Saturday, February 3, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 102)

102.
მეზობლის ქელეხში კარგად გამომტყვრალი სიმამრი, სამზარეულოს მაგიდაზე თვლემდა.
პიპამ ზიზღით გახედა. ამაზრზენი იყო მისთვის ყველა ეს ფარსი.
- ქელეხი იყო, თუ ლხინის სუფრა?! - ღვარძლით მიმართა პიპამ. - ალბათ, წასულების ესოდენ დიდი ხსოვნის პატივსაცემად ამოიღორეთ ცარიელი კუჭები!
- რა შუაშია ეგ? ქელეხზე მისვლა, პატივისცემა და ოჯახის დაფასებაა.
- კიიი, ძაან პატივ ნაცემნი დარჩნენ შენგან! ცინიკურად გაეცინა პიპას. - ღორივით გამოთვერი!
- რა გჭირს, ბიჭო შენ?! სულ როგორ იღრინები? თუ არ გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება, მითხარი და წავალ!
- სად ბებიაჩემთან უნდა წახვიდე?! - ჩააშტერდა სახეში პიპა. - ჰმ, ისე მართლა, ბებიაჩემი როდის გარდაიცვალა? არასდროს მიკითხავს შენთვის.
კაცმა ეჭვის თვალით ამოხედა. რაში იყო საქმე, ვერ ხვდებოდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, პიპას გესლი მით უფრო ემატებოდა. სიმამრი ყველაფერს, ბავშვის ასეთ მდგომარეობას აბრალებდა და ცდილობდა, სიტყვაზე არ წამოგებოდა, მაგრამ ზოგჯერ სიძეს, მეტისმეტად ბევრი მოსდიოდა.
- დედაჩემს გულისხმობ?
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი. ყავის ფინჯანი წინ დაუდგა და მის პირდაპირ ჩამოჯდა. 
- არ მინდა ყავა. - თავი გააქნია კაცმა. - მეძინება.
- გინდა! გჭირდება! - მკაცრი ხმით მიმართა პიპამ. - უნდა გამოფხიზლდე! საღი გონებით მჭირდები! 
პიპას ხმა იმდენად მტკიცედ ჟღერდა, რომ კაცი დაემორჩილა. 
- და ნუ ეწვი აქ! ამ სახლში, პატარა ბავშვი ცხოვრობს! - პიპამ სიგარეტის ნამწვავები, საფერფლიანად ურნაში მოისროლა.
- მერე ბავშვის ოთახში ხომ არ ვეწევი? - ადუდღუნდა კაცი.
- აივანზე გაბრძანდი და იქ მოწიე! - პიპამ ფინჯანი უფრო ახლოს მიუწია. - დალიე! სალაპარაკო მაქვს შენთან!
სიმამრი ყავის წრუპვას მოჰყვა, თან ეჭვიანი თვალით ამოხედავდა, იქნებ მის სახეზე მაინც ამოეკითხა რამე, მაგრამ პიპას ნერვიც არ შეტოკებია. მშვიდად, მოთმინებით უცდიდა, როდისღა მოფხიზლდებოდა მისი თანამოსაუბრე და ნელ-ნელა, თითქმის შეპარვით ყველაფერი აუწყა. 
- რას ამბობ?! რას?! გადაირიე?! საიდან მოიტანე ეგ სისულელე?! - აღრიალდა კაცი.
ხმაურზე სიდედრი შემოვარდა. კაცი ისევ ღრიალებდა, პასუხებს მოითხოვდა.
პიპამ აღარაფერი უთხრა, სამზარეულო დატოვა და სახლიდანაც გავიდა.
დიდხანს იხეტიალა ქუჩაში უაზროდ. თავადაც არ იცოდა, სად მიდიოდა და რას ეძებდა. ასე ეგონა, როცა ყველაფერს ამოაფრქვევდა, დარდი უფრო მოეშვებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ახლა უფრო ძლიერად და მწარედ მოუჭირა სევდამ ყელში, ლამის დაახრჩო, სუნთქვა შეეკრა და მერე უცებ რაღაცას წამოავლო ხელი და ძლიერად მოისროლა. 
