Friday, August 12, 2022

ნატის ჩექმები (ნაწილი 21)

21.
- შენარჩუნებაზე დავაწვინეთ, ტყუპებია! - შემოსვლისთანავე მიახალა მაკას, „ყურმოჭრილმა“ ექთანმა. - გოგოებია და იცის!
- უჰ! იცოდეს მერე. - მაკა სავარძელში ჩაესვენა. - ყავა, თუ შეიძლება და ცოტა ხნით, არავინ შემაწუხოს.
- ახლავე, მაკა ექიმო. - ექთანი მაშინვე გავიდა.
- მაკა ექიმო! მოხვედით? - ახლა ელზა ექიმმა შემოჰყო თავი.
- არა! ჯერ კიდევ სახლში ვარ. - ცინიკურად მიუგო მაკამ.
- ჰა, ჰა! რა ენა გაქვთ, მაკა ექიმო. - მიელაქუცა ელზა.
- ენაც კარგად მიჭრის და ჭკუაც!
- აბა, რაა! - კვერი დაუკრა ელზამ. - თქვენ რომ არ გვყავდეთ, რა გვეშველებოდა ჩვენ ყველას...
- ჰო, კარგი. - შეაწყვეტინა მაკამ. - აბა, ამოშაქრე რა ხდება კარგი და სასიამოვნო.
- ტყუპებზე შენარჩუნებაზე დავაწვინეთ, ახალი პაციენტი.
- ეგ ვიცი.
- მოკლედ, რაა! - გაიკრიჭა ელზა. - ამ ქალაქში, რა ყველაფერი დასწრებაზეა.
- მერე? თუ კი ამდენს ხვდები, იტრიალე მის შორიახლო. - მიუგო მაკამ. - განა მარტო ამბის მომტანი სჭირდება, საქმეს.
- ერთიც კიდევ შევათვალიერე.
- ჰოო? - დაინტერესდა მაკა.
- ისიც იქ არის შენარჩუნებაზე.
- მერე? საინტერესოა? - ჩაეკითხა მაკა.
- მგონი, კი. - ჩაფიქრდა ელზა.
- მგონი და მე ასე ვფიქრობ, ეს ჩვენ, არ გვაწყობს! - მაკამ წამით იყუჩა. - ან, ჰო! ან, არა! მხოლოდ ეს პასუხები გვინდა.
- ახლავე გავარკვევ, მაკა ექიმო. - თავი დაუქნია ელზამ.
- ერთი, იმ ჩვენს ექთანსაც გასძახე, რაა. - მიაძახა მაკამ. - ყავის მოსადუღებლად წავიდა თუ ყავის მარცვლების საკრეფად?
ელზამ კისკისით დატოვა მაკას კაბინეტი.
ექთანმა, როგორც იქნა, აღირსა ყავა. მაკამ დიდი ყლუპით მოსვა და შვებით ამოისუნთქა. ექთანი ადგილიდან არ იძვროდა, მაკამ ეჭვიანი მზერა შეავლო.
- რა ხდება? - დაბალი ხმით იკითხა მაკამ.
- წყლები უკვე დაღვარა და...
- ჰმ, რომელმა ერთმა?
- შვიდი თვის და ორი კვირის, ტყუპი გოგოები...
- და ესე იგი, შენარჩუნება აღარ გამოვა. - ჩაილაპარაკა მაკამ. - ძალიანაც კარგი! - დასძინა უფრო ხმამაღლა. - აიყვანეთ სამშობიარო ბლოკში და ამოვალ ახლავე!
მაკამ ყავის სავსე ფინჯანი გვერდით გადადგა და მაშინვე წამოდგა.
- ეჰ, ისეთი სამუშაო გვაქვს, ყავის სმასაც არ დააცდიან ადამიანს. - მაკას გასამხნევებლად ჩაილაპარაკა ექთანმა.
- და რა დროს ყავაა?! - მხიარულად შესძახა მაკამ.
მართლაც რა დროს ყავა იყო, როცა შესაძლო ფულის გაკეთების, უკვე ორი ახალი ვარიანტი ჩნდებოდა. ახლა მთავარი იყო, ჯანმრთელი ჩვილები დაბადებულიყო და სხვა დანარჩენს, მაკას ჯალათთა ამალა, ისედაც მშვენივრად მოაგვარებდა.
ამჯერადაც გაუმართლა მაკას. ტყუპი გოგონები, მართლაც უდღეურები და ისეთი სუსტები დაიბადნენ, რომ მათი შემხედვარე დედა, ძალიან ადვილად დაარწმუნეს, ბავშვები დიდხანს ვერ იცოცხლებდნენო და დაბადებისთანავე შეაგუეს, უახლოეს პერიოდში, ორივე შვილის დაკარგვას.
- აი ნახეთ, როგორი გაწრიპულები არიან. - დიდი, კედლის შუშის მიღმა, ნაღვლიანი სახით შეახედა ელზა ექიმმა მშობლებს, კუვეზში ჩასმული ტყუპები.
- ის ცხვირთან, რა უკეთიათ? - იკითხა მამამ. - ბავშვები დამოუკიდებლად, ვერ სუნთქავენ?
- დიახ. - თავი დაუქნია ელზა ექიმმა. - სამწუხაროდ მასეა, თუმცა ეს ზონდია. ამით იკვებებიან, სხვანაირად კი, ვერ შეჭამენ, რადგან არც წოვის რეფლექსი აქვთ და რომც მოწოვონ, მაშინვე გაიგუდებიან, ჟანგბადი არ ეყოფათ და დაიღუპებიან, ამიტომაც ახლა მათი კუვეზიდან გამოყვანაც კი სახიფათოა.
- ღმერთო ჩემო! - ამოიქვითინა დედამ.
- და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ბავშვები გადარჩნენ? - იკითხა მამამ.
- დღეს ახლა, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი უკეთდება, მაგრამ ხვალისთვის უკვე, წამლების დამატება გახდება საჭირო და ჩამოგიწერთ დანიშნულებას.
- კი, კი! ყველაფერს ვიყიდით! მოვიტანთ, რაც საჭიროა! - ერთხმად უპასუხეს გულდათუთქულმა მშობლებმა.
- ჰოდა, დანარჩენსაც ჩვენ მივხედავთ ეს დღეები. - მიუგო ელზამ. - მერე კი, ინკუბატორში გადავიყვანთ. თუმცა მაინც ჯერ, საიმედოს მეტს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი, მაინც უფლის ხელშია და ვნახოთ რა იქნება. - მოჩვენებითი გულდაწყვეტილი ხმით დასძინა ელზა ექიმმა.
ყველა არგუმენტი, სახეზე იყო. ბავშვები, მართლაც სუსტები იყვნენ და მართლაც ზონდით უხდებოდათ მათი გამოკვება. თუმცა, არც იმდენად სავალალო მდგომარეობა იყო, როგორც მშობლებს აღუწერეს. ჩვილებს გადარჩენის, საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდათ. მათი პრობლემა, მხოლოდ ნაადრევად დაბადება და მცირე წონა იყო.
სამი დღის მერე, ჩვილები ინკუბატორში, სულ სხვა მისამართზე გადაიყვანეს და დედაც სამშობიაროდან მაშინვე გაწერეს. მთელი თვე ატარეს მშობლები, ინკუბატორში გამწესებული ჩვილების მოსაკითხად. ამასობაში კი, ხან რა წამალს სთხოვდნენ და ხან რას. წამლების პარალელურად, არაერთხელ მოატანინეს თერმოსი, სათბური, რადგან ხან ექთანს გაუვარდა და გატყდაო, ხან კი შეგვეშალა და სულ სხვა მშობელს გავატანეთო, მერე ნათურები გადაიწვა და ბავშვები სიბნელეში არიანო, გათბობაა გაფუჭებული და პალატებს ელექტრო გამათბობელი სჭირდებაო და ასე დაუსრულებლად, ათასი რამ წვრილმანსა თუ მსხვილმანს ავალებდნენ. დამწუხრებული მშობლები კი, იმ იმედით რომ, შვილების გამოჯანმრთელების შანსი ეძლეოდათ, ყველა თხოვნას უყოყმანოდ ასრულებდნენ და უკლებლივ ყველაფერი მოჰქონდათ, რასაც დაავალებდნენ.
ზუსტად იგივე ბედი ერგო, კიდევ ერთ დედას, რომელიც იმ ტყუპების დედასთან ერთად იწვა შენარჩუნებაზე. მის ოჯახსაც იგივენაირად ავალებდნენ ათას რამეს და მათაც იგივენაირად, უხმოდ მოჰქონდათ ყველაფერი. არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა შვილების ამბის გასაგებად დადიოდნენ და ერთმანეთს მხოლოდ, მდარე ღიმილს აგებებდნენ.
ასე იარეს, თვეზე მეტი და ერთ დღესაც, ტყუპების დედამ შეამჩნია, თუ როგორ უსალმოდ ჩაუარა მასავით მოწყენილმა დედამ, რომელიც ამჯერად მარტო, მეუღლის გარეშე ჩანდა მოსული.
„ნეტა, რა უთხრეს ასეთი?“
გაიფიქრა ტყუპების დედამ, თუმცა მაშინვე გადაავიწყდა, რადგან საკუთარი ჩვილები ჰყავდა სადარდებელი.
- თქვენი ბავშვები, სტაბილურად არიან. - მიუგო, შიგნიდან ჩაკეტილი კარის, სარკმელში ცხვირ გამოყოფილმა ექთანმა, როცა მშობლებს, შვილებისთვის მიტანილი, „სასწრაფო და აუცილებელი“ ძღვენი ჩამოართვა.
არაფერი იყო შეცვლილი. იგივე სიტყვებით გამოისტუმრეს, ისე როგორც, სხვა დღეებში და თან, ახალი წამლების სიაც გამოატანეს და არც ეს იყო ახალი ამბავი. თითქმის ყველა წამალი, საკმაოდ ძვირიანი და ძნელად საშოვნელი იყო, მაგრამ აბა, რა გული გაუძლებდა მშობელს, რომ არ ერბინა და მაინც არ ეშოვნა.  
უკან წამოსვლისას, გაჩერებასთან შორიახლო, ტროტუარზე ძირს ჩამომჯდარი, სწორედ ის მშობელი შენიშნეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, რატომღაც უსალმოდ ჩაუარა. ახალგაზრდა ქალი, უაზრო თვალებით გაჰყურებდა სივრცეს და თითქოს, ამ ქვეყნად არც იყოო.
- მივიყვანოთ ეს გოგო სახლამდე! - გადაულაპარაკა მეუღლეს, ტყუპების დედამ.
- მივიყვანოთ. - მიუგო ქმარმა და მანქანა მაშინვე გააჩერა.
ტყუპების დედას, რამდენჯერმე მოუხდა შეთავაზება და ძირს ჩამომჯდარი ქალიც, ძლივს მოეგო გონს. მერე მოუბოდიშა და მანქანაში მოკრძალებით ჩაჯდა. მისამართიც ძალიან დაბალ ხმაზე წაილუღლუღა. ყველაფერი სახეზე ეწერა, თუმცა არაფერს ამბობდა. არც ტიროდა და არც ნაღვლიანი სახე ჰქონდა. თითქოს, ყველა შეგრძნება ერთიანად ჰქონდა გაყინული და გათიშული.
- ჩვენ ერთდროულად ვიმშობიარეთ. - როგორც იქნა, დაარღვია დუმილი ტყუპების დედამ.
- შენარჩუნებაზეც ერთად ვიწექით. - მდარედ მიუგო ქალმა. - და ვერც მერე შევინარჩუნე...
- ვიზიარებ. - დაბალი ხმით მიუსამძიმრა ტყუპების დედამ.
ქალმა არაფერი უპასუხა.
ისევ დუმილი.
- საოცარი იყო. - უცებ წარმოსთქვა ქალმა. - ყოველ დღე მოვდიოდი, გამოწველილი რძე მომქონდა და ამ დილით, ერთი წვეთიც კი არ გადმომივიდა. არადა, არაფერზე მინერვიულია წუხელ. პირიქით! ისე გავერთეთ, სასაცილო ფილმსაც ვუყურეთ და იმდენი ვიცინეთ... და თურმე, რა მაცინებდა... როცა ჩემი ბიჭი... და მაინცდამაინც, დღეს მოვედი მარტო...
- ბიჭი იყო? - გულუბრყვილოდ იკითხა ტყუპების დედამ.
- რა მნიშვნელობა აქვს? - ჩაურთო ქმარმა.
შვილის გარდაცვალებით, გულდამძიმებულმა ქალმა, მძიმედ ამოიხვნეშა.
ამ ამბიდან, ორი კვირაც არ იყო გასული, როცა ტყუპების მშობლები, ისევე როგორც წინა დღეებში, კვლავ მიადგნენ ჩვილ ბავშვთა ინკუბატორის კარს. ექთანმა ჩვეულებისამებრ სარკმელი გააღო და მათ დანახვაზე მაშინვე მიახალა, ახლავე ექიმს დავუძახებო და სირბილით აირბინა კიბე.
ათი წუთის ლოდინი, საუკუნოდ მოეჩვენათ მშობლებს და როგორც იქნა, ექიმმაც იკადრა ჩამოსვლა.
- როგორ არიან ჩვენი ტყუპები? - ერთხმად მიაძახეს მშობლებმა.
- იცით. - ცივი ხმით დაიწყო ექიმმა. - ძალიან სამწუხარო ამბავია...
- როდის?.. როდის?.. - აქვითინდა დედა.
- ორივე?.. - ხმა აუკანკალდა მამას.
- ნუ, სამწუხაროდ, ვერ გადაიტანეს. ხომ იცით, როგორი მცირე წონისა იყვნენ. ვერ გაუძლეს მკურნალობას. მთელი ორი თვე, მთელს მედ.პერსონალს თვალიც კი არ მოგვიხუჭავს, ისე დავკანკალებდით თავს. აქეთ, თქვენც არაფერს აკლებდით, მაგრამ მაინც ვერ გადარჩნენ.
- კი, მაგრამ გუშინწინ ხომ გვითხარით, რომ უკეთესობისკენ მივდივართო, გუშინაც არ იყვნენ ცუდად და დღეს, რა დაემართათ ასე უცებ და თანაც, ორივეს? - ტიროდა დედა. - ერთდროულად...
- მე გითხარით, რომ კარგად არიანო? - გაიკვირვა ექიმმა. - ალბათ, რომელიმე მორიგე ექთანი იქნებოდა და რაღაც აერია, ნამდვილად...
- ბავშვების წაყვანა გვინდა! - გააწყვეტინა მამამ.
- კი ბატონო, რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა ექიმმა. - მხოლოდ ჯერ, რეანიმაციის მთავარმა ექიმმა უნდა ნახოს, რადგან მისი თანხმობაა საჭირო და მერე...
- მერე? - კვლავ გააწყვეტინა მამამ. - ნახოს დროზე და წავიყვანთ!
- მმმ... ახლა? - დაბნეული ხმით მიუგო ექიმმა.
- ახლა, აბა როდის?! - კაცი უკვე მოთმინებიდან გამოდიოდა.
- ჯერ ბავშვების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დადგინდეს და მერე...
- მერე დაადგინეთ! - შეუღრინა კაცმა. - რას ელოდებით?
- ხომ გითხარით, მთავარმა ექიმმა უნდა ნახოს ჯერ, რომ მერე ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
- და რამდენი ხანი დასჭირდება? - კაცი უკვე ცოფებს ყრიდა.
- დღეს პარასკევია, ორშაბათამდე ექსპერტი არ იქნება და მერე, დასკვნასაც უნდა დაელოდოთ.
- და როდისღა დავკრძალოთ ბავშვები?! - კვლავ შეუღრინა კაცმა.
- ნუუ... - ექიმი ჩაფიქრდა. - სავარაუდოდ სამშაბათს, წესით უკვე უნდა მოვიდეს პასუხი.
- წავედით! - კაცმა ატირებულ ცოლს ხელი ჩაკიდა და ისე დატოვა იქაურობა, რომ ექიმს, არც გამოემშვიდობა.
ორშაბათიც მალე დადგა, დამწუხრებული მშობელი კვლავ მიადგა, ჩვილ ბავშვთა საავადმყოფოს კარს. ამჯერად, მხოლოდ მამა იყო, დედა რამდენიმე დღე დარდისგან ლოგინიდან ვერ დგებოდა.
ჯერ დიდ ხანს აყურყუტეს, მერე რეანიმაციის მთავარმა ექიმმა, როგორც იქნა, აღირსა და კაბინეტში მიიწვია.
- მარტო თქვენ მოხვედით? - ჩაეკითხა ექიმი. - ვიფიქრე, რომ ორივე მშობელი მელოდით და თან ვწუხდი, ამდენს ხანს რომ გალოდინეთ.
თუმცა საერთოდაც არ წუხდა და მის შეკითხვებს, სულ სხვა მიზანი ჰქონდა.
- დიახ, მარტო მოვედი. - მიუგო გარდაცვლილი ტყუპი გოგონების მამამ. - ჩემი მეუღლე, ძალიან ცუდად არის! საშინლად განიცდის და რა შუაში, ვინ და რამდენი მოვედით?! - უცებ აფეთქდა კაცი.
- დამშვიდდით და დაბრძანდით. - ნაღვლიანი სახით მიუგო მთავარმა ექიმმა. - კარგია, რომ მარტო თქვენ მოხვედით, რადგან მაინც ცალკე მინდოდა თქვენთან გასაუბრება.
- გისმენთ. - კაცი ცოტა არ იყოს, გაკვირვებული სახით ჩამოჯდა მითითებულ სკამზე.
- როგორ აგიხსნათ, არ ვიცი. - ისე დაიწყო ექიმმა, თითქოს სათქმელს ვერ უყრიდა თავს. - მაგრამ თქვენც ხომ ხედავთ არა, თქვენი მეუღლე რა დღეშიც ჩავარდა და ახლა წარმოიდგინეთ, რომ კვირაში ლამის, შვიდი დღე ესე იგი, მთელი კვირა ივლის შვილების საფლავზე და ამას იმიტომ გიყვებით, რომ არ ხართ თქვენ პირველი, ვინც შვილი დაკარგა.
- ვერ გავიგე, რას მეუბნებით.
- მხოლოდ იმას, რომ შეიბრალეთ თქვენი მეუღლე. - კვლავ მშვიდი ხმით განაგრძო ექიმმა. - მე გავეცანი თქვენი მეუღლის მშობიარობის ისტორიას სადაც გარკვევით არის აღნიშნული, თუ როგორ რთულად გადაუტანია, ტყუპების გაჩენა. თან, მანამდე ორსულობის შენარჩუნებაზეც კი იწვა და მაინც არაფერი გამოვიდა. თქვენ კი ლამის ორი თვე, აქ იარეთ და მაინც ასე მოხდა.
- მერე? - ვეღარ ითმენდა კაცი.
- თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ თვითონ მშობიარობის პროცესი, საკმაოდ დიდი სტრესია ქალისთვის. - ისევ აგრძელებდა ექიმი, კაცისთვის ჯერ კიდევ გაუგებარ საუბარს. - თქვენ კი ტყუპები შეგეძინათ, ესე იგი, ორჯერ ზედიზედ იმშობიარა და ორჯერვე ზედიზედ მიიღო სტრესი!
კაცმა უხმოდ დაუქნია თავი და მაინც ვერ ხვდებოდა, რა უნდა ამ ექიმს.
- ამას კიდევ. - განაგრძობდა ექიმი. - ჩვილების, ასეთი მძიმე მდგომარეობა დაემატა და სტრესიც უფრო, გაუმძაფრდა. თუმცა შესაძლებელია, არც კი იმჩნევდა, რომ ამხელა სტრესში თუ იყო, არც კი გაგრძნობინებდათ და მთელი ეს ორი თვე, ასეთი ყოველდღიური განცდა, ნერვიულობა და მერე, ასეთი დასასრული და სწორედ ამ წუთას თქვენც ხომ აღნიშნეთ, რომ ძალიან ცუდად არისო და გინდათ, რომ ქალი, საერთოდ ვერ წამოდგეს ფეხზე?
- ნამდვილად არ მინდა, მაგრამ თქვენი საუბრის არსს, ვერ ვიგებ.
- აი ეს ყველა ერთმანეთს მიყოლებული, სტრესი და ნერვიულობა, მთელი ორი თვის მანძილზე და მანამდე კიდევ, შვიდი თვე ორსულობა, ხუმრობა სულაც არ არის.
- სწორედაც რომ სახუმაროდ მაქვს ახლა საქმე? - უხეშად მიუგო კაცმა.
- და მეც მაგას გეუბნებით! - განაგრძო ექიმმა. - ყველაფერი ამდენის ერთად გადატანის შემდეგ, კიდევ შვილების საფლავზე, დაუსრულებლად სიარული, სულ გაანადგურებს ქალს და არ გინდათ, კიდევ შვილები? თუ საერთოდ ჩაიქნიეთ უკვე ხელი?
- და აბა, რას მთავაზობთ? - კვლავ შეუღრინა მამამ. - შვილები, არ დავკრძალოთ?
- ჩვენს საავადმყოფოს, აქვს სპეციალურად ჩვილებისთვის განკუთვნილი, სხვათა შორის, მამაოს ნაკურთხი სასაფლაო და იქ დავკრძალეთ უკვე.
- როგორ უკვე? - კაცი სკამიდან წამოიჭრა. - მშობლების ნებართვის გარეშე, როგორ გაბედეთ მათი დაკრძალვა?!
- შეგიძლიათ გადაასვენოთ! - პრობლემა ნამდვილად არ არის. - მხრები აიჩეჩა ექიმმა.
კაცმა კუშტად შეხედა. მზად იყო, შუაზე გაეგლიჯა ეს ექიმი. ძლივს იკავებდა თავს.
- უბრალოდ, მთელი კვირა, მორგის ოთახში, აღარ გავაჩერეთ, - კვლავ მშვიდი ხმით განაგრძო ექიმმა. -  რადგან ისედაც, როგორი შესახედავები იყვნენ, უსუსურები და განუვითარებელი კიდურებითა და სახის ნაკვთებით. - ექიმი შეყოვნდა. - თქვენც ხომ ნახეთ, არა? მათი ყურის ნიჟარებს, ერთი ნაკეციც კი არ ჰქონდა ისე იყო, თითქოს სპეციალურად გაბრტყელებული და ახლა კიდევ ჯერ მათი გაკვეთილი და მერე ისევ გაკერილი გვამები, როგორია სანახავად? გინდათ მართლაც, საბოლოოდ შეიწიროთ თქვენი მეუღლე? კიდევ გავიმეორებ, რომ თქვენ არ ხართ პირველნი, ვისაც მსგავსი რამ შეგემთხვათ და ზუსტად ვიცი, რაც მოჰყოლია შემდგომ ასეთ ამბებს!
- და რა გამოვიდა, ახლა? - კაცს ხმა გაებზარა. - ჩემი შვილები, ისე დაიკრძალა, რომ მშობლებმა, უკანასკნელ გზაზე ვერც გავაცილეთ?
- ხომ გითხარით? - კვლავაც მშვიდად პასუხობდა ექიმი. - თუ გექნებათ ამის სურვილი, შეგიძლიათ გახსნათ მათი საფლავები და გადაასვენოთ.
კაცმა მძიმედ ამოიხვნეშა.
- თუმცა ამას, მაინც გარკვეული დრო და პროცედურები დასჭირდება. - ისევ განაგრძობდა ექიმი. - და  ყველაფერთან ერთად, თქვენი მეუღლის ჯანმრთელობაც, საბოლოოდ შეირყევა.
- და ახლა, რა ვქნა?
