Sunday, January 21, 2018

მებაღე (ნაწილი 25)

25.
პატრონმა ერთი კი იფიქრა გაგრძელება საჭირო აღარ იყო, მისთვის საინტერესოს ვერაფერს ხედავდა, ამიტომ სხვის ასე სულში ჩაძრომას და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის სულში ქექვას, ისევ კითხვის შეწყვეტა სჯობდა, მაგრამ უცებ თვალი მოჰკრა ნაწერს სადაც დადა მას ახსენებდა და ახლა უფრო გულდასმით შეუდგა კითხვის გაგრძელებას.
აღმოჩნდა, რომ თურმე, როცა დადა თავის სამყაროში იყო გადართული მშიერ-მწყურვალი, ხელზე წვეთოვნის სისტემა შეერთებული, მას ყველაფერი ესმოდა, რაც მის ირგვლივ ხდებოდა, მხოლოდ რეაქცია არ ჰქონდა. ისიც კი მშვენივრად ახსოვდა, რომ პატრონი მისი ნამდვილი მამა არ იყო, მაგრამ იმასაც წერდა, რომ მასზე ძვირფასი და უსაყვარლესი ადამიანი არვინ ეგულებოდა მთელს დედამიწის ზურგზე. 
სადღაც გულის რაღაც კუნჭულში ზეკიც კი უყვარდა, მაგრამ უფრო, როგორც ოჯახის წევრი და როგორც სისხლით ნათესავი, თუმცა, იმასაც აღნიშნავდა, რომ არც ეს ბოშა ბიჭი იყო მისი ნათესავი. 
ზეკმა სიცოცხლე მაჩუქაო - ასე წერდა დადა.  
პატრონმა გაიფიქრა, ალბათ ტყეში, რომ იპოვა და მგლის ლუკმა, რომ არ გახდა იმას თუ გულისხმობსო.
პატრონს ეღიმებოდა დადას ნაწერებზე და კითხვას ვეღარ ანებებდა თავს. გოგონა ლამის ყველას სათითაოდ სიყვარულით მოიხსენიებდა. ჩამოთვლილ მსახურთაგან იმდენს ასახელებდა, რომ ლამის ყველა უყვარდა და პატივს სცემდა, პატრონს გული სიამაყითა და სიყვარულით ევსებოდა, ცრემლიც კი მოადგა თვალზე. დადას ეზოს ძაღლების კი არ დაუტოვებია უსიყვარულოდ.
პატრონს ძაღლების უმეტესი ნაწილი ჯიშიანი და კარგად გამოწვრთნილი ჰყავდა. ერთხელ მათ ეზოს გაქუცული დიდი უჯიშო შავი ძაღლი მოადგა, ძაღლს მუცელი დაბერილი ჰქონდა, ეტყობოდა, რომ მალე ლეკვებსაც დაყრიდა. დადამ ერთი ამბავი ატეხა სანამ ეზოში არ შემოაშვებინა და სულ
მალე ეზოში დიდ შავ ძაღლთან ერთად სამი ლეკვიც დარბოდა.
,,რა საოცარი მყოლიხარ, დადა...’’ 
ფიქრობდა პატრონი და სულ უფრო და უფრო მეტად იძირებოდა დადას დღიურში. ნებართვის გარეშე სხვის სულში, რომ ძვრებოდა იმ უნამუსობის შეგრძნებაც კი სადღაც გამქრალიყო.
ზოგი მსახური არ უყვარდა, მაგრამ ცდილობდა მაინც, ცუდად არ ეფიქრა მასზე. უნდოდა ყველა ჰყვარებოდა, თუმცა იმას ამატებდა, რომ უგულო და ცივი ხალხი მის სიყვარულს ვერასდროს დაიმსახურებდა. 
პატრონი ყველაზე მეტად კი იმან გააკვირვა, რომ დადა იმ საშიშ თვალება კაცს საშინლად ვერ იტანდა. მისი მოსვლა ყოველთვის შიშის ზარს სცემდა. ამის წამკითხვარე პატრონი გაოგნებული დარჩა. 
არასდროს შეუმჩნევია დადაზე ვინმეს მიმართ ასეთი შიში და ზიზღი, რასაც აქ აღწერდა. თუმცა ერთხელ კი მოაგონდა მის კაბინეტში დადა, როგორი სახით აიმრიზა, როცა ამ სტუმრის მოსვლა აუწყეს.
,,ნუთუ რაიმე დაუშავა? კი მაგრამ როდის? როგორ?’’ 
პატრონს მასთან საქმიანი გარიგების გარდა კიდევ რაღაც ძველი ამბები აკავშირებდა, მხოლოდ ამ ორის გარდა არავინ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ დადა? 
რატომ ვერ იტანდა და ასე ეზიზღებოდა ეს კაცი?
როგორმე უნდა გამოეკითხა, რატომ ვერ იტანდა იმ კაცს. დადას თუ რაიმე დაუშავა არ შეარჩენდა და ასმაგადაც აზღვევინებდა.
პატრონი წუთით გადაერთო ფიქრებში მერე კი კვლავ განაგრძო დღიურის კითხვა.

,,ჩემო ცხოვრების საჩუქარო, ეს რა უთბილესი წერილი მივიღე, არასდროს არ მიმიღია ასეთი, იქნებ მოუწერიათ კიდევაც, მაგრამ ჩემს გულამდე ვერ შეუღწევია, სადღაც ცხოვრების ნიავს გაჰყოლია...

შენი წერილის კითხვისას ყავის ფინჯანში ჩემი ცრემლები ცვიოდა...
სიხარულის და სინანულის ცრემლები იყო და ერთად მცვიოდა...’’

რომელ წერილზე საუბრობდა დადა? ნუთუ უგო ახერხებდა წერილების მოწერას? ან იქნებ ეს დადას უცნაური ილუზიების კიდევ ერთი შტრიხი იყო.
LEX. 2016 წლის 12 მარტი, შაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1716415921934031/?type=3&theater

No comments:

Post a Comment