Tuesday, January 30, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 89)

89.
ფიფო, ჯერ მოხუცი დარაჯის დოსიეს შესწავლას შეუდგა.
საქმისთვის ხელმოსაჭიდი არაფერი იყო, თუმცა ძარცვა-ყაჩაღობას, იოლი ფულის შოვნასაც, უკვალოდ არ ჩაუვლია. ლამის მთელი მისი ცხოვრება, ციხეში ჰქონდა გატარებული. ქმრის ფათერაკებისგან გადაღლილმა მეუღლემ, ვეღარ აიტანა ამდენი წვალება, პატარა ბავშვით ხელში, თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე, ასე ციხე-ციხე სიარული და მშობლებთან დაბრუნებულა. რაც შეეხება მის შვილს, მონასტრული ცხოვრებით უცხოვრია და ათიოდე წლის წინ, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში გარდაცვლილა.
მოხუცი, ცალკე ხანდაზმულობისა და ცალკე ციხეში გატარებული წლების გამო, სასჯელიდან გათავისუფლების შემდეგ, სიკვდილის ბოლომდე ბავშვთა სახლის დარაჯად მუშაობდა და იქვე გარდაცვლილა. აქ, ამ მოხუცის ირგვლივ ყველა კვალი წყდებოდა.
ფიფო ახლა დანარჩენ, იმ პერიოდში მომუშავე ბავშვთა სახლის პერსონალს მიადგა და სანამ სათითაოდ ჩამოუწიკწიკებდნენ მათ დოსიეებს, რატომღაც მაინც მოსინჯა და იმ მოხუცის დარაჯის გვარით დაიწყო ძიება და გაუმართლა კიდეც. მოულოდნელად, ახალგაზრდა პროფესორს მიადგა. თუმცა, უფრო მეტი ასაკის უნდა ყოფილიყო, სადღაც ხუთი წლით უმცროსი აღმოჩნდა იმაზე, ვისაც ფიფო ასე გამალებით ეძებდა და არც დაბადების თვე და რიცხვი ემთხვეოდა.
ეჭვს თითქოს არაფერი იწვევდა, მაგრამ არქივში სადაც ფიფომ ამ გვარის კაცი აღმოაჩინა, მის სახელზე გაცემული დაბადების მოწმობა სწორედ იმავე წლით თარიღდებოდა, რომელ წელსაც იმ დაკარგული ბავშვის კვალი წყდებოდა. თუმცა თვე, მაინც არ ემთხვეოდა, რამდენიმე თვით გვიან იყო გაცემული. ხოლო ამ ახალგაზრდა პროფესორის მშობლებად კი, სწორედაც რომ ის მოხუცი დარაჯი და მისი მეუღლე იყო მოხსენიებული. 
საინტერესო იყო ისიც, რომ მოხუცის პირად ინფორმაციაში, მხოლოდ ერთი შვილი იყო აღნიშნული და ახლა თურმე, მეორეც ჰყოლია და ისიც საკმაოდ გვიან გამოჩნდა. აშკარა იყო, რომ იშვილეს. თუმცა, შვილად აყვანის, ვერანაირი საბუთი ვერ მოიძია ფიფომ.
ასეთი ახალი ამბებით დახუნძლულმა გადაწყვიტა, ჯერ ის ახალგაზრდა პროფესორი მოენახულებინა. მოულოდნელად თავზე უნდა დადგომოდა.
„თუ მართლაც დამნაშავე ეგ აღმოჩნდა, რაღაცაში მაინც გამოვიჭერ! მთავარია, სწორად დავუსვა შეკითხვა და პასუხის გაცემის დროსაც, კარგად დავაკვირდე და...“
პროფესორის დაკითხვამ, თუ გამოკითხვამ, არაფერიც არ მოიტანა. სულ ტყუილად ჰქონდა ფიფოს იმედი, რომ რამეს მაინც გამოწურავდა მისგან.