- მხოლოდ რამდენიმე საბუთზე მომიწერეთ ხელი და თავისუფალი ხართ.
- რა საბუთებია? - ამოხვნეშა კაცმა.
- ჩვეულებრივი ფორმალობაა, ბიუროკრატიული ფორმალობა. - ექიმმა მაგიდის უჯრიდან საბუთები ამოიღო, სადაც ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო აღნიშნული, მაგრამ ერთი ცარიელი ბლანკიც იყო, სულ „სრულიად შემთხვევით“ შერეული.
კაცმა საბუთებს, მხოლოდ თვალი შეავლო და მთელი სისწრაფით მოაწერა ყველგან ხელი, სადაც კი მიუთითეს.
- კიდევ რამე არის საჭირო? - იკითხა გულდამძიმებულმა კაცმა.
- მხოლოდ დაკრძალვის და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები უნდა დაფაროთ და თავისუფალი ხართ.
კაცმა უხმოდ ამოიღო ჯიბიდან მსხვილი კუპიურები და მხოლოდ ის იკითხა საკმარისიაო.
- საკმარისზე მეტია. - მიუგო ექიმმა. - ამდენი არ არის საჭირო.
- არც მე მჭირდება. - ცივად მიუგო კაცმა, ფული მაგიდაზე უხეშად მიუყარა და იქაურობა დატოვა.
ექიმი წამით გარინდული იჯდა. მერე ღიმილით მოხვია ფულს ხელი და ჯიბეში ჩაუძახა. კმაყოფილი სახით, ტელეფონის ყურმილს დასწვდა და ნომერი აკრიფა.
მალევე გააგონეს.
- ელზა ექიმი, თუ ისევ მანდ არის, დაუძახე, რაა.
ელზაც სირბილით მიეჭრა ტელეფონს, რადგან უკვე ერთი სული ჰქონდა, თუ ეს ამბებიც როგორ კარგად ჩაივლიდა.
- ელზა, ჩემო კარგო! - მიმართა რეანიმაციის ექიმმა. - ყავაზე და გემრიელ ნამცხვრებზე გეპატიჟები.
- სიამოვნებით! - გაიბადრა ელზა. - ახლავე, თუ?
- ნუ, ჯერ ერთი პატარა საქმე მაქვს, უფრო სწორად ორი და მერე, თავისუფალი ვარ!
- მოხმარება, ხომ არ გინდა? - ელზა თითქოს მიუხვდა კიდევაც, რომ რაღაცაში იყო საქმე, რადგან ხაზგასმით იყო ნათქვამი, თან ორიო. - ესე იგი, ორი ცალი?
- ჰა, ჰა! - ხმამაღალ გაეცინა რეანიმაციის ექიმს, თუმცა ძლივს დაფარა ბრაზი. - ხო, გოგო! ორი ცალი საქმე მაქვს! რაღაც უნდა გავატანო, ჩემს ბიძაშვილს, სოფლიდან გამოუგზავნეს და მაკასაც მინდა, რომ გავუნაწილო და მერე, თავისუფალი ვარ! დავლიოთ ყავა!
- აა! - ახლა უფრო ჩაწვდა ელზა და სანამ კიდევ რამეს ჰკითხავდა, უკვე ტელეფონიც გაუთიშეს.
- რა კრეტინია, ეს გოგო! - წამოიძახა ბრაზისგან რეანიმაციის ექიმმა, რადგან ელზას ლამის, დეტალებში დასჭირდა ახსნა, რომ ორი ბავშვი იყო უკვე გამზადებული და ახლა მაკას უნდა გამოეგზავნა ვინმე, მათ წასაყვანად. - ყავას კი არა, ჯანდაბას დაგალევინებ, შე იდიოტო ქალო. - წაიჩურჩულა დაბალი ხმით.
ელზა ექიმი, როგორც იქნა ჩასწვდა, თუ სინამდვილეში, რატომაც ურეკავდა დღენაკლულთა საავადმყოფოს, რეანიმაციის განყოფილების ექიმი და ყველაფერი მაკას მოახსენა.
