Monday, July 22, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 15)

15.
- ხელი გამიშვა! ნამდვილად ხელი გამიშვა. - ზლუქუნებდა ფიფო. - ამით, კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა ჩემზე და რატომ? რატომ გამოდის ყოველთვის გამარჯვებული ის, ვინც... ის, ვინც... - ფიფომ ახლა ამღვრეული თვალები, მოძღვარს შეანათა. - ვიცი, ვიცი! ყველაფერი ვიცი მასზე! წლების მანძილზე, კვალში ვედექი! მე ვიყავი ის პირველი, ვინც ბატონი პროფესორი, მიზანში ამოიღო! მე მივადექი პიპას კვალს და სრულიად შემთხვევით, თურმე მეტოქეებიც აღმოვჩნდით! თუმცა, არა, არა! ეს სულაც არ იყო, შემთხვევითობა და სამწუხაროდ, მაგასაც მე შევუწყვე ხელი! და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უამრავი მიზეზი მქონდა დაგროვილი მის გადასარჩენად! აი, ამიტომაც უფრო მინდოდა მისი გადარჩენა! აი, ამიტომ უფრო მინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო და... და... - ფიფომ ძლივს ამოისუნთქა. - ვინ იცის? იქნებ, ჩემს ცოლს ჰგონია, რომ სპეციალურად დავღუპე, ვინ იცის? იქნებ, ყველას ასე ჰგონია? და იქნებ? იქნებ? იმასაც ფიქრობენ, რომ ამის გამო, ასე დავისაჯე და დავსახიჩრდი? ღმერთმა დამსაჯა ასე...
- უფალი არ სჯის, შვილო. - მშვიდი ხმით მიუგო მოძღვარმა. - საკუთარ თავს, ყველა თავად სჯის და ახლა, შენ თვითონ ისჯი შენს თავს. 
- ჰო! ჰო! ყველაფერი ჩემი ბრალია!
- რა თქმა უნდა, შენი ბრალია. - ჩაეღიმა მოხუც მოძღვარს. - ეს პროფესია შენი არჩევანი იყო და თუ ოჯახმა დაგაძალა, მაინც შენი გადადგმული ნაბიჯი გამოდის. არა, არ იფიქრო, რომ ამით, შენს სამსახურს გიწუნებ.
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი.
- ყოველი ადამიანი, თავად ირჩევს, თავის ნაბიჯს და რამდენად გონიერად თუ უგონოდ, ეს უკვე, იმ მისი არჩეული ნაბიჯის, შედეგი იქნება.
- მაინც, ჩემი ბრალია, მაინც! უტვინოდ ვიმოქმედე, ამბიციებს ავყევი და ბოლოს, აი ასე გამოვიდა, ჩემი ბრალია, ჩემი! - ფიფომ ამოიხვნეშა. - კი, ჩემი ბრალია, რომ არასწორად ვაწარმოე გამოძიება, მაგრამ გულს მაინც, ერთი რამ მიმშვიდებს. მე ვიყავი, ის პირველი და ერთადერთი, ვინც სერიული მკვლელის კვალზე გავედი და თანაც, სულ სხვა მხრიდან, სწორედ იქიდან, საიდანაც არ ელოდა, საკმაოდ გამჭრიახი პროფესორი, სწორედაც რომ იქიდან მივადექი!- ფიფო გაყუჩდა.
ერთ ხანს, არც მოძღვარი იღებდა ხმას.
ფიფომ წინდის ჩაცმა სცადა. მამაომ არ დაანება.
- აბა, როდემდე ვიყო, ასე? - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს.
- იყავი, ჯერ კარგად უნდა შეიწოვოს კანმა, რომ ცოტა დაგიამდეს.
- კი მომეშვა, მართლა აღარ მტკივა, მაგრამ მაინც ისე ძაან გამისივდა, კოჭის ძვალიც კი აღარ ჩანს. ჰმ, თუმცა, სადღა მაქვს. - ჩაილაპარაკა ბოლოს.
- ჰოო, მაგას უკვე, ექიმის ხელი უნდა. კარგი მკურნალის მადლიანი ხელი.
- ღმერთი, აქ უძლურია, არა? - ცინიკურად ჩაეღიმა ფიფოს.
- ღმერთი უძლური არ არის, ღმერთი უხილავია და ხილულ კარგ მკურნალში ჩადებს მის ძალას. 