ახალგაზრდა კაცი, დეტექტივის მოულოდნელ ვიზიტს, სრული სიმშვიდით შეხვდა. წარბიც კი არ შეუხრია, ნერვიც კი არ აუტოკდა, როცა ფიფო ჩამჭრელ კითხვებს უსვამდა. ყველაფერს თავდაჯერებული, მშვიდი ღიმილით პასუხობდა და არც გაზეპირებულივით სხაპასხუპით იმეორებდა.
მართალია, გაკვირვებული დარჩა ასეთი სტუმრის ვიზიტით. ეგონა, თუ მის სტუდენტს ბრალდებოდა რამე, ხოლო როცა შეიტყო, რომ პირადად მასთან იყვნენ, სრულიად მშვიდად და მარტივად ახსნა, თუ რატომ იწოდა საკუთარი ბებიისა და ბაბუის შვილად და არა, შვილიშვილად. 
ამას ერთი, უბრალოდ და მარტივი ახსნა ჰქონდა. ამ ახალგაზრდა პროფესორის მამამ, ყმაწვილობიდანვე მონასტერს მოწყურებულმა ახალგაზრდამ, საკუთარი შვილი, უცხო ხალხზე გაშვილებასა და უპატრონოდ მიგდებას გადაარჩინა და ისევ, თავისავე მშობლებს მიაშვილა. რის მერე, როგორც მისი უფროსი ძმაც იყო, მამაც და მოძღვარიც. 
რაც შეეხება ბავშვის დედას, თავის დროზე, საკმაოდ ახალგაზრდა ყმაწვილს აურია თავგზა და მას მერეც, უკეთური ცხოვრებით განაგრძობდა ცხოვრებას და საკუთარ შვილის დასათმობად, საკმაოდ დიდი თანხაც აუღია და უცხოეთშიც გადახვეწილა.
მშვენივრად შეთხზული ისტორია იყო. ფიფოს ეჭვიც კი არ შეჰპარვია მის სიმართლეში. 
და შედარებით გვიან აღებულ დაბადების მოწმობაზეც კი ფიფომ, სრულიად ამომწურავი პასუხიც მიიღო. ომის დრო განადგურებული შიდა არქივის გამო, ახალი საბუთების აღება გახდა საჭირო და ოფიციალურ შვილადაც, მხოლოდ მაშინ გაფორმდა, სულ ეს იყო და მეტი არაფერი განსაკუთრებული.
- შუბლიც კი არ დაეცვარა! არანაირი რეაქცია არ ჰქონია! საოცრად გაოგნებული დავრჩი! - პროფესორთან ვიზიტზე უყვებოდა ფიფო მხატვარს. - ნუთუ, მაინც შევცდი? ტყუილად ვიწვალე ამდენი?
- და შენ მაინც, როგორ ფიქრობ? ეგ არის ის დამნაშავე?
- აკი გითხარი, ვერაფერი შევამჩნიე! და ისევ ყველა გზა ჩაიკეტა. - ჩაილაპარაკა ფიფომ. - ასაკიც კი არ ემთხვევა!
- და ახლა ვინ უნდა ეძებო?
- რა თქმა უნდა, ისევ ის ბიჭი! იმ საცოდავი გოგოს შვილი, მაგრამ სად? რომელი გვარით?
- მდააა. - ამოიხვნეშა მხატვარმა. - ბაბუს თუ შვილები ჰყავდა, არც კი ვიცოდი. ან იქნებ, არც მახსოვს, რა ვიცი.
- ისევ მიმის ირგვლივ უნდა მოვძებნო. მინდა ის ტიპი კარგად გადავამოწმო.
- არა, ის პროფესორი ნამდვილად არ იქნება მიმის რჩეული! - მტკიცედ მიუგო მხატვარმა. - მიმიმ, სულ სხვა პიროვნება ამიწერა, აი მართლა ეგ უნდა გადაამოწმო, რა იცი, იქნებ?
