Saturday, February 3, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 103)

103.
პიპა მთელი კვირა სახლიდან არ გასულა. საჭმელსაც წესიერად პირს არ აკარებდა. შეკეტილი იყო კაბინეტში და იქიდანაც იშვიათად გამოჰყოფდა ცხვირს. სიდედრი ცდილობდა, სიძისთვის ხელი არ შეეშალა და ფეხაკრეფით შედიოდა მის ოთახში. ლანგარს უტოვებდა და ასევე უჩუმრად გამოდიოდა. საწერ მაგიდასთან თავჩარგული პიპა კი, სიდედრის შემოსვლას, თითქოს არც ამჩნევდა. 
სახლში ფიქრობდნენ, რომ პიპა ახალ ნაშრომზე მუშაობსო, სინამდვილეში კი გეგმას ადგენდა. 
ჯერ თავადაც არ იცოდა, რა გეგმა იყო და რას მოუტანდა. მხოლოდ ერთი იცოდა, რომ ყველა უნდა მოეძებნა, სათითაოდ უნდა ჩაეხედა თვალებში და მერე?
რა უნდოდა მათგან?
რას მოითხოვდა? 
როცა მომაკვდავ ბებიას მიადგა. სიკვდილის პირას მისულმაც კი არ ისურვა, სინანული გამოეთქვა ჩადენილი საქციელის გამო. სასიკვდილო ტკივილებისგან იკრუნჩხებოდა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მაინც ზიზღს აფრქვევდა.
მისი მკვლელობა, უფრო ევთანაზიას ჰგავდა. თუმცა, არც მკვლელისგან წინასწარ დაგეგმილი იყო და არც ავადმყოფის მოთხოვნა ყოფილა. 
უნდოდა თვალებში კარგად ჩაეხედა.
იქნებ?
მაგრამ არავითარი, იქნებ!
სინანულის ნაცვლად ქალს, ისევ გესლი ამოსდიოდა პირიდან და საშინლად აუტანელი იყო, მისი ნახევრად ჩამწყდარი, ოდნავ ხრინწიანი ხმაც.
მერე ხველა აუტყდა, ლაპარაკი გაუჭირდა, მაგრამ გესლს არ აკლებდა.
პიპამ ხელში ჩაბღუჯული თეთრი აბრეშუმის ცხვირსახოცი გამოგლიჯა და მის თავთან სიმაღლეზე აღმართა. ქალმა სახე დაძაბა, ვერ მიმხვდარიყო რას უპირებდნენ. პიპამ ხელი უშვა, ცხვირსახოცი ფრიალით დაეშვა სახეზე და ისე დაეფარა მარტო შიშისგან გაფართოებული თვალებიღა მოუჩანდა. მაინც აბუტბუტდა. ვერ გაჩერდა და მხოლოდ მაშინ დადუმდა, როცა პიპამ მისი სიცოცხლის ხელყოფა გადაწყვიტა. ცხვირსახოცის ნიღბის ქვეშიდან უფრო მეტად დაჭყეტილი თვალებით გადმოხედა და სულიც განუტევა.
ყველაფერი თავისთავად წარიმართა. სიტყვას სიტყვა მოჰყვა, ბოღმას გესლი და ფინალში კი მაინც, მკვლელობა გამოვიდა.
შემოდგომის ბოლო თვე იწურებოდა
შაბათი საღამო იყო.
რამდენიმე თვის მერეც, იგივე განმეორდა და ისევ ისე. მკვლელობა სულაც არ ჰქონია განზრახული, მაგრამ ვერც იმ მსხვერპლში გამოიწვია სინანული და თავიც ვეღარ მოთოკა.
გალოთებულ და ყველასგან მოძულებულ კაცთან გააბა ნაცნობობა. 
ჯერ შორიდან უტრიალა. ხშირად აივლიდა და ჩაივლიდა მისი სახლის წინ, სადაც იმ უბნის ლოთები იყრიდნენ თავს. ეზოს კართან ჩადგმულ პატარა მაგიდაზე, ნარდს აგორებდნენ და გამვლელ-გამომვლელს, სიგარეტს სთხოვდნენ. 