- მაშინ რატომ ხდება, რომ ბევრ დაავადებას, ვერ არჩენენ? - გამომცდელად ჩაეკითხა ფიფო. - მაშინ, სად არის ღმერთი?
- ხომ გითხარი, კარგ მკურნალში და არა ჩვეულებრივ დიპლომიან ექიმში. - მამაოს გაეღიმა და უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - არც მხოლოდ მარტო უფლის იმედზე ყოფნა ვარგა.
- ჰო, ის ექიმიც, მორწმუნე უნდა იყოს, აბა ისე როგორ? - ირონიულად ჩაეღიმა ფიფოს. - ჩვენთვის, ნახევრად მორწმუნეებისთვის და ურწმუნოებისათვისაც, რომ გაისარჯოს.
- ყველამ, თავისი მოვალეობა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს. არც ექიმმა და არც სხვა არავინ, არ უნდა მოჰკიდოს იმ საქმეს ხელი, სადაც არაფერი გაეგება. აი, ამაშია საქმე და აი, ამაშია უფლის მადლი, რომ სინდისი სუფთა და ალალი გული გქონდეს, დანარჩენი კი ცოდნა და გამოცდილებაა.
- ჰმ, მკვლელიც კი ჩემზე მორწმუნე გამოდგა. - ჩაეცინა ფიფოს, მოძღვარს თვალებში ჩახედა და თითქოს, დანაშაულზე წაასწროო, ისე მიახალა. - ვიცი, ყველაფერს მოგიყვებოდა და ყველაფერს იტყოდა აქ და მეც მინდა, ყველაფერი ვიცოდე! ყოველი მკვლელობის გაშიფვრა მინდა ბოლომდე, რომ ახლა მაინც, აღარაფერი იყოს ჩემთვის დამალული! ვიცი, მხოლოდ შენ გეტყოდა და მხოლოდ, აქ!
- შვილო, მე მოძღვარი ვარ და აღსარება ჩავიბარე, აღიარებითი ჩვენება კი არ ჩამომირთმევია. - ღიმილით მიუგო მამაომ.
- ესე იგი, იყო აქ?
- ხშირად ამოდიოდა და სიყმაწვილის წლებიდანაც, აქ იზრდებოდა.
- და აღსარებაზე, რომ მოდიოდა? ნუთუ, ჩადენილი ბოროტმოქმედების ჩამორეცხვა, ასე იოლია?
- არა, შვილო. - მამაომ ამოიხვნეშა. - აღსარებაზე, მხოლოდ ერთხელ იყო ჩემთან. ჭკვიანი კაცი ხარ შენ და გეცოდინება, რომ აღსარების საიდუმლოს, ვერ გავთქვამ!
- ჰო, მაგრამ ნუთუ მერე, არაფერი უთხარით? ან არ გაკიცხეთ ან?..
- ბევრი რამეც ვუთხარი, გავკიცხე კიდევაც და რჩევაც მივეცი!
- რა უთხარით? რა ურჩიეთ?
- მას მერე, რაც ჩემთან აღსარებაზე იყო, შემიძლია დაგარწმუნო, რომ აღარაფერი ჩაუდენია და ასე მითხრა: - ერთ დღესაც მიხვდი, რომ პატიება, შურისძიებაზე აღმატებულია და ამიტომაც არის ყველაზე რთული, რომ აღმატებულია, ყველაზე და ყველაფერზეო.
- ჰო, ამოხოცა ხალხი და მერე კარგ დროს მიხვდა.
- წამითაც არ გაივლო გულში, რომ მის საქციელს ვამართლებ! არავითარ შემთხვევაში! არანაირი გამართლება არ აქვს ერთი ადამიანის მიერ, მეორე ადამიანის სიცოცხლის, ხელყოფას! - მამაომ წამით იყუჩა და უფრო დაბალი ხმით დასძინა. - და არც, სხვა რამ ბოღმა და შურისძიებაა გამართლებული! 
ეს ბოლო სიტყვები, კონკრეტულად ფიფოს ეკუთვნოდა და ისიც მშვენივრად მიხვდა ამას. 
- შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ამოვიჩემე და გასაქანს არ ვაძლევდი. - დაიწყო ფიფომ. - ალბათ, სადღაც მასეც იყო, მაგრამ ჩემი მოვალეობა მქონდა, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, თუმცა მაინც, არაფერი გამოვიდა, ვერაფერს გავხდი! 
