Sunday, August 28, 2022

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 143)

143. 
ფიფოს ლიკვიდაციის მცდელობის შემდეგ, გალეო სულ უფრო მეტი ყურადღებით აკვირდებოდა უფროსობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც გეგმას, ან მინიმალურ სამხილს მაინც წარუდგენდა. თუმცა, მათი მხრიდან არანაირი რეაქცია არ იყო. თითქოს, არც არაფერი იყო გამოსაძიებელი და ამასთანავე, არც არავინ საყვედურობდა ზედმეტად და არც არავინ უშლიდა, როცა ვინმეს დაკითხავს მოინდომებდა და არც არაფერში ზღუდავდნენ. ასე ჩანდა, რომ თითქოს, ყველა გზა მისთვის ხსნილი იყო და სწორედაც, ეს ვითომ თავისუფლება უფრო აკრთობდა დეტექტივს, რადგან მშვენივრად კარგად იცოდა, კრიმინალური სისტემის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, თუ საიდან და როგორ იმართებოდა. ფიფოს სიცოცხლეც სწორადაც, რომ ასეთ მართვას ეწირებოდა. გალეომ კი წესიერად არც იცოდა, ბოლოს თუ კონკრეტულად რა საქმეს იკვლევდა მისი უფროსი მეგობარი და კოლეგა. არაერთხელ დაუსვა კითხვა, არაერთხელ შესთავაზა შენს გვერდით მიგულეო, მაგრამ ფიფო ყოველთვის უარზე იდგა და იმ რაღაც იდუმალ საქმეში, ახლოსაც არ იკარებდა.
- ზოგჯერ არის ისეთი რამ, რომელსაც შენი ახლობლის შარში ჩაგდება შეუძლია და ასე გასაწირად ნამდვილად არ მემეტები. - უხსნიდა ფიფო. 
- ჰო, მაგრამ შენც ხომ იგდებ საფრთხეში თავს და თან, სრულიად მარტომ გინდა იმოქმედო, რაღაც მაინც დამავალე. - უკან არ იხევდა დეტექტივი. 
- ალბათ, მოვა მაგის დროც და უთუოდ დამჭირდება უერთგულესი ხალხი და პირველი, შენ იდგები ჩემს გვერდით, მაგრამ დამიჯერე ახლა, სულ სხვა სიტუაციაა. 
- არანაირი სიტუაცი არ ამართლებს მეგობრის გვერდით არ ყოფნას! - შემართებით მიუგო გალეომ.
პასუხად ფიფომ ამოიხვნეშა. წამით იყუჩა და განაგრძო:
- შენ რომ ჩემს გამო, რამე დაგემართოს, საშინლად ცუდ დღეში აღმოვჩნდები, როგორც სულიერად, ისე მორალურად, თავს როგორ უნდა ვაპატიო? 
- მშვენივრად მესმის და ვიცი კიდევაც, თუ როგორი სამსახური მაქვს არჩეული, არც ხიფათის მეშინია და... 
- არ მეშინია, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ გაუფრთხილდე საკუთარ სიცოცხლეს. ვიცი რასაც გეუბნები, საშინელი უფსკრულის გარღვევას ვცდილობ, არც კი ვიცი ზუსტად სად და სადამდე მიმიყვანს და შენც თუ ჩემს გვერდით იქნები, შენ უფრო დაგემუქრება საფრთხე, ვიდრე მე, რადგან ამ ყველაფერს, ჩემს გასამწარებლად გააკეთებენ და სიმწარეც ბოლოს და ბოლოს გაივლის და შენ რომ აღარ მეყოლები გვერდით, ამის გაფიქრებაც კი მზარავს. 
- და შენ რომ შენს ოჯახს რომ არ ეყოლები? - არ მოეშვა გალეო. - შენც ხომ იგდებ თავს საფრთხეში და თანაც, სრულიად მარტომ გინდა შეერკინო! ორნი რომ ვიქნებით, უფრო მეტი ძალა გვექნება, უფრო მეტი გასაქანიც იქნება!
- სულაც არა! - მტკიცე ხმით მიუგო ფიფომ. - პირიქით, ორნი რომ ვიქნებით, აი მაშინ უფრო მეტად მექნება ხელ-ფეხი შეკრული. 
- და კვლავ შენს ოჯახზე რომ მიიტანონ იერიში? 
