა პიპას, შენ სანამ აქ არ იქნები, მიმის და ბავშვს, ყურადღებას არ მოვაკლებო, მაგრამ მერე, სულ სხვანაირად დატრიალებულმა სიტუაციამ, ფიფოს მეგობრობა არგუნა ბედმა და არც ახლა აპირებდა უკან დახევას. ფიფოსთანაც უანგაროდ მეგობრობდა და გვერდში ედგა, მხოლოდ პიპას ამბავს არასდროს ახსენებდა და რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ფიფო, მართლაც მშვენიერი მეგობარი და კარგი ადამიანი იყო და ცოლ-შვილსაც კარგად უვლიდა.
- და ფიფოს, ჯერ არაფერი უთხრა. - ფიქრებიდან, სამზარეულოში უკანვე შემობრუნებულმა მიმიმ გამოაფხიზლა.
- სამარე ვარ! - გაუღიმა ქირურგმა და შვებით ამოისუნთქა.
ასე იყო თუ ისე, მიმისთანაც ცოტა დალაგდა სიტუაცია, ისე აღარ უღრენდა და აშკარად მართლაც მეგობრად მიაჩნდა, ერთ დროს მოძულებული ქირურგი.
ფიფოს ფეხის პრობლემა, ძაან გაჭიანურდა. ჯერ კიდევ, გაურკვევლობაში იყვნენ. ქირურგმა, უცხოეთში გამოკვლევის მოთხოვნა, რამდენიმე წამყვან კლინიკაში გააგზავნა თან, ადგილობრივად აღებული ანალიზების პასუხებიც დაურთო, მაგრამ ჯერ მხოლოდ, დაელოდეთ რიგში ხართო, ეს მიიღეს პასუხად.
კვირაზე მეტი იყო გასული და ფიფო სახლში უკვე ვეღარ ჩერდებოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის წამოდგებოდა ფეხზე. დროებით კი, ზედმეტი სიარულიც აუკრძალეს და რადგან ხელჯოხის გარეშე გადაადგილება, ისედაც არ შეეძლო, მიმიმ ჯოხიც დაუმალა და მკაცრად იცავდა ექიმის მითითებებს. ყველა ახლობელ-მეგობარი, თუ თანამშრომელი გაფრთხილებული ჰყავდა, ფიფო ზედმეტად არ უნდა შეეწუხებინათ და განსაკუთრებით კი, სამსახურის საქმეებით არ უნდა დაეტვირთათ. დროებით მძღოლიც დაითხოვა და ბავშვიც მიმის დაჰყავდა ბაღში. მიმიმ, თავადაც აიღო შვებულება და ახლა მთელ დროს, ფიფოს უთმობდა.
- აბა, დღეს რას მიირთმევ? - ღიმილით ჰკითხა მიმიმ, თუმცა ისედაც იცოდა, ფიფო ზედმეტად პრეტენზიული, სულაც არ იყო და რასაც მოუმზადებდნენ, ყველაფერს მაინც გემრიელად მიირთმევდა.
- რა ვიცი, აბა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ისე, მომბეზრდა ეს ყველაფერი.
- მაშინ საავადმყოფოში დაგაწვენ და ხვრიპე მერე იქაური სუფები! - მიმის ცოტა ხმაში, წყენა შეეტყო.
- კარგი რაა, მიმი, რაა! - დაუყვავა ფიფომ. - განა შენს ზრუნვაზე ვამბობ უარს, მაგრამ ასე ერთ ადგილას წოლა, უკვე აღარ შემიძლია.
- მაშინ კაბინეტიდან საძინებელში გადაგიყვან! - გაეცინა მიმის.
- რა მნიშვნელობა აქვს? თუ გინდა სააბაზანოში დავწვები. - ფიფოც აჰყვა სიცილში.
- ცოტაც მოითმინე და უკეთ გახდები.
- უჰ, უკეთ, არაა. - ჩაიბურტყუნა ფიფომ.
- წავედი მე, რამეს ამოვიტან, მაგრამ დღეს რა გავაკეთო არ ვიცი, შენ რას შეჭამდი?
- თევზი მინდა, ვითომ? რა ვიცი? არც არაფერი მინდა.
- კარგი იყოს თევზიც!
- და ხაჭაპური შამფურზე! - სიცილით მიაყოლა ფიფომ.
- ჰმ, ისე მართლა გავაკეთებ! რა არ გამომივა? ღუმელში თუ ვაცხობ, შამფურზეც შევძლებ! - უკვე კარში გასვლისას ჩაიბურტყუნა მიმიმ, მაგრამ იქვე, სადარბაზოს კიბეზე ჩამომჯდარი ბიჭის დანახვაზე, ღიმილი სახეზე შეეყინა.
„ეს ბავშვი, ნეტა როდესმე მოშორდება აქედან?“
გაუელვა გულში. ბიჭს ცივად ჩაუარა და გზა გადაჭრა.
„მაინც ასეთი, რა საქმე უნდა ჰქონდეს ფიფოსთან, რომ მთელი კვირაა ჩვენს სახლს არ შორდება. კიდევ კარგი ფიფომ არაფერი იცის, თორემ წამოხტება და უფრო მეტად დაიზიანებს, ისედაც მტკივან ფეხს.“
მიმის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, სანამ ზუსტად არ გაირკვეოდა ფიფოს ჯანმრთელობის პრობლემა, მანამდე კატეგორიულად აეკრძალა, ყოველგვარი საქმე და სამუშაო.
