46.
LEX. 2016 წლის 19 სექტემბერი, ორშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1795928777316078/?type=3&theater
ზამთარი ისე მიილია, მიმის არც მხატვარი უნახავს და არც ფიფოს
შეხვედრია.
გაზაფხულზე ისევ შეიკრიბნენ. თითქოს, ისევ ისე ძველებურად
გაგრძელდა მათი მეგობრობა, მაგრამ მიმი გრძნობდა, ეს ისეთი ურთიერთობა აღარ იყო, როგორიც
ადრე ჰქონდათ.
გაზაფხულს მერე ზაფხულიც მოჰყვა და მიმიმ სულ მიივიწყა ბიჭები.
მთელი ზაფხული მოგზაურობდა. ერთ სეზონზე, ორჯერაც კი იყო ზღვაზე, მერე მთებშიც დაისვენა. მერე
ერთხანს, სათავგადასავლო ტურითაც მოუწია მოგზაურობა
და აბა, სადღა ეცალა ძველი მეგობრებისთვის. თუმცა დიდად, არც ბიჭებს მოუკლიათ თავი მისი
მოკითხვით, ყველა თავის პირად საქმეებში იყო ჩაფლული.
ბოლო დროს მიმი, ყველაზე კარგად მხატვართან
გრძნობდა თავს. დარწმუნებული იყო, რომ ამ ქვეყნად ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მშვიდად
და გემრიელად შეეძლო დასვენება, მაგრამ შეცდა. ერთ მშვენიერ დღესაც, მძაფრად შეიგრძნო,
რომ იქ, მისი ადგილი აღარ იყო. თავიც კი ზედმეტად იგრძნო. მერე კი იფიქრა, აქ აღარაფერი
მესაქმებაო. მით უმეტეს, თუ არც არავინ აიძულებდა იქ ყოფნას.
უჩუმრად, თითქოს გაპარვით, ისე გაეცალა იქაურობას,
რომ დამშვიდობებაც კი არ ჩათვალა საჭიროდ.
ფიფო კი?..
რაც შეეხებოდა ფიფოსთან ურთიერთობას, მასთან
უკვე ცხადი იყო, ყველაფერი დამთავრებული ჩანდა და ბევრად ადრეც, ვიდრე საბოლოოდ დაშორდებოდნენ
ერთმანეთს.
ის გაზაფხულის შემორიგებაც უმწეო აღმოჩნდა, თავიდანვეც ასე ჩანდა და მერეც არც არაფერი მოიტანა.
ის გაზაფხულის შემორიგებაც უმწეო აღმოჩნდა, თავიდანვეც ასე ჩანდა და მერეც არც არაფერი მოიტანა.
ზაფხულის დასრულებასთან ერთად, მიმის შვებულებაც ამოიწურა და ჩამოსვლისთანავე, თავის ახალ, იდუმალ მეგობარს დაუწყო ძებნა.
არა ერთი, მესიჯებისა და ზარების შემდეგ, როგორც
იქნა, უპასუხა და დიდი ხვეწნისა და წვალების შემდეგ, მაინც დაითანხმა შეხვედრაზე.
პიპა აშკარად გაურბოდა. მიმი გრძნობდა ამას,
მაგრამ ისე იყო შეპყრობილი მისი იდუმალებით, რომ ლამის გასაქანს არ აძლევდა. მათ შორის დახშული, უზარმაზარი ალაყაფის კარი, ამ კაცთან დაახლოვებას, შეუძლებელს ხდიდა. მხოლოდ
კარის ჭუჭრუტანიდან დანახულით უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ სულაც არ ბრაზობდა, მაინც
არ სწყინდა, მოთმინებით იტანდა, საიდუმლოებით მოცული მეგობრის, ასეთ სიტყვაძუნწობას და
დარწმუნებული იყო, აუცილებლად დადგებოდა ის დრო, როცა მისი ინტერესები სრულიად თუ არა,
ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდებოდა.
მიმის, ამ იდუმალი ნაცნობის მიმართ, სულ სხვა
ინტერესი გაუჩნდა, ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე საერთოდ ვინმეს მიმართ ჰქონდა ადრე.
ზუსტად, თავადაც ვერ აცნობიერებდა, რა უნდოდა, რას მოელოდა მისგან, მხოლოდ იმას გრძნობდა,
ეს იდუმალი კაცი, ბევრ რამეს ფარავდა და ბევრ კითხვას, უმნიშვნელო ტყუილით ნიღბავდა და
მაინც რაღაც, ქვეცნობიერი ძალა იზიდავდა მისკენ და მის გვერდითაც, რაღაცნაირად უფრო მშვიდად გრძნობდა თავს.
თავის მხრიდან, პიპასაც გაუჩნდა მიმის მიმართ
ინტერესი, მაგრამ უფრო მეტად, ფიფოს ხაზით იყო დაინტერესებული. თუმცა, მალევე მიხვდა, მათ შორის რაღაც დიდი კონფლიქტი იყო და ცდილობდა, როგორმე მაინც შეერიგებინა ეს წყვილი. იქნებ, მათი შერიგების მერე, თავადაც როგორმე ჩამოშორებოდა მიმის. ამიტომაც იყო, რომ რჩევა-დარიგებასაც
არ აკლებდა და მიმის მონაყოლიდან, ფიფოს ნებისმიერ საქციელსაც კი გამოუძებნიდა ხოლმე
გამართლებას.
- თუ მართლა გულით გიყვარს...
- არ ვიცი? - მიმიმ თვალი აარიდა, მართლაც
არ იცოდა, რის გულისთვის სწყდებოდა ასე ძლიერ გული ფიფოზე.
- არ იცი, გიყვარს თუ არა? იქნებ, სულაც იმის
გულისთვის გწყდება გული, რომ მაგ შენი ფიფოს სახით, ერთი თაყვანისმცემელი მოგაკლდა?
- ჩემი არ არის... - მიმის ხმა გაებზარა.
- და არც არავისი არ არის! ადამიანი თავად
წყვეტს სად წავიდეს და ვინ უყვარდეს, ან ვისთან უნდა! – პიპა გაჩუმდა.
- და ვინ უნდა სძულდეს, არა? – ნაღვლიანად
დაუმატა მიმიმ.
პიპას გაეცინა:
- არა, არა, დამშვიდდი, შენ არ სძულხარ, ნამდვილად
არ სძულხარ!
მიმი მდუმარედ გაჰყურებდა მზის სხივებით მოფენილ
ჰორიზონტს. დუმილი დიდ ხანს გაგრძელდა, მერე ისევ მიმიმ ამოიღო ხმა:
- სიყვარული უფრო ძლიერია, თუ სიძულვილი?
- არ არსებობს ეგ ცნება!
- ეგ როგორ?
- ინდივიდუალურია და მაგიტომაც, ვერავინ იტყვის
ზუსტად, რომელი უფრო ძლიერია! ზოგს ისე გამეტებით სძულს, ყველანაირად დაგიმტკიცებს
სიძულვილის ძლიერებას, ზოგი კი პირიქით, ისე ძლიერად არის სიყვარულით შეპყრობილი, რომ
მასზე დიდი ძალა ვერც კი წარმოუდგენია! - პიპა გაჩუმდა და ყურებჩამოყრილ მიმის გაუღიმა.
- საერთოდ, რასაც აღმერთებ ის უფრო ძლიერია შენში! და შენ ხარ ეს ყველაფერი - სიძულვილიც
და სიყვარულიც! – პიპა კვლავ გაჩუმდა. მერე კი უფრო ნაღვლიანად დასძინა: - მაგრამ სიყვარული, უფრო დიდ ხანს ცოცხლობს და უკვდავია, სიძულვილისგან განსხვავებით.
მიმი სულგანაბული უსმენდა, ახლა უფრო მეტად
დაინტერესდა ამ კაცით. უფრო მეტი რამ უნდოდა გაეგო მასზე, მაგრამ როგორც კი რაიმე შეკითხვას
დაუსვამდა, პიპა ყველანაირად არიდებდა და თავს და ცდილობდა თემა შეეცვალა. იშვიათად
თანხმდებოდა შეხვედრაზე, ტელეფონსაც კი ძალიან ძუნწად პასუხობდა და მიმის შეკითხვას
ისე შემოაბრუნებდა, რომ მერე აქეთ უწევდა მიმის პასუხების გაცემა. მიმიც მაშინვე გულუბრყვილოდ არაკრაკდებოდა და იმაზე მეტს
ჰყვებოდა, ვიდრე კითხვა იყო დასმული.
კაცი გონიერი იყო, დინჯად საუბრობდა. აშკარად, ბევრად კარგი განათლება ჰქონდა, მაგრამ მიმის რატომღაც, უბრალო სოფლის ბიჭად აჩვენებდა
თავს. მიმი ყველაფერს ამჩნევდა, მაგრამ საერთოდაც არ სწყინდა, პირიქით უფრო ართობდა
და უფრო მეტად ინტერესდებოდა მისით. დარწმუნებული იყო, დადგებოდა დრო და მისი იდუმალი
მეგობარი ყველაფერს აუხსნიდა, ყველაფერს მოუყვებოდა, თუ რისთვის მალავდა ასე საგულდაგულოდ, თავის ცხოვრებას.
