- მიმი, მე ძალიან კარგად მესმის შენი... - გალეო შეყოვნდა.
დეტექტივი გაოგნებული დარჩა იმ ამბებით, რაც იქ მოისმინა. მართლაც უცნაური იყო, მოულოდნელად გამოცხადებული ვიღაც უცხო კაცი, საკმაოდ უკანონო ქმედებას მოითხოვდა მისგან და თანაც უმტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი ფიფოს და მისი ოჯახის დასახმარებლად იყო საჭიროც და აუცილებელიც.
- ჰო, ვიცი, რომ ძალიან ბევრს ვითხოვ, მაგრამ მერწმუნე, ასეა საჭირო. - შეეშველა მიმი.
- არა, არა, მიმი. - თავი გააქნია გალეომ. - ბევრის მოთხოვნა აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ ეს... ეს...
- დიახ, ეს უკანონობაა! - ჩაურთო მწირმა. - მაგრამ შეხედეთ ფიფოს!
ყველამ თავი დაუქნია. ცხადია, ესმოდათ, თუ რასაც გულისხმობდა ეს ვიღაც უცხო კაცი.
- ის ხომ ყოველთვის ცდილობდა, რომ კანონიერად ემოქმედა. - განაგრძობდა მწირი.
ისევ თავები დააქნიეს.
- თუმცა ზოგჯერ. - კვლავ განაგრძო მწირმა. - ფიფოს კანონის ავლითაც უხდებოდა საქმის მოგვარება.
- ჰო, ასეა...
კვლავ ეთანხმებოდა ყველა. მწირი კი განაგრძობდა:
- თანაც ისე, რომ არაფერი დაშავებულიყო და არც არავინ დაზარალებულიყო. ასე იყო, არა?
- რა თქმა უნდა! - ერთხმად უპასუხეს.
- და თქვენ ყველანი! - სათითაოდ მოავლო თვალი მწირმა. - ნუთუ ამდენად კარგად არ იცნობდით ფიფოს?
პასუხად გალეომ ამოიხვნეშა. ფიფოს როგორ არ იცნობდა და თვალდახუჭულიც კი ენდობოდა, მაგრამ ამ უცხო კაცს, ასე ერთი დანახვით, აბა როგორ უნდა ენდოს?
„თუმცა მიმიც და დიმეოც ისე შესციცინებენ, რომ ცხადია, დიდი ხანია და კარგადაც იცნობენ.“
ფიქრობდა გალეო.
„მიმი კი მაინც მიმტკიცებს რომ ვითომ, ახლახან გავიცანიო.
ჰმ, არამგონია ახლად გაცნობილს, ასე ადვილად ენდოს მიმი. ალბათ, ამით ჩემი დარწმუნება უფრო უნდა, რომ მეც ასევე უყოყმანოდ ვენდო.“
- დრო, რამდენი გვაქვს? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა დეტექტივმა.
- ჩათვალეთ, რომ არც გვაქვს. - მიუგო მწირმა.
- ესე იგი, რაც მალე, მით უკეთესი. - ჩაურთო ქირურგმა.
- და რამდენად მალე? - დეტექტივმა თვალი თვალში გაუყარა მწირს.
- მე მხოლოდ, თქვენი სრულიად ნდობა და გვერდში ამოდგომა მჭირდება. - მწირი კვლავ ახსნას შეეცადა.
- კი ბატონო, მაგრამ მე რა შემიძლია, ისე გავაკეთო, რომ არც მე გამიხდეს სანანებელი და არც მიმის დაუშავდეს რამე? - კვლავ ორჭოფობდა გალეო.
- მთავარია, როგორმე იმ კომპიუტერთან მიმიყვანო, საიდანაც შეიძლება ინფორმაციამდე წვდომა მქონდეს. - მიუგო მწირმა.
- კარგი. - თავი დაუქნია გალეომ. - დავუშვათ, მივედით და ჩავრთეთ კომპიუტერი და მერე? კონფიდენციალური ინფორმაციის ასე ადვილად...
- შენ არც კი გაგრევ. - კვლავ მიუგო მწირმა. - უბრალოდ, ჩართულს დატოვებ და სულ რამდენიმე წუთით გამოხვალ გარეთ.
- ჰოო? - წარბები აზიდა გალეომ.
- ჰო! - კვერი დაუკრა მწირმა. - თუნდაც, სიგარეტის მოსაწევად და თუ კაბინეტშივე ეწევი, მაშინ სიგარეტის უქონლობა იქნება მიზეზი და მის საყიდლად იქვე ჩაირბენ.
- ჰმ. - ჩაეღიმა გალეოს.
„უყურე შენ! როგორ მართლა ყველაფერი და ყოველი მომენტი აქვს ამ დაქოქილ კაცს გათვლილი და გაწერილი.“
გაივლო გულში დეტექტივმა.
„ალბათ, მართლაც ფიფოს ის აქამდე უხილავი აგენტია, როგორც მიმიმ უკვე არაერთხელ ამიხსნა აქ და მე კი მაინც ეჭვი მეპარება.
იქნებ, მიმის აშანტაჟებს და მასაც ისე უჭირავს თავი, ვითომ...
ჰმ, ნუ გეშინია, ფიფო! ყურადღებას არ მოვადუნებ, თავს კი დავუკრავ ყველაფერზე, მაგრამ ისე ოსტატურად გავაკონტროლებ, რომ ვერც ეს კაცი და ვერც სხვა ვერავინ, აზრზე ვერ მოვიდნენ.“
გალეოს სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა დათანხმებოდა ამ ვიღაც უცხო კაცის თხოვნას, მით უმეტეს, თუ ეს თხოვნა იყო თუ მოთხოვნა, მაინც მიმისგან მოდიოდა. ბავშვიც კი ამ კაცს გულში იხუტებდა და ოთახიდან, მხოლოდ მისი თხოვნის შემდეგ გავიდა.
მიმი, მხატვარი, ქირურგიც და ადვოკატიც ყველა ინტერესით შესცქეროდა დეტექტივს და მისგან ელოდა სიტყვას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.
დეტექტივი კი კარგა ხანს ჩაფიქრებული იჯდა და მის მსგავსად, არც არავინ არ ძრავდა კრინტს. მხოლოდ დროდადრო, ყავის ფინჯნისა თუ კოვზის ლამბაქზე შეხების ჩუმი წკრიალი გაიელვებდა.
გალეომ ბევრი იფიქრა, თუ ცოტა და ბოლოს, ხელიც ჩაიქნია, ჯანდაბას ჩემი თანამდებობა, თუ ფიფოსნაირ მეგობარს გვერდში არ ამოვუდექიო.
- კარგი, ბატონო! - როგორც იქნა მოსწყდა ფიქრს გალეო. - გავაკეთოთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. - დეტექტივმა მწირს მკაცრი მზერა მიაპყრო. - მაგრამ ჩემი მთავარი პირობაა, რომ საქმის კურსში უნდა ვიყო! დეტალურად!
- თავისთავად! - კვერი დაუკრა მწირმა. - უბრალოდ, ნაკლებად ჩაერევი. ნაკლებად გამოჩნდები, რაც შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი უნდა გახდე, ამიტომაც წეღან ასე ავხსენი, რომ როცა უკვე გვექნება წვდომა იმ ბაზისკენ, ზუსტად რაც გვაინტერესებს, სწორედ მაგ დროს უნდა დაგჭირდეს „უნებლიეთ“ კაბინეტის დატოვება და მეც ისე ვისარგებლო, რომ თუ რამეა, შენ მხოლოდ დაუდევრობა მოგეწეროს და არა ასეთ საქმეში გარევა.
- კარგი, გასაგებია, გასაგები. - ამოიხვნეშა გალეომ და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - ჰმ, საინტერესო იქნებოდა, ფიფო როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას?
- ფიფო? - წარბები აზიდა მიმიმ.
წამით დუმილიც ჩამოვარდა და ყველა რატომღაც მწირს მიაჩერდა. თითქოს, მართლაც მისგან ელოდნენ ზუსტ ახსნას.
- და ვერ ხედავთ, რა დღეშია? - მხრები აიჩეჩა მწირმა. - სწორედაც რომ იმ საქმეს ეწირება...
- ვაიმე იქნებ, არ გვინდა რაა, ეს ყველაფერი! - ამოიკვნესა მიმიმ. - როგორმე გადავიტანთ და...