- ყველაზე ნაკლებად, მიმის ჩარევა მინდა, მაგრამ რა ვქნა? - ამოიხვნეშა ფიფომ.
- შენც, ნუ ჩარევ მერე! - თავი გააქნია მხატვარმა. - როგორმე აქ უნდა მოვიტყუოთ. დავპატიჟოთ, გავიცნოთ! მიმისაც გაუხარდება, დარწმუნებული ვარ!
- მერე აქამდე, სად იყავი? რატომ ადრე ვერ მოიფიქრე? - ცალყბად ეღიმებოდა ფიფოს.
- ბევრჯერ ვიფიქრე, მაგრამ იმდენჯერ სულ ახალი ვარიანტები გამოჩნდა. თანაც მიმის, რამდენჯერაც ჩამოვუგდე სიტყვა, არასდროს უთქვამს გაგაცნობთო. თითქოს, გვიმალავს. - მხატვარი წამით გაჩუმდა. - გახსოვს? შენც რამდენჯერ მიანიშნე. ხომ შეიძლებოდა, ერთხელ მაინც ეთქვა, გაგაცნობთო? ან პირდაპირ მოეყვანა აქ?
ფიფომ არაფერი უპასუხა. ხელი ჩაიქნია და წასასვლელად მოემზადა. გარეთ საშინელი ხვატი იდგა. ასეთი სიცხეში წანწალი, ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ „ხანუმა დეიდას“ ხათრი ვეღარ გაუტეხა. ისედაც უკვე, რა ხანია ელოდა ფიფოსგან ახალ ამბებს.
„ხანუმა დეიდა“ მისთვის ჩვეული მდუმარებით თვლემდა სარწეველა სავარძელში. ყველაფერი ძველებურად, ერთი და იმავე ადგილას დახვდა. სკამსაც კი არ ჰქონდა ადგილი შეცვლილი, მაგიდის საფარიც იგივე, როგორიც წლების წინ და ეს ყელში ამოსული მდუმარებაც. ფიფოს უკვე ყველაფერი საშინლად აღიზიანებდა, ძლივს ითმენდა, რომ არ წამომხტარიყო და არ გაქცეულიყო ამ ნახევრად სიცოცხლე დაცლილი მუზეუმიდან. ცოტაც და...
მაგრამ ხანუმა დეიდამ დაასწრო და როგორც იქნა, დაარღვია დუმილი:
- საერთოდ, მანიაკებს, სერიულ მკვლელებს, ფსიქიკა შერყეულ ხალხს, ყოველთვის ახასიათებთ ხოლმე რაღაც ჩვევა. - ხანუმა შეყოვნდა. - თუმცა, შეიძლება სულაც არ იყოს დანაშაულის ჩამდენი და მაინც, რაღაც აკვიატებული ჩვევა ჰქონდეს, მაგრამ ფსიქოპათ ბოროტმოქმედს საკმაოდ ხშირად ახასიათებთ, რაღაც უნებური მოძრაობა.
ფიფო ჩაფიქრდა, თითქოს არაფერი მსგავსი შეუმჩნევია.
- ვინც სათვალეს ატარებს. - განაგრძო „ხანუმამ“ - შფოთისა და აღელვების დროს ხშირად იხსნის, ვითომ ასწორებს და თავიდან იკეთებს, ან ნერვიულად წამდაუწუმ ლინზებს წმენდს. ზოგს ხელისგულები უოფლიანდება და ზომაზე მეტად ხშირად იღებს ცხვირსახოცს ჯიბიდან და ხელებს იმშრალებს, კოხტად დაკეცავს და უკანვე ჯიბეში აბრუნებს. წუთიც კი არ გავა და იგივეს იმეორებს. რომელი ერთი ჩვევა ჩამოვთვალო? თუნდაც, ფრჩხილების კვნეტა!