პიპასაც მეტი რა უნდოდა. მშვენივრად ისარგებლა. ხან მთლიან კოლოფ სიგარეტს უტოვებდა, ხანაც ძეხვი და არაყიც ჩაუდგა ნარდზე. 
იმ ლოთი კაცის სახლი, გარეუბანში, სწორედ იმ ადგილის შორიახლოს იყო, სადაც პიპამ, სრულიად შემთხვევით იქირავა ბინა და ესეც ალბათ, მისი ბედისწერა იყო. 
მარტოხელა კაცი, ყველასგან მიტოვებული, გაპარტახებულ სახლში ცხოვრობდა. თუმცა, უახლოესი ნათესავები კი ჰყავდა დასახელებული მემკვიდრედ, მაგრამ მისი პატრონი, მაინც არავინ იყო. 
- ჰმ, ვინ იცის? როგორ ელოდებიან შენს სიკვდილს. - ფრთხილად, შეპარვით აწვეთებდა პიპა გესლს.
კაციც თავის უქნევდა. ეთანხმებოდა და ერთ დღესაც, არყით გაბრუჟულმა, მისი ცხოვრების ისეთი დეტალები გაანდო, რაზეც პიპას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა და კიდევ უფრო მეტად გაუძლიერა ამ კაცის მიმართ, სიძულვილი და ბოღმა.
- არ გერჩივნა, ვინმე ობოლი აგეყვანა, მოგივლიდა. შენი ძმის შვილიშვილები, ხომ ხედავ? არც კი გკითხულობენ! 
- სხვისი ნაბიჭვარი, რა ჯანდაბად მინდოდა?! რა ვიცი მერე, რა მოუვლის თავში, იქნება და ყელიც გამოეღადრა! - ადუდღუნდა კაცი.
- შენი ყელის გამოჭრას, ისევ შენივე ნათესავები ელოდებიან, ხომ ხედავ? - კვლავ ჩაგესლა პიპამ.
- ისე, ხო არიან ღირსები, ვიღაც უცნობს, რომ დავუტოვო ეს კარ-მიდამო, ჰა?! - ახიხინდა კაცი. - რა ქონებაც ესაა, ერთი გაპარტახებული სახლია, მაგრამ სამაგიეროდ რამხელა ეზოა?! აქაურობას, კაი პატრონი რომ ყავდეს, აქ ისეთი სახლი აშენდება, როო! ამ ეზოსაც ბაღნარად აქცევდა, წინ აუზი ექნებოდა, აქეთ მანქანის სადგომი, იქეთ... ეჰ!
- ალბათ, არ დაიმსახურე! თავის დროზე სითბო და სიყვარულიც სათანადოდ არ გაეცი და აი, სიბერეში მოსავალს იმკი! - პიპამ კიდევ ჩააწვეთა შხამი.
კაცმა ამოხვნეშა. აკანკალებული ხელით, ძლივს დაისხა არაყი. შენი სადღეგრძელო იყოსო, გადაჰკრა და უსიამოვნოდ დაიჯღანა.
პიპა გაყინული სახით შეჰყურებდა.
რა უნდოდა ამ კაცისგან, რას მოითხოვდა? თვითონაც არ იცოდა და მაინც ვერ ტოვებდა იქაურობას. 
უკვე მთელი თვეა უტრიალებდა. 
ლექციებიდან დაღლილი, ჯერ ბავშვს მოინახულებდა და სანამ არ თავად დააძინებდა, არც გამოდიოდა სახლიდან.
ბავშვის აღზრდა განვითარებისთვის, პიპამ კერძო ინსტრუქტორი დაიქირავა და როგორც კი დროს გამონახავდა, ინტერესით ადევნებდა თვალყურს. 