ეს ვიღაც უცხო ბიჭი, კარს რომ მოადგა, მაშინ ფიფო ახალი ჩაძინებული იყო და მიმიმ ისე გაისტუმრა გარეთ, რომ ფიფოს არც არაფერი გაუგია. იმის მერე, ლამის მთელი კვირა, ყოველდღე კითხულობდა და მიმიც ყოველდღე, უარით ისტუმრებდა, ბიჭი კი მაინც ჯიუტად აკითხავდა და საღამომდე ფეხსაც არ იცვლიდა, იჯდა და ელოდა იქნებ როგორმე, ფიფო მაინც გამოსულიყო სახლიდან და ისე ეთხოვა მისთვის დახმარება.
მიმიმ, მარკეტის ვიტრინიდან, რამდენჯერმე შეავლო თვალი, მოწყენილად ჩამომჯდარ ბიჭს. საშინლად შეეცოდა, გულიც მოეწურა. იქნებ, მართლაც რა საქმე ჰქონდა, მაგრამ აბა ფიფოს ჯანრმთელობას, ვიღაცის პრობლემას, ხომ არ შეალევდა? ისედაც დამნაშავედ გრძნობდა თავს, მის წინაშე და სინდისიც ქენჯნიდა, ისეთ წარღვნაში, ბოროტმოქმედის დასახმარებლად, როგორ გაუშვა.
სანოვაგით დატვირთული მიმი, ჩაფიქრებულ ბიჭს თავზე წაადგა და ცოტა განაწყენებული კილოთი მიმართა:
- მომისმინე, ბავშვო. - მიმიმ წამით შეისვენა. - არ ვიცი, შენ რა საქმე გაქვს, ან ასეთი რა პრობლემა გაქვს, რომ ჩემს სახლს ვერ შორდები, მაგრამ ფიფო ავადაა, ძალიან ავად. მისი ფეხზე წამოდგომა, ჯერ არაფრით არ შეიძლება, ამიტომ სულ ტყუილად იცდი აქ. მაინც ვერ გამოვა! თანაც მალე, უცხოეთში მივდივართ და...
- სულ?.. სულ მიდიხართ?.. - წაილუღლუღა, სასოწარკვეთილი ხმით ბიჭმა.
- არა, სულ არა. - გაეცინა მიმის. - სამკურნალოდ მიმყავს და როდის ჩამოვალთ, არც კი ვიცი.
ბიჭმა თავი დაუქნია და ისე ჩაღუნა, რომ თითქოს, რაღაცას დააშტერდა ძირს.
მიმიმ ახლაღა შეამჩნია, ბიჭს საშინლად გაქუცული ფეხსაცმელები ეცვა და ტანისამოსიც საკმაოდ ძველი და გახუნებული ჰქონდა.
- ეს წამომაღებინე! - მიმის ცოტა არ იყოს, მბრძანებლური ტონი ჰქონდა, მაგრამ ბიჭმა სიხარულით ჩამოართვა სურსათით დახუნძლული ჩანთა. იქნებ, ახლა მაინც მისცემოდა, ფიფოს ნახვის საშუალება.
ბიჭის გაფართოებულ თვალებს, რომ შეხედა მიმის ჩუმად ჩაეღიმა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
- სამზარეულოში დააწყვე და შენ აქეთ მოდი. - ჩურჩულით უთხრა მიმიმ, სახლში შესვლისთანავე.
ბიჭმა იფიქრა, ფიფოს ოთახში თუ შევდივარო, მაგრამ მიმიმ ჯერ ბიჭს, ხელების კარგად დაბანა აიძულა და ისე შეუშვა სამზარეულოში.
- სანამ მე ცომს მოვზელ, შენ მომიყვები რაც ხდება. - მიმიმ მოზრდილი ქათმის ბარკალი გადაუღო თეფშზე და ბაჟეს წვენიც, ზემოდან მოუსხა.
- ძალიან დიდი ამბავია. - წაიჩურჩულა ბიჭმა და თან კერძს თვალს არ აცილებდა.
- მერე შენც, თან ჭამე და თან, მომიყევი. არსად მეჩქარება.
მიმი ხშირად ზურგს აქცევდა, რომ ბიჭს უფრო თავისუფლად შესძლებოდა ესადილა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რამდენადაც დამშეული იყო, იმდენადაც ჭამის სურვილიც სულ არ ჰქონდა.
- სანამ ბუხარს დავანთებ, მანამდე ეს მოასუფთავე თეფში, მიდი ნუ გერიდება!
- ბუხარს? - გაიკვირვა ბიჭმა.
- რა იყო? - გაეცინა მიმის. - მაინცდამაინც, ზამთარი უნდა იყოს?
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
- შამფურზე მინდა ხაჭაპური გამოვაცხო, ბუხარში უფრო გემრიელი გამოვა, ვიდრე ელექტრო ღუმელში.
- ხაჭაპური შამფურზე? - ბიჭმა თვალები დაჭყიტა.
- ჰო! უნდა ვცადო, პირველად ვაკეთებ ასე!
- მერე გამოვა?
- ძალიან გემრიელია და ძალიან მიყვარს, მაგრამ თავად, არასდროს მიცდია.
- ვის ელაპარაკები? - კაბინეტიდან დაიგრუხუნა, ფიფოს ხმამ.
- არავის! - ჩუმად ჩაეღიმა მიმის. - ჩემს თავს ვუმტკიცებ ტაფის ხაჭაპური სჯობს, თუ შამფურის! - და ბიჭს თვალი ჩაუკრა.
ბიჭს ცოტა გულზე მოეშვა და ახლა უფრო მადიანად შეუდგა სადილს.
LEX. 2019 წლის 2 ივლისი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment