Saturday, March 2, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 163)

163.
- წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ რა დაგემართებოდა, იმ მომენტში, როცა დიმეო სწორედ იმ მელოდიას დაუკრავდა. - თავი გააქნია მიმიმ.
პიპამ უხმოდ ამოიხვნეშა.
- და მაშინვე იცანი, არა ვინც იყო?
- არა, მიმი! არა. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - აბა, მაშინვე როგორ ვიცნობდი? ანდა რას წარმოვიდგენდი, თუ ამდენი წელი იყო გასული.
- აბა?
- ნაცნობმა მელოდიამ, მარტო ჩემი პიროვნება გამახსენა. მანამდე კი მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მონასტერში ვცხოვრობდი და თანაც, არც იმდენად მონასტრული ცხოვრებით. ბევრად მეტი თავისუფლება მქონდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ მორჩილს, რადგან შეურაცხადი ვიყავი. ჰმ, მე კი ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა და დავდიოდი თავისუფლად ასე აღმა-დაღმა. არც კი ვფიქრობდი იმას, თუ ადრე რაღაც შემემთხვა და მაგიტომაც ვიყავი იქ და ასეთ მდგომარეობაში. დროდადრო კი თითქოს ვფხიზლდებოდი, მაგრამ ეს მაინც არ იყო იმ ყველაფრის გახსენება, ვინც მართლა სინამდვილეში ვიყავი. არც არავინ ცდილობდა და მაიძულებდა ჩემი წარსულის გახსენებას. მეც თითქოს არც მჭირდებოდა ან არც კი ვიცოდი, თუ რამეს ნიშნავდა წარსული, ან მომავალი. მხოლოდ აწმყოთი ვცხოვრობდი და არც არავინ მაძალებდა ჩემს ბნელ წარსულში ქექვას. ალბათ, პატარა ბიჭის დანახვამ და მისმა იმჟამინდელმა ყოფამ, ისე ძლიერად შემარყია, რომ ჩემში ყინული დაიძრა თუ არა, უკვე დღითიდღე აზრზე მოვდიოდი. მერე კი ამხელა გზა გამოვიარეთ და უფრო მეტად მოვეგე გონს, მხოლოდ ჩემი წარსულის გარეშე. მოგვიანებით, როცა ბავშვს ვამეცადინებდი და თან ვუხსნიდი და ათას რამესაც ვუყვებოდი, მთელი ეს ჩემი ცოდნა, თავისით ამომდიოდა პირიდან და მხოლოდ ჩვენი ვეტერინარი ბაბუს გაოცებულ შეძახილზე, ეს რა ნასწავლი კაცი ყოფილხარო და მეც ჩავფიქრდებოდი. თუმცა, მაშინვე ვრწმუნდებოდი, რომ ყველა ეს ცოდნა, იქ მთის მონასტრიდან მომყვებოდა. - პიპა წამით შეყოვნდა. - ის მელოდია... რამდენიმე კლავიშის ხმამ, ზარივით გამჭრა ყურში და გული გამიპო. მართლა ისეთი სიძლიერით ამტკივდა მარცხენა მხარეს, ლამის მკლავი მომძვრა და ძლივს ამოვისუნთქე. იმდენად საშინლად იმოქმედა ჩემზე, რომ გიჟივით წამოვფრინდი და ბავშვს გაცოფებული მივეჭერი. გამოკითხვა კი არა მგონი დაკითხვა დავუწყე. ერთიანად, ზუსტად წამში ამერია თავში ფიქრები, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა! და მართლა ვინ იყო ეს ბავშვი, ასე საოცრად რატომ მგავდა, როგორც გარეგნულად, ისე ყველაფერში და კიდევ ეს მელოდია. ლამის გავგიჟდი!
- დიმეომ მერე რაო? - არ აცლიდა მიმი.
- თურმე, სწორედ იმ დღეს ჰქონია დაბადების დღე და ამასაც გვიმალავდა, მაგრამ არც ეს თარიღი მეუბნებოდა რამეს. იმდენად დაბნეული და არეული ვიყავი, უცებ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და დედას რა ჰქვია-მეთქი.
- და სიმართლე გითხრა?
