90.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1934970216745266
თავ-პირ დალეწილი ფიფო, გაყინული წყლის ბოთლით იშუშებდა შესიებული სახის ერთ მხარეს, ხოლო მეორე წარბთან, ღაწვზე და ნიკაპზე გახეთქილ კანზე ზოლებად პლასტირი მიეკრო. მხატვრის ვიწრო, ჭრელ ნახატიანი მაისური ისე ჰქონდა შემოსკდომაზე, რომ ადვილად განძრევის საშუალებას არ აძლევდა.
მიმის დანახვაზე მხატვარმა, ზეთის საღებავიანი ფუნჯი, ფიფოს დაფლეთილ, გასისხლიანებულ პერანგს შეაწმინდა და ძირს დააგდო. მერე დაუმთავრებელ ნახატს ტილო ჩამოაფარა.
მიმი გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა, ხან მხატვარს შეყჰურებდა და ხან, ფიფოს.
- მე ვცემე! - მთელი სერიოზულობით განუმარტა მხატვარმა.
მიმის სიცილი წასკდა. მხატვარიც აჰყვა. ფიფოსაც უნდოდა გაეცინა, მაგრამ დასიებული სახე, ხელს უშლიდა.
მიმის არაფერი უკითხავს, წამსვე შეაფასა სიტუაცია. ფიფოს სასწრაფოდ, ახალი პერანგი სჭირდებოდა, აბა მხატვრის მაისურში გამოკვეტებული, ისედაც სახე დასიებული, მართლაც სასაცილო სანახავიც იყო და თანაც, არასასიამოვნოდაც გამოიყურებოდა.
- ვაიმე ბიჭებო, ახლა გამახსენდა. - შეწუხებული სახით აუწყა მიმიმ. - სულ რაღაც ათ წუთიანი საქმე მაქვს, სამსახურში და უკანვე მოვბრუნდები. რა წამოვიღო?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - რაც შენ გინდა! ისე, ფანტასტიური სადილი მაქვს, მაგრამ ფიფომ წიხლი მიკრა, არ მშიაო.
- რამე ნორმალურ დასალევს, თუ წამოიღებ, კარგი გოგო იქნები. - ფიფომ ბარათი გაუწოდა.
მიმიმ თავიდან უარის თქმა დააპირა. ფული თავადაც საკმარისზე მეტი ჰქონდა, მაგრამ იმდენად მიჩვეული იყო, რომ არ უნდა გამოეჩინა თავისი ფინანსური მდგომარეობა, თვალის ასახვევად, ბარათი მაინც გამოართვა.
მამამისმა თავის სიცოცხლეშივე, კარგად გაწვრთნა თავისი ერთადერთი ქალიშვილი და მემკვიდრე. მიმი არასდროს აჩენდა, თუ რამდენი ფული ჰქონდა. ასე იყო დარიგებული და განსწავლული. როცა დახმარება იყო საჭირო, უჩუმრად გაუწვდიდა ხელს, ისე, რომ თავად არც გამოჩნდებოდა.
„- არასდროს გაასესხო ფული, რადგან ხშირ შემთხვევაში, აღარ მოგეშვებიან და შემდგომ, ბოროტად გამოიყენებენ მაგ შენს სიკეთეს.
- და თუ ადამიანს, მაინც ძალიან სჭირდება? იქნებ, როგორ უჭირს? და მაშინ? - კითხულობდა მიმი.
- თუ არავის ეცოდინება, რამდენი ფულის პატრონი ხარ, ზედმეტად არც არავინ მოგთხოვს! დახმარებით კი, ისე უნდა დაეხმარო, რომ არც კი გაიგოს, შენი საკუთარი ფული თუა, მოიგონე რამე, ან უმჯობესია ისე დაეხმარო, რომ ფული ხელში არ ჩაუდო.
- და სულ ასე დაძაბული უნდა ვიყო? ეს ხომ, თვალთმაქცობაა? - უკვირდა მიმის.
- სამაგიეროდ, ხიბლში არავის ჩააგდებ და ბოროტებაზეც არავის აფიქრებინებ. შენი მომავლისთვისაც ასე აჯობებს! დამიჯერე, ფულის გულისთვის კი არ უნდა უყვარდე ხალხს, არამედ შენს ადამიანობას უნდა სცემდნენ პატივს!“
მამა უამრავ რამეს უყვებოდა და ასწავლიდა მიმის. სულ სხვანაირი იყო, დედასგან საკმაოდ განსხვავებული პიროვნება. მიმის სულ უკვირდა მშობლების, რა ნახეს საერთო ერთმანეთში და რა მოეწონათ ასეთიო? მამა კი სიცილით პასუხობდა, არაფერი, სიყვარულის მეტიო.
მიმი ჭკვიანი და საზრიანი გოგო იყო, ამიტომაც მამის რჩევას კარგად დაუკვირდა. თავიდან, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა, მაგრამ თანდათან მიხვდა, რომ ეს ყველაფერო, ისევ მისთვის, ისევ თავისივე უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო.
ამიტომაც გამოართვა ფიფოს ბარათი და იმ ბარათითვე გადაიხადა ორი ბოთლი არმანიაკისა და რამდენიმე კოლოფი სიგარეტის საფასური.
თავისი ფულით კი ფიფოს პერანგი შეუძინა, ერთიც მხატვარს, რომ გული არ დასწყვეტოდა, ფასების მოცლაც არ დავიწყნია. ცხელი პური, ძეხვი, სასალათე ბოსტნეული, ყავა, შოკოლადი და შაქარიც წამოაყოლა.
- რა იყო გოგო, ბანკი გაიტანე? - სიცილით შეეგება მხატვარი.
- ძველი, გაყიდული მანქანის, დარჩენილი თანხა, როგორც იქნა, მომაწოდეს. – მიმი მშვენივრად ცრუობდა და აქ არც არაფერი იყო დასაძრახი.
ფიფომ ამოისუნთქა, მისი ზომის პერანგი, რომ მოირგო.
- არა რა, ქალი მაინც ქალია! - დაასკვნა მხატვარმა.
- შენ გაიხარე მიმი! - ფიფო აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. - მარწუხებივით მქონდა შემოჭერილი ის მაისური.
- ჰო, და ნახე მერე, როგორ გამიწელე! პარაშუტივით არის! - ხუმრობდა მხატვარი.
- ნუ წუწუნებ! ერთი მაგარი მაისური ჩემზე იქნება. - ამშვიდებდა ფიფო. - არა! ერთი კი არა, ორი!
- ორი მირჩევნია! - კმაყოფილი სახით დაუქნია თავი მხატვარმა და სუფრის შუაში ბატის შაშხის ჩახოხბილიანი ლანგარი ჩადგა. მერე ფიფოს გადახედა. - აი შენ თუ არ გინდა, ჩვენ გვიყურე, მე და მიმის ძალიან გვშია!
- ისე საინტერესოდ კი გამოიყურება, მაგრამ სულ არ მაქვს ჭამის ხალისი.
- მიდი დამისხი, თითოს რომ დავლევთ, მერე მოგინდება, თორემ ნახე მიმის, სულ გაცლის ამ ლანგარს!
მიმი ყურებამდე იკრიჭებოდა.
ბიჭები არ ჩერდებოდნენ და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მიმი, ყველაზე მაგარი გოგოა. სხვებივით არ დაუწყია, უი რა მოგივიდა და ვისთან იჩხუბეო.
- ისიც კი არ მკითხა, რა მოხდაო. - თბილად უღიმოდა ფიფო. - იმ წუთასვე გავარდა და ახლა ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა, ზუსტად ის მომიტანა.
- კარგი რაა? ერთი უბრალო პერანგი, რა სალაპარაკოა. - ეღიმებოდა მიმისაც.
- საქმე პერანგში კი არა, მეგობრობასა და სწორად გაგებაზეა. - ჩაურთო მხატვარმა. - სხვა შენს ადგილას, ათასნაირ დაკითხვას მოუწყობდა.
- რა დაკითხვა ამას უნდოდა, აბა? - გაიკვირვა მიმიმ. - ვიცი სადაც მუშაობს და ათას ვიგინდარასთან უწევს შეტაკება, თანაც ისიც ვიცი, ვიღაც ლაწირაკი ბიჭი არ არის და ქუჩურ გარჩევებშიც უაზროდ არ ჩაებმეოდა.
ფიფოს გულს ეფინებოდა მიმის შეფასება. ახლა უფრო მეტად სწყდებოდა გული, ეს გოგო, როგორ სულ ტყუილად მივაგდე და მივატოვეო. მერე გულს სიბრაზეც შეეპარა. მივატოვე ერთია და ვის ხახაში ჩავაგდე, ეს მეორეო, ახრჩობდა ბოღმა. თუმცა, მხატვრის დაუსრულებელი ოხუნჯობა, ფიფოს ფიქრის საშუალებას არ აძლევდა და ისიც ცდილობდა, იუმორში აჰყოლოდა და იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ მიმის ნაყიდი პერანგები, არც თუ იმდენად იაფფასიანი იყო, თუმცაღა, აღარაფერი უთქვამს.
მიმი მხიარულად კისკისებდა და ელოდა, როდისღა დაშოშმინდებოდნენ ბიჭები, რომ ფიფოსთვის ახალი ამბავი ეხარებინა. ბოლოს, როგორც იქნა, მიეცა ამის საშუალება და ამოღერღა:
- იცი, ჩვენმა სამსახურმა! უფრო სწორად, ჩემი სამსახურის გოგოებმა, გადაწყვიტეს პატარა ფონდი შევქმნათ, შენი პატარასთვის და რაც იქნება საჭირო, ყველა ხარჯი დაიფარება! - მიმი ცრუობდა. არანაირი ფონდი არ იყო შექმნილი. თავად უნდოდა დახმარებოდა, ისე რომ ფიფოს არაფერი ეეჭვა და არც უხერხულობაში ჩავარდნილიყო.
ფიფომ არაფერი უპასუხა და სიხარულის მაგივრად, საშინლად მოიღუშა.
მიმის ათასნაირად წარმოედგინა ფიფოს რეაქცია, მაგრამ ასეთი მღვრიე თვალებით და თითქოს ბრაზიანი სახით, ცოტა ეუცნაურა და გამოსწორება სცადა.
- ცუდად ნუ გამიგებ. მოსარიდებელია არაფერია, საქმე როცა პატარა ბავშვს ეხება და მით უმეტეს, ახლობლის ბავშვს, აბა ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთ, რა მეგობრობა იქნება?
- არაფერი მინდა!
ფიფოს ამ მკაცრ ტონზე მიმი შეკრთა, მაგრამ მაინც განაგრძო:
- ასე ბევრჯერ მოვქცეულვართ! ლატარიის თამაშივით არის და ერთმანეთს ვეხმარებით! ახლა მე დამჭირდა და ყველა უკლებლივ ჩემს გვერდით დგას! მეც, რომ იცოდე, რამდენჯერ დავხმარებივარ და ახლა...
- არაფერი მინდა! და არც არავის დახმარება მჭირდება! - ფიფომ უკვე ხმამაღლა იღრიალა, რის გამოც, მარტო მიმი კი არა, მხატვარიც შეცბა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
მიმის გულით უნდოდა მეგობრის დახმარება და ტყუილის გასამართლებლად სამსახური მოიშველია. თუმცა, სულაც არ იყო ეს ტყუილი, ვინმესთვის საზიანო, მაგრამ ფიფოს საშინელმა რეაქციამ, იმდენად შეაკრთო, რომ საუბრის გაგრძელება ვეღარ შესძლო.
ისევ ფიფო მოეგო გონს და ფერმიხდილ მიმის მოუბოდიშა.
მიმიმ არაფერი უპასუხა. ოდნავ თავის დაქნევით ანიშნა, რომ ფიფოს ბოდიში მიღებული იყო. ნირწამხდარი, უსუსური სახით იჯდა სავარძლის ერთ კუთხეში მიყუჟული და წყლიანი თვალები, აღარ იცოდა სად წაეღო.
- საშინლად ვწუხვარ, ძალიან ზედმეტი მომივიდა. - ფიფო, მართლაც შეწუხდა. - შენ, დახმარება გინდოდა და მე კი, მადლობის მაგივრად, უსამართლოდ გაწყენინე! - ფიფომ ამოიხვნეშა. - ბავშვი ახლა უკეთაა, ბევრად უკეთ. უფრო ცუდ რამეს ფიქრობდნენ, მაგრამ არაფერი საგანგაშო არ ყოფილა. თანაც, ყველა ხარჯი უკვე დაფარულია. ძალიან დიდი მადლობა, თანადგომისთვის და მაპატიე, ჩემი ასეთი უხეშობა.
- უჰ, კიდევ კარგი! - მოახერხა მხატვარმაც სიტყვის ჩაგდება. - შიშით, ვერც მე გეკითხებოდი!