- არა, მიმი! - მწირმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი. – სხვანაირად ახლა უკვე ვერ დაგიცავთ და აღარც სხვა გზა ჩანს.
- და მერე ამხელა რისკზე... - მიმიმ კვლავ ამოიხვნეშა.
- კი, არის რისკი, ნამდვილად არის. - ჩაფიქრებულით ხმით დაიწყო მწირმა და იქ მყოფთ გადახედა. - ახლა ყველას მოგმართავთ! სათითაოდ! თუ რომელიმე თქვენგანს უკან დახევა სურს, არ არის პრობლემა! და არ იფიქროთ რომ ეს რამე ბზარს გააჩენს თქვენს ურთიერთობაში. ამის მერეც, ისევე გაგრძელდება თქვენი ნდობა და მეგობრობა, როგორც აქამდე იყო! მაგრამ ვერავის ვაიძულებ იმაზე მეტად დაეხმაროს სხვას, ვიდრე მას შეუძლია, ფიზიკურად თუ სულიერად! ამიტომ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მანამდე კარგად დაფიქრდით!
მწირი ყველას სათითაოდ ავლებდა თვალს და ისე განაგრძობდა საუბარს, მაგრამ მაინც ყველა ხვდებოდა, რომ ახლა ეს სიტყვები, დეტექტივისთვის უფრო მეტად იყო განკუთვნილი, ვიდრე სხვა რომელიმე იქ მყოფი მეგობრისადმი.
- არა, არა! - მტკიცედ წარმოსთქვა გალეომ. - არავითარ შემთხვევაში უკან არ დავიხევ, მაგრამ...
- მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და რა თქმა უნდა! - ღიმილით მიუგო მწირმა.
- ეგ თავისთავადაც მასეა! - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - მაგრამ რამდენად გამართლებულია ახლა ეს ყველაფერი, ან რა შედეგს მოიტანს?
- ამ ეტაპზე, ახლა ერთადერთი ხსნა ის არის, რომ ქალები და ბავშვები, გავარიდოთ აქაურობას. - მიუგო მწირმა. - ამ შემთხვევაში, მიმი და დიმეო! და ეს სახლი უნდა დაიცალოს! დროებით, რამდენიმე თვით მაინც.
- დაიცალოს, როგორ? - გულუბრყვილო სახით იკითხა მხატვარმა.
- ავეჯს არ ვგულისხმობ. - ღიმილით მიმართა მწირმა.
- სულ გადავალ ამ სახლიდან, თუ ეს ჩვენს სიმშვიდეს უშველის! - წამოიძახა მიმიმ.
- მიმი სახლი, რა შუაშია. - მიუგო გალეომ. - აქ მთავარია, აქედან დროებით შორს რომ დაიჭიროთ თავი და ეს ყველაზე კარგად, მართლაც რომ ცოტა ხნით, სადმე სხვაგან, სხვა ქალაქში ან სოფელში გამოვა.
- ისე... უცხოეთში ხომ არ გადავბარგებულიყავი? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა მიმიმ.
- მთავარია, აქედან შორს! - დაასკვნა მხატვარმა.
- მაგრამ მიმი! - მიმართა ქირურგმა. - შენს მდგომარეობაში, ნამდვილად არ გირჩევ ახლა შორს მგზავრობას. თანაც, ახლა უფრო მეტი ყურადღება და თანადგომა გჭირდება. ასეთ დიდ მანძილზე კი ადვილად ვერ მოგწვდებით ყველანი.
- აქედან და ამ სიტუაციიდან შორს მიმი, განა მეგობრებისგან შორსო. - ჩაურთო მხატვარმა.
მხატვრის ამ სიტყვებმა ყველას ღიმილი მოჰგვარა.
- შენ ნუ დარდობ. - დაამშვიდა მწირმა. - შენ აუცილებლად მოგიწევს ამათთან ერთად გადაბარგება და ვისაც შეუძლია, კიდევ იმათაც.
- მე აბა, როგორ? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. - ვერც პაციენტებს მივატოვებ და ვერც ოჯახს. მოხუცებულ ბებიას და მოზარდ ბავშვს, მარტო ხომ ვერ დავტოვებ.
