44.
„თავიდან ბავშვებს უყვართ მშობლები,
მერე თანდათან მათ განსჯას იწყებენ, და ძნელად თუ აპატიებენ.“
/ოსკარ უაილდი/
კვირაში ერთხელ, ბავშვთა სახლში, პატარა მხატვარს, მამა აკითხავდა. ბიჭი თავჩაღუნული
უსმენდა და ხმასაც არ სცემდა. მერე კაცი ფუთას უტოვებდა, გასულიც არ იყო, რომ მივარდებოდნენ
სხვა ბავშვები და სასწრაფოდ დაინაწილებდნენ.
ბიჭი, მაინც გაუნძრევლად იჯდა და სულაც არ ადარდებდა, თუ რა იყო, ფუთაში.
როდესაც პატარა მხატვრის მამამ, ახალი სამსახური დაიწყო, ხელფასის მომატებასთან ერთად, განუწყვეტლივ მივლინებებში უწევდა წასვლა. ამის გამო, ახლა ღამის გასათევადაც იშვიათად იყო სახლში და ბავშვი, ხშირად მარტო რომ არ დარჩენილიყო, მამამ ახალი დედიკო მოუყვანა.
და ეს მაშინ, როცა მისი ნამდვილი დედა, უცხოეთში
იყო სამუშაოდ და ვინ იცის, როდის დაბრუნდებოდა.
თავიდან ქალი, ჯერ მხოლოდ სახლის დასალაგებლად
მოდიოდა, მერე კი, უფრო ხშირად იწყო სტუმრობა. სახლსაც ასუფთავებდა, ბავშვსაც კარგად უვლიდა
და გემრიელ სადილსაც ამზადებდა. ბავშვიც ისე შეეჩვია, უხაროდა კიდეც მათთან ღამითაც,
რომ რჩებოდა. მხოლოდ მოგვიანებით შენიშნა, მამასთან ერთად, დედიკოს საწოლში, როგორ ეძინა.
არ მოეწონა, საშინლად გაბრაზდა და გაიბუტა.
ვერვინ მიუხვდა გაბუტვის მიზეზს, თუმცა დიდად არც მიაქციეს ყურადღება.
გულნატკენი ბავშვის ცელქობა, თანდათან აბეზარობაში
გადადიოდა და იმდენად აუტანელი ხდებოდა, რომ შინ დაბრუნებულ მამას, უამრავი საყვედური
და ახალი ცოლის აცრემლებული თვალები ხვდებოდა.
ბავშვი, მართლაც საშინლად იქცეოდა. ყველაზე
მეტად აგრესიული მაშინ გახდა, როცა რემონტთან ერთად სახლის დეკორაციაც შეცვალეს და
ახალი ავეჯიც შემოიტანეს. ბიჭს ბევრი არც უფიქრია და საშინელი ფერებით, კედლების მოხატვა
დაიწყო. მოხატვა კი არა მოთხაპვნა და ამას ველური სიშმაგით აკეთებდა. გაბოროტებული, ყველა ფერის საღებავს, ერთმანეთში ურევდა და ფერთა პალიტრა ტალახს ემსგავსებოდა. კედლების მერე. ავეჯიც და ახალი დედიკოს, ახალი ტანსაცმელიც გულმოდგინედ მიატალახა.
მამა ყოველ ღონეს ხმარობდა, როგორმე ბავშვი შემოერიგებინა,
მაგრამ ვერაფერს გახდა. გრძნობდა, არჩევანი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როგორ და რომელს
უნდა შელეოდა?
ბავშვის გაგულისების კულმინაციამ, ყველაზე მეტად მაშინ მიაღწია, როცა ამ უცხო ქალმა, მათ სახლში, დედამისის ხელით გაკეთებული, პატარა ხატების კუთხეც მოშალა.
ეს უკვე მეტისმეტი იყო.
ამას ვერასდროს ვერავის აპატიებდა.
ბრაზისგან, ზღვარს გადასულმა ბიჭმა, მამას საწოლი ოთახი, სასაფლაოს სურათებით მოუხატა,
საფლავის ქვებზე კი ქალის პორტრეტი მიახატა და მისი სახელიც მიაწერა.
მამას ურჩიეს გაშმაგებული ბავშვი დროებით, სადმე გაეგზავნა.
ორსული ცოლის წუწუნი და ბავშვის აგრესია საშინლად
მოქმედებდა კაცზე და ბოლო დროს, სულ მთვრალი ბრუნდებოდა სახლში. ცოტაც და საბოლოოდ გალოთდებოდა, დროზე რომ არ მოგებულიყო გონს.
ორსულ ცოლთან, გაბოროტებული ბავშვის დატოვება, უკვე აღარ შეიძლებოდა. ცალკე, ახლობლებიც და ნათესავებიც შეუჩნდნენ და კაცს დიდ ხანს აღარც უფიქრია, ბავშვი იქაურობას გაარიდა. გზაში სულ იმას
უმტკიცებდა, რომ ეს დროებით იყო და არა სამუდამოდ. სანამ პატარა დაიკო, ან ძამიკო არ ეყოლებოდა, მანამდე ცოტა ხნით, სხვაგან მოუწევდა ცხოვრება.
მართალია, ყოველ კვირა დღეს აკითხავდა, მაგრამ
მაინც ვერ შემოირიგა. რაც არ უნდა მიეტანა, ბავშვი ზედაც არ უყურებდა. კაცი გრძნობდა, შვილს თანდათან კარგავდა და მხოლოდ ერთი ის მოახერხა, რომ რასაც პირველი ცოლი აგზავნიდა,
უკვე ახალ ოჯახს აღარ ახმარდა და უკლებლივ ბავშვის ანგარიშზე რიცხავდა, ზოგჯერ კი ცოტ-ცოტას, საკუთარი ხელფასიდანაც ამატებდა და ამას არავის უმხელდა. ფიქრობდა, ოდესმე მაინც დადგებოდა, შენდობის დრო.
მეორე ცოლის ორსულობამ უშედეგოდ ჩაიარა. ამას
მოჰყვა მეორე და მესამე უშედეგო ცდა. ქალი საშინელ დღეში ჩავარდა. სასოწარკვეთილმა და
ყოველგვარ იმედ ამოწურულმა, ერთ მშვენიერ დღესაც, ბავშვთა სახლში, თავისივე მიზეზით, გამწესებულ გერს მიაკითხა.
დედიკო მოვიდაო, რომ დაუძახეს, ბავშვი გიჟივით გაქანდა, მონატრებული დედის შესახვედრად.
გარბოდა და თან სუნთქვა ეკვროდა. ლოყებთან
ჩამოშლილი თმები, სირბილის დროს სახეში სცემდა. სულს ძლივს ითქვამდა, ლამის გაიგუდა,
სანამ მიაღწევდა, მაგრამ დედის ნაცვლად, ისევ ის ქალი შერჩა, რომლის გულისთვისაც
სახლიდან შორს, სულ სხვაგან, უცხო ხალში ამოაყოფინეს თავი.
იმ ქალის დანახვაზე, წამით ერთ ადგილას გაშეშდა,
მერე ზურგი აქცია, სირბილით პირდაპირ მოხუცს მივარდა და კალთაში თავჩარგული გულსაკლავად აღრიალდა.
მოხუცი ბაბუ მის დამშვიდებას შეეცადა:
- მიდი ბაბუ, მოუსმინე. იქნებ, რის თქმა სურს? ახლა
თუ არ გახვალ, მერე სხვა დროს, კიდევ მოვა, მერე ისევ მოვა და ივლის ასე, სანამ არ გახვალ. ამდენი არასასიამოვნო
ვიზიტებით, შენც ინერვიულებ და მერე რისთვის? ღირს კი ამდენ ტანჯვად? სჯობს ახლავე გაარკვიო, რა უნდა და შენც დამშვიდდები, ისიც დაისვენებს და თუ არ მოგინდება, მეტს აღარც მოგაკითხავს.
ამის პირობას, მე თვითონ გაძლევ!
მოხუცის ეს ხრიკი, პატარა მხატვარს ჭკუაში
დაუჯდა.
აცრემლებული ქალი, ისევ იმ ადგილას დაუხვდა,
სადაც დატოვა.
მოხუცი შორიდან ადევნებდა თვალს. ქალი, ბავშვს
რაღაცას უმტკიცებდა, ტიროდა, მერე მუხლებზეც დაუჩოქა. ბავშვმა თმებზე ფრთხილად შეახო
ხელი, რაღაც უთხრა. ქალმა სიხარულით დაუქნია თავი და გულშიც ჩაიკრა.
ბიჭი გაბრწყინებული თვალებით დაბრუნდა.
არაფერი უთქვამს, არც არავინ შეეკითხა.
მოხუცს ჩუმად ჩაეღიმა.
მალე მოხუცის სამფლობელო, საინტერესო ნივთებით
აივსო. პატარა მხატვარს, ხან ერთი აკითხავდა ხან მეორე. სახლში დაბრუნებაზე, ბიჭმა მამას კატეგორიულად
უარი განუცხადა. სამაგიეროდ, რასაც მოისურვებდა, ის მოჰქონდათ მისთვის. წიგნები, საღებავები,
სახატავები, მაგნიტოფონი და უახლოეს დროში, პიანინოს ყიდვასაც კი შეჰპირდნენ.
ნიღბების თეატრმა, ახლა უფრო სერიოზული სახე მიიღო. მხატვრულ
გაფორმებას, უკვე მუსიკაც დაემატა, რომელსაც უფროსი ბიჭი უძღვებოდა.
ბაბუმ თავიდანვე შეამჩნია, პიპას საკმაოდ
მახვილი სმენა ჰქონდა, ნოტებიც ასწავლა და ფიცარზე დახატულ კლავიშებზე ავარჯიშებდა.
პიპა ხშირად, რაღაც მელოდიას ღიღინებდა. მოხუცმა
მისი ნოტებზე ჩაწერაც სცადა. ახლა ბიჭს შეეძლო, თავისი მოგონილი მელოდიის, დახატულ კლავიშებზე
დაკვრა. მართალია, ეს წარმოსახვითი ინსტრუმენტი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ნოტებს მაინც
ეუფლებოდა.
საღამოობით, ერთობლივ წიგნის კითხვას აწყობდნენ, იწყებდა
ერთი ბიჭი და აგრძელებდა მეორე. მოხუცი მდუმარედ უსმენდა. ნაწარმოების ფონზე, დროდადრო რჩევებს და დარიგებებს აძლევდა.
- არასდროს უყურო სხივს ჩაგვრას! ან დაეხმარე, ან განერიდე, თორემ მერე არ მოგასვენებს. ტვინში ჩაგიჯდება, სულს გაგიმწარებს ცხადშიც
და სიზმარშიც მოსვენებას არ მოგცემს ის სცენა! საბოლოოდ, ან გაგაბოროტებს და მერე სიამოვნებას
მოგგვრის სხვისი ტანჯვა. სხვა შემთხვევაში კი, სინდისი ქენჯნას დაგიწყებს, საკუთარ უმწეობასა და სულის
უბადრუკობას გაგრძნობინებს და ამ ორივე ვარიანტში თანდათანობით, ისევ შენ შეიჭმევი და
ისე იქნები შეჭმული, რომ თავადაც ვერ მიხვდები ამას!
***
ნიღბების თეატრი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბილეთების
მაგივრად, პატარა მხატვრის მიერ მოხატული მოსაწვევები რიგდებოდა.
თავიდან, უფროს ბიჭს არ მოსწონდა კიდევ სხვა
ბავშვების შემოჩვევა. ბრაზდებოდა, როცა სხვებიც ინტერესდებოდნენ. მერე ნელ-ელა შეეჩვია
იმ აზრს, რომ თეატრისთვის, მაყურებელი აუცილებელი იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რამდენი
დაესწრებოდა სპექტაკლს, ხან ცოტანი მოდიოდნენ, ხანაც კი იმდენი ბავშვი შემოესეოდათ,
რომ ტევა არ იყო.
მოხუცი არწმუნებდა, სანახაობა იმისთვის უნდა
გაიმართოს, რომ თუნდაც ერთმა მაყურებელმა მაინც ნახოსო.
- ხომ არსებობს, ერთი მსახიობის თეატრი? და
რატომ არ შეიძლება იყოს, ერთი მაყურებლის თეატრი? თუნდაც დარბაზი სავსე იყოს მაყურებლებით,
შენ შეგიძლია მარტო ერთისთვის ითამაშო ის როლი! მხოლოდ იმ ერთისთვის, ვისთვისაც დადგი, ის წარმოდგენა და ის ერთი, მართლა გულით დაგიკრავს ტაშს, რადგან სწორედ მას ესმის შენი!
- და რომ არ მოეწონოს?
- მაშინ არ დაგიკრავს ტაშს და ესე იგი, დაიმსახურე
კიდევაც! ამიტომ ისე უნდა ითამაშო შენი როლი, რომ მაყურებელს, ემოციებისგან ცრემლიც მოადგეს თვალზე! უნდა აატირო, შენი გულისთვის
აატირო!
- სულ ხომ არ იტირებს? - გულუბრყვილოდ იკითხა
პიპამ.
- ბედნიერი უნდა გახადო, სიხარულისგან უნდა
აეტიროს! და პირველ რიგში შენ უნდა იყო ამის მიზეზი! შენს მიერ წარმოდგენილი როლი უნდა
იყოს გულის შემძვრელი და ამაჩუყებელი!
წარმოდგენა, ყოველთვის თვის ბოლო შაბათს იმართებოდა
და არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელი თვე იყო.
LEX. 2016 წლის 8 სექტემბერი, ხუთშაბათი.

No comments:
Post a Comment