მიმი ლამის ყველა თემას ეხებოდა. ფიქრობდა,
საუბარში სადღაც მაინც ხომ გამოვლენს თავის პიროვნებასო, თუმცა იმაზე მეტს, მაინც ვერაფერს
იგებდა, რაც უკვე აქამდეც ისედაც იცოდა.
- იცი, გუშინ ისე დავიღალე. - დაიწყო მიმიმ.
- სალაშქროდ ვიყავი, მეგობრებთან ერთად. ლამის მთელი დღე ვიმგზავრეთ, მერე ფეხით იმდენი
ვიარეთ. მთის კენწეროზე მოქცეულ ტაძრამდე, საცალფეხო ბილიკის მეტი სხვა გზა არ იყო.
ისე დავიტანჯე და უშედეგოდ! - მიმიმ ამოიხვნეშა. - სამწუხაროდ, ტაძარშიც კი არ შემიშვეს.
პიპამ ინტერესით გამოხედა.
- ზოგი შეუშვეს, ზოგიც არა! - განაგრძო მიმიმ.
- ვინც მოეწონათ შეუშვეს, ვინც თვალში არ მოუვიდათ, ისინი არც შეუშვეს!
პიპას სახეზე ღიმილი აუთამაშდა, მაგრამ თავის
შეკავება შესძლო. მიმის ეს არ გამოჰპარვია. წამით იყუჩა და მაშინვე მიახალა:
- შენ? შენ როგორ გაატარე უქმეები?
- ისევე, როგორც სხვა საქმიანი დღეები და
რატომ არ შეგიშვეს ტაძარში? - პიპამ ოსტატურად მოიგერია მიმის გამოკითხვა და თავად
დაუსვა შეკითხვა.
- ჯინსები მეცვა, აბა იმ ტყე-ღრეში კაბით
გამოპრანჭული, ხომ არ ვივლიდი? თუმცა ზემოდან დიდი შარფი მქონდა მოხვეული და მაინც
არაო! არ იმსახურებო! არ ხარ ღირსიო! ჯერ ნერვები მომეშალა, მერე კი ლამის ვიტირე.
პიპას გულიანად გაეცინა.
- რა გაცინებს?
- გასაგებია რატომაც!
- რა? არის გასაგები?
- სულ მარტივად შეიძლება ამის ახსნა! შენ
მოითხოვ მისგან პატივისცემას და შენ თვითონ არ სცემ მას პატივს! აი, სწორედ ამიტომაც
არ შეგიშვეს ტაძარში, თუნდაც შენიღბული შარვლით!
- ჩაცმულობას, რა მნიშვნელობა აქვს? - იწყინა
მიმი. - მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო, რა? არ გაგიგია?
პიპას ახლა უფრო ძლიერი სიცილი აუვარდა:
- იმიტომ, რომ ის მღვდელია და ისედაც უნდა
შეიცნო მასში, მისი არსი!
- თავად, როგორც უნდათ ისე იქცევიან. - მიმი
უკმაყოფილოდ აიბუზა. - სხვებს კი, მოუწოდებენ!
- ჰმ, არც შენ მოგწონს არა, ძვირადღირებული ჯიპებით რომ დასრიალებენ?
- ჩაეცინა პიპას.
- არა! რაღაც საშინელ უნდობლობას იწვევს.
სულიერ უნდობლობას! და ნუ, არ ვიცი?
- მერე შენც ისეთი ნახე, ვისაც ჯიპი კი არა, წესიერი ფეხსაცმელებიც კი, არ აცვია.
მიმიმ გაკვირვებით შეხედა:
- მერედა, არიან მასეთებიც?
- არიან, საკმარისად არიან! თუმცა ალბათ უკვე, ცოტანი დარჩნენ. ძალიან ცოტანი. - ჩაილაპარაკა პიპამ და მერე ასევე მშვიდი ხმით განაგრძო. - მანკიერება, ყოველთვის დიდი დოზით არის და
ამიტომაც, ასე ხშირად გეჩხირება თვალებში. უმანკოება კი, ძალიან ცოტაა... სულ პაწაწინაა და ძალიან თბილი, იშვიათი... სანატრელი...
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1795928777316078/?type=3&theater

No comments:
Post a Comment