Wednesday, January 24, 2018

მებაღე (ნაწილი 29)

29.
პატრონის გასაკვირად დადამ შედარებით იყოჩაღა, ბევრად სწრაფად მოვიდა გონს, თავი ხელში აიყვანა და სალონიდანაც ისე წამოვიდნენ არც ერთს კრინტი არ დაუძრავს. ექიმის ვიზიტზეც კი უარი განაცხადა. ყველა დაარწმუნა, რომ თავს უკეთ გრძნობდა. 
- ალბათ ქალაქის გზამ და სალონების შემოვლამ გადაგღალა ასე!
სხვების გასაგონად „ამშვიდებდა“ პატრონი, რაზეც დადაც თავს უქნევდა. სრულიად ეთანხმებოდა. არც მას სურდა პატრონს გაეგო, სინამდვილეში რა მოუვიდა დადას და რატომ გახდა უებ ასე ცუდად.
პატრონი საშინლად გაღიზიანებული იყო, მაგრამ დადას ხათრით თავი ხელში ეჭირა. ცდილობდა სულ ყურადღების ქვეშ ჰყოლოდა. ზეკიც კი კატეგორიულად გააფრთხილა დადას თბილად და ყურადღებით მოქცეოდა, რაზეც ზეკი ისევ დაიბოღმა, თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევია.
გალერეაში სრული სისუფთავე სუფევდა. დადა მის მოწესრიგებას შეუდგა. თავის ჭკუაზე აწყობდა და ალაგებდა ახალ ნივთებს და ისეთი მხიარული და ბედნიერი ჩანდა, რომ სალონში გადამხდარი ინციდენტის არც არაფერი ეტყობოდა.
პატრონი კმაყოფილი შეჰყურებდა. დარწმუნებული იყო დადამ ვიტრინიდან ყველაფერი მშვენივრად დაინახა. მართალია, სულაც არ იყო სახარბიელო სცენა, მაგრამ რადგან გოგონა მალევე მოეგო გონს და სწრაფადვე აუღო ალღო, რომ არავინ ღირდა სანერვიულოდ. 
„მშვენიერია! დადამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჭკვიანი და გამჭრიახი გოგოა.“
უცებ მზერა თაროზე დადას იმ სქელტანიანი წიგნისკენ გაექცა.
„გერბი.“ 
გაივლო გულში.
ვერაფრით იხსენებდა სად უნდა ენახა. სურვილი გაუჩნდა კიდევ ერთხელ გადაეთვალიერებინა დადას ჩანაწერები, მაგრამ ჯერ დადას იქიდან გატყუება იქნებოდა საჭირო, რაც უკვე, როგორც ხედავდა არც თუ ისე ადვილი ჩანდა.
იმავე საღამოს შეუდგა დადა მუშაობას და იმ დღიდანაც გალერეაში მსახურების ვიზიტებმაც იმატა. 
ზეკი შორიახლო ტრიალებდა. ოჰ, როგორ გულით უნდოდა, რომ დადას მისთვის პოზირება შეეთავაზებინა, მაგრამ დადა მის ჯიბრზე, თითქოს ვერც კი ამჩნევდა და თითქოს აზრადაც არ მოსდიოდა მისი დახატვა.
ბოლოს ისევ პატრონმა შეიცოდა გაბღუზული ბოშა ბიჭი. დადას შეპარვით ზეკის პორტრეტის დახატვა შესთავაზა, თან კი არ შესთავაზა, არამედ დაუკვეთა, ისე როგორც უცხო კლიენტმა. 
დადა ცოტათი ჩაფიქრდა, მაგრამ რადგან ეს შეკვეთა იყო და თანაც უკვე სამუშაო სერიოზულ სახეს იღებდა საქმიანი სახით დაუქნია თავი. 
ზეკი ვითომდა აბუზღუნდა, რა დროს ეგ არისო, მამულში იმდენი საქმეა გასაკეთებელიო, მაგრამ მაინც ბუზღუნ-ბურდღუნით დაუჯდა დასახატად. 
დადამ მკაცრი სახით ანიშნა, წყნარად იჯექიო და ზეკი წარბშეკრული დაემორჩილა.
კმაყოფილი პატრონი, ფეხაკრეფით გამოვიდა გალერეადან და ის იყო კიბეზე უნდა ჩასულიყო, რომ მის მეხსიერებაში ისევ იმავე გერბის სურათი ამოტივტივდა, მაგრამ ამჯერად უფრო დიდი ზომის და ფერადი. სადღაც უკვე ნანახი დიდი ფერადი გერბი.
შეეცადა გაეხსენებინა თუ სად ან ვისთან ნახა.
თითქოს ნაცნობი ხმაც ჩაესმა 
საგვარეულო გერბი... 
მაგრამ ვისი? 
ვიღაც ძველი გვარიშვილობით თავს იწონებდა, მაგრამ ვინ?
პატრონი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ დადას ოჯახის განადგურებაშიც მიუძღვოდა წვლილი. თავიდან მოვალედ სთვლიდა თავს, რომ ბავშვისათვის მიეხედა, მერე კი ისე შეეჩვია ისე შეუყვარდა, ალბათ საკუთარი შვილი, რომ ჰყოლოდა იქნებ ამაზე მეტად არც ჰყვარებოდა და გოგონაც ასევე დიდი სიყვარულითა და სითბოთი პასუხობდა.
პატრონი ავაზაკობაში პირადად არასდროს ისვრიდა ხელს. თავიდან ჯერ შორიახლო ადევნებდა თვალს, მერე კი მხოლოდ გეგმას შეიმუშავებდა და შერჩეულ ხალხს მიუსევდა. მოგვიანებით ანგარიშს ჩაიბარებდა და ნაძარცვ ქონებას დაანაწილებდა. დანარჩენი ამბები კი არც აინტერესებდა და არც ერეოდა.
ხოცვა-ჟლეტვის სანახაობას ბანაკშიც ვერ იტანდა. არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა, რომ რაღაც, თუნდაც იაფფასიანი ბეჭდის ან სამაჯურის გამო ბანაკში ერთმანეთს დარეოდნენ და ისე გაუყრიდნენ დანას თვალსაც არ დახამხამებდნენ.
ჩხუბი და აყალმაყალი პატრონს ბავშვობიდან ეზიზღებოდა. მართლაც რა საშინელი სანახაობა იყო, ველურებივით დაერეოდნენ ერთმანეთს, მოქიშპეებს ბანაკი წრედ შემოეკვრებოდა და გაშველების ნაცვლად ერთმანეთზე ახელებდნენ. პატრონს გულს ურევდა ეს ამაზრზენი სიშმაგე და ცდილობდა ამ დროს რაც შეიძლებოდა შორს, ძალიან შორს გაქცეულიყო მათგან.
წყევლიდა თავის დაბადებას და თავის ყოფას. რისთვის ისჯებოდა ასე? რატომ არგუნა ბედმა ასეთი საშინელი ცხოვრება? გაიჭრებოდა მინდორში და ბალახში თავჩარგული გულამოსკვნილი დიდ ხანს ტიროდა. 
მოგვიანებით თავს ხელში აიყვანდა და იმ იმედით აგრძელებდა ცხოვრებას, რომ ოდესმე მაინც მოშორდებოდა ამ საზარელ ხალხს და ამ საშინელ ცხოვრებას და სადღაც შორს, სამუდამოდ გადაიკარგებოდა მათგან.
LEX. 2016 წლის 15 მარტი, ოთხშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1718205055088451/?type=3&theater

No comments:

Post a Comment