სიბნელეში შორს, სადღაც ხმა მჭახედ გაისმა. 
პიპა ამ ხმაზე შეცბა, გამოერკვა. 
- კიდევ კარგი, არავინ მოვკალი! - პიპამ ღრმად ამოისუნთქა და მერე უფრო დაბალი ხმით ჩაილაპარაკა. - სულ გავგიჟდი მგონი. 
- შენ თუ არ შეგიძლია, აკონტროლო შენი გრძნობები, მაშინ შენი ქმედება აკონტროლე! - ხრინწიანი ხმა სადღაც ქვემოდან მოდიოდა. 
- ვინ ხარ? - პიპა შეეცადა ღამის სიბნელეში ოდნავ მაინც გაერჩია მოპასუხე. 
სადღაც ძირს იწვა, თუ იჯდა ისიც ვერ გაიგო. უფრო ახლოს მივიდა, რომ დაკვირვებოდა. ჯერ ღრენის ხმა მოესმა, რასაც წვრილი, ცივი ხმით ყეფაც მოჰყვა.
კაცი ძაღლის დამშვიდებას შეეცადა. მერე პიპას ასძახა:
- უცხოები არ უყვარს, მაგრამ ნუ გეშინია, არ გიკბენს. შეუპოვარია, დიდი გული აქვს, სინამდვილეში პატარაა და ზოგჯერ მშიშარაც.
- ამ სიცივეში აქ რას აკეთებ?
- სუფთა ჰაერზე ვარ გამოსული. შენ რაღას აკეთებ აქ? ამ ნანგრევებში რა გინდა?
პიპამ ახლაღა მოავლო თვალი იქაურობას. მართალია საკმაოდ ბნელოდა, მაგრამ უკვე სიბნელეს შეჩვეულმა, ცოტა მაინც შესძლო გარჩევა. 
სადღაც, ძველი ქვის ნაშალი ადგილი იყო. მანქანების ხმა შორიდან აღწევდა, ჩანდა ქალაქს საკმაო მანძილზე მოშორებოდა და ტრასიდანაც შორს იყო.
- მეც სუფთა ჰაერზე გამოვედი. - მშვიდი ხმით უპასუხა პიპამ.
- კარგია სუფთა ჰაერი. გამონაბოლქვის სუნში გაგუდულ ქალაქს, ბევრად სჯობს. 
პიპამ არაფერი უპასუხა. ქურთუკის საყელო წამოიწია და მონაბერ ქარს ზურგი შეაქცია. 
- ჰოო, დღესაც ცივააა. - შენიშნა კაცმა.
პიპა ისევ ხმა არ გასცა. 
- გუშინაც ასე ციოდა და გუშინწინაც! - კვლავ განაგრძო კაცმა. - ხვალაც ასე ეციება და ზეგაც! მერე გაზაფხული მოვა, დათბება! მერე ზაფხული მოვა და დაცხება! მერე შემოდგომა მოვა, ცოტა აგრილდება! და მერე კი, ისევ ეს წყეული ზამთარი მოვა და ისე აცივდება, ძვლებში გაატანს! 
- და მერე? შეიცვლება რამე? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო პიპამ.
- არაფერიც არ შეიცლება და არც მე არაფრის შეცვლას ველოდები!
- არც მე ველოდები რამეს. - ჩუმად ჩაილაპარაკა პიპამ და კაცის გვერდით ჩამოჯდა. 
ძაღლი აღარ უღრენდა, მოფერების საშუალებაც კი მისცა.
- აი, მაგას ესმის ცხოვრებისა თუ ესმის! - მიანიშნა ძაღლზე კაცმა. - იმდენ რამეს მოგიყვებოდა, იმდენ რამეს გასწავლიდა, მაგრამ რად გინდა? ლაპარაკი არ იცის.
- ზოგჯერ, უხმო მეგობარი, უფრო სასარგებლოა. - გაეცინა პიპას.
- ესა? ეს ჩემი მეგობარი კი არა, ჩემი სულის ნაწილია, აბა რა! ეგრეა!
დილამდე ისაუბრეს. პიპას თითქოს, ცოტა გულზეც მოეშვა. კაცი ფაქტიურად სახლიდან იყო გამოძევებული. 
- ან ეგ ნაგვიდან წამოყვანილი ძაღლიო და ან შენო. ბავშვებს ავადმყოფობა არ გადასდოსო. ეჰ, მართლა ბუნკერიდან ამოვიყვანე ეს საცოდავი. ისეთი პატარა იყო, ჯერ თვალიც არ ჰქონდა გახელილი. დაესივნენ ჩემი შვილიშვილები! თორმეტი მყავს ხუთივესგან! დაიწყო მერე ჯერ წკმუტუნი, მერე ყეფა. ფოთოლიც რომ აშრიალდებოდა, იმასაც კი უყეფდა. ღამე აღარ გვაჩერებენ სახლში. დავდივართ ასე აღმა-დაღმა დილამდე.
- ესე იგი, ღამით არ გაქვს სახლი და დღისით კი? - სიცილით ეკითხებოდა პიპა.
- ჰო, შვილო მასეა. როცა ადამიანად არ გთვლიან ასეა და რა იციან, რომ ზოგჯერ, ძაღლი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ადამიანი. ამაზე კარგი მეგობარი, მე დღეს არ მყავს და აბა ამის ღალატი და გულის ტკენა, როგორ შეიძლება? სად გავაგდო? იცი, რომ ყველაზე მეტად, მეგობრებს სწყდებათ გული, როცა გამორჩეულად აფურთხებენ სულში.
კაცი კიდევ ბევრ რამეზე საუბრობდა, ძირითადად თავის თავზე ჰყვებოდა. თან ცდილობდა, სიტყვაძუნწ თანამოსაუბრისგან რამე ამოექაჩა. ხან ოჯახიდან დაიწყო, მერე მეგობრებს გადასწვდა, პიპა თავს უქნევდა და ალაგ-ალაგ სიტყვასაც ჩაურთავდა, მაგრამ თავის ცხოვრების ირგვლივ, სიტყვაც არ დასცდენია. კაცი კი მაინც განაგრძობდა ქაქანს:
- ძნელია გულში რამის ჩახვევა. ვინმეს მაინც უნდა გაუზიარო. ჩუმად ყოფნა, ჩუმჩუმელობაში გადადის და სადღაც გულის კუნჭულში, მწარედ გწიწკნის. მერე ეს გულის ტკენა, ბოღმაში გადადის, ბოღმა კი ბოროტებაში! ჩუმჩუმელად ყოფნა, საზიანოა სულისთვის. აგროვებ, აგროვებ და მერე ისეთს ამოხეთქავ, რომ ქვას ქვაზე აღარ დატოვებ! ამიტომაც სჯობს, გამოავლინო შენი სისასტიკე, თუ კი გულში შუღლი და ბოროტება გიდევს, როცა ეცოდინებათ, რომ ასეთი მკაცრი და დაუნდობელი ხარ, ხალხი მოგერიდება და შენც აიცილებ დანაშაულს! ამიტომაც სასურველია, სააშკარაოზე გამოიტანო, აგრძნობინო შენი სიმკაცრე, ვიდრე ჩუმად იხვევდე გულში ბოღმას და ძალადობით, შენივე უძლურება შენიღბო!
- ჰოო? - პიპას გულიანად გაეცინა.
- ჰო! ცნობილი კაცის სიტყვებია, ეს მე არ მითქვამს და არც მახსოვს, ვისია. - ხითხითებდა კაცი.
- ძალადობა, რანაირიც არ უნდა იყოს, მაინც ძალადობაა! - მიუგო პიპამ. - ზოგჯერ გგონია, რომ ამით სიკეთეს აკეთებ, სინამდვილეში კი ეს სიკეთე ყალბია და დიდხანსაც ვერ გასტანს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოროტება კი სამუდამოდ რჩება.
კაცი თავს უქნევდა მართალი ხარო. რა არ ესაუბრა, რა თემას არ შეეხო, მაგრამ მაინც ვერაფერი დააცდენინა პიპას, ვინ იყო და საიდან მოდიოდა. ბოლოს ინტერესმა იმდენად სძლია, რომ პირდაპირ ჰკითხა. 
პიპას ირონიულად ჩაეცინა:
- ვინ ვარ? ჰმ, მე ვინ ვარ?!
პიპამ ერთ ხანს იყუჩა და მერე განაგრძო:
- ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისება, ცნობისმოყვარეობაა. გინდა ყველაფერი იცოდე, ყველაფერი გაიგო. სად არ მიაწყდები, ვის არ მიადგები და მაშინ არც კი ფიქრობ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ შენს ზედმეტ ცნობისმოყვარეობას! მხოლოდ ის იცი, რომ ცოდნაა ძალაა! როცა ყველაფერი იცი, ძლიერი ხარ! ძლიერი! არც ფიქრობ და არც გაინტერესებს მერე რა იქნება? ოღონდაც კი რამე გაიგო და ყველაფერზე წამსვლელი ხარ, თანაც ასე გგონია, რომ ამით აშენდები! ამაღლდები! წელში გასწორდები! და მერე უცებ! ნათელი, რომ მოეფინება, და სააშკარაოზე რომ გამოვა, ეს შენი წლების წინ ნაწვალები, ნაგროვები და ნაჩიჩქნი ცნობისმოყვარეობა, განათებისთანავე, მაშინვე! იმ წამსვე მოედება ჭუჭყი! ტალახი! ლაფში აზელილი და ერთ დროს, წვალებით ნაშენები მთელი შენი ცხოვრება, ნაწილებად დაიშლება ცხვირწინ ნიაღვარივით ჩაგივლის და მაშინღა ხვდები, რომ შენ თვითონ დაანაწევრე! დააქუცმაცე! შენ თვითონ დაანგრიე ის, რაც აქამდე აშენე და ის, რაც აქამდე იწვალე და რის გულისთვის? რატომ? იმიტომ, რომ იმაზე მეტი გაგეგო? იმაზე მეტი გცოდნოდა? და მერე რა? რა მერე?! დგახარ ახლა ნაპირზე, ერთ პატარა ალაგზე და თვალს აყოლებს, შენს ცხვირწინ, როგორ მიედინება უსასრულობაში, ნაშალ ქვა-ღორღს გაყოლილი, მთელი შენი ცხოვრება! - პიპა ორატორივით გამოდიოდა. ხან ხმას დაუწევდა, ხანაც ხმამაღლა მტკიცედ ისროდა სიტყვებს.
კაცი თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა და როცა პიპა გაჩუმდა დაბალი, ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა:
- შენ მამაცი ყოფილხარ. ხალხს ეშინია სიმართლის თქმა. ზოგჯერ, სიმართლის თქმა, აჯანყებას ჰგავს. კარგია, რომ ამოხეთქე. არ შეიძლება ჩაგუბება გულში, მავნებელია. ნებისმიერი რეაქცია უმჯობესია, საერთოდ რეაქციის გარეშე ყოფნას!
- რაა?! ამოვხეთქე?! მე ხომ ჯერ არაფერიც არ მითქვამს?! 
- ჰოდა, მითხარი! მოგისმენ! აქ არ ვარ? სხვა მეტი რა საქმე მაქვს? მომიყევი, ვინ ხარ?
- ვინ ვარ?! ჰმ, ვინ ვარ?! მე ვინ ვარ?! - პიპა წამით შედგა. - მე ერთი, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული პროფესორი გახლავართ! ისევე როგორც, ჩემი მშობლები და მათი მშობლები და კიდევ იმათი მშობლებიც! საკუთარი და ცოლად შევირთე! მამაჩემი სიმამრი გავხადე და ყველაფერ ამასთან, დაუნის სინდრომიანი ბავშვიც მოვავლინე ამ ქვეყნად! აი, ვინ ვარ მე! 
პიპას ბოლო სიტყვები ისე მკაცრად და ხმამაღლა გაუვიდა, რომ კაცი შეცბა. ხმა ვეღარ გასცა. თუმცა, არც პიპას უცდია პასუხს დალოდებოდა, ისე გაუყვა გზას და ზურგს უკან მოიტოვა, უამრავი შეკითხვა და გაოგნებული უცნობის თვალები.
სახლში მისვლა არც უნდოდა, არც უნივერსიტერტში ვინმეს დანახვა მოულბობდა გულს. სტუდენტური არდადეგები მთავრდებოდა, მალე ლექციებიც დაიწყებოდა. პიპას ამღვრეულ გონებას კი ამ ქვეყნად, აღარაფერი უნდოდა. 
- რამე სამუშაო არ გაქვთ ბავშვებისთვის? - ზურგს უკან მოესმა პიპას.
ათიოდე წლის ძველმანებში გამოწყობილი ბიჭი, სამუშაოს სთხოვდა პატარა, კუთხის მაღაზიაში მომუშავე კაცს. კაცი კი რაც შეიძლებოდა, უხეშად იგერიებდა. ბიჭი კი მაინც არ ეშვებოდა:
- იქნებ, მარტო ვარ და ვკვდები, რა? არ უნდა ვიმუშაო?
პიპას ხმამაღლა გაეცინა. 
კაცი ისევ ბუზღუნებდა:
- ასეა, ჯერ დაყრიან გოჭებივით და მერე ფულის საშოვნელად სიცივეშიც კი, დილაუთენია გამოყრიან გარეთ! აბა რაზე უნდა ვამუშაო, ეს ლაწირაკი? ყუთები ვათრევინო, თუ ტომრები? ჩემი შვილებიც ვერ მირჩენია წესიერად! 
პიპა ბიჭს მიუბრუნდა:
- მე მაქვს შენთვის სამუშაო.
- მართლა? ყველაფერი მეხერხება, ღონიერიც ვარ და არც ზარმაცი არ ვარ!
- კი მაქვს სამუშაო, მხოლოდ ახლა მე მჭირდება შენი დახმარება.
- ჩემი?
- ჰო, მე აქ არავის ვიცნობ. თან ჯერ, ძალიან ადრეა. იქნებ, სადმე შევძლო ცხელი ყავა დავლიო ან ჩაი?
ბიჭმა ყურები ჩამოყარა:
- გარეუბანია, ახლა აქ ყველაფერი დაკეტილია.
- შენ სად ცხოვრობ?
ბიჭმა მოწყენილად გაიშვირა თითი ქუჩის მეორე მხარეს.
- ძალიან კარგი. წამო აბა მაშინ შენთან წავიდეთ.
ბიჭი დედასთან ერთად ცხოვრობდა. სახლი არც ისე პატარა ჰქონდათ, მაგრამ ძველი და გაურემონტებელი. დედა ხან რა სამუშაოს ასრულებდა და ხან რას. ბიჭიც ცდილობდა დახმარებოდა. 
თავიდანვე პიპას, ბიჭის დანახვაზეც გული შეუტოკდა. ყველა პატარა უპოვარ ბიჭში, საკუთარ ბავშვობას ხედავდა. დახმარება დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა. არ უყვარდა, როცა ატყობდნენ, რომ დიდი ქონების პატრონი იყო. ამიტომ პირდაპირ ბავშვისთვის ფულის მიცემას, სხვა ტაქტიკა არჩია და ერთი პატარა ოთახი იქირავა მათგან. 
ცალკე ყველასგან და ყველა ნაცნობისგან მოწყვეტილი ქალაქის ბოლოში დაიწყო უჩუმრად ცხოვრება. მშვენიერი მდგმური იყო. მართალია ღამეს იშვიათად ათევდა, მაგრამ სამაგიეროდ ქირას თავის დროზე იხდიდა და არც ზედმეტი ხმაურით აწუხებდა, ზოგჯერ გემრიელობებიც კი მოჰქონდა ხოლმე ბავშვისთვის.
ხანდახან თავის სახლშიც შეირბენდა, მაგრამ დიდ ხანს ვერც იქ ჩერდებოდა. სიდედრი მწყრალად უყურებდა. სიმამრი კინაღამ გადაჰყვა იმ ამბავს, იმავე ღამესვე მიკრო ინფარქტით საავადმყოფოში ამოუყვია თავი. პიპამ ყველაფერი ხარჯები შორიდან დაუფარა, მაგრამ ნახვით ჯერაც არც ნახულობდა. მარტო ბავშვს დახედავდა და მალევე ტოვებდა იქაურობას. 
ერთხელაც, სიმამრის ოთახში შეაბიჯა. კაცს ფერმა გადაჰკრა:
- კიდევ რა დაგრჩა ჩემთვის სათქმელი? ბარემ მითხარი და მორჩი და გამათავე!
- შენი სიკვდილი, რომ მინდოდეს, აქამდე არც იქნებოდი!
- აბა რა გინდა?
- შენი დახმარება მინდა.
- ჰმ, მეგონა ჩემი მოკვლა გინდოდა.
- მოსაკლავი ჯერ კიდევ ბევრი მყავს, მაგრამ...
- რა მაგრამ? გეშინია შენზე მერე შური არ იძიონ? - კაცმა თავი გააქნია. - თუ ვინმეს მოკვლა გინდა, ისე ძლიერად უნდა ჩასცე მახვილი, რომ მისგან შურისმაძიებელი აღარ დარჩე, რადგან ბოლომდე უნდა გაანადგურო!
- მკვლელობის გაკვეთილი, ნომერი პირველი! - გესლიანად ჩაილაპარაკა პიპამ.
- რა გინდა ჩემგან?
- შენი დახმარება მინდა მეთქი, ხომ გითხარი?
- დახმარება, თუ გამოყენება? 
- არ ვიცი, ორივე! ალბათ, ორივე ერთად!
- ადამიანი, რომელსაც ჭირის დღესავით ეზიზღები და მარტო მაშინ ახსოვხარ, როცა შენნაირი ბრიყვია საჭირო, რომ გული მოიოხოს და მერე ერთი გემრიელად სულში ჩაგაფურთხოს...
- ჰოო? შენ რამდენჯერ გაიხსენე, ჩემი არსებობა? ერთხელ მაინც არ დაინტერესებულხარ, რა ბედი მეწვია?
- რამდენჯერ უნდა გითხრა, არ ვიცოდი! არ ვიცოდი! არ ვიცოდი თუ საერთოდ არსებობდი! და არც ორსულობის ამბავი ვიცოდი!
- ვცდილობ, დავიჯერო. - ცინიკურად მიუგო პიპამ. - იმ გოგოს ოჯახი მაპოვნინე. ეს ერთი რამ, მაინც გააკეთე შენი უკანონო და მოძულებული შვილისთვის. 
- ოო, კარგი რაა? - თავი გააქნია კაცმა. - დავუშვათ, იპოვნე და მერე? დავუშვათ მიაგენი და ნახე და მერე? რა გინდა ამით? პასუხიც არ გაქვს! შენ თვითონ არ იცი, რა გინდა და რას ეძებ? დადიხარ აღმა-დაღმა, რას დაეძებ? ვის ეძებ? რის დამტკიცებას ცდილობ? მოკვდა ის ადამიანი, აღარ არის! მოკვდა! მოკვდა! ჩემი ბრალია მისი სიკვდილი! ვაღიარებ! მე ვარ დამნაშავე! შენი ცხოვრება ასე, რომ წარიმართა ჩემი ბრალია, ჩემი! - კაცი ბოლო ხმაზე მოთქვამდა.
პიპას ნერვიც არ შეტოკებია, გაყინული სახით იჯდა და შეყურებდა. 
თანდათან, მისი გონება უფსკრულს ემსგავსებოდა. სადღაც შორს, სიღრმეში ჩაკარგული ნათელი წერტილი, ძლივსღა ბჟუტავდა მის სულში და ძალა აღარ შესწევდა, დაბინდული სულისა და გონების გასანათებლად. 

***
დიდხანს იჯდა საფლავის ქვაზე ჩაფიქრებული. 
ფოტოდან მომზირალი გოგონას ნაღვლიან თვალებს, სევდიანი ღიმილი სდევდა თან. 
- ფოტოც როგორი სევდიანი შეურჩევიათ.
ნუთუ, სხვა ვერ ნახეს?
ხედავ დეე... შენზე არავინ იზრუნა, შენი სიცოცხლის დასაცავად წარბიც კი არ შეურხევიათ! მხოლოდ, თავიანთ ღირსებებს იცავდნენ!
ხალხი რას იტყვის?
ხალხი!
ხალხი!
ეს ბინძური ბრბო!
და მე კი, ყველაზე საშინელი მოვლენა ვიყავი შენს ცხოვრებაში.
მთელი ჩემი ცხოვრება, თავი უდანაშაულო მეგონა.
სულ იმას ვამბობდი, რა დავაშავე? ვის რა დავუშავე? 
და თურმე, ხედავ?
რა ბოროტი ვყოფილვარ, დედა!
რა ბოროტი ვარ, დეე!
შენი სიცოცხლე შევიწირე!
ჩემი მოვლენით, შენი უმანკო სული გავანადგურე! 
ჩემი ამ ქვეყნად მოსვლით, ჩემს უსუსურ შვილსაც გამოვუტანე განაჩენი და სამუდამოდ დავუმახინჯე სიცოცხლის არსი ისე, რომ ვერც ვერასდროს გაიგებს ამას!
და რატომ? რის გულისთვის? რატომ გაგანადგურეთ ამდენი ხალხი? 
იმიტომ, რომ მე მოვსულიყავი ამ ქვეყნად?
მხოლოდ ამიტომ?
და მხოლოდ ამიტომ
ჩემი უბადრუკი ცხოვრება, მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ უნდა სძულდეთ ადამიანებს - ადამიანები, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე, როგორ უნდა სძულდეს და როგორია ეს სულით ხორცამდე, ადამიანის სიძულვილი, ამის ცოცხალი მაგალითი, მე ვარ! მე!
მაშინაც დავაშავე!
როცა დავიბადე, აი სწორედ, მაშინ დავაშავე! 

***
- ჰმ, თემიდა მართლაც ბრმა ყოფილა! - მწარე გესლით გამოსცრა პიპამ.
მომაკვდავმა ქალმა, თვალები ოდნავ შეაღო. შეეცადა შორიახლოს, სავარძელში მყოფ კაცს დაკვირვებოდა, მაგრამ ვერავინ შეიცნო. მერე უფრო ინტერესით დააჭყიტა თვალები, თავი ძლივს წამოსწია და ახალგაზრდა კაცის, ცივმა გაყინულმა მზერამ, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა კიდეც.
- ვინ ხარ? - ძლივს ამოიკვნესა. 
- ვინ ვარ? ჰმ. ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად მეკითხებიან, ვინ ვარ. სხვა რამე მკითხეთ, თუ შეიძლება!
- საიდან ხარ? - ქალმა კითხვა შეცვალა.
- ოო, ეს უკვე სულ სხვა თემაა! მე იქიდან ვარ, სადაც შესასვლელ კარს თავზე ეწერა: - „აქ მოსულებმა, ყველა ოცნება, გარეთ უნდა დატოვონ!"
- ჰმ, დანტე... - ძლივს ამოილუღლუღა ქალმა.
- დიახ! გცოდნიათ! და საინტერესოა, როდის წაიკითხეთ? ალბათ იმის მერე, რაც ერთადერთი შვილი დაასამარეთ! და მერე მეტი რა საქმე გექნებოდა? დაჯდებოდი შენთვის, სავარძელში თბილად და იკითხავდი და იკითხავდი წიგნებს, მაშინ როცა შენი შვილის ხორცს, მიწაში მატლები ჭამდნენ! 
ქალი უფრო წამოიწია და საშინელი თვალებით შეხედა პიპას:
- შენ ხარ... შენ ხარ... ის... შენ... - ახრიალდა ქალი.
- და არარაობას, ბოროტებამ შეხედა ზიზღით! 
- ჰო! მეზიზღები! შენი ჩასახვის დღიდანვე მეზიზღებოდი! როგორც კი გავიგე, მაშინვე იმ წუთიდანვე შემძულდი! შენ დაუმახინჯე, ჩემს შვილს ბავშვობა! შენმა დამპალმა გენმა, გამინადგურა და შეიწირა ჩემი შვილის სიცოცხლე! - ქალი უკანასკნელ ძალას იკრებდა და ისე ღმუოდა.
- მეგონა, პატიებას მთხოვდი. - მშვიდი ხმით მიუგო არასასურველმა სტუმარმა. - მე კი, ჩავფიქრდებოდი, გაპატიო თუ არა, მაგრამ შენდობა და პატიება მაშინ შეიძლება, როცა ადამიანი გრძნობს თავის დანაშაულს და გულით ინანიებს, მაგრამ თუ კი ვერ გრძნობს დანაშაულს? 
- შვილი მომიკალი! შენი გულისთვის მოკვდა და მე მაქვს კიდევ, საპატიებელი? - ქალმა ძლივს წამოწეული თავი, უკანვე ბალიშზე გადააგდო. - შენი ბინძური სულისთვის სიცოცხლე, რომ ეჩუქებინა, მაგიტომ მოკვდა, შენ შეიწირე... შენ!..
პიპა წასვლას არც ჩქარობდა. რაღაცის მოლოდინში, გაყინული სახით იჯდა. თუმცა, არც იცოდა, რისთვის...
რა უნდოდა თავადაც, არ იცოდა. რას მოელოდა? იქნებ, მართლაც უნდოდა, რომ პატიება ეთხოვათ მისთვის? 
მერე აპატიებდა? ან ჰქონდა უკვე რამე მნიშვნელობა ახლა, იმ სინანულის სიტყვებს?
ჯერ კიდევ არ იყო, მკვლელი.
- ქედს მაინც ვერ მომახრევინებ! თავს მაინც არ დაგიხრი და პატიებას არ გთხოვ! შენ ხარ დამნაშავე ყველაფერში! შენ რომ არა, დღეს ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა! წადი! ახლავე წადი! გაეთრიე აქედან სანამ...
- სანამ რა?
ქალმა არაფერი უპასუხა. 
პიპამ განაგრძო:
- იცი, შენი ძვირფასი თავი დიდი ვინმე, რომ გგონია და ამ დროს, სულ ერთი პატარა წერტილი ხარ! ჰმ, და მერე ერთ დღესაც, შეიძლება სრულიად გაქრე! გაქრე ისე, რომ შენი ლანდიც აღარავის ახსოვდეს! - პიპა გაჩუმდა. 
ოთახს თვალი მოავლო და მზერა შეეყინა, საწოლთან ახლოს მდგომ პატარა მაგიდაზე.
მაგიდა სავსე იყო წამლის კოლოფებით, ამპულებითა თუ შპრიცებით.
გაყინული სახით წამოდგა, იმ მაგიდას მიუახლოვდა...
საძილე არტერიაში შპრიცით ჰაერის შეშვებამ, ინსულტი გამოიწვია.
თვითონაც არ იცოდა, რატომ წამოდგა.
რატომ გააკეთა ეს?
თითქოს, ვიღაც სხვა მართავდა მას და თავად შორიდან ადევნებდა თვალს.
სამართლის ძებნაში, რაღაც ბოროტმა ზარმა ჩამოჰკრა და უნებურად, დანაშაულისკენ უბიძგა.
ვერ აცნობიერებდა, რატომ გააკეთა. მხოლოდ ის იცოდა, რომ რაღაც ჩაიდინა და არაფერი არ ამართლებდა დანაშაულს, რადგან ბოროტმოქმედება - ბოროტმოქმედებაა და მისი ჩადენის შემთხვევაში, არავის და არაფერს არა აქვს გამართლება.
LEX. 2017 წლის 19 აგვისტო, შაბათი.

No comments:

Post a Comment