Thursday, January 25, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 65)

65.
გათენებას აღარაფერი უკლდა. ფიფოს ერთი სული ჰქონდა, სანამ სახლიდან გაეტეოდა. პირველი, სადაც მისვლას აპირებდა, ეს იმ თვითმკვლელი გოგონას, კლასის დამრიგებელი იყო.
ძლივს მიაგნო მის მისამართს. ჯერ სკოლის არქივებში ეძება, მაგრამ იქ აღნიშნულ მისამართზე, აღარ დაუხვდა. მერე ისევ ქალაქის არქივში მოქექა. ძალიან გაიტანჯა, რადგან ძველი საქმის მასალებში, საერთოდ არც იყო, ცალკეულად ნახსენები და მისი არსებობაც კი, მამამისის წყალობით გაიგო.
კარი შვილიშვილმა გაუღო.
- ეჰ, იცით რა გოგო იყო, საწყალი...
ძლივს ამოიხვნეშა, უკვე კარგა ხნის მოხუცებულმა პედაგოგმა. გაკვირვებაც კი არ გამოუხატავს, როცა სტუმრის ვიზიტის მიზეზი გაიგო. თითქოს მისთვის უკვე სულ ერთი იყო, რისთვის ესტუმრებოდნენ და რისთვის არა.
ფიფო დაიძაბა.
„აშკარაა, რომ ახსოვს. კარგია, კარგი. მერე, მერე?“
- ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი! იმ ბავშვის სიკვდილში ჩემი ხელი ურევია! ჩემი გასახმობი ენა, ამიტომაც ღმერთმა ასე დამსაჯა და საწოლზე მიმაჯაჭვა!
გოგონას თვითმკვლელობიდან, ერთი წელიც კი არ იყო გასული, რომ კლასის დამრიგებელი ოჯახთან ერთად, ავარიაში მოყოლილა. შვილი და სიძე ადგილზევე გარდაცვლილან და ავარიის შედეგად დაინვალიდებულ პედაგოგს კი, პატარა შვილიშვილი შერჩა გასაზრდელად.
ფიფო მოთმინებით უსმენდა. ერთი სული ჰქონდა, სანამ მოხუცი მასწავლებელი, თავის პირად ამბავს დაასრულებდა და იმ უბედური გოგონას ტრაგიკულ ისტორიაზე გადავიდოდა.
ქალმა შეისვენა. მერე ფიფოს მიაშტერდა, დიდხანს აკვირდებოდა.
ბოლოს ისევ შვილიშვილს დაელია მოთმინება:
- მერე ბებო? მოგვიყევი ბარეღამ, თუ დაიწყე! და ისე, ხომ შეიძლება, დაკითხვას რომ მეც დავესწრო? - ირონიით გადახედა ფიფოს.
- დაესწარით, რატომაც არა! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - და სულაც არ არის ეს დაკითხვა. უბრალოდ, ისე რაღაც, ჩემთვის მაინტერესებს, არანაირ კავშირში არ არის...
- რასთან? რასთან არ არის კავშირში? - გამომცდელად ჩაეკითხა სტუმარს შვილიშვილი. - სკოლებში რამე მკვლელობები, ხომ არ ჩაიდინეს თინეიჯერებმა? - ცოტა ცინიზმიც გაურია ახალგაზრდა კაცმა.
- მორჩი! - მკაცრად შეუბღვირა ბებიამ შვილიშვილს. - არავითარი მკვლელობა არ ყოფილა! მხოლოდ თავი მოიკლა იმ საცოდავმა ბავშვმა და ჩემს გამო მოიკლა!
- თქვენს გამო? - გაკვირვება ვერ დაფარა სტუმარმა.
შვილიშვილიც, არანაკლებ გაოცებული შეჰყურებდა ბებოს.
- დიახ! ჩემი ბრალია! პირველად მე შევამჩნიე და არც მინდოდა დამეჯერებინა! აბა, რას წარმოვიდგენდი, თუ... - მოხუცმა შეისვენა. - ქალაქში ერთ-ერთი სანიმუშო სკოლა და სანიმუშო, თითით საჩვენებელი ჩემი სადამრიგებლო! და ამ დრო, ყველაზე საუკეთესო მოსწავლე, ისე დაორსულდა, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა ამას!
ქალი გაჩუმდა. დიდხანს ცდილობდა პირმოკუმული, ცრემლების შეკავებას, მაგრამ ყელში მოწოლილმა ბურთმა, მაინც თავისი ქნა, გასკდა და დამჭკნარი სახე ცრემლებით დაუსერა.