იმ დღესაც, პიპას ცოტა ადრე მოუწია შინ დაბრუნება და მაშინვე ბავშვის ოთახს მიაშურა. ხალიჩაზე ბევრი ფერადი კუბები გაეშალათ და რომელსაც პედაგოგი მიაწვდიდა, იმავე კუბით, პიპას პატარა, ფერების მიხედვით აწყობას ცდილობდა. 
პიპა ერთ ხანს აკვირდებოდა. ბავშვი, როცა სწორად მოარგებდა ფერს ან ფორმას ზუსტად დასვამდა პასუხად გაუღიმებდნენ, შეაქებდნენ და ასე გრძელდებოდა სწავლება.
- და წართმევას თუ ასწავლით?
პიპას შეკითხვით გაკვირვებულმა ინსტრუქტორმა სათვალის ქვემოდან გამოხედა. 
- ჰო, რა იყო? - კვლავ ჩაეკითხა პიპა. - წართმევას თუ ასწავლით? თავის დაცვას? წართმეული ნივთს დაბრუნებას? 
- ჩვენი ინსტრუქციის თანახმად, ბავშვმა უნდა ისწავლოს შენება და არა ნგრევა! შუღლი, ბოროტება, განადგურება ამას ჩვენ...
- გასაგებია, რომ სიკეთეს ქადაგებს თქვენი, ეგრეთ წოდებული, ინსტრუქცია, მაგრამ დღეს მე ვყავარ და ხვალ, რომ მე აღარ ვიქნები და ზეგ! სხვა ოჯახის წევრებიც, მაშინ რა ეშველება? როგორ უნდა დაიცვას თავი, თუ კი არ ეცოდინება, რომ ამ ქვეყნად, სიკეთესთან ერთად, ბოროტება და შუღლიც არსებობს! თუ საჭიროა, უნდა დაარტყას კიდეც! მთავარია, პირველმა არ დაიწყოს, თორემ თავის დასაცავად, ბრძოლაც ბოლომდე უნდა იცოდეს! მოგერიება შესძლოს! თქვენ კი, ცხოვრების ვარდისფერ სათვალეზე, უფრო ვარდისფერ ტონს უმატებთ!
ქალმა მხრები აიჩეჩა და უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა:
- ამდენი წელია ვასწავლი და არასდროს დამჭირვებია ბავშვისთვის, ცემა-ტყეპა მესწავლებინა. ხულიგნობის შესწავლა, აღზრდის მეთოდში, თუ შედიოდა ნამდვილად არ ვიცოდი!
- მე თქვენ, სულ სხვა რამ გითხარით და თქვენ კი, გწყინთ! საკუთარ თავს შეურაცხყოფილად თვლით! მე კი მინდა გითხრათ, რომ თქვენი მეთოდები მოძველებულია და დღევანდელ ცხოვრებაში აღარ გამოდგება! არ გაამართლებს, ის ვარდისფერი ტონი! თუ გინდათ, რომ ბავშვი შეეჩვიოს იმ სამყაროს, რომელშიაც უნდა იცხოვროს, თავის დაცვაც უნდა შესძლოს და უნდა იცოდეს, როდის არის საჭირო, საპასუხო მუშტი! - პიპამ ცოტა ხმას აუწია.
ქალმა არაფერი უპასუხა, ისევ უკმაყოფილო სახით ატრიალებდა ხელში კუბს და უკვე აღარ იცოდა შეჩერებულიყო, თუ ისევ მიეწოდებინა ბავშვისთვის.
- აი, ნახეთ ახლა! - პიპამ ბავშვს, ერთი კუბი ოდნავ უხეში მოძრაობით წაართვა. 
ბავშვმა ოდნავ თითქოს, გაკვირვებით შეხედა და სხვა კუბი აიღო. პიპამ ახლა ისიც წაართვა. ბავშვმა კვლავ სხვა აიღო, ისე რომ ძველი, არც გახსენებია და კიდევ რამდენჯერმე, ასე განმეორდა.
- აი ხედავთ? - პიპამ პედაგოგს გახედა. - ამაშია საქმე! უნდა ისწავლოს, თავისი ნივთის დაბრუნება. თუ აქედანვე არ შეეჩვია და არ ისწავლა, ასე ცხოვრებაში დაიკარგება, მით უმეტეს, რომ ისედაც დაკარგული ბავშვია! უნდა იცოდეს, რომ ცხოვრება ბრძოლაა! და თუ სურს, აი ამ კოშკის ბოლომდე აგება, ამისთვის უნდა მოიპოვოს საშენი მასალა! სწორედ ის, რომელიც მისია! მას ეკუთვნის! მოითხოვოს! დაიბრუნოს! იბრძოლოს! იცოდეს უნდა, რა არის მისი და რა არის სხვისი, ისიც უნდა ისწავლოს, რომ სხვისი ნივთს აღება ცუდია და არც მას უნდა მოსწონდეს თავის ნივთს, როდესაც ართმევენ! თავის გატანა უნდა შეეძლოს! უნდა იცოდეს, საკუთარი თავის დაცვა!
- კეთილი. შევეცდები, რომ როგორმე ავუხსნა. იცით, რა რთულია ასეთი ბავშებისთვის...
- დიახ, გეთანხმებით! ვიცი, რომ რთულია და ამიტომაც, ყველაზე საუკეთესო პედაგოგი შეგარჩიეთ და არა ვიღაც შემთხვევითი და რიგითი! ჰოდა, მიდით და მიხედეთ საქმეს! თქვენი იმედი, რომ მაქვს იმიტომ ხართ აქ!
ქალი ისედაც ნირწამხდარი იჯდა, სწავლების მეთოდი დაუწუნეს და ახლა ისე ესიამოვნა პიპას შექება, რომ სახეგაბადრული აქაქანდა:
- მართალს ბრძანებთ, ეს ბავშვები... 
მაგრამ პიპა აღარ აქცევდა ყურადღებას, თავის პატარასთან ერთად, თამაშში იყო ჩართული. 
მერე მოგვიანებით ბავშვი, რომ დააძინა ისევ იმ ნაქირავები სახლისკენ გასწია. გზად კი, იმ ლოთ კაცს შეუარა.
პარასკევი საღამო იყო. 
მალე შაბათიც გათენდებოდა.
- ეჰ, მყავდა შვილი.
- მართლა? მერე? - გაიკვირვა პიპამ.
ბევრი არაფერი იცოდა ამ კაცის პირადი ცხოვრების შესახებ. მხოლოდ ერთი რამ იცოდა, ეს ის კაცი იყო ვინც, შვილის სანახავად მისული, გულმოკლული პატარა დედიკო, არ დაინდო და კიბიდან ხელის კვრით ისე გადააგდო, წარბიც არ შეურხევია. სწორედ ეს ის დარაჯი იყო. 
- ეჰ... - ხელი ჩაიქნია კაცმა.
- მომიყევი. - პიპა მოსასმენად მოეწყო.
- რა უნდა მოგიყვე? იყო ერთი პატარა გოგო და აღარ იყო! იმის მერე, ცოლიც გამშორდა და დავრჩი ასე. - კაცმა თავი ჩაქინდრა. - ჰო, მყავდა შვილი, მყავდა. პატარა გოგო. 
- ჰოო, ცუდი ამბავი მოგსვლია. - ამოიხვნეშა პიპამ. - შენმა ცოდვებმა, უდანაშაულო ბავშვი შეიწირა.
- ჩემმა ცოდვებმა, რატომ? ვის რა დავუშავე, ამის ფასი?
- აბა მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ამბობენ, ცოდვები შვილზე გადადისო და მას მოეკითხებაო და რა ვიცი? შენს ცხოვრებას გადახედე, აბა? უცოდველი ადამიანი, არ არსებობს! უცოდველი, მხოლოდ ჩვილია. 
კაცი ჩაფიქრებული უსმენდა. პიპა კი განაგრძობდა.
- ადამიანს, აზროვნების ჩამოყალიბებისთანავე ეწყება სიძულვილისა და სიყვარულის გრძნობა! იწყებს, სიხარულს, შურს, სიყვარულს, ბოღმას, ქიშპობას და არ ჩერდება, სანამ ვინმეს არ დაღუპავს და ან თავსაც არ დაიღუპავს! ან კი, პირიქით! სიყვარულით ივსება და სხვასაც ავსებს! თუმცა, მეეჭვება, მარტო სიყვარულით ვერ ცხოვრობს ადამიანი. ზოგჯერ, შუღლი და ბოღმა, ისე გადაწონის მის სიყვარულს, რომ მერე, ვინ იცის? 
- ჰოო. - თავი დაუქნია კაცმა.
- შენც გექნება რამე ცხოვრებაში ისეთი ჩადენილი, რომ ახლა ზღავ მის საზღაურს.  - კვლავ განაგრძო პიპამ. - მაინც და მაინც, თუ კაცი არ მოგიკლავს, არავინ გაგიძარცვავს და არავისთვის არაფერი დაგიშავებია, მაშინ შეიძლება არასწორად მოექეცი, ვინმეს? ან არასწორად გაგინაწილებია შენი სიყვარული და ბოროტადაც შემოგიბრუნდა სიბერეში! - პიპა გაჩუმდა.
კაცი მოღუშული იჯდა და ხმას არ იღებდა. 
სტუმარი ერთ ხანს ელოდა. იქნებ, რამე კიდევ გაიხსენოსო, მაგრამ კაცი, ისევ უხმოდ, ჩაფიქრებული იჯდა და ხმის ამოღებას აღარ აპირებდა.
დილიდან გადაღლილ პიპას, ახლა ძილი ყველაფერს ერჩივნა. იქაურობას ზიზღით მოავლო თვალი და წამოდგომა სცადა, მაგრამ მასპინძელმა შეაჩერა. 
- დაიცა, მოგიყვები რაღაცას. 
სტუმარმა ამოიხვნეშა და სკამს დაუბრუნდა.
- ერთი შუახნის ქალი მომწონდა. - კაცმა სიგარეტს მოუკიდა ორ-სამჯერ ძლიერად მოქაჩა. - იმასაც მოვწონდი. ერთად ვმუშაობდით. ჩემ ყოფილ ცოლზე ვამბობ რა. 
პიპამ თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.
- ჰოდა, ორივენი ისეთ ასაკში ვიყავით, ბავშვის გაჩენაზე არც კი გვიოცნებია. იმას ბავშვის აყვანა უნდოდა, მე კი არა და ამაზე მაგრად ვიჩხუბეთ! ისე დავცხეთ ერთმანეთს, რომ დავშორდით კიდევაც და დიდ ხანს, ხმასაც არ ვცემდი. 
- იმის გულისთვის იჩხუბეთ, რომ ვიღაც ობოლ ბავშვს ხელს გაუმართავდა და ოჯახში აღზრდიდა? - გაიკვირვა პიპამ.
- ჰო! რა იცი, რა ჯიშია? ვიღაცის გაგდებული ნაბიჭვარი, სახლში რად მინდოდა? 
პიპას სისხლი ყელში მოაწვა, ძლივს შეიკავა თავი.
კაცმა ჩაახველა და განაგრძო:
- ბევრი ვიჩხუბეთ, არ დაიშალა და მაინც აიყვანა! მერე ერთხელაც გამოეცხადა იმ ბიჭის დედა, ჩემია ბავშვიო! ეჰ, რამდენი მასე მოსულან, რამდენი ოჯახი დაუშანტაჟებიათ და კაი ფულიც აუხევიათ! ჰო! ასეა, იწანწალებენ, იბოზებენ, მერე გააჩენენ ნაბიჭვარს, მოგიგდებენ და კაი მოვლილს რო დაინახავენ, მერე ჩემია ბავშვიო და აქეთ უნდა ეხვეწო, ოღონდაც დამიტოვე და რამდენსაც მეტყვი, იმდენს გადაგიხდიო! ვიცოდი ეს მე! ყოველთვის ასე ხდება! თანაც, თუ შეძლებული ოჯახია, მაშინ იცოცხლე! ისე გაყვლეფენ როო... - კაცი გაჩუმდა. კოლოფიდან ახალი სიგარეტი ამოიღო. 
სიგარეტის ღერი ხელში მოსრისა და ფილტრი მოატეხა. ცოტა ხნით იყუჩა. მერე რამდენიმე ღრმა ნაფაზი დაარტყა და ისევ განაგრძო:
- ერთი წანკლა ლაწირაკი გოგო დაეთრეოდა, ბავშვს ითხოვდა უკან. მთავარმა ექიმმა კატეგორიულად გამაფრთხილა, სწორედ ეგ გოგო, ახლოს არ გამეკარებინა. მაგან გაყიდა უკვე შვილი და ახლა უკან ითხოვსო! თანაც, ზუსტად მაგისი ბავში ჰყავდა უკვე ჩემ საცოლეს აყვანილი! მაგრამ კვალის ასარევად, დროებით ისევ იმ დღენაკლულებში მალავდა. - კაცმა არაყი დაისხა და სულმოუთქმელად გადაჰკრა. - ხო და, ერთხელაც, კიდე რო მოეთრა ის ლაწირაკი გოგო, არ შემოვუშვი! თვალები კინაღამ ამომკორტნა ისე მეცა! რო მოვკიდე ხელი კიბის იქეთ მოვისროლე! მის მერე, აღარც მოთრეულა!
კაცი კიდევ რაღაცას ბურტყუნებდა თავს იმართლებდა. 
პიპას კი ისე გაეყინა სისხლი ძარღვებში, რომ თავი ძლივს შეიმაგრა, ცოტაც და ყელში სწვდებოდა. თავბრუ დაეხვა და რომ არ გადმოვარდნილიყო მთელი ძალით, ორივე ხელებით ჩააფრინდა სკამს.
იქნებ, ეს სულ სხვა ისტორია იყო? პიპას არც ახსოვდა, თუ ოდესმე აყვანილი იყო. ანდა, თუ იყო, მაშინ რაღატომ იზრდებოდა ბავშვთა სახლში? 
მის მეხსიერებაში, მხოლოდ სხვადასხვა ბავშვთა სახლები იყო და არა, ჩვეულებრივი ოჯახი. რაც თავი ახსოვდა, არც არავის შვილი არ ყოფილა და არც დედა ჰყოლია და არც მამა.
- კაი ხნის მერე, ისევ შევრიგდით, ცოლად მოვიყვანე! მაგრამ ვერაფრით ვერ შევეგუე სხვის ნაბიჭვარს სახლში და უცებ, არც მოველოდით, ასაკში ვიყავით, ხო გითხარი? და მაინც შეგვეძინა გოგო! აი, მაშინ კი ბოლომდე ამოვიდგი ენა და ჩემს ცოლს კატეგორიულად გამოვუცხადე! ან მე და ან ეგ ვიღაცა ბოზანდარას ნაბიჭვარი მეთქი-იმდენი ვეძახე, სანამ უკან არ დავაბრუნებინე! 
- რაა?! რა ქენი?! - პიპამ იმხელა ხმაზე შეჰყვირა კაცი შეცბა, მაგრამ მაინც უპასუხა:
- ხო, რა ვქენი?! რაღა სხვისი ნაბიჭვარი მეზარდა, როცა უკვე ჩემიც მყავდა! რაღად მინდოდა? მაგრამ მერე, ეჰ! ჩემი პატარა გოგო, მეოთხე წელიწადში იყო, რო დაგვეღუპა! ჩემი ცოლი სულ იმას გაიძახოდა ის ბავშვი, რომ უკან ჩავაბარეთ, მისმა ცოდვამ გვიწიაო. მართლა დაგვწყევლა ალბათ, იმ შობელძაღლმა! რა ნაბოზვარი დედაც ჰყავდა, ის იქნებოდა მისი შვილიც! 
