Sunday, January 21, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 43)

43.
მხატვარმა, წამით თვალები მილულა, თითქოს არაფერი გაუგონიაო, მაგრამ უცებ გიჟივით წამოხტა:
- არასდროს უწოდო ბავშვს, პრობლემა! - ისეთი გაშმაგებით მიახალა ფიფოს, ალბათ იარაღი, რომ ჰქონოდა, შუბლსაც გაუხვრეტდა.
ფიფო გაფითრებული სახით, სავარძელს მიეკრა.
მხატვარი დადუმდა. თვალები დახუჭა. მერე ჩუმად, დაბალი ხმით, ისე რომ თვალი არ გაუხელია, დასძინა:
- ის, არაფერ შუაშია. მას ამ ქვეყნად მოსვლაც არ უთხოვნია. უდანაშაულო, თავისდაუნებურად ევლინება ამ დამპალ სამყაროს, ჯერ დღის შუქიც არ უნახავს და ნაძირლები კი უკვე, პრობლემას უწოდებენ! – ბოლო წინადადება, საკმაოდ მკაცრად წარმოსთქვა, თავის ადგილს დაუბრუნდა და კონიაკის ბოლო წვეთები ჭიქაში ჩაიწურა.
ფიფო გახევებული იჯდა.
მხატვარი თვალებში ჩააშტერდა.
- ჰა?! დავიდა შენამდე?! – უფრო მშვიდი ხმით უთხრა მხატვარმა.
- კი, მაგრამ...
- არავითარი, მაგრამ! მორჩა, ამაზე ბაზარი!
ფიფო გაიტრუნა.
მხატვარმა კი განაგრძო:
- და რას აპირებ?
- რა ვიცი? ფინანსური პრობლემა, ნამდვილად არც ერთს არ გვაქვს, მაგრამ...
- რა მაგრამ? რა?! სხვა ცოლ-შვილი გყავს?
- არა, მაგრამ...
- ჰმ, ისევ მაგრამ!
- რა გავაკეთო, არ ვიცი.
- როგორ, რა უნდა გააკეთო? არაფერიც არ უნდა გააკეთო! გასაკეთებელი უკვე გაგიკეთებია და მორჩა! ახლა იყუჩე და მოვლენებს დაელოდე. იცი, ზოგჯერ უმოქმედობა, უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე მოქმედება!
- ცოლის მოყვანა ნამდვილად არ მინდა, არც მაგის სურვილი მაქვს ახლა და არც მაგის დრო და ხალისი.
- ბავშვთან მიმართებაში, ეგ არაფერ შუაშია. ისედაც შეგიძლია იყოლიო შვილი და გახდე მამა! არც მე მყავს ცოლი, მაგრამ ჩემს შვილზე, ვაფანატებ! ნუ, თავიდან მყავდა ცოლი და სიყვარულითაც დავქორწინდით და ბავშვის გულისთვის, სულაც არ მომიყვანია! - მხატვარმა წამით იყუჩა. - ისე, მართლა ძალიან მიყვარდა! აი, ახლაც სადღაც, მაინც მიყვარს! კი მიყვარს, ძალიანაც კი მიყვარს, მაგრამ ახლა ვეღარ ავიტან! - ხმას აუმაღლა მხატვარმა. - ვერა! ყოველდღიურობაში ვერ ავიტან! ის, ჩემს ცხოვრებას ვერ ეგუება, მე მისი ცხოვრებისეული ყოფა მაღიზიანებს! - მერე უფრო ჩუმად დაუმატა. - ისე, არც ახალი ცოლი მინდა! არა, რააა! კიდეც ცოლს, მე ვერ ავიტან! მე თვითონ ვარ, აუტანელი! - მხატვარი გაჩუმდა.
ფიფო ფიქრებში წავიდა. გონებით, მიმის გადასწვდა.
როგორ უსინდისოდ მიატოვა. თან ისე, რომ ყველა თაყვანისმცემელი ჩამოაშორა. ყველას, მიმისკენ მიმავალი გზა მოუჭრა. ყველგან თავი გამოიჩინა, როგორც მიმის ნომერ პირველი შეყვარებული და მერე კი, სულ სხვა მხარეს იბრუნა პირი.
„ნეტა, რას იტყვის, ჩემს ამბავს რომ გაიგებს?“
ფიფო, მედ.ექსპერტთან, თავს მშვენივრად და ლაღად გრძნობდა. ის, რაზეც მიმისთან ეშლებოდა ნერვები, ამასთან საერთოდ არ განიცდიდა. არც ის ანაღვლებდა, ქალი ტელეფონს თუ არ უპასუხებდა და არც სახლში დროზე მივიდოდა თუ არა. საერთოდ არც არაფერს განიცდიდა, ეჭვის ნატამალიც კი არასდროს გასჩენია. მოსწონდა მასთან ერთად ყოფნა და სულ ეს იყო.
სამაგიეროდ, ქალი ზედმეტად მესაკუთრე აღმოჩნდა. ისე იქცეოდა, როგორც ერთ დროს, თავად ფიფო ექცეოდა მიმის. ქალს ფიფო, გამუდმებით კონტროლის ქვეშ ჰყავდა და თანდათან, უფრო აშკარად ხდიდა ამ კონტროლს, თუ ადრე ამას, ფარულად აკეთებდა, ახლა აღარც მალავდა. ფიფოს არც ამაზე ეშლებოდა ნერვები და არც ქალის ეჭვიანობა და მის მიერ მოწყობილი, პატარ-პატარა სცენები აღელვებდა. დარწმუნებული იყო, ეს ყველაფერი დროებითი იყო და დიდად არც აქცევდა ყურადღებას. ფიქრობდა, აი ცოტა ხანიც და ისევ მიმის დაუბრუნდებოდა.
- მიმიმ იცის?
ფიქრებიდან, მხატვარმა გამოარკვია.
- არა.
- საინტერესოა, რა სახე ექნება!? - ჩაიქირქილა მხატვარმა.
ფიფო დანაღვლიანდა. ახლა უფრო მეტად ჩასწყდა გული.
- განიცდიდა უჩემობას? - ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა ფიფომ.
მხატვარმა გაკვირვებით შეხედა:
- როგორ ფიქრობ?
ფიფომ არაფერი უპასუხა.
მხატვარმა განაგრძო:
- ზოგჯერ ვგრძნობდი, ჰქონდა რაღაც განცდის მომენტები, იწყენდა. დახატვა შევთავაზე, გამხიარულებას შევეცადე. თავიდან თითქოს, გამომივიდა კიდეც, მაგრამ ბოლოს, მაინც მოიწყინა. ჩემთანაც ვერ პოულობდა ადგილს. წინათ როცა მესტუმრებოდა, მერე აშკარად აღარ უნდოდა სახლში წასვლა. ბოლო დროს კი, ვეღარც აქ ჩერდებოდა. მხოლოდ ხანდახან, ცოტა ხნით თუ შემოირბენდა და მალევე უკან გარბოდა. მერე კი, სულ გადაიკარგა! ისე იმ პერიოდში, არც შენ ჩანდი. მერე კი, დაბარებულებივით, ზუსტად ერთდროულად გამოჩნდით, მაგრამ ერთ დღესაც, ისე გაიპარა, არც კი დამემშვიდობა.
- ვითომ, ატყობდა რამეს? სულ მეჩვენებოდა, რომ არ ვუყვარდი და არც არანაირად არ ვანაღვლებდი.
- და შენი გულისთვის, რომ იპრანჭებოდა, ამას ვერ ამჩნევდი?
- რა ვიცი? მეგონა...
- რა გეგონა? რომ მე მეპრანჭებოდა?
- ისე, ხანდახან, შენზეც კი, მიეჭვიანია.
- ჰმ, ეგ როდის? რომ დავხატე მაშინ?
- არა, მაშინ მეწყინა. საშინლად განვიცადე, ჩემს თავზე მომივიდა ბრაზი.
- რა უცნაური ვინმე ხარ, რაა! რაღა დროს თქვენი სიყვარულობანას თამაში იყო?!
- და ამას, მხატვარი მეუბნება, რომ მე ვარ უცნაური?
- ხო, იმიტომ რომ ხანდახან, თინეიჯერებივით იქცეოდით! ან გინდა, მის გვერდით ყოფნა და ან არ გინდა! ხომ ხედავ? თავის დროზე, ესეც ვერ გადააწყვეტინე იმ გოგოს. ვერც თავი მოაბი ვერაფერს და ვერც ვერაფერი გამოიძიე და მერე, ვინ შეგიშალა ხელი? იქნებ, ისევ მიმის დააბრალო? ან თუნდაც, იმ ქალს?
- არავის ვაბრალებ. მართლაც ვერაფერს მოვაბი თავი. რა მჭირს, არ ვიცი?
- ქალებმა დაგღუპეს, ქალებმა! - მხატვარი სიცილისგან ჩაბჟირდა.
ფიფოც ცალყბად აჰყვა.
- ჰოდა, ახლა იცი, რას გეტყვი? - განაგრძო მხატვარმა. - ჯერ აცალე იმ ბავშვს, დაიბადოს! მამა, ხარ და რომ უნდა მიხედო, ეგ ისედაც იცი! მანამდე კი, მიმის დაელაპარაკე და არა აქვს მნიშვნელობა, კიდევ გინდა თუ არა, მის გვერდით ყოფნა! უბრალოდ, გაესაუბრე და მერე დანარჩენი, თავისთავად გამოჩნდება.
- და მერე, სწორად გამიგებს?
- არც მაგას აქვს ახლა მნიშვნელობა, რამდენად სწორად გაგიგებს! მთავარია, პირადად შენ უნდა დაელაპარაკო, შენ! და არა სხვამ! სხვისგან არ უნდა გაიგოს შენი პირადი პრობლემა, თუ სიხარული! აი, ამაშია საქმე! და იცოდე, ბავშვი, არაფერ შუაშია! არასდროს, არავისთან მიმართებაში ის, არაფერ შუაშია! - მხატვარმა ხმას აუწია. - ის უდანაშაულოა და შენს ცოდვიან ხელებს, მას ნუ აწმენდ!
LEX. 2016 წლის 6 სექტემბერი, სამშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1790442151198074

No comments:

Post a Comment