ფიფო გაოცებული იყო. ამ საქმეში ორსულობა, არსად არანაირად არ ფიგურირებდა, ხსენებაც კი არ იყო.
„იქნებ, ორსულობის გამო მოიკლა თავი?
მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ექსპერტიზა კარგად იყო ჩატარებული.
სადმე ხომ უნდა გაეჟონა მაინც?
იქნებ, ამაზეც მშობლებმა იზრუნეს და ორსულობის კვალიც მოსპეს?“
ფიფო ჩასაფრებულივით ელოდა, როდისღა დამშვიდდებოდა მოხუცი და როდის განაგრძობდა საუბარს. ბოლოს ისევ თვითონ დაარღვია დუმილი.
- შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით მომიყვეთ? იქნებ, შეეცადოთ და როგორმე უფრო მეტი გაიხსენოთ, ან რის გახსენებასაც შესძლებთ.
ცოტა არეულად მიმართა სტუმარმა, მაგრამ აქ შვილიშვილიც მიეშველა:
- ჰო, მოყევი ბები, მეც მაინტერესებს.
შვილიშვილის ცინიზმიც სადღაც გამქრალიყო და ახლა მთელი გულისყურით, სმენად იყო ქცეული.
- კარგი ბავშვი იყო, კარგი. კარგად სწავლობდა. კარგი ოჯახის შვილი და მერე როგორ უკრავდა, გეგონებოდა კლავიშებს ეფერებაო. მშობლებს, მათ კვალობაზე, ექიმი უნდოდათ, რომ გამოსულიყო, მაგრამ თვითონ ხელოვნება ამჯობინა და არც დაუშლიათ! საოცრად უკრავდა, მღეროდა, ცეკვავდა, ხატავდა კიდეც და იმდენად ნიჭიერი იყო, რომ თავადაც წერდა ლექსებს, რაღაც ნაწარმოებებსა, თუ სიმღერებს!
ქალმა წყალი მოითხოვა. რამდენიმე წუთს შეისვენა კიდეც, მაგრამ ეს წუთები ფიფოს საუკუნედ ეჩვენებოდა და უკვე ძლივს ითმენდა, კვლავ კითხვა რომ არ დაესვა და თან იმასაც შიშობდა, ახალმა კითხვამ, საუბრის თემა სხვაგვარად არ წაიყვანოსო და ამიტომ მთელი სიმშვიდით ცდილობდა აეტანა ეს უკვე საშინლად გაუსაძლისი დუმილი. 
- მერე თითქოს შეიცვალა. - როგორც იქნა, განაგრძო მოხუცმა პედაგოგმა. - უფრო მეტად ხალისიანი გახდა, ცოტაც დაბნეულიც, არეულ-დარეული და ზედმეტად ეიფორიული. გაზაფხულის ბრალიაო, ისეთი ბედნიერი თვალებით მომახალა. - ჩაეღიმა ქალს. - გაზაფხულმა კი იცის, სიყვარულის შემოპარება-მეთქი და ადრეა ჯერ გოგონებო თქვენთვის! ადრე!!! - ასე დავჭექე კლასში. ჰმ, სიცილიც კი დამაყარეს. სიყვარული, ადრე არასდროს არ არისო, ყოველთვის დროულიაო! ისე მიმტკიცებდნენ, თითქოს დიდი გამოცდილები იყვნენ. - მოხუცი ისევ დადუმდა.
- მერე ბები? ბარემ მოგვიყევი, რა მოხდა? - აწრიალდა შვილიშვილიც.
- ნურასოდეს იტყვით, რომ დრო, ყველაფრის მკურნალია. ეგ ტყუილია! დრო, უფრო მეტად და უფრო ძლიერად გიხანგრძლივებს ტკივილს! ეჰ, დრო! დრო! დრო! ეს წყეული, მუხანათი სიბერე! სკოლის წლებს კი მაინც არაფერი არ სჯობს!
მოხუცი პედაგოგის ამ სიტყვებზე, ფიფოს მდარედ ჩაეღიმა.
- ეჰ, რამდენ საინტერესო რამეს გაიგებ სკოლის პერიოდში, მაგრამ ვის უნდა მაშინ გაგება და მოსმენა? - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ფიფომ. - ერთი სული გაქვს, სანამ ზარი დაირეკება. მასწავლებლის ავად გახდომა, ხომ ყოველთვის მოსწავლეთა ერთ-ერთი საუკეთესო დღესასწაულია! 