მამაომ ეჭვიანი მზერა მიაპყრო, ფიფომ კი განაგრძო:
- ვიცოდი, ყველა გზა, მისკენ მიდიოდა, აკი მივადექი კიდევაც, მაგრამ... მერე გამოუჩნდა უამრავი დამცველი ხალხი.
- ვინ დამცველი?
- არა, განა მკვლელს იცავდნენ, უბრალოდ ჩემს გამოძიებას, თითქოს, მასხრადაც იგდებდნენ! ჩემს მიერ მოძიებულ ფაქტებსაც კი გვერდს უვლიდნენ. სამაგიეროდ, თავზე გადამახტნენ და მზამზარეულზე, ადვილად გავიდნენ ფონს. - ფიფომ იყუჩა და ისევ განაგრძო. - არანაირი სხვა ინტერესი არ მქონია! მე ჩემი საქმე მქონდა და პირველ რიგში, ჩემი პროფესიონალური მოვალეობის შესრულების წყურვილი მკლავდა და მაგათგან განსხვავებით უბრალოდ... უბრალოდ, არ ვიყიდებოდი, რადგანაც კარგად ვიცი, რომ გამყიდველობა, მერე უფრო ძვირად გიჯდება. 
- მასეა ყველაფერში. ეშმაკს, რომ სულს მიჰყიდი, მისი საზღაური, აქეთ ორმაგი გიჯდება კაცს.
- დიახ, მასეა! - კვერი დაუკრა ფიფომ.
- ბევრი ვერაფერი გავიგე შენი საუბრიდან, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ ეჭვმიტანილი კი არ გიშლიდა ხელს გამოძიებაში, არამედ პირიქით ისინი, ვინც, გვერდში უნდა ამოგდგომოდა.
- ბევრი კი არა ზუსტად, რომ სწორად და ზედმიწევნით გაიგეთ! - თავი დაუქნია ფიფომ. - სამწუხაროდ, მასე იყო და ყველაზე საოცარი და დღემდე ჩემთვის გამოუცნობი ხდება ის, რომ... - ფიფო გაჩუმდა. არ იცოდა ეთქვა თუ არა ბოლომდე, რაც აწუხებდა და რის ეჭვებშიც იყო.
- ჩვენ ახლა შინაურულად ვსაუბრობთ. - დინჯად დაიწყო მოძღვარმა. - იქნებ, უკვე დადგა დრო, რომ აღსარებაში ჩამაბარო. ბოლომდე ამოთქვა ის, რაც გაწუხებს.
პასუხად, ფიფოს გაეღიმა. ზუსტად ეს უნდოდა. ზუსტად ეს სჭირდებოდა, რომ ვინმესთვის გაემხილა თავისი ეჭვები და თანაც, არავის სცოდნოდა. სწორედაც, რომ აღსარების საიდუმლო შეინახავდა, მის სიტყვას.
- რა ვიცი, აბა. - ფიფომ თითქოს, უკან დაიხია, მაგრამ თვალებში, აშკარად იმედის სხივი ჰქონდა ჩამდგარი. - იქნებ, ისეთი რამ ჩავიდინე, რასაც მე ცოდვად არ ვთვლი და სინამდვილეში კი?.. 
- აღსარება, მაინცდამაინც, ცოდვის აღიარება კი არ არის. აღსარება სულის ტკივილის ამოძახილია. რაც გაწუხებს და გულს გიჭამს, სწორედ იმის ამოთქმაა. 
- ახლა ასე უცებ, ბევრიც არაფერი მახსენდება.
- გულში უნდა გაწუხებდეს, აბა ისე, რა აზრი აქვს ამბების მოყოლას.
- აქამდე მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო, რადგან კარგად ვერ მოვეჭიდე, ვერ გადავარჩინე, ახლა კი ლამის, დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ გამიშვა ხელი, მაგრამ მე უფრო, სულ სხვა რამ მაწუხებს და წლების მანძილზე მჭამს. - ფიფო წამით შეყოვნდა და მერე თითქოს, უფრო მეტი ძალა მოიკრიბა. - ან თუ ცოცხალია!.. ან საფლავი მაინც სად არის?.. 