კაცი კიდევ აგრძელებდა ქაქანს და ლანძღვას, მაგრამ პიპას უკვე აღარაფერი ესმოდა.
ერთ დროს, მეხსიერებაში მიკარგული და დავიწყებას მიცემული ბავშვობის სიმწარე, ახლა თავიდან იჩენდა თავს. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გაახსენდა. თანდათან, უფრო და უფრო. უფრო მეტად და ხშირად გაგონილი სიტყვები წამოვიდა გონებაში...
„ნუ მებლანდები ფეხებში! ყოველ წუთს… ნუ მებლანდები!“
ერთ მშვენიერ დღესაც სასეირნოდ წასვლა. 
„თბილად ჩაიცვი. ეს ტანსაცმელიც წამოიღე, დაგჭირდება. სათამაშოებიც.“ 
და მერე სადღაც სტუმრად დარჩენა. დიდი ხნით. სამუდამოდ.
„აქ ბევრი ბავშვებია. გაერთობი, არ მოიწყენ!“ 
უფროსების გაყინული მზერა და მისკენ მომზირალი, მრავალი წყვილი პატარა თვალი. 
და ისევ ეს ნაცნობი ხმა და ნაცნობი სიტყვები:
„ნუ მებლანდები ფეხებში!!!“
- ფეხებში ნუ მებლანდები! ნუ მებლანდები ფეხებში! ფეხებში ნუ მებლანდები! - მთელი ხმით იღრიალა პიპამ და ყელში სწვდა კაცს.
კაცი გაკვირვებული ამღვრეული თვალებით შეჰყურებდა და თავის გათავისუფლებას ცდილობდა. 
- ვინა ხარ?! გიჟი ხარ! გადარეული! ვინ ხარ! მომეშვი!
ძლივს, როგორც იქნა, დაუსხლტა ხელიდან. გინებითა და ღრიალით, მუხლებზე ხოხვით შეეცადა თავის დაღწევას, მაგრამ პიპამ ზურგიდან თოკით მოქაჩა ყელზე. კაცი აღმუვლდა, ახრიალდა. პიპამ ახლა უფრო ძლიერად მოუჭირა და მსხვერპლი მოწყვეტილივით დაეკიდა თოკზე. 
პიპა თოკს ხელს ვერ უშვებდა, კიდევ დიდხანს ეჭირა ასე, სანამ არ დაიღალა და გვამის სიმძიმემ მკლავები არ ატკინა. ახლაღა მოეგო გონს. თავისი საქციელით გაოგნებულმა, უკან დაიხია და ახლაღა შეამჩნია, თურმე თოკით მოუხრჩვია.
ან ეს თოკი სადღა ნახა?
თოკი კი სკამზე ეკიდა, იმ სკამზე, რომელზეც პიპა იჯდა და ამ ყველაფერს ისმენდა. 
როგორ მოხდა? როგორ?
ვერაფრით იხსენებდა, როგორ მივიდა აქამდე. სულ რამდენიმე წამი გახდა საკმარისი, გონება ისე ამღვრეოდა, რომ..
იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. რამე უნდა ეღონა.
მსხვერპლი ერთხელ კვდება, დანაშაულის ადგილი კი ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს, გადაითელოს და ადვილად განადგურდეს სამხილებიც.
იმავე თოკისგან მარყუჟი გააკეთა და სახლის აივანზე ჩამოკიდა უსულო გვამი. ფეხ ქვეშ სკამიც წაუქცია და ყველაფერი ისე მოაწყო, თითქოს თვითმკვლელობა იყო. თითის ანაბეჭდების მოშორება, სულაც არ გახდა საჭირო. ამაშიც გაუმართლა, გაზაფხული იწყებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ზამთრის სუსხი ძვლებში ატანდა. მსხვერპლის სახლშიც საშინლად ციოდა და გარედან შემოსულ პიპას, ხელთათმანების გახდა არც უცდია. სრულიად შემთხვევით გაუმართლა. 