- არამგონია. - თავი გააქნია ფიფომ. - და ვთვლი, რომ გამორიცხულიც არის, რადგან შენც ხომ ნახე, არა? ჩემი ერთადერთი შვილის გატაცებით, არაფერი გამოუვიდათ და დღემდე არც მე ვიცი, ზუსტად როგორ გადარჩა და ბავშვი, ასე საღ-სალამათიც როგორ დამიბრუნდა. 
- ეგ, ჰოო. 
- დიმეოს ასეთი უცნაური დაბრუნებაც, თითქოს რაღაც ზღაპარსაც კი წააგავს. - განაგრძო ფიფომ. - გატაცებული ბავშვების დიდი ნაწილი, უკან არც ბრუნდება და თუ მაინც მოხდა ისე, რომ მშობლებს დაუბრუნეს, ბავშვის ფსიქიკა ლამის ბოლომდე არის განადგურებული. დიმეოს კი, გატაცებულის რა ეტყობა? - ღიმილით აღნიშნა ფიფომ. - პირიქით, უფრო დაჭკვიანებული, დაბრძენებული და დავაჟკაცებული მოგვევლინა. 
- მამამისის გენები აქვს და აბა, ყურებს ხომ არ ჩამოყრიდა. - მყისვე მიუგო გალეომ. 
პასუხად ფიფოს ცალყბად ჩაეღიმა. 
- ზოგჯერ იმასაც კი ვგრძნობ, რომ ოჯახში, უკვე ორი ზრდასრული მამაკაცი ვართ და ლამის ჩემი ტოლივით ვესაუბრო. - ღიმილით განაგრძო ფიფომ. - ზუსტად ვუგებთ ერთმანეთს და რაც დრო გადის, თითქოს არც არაფერი მომხდარაო, თავს უფრო ამაყად და კარგად ვგრძნობთ და შენ გგონია, ამას ის ბოროტი კლანი ვერ ამჩნევს? 
- დარწმუნებული ვარ, გულზე სკდებიან, რომ ვერაფერი გამოუვიდათ და თანაც, ქვეყანა ფეხზე დადგა. ყველამ, დიდმა თუ პატარამ და თუგინდ ყურმოკვრით, მაინც გაიგო, რომ რაღაც ხდებოდა და ბავშვი, მარტო ფულის გულისთვის არ ყოფილა გატაცებული. 
- აი, სწორედ მაგაშია საქმე. - კვერი დაუკრა ფიფომ. - არ მივეცი ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ დაბრუნდა დიმეო, რა გზა გაიარა, ვის ხელში იყო და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. - ფიფომ გაჩუმდა. 
- ნუ, მთავარია, შენ ხომ მაინც იცი. 
- რა თქმა უნდა, ვიცი! - ღიმილით მიუგო ფიფომ. - და არც იმდენად საიდუმლო ვითარებაში დამიბრუნდა შვილი. მწყემსებმა ისეთ დროს და ისეთ ვითარებაში იპოვნეს, რომ სადმე რეგიონის ცენტრში ჩამოყვანა კი არა ხმაც ვერ მოგვაწვდინეს, რომ ჩვენ მაინც ავსულიყავით სადღაც იმ მყინვარწვერზე. 
- ისე მართლა, როგორი თოვლიანი ზამთარი იყო და თანაც, ეს პანდემიაც თითქოს სპეციალურადაც დაერთო. 
- ჰოდა, ბავშვმაც გატაცებული პერიოდის დიდი ნაწილი, უკვე კეთილ ხალხთან ერთად გაატარა, ამიტომაც დაგვიბრუნდა ასე ვაჟკაცურად. 
- მაგარი ბიჭია, მაგარი... 
გალეოს ყელში ბოღმა მოაწვა, როცა უნებურად, ფიფოსთან ეს ბოლო საუბარი გაახსენდა. 
დეტექტივს, არავინ არაფერს უშლიდა, სადაც მოესურვებოდა, იქ ჰყოფდა ცხვირს და არც არავინ ეკითხებოდა რამეს და რატომღაც მაინც, ერთ მშვენიერ დღესაც, მაგრად კი მიბეგვეს. 
„- შენს ტყავში დაეტიე! რას ყნოსავ, ძუკნა ძაღლივით?! რას დაეძებ?! 
ვის, ან რის მხილებას ცდილობ, შე უკანალის ჭიავ!
გირჩევნია, შენს საქმეებს მიხედო, რომ სულ უმუშევარი და ხეიბარი არ დარჩე!“
მხოლოდ ეს მცირეოდენი მინიშნება უთხრეს და მაშინვე დააყარეს წიხლები. თავზე ტომარა ჩამოცმული გალეო კი ვერც ვერავის ხედავდა და ხმაზეც რა თქმა, უნდა ვერც იცნობდა ასე სპეციალურად დაქირავებულ „მუშა-ხელს“. თუმცა, ისედაც ცხადი იყო, ეს თავდასხმა საიდანაც მოდიოდა. მწარე გაფრთხილება იყო. საშინელი მწარე გაფრთხილება. დეტექტივს, ისიც კი მიანიშნეს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი გაფრთხილება იქნებოდა და ამის მერეც თუ აღარ გაჩერდებოდა, ერთი დეტექტივის მოკვლას, რაღა უნდოდა? ისე გააქრობდნენ, რომ მის ძვლებსაც ვერასდროს იპოვნიდნენ.
„კარგი ბატონო, დროებით ვიყუჩებ, მაგრამ მაინც არ გავჩერდები. ამ ეტაპზე ხმას აღარ ამოვიღებ და ისე მოვაჩვენებ ყველას თავს რომ თითქოს, მართლაც შემეშინდა და უკან დავიხიე.“ 
გალეომ ამოიხვნეშა და დიმეოსგან ნათხოვარ ტელეფონს ჩააჩერდა, სადაც მისი გატაცების მომენტი იყო აღბეჭდილი. ვიდეო ჩანაწერი საკმაოდ ოპერატიულად იყო გაკეთებული, თუმცა იმ ხუთივე თავდამსხმელს არც კი უფიქრიათ სახის დაფარვა. გალეოს მაინც არაფერი დაუნახავს. მანქანიდან გადმოვიდა, კარი ჩაკეტა თუ არა, მაშინვე რაღაც ჩამოაცვეს თავზე, სხვა მანქანაში ჩატენეს, რომელიც უმალვე დაიძრა და მობილურიც და იარაღიც მყისვე ამოაცალეს. მოგვიანებით, დამტვრეული მობილური თავისავე მანქანის ქვეშ, კრიმინალისტებმა აღმოაჩინეს, იარაღი კი უკან მოყვანისთანავე დაუბრუნეს და არსად არც ერთი ანაბეჭდი არ იყო. 
ცხადია, პროფესიონალები მოქმედებდნენ და ეს ერთადერთი და საბოლოო გაფრთხილება იყო. ამის მერე კი... 
დეტექტივს არასასიამოვნოდ შეაჟრჟოლა. თუმცა ოდნავ სხეულის განძრევისთანავე მაშინათვე მთელი სხეული ასტკივდა. დაჟეჟილობა საკმაოდ მძიმე ფორმებში იყო, ქირურგის კატეგორიული მოთხოვნით გალეოს რენტგენის გადაღებაც მოუხდა, სადაც აღმოჩნდა რომ ორი ნეკნი გატეხილი და ერთი გაბზარული ჰქონდა.
- მოკლედ, ბეწვზე ხარ გადარჩენილი. - აუწყა ქირურგმა. 
- ჩემი მოკვლა არ უნდოდათ, თორემ... - თავი გააქნია გალეომ. - ალბათ, ამ ეტაპზე არც აწყობთ, თორემ სადაც ფიფოს ამდენი გაუბედეს, მე ვინ ვარ? 
- კი, გეთანხმები. - კვერი დაუკრა ქირურგმა. - მაგრამ გატეხილი ნეკნის ძვალმა რომ რომელიმე ორგანო არ დაგიზიანა, აი ამაში ხარ გადარჩენილი.
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი. სამსახურში დარეკა, კიბიდან დავგორდიო მოახსენა, ექიმების უტყუარი დასკვნებიც მაშინვე გადაუგზავნა და ბიულეტენიც უპრობლემოდ გაუფორმეს. სახლში წასვლამდე კი მიმიმაც მოინახულა და ახალი მობილურიც მოართვა. გალეოს უხერხულობისგან ლამის გული შეუწუხდა, არ უნდოდა საჩუქრის აღება, ისედაც ამდენ პატივს მცემთო, მაგრამ მიმისთან მაინც ვერაფერს გახდებოდა.
„კიდევ კარგი, ბავშვი ვერავინ შეამჩნია.“ 
სულ ამას ფიქრობდა დეტექტივი და ბავშვიც კატეგორიულად გააფრთხილა, კრინტი არავისთან დაგცდესო
„დიმეო, ჭკვიანი ბიჭია, მართლა არავის ეტყვის, მაგრამ მაინც რა უნდოდა იქ, ასე გვიან?“ 
გალეო წამით ჩაფიქრდა და მერე გაახსენდა, ბავშვმა რომ უთხრა მობილური დედას მანქანაში დამრჩენია და როცა გამახსენდა მაშინ ჩავედიო. 
„უჰ, კიდევ კარგი, ბავშვს არაფერი შეემთხვა.“ 
გალეომ ამოისუნთქა, მაგრამ ამოსუნთქვა ვინ აცალა, როცა შეიტყო, რომ მიმი უკვე, ორსულობის გამო, ლამის მთელი თვეა საჭესთან აღარ ჯდებოდა და აბა რა უნდოდა ბიჭს ღამით, ასეთ დროს, იმ ავტოფარეხში? 
„ისე მართლა რა საინტერესოა, კამერებიც როგორ უკვე წინასწარ იყო ისევ და ისევ გაფუჭებული, როგორც ფიფოს თავდასხმის დროს, ნეტა ის ჩანაწერები მაინც მანახა წინა დღეებშიც ხომ არ დაძვრებოდა ბავშვი იქ.“
დეტექტივი საგონებელში ჩავარდა. აუცილებლად, სასწრაფოდ დიმეოს უნდა დალაპარაკებოდა და იმ მიზეზით, რომ მობილური უნდა დავუბრუნოო, ჩუკისთან ერთად თავისთან სახლში დაიბარა. 
- იქნებ, ახლა მაინც მოუხმო ჭკუას. - ვიშვიშებდა გალეოს დედა. - აგერ ფიფო რა დღეში ჩააგდეს და შენც კიბიდან გადმოგაგდეს, მართლა ხომ არ უნდა შეეწირო? 
- კიბიდან კი არ გადმომაგდეს, მე თვითონ დავგორდი. - მიუგო გალეომ. 
- ალბათ, წინ არ იყურებოდი და ცხვირი მობილურში გქონდა ჩარგული. - ღიმილით ჩაურთო დიმეომ.
- სრულ სიმართლეს ბრძანებთ ყმაწვილო! - ღიმილითვე უპასუხა მასპინძელმა. - მაგრამ ახლა შენ ის მითხარი. - გალეომ ხმას დაუწია. - მართლა რას აკეთებდი, იქ იმ დროს? 
- ხომ გითხარი უკვე?! - დიმეომ უტიფრად გაუსწორა მზერა, თუმცა წამიერად მაინც აარიდა თვალი. დეტექტივმა იცოდა, ამ ბიჭის გამოტეხა, არც ისე ადვილი იქნებოდა და ახლა სულ სხვა მხრიდან შეეცადა მიდგომას. 
- შენც ხომ ხედავ, რა ხდება, არა? - დაიწყო გალეომ დაბალი ხმით. - აქეთ მამაშენი და იქეთ... - გალეომ იყუჩა. - განა შენი თვალით არ ნახე, თუ როგორი კიბიდანაც დავგორდი? 
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი. 
- მხოლოდ და მხოლოდ, ხიფათის მეშინია. - განაგრძო დეტექტივმა. - არ მინდა, ისევ რაღაც გამომრჩეს, არ მინდა იმის გახსენებაც, თუ რა გადავიტანეთ ყველამ ერთად შენს გამო და არ მინდა უყურადღებობის გამო, კიდევ რაღაც... 
- მობილური დამრჩა კლასელთან დაა... - საკმაოდ მიამიტური სახით დაიწყო დიმეომ. - სახლში აღარ ამოვიდა, დედას რომ არ გაეგო, მანდ გამომიტანა. ასე რომ, დამშვიდდი. არაფერია საგანგაშო. 
- და რა იყო, მერე აქ ასეთი საიდუმლო? - ეჭვიანად ჩაეკითხა გალეო. - განა დედაშენი, ამის გამო დაგსჯიდა, რომ მობილური რატომ დაგრჩა კლასელთანო? 
- ნუუ, ცოტა სხვანაირად იყო. - მობუზული ხმით მიუგო დიმეომ. 
- ვინმემ ხომ არ წაგართვა? 
- არა! 
- იქნებ, ვინმე გჩაგრავს ან გავიწროებს? 
- არა! 
- ნუ გეშინია, ისე ჩავერევი და ისეთნაირად მოგიგვარებ მაგ პრობლემას, რომ არავინ იტყვის შენზე ჩამშვებიაო, ან დედიკოსთან გავარდა ენის მისატანადო.