- წლებია, არაფერი მსმენია მასზე. - მამაომ თავი გააქნია. 
- ჰმ, რომ იცოდეთ, მე მაინც არ მეტყოდით, ალბათ? - ჩაეცინა ფიფოს.
- თუ აღსარებით მოვისმენდი, ცხადია არ ვიტყოდი.
- ესე იგი, მართლაც არაფერი იცით?
- ვერც ცოცხლებში ვიხსენიებ და ვერც მიცვალებულებში. - მოძღვარმა ამოიხვნეშა. - ლოცვისას, მხოლოდ იმას ვამბობ, სადაც არის და როგორც არის... - მერე ფიფოს ღიმილით მიუბრუნდა. - შენ უფრო არ უნდა იცოდე, სად შეიძლება იყოს?
- ვერაფერი გავარკვიე, რადგან არ ვიყიდებოდი და ამიტომაც, ვინ რას მეტყოდა? - ჩაეცინა ფიფოს. - ისე შესაძლებელია, რომ მისი ანდერძი არსებობდეს? 
- რატომაც არა! ამაში რა არის გასაკვირი?
- ცოტა უცნაური პირობით უნდა გაიხსნასო, ამასაც ისე, ძაან შორიდან და სრულიად შემთხვევით მოვკარი ყური და ისიც არ ვიცი, მართალია, თუ არა.
- ჰმ. - გაეცინა მამაოს. - არ ვიცი, ვინ რა გითხრა, მაგრამ... - აქ მამაო შეყოვნდა. - თუ პიპა აღარ იქნებოდა, ანდერძი გაიხსნებოდა, ბავშვის დაბადებიდან, ნებისმიერ მეშვიდე წელიწადს.
- რაა? ვერაფერი გავიგე?
- ანდერძი გაიხსნება, მისი გარდაცვალებიდან, მეშვიდე წელს. ან ბავშვის დაბადებიდან, მეშვიდე წელს და თუ იმ წელს ვერ მოხერხდა, მაშინ მომდევნო მეშვიდე წელს.
- რაღაც ვერ გავიგე? ყოველ მეშვიდე წელს, რას ნიშნავს? - გაიკვირვა ფიფომ.
- თუ დავუშვათ, მამა გარდაიცვლებოდა, როცა ბავშვი ათი წლის ეყოლებოდა, მაშინ ანდერძის გახსნის თარიღი, დაემთხვეოდა შვილის, ცამეტი წლის თავს.
- და ახლა? როცა ბავშვის დაბადებისთანავე გაუჩინარდა, ახლა როგორ იქნება?
- ახლა, თუ იმ დღიდანვე გარდაცვლილად გამოცხადდა, ბავშვი როგორც კი, ექვსი წლის გახდება...
- აბა მეშვიდე წელსო? - არ აცალა ფიფომ სიტყვის დასრულება.
- ჰო, მასეა! - ჩაეღიმა მოძღვარს. - როცა უკვე ექვსის გახდება, მის მერე, მეშვიდე წელში, არ გადადის?
- აჰა, გასაგებია და რომ არ არის არსად აღრიცხულ არც მკვდარი და არც ცოცხალი, მაშინ? მაშინ როგორ იქნება, მისი საქმე?
- თუ გინდა, რომ ანდერძი გაიხსნას, მაშინ უნდა დადასტურდეს მისი გარდაცვალებაც, არა?
- მე არაფერი მინდა! - თავი გააქნია ფიფომ. - და არც არავის ქონებაზე მრჩება თვალი! არც ბავშვს არაფერი აკლია და საკმარისი მემკვიდრეობაც აქვს! უბრალოდ, მართლა სერიოზულად დავინტერესდი, რა წერია ასეთი, იმ ანდერძში? და რატომ არის ასე გასაიდუმლოებული მისი არსებობა? ან ეს მეშვიდე წელი რაღას ნიშნავს? რატომ? და რატომ მაინცდამაინც, ამ შვილზე და არა... და არა... 
- არც კი ვიცი, რა ახირება იყო, ან რატომ? - მხრები აიჩეჩა მოძღვარმა. - ალბათ, ოდესმე აეხდება ფარდა ან სულაც, ასევე დაფარულად დარჩება.
- ესე იგი, მე ვარ, ერთადერთი მოწმე, ვინც დაადასტურებს, რომ ის დაიღუპა? 