ფიფომ მხრები აიჩეჩა. პროფესორი სათვალიანი კი იყო, მაგრამ არც ერთხელ არც მოუხსნია და არც გაუწმენდავს, არც ხელებს იმშრალებდა.
- არაფერი მსგავსი არ შემინიშნავს!
- ზოგი ფანქარს, ან რამე საგანს ოდნავ, თუნდაც ფარულად აკაკუნებს მაგიდაზე, პასტებსა და ფანქრებს რომ ღეჭავენ, ესეც ფაქტია!
ფიფომ ისევ თავი გააქნია.
- შეიძლება მართლაც, უბრალოდ დამთხვევაა! ერთადერთი ხელმოსაჭიდი მარტო ის გაქვს, რომ იმავე წელს გაქრა ის ვისაც ეძებ და იმავე წელსა და იმავე ადგილას გამოჩნდა სულ სხვა, თუმცა ხუთი წლით უმცროსი, სულ სხვა გვარ-სახელითა და დაბადების თარიღით! და მერე, რა? საშინელი დრო იყო! ომი, შიმშილი, უშუქობა! განუკითხაობა! არაფერია აქ უჩვეულო! თუ მაინც ეჭვი გეპარება, ჩაუსაფრდი და თვალი ადევნე! ან დროებით შეეშვი და  თუ მაინც სულს გიღრღნის, უბრალოდ, მხედველობის არეში იყოლიე!
ფიფო უხმოდ უქნევდა თავს. სული გაუმწარა ამ საქმემ. არც ბოლო უჩანდა და არც გაგრძელება. სარეველასავით გაიტოტებოდა ხოლმე ახალი ვერსიები, მოედებოდა გულზე და მერე ისევ არაფერი და როდემდე?!
- ზოგჯერ ასე მგონია, რომ ეს ამბავი, არასდროს დამთავრდება! - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ვერასოდეს დაამთავრებ, თუ ამბიციებსა და ემოციების გადაჰყევი! სადღაც კვალი კი მიგიყვანს და როცა ვერ ხედავ გამოსავალს და შენს წინ ყველა კარი იკეტება, აი სწორედ მაშინ უნდა შეეშვა და დადუმდე, გაირინდო! დამიჯერე, თუ ჩიხში ხარ მოქცეული და გასასვლელი არსაიდან ჩანს, მაშინ დროებით შეეშვი, შეფუთე, შეინახე შენთვის! მოვა დრო და მიხვალ იქამდე და სულ სხვა გზით! რომ არ ელოდები, შეიძლება ზუსტად და სწორედაც იმ გზიდან მიაგნო გასასვლელს!
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- და თუ ჩიხში ხარ მოქცეული? - ჩაეკითხა ხანუმა. - ჩიხში მოქცევის დროს რას აკეთებს კაცი?
- და რას უნდა აკეთებდეს? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ვერც ვერაფერს! ჰმ, რას უნდა აკეთებდეს?!
- ჰო, რა იყო?! - კვლავ ჩაეკითხა ხანუმა. - რას აკეთებს? თუ ყრუ კედელს მიადგა და მართლა თავით ხომ ვერ გაამტვრევს?
- უკან გამობრუნდება და სხვა გზას მოძებნის!
- ჰოო, აიიი. მანდა ხარ ზუსტად! - ჩაიხითხითა ხანუმამ.
- ეეჰ, ეგ კი ვიცი, რომ ლაბირინში ვარ გაჩხერილი და მართლაც ჩიხში მოქცეული, ყრუ კედელზე ვარ აკრული, მაგრამ...
- რომ გგონია, რომ იმ კარს მიადექი, სადაც უნდა შეხვიდე და მყისვე აღმოაჩენ, რომ სრული სიცარიელეა და იქ კარი საერთოდაც არ არის და მართლა როგორ უნდა შეხვიდე იქ, სადაც კარიც კი არა რის?! ჰო, რას მიყურებ, უაზრო თვალებით?! - კვლავ ხითხითებდა ხანუმა. - ჭუკო! სხვა კარი და სხვა მისასვლელი გზა უნდა ნახო! შენ კი, რას აკეთებ? ერთი და იმავე ადგილს ეჭიდები და ვეღარ შორდები. - ხანუმა გაჩუმდა.
