- აბა, რა ხდება ახალი და საინტერესო? - დეტექტივმა ლარას თბილად გაუღიმა.
- საინტერესო ნამდვილად არის და თანაც, არაერთი, მაგრამ აი სიახლის, რა მოგახსენო? - ღიმილითვე მიუგო ლარამ.
- და რამდენად ძველია? - უმალ მიუხვდა დეტექტივი.
- დაახლოებით, ასე სადღაც, ათი წლის წინ… გაზაფხულზე.
- ბიჭი თუ გოგო? - დეტექტივი წამით შეყოვნდა. - თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს და მერე?
- შერეული ტყუპები, შვიდ თვიანები.
- ნუ შვიდ თვიან ჩვილებზე, რა თქმა უნდა, უკვე წინასწარ მომზადებული პასუხები ჰქონდათ და არაერთხელ გამოცდილი ხერხითაც იმოქმედებდნენ.
- დიახ, მშვენიერი უტყუარი მიზეზია დღენაკლული ბავშვის „გარდაცვალება“ და მერე მისი უკვალოდ გაქრობა.
- ეჭვიც არ მეპარება მასეც იქნებოდა. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
ლარამ მდარედ გაუღიმა.
- მდაა. - ამოიხვნეშა მოსაუბრემ და ლარას სახეში ჩააკვირდა. - თითქოს კიდევ რაღაცის თქმა გინდა, არა?
- ახალს ვერაფერს დავამატებ, თუ არ ჩავთვლი ისევ ამ ამბის გაგრძელებას და...
- დაიცა, ახლა ჯერ ეს ერთი ამბავი ბოლომდე ჩამოვაყალიბოთ. - გააწყვეტინა დეტექტივმა. - შერეული ტყუპები, „წესის და მიხედვით“ ააცალეს მშობლებს და ახლა ჩივიან, რადგან ათი წლის მერე გაჩნდა სავარაუდო ეჭვი, რომ შესაძლოა, ბავშვები ცოცხლებიც იყვნენ, ხომ? და ამასთანავე მშობლებისგან, ვერც იმ ჩვილების დაკრძალვა მოხერხდა, არა?
- დიახ! - თავი დაუქნია ლარამ. - სწორედ ასე იყო და სამი წლის შემდეგ, კვლავაც იგივე განმეორდა, ამჯერად უკვე შემოდგომაზე, ისევ ტყუპები, ამ შემთხვევაში გოგონები და რვა თვიანები.
- ნუ შვიდ და რვა თვეს უკვე დიდი მნიშვნელობაც აღარ აქვს, მთავარია მათი „გარდაცვალების“ მიზეზი დღენაკლულობა იქნებოდა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ტყუპებიც ასევე იმ ვერაგული სქემის მსხვერპლი გახდნენ, არა?
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა ლარამ.
- და ინფორმაცია გაშვილებაზე, როგორია? - ჩაეკითხა დეტექტივი.
- არც არანაირი! - მიუგო ლარამ. - ის კი არადა, არც ბიოლოგიურ დედაზე არიან დაფიქსირებულნი.
- და არც მკვდრებში იძებნება და არც ცოცხლებში?
- ასეა. - მიუგო ლარამ. - და შენ წარმოიდგინე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არც არანაირი საბუთი არ არსებობს. თითქოს, სულაც არ უმშობიარია დედას.
- ჰმ. - თავი გააქნია დეტექტივმა. - ესე იგი, არც მაგის საბუთი არსებობს...
- სამწუხაროდ, ასეა და თანაც, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ეს ყველაფერი, ერთი და იმავე სამშობიაროში მოხდა.
- და იმ ქალებს თუ მაინც ახსოვთ ზუსტად რომელ გინეკოლოგთან იმშობიარეს? იქნებ ეს მაინც დაგვეხმაროს? ან ამით მაინც დავიწყოთ.
- ვინ ქალებს? - ირონიულად გააქნია თავი ლარამ. - ეს მხოლოდ ერთი ქალია, ერთი დედა, რომელსაც დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში ორჯერ ტყუპები, უკვალოდ გაუქრეს, ისე რომ არც იმ ქალის მშობიარობა დააფიქსირა სამშობიარომ!
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა დეტექტივმა. - ოთხი შვილი...