მაგიდას გახედა. თავის დანალევ არყის ჭიქას ხელი წამოავლო, საფერფლიდან მისივე მოწეული სიგარეტის ნამწვავებიც კი ამოკრიფა. კიდევ ერთხელ გაუმართლა, რადგან მასპინძელი ისე იყო უფილტრო სიგარეტს მიჩვეული, რომ ფილტრს ატეხდა და ისე ეწოდა. ამიტომაც ადვილი გახდა, სტუმრის მოწეული ნამწვავების გამორჩევა.
ყველაფერი მის სასარგებლოდ მოეწყო. 
სახლიდან უჩუმრად გამოვიდა, არავის შეუმჩნევია. 
მიდიოდა გზაზე და თან მიჰყვებოდა თოკზე ჩამოკიდებული გვამის გალურჯებული სახე.
ნიღაბი... ლურჯი ნიღაბი...
თენდებოდა. არავინ იყო, გზას მარტო მიუყვებოდა. 
ყველაფერი გონებაში თავიდან აირია. 
რა ჩაიდინა? იცის კი რაც ჩაიდინა?
რა იყო ეს?
ბოროტმოქმედება? 
მკვლელობა, თუ სამართალი?
გზადაგზა თავის თავს ესაუბრებოდა. მერე ყველაფერი ისევ აემღვრა. 
ეზიზღებოდა, ყველაფერი ეზიზღებოდა. 
გალურჯებული სახე, თვალებს უბნელებდა. ვერაფრით მოიშორა. საშინელი მუცლის გვრემა იგრძნო, ვეღარ მოითმინა და იქვე სადღაც გზაზე, ხეს მიყრდნობილს, გულიც კი აერია. 
- ცუდად ხართ? სასწრაფო ხომ არ გამოვიძახოთ?
პიპამ ძლივს ასწია თავი. მერე ცალყბად გაუღიმა და მადლობა მოუხადა. სამსახურში დავლიეთ და ვერ ავიტანეო.
ღამის პატრული თავის მორიგეობას ამთავრებდა. პიპას დახმარება შესთავაზა, თან გამჭოლი მზერით კარგად აკვირდებოდა. 
საეჭვო მართლაც არაფერი იყო. 
პატრული მაინც ადგილიდან არ იძვროდა და ისევ დახმარებას სთავაზობდა.
პიპამ სახლზე მიანიშნა, იქ ვცხოვრობო და სანამ მართლა სახლამდე არ მიაცილა იქამდე არ მოეშვა. 
ნუთუ რამე შეამჩნია? და უნდოდა დარწმუნებულიყო ვიღაც ქურდი, ავაზაკი კი არა, ჩვეულებრივი ნასვამი მოქალაქეა. არყის სუნი კი მართლაც ასდიოდა.
სახლიდან ბავშვი გამოეგება. პატრული ღიმილით დაემშვიდობა. ალბათ ჩათვალა, რომ მისი შვილი იყო. 
რა მოხდა ასეთი მერე? ცუდად გახდა კაცი, პატრულმა სახლამდე მიაცილა. ვიღაც მაწანწალა არ აღმოჩდა. სახლი აქვს, კარი აქვს ოჯახი ჰყავს.
და მაინც რა იყო ეს? 
იქნებ, უბრალოდ მცირე ადამიანური გულისხმიერება იყო? 
მაინც მეტი სიფრთხილე იყო საჭირო. 
პიპა დიდხანს აკვირდებოდა სარკეში თავის თავს. არაფერი განსაკუთრებული. ჩვეულებრივად გამოყურებოდა. მერე პალტოს ჯიბეში ჩაჰყო ხელი და არყის ჭიქა და სიგარეტის ნამწვავები მოჰყვა ხელში.
LEX. 2017 წლის 26 აგვისტო, შაბათი.

No comments:

Post a Comment