ფიფოც არ იღებდა ხმას.
- ან, რას გადაეკიდე იმ ახალგაზრდა პროფესორს? - განაგრძო ისევ ხანუმამ. - შეიძლება, არც არაფერ შუაშია? შეიძლება კი, სწორედ ეგ არის მკვლელი! მაგრამ რაც უფრო მეტად ამოიჩემებ, მით უფრო მეტად შეინიღბება! გაუშვი, ინავარდოს ცოტა, აგრძნობინე რომ მას არაფერს ერჩი და მეტი აღარც მიაკითხო! და არც მის ცხოვრებაში გამოჩნდე! და თუ დამნაშავეა, აუცილებლად დაუშვებს შეცდომას, სადმე მაინც და აქეთ შეგახსენებს თავს!
- როდემდე ველოდო, იმას როდის, ან სად დაუშვებს შეცდომას? ან როდის მომაკითხავს?
- ვინ გითხრა, რომ უნდა ელოდო? არც კი იცი, ვის დასდევ? და შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც, თავად მოგაკითხოს! ამიტომ, დროებით შეეშვი!
- ჰო, კარგი! შევეშვები! - უკმაყოფილოდ აბურტყუნდა ფიფო. – საერთოდ აღარ გავივლი იმ უნივერსიტეტის მხარეს!
- ჯერ ერთი, იმიტომ უნდა შეეშვა, რომ არ იცი მართლა დამნაშავეა, თუ არა! და მეორეც, წეღან როგორც გითხარი, დამნაშავე შეინიღბება და უფრო დაიმალება.
„შეინიღბება! ნიღაბი! ნიღაბი! ისევ ეს წყეული ნიღაბი!“
ფიქრობდა ფიფო და სიმწრის სისხლი აწვებოდა გულზე.
- დაიმახსოვრე ერთი რამ! - თითი დაუქნია ხანუმამ. - როცა შურისძიება იგვიანებს, ის ბოღმა, ან ნელდება, ან კიდევ უფრო მეტად და ძლიერ მძაფრდება. ჰო! მასეა, ამიტომაც არის, რომ ის შენი მკვლელი, ძალიან კარგად არის ორგანიზებული, უმაღლეს დონეზეა მობილიზებული და აღიარე ბოლოს და ბოლოს, რომ საქმე გვაქვს, იდეალურ მკვლელობასთან! სამწუხაროდ ასეა. - ამოიხვნეშა ქალმა.
ფიფოს კლავ ხმა არ ამოუღია, ან რაღა უნდა ეთქვა. უხმოდ დატოვა იქაურობა.
სიბრაზე ახრჩობდა.
„ნუთუ, ამდენად უვარგისი ვარ? ნუთუ?.. ნუთუ...“
სიზმრები ერთმანეთში ერეოდა. ხან სად გარბოდა და ხან სად. მერე უცებ სამსახურში, შარვლის გარეშე აღმოჩნდა. პიჯაკსა და ტრუსებში გამოწყობილს, სიცილი დააყარე. ყველა მისკენ თითს იშვერდა. ვერსად დაიმალა. ყველა კარი, თითქოს თავისით იღებოდა. ხან იმ კარიდან დასცინოდნენ და ხან, ამ კარიდან.
კოშმარებში გათენებულ ღამეს, დილის ტელეფონის ზარიც მოჰყვა. 
საავადმყოფოში იბარებდნენ. ბავშვის გენეტიკური გამოკვლევის პასუხები, უკვე მზად იყო.
შხაპის ნაცრისფერი ორთქლი, ისევ იმ საშინელ სიზმარში აბრუნებდა.
გახსენებაც კი არ უნდოდა. მაინც რა იყო, ეს საშინელება?