- ტყუპები უფრო ხელსაყრელია, ერთი მშობიარე და უცებ ორი ჩვილი!
- გამოძიება რომც წარიმართოს, წარმოდგენაც კი არ მაქვს, თუ საიდან უნდა დავიწყო? - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა. - ნუთუ არანაირი საბუთი მაინც არ არის, რომ ეს ქალი, თუნდაც სამშობიაროში შემოვიდა იმ პერიოდში და იმშობიარა თუ ვერა, ეგ უკვე სხვა საკითხია. დასაწყისისთვის, რაღაც ხელმოსაჭიდი გვინდა.
- პრინციპში, იქნებ ეგ მაინც იყოს დაფიქსირებული. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ლარამ.
- რაღაცნაირად, რაღაც მიზეზით ხომ მაინც უნდა გაფორმებულიყო, არა?
- და თანაც, ორჯერ. - დაურთო ლარამ. - იქნებ, იმ ორი მშობიარობიდან, ერთის კვალი მაინც გამოჩნდეს.
- რომელი სამშობიარო იყო? - იკითხა დეტექტივმა.
- სადაც მე ვმუშაობ ახლა. - ცალყბად ჩაეღიმა ლარას.
- მდაა... - ამოიხვნეშა დეტექტივმა. - უკვე ძალიან ბევრი პრეტენზიები დაგროვდა მაგ შენი სამშობიაროს მიმართ.
- პრეტენზიები? - წყენით მიუგო ლარამ.
- ჰო, პრეტენზიები! აბა, არც ერთი საბუთი, თუ უბრალოდ რამის დამამტკიცებელი ფურცლის ნახევიც კი არ არსებობს და აბა, რა დავარქვათ ამას?
- არქივის დიდი ნაწილიც კი ისეა გადამალული, ვითომც არც არასდროს არსებობდა. - ლარამ ამოიხვნეშა. - ან იქნებ, უკვე დიდი ხნის განადგურებულიც კი არის.
- არც ეგ არის გამორიცხული. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - რომც შემოვესიოთ და ჩხრეკა ჩავატაროთ, რის საფუძველზე?
ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ჩემი, შენი და იმ ვიღაც ქალის ეჭვების საფუძველზე? - განაგრძო დეტექტივმა. - რომელიც ოფიციალურადაც ვერ ადასტურებს, რომ ნამდვილად იმშობიარა თუ არა!
- სამწუხაროდ ასეა. - ამოიხვნეშა ლარამ.
- ყოველგვარი ჩხრეკა და თუნდაც, არქივის ზედაპირული გადაქექვაც კი კატეგორიულად გამორიცხულია, რადგან ამას...
- კარგი, რას მიხსნი? - უკმაყოფილოდ მიუგო ლარამ. - ვიცი, რომ კანონი მათ მხარეზეა. სამწუხაროდ!
- მითხარი, როგორ დაგეხმარო და უკან არ დავიხევ, ხომ იცი.
- არც კი ვიცი. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - როგორმე არქივში თუ შევყოფ ცხვირს და ან დამხვდება რამე ინფორმაცია და ან არა!
- რაღაც მაინც იქნება.
- ვითომ? - ეჭვიანად ჩაეკითხა ლარა.
- იმედი მაქვს! - თავი დაუქნია დეტექტივმა. - რადგან ასეთი ამბები, ერთეულები აღარ არის, უკვე ძალიან ბევრია და რაღაც, ვინმეზე შეიძლება შეუცვლელად დარჩა ან ის ერთი საბუთი, იქნებ სულაც შემთხვევით გადაურჩა განადგურებას.
- გამოდის, რომ ზუსტად უნდა ვეძებდე და ვიცოდე, ვის ვეძებ? და მერე რამდენია იცი? ამდენ გვარებს რა დაიმახსოვრებს?
- კი მაქვს კარგი იდეა, მაგრამ...
- რა იდეაა? - დაინტერესდა ლარა.
- პერიოდულად არქივიდან თითო წიგნი მაინც უნდა იქნას შესწავლილი.
- ჰაჰ! - თავი გააქნია ლარამ. - ვინ მიმიშვებს არქივში მის შესასწავლად?!
- ჰო. ფაქტიურად გამორიცხულია და თანაც, თუ ზუსტად არ იცი, ვის ეძებ, მიახლოებით მაინც არ იცი და თანაც ყველაზე ცუდი ის არის რომ, იურიდიული უფლებაც რომ მოვიპოვოთ, ძალიან დიდი დრო დასჭირდება მთლიანი არქივის შესწავლას.
- შეიძლება მთელი წელიც დასჭირდეს. - დაურთო ლარამ.
- და უფრო მეტიც, რადგან მერე ეს ყველაფერი სათითაოდ უნდა გადამოწმდეს, თუ რამდენად მცდარ ან ზუსტ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე.
- აუჰ! - წარბები აზიდა ლარამ. - მაგას მგონი მართლა წლებიც კი დასჭირდება.
დეტექტივმა უხმოდ დაუქნია თავი.
ლარამ ჩაფიქრებული მზერა კაფეში შემოსულ ახალგაზრდა წყვილს გააყოლა.
- რა საყვარლები არიან. - დაბალი ხმით აღნიშნა ლარამ.
- და როგორი ბედნიერნი. - დეტექტივს გაეღიმა.
- ჰო ნამდვილად ასეა. - ამოიხვნეშა ლარამ. - თავიდან ყველა ბედნიერია მანამდე, სანამ სიბოროტის ხელი არ შეეხება.
- ზოგს სიბოროტის ხელი ეხება და ზოგსაც კი პესიმიზმის ტალღა შემოუტევს. - ღიმილით აღნიშნა დეტექტივმა.
- პესიმისტობა, რა ხანია უკვე დავივიწყე, ახლა მთელი გულითა და გონებით მინდა ყველა იმ სიბოროტის კვანძი გავხსნა... - ლარა წამით შეყოვნდა. - არქივში ნეტა მართლა როგორ უნდა შევძლო შეძრომა?
- რაღაცნაირად უნდა იყოს შესაძლებელი, რომ დროებით გაქრეს, ხან ერთი წიგნი, ხან მეორე. - მიუგო დეტექტვიმა. - და მერე ისევ ადგილზე დაბრუნდეს და ასე თანდათანობით შეიძლება ინფორმაციების მოპოვება, რომელსაც უკვე მართლა წლები დასჭირდება.
- ჰმ, რა ადვილია. - ირონიულად აღნიშნა ლარამ. - ხან ერთი წიგნი გაქრეს და ხან მეორე.
- ადვილი კი არა, ფაქტიურად გამორიცხულია, მაგრამ ისიც ხომ იცი, რომ შეუძლებელი არაფერია. - დააიმედა დეტექტივმა.
- ზღაპრების უკვე დიდი ხანია აღარ მჯერა. - ცალყბად ჩაეღიმა ლარას.
პასუხად დეტექტივმა ყურებამდე გაუღიმა.
- და იმ ქალს რა ეშველება? - ჰკითხა ლარამ. - ჩემი რძლის დაქალზე რომ მოგიყევი.
- ოოო, ის ქალი. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი დეტექტივმა. - ის ქალი, ისე საშინლად მოიქცა, თუმცა ვერც ვამტყუნებ გამწარებულ დედას, მაგრამ ბავშვი ახლა როგორ დღეში იქნება, აბა ამაზე თუ იფიქრა?
- ჰო, ის ბავშვიც ძალიან ცუდად იქნება. - სინანულით გააქნია თავი ლარამ.
- აბა, როგორია. - განაგრძო დეტექტივმა. - ცხოვრობ შენთვის ბედნიერად და უცებ ვიღაც მოგვარდეს, კარს გინგრევს, დედაშენი ვარო, შენი თავი მომპარესო და ეს იმ დროს, როცა ბავშვი დარწმუნებულია როგორი მოსიყვარულე და ბედნიერი ოჯახი ჰყავს და ამ დროს ტვინს უბრუნებს, მისთვის სრულიად უცნობი ქალი.
- ეგ მეც აღვნიშნე. - კვერი დაუკრა ლარამ. - ჯერ თუნდაც, ბავშვთან მეგობრობა დაეწყო, შეიჩვიოს, თავი შეაყვაროს, მერე თანდათან გაუმხილოს თუ ვინც არის, თითონ სიტუაცია მოითხოვს, როდის და როგორ. ეს ქალი კი მართლაც გიჟივით მიუვარდა.
- თან ვიზუალურ მხარესაც გააჩნია. - ჩაურთო დეტექტივმა. - ამ ბავშვის მშობლები კარგად გაპრანჭული, ჩაცმულ-დახურულნი არიან და ახლა ვიღაც ჩამოძონძილი მოუვლელი ქალი, გადარეული თვალებით ისტერიკას უწყობს.
- აი, სწორედ მეც მაგას ვამბობ. - თავი დაუქნია ლარამ. - სალონშიც ძალით წაიყვანა ჩემმა რძალმა. მე მარტო ჩემი შვილი მინდა, მეტი არაფერი მაინტერესებსო, ბღაოდა, მაგრამ მერე ჩემმა რძალმა სარკეში ჩაახედა, შენს შვილს ენდომები მერე ასეთიო?
- და ნამდვილად დარწმუნებულია, რომ მისი შვილია? - ჰკითხა დეტექტივი.
- რამდენად დარწმუნებულია, ეს ნამდვილად არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - არც კი ვიცი დნმ-ს ტესტი თუ აქვს გაკეთებული.
- და იცი, რომ ეს დნმ-ს ტესტიც, შეიძლება უკანონოდ ჩაეთვალოს?! - მიუგო დეტექტივმა.
- ჰოო?
- დიახ! როცა ბავშვი არასრულწლოვანია და თანაც, იმ მშობლების ნებართვის გარეშე თუ იქნება გაკეთებული და ისიც მოახდენს გავლენას, რამდენად შეძლებული ოჯახია! უფრო სწორად, რამდენზე შეუძლიათ გაწვდომა და „სამართალზე“ მოქმედება, მიმიხვდი ხომ?
- კი გასაგებია. - დაეთანხმა ლარა. - ალბათ, ქვეყანასაც შეძრავენ და არა მგონია, რომ ის მშობლები ტესტის გაკეთებაზე დათანხმდნენ.
- აქაც იგივე ვარიანტია. - მიუგო დეტექტივმა. - ნებისმიერ ტესტზე და ანალიზის აღებაზე დაითანხმებ, თუ ხელში შესაბამისი საბუთი გექნება, მაგრამ სხვა აბა, რა გითხრა? რა საბუთი აქვს?
ლარამ უპასუხოდ აიჩეჩა მხრები.
- ამ ქალს მაინც თუ აქვს რამე ხელჩასაჭიდი, მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტი, თორემ ასეთ სიტუაციაში, ცოცხალი მოწმე არც გამოადგება. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია გასული.
- ასე დაწვრილებით, არ ვიცი. - მიუგო ლარამ. - მაგრამ გავიგებ.
- და რაც შეეხება დნმ-ს ტესტს. - დეტექტივმა ხმას დაუწია. - მაგის გაკეთებაც შეიძლება, მხოლოდ მე არც ერთ ვარიანტში არ უნდა გამოვჩნდე.
- მართლა? - ლარას თვალები გაუბრწყინდა.
- სასურველია, მხოლოდ შენ იცოდე მარტო, რადგან ის საცოდავი ქალი, ისედაც ემოციებს აყოლილი, შეიძლება სრულიად უნებლიედ, რაღაც წამოსცდეს და ახლა ნამდვილად არ მინდა სამსახურის დაკარგვა.
- არა, რა სამსახურის დაკარგვა! - შუბლი შეკრა ლარამ. - არანაირად არ გამოჩნდები.
- მარტო სამსახურზე, არ არის, ბოლოს და ბოლოს, რამე სხვასაც ვიშოვნი. - ცალყბად ჩაეცინა დეტექტივს. - უბრალოდ, მართლა სერიოზულად დავინტერესდი ასეთი საქმეების გამოსაძიებლად. უკვე მთელი გულითა და სულით ჩართული ვარ.
- გმადლობ. - ლარას თვალები გაუბრწყინდა. - დიდი მადლობა.
- მადლობა, მერე იყოს. - გაუღიმა დეტექტივმა. - ჯერ ვერც ვერაფერში დაგეხმარე და მხოლოდ რჩევებს ვიძლევი და შენთან ერთად ყავის სმით ვსკდები.
- მთავარია შენ გჯერა ჩემი და...
- მე მჯერა, შენ გჯერა, მაგრამ იმ მოსამართლეს ჩვენს ნაფიქრალს და ნავარაუდევს ხომ არ დავუდებთ წინ? - ირონიულად აღნიშნა დეტექტივმა.
- და საინტერესო კიდევ იცი, რა არის? - ჩაეკითხა ლარა.
დეტექტივმა უხმოდ გააქნია თავი.
- თითქოს აქამდე არავინ დაინტერესებული მსგავსი საქმის გამოძიებით. - განაგრძო ლარამ. - ყურმოკვრითაც კი არ მსმენია, რომ ვინმემ იჩივლა და საჩივარი შეიტანა და გამოძიება დაიწყო.
- იქნებ, იჩივლეს კიდეც და როგორც შეიტანეს საჩივარი, ასევე გამოატანინეს. - მიუგო დეტექტივმა. - რადგან ვერც მარტო ექთანი, ვერც სანიტარი და ვერც მთავარი ექიმიც კი ვერ გაბედავდა ამდენს, თუ სერიოზული მფარველები არ ეყოლებოდა. თითოეული ასეთი დანაშაულის მონაწილე, შეკრული ჯაჭვივით არიან ერთმანეთთან გადაბმულნი და ყოველ რგოლს თავისი საქმე აბარია და იმ თავის წილსაც იღებს.
- ჯაჭვის ერთი რგოლიც რომ გაწყდეს, მაშინ ყველაფერი აირევა. - დაურთო ლარამ.
- სულაც არა! - თავი გააქნია დეტექტივმა. - ჯაჭვის გაწყვეტა არავის არგებს და ამიტომ ის ერთი, უკვე გამოთიშული რგოლი, აუცილებლად სხვა რგოლით ჩანაცვლდება, რომ ამ საქმის ცირკულაცია არ დაირღვეს.
- გველეშაპივით არის.
- დიახ!
- სწორედ იმ ზღაპრული გველეშაპივით. - განაგრძო ლარამ. - რამდენ თავსაც მოჰკვეთ, ორი იმდენი ამოდის.
- სამწუხაროდ, ასეა. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება. რეალურად კი ისტორიები კი უცვლელი რჩება. - ამოიხვნეშა ლარამ. - თარიღების შეცვლასაც უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.
- მიდი მერე და ეძებე, რომელია შენი შვილი. - ჩაურთო დეტექტივმა.
- ამიტომაც არის დნმ-ს ტესტის გაკეთება სავალდებულო.
- ხომ მაგრამ, მშობელი კი გაიკეთებს და იმ ბავშვს როგორ აიძულებ, თუ ჯერ კიდევ არასრულწლოვანია?
- და ვინც უკვე სრულწლოვანია? - ჩაეკითხა ლარა.
- ეგ უკვე მისი პირადი ნება იქნება. - მიუგო დეტექტივმა. - უნდა გაიკეთებს და უნდა არა, მაგრამ აქ კიდევ ერთი ფაქტორი არის ისიც, რომ აყვანილი ბავშვებისა თუ უკვე ზრდასრულის უმეტესობამ არც კი იცის რომ ბიოლოგიურ მშობლების ოჯახში არ გაზრდილა.
- და ვინც გაიგო, უმეტესობამ კვალსაც კი ვერ მიაგნო.
- და ვინც მიაგნო, ყველა ხომ მაინც არ მიიღეს. - თავი გააქნია დეტექტივმა.
- ჰმ, ერთხელ უარყოფილი, მეორეჯერაც უარყოფილი იქნა.
- ნუ, ეს უკვე იმ პიროვნებებიდან არის გამომდინარე. - მიუგო დეტექტივმა. - ზოგს შეიძლება სანანებლადაც კი გაუხდა სიმართლის გაგება, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ გაურკვევლობას, სჯობს მაინც სიმართლე იცოდე.
- და ვერც გაურკვევლობა და ვერც სიმართლის გაგება გაძლევს შვებას. - ლარამ ამოიხვნეშა.
- ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. - მიუგო დეტექტივმა. - როცა ბიოლოგიური მშობელი, ნებით ტოვებს შვილს.
- მაგრამ როცა ჩვილებს ააცლიან და გაყიდულ შვილებს მკვდრად გამოუცხადებენ, მაშინ იმ ბავშვებს უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ ბიოლოგიურ ოჯახში მიიღონ.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - თუმცა, მაგაზე უკვე ახლა სხვებმა იდარდონ, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ჩვენ?
- ჩვენ? - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- ჰო! მე და შენ! - დეტექტივი სახეში ჩააშტერდა ლარას.
- მე, ჩემ წილ ყავისა და ნამცხვრის ფულს გადავიხდი და შენ კი, შენსას. - დეტექტივის გამჭოლ მზერას, ამაყად გაუსწორა თვალი ლარამ.
- როგორი სასტიკი ხართ, ქალბატონო! - ირონიულად აღნიშნა დეტექტივმა.
- სასტიკი და მტარვალი. - ჩაეცინა ლარას. მყისვე წამოდგა და იქაურობა დატოვა.
სამსახურში მიეჩქარებოდა. ამაღამ მორიგე იყო და იქნებ, გასაყიდად განწირული, კიდევ ერთი ჩვილი მაინც გადაერჩინა. არადა, უკვე რამდენჯერ გააკეთა ასე. თავს ისულელებდა და ქარაფშუტა ცანცარა გოგოს იმიჯით და ვითომ შემთხვევით, დედას ისე დაუბრუნა მოპარული და ლამის უკვე საბოლოოდ გამქრალი შვილი, რომ მშობელი აზრზეც ვერ მოვიდა. სამაგიეროდ, მაკა და მისი გუნდი ყრიდნენ ცოფებს და თანაც, ხმასაც ვერ იღებდნენ. ერთმანეთში კი სასტიკად ლანძღავდნენ და გამუდმებით მოითხოვდნენ, რომ როგორმე, მაკას აუცილებლად უნდა გაეგდო ასეთი „ტუტუცი“ თანამშრომელი სამსხურიდან.
მაკა კი პირიქით, ოდნავ დამცინავი სახით პასუხობდა, მტერი ახლოს უნდა გყავდეს, რომ ზუსტად იცოდე, საიდან უნდა მოგაყენოს დარტყმაო. ლამარას სამსახურიდან დათხოვნას რა უნდოდა? არც არაფერი! ათას რამეს მოუგონებდნენ, ათას რამეს დასწამებდნენ, ბოლოს და ბოლოს წამლის ქურდობაზეც დააჭერინებდა და მერე ამ მიზეზით სამსახურიდან გაგდებას რაღა უნდოდა, მაგრამ არა. ალეკოს პროტეჟეს სამსახურიდან დათხოვნა, არც იმდენად სასარგებლო იქნებოდა მაკასთვის, რადგან ალეკოს ექიმის მშობლები საკმაოდ გავლენიანი ხალხი იყო და მაკამ, არაერთხელ გამოიყენა კიდევაც მათი ნაცნობობა. ცალკე ალეკო ჰყავდა უკვე ყურებით გამოჭერილი. ალეკო ექიმი, ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადიოდა და მაკაც ერთგულად უნახავდა ადგილას, რის გამოც მისი მშობლებისგან უამრავი მადლობა და ხანდახან „მცირეოდენი“ ძღვენიც კი მოდიოდა. ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ აწყობდა ვიღაცა ქარაფშუტა ლამარას სამსახურიდან დათხოვნა, ესეც ხომ ალეკოს მშობლების თხოვნა იყო. ისიც მშვენივრად გაარკვია, რომ არც ლამარას მშობლები იყვნენ ნაკლებ გავლენიანი ხალხი.
- იყოს და იცანცაროს. - ამშვიდებდა მაკა თავისი გუნდის წევრებს, მაგრამ ასი თვალი და ასე ყური ადევნეთ!
ლარას სამსახურში მიეჩქარებოდა, თუმცა ჯერ ძალიან ადრე იყო, მაგრამ რატომღაც ვეღარ გაძლო იქ, კაფეში ჯდომა. თითქოს დეტექტივისგან უფრო მეტი აქტიურობა უნდოდა, მეტი სიახლე, მეტი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ გამოძიება ახლა მაინც ოფიციალურად დაწყებულიყო. ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდა. უკვე რა ხანია, სულ ერთი და იმავეს ტკეპნიდნენ და ბოლო არ უჩანდა.