ყველას გაეცინა.
- სამწუხაროდ. - განაგრძო ისევ ფიფომ. - ზოგჯერაც და ხშირადაც, ათას სისულელეს სჩადიხარ და თავი მაგარი ბიჭი გგონია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიტუტუცე და უზრდელობა, შენი ქცევების პიკს აღწევს!
პედაგოგს, ფიფოს სიტყვებზე კვლავ გაეცინა:
- ახლა ასე დინჯად რომ ზიხარ და მისმენ, შენც კაი ცელქი იქნებოდი სკოლაში.
- უჰ, საშინელი ბავშვი ვიყავი! - გაეცინა ფიფოსაც. - მიუხედავად ამისა, კარგად ვსწავლობდი და ამის გამო უფრო მაჩერებდნენ სკოლაში. საწყალი დედაჩემი, ჰაჰ! სულ სკოლაში იყო გამოკიდებული და მერე რა სიგიჟეებს ვუსმენდი და თან ჭკუაზე არ ვიყავი! აბა ახლა, რა მომასმენინებს? თუმცა, ზოგიერთი ძველი კარგად ნაცნობი მელოდია, ახლაც სადღაც, რაღაცნაირად მაინც მაღელვებს.
- საერთოდ მოზარდები, ხშირად ისეთ მუსიკას უსმენენ, რასაც მათი თანატოლები. ერთი აიჩემებს და აჰყვება მერე მთელი კლასი! მერე ბევრს ჰგონია, რომ ეს მათი არჩეულია, მათი სტილია და მაგიტომ მოსწონთ. სინამდვილეში კი, სხვების შერჩეული და შემოჩეჩებულია! თუმცა თანდათან, ასაკთან ერთად, გემოვნებაც ეცვლებათ, მაგრამ არც ერთი მელოდია, არ იწვევს ისეთ ემოციებს, როგორსაც იმ ასაკში ვუსმენდით და მართლაც გულით მოგვწონდა იმ დროს! მოგვიანებით, განვლილი წლების მერეც, იმ ძველ დროს ისევ გვახსენებს და სადღაც კვლავ, ისეთივე ემოციებს გვიტოვებს გულში.
საუბრის მთავარი თემიდან გადახვევას, წამიერი დუმილიც მოჰყვა.
- ერთხელ, გვიან გაზაფხულზე, ისეთი თავსხმა წვიმა იყო. - დაბალი ხმით დაიწყო მოხუცმა პედაგოგმა. – თან მზე აჭერდა, თანაც ძლიერად წვიმდა. მზის სხივებზე არეკლილი წვიმის თქეში, ისე ლამაზად ეფრქვეოდა ხასხასა მწვანე ფოთლებს. საოცარი სანახავი იყო მზის შუქით აელვარებული წვიმის ფარდა. ბავშვები ახმაურდნენ. აბა რა დააკავებდა მაგათ? პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ კლასი აირიოს და აიშალოს! ფანჯარას ხმაურით მიაწყდნენ. მეც კი შევწყვიტე გაკვეთილის ახსნა და მათთან ერთად ვტკბებოდი ბუნების ამ სიმშვენიერით. 
„- მართალია, რომ წვიმას ბედნიერება მოაქვს?“
ისეთი ბედნიერი თვალები შემომანათა, რომ მაშინათვე გავიფიქრე, ეს გოგონა უეჭველი შეყვარებულია-თქო. - ქალმა ამოიხვნეშა და მალევე განაგრძო. - სასწავლო წლის ბოლო იყო, ზაფხულიც მალე დადგა. შემოდგომაზე კი, სულ სხვანაირი დაბრუნდა კლასში. საშინლად შეცვლილი, თვალებჩამქრალი, უსიცოცხლოდ იჯდა გაკვეთილებზე. ხან მე თვითონ ვუშვებდი, ხანაც თავად ითხოვდა სახლში წასვლას. ბევრიც აღარ მიფიქრია და მშობლები დავიბარე. მაშინ ასე ჩავთვალე საჭიროდ. თითქოს ნიშნის მოგებითაც მივახალე. ეჰ, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი. თუმცა, დღემდე ვნანობ. ჯერ ბავშვისთვის უნდა გამომეკითხა, იქნებ რა უჭირდა? გვერდში უნდა ამოვდგომოდი, მე კი?.. - ქალმა აცრემლებული თვალები მოიწმინდა. - მერე სკოლაშიც აღარ უვლია. მთელი სასწავლო სეზონი გამოტოვა. ვითომ, სხვა ქალაქში წაიყვანეს. ვითომ, რაღაც გადაუდებელ ოპერაციას უკეთებდნენ. სინამდვილეში კი, სახლში ჰყავდათ გამოკეტილი. მეგობრებთან, კლასელებთან, ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა გაწყვეტილი. მერე ვითომდა, ლეიკემიით გარდაიცვალაო, მაგრამ აბა ისეთ ქალაქში, სადაც ამ ოჯახს კარგად იცნობდნენ, ასე ადვილად, რა დაიმალებოდა? მალევე გაჟონა, რომ თავი ჩამოუხრჩვია.