- შენზე არ მითქვამს. - მიუგო მწირმა. - ვისაც ქალაქში სამუშაო აქვს მათთვის რთული იქნება დროებითაც კი სადმე შორს გადახვეწა. ამიტომ მივყვებით მე და მხატვარი.
- და დაცვა? - იკითხა გალეომ. - მიმი რატომ არ გინდა დაცვაც გახლდეს?
- ექთანზეც უარს ამბობ და რატომ? - ჩაურთო ქირურგმა.
- ვცდილობ, ყველაფერი ისე მოვაწყო, რომ აქედან, ასე ვთქვათ, უცხო ხალხი, რაც შეიძლება ნაკლებად წავიყვანოთ. - მიმის მაგივრად მიუგო მწირმა და დეტექტივიც ადვოკატის მსგავსად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ამ კაცს, მართლაც რომ ყველაფერი, ყოველი ნიუანსი, კარგად გათვლილი ჰქონდა.
ჩუკი კი, საუბარში ფაქტიურად არც ერეოდა, მაგრამ თვალს არ აშორებდა მწირს, რომელშიც ცდილობდა ვიღაცის ნაცნობი სახე ამოეკითხა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა, თუ ვის აგონებდა.
- უცხოეთიც კი კარგია და მშვენიერია, მაგრამ ახლა არც მიმისთვის არის სასურველი მგზავრობა და ფიფოს ტრანსპორტირებაც როგორი რთული იქნება. - თავი დააქნია დეტექტივმა. - ამიტომ მეც ვემხრობი ქალაქიდან გასვლას. შევეცდები ხშირად გინახულოთ.
ყველამ კვერი დაუკრა და მიმიც რა თქმა უნდა, თანახმა იყო. აბა, რას არგებდა ახლა უაზრო სიჯიუტე? სადაც მშვიდად იქნებოდა მისი ოჯახი, უკანმოუხედავად გადაბარგდებოდა იქ.
მხატვარი და ქირურგი, დეტექტივთან შედარებით ნაკლებად ერეოდნენ საუბარში. განსაკუთრებით კი მხატვარი ცდილობდა ხმა არ ამოეღო და ისე დაეჭირა მხარი უმრავლესობისათვის. ამ ერთსულოვნებას კი ჩუკის დროდადრო უცნაური მზერა არღვევდა და ამას მხოლოდ მწირი ამჩნევდა. იმასაც კი მიუხვდა, რომ ერთი სული ჰქონდა სადმე ცალკე დაემარტოხელებინა და ისე გამოექექა მწირის ნამდვილი ვინაობა.
- ესე იგი, რას ვაკეთებთ? საბოლოოდ რომ ჩამოვყალიბდეთ. - ქირურგმა საათს დახედა, უკვე მართლაც გვიანი იყო. ჯერ სამსახურში საშინლად გადაღლილ ქირურგს და მერე პიპას გამოცხადებით გაოგნებულს, ერთი სული ჰქონდა, სანამ სახლში მისული, ბალიშში თავს ჩარგავდა და იმ დღის გაანალიზებაში შესძლებდა ჩაძინებას.
- ამ ეტაპზე, შენ პირადად, არაფერს. - მიმართა მწირმა ქირურგს. - ახლა პირველი ქმედება, მხოლოდ დეტექტივს ეკუთვნის.
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- რადგან ყველა ვარიანტში, ხილულად თუ უხილავად, მაინც დაიწყებენ ჩემს გადამოწმებას. - განაგრძო მწირმა. - ამიტომ არის ასეთი საჭიროც და აუცილებელიც, რომ ჩემი იდენტიფიცირება ოფიციალურად უნდა მოხდეს. რადგან მერე მე, როგორც უკვე ოფიციალური პირი, მიმის პირადი დაცვა უნდა ვიყო, მძღოლიც, მოურავიც, ხელზე მოსამსახურე და ლაქიაც!
- ხელზე მოსამსახურე და ლაქიაც? - ირონიულად ჩაეღიმა მიმის.
- ჰო! - თავი დაუქნია მწირმა. - თქვენი უსაფრთხოებისთვის უკადრებელიც უნდა ვიკადრო! ეს არის ახლა ჩემი მოვალეობა და ამას გარდა, თავის დროზე, ფიფოსთვის მიცემული პირობაც!
- გასაგებია. - დაბალი ხმით ჩაურთო დეტექტივმა.
- ამისათვის საჭიროა, ვინმე გარდაცვლილის. - განაგრძო მწირმა. - დაახლოებით ჩემი ასაკის, პირადობაზე წვდომა, ვისაც არავინ ჰყავდა, უპატრონი, უთვისტომო და ასე შემდეგ. ბაზაში შესვლისას შევარჩევ ჩემს მსგავს ტიპაჟს ან სულაც ფოტოსაც კი შევცვლი, თარიღების შეცვლაც არ იქნებოდა ურიგო, რომ მართლა ვინმე მისი ნათესავი არ გამომეცხადოს.
- თარიღს და ფოტოსაც კი შეცვლი, მაგრამ ბაზაში რომ გადაამოწმონ, მაინც ხომ ამოვარდება რომ ყალბი საბუთია? - იკითხა მხატვარმა.
- ჰოდა, სწორედ მაგას ვამბობ! - მიუბრუნდა მწირი მხატვარს. - ზუსტადაც რომ იმ ბაზაში ისე უნდა შევიყვანო სასურველი მონაცემები, რომ ნამდვილი საბუთი იყოს, თორემ ყალბი რომ მინდოდეს, მაშინ შენ დაგახატინებდი.
ყველას გაეცინა. გალეო კი ჩუკის მსგავსად თვალს არ აშორებდა მწირს.
„ამას უყურე ერთ, რამდენი შესძლებია.“
გაუელვა დეტექტივს.
„მართლა ნამდვილი აგენტია და ცხადია, ფიფოსაც ძალიან კარგად იცნობს.
და იქნებ, მისი მტერია და ასე უნდა შეძრომა მის ოჯახში?
მაინც არ ღირს ყურადღების მოდუნება, სანამ პირადად არ დავრწმუნდები თუ ვინ ოხერია.“
- ჰოო... - გალეომ დაცვარული შუბლი მოიწმინდა.
- ხომ გითხარი, არაფერში გაგრევ. - მიუბრუნდა მწირი ჩაფიქრებულ დეტექტივს.
- და რომ არ გამოვიდეს, ისე როგორც გვინდა? - იკითხა ჩუკიმ და ამ დროს თითქოს მოეჩვენა კიდეც, როგორ ჩაეღიმა მხატვარსაც და ქირურგსაც და ამ ღიმილში კი ჩუკიმ მხოლოდ ის ამოიკითხა, - „გამოუვა, აბა როგორ არ გამოუვაო.“ და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, არათუ დიმეო და მიმი, არამედ მხატვარი და ქირურგიც მშვენივრად იცნობდნენ ამ ტიპს.
- თუ არაფერი გამოვა. - ახლა ჩუკის მიუბრუნდა მწირი. - გალეო მაინც არაფერ შუაში იქნება და მე კი, როგორმე გამოვძვრები, ისე რომ არც მიმი და არც ფიფო არ დაზარალდება. მათი ხსენებაც კი არსად იქნება!
გვიანობამდე ისაუბრეს. მერე ქირურგი თავისი მანქანით სულ სხვა მხარეს წავიდა. ჩუკის და გალეოს კი თითქმის ერთი გზა ჰქონდათ და როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, დეტექტივს მიჰყავდა თავისი მანქანით ადვოკატი სახლში.
ნახევარზე მეტი გზა ისე გაიარეს არც ჩუკი და არც გალეო ხმას არ იღებდა, ბოლოს ისევ დეტექტივმა დაარღვია დუმილი:
- ჰა?! რას ფიქრობ, აბა?
- საკმაოდ რთული სიტუაციაა და ჯერ რა უნდა ვთქვა? - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ.
- სიტუაციაზე არ გეკითხები. - ჩაეღიმა დეტექტივს. - მშვენივრად კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
პასუხად ჩუკიმ, უხმოდ გააქნია თავი.
- რას ფიქრობ იმ ტიპზე? - ჩაეძია გალეო.
- საკმაოდ კარგად ნაწრთობი. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
- ეგ თავისთავად. - კვერი დაუკრა გალეომ. - მაგარი გაქექილი ვინმე ჩანს.
- და აშკარად ენდობა მიმიც და ბავშვიც.
- ცხადია, დიდი ხანია იცნობენ, თუმცა მიმი ცდილობს რომ არ გაამჟღავნოს.
- სავარაუდოდ ეს იმიტომ რომ...
- რატომ? - არ აცალა სიტყვის დამთავრება დეტექტივმა.
- თუ მართლაც ასე დიდი ხანია იცნობს. - ჩუკი წამით შეყოვნდა. - ალბათ მისი წარსულიც კარგად იცის. რა შეუძლია და რა არა, ამიტომაც ასე თვალდახუჭული ენდობა.
- იცი, ისიც კი გამკრა გულში, ხომ არ აშანტაჟებს ან აიძულებს მიმის?
- თავიდან ეგ მეც ვიფიქრე. - თავი დაუქნია ადვოკატმა. - მაგრამ მსგავსი ვერაფერი შევამჩნიე მიმის. თუმცა...
- რა თუმცა? - კვლავ ჩაეძია დეტექტივი.
- არა, ისე შეიძლება სულაც მომეჩვენა. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ჩუკიმ.
- რა?! რა მოგეჩვენა?! - ვეღარ მოითმინა გალეომ.
- მხატვარიც და ქირურგიც მშვენივრად უნდა იცნობდნენ.
- რაა?! - გალეომ გაოგნებისგან ისე ძლიერად დაამუხრუჭა მანქანა, რომ ჩუკიმ მსუბუქად თავიც კი დაიზიანა.
- ასე მომეჩვენა. - მტკივან შუბლი მოისრისა ჩუკიმ. - თუ მიმისნაირად არა, არც მასზე ნაკლებად უნდა იცნობდნენ.
- ვითომ?..
- რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - ასეთი შეგრძნება დამეუფლა და არც მხატვარსა და არც ქირურგს, ისევე როგორც, მიმის და დიმეოს, არანაირი შიში არ ეტყობოდათ ამ კაცის მიმართ. პირიქით, ღმერთივით შეჰყურებდნენ და...
- და რა?! - კვლავ ვერ მოითმინა გალეომ.
- სრულიად ენდობიან! - ჩუკი წამით შეყოვნდა. - ალბათ...
წუთიერი დუმილი გალეომ დაარღვია და ჩუკის საკმაოდ მრავალმნიშვნელოვნად ჩააკვირდა.
- და შენ კიდევ, რაღაც გაქვს სათქმელი, არა?
ჩუკიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ჰა! თქვი ბარემ! - შეუძახა გალეომ. - ამოღერღე!
- კიდევ ის მომეჩვენა, რომ... - ჩუკიმ საჩვენებელი თითი წამოსწია. - მხოლოდ მომეჩვენა...
- ან სულაც, შეგრძნება დაგეუფლა. - ღიმილით ჩაურთო გალეომ.
- ჰო! ან სულაც, შეგრძნება დამეუფლა. - ღიმილითვე გაიმეორა ჩუკიმ. - თითქოს, სადღაც მყავს ეს კაცი ნანახი.
- მართლა? - წარბები აზიდა გალეომ.
- იქნებ, შენც გეცნობა? აბა გაიხსენე.
- მეე?.. არა... - თავი გააქნია გალეომ.
- რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ.
- იქნებ თვალი მოჰკარი ფიფოსთან ადრე?
- რა ვიცი...
- ან სახლში, ან სახლთან ახლოს შეიძლება დაბორიალობდა.
- რა ვიცი... - კვლავ გაიმეორა ჩუკიმ.
- იძახე ახლა, რა ვიცი, რა ვიციო და ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ შენ ყოვე4ლთვის ჩემზე მეტი იცი.
- ნუ ბუზღუნებ, რაა. - გაეცინა ჩუკის. - სადღაც მაქვს მისი სახე ნანახი და ვერ ვიხსენებ, ან სულაც ვინმეში მეშლება.
- ისე, თუ ვინმეში გეშლება, ეგ კიდევ უფრო დასაჯერებელია. - მიუგო გალეომ. - რადგან ადრე შეიძლება, სულ სხვა პიროვნებად ასაღებდა თავს.
- და ეს ძალიან კარგად იციან მიმიმაც, მხატვარმაც და ქირურგმაც! - ჩაურთო ჩუკიმ.
- ნეტა, მართლა?.. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო დეტექტივმა.
- რატომღაც, ასე ვფიქრობ.
- და იქნებ, მათი ახლო ნათესავია და ამიტომაც ასე კარგად იცნობენ, ბავშვობიდან. - დაასკვნა გალეომ. - და შენ ფოტოსურათებში გეყოლება ნანანი.
- რომელ ფოტოსურათებში? - გაიკვირვა ჩუკიმ.
- ფიფოს საოჯახო ალბომში ან რა ვიცი, სადმე.
- ჰო, ალბათ. - ჩუკი ჩაფიქრდა. ნამდვილად დარწმუნებულიყო, ფიფოს და მიმის საოჯახო ალბომი არასდროს ენახა, თუმცა არც არასდროს დაინტერესებულა. მერე ისიც კი გაიფიქრა, რომ ალბათ მართლაც მათი სახლის ახლოს ჰყავდა შემჩნეული და ამიტომაც ეცნობოდა ასე იმ ვიღაც უცხო კაცის სახე.
ადვოკატი მანქანიდან გადმოსვლისას შეყოვნდა და ღიმილით მიმართა გალეოს:
- კოვზის იდეა მეც მომეწონა!
დეტექტივს
ხმამაღლა გაეცინა.
საქმე
იმაში იყო, რომ გალეომ გადაწყვიტა, ყველასგან ფარულად, საკუთარი ძალებით, მაინც გაერკვია,
თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს უცხო კაცი. ამიტომ საუბრისას, ყავის სმის დროს, უჩუმრად შეუცვალა
კოვზი პიპას. ამისათვის ყავის წრუპვის დროს რამდენჯერმე მოუწია ფინჯნის ლამბაქიანად აღება და კოვზითაც რამდენჯერმე მორევა. მერე ჯერ ცხვირსახოცით
ვითომდა დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ბოლოს უკვე იმავე ცხვირსახოცშივე გახვეული პიპას
ხელმონაკიდები კოვზი უჩუმრად ჩაიდო ჯიბეში. თავისი კოვზი კი მის ლამბაქზე დაუტოვა.
დეტექტივი,
აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ვერავინ შეამჩნია, მაგრამ მაინც ფრთხილობდა და ყურადღებას
არ ადუნებდა, განსაკუთრებით ამ უცხო სტუმრის მიმართ. სანამ მიმისგან არ წამოვიდა, მანამდე
სულ დაძაბული იყო და შვებით ამოისუნთქა, როცა უკვე მანქანაში ჩაჯდა. გალეომ მშვენივრად კარგად
იცოდა ადვოკატის მახვილი თვალი და გზაში გამოკითხვებიც დაუწყო, მთელი გზა ჩუკის კოვზი
არც უხსენებია. ახლა უფრო მეტად დარწმუნდა დეტექტივი, რომ თუ ჩუკიმაც კი ვერ შეამჩნია,
მაშინ ვერც სხვა ვერავინ შეამჩნევდაო და ახლა უფრო მეტად მოეშვა გულზე, თუმცა დამშვიდობებისას,
ჩუკიმაც სწორედაც, რომ კოვზის აწაპნის ამბავი
მიახალა, რასაც გალეოს გულიანი სიცილიც კი მოჰყვა. ამ ჩვენს ადვოკატს ხომ ვერაფერს
გამოაპარებო, ესეც კი გაიფიქრა ღიმილით.
სახლში
მისულმა კი პიჯაკი იქვე საწოლთან ჩამოკიდა მერე ჯიბეზე გარედან ხელი ჩამოუსვა. ყველაზე
სანუკვარი განძი ახლა იქ ედო. ცხვირსახოცში გამოკრული პიპას ხელის ანაბეჭდებიანი კოვზი,
თუმცა რატომღაც ჯიბე თითქოს ეცარიელა კიდევაც, სასწრაფოდ მოსინჯა, მაგრამ არც ის ცხვირსახოცი
დახვდა იქ და აღარც კოვზი.
LEX. 2023 წლის 20 ოქტემბერი, პარასკევი.

No comments:
Post a Comment