„ნუთუ, მართლაც მასხრად უნდა ამიგდონ? იქნებ, ზურგს უკან, უკვე დამცინიან კიდეც?
მკვლელს ვეძებდი და ვიღაც პროფესორს მივადექი. აჰაჰ! დასაცინია, აბა რა!
იდიოტივით ჩავეჭიდე იმ არაფრისმთქმელ კვანძს!“
კლინიკაშიც თითქოს, ყველაფერი ნაცრისფერი იყო. ისევე, როგორც უფერული სახის ექიმის გამომეტყველება.
ფიფოს გული შეუტოკდა. ცდილობდა, ექიმის თვალებში თავად ამოეკითხა, ის რის თქმასაც აპირებდა.
უხმოდ მიუთითეს სავარძელზე.
ფერმიხდილი ჩაჯდა, მხოლოდ ბავშვის დედა ბრწყინავდა. რაღაც ზომაზე მეტად ამაყად ეჭირა თავი. მისი შემხედვარე, ფიფომ ცოტა ამოისუნთქა.
„იმედია, ბავშვს საშიში არაფერი სჭირს, თორემ...“
ექიმი რაღაცას საუბრობდა. ფიფოს ნახევარად არაფერი ესმოდა, მხოლოდ ის გაიგო, რომ საშიში არაფერია, სულ სხვა რამეს ეჭვობდნენ და ამ დროს კი, სულ მარტივად ყოფილა საქმე.
„ჰო, ეს კარგად ეხერხებათ! ჯერ გულს გაგიხეთქავენ და მერე კიი...“
ექიმი კიდევ რაღაცას ამბობდა, ფიფოსთვის ბევრად გაუგებარს, თუმცა ისიც არ გამოჰპარვია, თუ როგორ აენთო მედ.ექსპერტი. საშინლად წამოჭარხლდა, თვალები უელავდა. რამდენიმე წუთის წინ, ამაყად ყელმოღერებული, ახლა თითქოს, უფრო მოიკუნტა, დაპატარავდა.
ფიფო მხოლოდ ექიმის ბოლო წინადადებას ჩასწვდა.
- მეოთხე ჯგუფის მქონე მშობლებს, არანაირად არ ეყოლებათ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ბავშვი! - ექიმმა სათვალე მოიხსნა და რატომღაც, ფიფოს გამომცდელად ჩააშტერდა.
თუ ცინიკურად?
იქნებ, დამცინავად?
ფიფო გიჟივით გამოვარდა ექიმის კაბინეტიდან. ის ღამის კოშმარი, ახლა უკვე სინამდვილედ ექცა.
მედ.ექსპერტი გამოეკიდა. მკლავში სწვდა. აჩერებდა, მაგრამ ფიფომ ხელის კვრით მოიშორა. ცოტა ზედმეტად ძლიერად მოუვიდა ხელის კვრა და ქალი კედელს მსუბუქად მიენარცხა. წამიც არ გასულა, რომ ფიფოს, ვიღაცის მძიმე მუშტი მოხვდა ცხვირში. არც ფიფომ დააკლო, ძლივს გააშველეს.
რას ერჩოდა ის ვიღაც, ასე გამეტებით?
იმას რაღა უნდოდა? თითქოს სახეც ეცნო. იქნებ, ადრეც შეხვედრილან ერთმანეთს? თუნდაც აქ, ამ კედლებში, ან?.. 
ან იქნებ, სხვაგან?..
არაფრის გაგონება აღარ სურდა. სახე დასიებული, გასისხლიანებული, პერანგ შემოფლეთილი ჩაჯდა მანქანაში.
ყველაფერი ნაცრისფერი ჩანდა, გარდა წვიმისგან დასველებული ასფალტისა, სადაც ფიფო გიჟივით მიაქროლებდა მანქანას.
LEX. 2017 წლის 8 ივლისი, შაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1933950943513860

No comments:

Post a Comment