„არა, არა! ასე აღარ გამოვა! რაღაც და ვიღაც კონკრეტული გვინდა, რომ საქმე წინ წავიდეს, დაიძრას ბოლოს და ბოლოს ეს გამოძიებაც!
ეს დეტექტივი კიდევ, შტერივით შემომციცინებს და თვალს ვერ მწყვეტს!
ცუდი ბიჭი, სულაც არ არის, მაგრამ რა დროს რომანებია?.. როცა ჩემი გამჭირვებია.“
ლარა ჩაფიქრებული მიუყვებოდა არც იმდენად ხალხმრავალ ტროტუარს და ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ გასცდა სამშობიარო სახლს და უკვე გზამ სხვა ქუჩაზე როცა ჩაუხვია, სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ სამსახურიდან საკმაოდ მოშორებით იყო. ცვლა ორ საათში დაიწყებოდა და მანამდე როგორმე დრო უნდა გაეყვანა და სად უნდა წასულიყო თავადაც არ იცოდა. იქვე გაჩერებაზე ჩამოჯდა და უკვე ჩვევად ქცეულ სხვების საუბრის ყურის დაგდება დაიწყო. საინტერესოს ვერაფერს მოჰკრა ყური. ზოგნი დაბალ ხელფასებზე წუწუნებდნენ, ზოგნი კი ჭორების აყოლაზე დარდობდნენ. ზოგიც ახალი ფეხსაცმლით იწონებდა თავს და წამდაუწუმ დაჰყურებდა, ხომ არ დამესვარაო.
„დღეს რაღაც ძალიან უღიმღამო დღე მაქვს...“
ის იყო გაიფიქრა ლარამ, რომ მოულოდნელად საკმაოდ საინტერესო საუბარს მოჰკრა ყური.
- ჰო! ინკუბატორში! - თავს უქნევდა ერთი მოსაუბრე მეორეს.
„ინკუბატორში?..“
გაუელვა ლარას.
„რა ინკუბატორში? თითქოს ბავშვებზე საუბრობდნენ და ნუთუ მომესმა?“
- ჩემი ორივე ბავშვიც სწორედ მანდ გადაიყვანეს. - განაგრძობდა ერთ-ერთი მოსაუბრე.
- ორივე? - გაიკვირვა მეორემ. - ტყუპები, როდისღა გეყოლა?
- არა, რა ტყუპები. - მიუგო პირველმა. - სხვადასხვა წლებში გავაჩინე და მაინც იქ მოხვდნენ და არც მათთან ერთად ყოფნის უფლება მქონდა.
- ბავშვის სანახავად არც ჩვენ გვიშვებდნენ. - ამოიხვნეშა მეორემ. კიდევ რაღაც უპასუხა, მაგრამ ლარა უკვე აღარ უსმენდა.
„ჰო, სწორედაც რომ ის ინკუბატორი! ჩვილბავშვთა კლინიკა, თუ რაღაც მასეთი რომ ერქვა. ღმერთო ჩემო! ეს როგორ გამომრჩა?! იქაურობა, თითქოს კარგად მახსოვდა, სულ თვალწინ მედგა და რატომ არ ვიფიქრე, რომ მანდ უფრო შეიძლება გადამალული ყოფილიყო, ზუსტად ის მოპარული და მერე გამქრალი ბავშვები.“
ერთ ადგილას გაშეშებულ ლარას უნებურად, ვიღამ მხარი გაჰკრა, მოუბოდიშა კიდევა, თუმცა ლარას არც მიუქცევია ყურადღება. ამდენ ფიქრში, ის მოსაუბრენი ხალხს შეერივნენ. ლარას ყურები ისე ჰქონდა დაცქვეტილი, რომ არც კი შეუმჩნევია, თუ როგორ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე რა მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარია, გაარკვია ის, რომ სწორედაც რომ იმ ინკუბატორში უფრო ადვილი იქნებოდა ჩვილების გადამალვა, ვიდრე სამშობიაროში.
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. - უკვე მეორე დილიდანვე უხსნიდა ლარა დეტექტივს, როცა ლამის უთენია ყავის დასალევად თავად დაპატიჟა.
დეტექტივმა უხმოდ დაუკრა თავი.