***
- მერე ბავშვი?
ფიფომ დაამთავრა თუ არა მოყოლა, წამსვე „ხანუმა დეიდამ“ კითხვა შეაგება.
- რა ბავშვი? - დაიბნა ფიფო.
- ჰმ! გოგონა ორსულად იყოო, აბა? თვითმკვლელობა ბევრად ადრე რომ ჩაედინა, ამ კითხვას კი არ დავსვამდი? რაც სწავლა შეწყვიტა, ჩაიკეტა, სკოლაშიც აღარ უვლია და დაახლოებით, ორი წლის მერე, იკლავს თავს და რა ვიფიქრო? - დამცინავად ჩაეკითხა ხანუმა.
ფიფო აწრიალდა. ეს როგორ გამორჩა? რატომ თვითონ ვერ მოიფიქრა?
- შეიძლება, ბავშვი არც გაუჩენია! იქნებ, ამაზეც იზრუნეს ოჯახის წევრებმა და იძულებით მოაშორებინეს. მერე კი, გოგონამ იდარდა, ვეღარ გადაიტანა, თუმცა?..
- რა თუმცა? – ვეღარ ითმენდა ფიფო.
- რაღაც ძალიან დიდი დროა გასული. სულ რაღაც ცხრა ან ათ თვეში, ან თუნდაც მაქსიმუმ ერთ წელიწადში, რომ მოეკლა თავი კიდევ...
- რა კიდევ?
- აზრი ვერ გამომაქვს! მის შემთხვევაში, ორი წელიწადი, ძალიან დიდი დროა თვითმკვლელობის საფიქრებლად. თუმცა, ვინ იცის? ან იქნებ, მერე კიდევ რაღაც შეემთხვა, რაღაც ისეთმა სიტუაციამ მოახდინა პროვოცირება და ეს უკვე, მართლაც ვეღარ გადაიტანა. ვეღარ გაუძლო, უკვე გატანჯული მოზარდი ბავშვის ფსიქიკამ.
ფიფოს ისევ აეშალა ფიქრები. სულ აირ-დაირია. ჯერ უნდა დაედგინა, ნამდვილად დაიბადა თუ არა ბავშვი და მერე კიდევ...
ახლა ჯერ, სამშობიარო სახლების არქივები ჰქონდა ამოსაბრუნებელი და მერე კიდევ ვინ იცის, სად მოუწევდა სირბილი.
„ხანუმა დეიდასგან“ პირდაპირ ისევ მოხუც მასწავლებელს მიაშურა. გზაში თავის თავს ტუქსავდა, რატომ იქ ყოფნის დროს არ მოუვიდა აზრად, რომ ბავშვის ამბავი ეკითხა.
- ბავშვი? - მოხუცი პედაგოგი ჩაფიქრდა. - ისე მაგაზე, მეც ბევრჯერ მიფიქრია. სრულიად შესაძლებელია, მართლაც თავისი ნების გარეშეც კი მოაშორებინეს. შეიძლება, მისივე სურვილიც იყო და შეიძლება, სულაც... – მასწავლებელი გაჩუმდა.
ფიფო ვეღარ ითმენდა. უკვე ზედიზედ, მეორე ვიზიტი იყო ამ ქალთან და ფაქტიურად, ისევ ერთი და იმავეს ტკეპნიდა.
- ისე, მაქვს უფლება, რომ ვიკითხო, რატომ დაინტერესდით ამ ძველი საქმით? მაინც ამდენი წელია გასული.
- არა. არ გაქვთ უფლება. - გაეცინა ფიფოს. - უბრალოდ, თხოვნას ვასრულებ და მეტი არაფერი.
- თხოვნას?
- დიახ. იცით, მამაჩემი თავის დროზე, იმ გოგონას საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას, ამდენი ხანი მივიწყებული ჰქონდა...
- კი, მესმის შვილო. - უნდობლად შეხედა ქალმა. ცხადი იყო ხვდებოდა, რომ კიდევ რაღაცაში იყო საქმე.
ფიფომ თავის დაძვრენა სცადა:
- უბრალოდ, მამას გაახსენდა, მეც დავინტერესდი. იქნებ, რამე ისეთი იყოს, რომ... თანაც, შარშან მე ვიძიებდი ერთ საქმეს და...
ფიფო მერყეობდა. საქმის მასალების ასე დეტალურად გაცნობა უცხოსთვის, ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ რადგან მოხუცი პედაგოგი, გოგონას ოჯახს კარგად იცნობდა, მცირე ინფორმაციის ჩაწვეთებასაც კი იქნებ, მართლაც რაღაც კვალზე მაინც გაეყვანა.
- ამ გოგონას მამამაც, თავი ჩამოიხრჩო. ქამრით. - ფიფომ სიმართლეში, ცოტა ტყუილიც შეურია, თუმცა დაუჯერებელი არც არაფერი იყო.
- ჰმ, ის ანგელოზივით ბავშვი კი დაღუპეს და მერე ორმოცი წელი იფიქრა? ეჰ, რაღა დროსი იყო.
- დიახ, მართლაც, რომ ცოტა უჩვეულო იყო, ამდენი წლის შემდეგ, ყველაფერი გამოძიებული და გარკვეულია, მაგრამ... უბრალოდ, მამა დაინტერესდა, გაახსენდა გვარი ეცნო და მერე მეც მივყევი და მივყევი და აი, თქვენამდეც მოვედი და ვეღარც გეშვებით. - თბილად გაუღიმა ფიფომ.
ფიფო ისე მშვენივრად ტყუოდა, რომ მასწავლებელს ეჭვიც არ შეჰპარვია. თუმცა, სიმართლეც ბევრი ერია და საეჭვოც არაფერი იყო.
- ბავშვზე, მართლაც არაფერი მსმენია, თუ ვიანგარიშებთ, რომ მთელი სასწავლო სეზონი გამოტოვა, რა ვიცი? შეიძლება გააჩინა კიდეც.
მასწავლებელი გაჩუმდა, რაღაც თითებზე გადათვალა. მერე ფიფოს შეხედა. ფიფო ისევ აწრიალდა, ბოლო დროს მოთმინება ღალატობდა, მაგრამ მაინც ცდილობდა არაფერი შეემჩნიათ.
- შესაძლებელია ბავშვი გააჩინა კიდევაც და ისე გააშვილეს, რომ... ექიმების ოჯახი იყო კავშირები არ გაუჭირდებოდათ. იქნებ სულაც, სახლში ამშობიარეს? ჩემი ვარაუდით, ბავშვი სადღაც ზამთრისკენ უნდა დაბადებულიყო. დეკემბერი-იანვარი... დაახლოებით ასე იქნებოდა, თუმცა ვინ იცის? შეიძლება სულაც, გაზაფხულზე დაიბადა?
მასწავლებელმა სათვალე კარგად მოირგო და ფიფოს, ახლა უფრო მეტი დაკვირვებით დაუწყო შეთვალიერება.
ფიფო მიუხვდა და გაეცინა:
- არა, მე ნამდვილად არ ვარ ის ბავშვი და თანაც, ზაფხულში დავიბადე!
სიცილში მასწავლებელიც აჰყვა:
- შენ რა იცი? იქნებ აგიყვანეს და გიმალავენ, არ გეუბნებიან.
- გოგონა, ჩემს დაბადებამდე, ათი წლით ადრე გარდაიცვალა, ასე რომ ათი წელი, არც თუ ისე პატარა დროა და ასე ადვილად ვერ დაიმალებოდა.
მასწავლებელი კიდევ რაღაც რაღაცეების გახსენებას მოჰყვა. გოგონას დედას, ამ ამბის მერე აღარც უმუშავია, აღარც სამსახურში გასულა და სახლიდანაც კი წასულა.
- და რომელ კლინიკაში მუშაობდა, თუ გახსოვთ?
- როგორ არ მახსოვს! საოპერაციოდ, რომ ვიყავი...
