Wednesday, February 21, 2024

ნატის ჩექმები (ნაწილი 30)

30.
მაკას, თავის ერთადერთისა და პირმშოსთვის საუცხოო დაბადების დღის გადახდა სურდა. თუმცა, თავიდან ძვირადღირებულ რესტორანში, უძვირფასესი სუფრის გაშლას აპირებდა, მაგრამ ბიჭი უარზე დადგა. მერე თავადაც ჩაფიქრდა. უკვე გამოსაშვები კლასია, ეს გამოუცდელი ბავშები უაზროდ რომ არ დათვრნენ რესტორანში, ისევ სჯობს, სხვა რამ მოვიფიქროო.
- ჩემო ცხოვრებავ და ერთადერთო! - სიყვარულით მიმართა მაკამ. - განა რესტორანი მარტო დათრობა და უაზროდ გამოტყვრომაა, მაგრამ შენც მართალი ხარ. თქვენ, თანამედროვე ახალგაზრდებს, სხვანაირი გართობა უფრო გიხარიათ.
- ჰო, რაა. - კვერი დაუკრა ბიჭმა. - და კიდევ, იქ ვიღაც უცხო მთვრალების ყურება!
- ჰმ. - ჩაეღიმა მაკას. - შენი გულისთვის, მთელ რესტორანს დავხურავდი და სულაც არ მოგიწევდა, მართლა ვიღაც მთვრალების ყურება, მაგრამ რადგან ასე არ გსურს, სხვა რამ მოვიფიქროთ.
- ორ დღიანი ტური მინდა, სადმე ქალაქგარეთ, ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად.
- ესე იგი, მთელ კლასს, არ ეპატიჟები? - ჩაეღიმა მაკას.
- თუკი არ ვმეგობრობ, რა საჭიროა? - მხრები აიჩეჩა კუსუმ.
- ზუსტად რამდენი იქნებით გამაგებინე, მერე კარგად მოიფიქრეთ, თუ საითკენ უფრო გირჩევნიათ გამგზავრება და მეც მზად ვარ! - მაკამ საათს დახედა. მისი ერთგული და ყურმოჭრილი ექთანი, საქმიან და თანაც, საკმაოდ სარფიან ვახშამზე, ოჯახში ეპატიჟებოდა.
- დეე, სად მიდიხარ? - კუსუმ, საკმაოდ გემოვნებით ჩაცმული და სიმპათიური დედიკო, თვალის ერთი შევლებით შეაფასა და გამომცდელად ჩაეკითხა კიდეც.
- პაემანზე! - ღიმილით მიმართა მაკამ. - რა იყო? არ შეიძლება?
- რატომაც, არა? - მიუგო კუსუმ. - ბევრ ახალგაზრდა გოგოსაც კი სჯობნი!
- ახალგაზრდას? - ირონიულად მიმართა მაკამ. - ესე იგი, ბებერი ვარ?
- შენ ყველაზე ლამაზი და ახალგაზრდა დედიკო მყავხარ!
- კუსუ! - დაეჭვებული სახით ჩაეკითხა მაკა. - ხდება რამე და მე არ ვიცი?
- არა! არაფერი დეე! - მაშინვე მიახალა კუსუმ და თვალი აარიდა.
მაკას არაფერი გამოჰპარვია, თუმცა არ შეიმჩნია.
- კარგი, ახლა წავედი, ზუსტად ვერ გეტყვი როდის მოვალ. - მაკამ ხელჩანთა მოიმარჯვა. - თუ გასვლას დააპირებ, კარი წესიერად დაკეტე. ათასი ოხერი და ნაძირალა დადის.
მაკა როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, მაშინვე დინას დაურეკა.
- ვიცი, რომ დღეს მორიგე ხარ და როგორმე გაითავისუფლე თავი, სახლში ისე მიდი, ეცადე რომ კუსუს არ შეეჩხირო თვალში.
- მშვიდობაა, მაკა ექიმო?
- სტუმრად მივდივარ და კუსუს კი ერთი სული ჰქონდა სახლიდან როდის გამისტუმრებდა. - სიცილით მიუგო მაკამ. - მოკლედ, გთხოვ რომ თვალი ადევნო, ვინ მოვა და ვინ წავა.
- რა პრობლემაა, მაკა ექიმო! შევალ კიდეც და რამეს ვითხოვ, ან ყავას ან შაქარს.
- უჭკვიანესი მყავხარ! - გაუხარდა მაკას, დინას ასეთი გამჭრიახობა. - პრიზი ჩემგან!
- ისედაც არ მაკლია თქვენგან პატივისცემა.
- შენი, იმედი მაქვს! - მაკამ ტელეფონი გათიშა და გეზი იმ სახლისკენ აიღო, სადაც მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჩენას.
- რაიონიდან ნათესავები ჩამომივიდნენ! - ექთანი, მაკას გაბადრული სახით შეეგება და კარის გაღებისთანავე, მთელი ხმით დასჭექა. - იმდენი ხორაგი ჩამომიტანეს, უთქვენოდ ლუკმა ყელში, აბა როგორ გადამივა?!
ეს ხმამაღალი დახვედრის ცერემონიალი, სპეციალურად მეზობლების ყურის გასაგონად იყო მოწყობილი და მაკამაც, ასე მიპატიჟებულ ოჯახში, გაღიმებული სახით შედგა ფეხი და არც ტკბილეულისა და ყვავილების მიტანა არ დავიწყებია.
საპატიო სტუმარს, მაშინვე ყავა მოუცუნცულეს.
- ყავაში ჩაგიხედავს, მაკა ექიმო, ჭიქა კარგად გადააბრუნეთ. - მიანიშნა ექთანმა, ჩამოსულ ნათესავზე.
- აბა, როგორია ცხოვრება, ჩვენი ქვეყნის მადლიან კუთხეში? - ყურებამდე უღიმოდა მაკა, ექთნის ნათესავ გოგოს. ხან მოსავლით დაინტერესდა, ხან მათი კარ-მიდამოთი. ბოლოს ისიც შეიტყო, რომ ასეთი მუყაითი, მშრომელი და შეძლებულ ოჯახი, წლებია უკვე უშვილოდ ცხოვრობს.
სწორედაც, რომ ეს იყო მათი შეხვედრის მთავარი მიზეზი. ინეზას, მომავალ დედას სურდა, რომ მისი ორსულობა „ნამდვილი“ ყოფილიყო. ამიტომ რამდენიმე თვე ქალაქში მოუწევდა ცხოვრება. ორსულობის, ტყუილ მუცელსაც გაიკეთებდა, რომ ეჭვი არავის შეჰპარვოდა.
- თუკი მაინც ეს თვეები ქალაქში იცხოვრებ. - მაკამ რჩევის მიცემა სცადა. - ყველა შენი ახლობლისგან თვალს მოშორებით, მაშინ ამ ტყუილი მუცლის ტარება, რაღა საჭიროა? თანაც, ზაფხული მოდის.
- სამშობიაროშიც მინდა დაწოლა, ვითომ შენარჩუნებაზე. - მიუგო ინეზამ. - უფრო მეტად სარწმუნო რომ იყოს.
- და ვისთვის? - მაშინვე მიუხვდა მაკა, რომ ინეზას, კონკრეტულად ვიღაცის დარწმუნება უფრო აინტერესებდა, ვიდრე მთელი სოფლის.
წუთით, დუმილი ჩამოვარდა. ინეზა აილეწა. მისი მასპინძელი ექთანიც ვერ იღებდა ხმას. მერე ისევ ინეზამ მოიფიქრა, სიტუაციის განმუხტვა და მაკას ყავის ჭიქას დასწვდა.
- აბა, ვნახოთ ერთი რა გელოდებათ...
- არ არის, საჭირო. - მაშინვე შეაჩერა მაკამ. - მართლა ყავაზე სამკითხაოდ კი არ მოვსულვარ აქ.
- ბოდიში, მაკა ექიმო. - შეუწუხდა ექთანი.
- საბოდიშო არაფერია. - მშვიდად მიმართა მაკამ. - თუ მეცოდინება, ზუსტად რა ხდება, მაშინ იქნებ, დახმარებაც შევძლო.
- ვაიმე, თქვენ გაიხარეთ! უღრმესი მადლობა! - ბედნიერი ხმით აღმოხდა ექთანს.
- იქნებ, შევძლო დახმარება, მხოლოდ ეს ვთქვი. - ღიმილით მიმართა მაკამ.
ინეზას ცოტა არ იყოს, უჭირდა საუბრის დაწყება, მაგრამ ექთანი შეეშველა:
- უშვილოდ, ლამის დაინგრა ოჯახი! არც კი ვიცი, გამოვა თუ არა რამე...
- და რა არის აქ გამოუსვლელი? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - ამას უნდა შვილი, იმას არ უნდა და ტოვებს. სხვა დანარჩენი საბუთები კი, ქვეყნის ასეთი ბიუროკრატიული მიდგომის გამო, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ გამოუსვლელი აქ არაფერია.
- მოკლედ ასეა ეს ამბავი. - დაიწყო ექთანმა. - ინეზას ქმარს რაღაც უთანხმოება მოსვლია იქ, თავისთან სოფელში, უჩხუბია, მერე ვიღაცის ტრაქტორიც დაულეწია. ახლა დაჭერილია.
- უი. - შეიცხადა მაკამ.
- სულ რამდენიმე თვით. - გამოესარჩლა მეუღლეს ინეზა. - ხულიგნობაზეა და მალე გამოვა.
- და ბავშვი გინდა დაახვედრო? - გაიკვირვა მაკამ.
ექთანმა და ინეზამ ერთმანეთს გადახედეს.
- ხალხო! - ღიმილით მიმართა მაკამ, რომელსაც უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა და ერთი სული ჰქონდა, იქაურობას როდისღა დატოვებდა. - თუ მენდობით და რაღაც ნაწილს მიყვებით, მაშინ ბოლომდე და წესიერად მომიყევით და თუ არ მენდობით, ეგეც მითხარით და მოვრჩებით ამით!
- ამის ქმარი, რომ დაიჭირეს, ამ საცოდავმა იმდენი ინერვიულა, რომ მუცელი მოეშალა. - ექთანმა ნათესავს გადახედა. - არადა, ძლივს დაორსულდა.
ინეზა რაღაცნაირად აწრიალდა. თითქოს უფრო მეტად სევდიანი სახის მიღებაც უნდოდა. მაკას კი არაფერი გამოჰპარვია, მშვენივრად მიხვდა, უფრო დიდ ტყუილს უნდა ჰქონოდა ადგილი, ვიდრე ამას ექთანი და მისი ნათესავი უყვებოდნენ.
მაკა დარწმუნებული იყო, რომ ამ გოგოს, არც მუცელი მოშლია და შესაძლოა, არც არასდროს ყოფილიყო ორსულად.
- ციხიდან გამოსულ ქმარს, შვილი რომ დახვდება. - განაგრძობდა ექთანი. - ამით ოჯახი უფრო შეიკვრება და იცხოვრებენ ასე ბედნიერად.
- და ციხიდან რომ გამოვა ქმარი, მაშინ რომ დაორსულდეს, არ შეიძლება? - მაკამ ინეზას სახეში ჩააკვირდა.
ინეზამ დაბნეული თვალები მის ნათესავს შეანათა. აშკარად შველას სთხოვდა და ექთანმაც არ დაახანა.
- აი მაშინ მუცელი რომ მოსწყდა. - გაზეპირებულივით დაიწყო ექთანმა. - ისეთი ცუდი მდგომარეობა აღმოაჩნდა, რომ საშვილოსნოს ამოღება გახდა საჭირო.
- ჰოო. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მაკამ.
- ქმარმა ჯერ არაფერი იცის. - წაიკრუსუნა ინეზამ.
- საერთოდ, რა ჩემი საქმეა, სხვისი პირადი ცხოვრება, მაგრამ თუკი გადავწყვეტ ვინმეს დახმარებას, მინდა ბოლომდე ვიყო საქმის კურსში, რადგან ვიცოდე, რაში ვეხმარები, რატომ და რისთვის.
- დიახ, მაკა ექიმო! - კვერი დაუკრა ექთანმა. - ამიტომაც ასე ძლიერ გენდობით და თქვენი იმედიც გვაქვს!
- დიახ, დიახ! - დაუდასტურა ინეზამ. - მართლა, თქვენზე იმდენი კარგი რამ მსმენია.
- მაშინ გადავიდეთ საქმეზე. - გაიბადრა მაკა.
- ჯერ, გიმკითხავებთ, თორემ გახმა ჭიქა. - ინეზამ ხელი გაიწვდინა, რომ მაკას ფინჯანი აეღო, მაგრამ მაკამ შეაჩერა:
- ჯერ საქმე და ერთ ყავას კიდევ დავლევ, ცოტა ხანში, თუ მომართმევთ. - თბილად გაუღიმა მაკამ.
- ახლავე, მაკა ექიმო! - დატრიალდა ექთანი.
- იმ ჭიქაშიც ჩაგიხედავთ და ამაშიც. – „პატივი დასდო“ ინეზამ.
- ჩემს თავზე არაფერის ცოდნა მინდა. - მიუგო მაკამ. - ისედაც ყველაფერი ნათელია, მაგრამ სხვაზე მაინტერესებდა.
- მაშინ მარცხენა ხელით უნდა დალიოთ, თუ სხვაზე ჩაფიქრება გინდათ. - ურჩია ინეზამ. - და მარხენა ხელითვე გადაატრიალოთ.
- იყოს მარცხენა ხელით. - გაეცინა მაკას. - თუმცა, არც ახლა ვიცი, წეღან რომელი ხელით დავლიე.
- ნამდვილად მარჯვენა ხელით სვამდით. - მიუგო ინეზამ.
მაკას ჩაეღიმა. კარგი გაქნილი გოგო ჩანსო, მაშინვე გაიფიქრა და ცხელ-ცხელი ქაფქაფა ყავაც წინ დაუდგეს.
- მეუღლე რამდენი ხანია, რაც პატიმრობაშია? - იკითხა მაკამ.
- თვე და ერთი კვირაა. - მიუგო ინეზამ. - თბილისშია გადმოყვანილი და მეც აქეთ ვიქნები, რომ ხშირად ვინახულო.
- და რამდენი ხნის ორსული იყავი?
ინეზა წამით შეცბუნდა, აშკარად პასუხზე დაიბნა, მაგრამ მისი ნათესავი ექთანიც მაშინვე ჩაერთო და მკვირცხლად მიუგო:
- თვენახევრის იყო ზუსტად!
ინეზამ დასტურის ნიშნად თავი დაუკრა. მაკამ კი ისეთი სახე მიიღო, რომ თითქოს, ვერაფერს მიხვდა.
- ესე იგი, გამოდის, რომ ერთი კვირის ორსული ყოფილხარ, როცა შენი ქმარი დაიჭირეს?
- ასე გამოდის. - თვალი გაუსწორა ინეზამ მაკას.
- და მუცელი როდის მოგეშალა? - კვლავ ჩაეკითხა მაკა.
- როგორც კი ჩემი ქმარი დაიჭირეს... - ცოტა ენის ბორძიკით დაიწყო ინეზამ და ექთანიც მაშინვე ჩაერთო:
- ერთი თვის იყო ზუსტად!
- ესე იგი, ერთი კვირის წინ? - გამომცდელად ჩაეკითხა მაკა.
ინეზამ უხმოდ დაუქნია თავი.
- და ოპერაციაც მაშინვე გაგიკეთეს? - კვლავ არ მოეშვა მაკა.
- რა ოპერაცია? - გაიკვირვა ინეზამ.
- საშვილოსნოც მაშინვე ამოუღეს, როცა გამოფხეკა დასჭირდა. - მაშინვე ჩაერთო ექთანი. - მაგიტომაც ვერ მიგიხვდათ შეკითხვას, მაკა ექიმო.
- გასაგებია. - კვლავ არ შეიმჩნია მაკამ, ასე სულელურად რომ ატყუებდნენ.
- ახლა, ამისმა ქმარმა ჯერ არაფერი იცის. - დაიწყო ექთანმა. - სანამ ციხიდან გამოვა, მანამდე ტყუილი მუცლით ივლის, ციხეში ასე ინახულებს. რამდენიმე თვეში კი გამოვა და...
- და დროზე ადრე, რომ გამოვიდეს? - ახლა უფრო მეტი გამომცდელი სახით ჩაეკითხა მაკა.
ექთანი შეძრწუნდა. ვეღარაფერი თქვა. ინეზასაც სულ წასვლოდა ფერი და დამფრთხალი თაგვივით აცეცებდა თვალებს.
- ამის დედამთილი სულ ამათ საქმეში ერევა. - საწყალი ხმით დაიწყო ექთანმა. - და ერთი სული აქვს, ამათი დაშორება გაიგოს, ახლა ეს მუცლის მოწყვეტა, ხომ...
- და ბავშვი თუ გაჩნდება, მაშინ არ შეუშლის ვითომ ხელს? - დაეჭვებული სახით ჰკითხა მაკამ. - ზოგჯერ არც ბავშვის დაბადებას შეუძლია ოჯახის გადარჩენა.
- ჩვენ ისედაც ცალკე გვინდოდა ცხოვრება და ახლა უფრო მეტად მოვანდომებ ჩემს ქმარს. - ჩაურთო ინეზამ.
- დღეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდაც არის შესაძლებელი, დროზე ადრე გათავისუფლება. - მიუგო მაკამ. - ან თუნდაც, შინაპატიმრობის შეფარდება, თუ იყო უკვე სასამართლო?
- იყო, უკვე. - წაიკვნესა ინეზამ. - და იმ ფულს, რაც მის გათავისუფლებაში უნდა გადავიხადო, ბარემ ბავშვის ბიოლოგიურ დედას მივცემდი, ისიც ბედნიერი დარჩება და ჩვენც!
- კარგი, კარგი! - გაეღიმა მაკას. - ყველაფერს მივხედავთ!
- თქვენი იმედი გვაქვს, მაკა, ექიმო! - სიხარული ვერ დაფარა ექთანმა.
- თუ ვინიცობაა, შენი ქმარი, ბავშვის დაბადებამდე გამოვიდა ციხიდან, მაშინ შენარჩუნებაზე დავაწვენთ. - მიუგო მაკამ. - ვითომ დავაწვენთ და მაგასაც ადვილად მოვაგვარებთ.
- კი, კი, როგორც თქვენ იტყვით, მაკა ექიმო! - თავი დაუქნია ექთანმა.
- ესე იგი. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მაკამ. - ჩვენ გვინდა ბავშვი, რომელიც დაახლოებით შვიდ თვეში დაიბადება, არა?
- ბიჭი, მინდა! - აღმოხდა ინეზას.
- იყოს ბიჭი! - მხრები აიჩეჩა მაკამ და წასასვლელად მოემზადა.
- და ჭიქაში ჩახედვა, არ გინდოდათ? - შესთავაზა ინეზამ.
- სხვა დროს, იყოს. - მიუგო მაკამ. - ჩემი ბიჭის მომავალი მაინტერესებდა, მაგრამ ახლა მართლა ამდენი დრო აღარ მაქვს.
- უღრმესი მადლობა მაკა ექიმო, რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის. - მიესიყვარულა ერთგული ექთანი.
- აუცილებლად გვესტუმრეთ ამ დღეებში და ჩაგიხედავთ ჭიქაში. - ინეზამ კვლავ შესთავაზა.
- ისე, მაგრად მკითხაობს! - შეაქო  ექთანმაც და მერე უფრო დაბალ ხმაზე, ლამის ჩურჩულით დასძინა: - ყველაფერზე იცის, კარტზე, ყავაზე.
- აუცილებლად გესტუმრებით. - დააიმედა მაკამ და იქაურობა დატოვა.
დინამ კუსუს სათვალთვალოდ, ასი თვალი და ყური გამოიბა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა. არც ხმაური გამოდიოდა მაკას სახლიდან და არც მუსიკა იყო ზომაზე მეტად აწეული. დინამ მაინც ვეღარ მოითმინა და ცარიელი საშაქრით ხელში მიადგა. კუსუმ დიდ ხანს არც ალოდინა. მალევე გაუღო კარი.
- ვაიმე, ხომ არ გაგაღვიძე? - დანანებით იკითხა დინამ თან თვალი სასტუმრო ოთახის გამოკეტილი კარისკენ ეჭირა, მაგრამ იქიდან ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა.
- არ მეძინა. - მშვიდად მიუგო კუსუმ. - ფილმის ნახვა მინდოდა და საინტერესო ვერაფერი ვნახე.
- რაღაც მოწყენილი მეჩვენები. - ჩაეკითხა დინა.
- შაქარი ხომ გინდოდა? - კუსუმ ახლოს მიუწია დიდი საშაქრე. - აივსე თუ გინდა, ჯერ საკმარისად გვაქვს.
დინამ საშაქრე ძალიან ნელ-ნელა მთელი სიდინჯით აივსო. ჩანდა, სახლში წასვლას არ აპირებდა.
- რაღაც მინდა გითხრა. - დაიწყო დინამ.
კუსუმ უკმაყოფილოდ შეავლო თვალი.
- მაკა რომ არა. - განაგრძო დინამ. - დღესაც იმ წუმპეში ვიქნებოდი ყელამდე.
- მაკა კი არა, ჯერ მე გადამეყარე! - ცალყბად ჩაეცინა კუსუს.
- ჰოდა, მით უმეტეს! - თავი დაუქნია დინამ. - თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს უახლოეს ხალხს, თუ რამე უჭირთ, გვერდით უნდა დავუდგე, როგორც ერთ დროს მე ამომიდექით მხარში.
- და რა შემატყვე ასე გაჭირვებულის? - ირონიით მიუგო კუსუმ.
- რა ვი... - მხრები აიჩეჩა დინა. - სახეზე გაწერია შენი უხასიათობა.
- შენს დანახვაზე, მეტისმეტი ბედნიერებისგან ყურებამდე რომ არ გამეხა სახე?
- ასე თუ გეწყინა ჩემი დანახვა. - დინა სკამიდან წამოდგა. - მხოლოდ და მხოლოდ შაქარი მინდოდა. მართლა და არ მეგონა, ვინმე თუ ჩემზე უფრო ცუდ ხასიათზე იქნებოდა. - დინამ მძიმედ ამოისუნთქა და ის იყო კარი უნდა გაეღო, რომ კუსუმ შეაჩერა.
- გინდა ერთად დავლიოთ ყავა?
- თუ არ მოეგწყინება ჩემთან... - ღიმილით აიჩეჩა დინამ მხრები.
- ისე, ყავას მაინც და მაინც არ ვსვამ, მაგრამ...
- მოდი, გემრიელ ჩაის გაგიმზადებ. - შესთავაზა დინამ. - ვიცი მაკას ყოველთვის აქვს ნაირ-ნაირი გემოებით.
- კარგი. - კუსუ მაგიდას მიუჯდა. - შენ ყავა დალიე, მე ჩაი და შენზე მომიყევი რამე.
- ჩემზე? - გაიკვირვა დინამ. - ჰმ. საინტერესო არც არაფერია.
- ვიცი, რომ ბევრი და-ძმა გყავს და აქ მგონი არასდროს მოსულან, არა?
- რაც სახლიდან წამოვედი, მას მერე აღარასდროს გამიხედავს იქეთ. - დინა სკამზე დაეშვა. - იქნებ, იფიქრო რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ კარგი არაფერი მახსოვს მშობლიური სახლიდან. აქ რომ ერთი მოვიდეს, მერე ყველა აქეთ გადმობარგდება და ჩემს ხარჯზეც მოისურვებენ ცხოვრებას და ბოლოს, რა გამოვა იცი?
კუსუმ უარის ნიშნად უხმოდ გააქნია თავი.
- იგივე ჭაობი! - განაგრძო დინამ. - მხოლოდ, სხვა მისამართზე! იგივენაირად ერთ ოთახში რამდენიც არ ეტევა, იმაზე მეტი! იგივენაირად, შიმშილი და უფრო ცოტა საჭმელი და ბევრი მჭამელი! ძველი, ისევ ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმელი! რადგან მცირეწლოვანი ბავშვები უფრო მეტია, ვიდრე ზრდასრულნი! ხელფასიდან ხელფასამდე სულის გატანა. უშუქოდ და ყოველგვარი გამათბობელის გარეშე. ზამთარში გაყინულ სახლში, ზაფხულში კი ჩახუთულ ოთახში.
კუსუს თვალები აევსო, სინანულით გააქნია თავი.
- და ამიტომაც! - უფრო მედგრად განაგრძო დინამ. - ცალკე, მარტო მინდა მათ გარეშე ცხოვრება. დაე, თავად ირჩინონ თავი უფროსებმა მაინც და თავიანთი პირადი ცხოვრება აიწყონ! პატარებს კი ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ყურადღება შეხვდება მშობლებისგან!
- არ გენატრება?
- ვინ?! - დამცინავად მიუგო დინამ. - ან რომელი ერთი?! გახედვა არც მინდა! მერე მართლა შეიძლება გული ამიჩუყდეს და რაც ასეთი შრომითა და მართლა წვალებით მოვიპოვე, იმასაც დავკარგავ!
კუსუმ არაფერი უპასუხა.