- კი. მიმი ჰქვიაო. შენი სახელი კი ბევრ რამესაც მახსენებდა, თუმცა ეს, სრული ჩემი ასლი, მაგრამ უკვე წამოზრდილი ბავშვი, ვერ მილაგებდა გონებას. სული შემეხუთა, გიჟივით გავიჭერი გარეთ. ჯერ მინდორში ვირბინე დაღლამდე, მერე გარეული მხეცივით ტყეში შევიჭერი და დილამდე, ბოლო ხმაზე ვბღაოდი. არც მიკვრის ნადირმა როგორ არ დამგლიჯა, ალბათ ისე ვღრიალებდი, მთელი ფაუნა, რაც იმ ტყეში ცხოვრობდა ბოლომდე დავაფრთხე. გათენებისას ცოტა აზრზე მოვედი, არც კი ვიცოდი, სად ვიყავი ან გზა, როგორ გამეგნო. ისევ ჩემს ნაკვალევს დავუწყე ძებნა. მერე იმაზეც დავფიქრდი, ვინ ვარ, ან სად მივდიოდი. მართლ ვინ იყო ის პატარა ბიჭი? იქნებ სულაც ეს ჩემი ილუზია იყო და სადღაც წარსულიდან, ის მელოდიაც მოჰყვა თან.
- და ჩემი სახელის ხსენებამ არაფერი გაგახსენა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - თუმცა, მარტო მე ხომ არ მქვია.
- მიმი! ჰმ! ბავშვს ორჯერ გავამეორებინე. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - გამახსენდი, როგორ არ გამახსენდი და შენ წარმოიდგინე, ფიფოც მაშინვე გამახსენდა, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ამერია ტვინში. ლამის თავი გამისკდა ფიქრისგან. ვეღარ ვიგებდი, ვინ ვიყავი. ის ვიღაც, სადღაც მთის კენწეროზე მონასტერში მცხოვრები, შეურაცხადი მწირი, რომელიც მთელ დღეებს ტყეში ხეტიალში ატარებდა, თუ სწავლული პროფესორი, თუ... - პიპა წამით შეყოვნდა. - ბოროტმოქმედი, რომელმაც საკუთარი ხელით, ასე წვალებით ნაშენები ცხოვრება, თავისივე ხელითვე ისე დაანგრია, რომ ბოლო შანსმაც კი ვეღარ უშველა.
მიმიმ უხმოდ გააქნია თავი.
- ხომ გსმენია, ადამიანის ერთ-ერთი ფსიქიკური დარღვევის, გაორებას რომ ეძახიან და ამ დროს მის გონებაში, შესაძლებელია ორი სრულიად სხვადასხვა ტიპის ადამიანი ცხოვრობდეს, ხან ერთი იღვიძებდეს, ისე რომ მეორე არც ახსოვდეს და ხან მეორე.
- ჰო, არის ასეთი დაავადება. - კვერი დაუკრა მიმიმ.
- ჰმ, დაავადება. - ჩაეღიმა პიპას. - მე კი, გაორების მაგივრად, გასამება გამომივიდა და სამივე თავის ამპლუაში მშვენივრად გრძნობდა თავს. სამივემ ერთმანეთი უკვე იმდენად კარგად შეიცნო, რომ ბოლოს კითხვაზე, თუ ვინ ვარ სინამდვილეში? - ამაზე პასუხი არ მქონდა და ეს ამხელა ბიჭი კიდევ, თან ამ ასაკის. ჩვილი რომ მაინც ყოფილიყო, ან თუნდაც, ერთი-ორი წლის, მაშინ კიდევ უფრო ვიფიქრებდი, რომ შენი შვილია და არა მარტო შენი... და ის მიმი, ვინც ბავშვმა დედად დამისახელა, ნამდვილად შენ იყავი და კიდევ უფრო მეტი დამაჯერებელი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ეს დროის მანძილი, ეს ამდენი წელი, ვერანაირად ვერ ჯდებოდა ჩემს გონებაში. - პიპა გაჩუმდა.
- მერე? - არ აცალა მიმიმ ამოსუნთქვა.
- უკვე რა მეფიქრა აღარ ვიცოდი, მაგრამ პირველ რიგში, იმ უღრანიდან უნდა გამეღწია. ტყის სიმეჩხერეს დავაკვირდი და მივხვდი, რომ რაც უფრო მეტად შემოდიოდა სინათლე, მით უფრო მეტი შანსი იყო, სადმე ველზე გავსულიყავი და იქიდან რაღაც გზას მაინც გავაგნებდი, მაგრამ სად ან ვისთან მივდიოდი? ან ვინ მელოდა? ამ ხეტიალში კი, სოფლის შარაზე გავედი. რაც უფრო წინ მივიწევდი, მით უფრო მეტად ჩქეფდა სიცოცხლე. იქ კი, საიდანაც მოვდიოდი, ისედაც შორი-შორ დასახლებული, ფაქტიურად ცარიელი სოფელი იყო. აქეთ კი მეტი მაცხოვრებელი ჩანდა. სადღაც ცენტრამდე ჩავაღწიე, სადაც ყველაფერი ერთ შენობაში იყო. ხალხი ბევრი იყო, ყველა რაღაცის რიგში და მოლოდინში იდგა. ყველაზე მეტად პოლიციის განყოფილებასთან ირეოდნენ. მეც რაღაც უაზროდ შევერიე, რატომ და რისთვის? არც კი ვიცოდი. უბრალოდ, გამწი-გამომწიეს. ხან რა საუბარს მოვკარი ყური და ხან, რას. თითქოს, ამ უცხო ხალხისგან ვეძებდი პასუხებს.