მოხუცი პედაგოგი, კვლავ ძველი ამბის გახსენებაში იყო, მაგრამ ფიფო უკვე აღარ უსმენდა. იმ კლინიკის ხსენებაზე, გული შეუტოკდა. სწორედ ის იყო, სადაც მისი ორი მსხვერპლი მუშაობდა თავის დროზე და ზუსტად იმავე პერიდში. ეს უკვე სერიოზული დამთხვევა იყო და წყალი არ გაუვიდოდა, რაღაც კავშირში აუცილებლად უნდა ყოფილიყო და გამორიცხულიც არ იყო, რომ...
„ჰმ, ხანუმა დეიდა. რა კუდიანი ყოფილხარ. საიდან სად გადასწვდა.“
- სხვათა შორის, სადაც მშობლები მუშაობდნენ, ის კლინიკა ისეთ ადგილას იყო, სადაც სამშობიაროც არის, ბავშვთა საავადმყოფოც და... - მასწავლებელი გაჩუმდა.
- და რა? – ვეღარ ითმენდა ფიფო.
- ქალაქის ბოლოშია. ორ-სამ სართულიანი შენობებია. ბავშვთა კლინიკაა ცალკე. ჩვილებისთვის კი, სულ სხვა შენობაა. სამშობიაროც იქვეა, მაგრამ ის შენობაც განცალკევებით დგას და კიდევ არის რაღაც, სადაც სამშობიაროდან დროებით გადაჰყავთ ჩვილები. იქიდან მერე ხშირად ხდება გაშვილება, პატრონი თუ არ მოიკთხავს და არც არავინ აიყვანა, მერე ბავშვთა სახლში უშვებენ. 
- კი მაგრამ, რატომ? - გაუკვირდა ფიფოს. - როგორც ვიცი, სამშობიაროდან პირდაპირ სახლში არ მიჰყავთ?
- ზოგჯერ, ასეც ხდება ხოლმე, როცა ბავშვი დღენაკლული იბადება. ზოგსაც, დაბადებისთანავე აქვს რაღაც პრობლემა. გამოაშუშებენ, მოაჯანმრთელებენ და მერე ჩააბარებენ პატრონს!
ფიფო ჭკუაზე აღარ იყო. მართლაც რომ უკვე, რაღაც კვალზე იდგა და ამჯერად, ბოლომდე უნდა გასულიყო. არც იმაში იყო დარწმუნებული, ეს კვალი მიიყვანდა თუ არა, სერიულ მკვლელამდე.
„თუ მკვლელებამდე?“
უმრავი და ამდენი მრავალფეროვანი ინფორმაციებით დახუნძლულ ფიფოს, თავი უსკდებოდა ფიქრისგან.
ათას ვარიანტს ატრიალებდა და საშინელი დაღლილობა იგრძნო. თითქოს, გულშიც რაღაც ჩასწყდა. მერე წამით გაიფიქრა, რომ ახლა ალბათ, ნახევარ სიცოცხლეს დათმობდა, ოღონდ მიმისთან ესაუბრა, თუნდაც მხატვართან ერთად, მისივე სახელოსნოში. სიამოვნებით მოუყვებოდა ამ ახალ ამბებს, თუმცა ახალი სულაც არ იყო. საკმაოდ ძველი, ბევრად ძველი ამბები იყო.
მერე კი, ისევ შემოაწვა ის აზრი, რომ მიმიც და მხატვარიც, შეიძლება რაღაც გარკვეულ როლს, მაინც თამაშობდნენ ამ ამბებში და...
„ან იქნებ, სულაც მე ვფიქრობ ასე და სინამდვილეში კი, სულ სხვანაირად არის ყველაფერი? და სულ ტყუილად მეპარება ეჭვი? კი მაგრამ, მერე მანქანა? მიმის მანქანას, რაღა ვუყო? ეს ხომ უკვე, ხილული ფაქტია?
უჰ! რა ვიცი, რა ვიცი.
„ხანუმა დეიდამაც“ ეს უძველესი ამბავი, ამომაქექინა.
ჰმ! და საიდან, სადაო?
ჭკვიანი ქალია. 
აი, ამიტომაც, ყოველთვის საჭიროა, ნებისმიერი დეტალისა თუ ინციდენტის, თავიდან გადამოწმება და ვინ იცის მერე, სად და როდის შეიძლება გამოგადგეს. გამომადგეს კი არა და იქნებ, უკვე ცხელ კვალზეც ვდგავარ?“
LEX. 2017 წლის 11 აპრილი, სამშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1892727034302918

No comments:

Post a Comment