- რა თქმა უნდა მაკას ხელშეწყობით! - კვლავ განაგრძო დინამ. - გგონია, სიკეთე მავიწყდება? სულაც არა! მაკას რომ არ დაეძალებინა ჩემთვის სწავლა, ასეთი შრომა რომ არ ესწავლებინა, მართლა დღესაც იქ ვიქნებოდი, საიდანაც ამოვედი.
- ადრე, გეზარებოდა სწავლა? - ღიმილით ჰკითხა კუსუმ.
- საშინლად! - გაეცინა დინას. - თან, თავშიც არაფერი შემდიოდა. ალბათ, გამხმარი კუჭის გამო, თავი საჭმელზე ფიქრით მქონდა გამოტენილი. - დინამ ამოიხვნეშა. - მციოდა, მშიოდა და რა დროს სწავლა იყო. მაკამ კი ყველა პირობა შემიქმნა, რომ კარგად მესწავლა და ხალხში გამოვსულიყავი.
- და ექიმობა, მაინც რომ არ გინდა. - ჩაეღიმა კუსუს. - სულ ექთანი გინდა იყო?
- ამდენი სწავლა უკვე მართლა აღარ შემიძლია. - ღიმილით უპასუხა დინა. - მაგას უკვე სხვანაირი ნიჭი უნდა. ეჰ, რაც ვისწავლე და რა ცოდნაც ახლა მაქვს, ეს შევირგო ბოლომდე და მეტი არც არაფერი მინდა.
- რატომ მეტი არაფერი? - გაიკვირვა კუსუმ. - არ გყავს შეყვარებული?
- და შენ? - მაშინათვე მიახალა დინამ და  მიხვდა რომ მიზანში მოარტყა.
კუსუს სახე წამოუჭარხლდა და უარყოფის ნიშნად თავი გააქანა.
- არც მე არავინ მყავს. - ამოიხვნეშა დინამ და ისეთი სახე მიიღო, თითქოს არც შეუმჩნევია კუსუს რეაქცია.
მაკა შედარებით გვიან დაბრუნდა სახლში, კუსუს უკვე ეძინა და არც ჩანდა, რომ სტუმრები იყო ნამყოფი სახლში. მეორე დილით კი მაკამ დინა კაბინეტში დაიბარა და დინამაც კუსუს შეყვარებულზე ამცნო ამბავი.
- და თვითონ გითხრა? - გაიკვირვა მაკამ.
- ისე წამოჭარხლდა სახეზე, რომ მაშინვე შეეტყო, მაგრამ მეტი არაფერი მიკითხავს, არც თვითონ მოუყოლია. სახლშიც, რაღაც მოწყენილად იყო.
- მდაა. - ჩაეღიმა მაკას. - ნეტა, ვინ მოსწონს.
- თვითონ შემიპატიჟა...
- ჰო, აშკარად ლაპარაკი უნდოდა ვინმესთან.
- ან სულაც ყურადღების გადატანა. - ჩაურთო დინამ.
- ან ორივე ერთად. - გაეცინა მაკას. - მოვალე ვიქნები, თუ რამეს გაარკვევ, მხოლოდ არაფერი ჰკითხო და აღარც მსგავსი შეკითხვა დაუსვა, უბრალოდ ემეგობრე, როგორც უფროსი მეგობარი. იმას, რასაც დედას ვერ ეტყვის და ვერც საძმაკაცოში იტყვის, შენთან უფრო გაიხსნება.
- ძალიან კარგი ბიჭია. - ღიმილით აღნიშნა დინამ.
- ჰოდა, კარგ ბიჭს კარგი პატრონი უნდა და აბა, შენი იმედი მაქვს. - მიუგო მაკამ. - ვიღაც ოხერი ოჯახის შვილს არ მინდა გადაეკიდოს ჩემი ხელის გულზე ნაზარდი ბიჭი.
- აბა, რაა! - კვერი დაუკრა დინამ.
- შეიძლება, მაკა ექიმო? - კარი, მაკას ყურმოჭრილმა მონა ექთანმა შემოაღო.
- შემოდი, შემოდი. - მიუგო მაკამ. - აგერ დინა, გასათხოვარი გოგოა და ერთი მიიყვანე იმ შენს მკითხავთან, ასე ძალიან რომ აქებ.
- არ მჯერა, მე მაგათი. - თავი გააქნია დინამ.
- როცა საჭიროა, უნდა დაიჯერო კიდევაც. - მიუგო მაკამ და მერე ექთანს მიმართა - წაიყვანე და გააცანი.
მაკას ხმა ბრძანებასავით უფრო ჟღერდა. რა თქმა უნდა, ექთანი მაშინვე მიუხვდა, რომ დინაც უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში. დინამ კი მაკას მბრძანებლური ტონი, მაშინვე გარკვეულ მინიშნებად მიიღო და უსიტყვოდ მიჰყვა ექთანს კუდში.
ყველაფერი მშვენივრად აეწყო. ნათესავი ექთნის რჩევით, ინეზამ მის გვერდით კორპუსში იქირავა ბინა იქ იღებდა კლიენტებს და ყავასა თუ კარტზე მკითხაობით, საკმაო გასამრჯელოსაც ღებულობდა. სინამდვილეში კი ის ნაქირავები ბინა, მის ნათესავ ექთანს ეკუთვნოდა, თუმცა არავის უმხელდა. ინეზას ექთნის წყალობით, კლიენტებიც მოუმრავლდა და რატომღაც უფრო მეტად სჯეროდათ მისი, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ორსული ქალი, არაფერს მოატყუებდა მათ. ნათესავი ექთანი, საკუთარ თანამშრომლებზე წინასწარ უყვებოდა ყველაფერს და უკვე იქ, სამკითხაოდ მისულნი, შინ გაოგნებული ბრუნდებოდნენ. ინეზა, ცოტას ექთნის მონათხრობიდან, ცოტას კლიენტის სახეზეც ამოიკითხავდა, თუ რის გაგება უფრო სურდათ და მერე თავისი ფანტაზიიდანაც ჩაურთავდა ხოლმე რამე-რუმეებს და პირდაღებული კლიენტები გაოცებას ვერ ფარავდნენ. ლამის ყოველ მკითხაობის მსურველს, შემდგომში უკვე ორი-სამი მეგობარი მაინც მოჰყვებოდა და ხალხის რიგი არ წყდებოდა ეზოში.
ინეზა პერიოდულად აკითხავდა ქმარს საპატიმროში, მაგრამ ორ-სამ წუთში უკან მორბოდა. „ტოქსიკური ორსულობის გამო“, იქაურ ჰაერს ვერ ეგუებოდა. ქმარი კი სულ იმას უჩიჩინებდა, ხშირად ნუღარ მოდიხარ, ბავშვს გაუფრთხილდიო. ერთი სული ჰქონდა, თუ როდისღა დამთავრდებოდა პატიმრობის ვადა და მონატრებულ მეუღლეს ჩაიხუტებდა. რამდენიმე თვემაც მალე გაირბინა და შინ მისულ, უკვე სასჯელ მოხდილ ქმარს, მშვენიერი ბიჭი დახვდა სახლში. ჩვილი საკმაოდ ძლიერი ხმით გაჰკიოდა, მეუღლეს თან უკვირდა და თანაც, ძალიან უხაროდა, ეს რა ჯანიანი გვარის გამგრძელებელი გაგვიჩნდაო.
სინამდვილეში კი ბავშვი უკვე თვენახევრის იყო. მაკას, იმ სპეციალურად, ასე გასაყიდი ბავშვებისთვის განკუთვნილ აგარაკზე წინასწარ ჰყავდა გადანახული. ინეზას, მეუღლის ციხიდან გამოსვლამდე, ერთი კვირით ადრე უნდა „ემშობიარა“. არც იმის სრული გარანტია იყო, რომ სასურველი ჩვილი, ზუსტად იმ დღეს დაიბადებოდა. ამიტომაც მაკამ, პირველივე ხელსაყრელი მომენტიც არ გაუშვა ხელიდან და უკვე ორ შვილიან, ახალგაზრდა ლამაზ დედას, მესამე შვილი, უპრობლემოდ ააგლიჯეს გულიდან. მერე უკვე ოდნავ წამოზრდილი ბიჭუნა, ახალშობილად გააფორმეს და ისე გადასცეს აღმზრდელებს და ეს მხოლოდ მაკამ და მისმა ერთგულმა ექთანმა იცოდა. იმ ექთანმა, რომელმაც საკუთარ ნათესავსაც კი არ გაუმხილა, რომ ბინაც მანვე მიაქირავა და ბავშვის აყვანაში გადახდილ ფულშიც, ლომის წილიც ერგო.
LEX. 2024 წლის 15 თებერვალი, ხუთშაბათი. 

No comments:

Post a Comment