- ასე გამოდის, მაგრამ მაინც შენი ნებაა, ამის დადასტურება ან უარყოფა, როგორც სინდისი გიკარნახებს, ისე უნდა მოიქცე, შვილო.
- ტყუილს ხომ ვერ დავამტკიცებ? მხოლოდ ის ვნახე, რომ... - ფიფო გაჩუმდა და მერე ვედრებით შეხედა მოძღვარს. - რჩევა მინდა, მამაო! თქვენ, რას მირჩევდით? მირჩიეთ რამე?
- ადამიანის გაუჩინარებიდან, სადღაც ხუთი წელი როცა გადის, ხშირად მას უკვე გარდაცვლილად სთვლიან, თან ოფიციალურად. ეს შვილო, შენ ჩემზე კარგად იცი და თუ გულით გინდა გაიგო, რა წერია იმ ანდერძში, შენზე უკეთ, ამას ვინ დაამტკიცებს, რომ მართლა დაიღუპა თუ არა.
- ჰო, მაგრამ არც ტყუილი მინდა, რომ გამომივიდეს და არც ის, რომ ხალხი ვაყაყანო, თითქოს, სხვის ქონებაზე მრჩებოდა თვალი და მაშინ ხომ ისიც გაირკვევა, რომ ბავშვი... ბავშვი ჩემი...
- ბავშვი შენია! ოფიციალურად შენია! და რაც შეეხება ანდერძის შინაარსს, მე ვისაც მინდა, რამდენიც მინდა და რასაც მინდა, იმას დავუტოვებ, ასე არ არის? - ისე ჩაეღიმა მოძღვარს, თითქოს მართლა სცოდნოდა, თუ რა ეწერა იმ ანდერძში.
- პრინციპში, მასეც უნდა იყოს. - თავი დაუქნია ფიფომ. - ხომ არავინ მაიძულებს და რასაც მინდა იმას ჩავწერ, განსაკუთრებით თუ ეს ქონებას ეხება, ის რაც მართლა ჩემია და მე მეკუთვნის და მართლაც, ვისაც მინდა, იმას დავუტოვებ!
- და იქნებ, იმ ანდერძში, ქონებაზე სულაც არ არის საუბარი და სულ სხვა რამ წერია? ხომ შეიძლება?
- როგორ არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვშიშობ, როცა ყველაფერი გაიშიფრება და გამოაშკარავდება, ამით ჩემი მამობის ნამდვილობის საკითხიც დადგება და ეს, ნამდვილად არ მინდა! არაფერში მარგებს ზედმეტად სხვისი ვინმეს ქონება, ჩემს შვილს არაფერი აკლია და რომც აკლდეს, არ ვაპირებ მამობის დათმობას! - მტკიცედ მიუგო ფიფომ.
- მაშინ დამშვიდდი, დაშოშმინდი და გააგრძელე ცხოვრება, ვხვდები რაც გაწუხებს.
- მირჩევნია, სამუდამოდ ჩემი ბიჭის მამად დავრჩე და თუნდაც, უბრალო მუშად ვიმუშავებ! შევეცდები, არაფერი მოვაკლო და არაფერი გავუჭირვო! სხვისი ქონება, არაფერში მჭირდება!
- ჰოდა, იყოს ისე, როგორც არის.
- ჰო, იყოს! - ამოისუნთქა ფიფომ და აშკარად გულზე მოეშვა. - უჰ!
- ჰმ. გაწუხებდა, არა? - გაუღიმა მოძღვარმა.
- ასე მგონია, გულს უმძიმესი ლოდი მომეხსნა, მაგრამ აქ სულ სხვა საქმეზე ჩამოვედი და სულ სხვანაირად გამოვიდა. 
- მოდი, ბარემ ის საქმეც მოვაგვაროთ და მერე ცოტაც წავიხემსოთ. - ღიმილით უთხრა მამაომ და ტაძარში შემოსულ ბიჭებზე მიანიშნა.
მართალია, ფიფომ იუარა და თავს იგიჟებდა მე თვითონ ჩავალო, მაგრამ ყურიც არ დაუგდეს, ისე აიტაცეს ხელში და ისე ჩააცუხცუხეს ქვემოთ ეზოში, სადაც უკვე დიასახლისს, დიდი კაკლის ძირში სუფრაც გაეშალა. 
LEX. 2019 წლის 17 ივნისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment