18.
დილით პატრონმა მებაღე თავის საწოლში, რომ ვერ აღმოაჩინა, იფიქრა გალერეაში იქნებაო. მერე დადას საძინებელს მიუკაკუნა. არც აქ ხმა არავინ გასცა და კარი, რომ შეაღო არც დადა დაუხვდა საწოლში, მაშინ უფრო დარწმუნდა, ორივენი უთოდ გალერეაში იქნებოდნენ და ღიმილიანი სახით ღიღინით წავიდა გალერეისკენ.
შესვლისთანავე ბოლომდე შეღებული სამალავის კარი შენიშნა. პატრონს თვალთ დაუბნელდა. მარცხენა მხარეს საშინელი ტკივილი იგრძო. გულზე ხელი იტაცა და სანამ იატაკზე დაეშვებოდა, თავის სამკაულებიანად ძირს გაშხლართულ დადას მოჰკრა თვალი.
პატრონმა გონება მოიკრიბა, ძლივს შესძლო წამოდგომა. დიდი წვალებით სამალავის კართან მილასლასდა და კარი მიხურა, მერე რაც შეიძლებოდა მაგრად მიაწვა ზურგით, ბოლომდე კარგად ჩაკეტა და იქვეც ჩაიკეცა.
სუნთქვა საშინლად უჭირდა სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა. როგორღაც მოახერხა იქვე მდგარ სკამს დასწვდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ფანჯარაში მოისროლა.
ეზოში სკამი ფანჯრის ნამსხვრევებთან ერთად გადავარდა. მსხვრევის ხმაზე მსახურები ამოცვივდნენ.
***
გაზაფხულმა უღიმღამოდ ჩაიარა. არც ზაფხულს მოჰყოლია დადასთვის დიდი სიხარული.
თავის სამყაროდან უკვე რა ხანია გამოერკვა, მაგრამ უხალისოდ განაგრძობდა ცხოვრებას. არც ხატვა აღარ აინტერესებდა აღარც წიგნები და მუსიკა. გალერეაში ფეხის შედგმაც კი აღარ უნდოდა.
დროდადრო მსახურებს შეუვლიდა სამზარეულოში. ისედაც ყოველთვის უყვარდა მათთან ფუსფუსი, თუმცა ადრე ხალისი და სიხარული შეჰქონდა, ახლა კი უღიმღამო იერით მიუჯდებოდა მაგიდას და მზარეულებს უხალისოდ ეხმარებოდა ხან კარტოფილის გაფცქვნაში და ხანაც მწვანილის დარჩევაში. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ვალდებული ყოფილიყო და მოვალეობის მოხდის მიზნით მუშაობდა, თუმცა არც არავინ ავალებდა, უბრალოდ ასე გაჰყავდა დრო.
ყველაფერს მისთვის მდარე გემო დაჰკრავდა და აღარც მოხუცი მზარეულის გამომცხვარი მისი უსაყვარლესი ლიმნის კექსი ჩანდა გემრიელი.
ერთ დროს უსაყვარლესს ვარდების ბაღს ზედაც აღარ უყურებდა და ისე გავიდა ზაფხული ჩანჩქერთან ერთხელაც აღარ ასულა.
ზეკი რას აღარ აკეთებდა, რომ გოგონა როგორმე გაემხიარულებინა, თუმცა არც კი იცოდა რა მიზეზით იყო ასე. დადას უცნაურობებს ისედაც შეჩვეული კი იყო, მაგრამ ახლა უკვე ხედავდა, გოგონას მეტისმეტი მოსდიოდა.
ზეკი საგონებელში იყო, ვერაფრით ხვდებოდა დადას ასეთ ხანგრძლივ უხასიათობას და მისი უღიმღამო ქცევები ხშირად აღიზიანებდა კიდეც. პატრონს ყველა გაფრთხილებული ჰყავდა ზეკს მებაღეზე საერთოდ არაფერი არ უნდა სცოდნოდა და ასეც იყო, ყველა დუმდა.
ზეკი იმედს არ კარგავდა. დარწმუნებული იყო, დადა ჯერ კიდევ თავისი სამყაროდან გამოსვლას ვერ ახერხებსო და უკან არ იხევდა, გამუდმებით ცდილობდა გოგონა ცოტათი მაინც გაემხიარულებინა.
მაგრამ დადას არც გათენება აინტერესებდა და არც დაღამება, თითქოს მოვალეობის გრძნობის მიზნით დგებოდა და წვებოდა. მისი შემხედვარე პატრონს გული ეწურებოდა.
რაღაც ასპექტში მართლაც, რომ ამართლებდა უგოს საქციელს. ისედაც ნათლად ჩანდა, რომ მოგზავნილი იყო და სთვლიდა, რომ ვაჟკაცურად მოიქცა. დადას სიყვარულისა და პატივისცემის გამო მათ ოჯახს არაფერი დაუშავა და შორს გაეცალა. შესაძლოა ამიტომაც ასე გაიმეტეს თავისიანებმა, რადგან დავალების შესრულებაზე უგომ უარი განაცხადა.
ამას ფიქრობდა პატრონი და ნაწილობრივ მართალიც იყო. ალბათ მსგავს სიტუაციაში თავადაც ასე მოიქცეოდა.
დღეები გადიოდა, დადა კვლავაც ჩვეულებრივი უბრალო, არავისგან არაფრით გამორჩეული ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა. სადღაც გამქრალიყო მისი ორიგინალურობა და უჩვეულო საოცრად მდიდარი სამყარო.
რამდენჯერმე სამზარეულოში უგოს ხსენებასაც მოჰკრა ყური და თავი ისე დაიჭრა ვითომც არც არაფერი ესმოდა. სინამდვილეში ჭორიკანა ქალებისგან ბევრი რამ შეიტყო. თურმე, როგორ მშვენივრად ატარებდა ღამღამობით, ვითომდა უბადრუკი მებაღე მსახურის ცოლებთან ერთად დროს და როგორ მწარედ მოტყუებულნი რჩებოდნენ, სამუშაოს მერე გალეშილი მსახური ქალების ქმრები, საკუთარი ცოლებისგან.
„ჰმ, ალბათ ამიტომაც აირჩია, სახლს მოშორებული საცხოვრებელი.“
დადა ჩაფიქრდა. რა საშინელი მოსასმენი იყო ეს ყველაფერი. ახლა უგოზე მეტად ამ ქალებზე აერია გული. სამზარეულოდან გაქვავებული სახით გამოვიდა და ეზოს უაზროდ გაუყვა. ამ დროს ზურგიდან ყიჟინი და ოვაციები შემოესმა. თავლის მხარეს, უკანა ეზოში, კაცები ახალ მოყვანილი ცხენების გახედვნაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
ზეკმა ყველას აჯობა. დადამ დამარცხებულებში რამდენიმე მოღალატე ცოლების ქმრებიც შენიშნა და მწარედ ჩაეცინა.
ზეკმა კი ამ დროს მორჯულებული რაში წრეზე ჩამოატარა, დადას დანახვაზე სიხარულით კინაღამ ცხენიდან გადმოვარდა. საოცარი იყო. დადა უღიმოდა და თან ტაშს უკრავდა გამარჯვებულ ბიჭს.
იმ დღიდან მოყოლებული დადა თითქოს ზეკს დაუმეგობრდა. ბევრად მეტ დროს ატარებდნენ ერთად, ვიდრე ოდესმე.
პატრონს დიდად არც მოსწონდა მათი ასე დამეგობრება, მაგრამ არც ხელს უშლიდა. ოღონდ დადას გული გადაეყოლებინა და ვისთანაც უნდოდა იმასთან ემეგობრა. რამდენადაც არ მოსწონდა, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ზეკი არაფერს დაუშავებდა და პირიქით, თუ საჭირო გახდებოდა დაიცავდა კიდეც.
„ჰმ, მკვლელი, ავაზაკი ზეკი და ხელოვნების მოყვარული მეოცნებე დადა!“
ნაღვლიანად ეღიმებოდა პატრონს.
საინტერესო თანწყობა იყო. თუმცა რა იცოდა პატრონმა, რომ არც უგო იყო ზეკზე ნაკლები ავაზაკი.
ზეკი მძარცველი და მკვლელი იყო უგო კი დაქირავებული მკვლელი. არც თუ ისე დიდი განსხვავება იყო მათ შორის.
ზეკს ყაჩაღობა სისხლში ჰქონდა, სხვანაირად უკვე ვეღარც იცხოვრებდა. აქეთ-იქეთ წანწალი და ხეტიალი ყველას და ყველაფერს ერჩივნა.
უგო კი პირიქით შედარებით დინჯი და დაკვირვებული იყო. ბევრ დამკვეთს უარით ისტუმრებდა, მხოლოდ მაშინ თანხმდებოდა დავალების შესრულებაზე თუ მისი დამქირავებელივით მსხვერპლიც არაკაცი და ავაზაკი იყო. უგოს სხვის ქონებაზე თვალიც არ რჩებოდა, სხვის ნივთს არასოდეს ახლებდა ხელს. მისთვის მთავარი იყო აღებული დავალება პირნათლად შეესრულებინა, მერე საზღაურის დარჩენილი ნაწილი აეღო და გადახვეწილიყო იმ არემარედან. თავის ნამდვილ სახეს ნაკლებად აჩენდა, კლიენტს შენიღბულიც კი ხვდებოდა, ამიტომაც გაუჭირდა თავის დროზე პატრონს მისი ამოცნობა. არავინ იცნობდა უგოსნაირ კაცს.
პატრონი დაახლოებით ხვდებოდა უგო რა კაციც უნდა ყოფილიყო. მიუხედავად მისი საქმიანობისა, მაინც მოხიბლული დარჩა მისი ვაჟკაცური საქციელით.
პატრონი ხედავდა, უგოსთან დადა ბედნიერად გრძნობდა თავს, ზეკთან კი თითქოს მობეზრებული ცხოვრებისგან გაჰყავდა დრო.
სწორედ ეს ადარდებდა პატრონს და შვილობილს გულმოკლული შეჰყურებდა.
,,ნეტა მართლა ახლა სად შეიძლება იყოს უგო?’’
ფიქრობდა პატრონი.
,,ნუთუ დადა არ ენატრება? ან რა იყო მისი ქცევა? პროფესიონალი მკვლელი ასე არ იქცევა. ისე შეეძლო მოვეკალი, რომ დადა ვერც ვერაფერს იეჭვებდა და ვერც ვერასდროს გაიგებდა, მაგრამ მაინც ასე რატომ გაწელა და გააჭიანურა შეკვეთის შესრულება?
ნუთუ, მებაღეობა გაუტკბა ვითომ და საქმეზეც უარი თქვა?
ამის გამო კი ლამის თავად გამოასალმეს სიკვდილს და ეს ყველაფერი დადას გულისთვის?
დადამ კი იმით დააჯილდოვა თავისი რჩეული, რომ სახლიდან საიდუმლო გასასვლელიც კი ასწავლა...
ჰმ... დადა, დადა...“
LEX. 2016 წლის 2 მარტი, ოთხშაბათი
No comments:
Post a Comment