- იმედია ტელეფონში, არაფერი გიტარტარია? - მსუბუქად შენიშნა მაკამ.
- არაფერი, მაკა ექიმო! - მაშინვე მიუგო ელზამ. - სოფლიდან ძღვენი ჩამომივიდა და მაკა ექიმისაც მინდა გავუგზავნოო და თან ორი ცალიო!
- ჰო, კარგი. კარგი. - მაკა წამით ჩაფიქრდა. - გასაგებია.
- მე რა გავაკეთო ახლა, მაკა ექიმო?
- შენ? - მაკა ღიმილით ჩააშტერდა. - ის, რასაც აქ აკეთებ ხოლმე.
ელზამ დაბნეული თვალები შეანათა.
- რა გაგიკვირდა? - გაეცინა მაკას. - წადი და იმუშავე, საქმის მეტი რა არის აქ!
- აა, ხოო. - ცოტა უკმაყოფილო სახით გაიკრიჭა ელზა. იფიქრა, თუ აქტიურად არ ჩამრთავენ ამ საქმეში, წილიც ალბათ არც შემხვდებაო და დანანებით დასძინა. - მეგონა, ჩემი დახმარება კიდევ იყო საჭირო და...
- და, რა? - მაკამ თვალები მოწკურა. - ყველამ თავის საქმე, რომ უნდა აკეთოს, ეს რით ვერ დაიმახსოვრე? შენ მე, აქ მჭირდები, აქ ხარ საჭირო! - მაკა გაჩუმდა.
ელზა ადგილიდან არ იძვროდა.
- რას დაყუდებულხარ? - შეუტია მაკამ. - წადი იმუშავე, ხომ ხედავ? ყველაფერი კარგად ყოფილა!
- კარგი, მაკა ექიმო. - გაიბადრა ელზა. როგორც იქნა მიხვდა, რომ ბონუსები მასაც მოუწევდა, თუმცა თავიდან რატომღაც ეჭვიც კი შეეპარა, რადგან ამ ამბავში, ფაქტიურად არც იყო გარეული.
- და რომ გახვალ. - მიაძახა მაკამ. - ერთი დინა მინახე, თუ მუშაობს დღეს და ჩემთან შემოვიდეს.
- მაკა ექიმო, თუ დინა არ იქნება, მე შემიძლია...
- აბა, ამ წამს, რა გითხარი? - მაკას უკვე ნერვებს უშლიდა ეს ცანცარა გოგო. - ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რომ სულ უმუშევარი და უხელფასოდ არ დარჩეს! - ხმას აუწია მაკამ.
ელზამ, ყურებამდე გაკრეჭილმა დატოვა მაკას კაბინეტი და დინას მოსაძებნად გაეშურა.
„რა იდიოტია.“
ფიქრობდა მაკა.
„დიდი სიამოვნებით მოვიშორებდი, მაგრამ სწორედაც რომ ასეთი იდიოტების მოშორებაა საშიში, რადგან ზუსტად ესენი უნდა გყავდეს ახლოს, თვალსაწიერში, რომ არაფერი შეეშალოთ, თორემ რა უნდა ახლა, ამ კრეტინი გოგოს აქედან გაგდებას? არც არაფერი! მაგრამ გააგდებ და აქეთ შემოგიბრუნდება ყველაფერი. დააბრახუნებს სადღაც მერე, ასე ვმუშაობდი და ისეო და საციხოდ გაგვიხდის ყველას საქმეს.
სჯობს, ისევ აქ ეგდოს, ორი კაპიკი მივცე და კონტროლზე მყავდეს.“
მაკამ თავი გააქნია.
„ჩემი ბრალია! თავიდანვე სხვანაირად უნდა გადამემოწმებინა, ისევე როგორც დინას ვამოწმებდი და ვითვისებდი წლების მანძილზე და მერე ამეყვანა გუნდში.“
- მეძახდით, მაკა ექიმო? - დინამ კაბინეტის კარი შემოაღო და მაკამაც ღიმილი შეაგება.
LEX. 2022 წლის 12 აგვისტო, პარასკევი.

No comments:

Post a Comment