- რადგან სამშობიაროში დიდ ხანსაც ვერ გააჩერებენ ჩვილს. - განაგრძობდა ლარა. - ინკუბატორში კი სამ თვეზე მეტ ხანსაც შეიძლება ჩვილი დააყოვნონ, ისე რომ არავის შეეპარება ეჭვი.
- გუშინ ჩვენი საუბრის მერე, რაღაც-რაღაცეები მეც გავარკვიე.
- მართლა? - გაუხარდა ლარას.
- წესით ყველა სამშობიაროს უნდა ჰქონდეს სიმართლის წიგნი და მისი ნახვა ბევრ რამეს ახდის ფარდას.
- რა სიმართლის წიგნი? - ჩაეცინა ლარას. - ალბათ უფრო ტყუილების წიგნი და მაგას ვინ გამოგიჩენს?
- ნუუ, ყველა ვარიანტში, მაინც უნდა მოითხოვოს მშობელმა.
- და შემდეგი ნაბიჯი?
- შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ მშობელი მიდის იუსტიციაში, წერს განცხადებას, რომლის პასუხშიც აუცილებლად უნდა მოვიდეს სწორედ ისეთი დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებული იქნება მისი შვილის, ან შვილების დაბადება. თუ ერთზე მეტჯერ იმშობიარა, აუცილებლად ყველა შვილის მშობიარობის რიგითობა, თავისი თარიღებით!
- და იქნებ, არასწორად შეიტანეს, რადგან სამშობიარომაც არასრული ინფორმაცია, ან სულაც ტყუილი მიაწოდა? - ჩაეკითხა ლარა.
- მაინც უნდა გამოითხოვოს, თუ რა სახის ინფორმაცია არსებობს, შვილებზე.
პასუხად ლარამ უხმოდ ამოიხვნეშა. დეტექტივმა კი განაგრძო:
- იუსტიციაში უნდა ფიქსირდებოდეს, როგორც დაბადება, ასევე გარდაცვალებაც, იმ შემთხვევაშიც კი თუნდაც, ჩვილმა ხუთი წუთით მაინც იცოცხლა.
- და დავუშვათ, ხუთ წუთზე ნაკლები?
- თუ უფრო ნაკლები, მაშინ ფიქსირდება მკვდრადშობადობა.
- ესე იგი, ასეთ შემთხვევაში, დაბადება და გარდაცვალების ნაცვლად, უნდა ეწეროს მკვდრადშობადობა.
- დიახ! - თავი დაუქნია დეტექტივმა.
- და კიდევ?
- გარდაცვალების ცნობასთან ერთად. - განაგრძო დეტექტივმა. - აუცილებლად უნდა არსებობდეს, გარდაცვალების აქტის ამონაწერი.
- აქტის?.. - ლარა ჩაფიქრდა.
- ჰო! და რა იყო?
- არა! არაფერი. - არ შეიმჩნია ლარამ, თუ როგორ გულზე მოხვდა დეტექტივის ის სიტყვები. მისი შვილის გარდაცვალების მოწმობა კი ჰქონდათ აღებული, მაგრამ ამ ცნობის აქტის ამონაწერზე არასდროს არაფერი სმენია. - და მერე?
- რა მერე?
- აი ეს გარდაცვალების აქტი... ენის ბორძიკით დაიწყო ლარამ, თუმცა მაინც თავის შეკავებას ცდილობდა რომ იქვე არ ებღავლა.
- ჰო. - თავი დაუკრა დეტექტივმა. - ბავშვის, ჯერ დაბადების, მერე მისი გარდაცვალების მოწმობასთან ერთად, ამ გარდაცვალების აქტის ამონაწერიც აუცილებელია, რომ ინახოს, რადგან მასში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი და რაც კიდევ ერთ-ერთი მთავარია, თუ კონკრეტულად, ვინ დაარეგისტრირა სწორედ ამ ბავშვის გარდაცვალების ცნობა!
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა ლარამ და მაშინვე წამოდგა. - ძალიან დაღლილი ვარ, გამოძინება მინდა. მთელი ღამე ვმორიგეობდი, არც კი დამისვენია. - ერთბაშად მიაყარა მოსაუბრეს და იქაურობა ლამის სირბილით დატოვა.
LEX. 2024 წლის 28 მარტი, ხუთშაბათი.

No comments:
Post a Comment