- კიდევ ერთხელ, ორივეს გიხდით ბოდიშს! - მიმართა ფიფომ მეგობრებს. - დღეს დილიდან, ძალიან არეული დღე მქონდა! ისე, უაზროდ ვიჩხუბე და თანაც, არც კი ვიცი, ვის დავაყარე! ანდა იმასაც, რა უნდოდა?! ქუჩაშიც რომ შემხვდეს, ვერც კი ვიცნობ! რაღაც უაზრობაში გავეხვიე.
- კარგი, რაც იყო - იყო! რაც მთავარია, ბავშვი უკეთ ყოფილა და აბა ახლა, ყავას ვინ მოამზადებს? ვისი ჯერია? - ისევ შეეცადა მხატვარი სიტუაციის განმუხტვას.
მიმი წამოდგა თუ არა ფიფოც, უკან მიჰყვა. აღარ იცოდა, როგორ გამოესყიდა დანაშაული.
- იცი, სხვა დროს აგიხსნი, რაა! გთხოვ, გამიგე. ახლა ვერაფერს მოგიყვები, მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ და...
- ყველანი მასეთები რატომ ხართ? - მიმიმ უფრო თავისთვის ჩაიჩურჩულა.
- ვინ ყველა? - ჩაეკითხა ფიფო. - ან რატომ, მასეთები?
მიმიმ არაფერი უპასუხა. ფიფოსთვის არც შეუხედავს, ისე ჩამოასხა ფინჯანში ყავა და ოთახში გაიტანა. ფიფოც თან მიჰყვა და არ მოეშვა. ხელჩასაჭიდ სიტყვას გამოეკიდა. თან ხუმრობით, თან რბილი ტონით მაინც შეეცადა გამოეკითხა, თუ ვის გულისხმობდა მიმი და ვისზე იყო ასე გულნატკენი.
მიმიმ ბევრი ვერაფერი თქვა, ან რა ჰქონდა სათქმელი? ვის გულისთვისაც, უკვე ფიქრში ღამეებსაც ათენებდა, მასზე არც არაფერი იცოდა და ისიც, ფიფოსავით სულ იმას გაიძახოდა, მოვა მაგის დრო და ყველაფერს მოგიყვებიო. დასამალი არაფერია და უბრალოდ, საინტერესოც არაფერიო.
- ასეთ იდუმალ მეგობართან, როგორ შეგიძლია გულახდილი იყო? შენგან ყველაფერი უნდა და მისგან, არც არაფერი მოდის? - საუბარში მხატვარიც ჩაერია.
კითხვაც მშვენიერი იყო და ფიფომაც, ოდნავ თავის დაკვრით მოუწონა.
- არა, არა! - თავი გააქნია მიმიმ. - არც მასეა საქმე! ჩემგან არაფერი უნდა! საერთოდ არაფერი! პირიქით, სულ მე ვაქტიურობ. არც ბევრ შეკითხვებს სვამს, მხოლოდ ის აინტერესებდა, რამდენად იყო ჩემი გული თავისუფალი. აი, სულ ეს არის! მეტი, რა მოგიყვეთ? არც კი ვიცი. - მიმი გაჩუმდა.
ბიჭებიც დადუმდნენ. თითქოს ელოდნენ, მიმი როდის გააგრძელებდა საუბარს. ჩანდა, რომ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბურთივით მოწოლილი სიტყვები, ყელშივე ეჩხირებოდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
- მოდი რაა, მოიყვანე ერთხელ მაინც აქ! - დროულად ჩააგდო სიტყვა მხატვარმა. - ჩვენც გავიცნოთ, დავმეგობრდებით! ხომ იცი, ჩემი სახელოსნოს კარი, მუდამ ღიაა მეგობრებისთვის!
- ისედაც არ იკეტება! - ღიმილით ჩაურთო ფიფომ.
მიმის მდარედ ჩაეღიმა. არაფერი უპასუხა. მხოლოდ უარის ნიშნად, თავი გააქნია და თვალები უფრო აუწყლიანდა.
- მერე? - ისევ მხატვარმა დაარღვია დუმილი, რადგან ატყობდა მიმი, სიტყვებს ვეღარ აბამდა თავს.
- რა, მერე? - ნაღვლიანი ხმით მიუგო მიმიმ.
- ასე მგონია თითქოს, ყველაზე მთავარი სათქმელი, ბოლოში მოიტოვე! - კვლავ შეტევაზე გადავიდა მხატვარი.
- ჰო, მიმი გვითხარი, ბარემ. ჩვენ ხომ მართლა უანგაროდ ვმეგობრობთ! - ფიფომაც სიტყვა შეაშველა.
- დღეს, ისეთ საშინელ ხასიათზე დავდექი. - ნაღვლიანად დაიწყო მიმიმ. - სულ ცოტა ხნით შევხვდი. - მიმი შეყოვნდა. მერე ყავა მოსვა და ფინჯანი უკანვე, ლამბაქზე დააბრუნა. - უცხოეთში მიდის... დიდი ხნით... სამუშაოდ...
- უჰ! მე მეგონა, რაღაც საშინელება მოხდა, რააა! - ამოისუნთქა ფიფომ.
- მერე, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის? - მხიარულად შეუძახა მხატვარმა. - წავიდეს! იმუშაოს! ზაფხულია მაინც! შენც სადმე დასასვენებლად წადი, გული გადააყოლე! და სანამ წავა, გამოსამშვიდობებელი საღამო მოვუწყოთ! აქ, ვიწრო წრეში, უახლოეს მეგობრებთან! თავადაც წამოიყვანოს, ვინც უნდა!
მშვენიერი იყო, მხატვარმა ძალიან ოსტატურად მოახერხა ყველაფერი. ფიფო სიხარულისგან ბრწყინავდა.
მიმიმ ამოიხვნეშა და როგორც იქნა, ხმა ამოიღო:
- მე უკვე გამომემშვიდობა. ჯერ მამასთან ჩავა სოფელში, მერე დედასთან. - მიმიმ უფრო მეტად მოიწყინა.
მხატვარმა, კიდევ სცადა სიტუაციის განმუხტვა. ხან მიმის მომზადებული სალათი შეუქო, ხანაც შოკოლადის არჩევანი. მერე ყოფილი ცოლის მომზადებული სადილის ქებაც დაიწყო. მიმიც აჰყვა, აღნიშნა, რომ ძალიან გემრიელი და საკმაოდ მსუყეც იყო.
მხატვარი იმდენად გადაერთო კულინარიული თემების გარჩევით, რომ მიმიც აიყოლია. მხოლოდ ფიფო იჯდა ჩაფიქრებული სახით. თვალები რაღაცნაირად უელავდა და საუბარში არ ერთვებოდა.
მიმიმ ისევ მოიწყინა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
მხატვარმა კიდევ სცადა, სიტუაციის განმუხტვა:
- აქეთ მიმი მიზის, ცხვირ-პირი ჩამოსტირის, იქეთ ცხვირ-პირ დასიებული ფიფო! მშვენიერია! - და თავადვე ჩაბჟირდა სიცილისგან.
მიმი ხასიათზე მოვიდა, მხიარულად აკისკისდა.
მარტო ფიფო იღიმოდა ცალყბად. გასიებული სახეც ხელს უწყობდა, ფარული ზრახვები, რომ დაემალა.
„ნუთუ მართლა, ის პროფესორია? მერე რა, რომ არც ასაკი ემთხვევა და არც დაბადების თარიღი?
რა უნდოდა მერე მაგის გამოცვლასაც? თანაც, უკვე ზრდასრულ ასაკში, ნაკლებად შესამჩნევია. სადაც სახელი და გვარი უპრობლემოდ გამოიცვალა, იქ დაბადების თარიღსაც მარტივად შეასწორებინებდა.
ჰმ. როგორც კი თავზე დავადექი, მეორე დღესვე მიმის გამოუცხადა, შორს მივდივარო! ჰაჰ! შეეშალა, ბიჭს! აჩქარდა და შეეშალა! ნამდვილად შეეშალა!
ისე დავიჯერო, მართლა სწორ გზაზე ვდგავარ?
ახლა ვიცი, რაც უნდა მოვიმოქმედო. ვიცი უკვე! ვიცი!
ჯერ მხატვარს მივაგზავნი. მალე მისი გოგო აბიტურიენტი გახდება, მშვენიერი მიზეზია, უმაღლესი სასწავლებლის დათვალიერებისა და გამოკითხვისათვის.“
ფიფოს ჩაეცინა და იმდენად ძლიერად გამოუვიდა, რომ მტკივანმა სახემ თავი შეახსენა.
LEX·2017 წლის 10 ივლისი, ორშაბათი.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1934970216745266

No comments:
Post a Comment