- და რა ხდებოდა ასეთი? - გაკვირვებით იკითხა მიმიმ.
- თურმე უკვე პანდემიაა დაწყებული. ბევრი დაუბრუნდა მშობლიურ სახლს. წლობით რომ არ გაღებულა, ისეთი ჭიშკარიც გაიღო, მაგრამ ბევრმა აღმოაჩინა, რომ სახლი გაქურდული იყო. ამიტომაც, პოლიციის შესასვლელთან უფრო მეტი ხალხი იყო. შიგნით შევედი, უფრო სწორად მგონი ბრბოს შევყევი და ამ ყაყანსა და ჩოჩქოლში, ისე ახლოს აღმოვჩნდი მორიგესთან, ვისაც ამ განცხადებების ჯერ მიღება და მერე წვალებით უხდებოდა კომპიუტერში შეტანა. ცოტა არ იყოს ახალმა ტექნიკამ გამაკვირვა, მონიტორი ბევრად უფრო სიფრიფანა იყო, ვიდრე ჩემ დროს. მხოლოდ ის გავიფიქრე, რომ რა მალე და სწრაფად იცვლებოდა წინ მიდიოდა ტექნიკა. აზრადაც კი არ მომსვლია, რომ ამდენი წელი იყო გასული. თითქოს განგებამ მიმიყვანა იქ და უკვე მიხვდი, რაღაც უნდა მემოქმედა. ტექნიკა კი წინ მიდის, მაგრამ მისი გამოყენების პრინციპი, მაინც იგივე რჩება. ბევრი აღარც მიფიქრია და ხელი ისე გავყავი, არავის შეუმჩნევია. პიანინოს კლავიშებზე მიჩვეულს, კლავიატურაც არასდროს მიჭირდა. ერთი ხელით, ერთდროულად სამ ღილაკს,  უპრობლემოდ გადავწვდი და კომპიუტერიც გავუთიშე.
- ვაი!..
- ნუ ატყდა იქ ერთი ამბავი, გადაირია მთელი სამორიგეო. კიდევ ეს გვინდოდაო და ამ ცალკე ხმაურში კი მონიტორის კაბელიც მოვუშვი და რაც შეიძლებოდა უკან გავძვერი. ბევრი ბჭობის შედეგად, როცა კომპიუტერი თავიდან ჩართეს აღმოჩნდა, რომ არ უჩვენებდა.
- აუუ... - გაეცინა მიმის.
- ის ერთი კომპიუტერი იდგა იქ, სულ ორი-სამი მორიგე იყო და ამ ერთ ტექნიკას იყოფდნენ, ან მათში, ყველა ჭკვიანს ხვდა წილად ასეთ ცივილიზებულ ნივთთან მიკარების უფლება. გამოვარდა თავისი კაბინეტიდან უფროსი. ახლა ის გადაირია, თურმე მისი ლეპტოპიც გასამართავი ყოფილა და გამოვიდა, რომ მთელი განყოფილება, სრულიად პარალიზებული გავხადე.
- ჰა, ჰა.
- ცოტა რაღაც მეხერხება მეთქი და არც კი მეგონა, თუ ასე ადვილად მიმიშვებდნენ, მაგრამ იმდენად გაჭირვებულ დღეში იყვნენ და თან პანდემია, ჩაკეტილი გზები, აბა ვინ მოვიდოდა ახლა მის შესაკეთებლად, ან ახალ ტექნიკას კიდევ როდისღა აღირსებდნენ. ცოტა გავწელე „შეკეთება“. ხან კაბელები გამოვაძრე და თავიდან ჩავრთე, მოკლედ მერე პროგრამულად გავუწმინდე დისკიც, და ისე ავამუშავე, ბევრად სჯობდა იმ წინას. ამასობაში თან ვქექავდი, რაღაცეებს. ფიფო აღმოვაჩინე, უკვე საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ მის ოჯახზე ვერაფერი გავიგე.
- ჰო, უკვე რა ხანია, 
ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, თანამდებობის პირის, პირად ცხოვრებაზე ინფორმაცია, ისე საჯაროდ აღარ ჩნდება, რომ ყველასთვის მისაწვდომი გახდეს.
- პრინციპში სწორია, მასეც უნდა იყოს. - მიუგო პიპამ. - მერე შენც გეძებდი, სოციალურ ქსელში, მაგრამ ვერ გიპოვნე.
- მე არც მაქვს. ფიფოს თხოვნაც იყო და არც მე მქონდა ამის დიდი სურვილი და მერე? როგორ გაარკვიე?
- მერე ისე დავიბენი, რომ აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. ვინ იყო ის პატარა ბიჭი, ასე ძლიერ რომ მგავდა და თანაც, დედამისს მიმი ერქვა. ისეთი გაოგნებული ვიყავი, რომ ბავშვს მარტო დედის სახელი და როდის დაიბადე ვკითხე მარტო. მისი დაბადების თარიღი კი საერთოდ არაფერს მეუბნებოდა, რადგან მხოლოდ თვე და რიცხვი მითხრა და არა წელი. მაშინ აზრად არ მომსვლია, რომ უფრო მეტად უნდა დამეზუსტებინა, წესიერად მეკითხა ბავშვისთვის დაბადების წელი მაინც, ისე ვიყავი გაოგნებული, გიჟივით გამოვვარდი გარეთ.
- მერე?
- მერე ის იყო, იქიდან წამოსვლა დავაპირე, რომ ახლა უფროსმა შემიყვანა თავის კაბინეტში და მისი ლეპტოპის გამართვა მთხოვა. არც თუ ისე ადვილი საქმე იყო, ამდენი წლის წინ წასული ტექნიკით. მართალია, თავიდან ცოტა გამიჭირდა და ეს იმით ავუხსენი, რომ მართლა საშინელი და მძიმე მდგომარება ჰქონდა. ცოტაც და უკვე გადასაგდები იქნებოდა. ოღონდაც ახლა მაგას უშველეო და ჩემზე იყოსო. გავარდა მერე გარეთ, შემოატანინა პურმარილი, მაშინ ვიგრძენი, რომ თურმე მშიოდა კიდეც. სანამ მარტო ვიჯექი უფროსის კაბინეტში, მის დაფარულ ფაილებშიც შევძვერი და აღმოვაჩინე, რომ ის პატარა ბიჭი, რომელიც ასე ძალიან მგავდა, თურმე გატაცებული ბავშვია. ბრძანებაში კი ეწერა, უხმაუროდ უნდა მოეძებნათ. ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, მისი ფოტოების საჯაროდ გამოკვრაც კი აკრძალული იყო. მხოლოდ ორგანოებში იყო გადაგზავნილი. ასევე ისიც იყო მითითებული, რომ ოჯახი, ბავშვის პოვნის სანაცვლოთ ჯილდოს გადახდასაც აპირებდა. საკონტაქტოდ კი მხოლოდ ნებისმიერი პოლიციის პუნქტში დარეკვა ან მისვლა იყო საჭირო. მშობლებზე არაფერი ინფორმაცია იყო.
- საერთოდ ვერაფერი გავიგეთ ბავშვზე და კვალს რომ ვეღარ ვაგნებდით, ფიფომ ბოლოს მპოვნელის ფულადი დაჯილდოებაც გადაწყვიტა. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მიმიმ. - მაგრამ, როგორც ვიცი, ფიფომ ეს საჯაროდ გამოაცხადა და ასე ფარულად რატომ იყო, მხოლდ თანამშრომლებისთვის...
- ვერაფერს გეტყვი. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ალბათ, ჯილდოს მიღების მსურველი უფრო მეტი რომ არ გამოჩენილიყო, ვიდრე ნამდვილი მპოვნელი.
- ალბათ... - ამოიხვნეშა მიმიმ. - და მერე?
- მერე როგორღაც მოვახერხე და იმავე დღესვე ჩამოვედი ქალაქში. კომპიუტერზე გაწეული სამუშაოს გამო, განყოფილების უფროსმა ჩამიწყო, თორემ ქალაქი უკვე ჩაკეტილი იყო. შემოსვლა ბევრად რთული იყო, ვიდრე ქალაქიდან გასვლა.
- ჰმ.
- ჩამოსვლისთანავე, ბევრი რამ გავარკვიე. ისიც კი გავიგე, რომ გამოსასყიდიც გადახდილი გქონდა უკვე და ამის მერე საერთოდ დაკარგე ბავშვის კვალი. არა, არა! ასე კი არ იყო! - თავი გააქნია პიპამ. - ვიტყუები! ასე დეტალურად მოგვიანებით გავიგე. მხოლოდ გამოსასყიდი რომ მოითხოვეს ის ვიცოდი, მაგრამ რამდენი, ეს უკვე აღარ. მერე ისიც გავიგე, რომ ფიფო უკვე იმ მთებშიც იყო ნამყოფი და მათი გვამები აღმოაჩინა.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა მიმიმ. - გახსენებაც არ მინდა, რა დღეები გავიარეთ. მაინც ამდენი რამ როგორ გაარკვიე?
- შენს ძველ მისამართზე მივედი და ძალიან ადვილად შევძელი რამდენიმე მეზობლის ალაპარაკება. გავიგე, რომ ფიფოზე იყავი გათხოვილი უკვე წლებია და მხოლოდ ერთი ბიჭი გყავდათ.
- ჰმ.
- მერე ფიფოს მშობლიურ სახლთან მივედი და იქ უკეთ გავარკვიე, რომ სულ სხვა მისამართზე ცხოვრობდით და ასე შემდეგ.
- და ფიფოს მშობლების სახლი საიდან იცოდი?
- ჰაჰ! - თავი გააქნია პიპამ. - ერთხელ ფიფო ისე დათვრა ჩემთან სტუმრობის დროს, რომ იძულებული ვიყავი, თავისივე მანქანით სახლში მიმეტანა.
- ვაი! - გაოცდა მიმი. - ფიფოს არასდროს უთქვამს ეს.
პიპამ არაფერი უპასუხა.
- და მაინც, შენ თუ შესძელი და ჩამოხვედი, ბავშვი რომ უფრო ადრე დაგებრუნებინა არ შეიძლებოდა? - საყვედურით მიმართა მიმიმ.
- მაშინ უნდა მეც გამოვჩენილიყავი. თანაც, არც იმის გარანტია მქონდა, რამდენად მართლა დაბრუნდებოდა ბიჭი სახლში. ვერავის ვენდობოდი, რადგან ფიფოს, რომელსაც ამხელა თანამდებობა ეჭირა, თანაც სად და მიუხედავად ამისა, მაინც ბავშვი მოტაცეს. ეს იგი, საკმაოდ სერიოზული ხალხი იყო გარეული და ცალკე კიდევ ეს ამხელა თანხა, მე სად უნდა წამეღო, ან როგორ უნდა გამომეჩინა? ბავშვი რომ მიმეყვანა ჩუმად განყოფილებასთან, იმ ფულთან ერთად დამესვა, ფულსაც ისე გააქრობდნენ, რომ კვალიც არ დარჩებოდა, მაგრამ არც იმის გარანტია მქონდა, რომ ბავშვს მართლა დაგიბრუნებდნენ. ვისი სახე იცოდა და კიდევ რომელ გამტაცებელს იცნობდა სახეზე, აბა მე რა ვიცოდი? და რა დროს ფულზე დარდი იყო? ყველაფერი ისე უნდა დამელაგებინა, როგორ საჭიროება მოითხოვდა და სწორედ ეს გავაკეთე! კარანტინი რომ არ ყოფილიყო, იმ დღეებშივე ჩამოვიყვანდი ბავშვს. მიმი, სწორად გამიგე, ბავშვს მართლა ვერავის ვანდობდი!
- კი... ახლა მესმის...
პიპამ ამოიხვნეშა.
- და მაშინ მიხვდი, რომ ეს ბავშვი... რომ დიმეო...
- დაახლოებით კი ვიფიქრე. - მიუგო პიპამ. - თუმცა ხომ შეიძლებოდა, რომ ვერ დაბადებულიყო, ან შენ და ფიფოს შეგეძინათ, მერე მოგვიანებით, მაგრამ მიმი, დამიჯერე! აღარც მაგის ფიქრის დრო და თავი არ მქონდა! მხლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს გატაცებული ბავშვი, ოჯახს უნდა დაბრუნებოდა და მორჩა! რადგან განგებამ ინება და მე მხვდა წილად მისი პოვნა და გადარჩენა, ასევე ვალდებულად ჩავთვალე ბავშვის ჩემივე ხელით მოყვანა და სახლში დაბრუნება. მე თვითონ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ მშობლებს უვნებელი ჩაბარდა!
- ალბათ დიმეოს ძალიან გაუხარდა, რომ მოუყევი, არა?
- სავარაუდოდ მეოთხე დღეს დავბრუნდი სოფელში. ცალკე გავიყვანე და ყველაფერი ავუხსენი. მას კი მართლა დაღუპულები ეგონეთ. დაშინებული იყო, რომ მასაც მოსაკლავად ეძებდნენ.
- ღმერთო ჩემო! - ამოიკვნესა მიმიმ. - მართლა რამდენი რამ გადაუტანია ჩემს ბიჭს და კიდევ როგორ მედგრად დგას.
- ჰოდა, ვისარგებლე მეც პანდემიით და რაც შემეძლო ვატარეთ ტრენინგები, ბიჭი რომ ფსიქოლოგიურად არ ყოფილიყო დათრგუნული.
- ჰო, ეს მართლა საოცრება იყო. - ღიმილით აღნიშნა მიმიმ. - დიმეოს გატაცებულის მართლა არაფერი ეტყობოდა. გეგონებოდა დასასვენებლად იყო გაგზავნილი.
- ჰმ.
- დილით კი, ადგომაც დაგვასწრო და საუზმის მომზადებაც ითავა, მე და ფიფო გაოგნებული შევყურებდით.
- ჰაჰ!
- არც სწავლაში იყო ჩამორჩენილი. - განაგრძობდა მიმი. - პირიქით, ბევრად წინ იყო წასული და მუსიკაშიც საკმაოდ კარგად იყო ნაწრთობი.
- უბრალოდ, ბავშვს კითხვა დავუსვი, თუ გინდა ისევ დაიბრუნო ძველი ცხოვრება, მაშინ იმაზე უფრო ძლიერი უნდა გახდე, ვიდრე იყავი და ან ახლა ხარ-მეთქი და ჭკუაშიც დაუჯდა.
- პატარაობიდანვე გონიერი ბავშვი იყო. - ჩაეღიმა მიმის. - ლამის აქეთ გვასწავლიდა ჭკუას.
- ჰმ. გენეტიკურია.
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- დამშვიდდი. - მიუგო პიპამ. - ჩემგან ვერასდროს გაიგებს. არ ვაპირებ დიმეოს ოჯახის დანგრევას. ძალიან კარგად ჩანს, ფიფო როგორ საოცარ მამობასაც უწევდა. ბავშვიც გიჟდება მასზე და ამ სიყვარულს ვერც წავართმევ და ვერც ჩავუნაცვლებ.
- ჩვენ იმისიც გვეშინოდა, რომ ბავშვზე ხომ არ იძალადეს. - მოწყენით დაიწყო მიმიმ. - იმ ღამეს როცა სახლში დაბრუნდა, მაშინვე ვაბანავე, თან ვცდილობდი კარგად დამეთვალიერებინა. ფიფო შიშით ვერ შემოდიოდა, კართან გველოდა.
- ჰმ.
- როგორც კი გამოვედი, შეშინებული თვალები შემომანათა, მე კი გაოგნებული და დაბნეული ვიყავი, ბავშვი ისეთი მოვლილი აღმოჩნდა. - მიმი გაჩუმდა.
პიპაც ერთ ხანს ჩაფიქრებული იყო და მერე დაბალი ხმით დაიწყო:
- ხანდახან ჩვენთან მოდიოდნენ, ექსკურსიაზე პატარა ბიჭების წასაყვანად. თანაც, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ სპეციალურადაც არჩევდნენ.
- და რატომ არ იყო გასაკვირი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- იმიტომ რომ ბავშვის აყვანის მსურველებიც ხშირად ასე არჩევდნენ მომავალ შვილებს, თუმცა იშვიათად, რადგან უფრო ჩვილებს ჰქონდათ მაგის შანსი.
- ჰო... ალბათ... - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- ექსკურსიები არც თუ ისე ხშირად იყო, მაგრამ ასეთი მოგზაურობის მერე, რატომღაც ბავშვები მოწყენილები ბრუნდებოდნენ. ჩვენ კი გვარწმუნებდნენ, რომ იქიდან კი არ დაბრუნდნენ ასე, არამედ აქ, უკან მობრუნება აღარ მოსწონდათ, რადგან იქ კარგი ცხოვრება ნახეს. საექსკურსიო პროგრამაც საკმაოდ მიმზიდველად ჩანდა. სეზონის მიხედვით ხან ცხენებზე ჯირითი, ზღვა და ნავით სეირნობა, თხილამურები და ამ ყველაფერთან ერთად გემრიელი კერძები და საუცხოო დესერტიც. მერე კი იქნებ, რომელიმე მდიდარს მოეწონოთ და გიშვილებენ კიდევაცო, ოჯახი გეყოლებათო, მაგრამ ყოველი ლაშქრობის მერე, რატომღაც მაინც უკან ბრუნდებოდნენ.
- ასეთი მოგზაურობა, არ უნდა ყოფილიყო ცუდი, არა? - გულუბრყვილოდ იკითხა მიმიმ. - თუმცა, კარგი ცხოვრება რომ ანახეს ბავშვებს, მერე რა თქმა უნდა მოიწყენდნენ.
- ჰმ. - ჩაეღიმა პიპას. მშვენივრად მიხვდა მიმიმ ვერ გაუგო, თუ რაც იგულისხმა და კვლავ განაგრძო. - ძალიან საშინელი და ცელქი ბავშვი ვიყავი, იშვიათად მეძახდნენ როცა ბავშვების ასარჩევად მოდიოდნენ, რადგან როგორც თვითონ აღმზრდელები ამბობდნენ, ჩემი იმედი არ ჰქონდათ. მე კი ზოგჯერ გადარეულივით ვიქცეოდი და იმიტომ რომ მეგონა, ცუდად თუ მოვიქცეოდი, იქიდან გამაგდებდნენ და სახლში დამაბრუნებდნენ, მაგრამ რა სახლში და რომელ სახლში, ეს არც ვიცოდი და არც მაინტერესებდა. ის მახსოვდა რომ იქ მიმიყვანეს, ცოტა ხნით. ჰმ, წლების მანძილზე ბრიყვივით ველოდი, ამ „ცოტა ხნის“ გასვლას.
- რატომ ბრიყვივით? - ამოხვნეშა მიმიმ. - შენ უბრალოდ პატარა ბავშვი იყავი.
- ჰო. - კვერი დაუკრა პიპამ. – პატარა გაბრიყვებული ბიჭი.
- და იმის გამო, რომ ასეთი ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყავი, შენ არასდროს აურჩევიხართ?
- ჰმ. მქონდა ერთხელ ეგ ბედნიერებაც. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - როგორც იქნა, ერთ დღესაც მეც შემარჩიეს. ადრე რომ მოდიოდნენ და ბიჭებს არჩევდნენ, მაშინ სულაც არ მინდოდა ერთ-ერთი მე რომ ვყოფილიყავი, რადგან დარწმუნებით ველოდი, რომ ისევ ისინი მომაკითხავდნენ, ვინც იქ დამტოვა და უცებ რომ მოსულიყვნენ და არ დავხვედროდი, მერე იქნებ, მეტი აღარც მობრუნებულიყვნენ. ასე აზროვნებდა მაშინ ჩემი ბავშვური ტვინი, მაგრამ ერთ დღესაც მეც მხვდა წილად ასე ძვირფას აგარაკზე გასეირნება. რჩეული ვიყავი და რა თქმა უნდა, ამაყადაც შევიფერე. წასასვლელად მოვემზადე, სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელიც უკვე ჩემდა გასაკვირად საწოლზეც დამხვდა. მშვენიერ ხასიათზე ვიყავი, ერთხელ მეც მეღირსებოდა იმ გალიიდან გასვლა. სიამაყით გავხედე მათ, ვინც არ აირჩიეს და მოულოდნელად შევამჩნიე, რომ ის ერთი ბიჭი, რომელიც ყველაზე მეტად ვერ მიტანდა და სულ ცდილობდა, გამოვეწვიე და ჩემთვის რაღაც დაეშავებინა, სწორედ ის ბიჭი, რომელიც უკვე ადრე, ჩემამდე იყო არჩეულიც იქ ნამყოფიც, რაღაც ცოტა არ იყოს, ირონიულად მიმზერდა. მისი თვალები საშინლად დამცინავად ასხივებდა და სწორედ ამან შემაკრთო. რაღაცნაირად უკან დამხია.
- და რატომ დაგცინოდა? - იკითხა მიმიმ. - იქნებ, სინამდვილეში კი არ დაგცინოდა, არამედ შენი შურდა?
- თავიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს  შური იყო, მაგრამ მისი სახის უხმო გამომეტყველება კი მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ, რომ წადი, ერთი შენც წადი! ნახავ რაც მოგივაო და აი, სწორედ მისმა ასეთმა ბედნიერმა სახემ შემაჩერა და გადამარჩინა კიდეც.
- გადაგარჩინა? - გაიკვირვა მიმიმ.
- ჰო, მიმი, ჰო! მართლა გადავრჩი და მთელი ცხოვრება, იმ ბიჭის მადლიერი უნდა ვიყო, რადგან მაშინვე გავიქეცი, დავიმალე და მხოლოდ იმ ბიჭის ჯინზე არ წავედი. დარწმუნებული ვიყავი, როცა უკან დავბრუნდებოდი, რაღაც საშინელ სიურპრიზს დამახვედრებდა და ამიტომაც გვიან ღამემდე სამალავიდან არ გამოვსულვარ. შუა ღამით ჩუმად შევძვერი ჩემს საწოლში. დილით კი ყურ ახეული შემათრიეს დირექტორის კაბინეტში. ვერაფრით ვერ მათქმევინეს, თუ რატომ მოვიქეცი ასე. რა თქმა უნდა, მთელი კვირით დამსაჯეს და მაინც ვერ გამტეხეს.
- და როგორ დაგსაჯეს? გცემეს? - მიმის სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
- არა, არ მცემეს. - გაეცინა პიპას. - მხოლოდ ყური საშინლად მეწვოდა. მთელი კვირა ეზოში არ უნდა ჩავსულიყავი და მომდევნო გაკვეთილებიც წინასწარ უნდა მესწავლა და მთელი კვირა, ეგრეთ წოდებული დესერტის გარეშე უნდა ვყოფილიყავი. ჰმ, დესერტი - ამჟავებული და თავიდან გადადუღებული მურაბა ან გამხმარი გამომშრალი ქადა.
- ჰოო, რა კარგად დასჯილხარ. - მიმისაც გაეღიმა.
- ასე, რომ სწორედ იმ ბიჭმა გადამარჩინა, ვისაც მაშინ მტრად ვთვლიდი.
- და გადარჩენა, რა შუაში იყო?
- ჰაჰ. - თავი გააქნია პიპამ. - მიმი, შენ გგონია, რომ ეს პატარა ბიჭები, მართლა გემრიელი ტორტის საჭმელად მიჰყავდათ?
- აბა?.. ღმერთო ჩემო... - მიმის ხმა გაებზარა. - არ მითხრა, რომ...
- ჰო! - კვერი დაუკრა პიპამ. - სწორადაც იფიქრე. ეს პატარა უპატრონო ბიჭები, იმ ორფეხა საქონლებს, გასართობად უნდოდათ და ამიტომაც ბრუნდებოდნენ ბავშვები უკან, ასეთი დათრგუნულები და განადგურებულები. ჩვენ კი გვარწმუნებდნენ, რომ თურმე, იქ კარგი ცხოვრება, ისე მოეწონათ ბიჭებს, რომ აქეთ აღარ უნდოდათ.
- მერე ან აღმზრდელები, ან დირექტორი?! ნუთუ ყველა მართლა იმ საქონლების მხარეს იჭერდნენ?
- არავინ არაფერი იცოდა, მიმი. - მიუგო პიპამ. - ბავშვები არაფერს ჰყვებოდნენ. არც კი ვიცი, როგორ და რანაირად აშინებდნენ. ბავშვთა სახლი კი ასეთი „საპატიო სტუმრების“ გამოჩენის დროს ფულითა და სურსათით მარაგდებოდა. არა, თავად არც მოდიოდნენ. სადღაც წელიწადში ორ-სამჯერ მოვიდოდა პატარა ავტობუსი, მოიტანდა სანოვაგეს და არ იფიქრო, რომ მთელი წლის სამყოფს. ცოტ-ცოტა რაღაც-რაღაცეებს, ფულადი დახმარებაც თან ერთვოდა და იმ შერჩეულ ბიჭებსაც წაიყვანდა. ბავშვებს კონკრეტულად ერთი ქალი არჩევდა, რომელიც იმ ავტობუსს მოჰყვებოდა. ალბათ, ცდილობდა კიდეც, რომ ყოველ ჯერზე, ახალ-ახალი ბავშვები წაეყვანა. უარი რომ არ მიეღო იქნებ იმიტომაც, მაგრამ ვინ გაბედავდა უარის თქმას? ან რამის მოყოლას, განა ყველა ჩემნაირი გიჟები და გადარეულები იყვნენ. არავინ იღებდა ზედმეტ ხმას, იმიტომ რომ ისინი, პატარა უპატრონო ბავშვები იყვნენ. სადღაც ასე, შვიდიდან თერთმეტ წლამდე არჩევდნენ და მხოლოდ მარტო ბიჭებს.
- მარტო ბიჭებს? ჰმ. - თავი გააქნია მიმი.
- ალბათ გოგონებს უფრო მოერიდნენ, რადგან ბიჭები მხოლოდ ჯარში წასვლისას გადიოდნენ სრულ სამედიცინო შემოწმებას, გოგონები კი მოზარდობის ასაკიდან და შენ წარმოიდგინე, ყოველთვის მიკვირდა ეს. რატომ ჩვენ უკვე წამოზრდილ ბიჭებს არ გვეძახდნენ შესამოწმებლად.
- ჰო. ალბათ უფრო მაგიტომაც ერიდებოდნენ გოგონების წაყვანას.
- ან იმაზე მეტად გარყვნილები იყვნენ. მოკლედ, იმ ბიჭის დამცინავმა სახემ ისე მიხსნა, რომ ფსიქიკა არ შემირყია. 
- პიპამ ამოიხვნეშა. - სამაგიეროდ, წლების შემდეგ, მე თვითონვე დავანგრიე ჩემივე ხელით აწყობილი ცხოვრება, რადგან სწორედაც, რომ მსგავს ღორებს არ შევარჩინე დაუცველი ბავშვების სულისა თუ ხორცის თელვა. აი, ეს იყო სულ! მართლა როგორ ყველაფერი წარსულიდან მოდის და ზუსტად ეს წარსულის იარები არ ჩაგივლის უკვალოდ. - პიპა გაჩუმდა.
მიმიც არ იღებდა ხმას. ერთ ხანს იყო ასე გატრუნული. მერე კი ღამის სიჩუმეში წაიჩურჩულა:
- მართლა ამოსახოცნი ყოფილან...
პიპამ არაფერი უპასუხა. მიმი გაიტრუნა. ყური მიუგდო. პიპას აშკარად ჩასძინებოდა. მიმიმ ფრთხილად წააფარა თავისი პლედი და თავი ძილს მისცა.
- გმადლობ... - სადღაც შორიდან, უკვე ძილში ჩაესმა პიპას ნამძინარევი ხმა.
LEX. 2024 წლის 27 თებერვალი, სამშაბათი. 

No comments:

Post a Comment