- არა, არა! - თავი გააქნია ბიჭმა. - მობილური სკეიტპარკში დამრჩა, მერე სხვამ იპოვნა და სანამ ჩემამდე მოვიდა დაღამდა კიდეც. თან არ მინდოდა დედას რომ მაინც ენერვიულა, რადგან ისიც ასე შენსავით იფიქრებდა რომ რაღაცას მართმევენ, მჩაგრავენ და... 
- ჰო, კარგი, კარგი! - გაეცინა დეტექტივს. - მაგრამ იცოდე, თუ რამეა, მარტო ჩვენ გვეცოდინება და ისე მოვაგვარებთ, რომ ვერც ვერავინ გაიგებს. 
„რაღაცას მაინც მატყუებს ეს მაიმუნი ბავშვი, მაგრამ ამის ახლა გამოტეხა, ფაქტიურად გამორიცხულიც კი არის. რაღაც უნდა ვიღონო, ეს ბავშვი ისევ ხიფათში რომ გაეხვას, მერე რა თვალით შევხედო მიმის ან ფიფოს... 
ეჰ, ფიფო... კარგი, რაა... ადე და მიხედე, შენს მოზარდ ბიჭს, იქნებ რა შარშია გახვეული და სანამ დროა... 
ეჰ... ფიფო... ფიფო...“ 
დეტექტივს ბევრიც აღარ უფიქრია და იმ მიზეზით, რომ შესაძლოა ბავშვს კიდევ რაღაც საფრთხე ემუქრებაო, ბიჭისთვის ფარულ დაცვას, ორგანიზება გაუკეთა. 
დიმეოს ყოველთვის ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ გამუდმებით მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მის ყოველ ნაბიჯს ითვლიდნენ, თუცა თავიდან მასეც იყო. მერე ფიფომ თანდათან მოახსნევინა დაცვა და თითქოს როცა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა და ცხოვრებაც მშვიდად და ლაღად წავიდა აი სწორედ მაშინ ესროლეს ფიფოს. ამის მერე, რა თქმა უნდა ფიფოს ოჯახის დაცვა იმაზე უფრო მეტად გაძლიერდა, ვიდრე უწინ იყო. ეს იცოდა დიმეომ და დიდი თხოვნისა თუ წუწუნის შემდეგ დედა მაინც დაითანხმა დაცვის მოხსნაზე. ახლა ოფიციალურად არავინ იცავდა, ჩანდა კიდევაც, რომ ფიფოს ცოლ-შვილს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მთავარი ფიგურანტი ხომ მაინც ფიფო იყო, მისი არსებობა იყო ძირითადი პრობლემა. ესეც მოახერხეს, ფიფოს ამჟამინდელი მდგომარეობა სულ ოდნავ დაბრკოლებასაც კი არავის უქმნიდა და რაღაში სჭირდებოდათ ცოლ-შვილის აწიოკება. ამიტომაც დიმეოს თხოვნითა და მიმის შეგონებით დეტექტივიც თანახმა იყო დაცვის მოხსნაზე, მაგრამ ახლა უკვე ცოტა სხვაგვარად ჩანდა საქმე და თავის დაზღვევის მიზნით, გალეომ ისე დაუნიშნა დაცვა, მხოლოდ ახლა უკვე ფარულად და ყოველგვარი პატრულისა და სირენების გარეშე. 
დიმეო კი ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო და მაშინვე დაუტოვა მწირს შეტყობინება, ფარეხში შეხვედრა დროებით უნდა შეეწყვიტათ. ამიტომაც ფარული შეტყობინება დაუტოვა მწირს, რომ იმ ადგილას აღარ შეხვდებოდა, თუმცა ეს მისი ერთგვარი მესიჯი სულაც არ იყო საგანგაშო და მწირიც თავის მხრივ ახლა სხვა, უკვე წინასწარ შეგულებულ ადგილას დაუცდიდა. 
რაც შეეხებოდა შეტყობინებას, ეს ყველაზე პრიმიტიული, სრულიად უბრალო მინიშნება იყო. დიმეოს მამას კაბინეტიდან, სხვა ქუჩაზე გამავალ ფანჯრის რაფაზე მდებარე ერთადერთ ყვავილის ქოთანს შეუცვლიდა ადგილს და სულ ეს იყო. ყვავილების მორწყვით კი მას მერე უფრო დაინტერესდა რაც სახლში დაბრუნდა, ისედაც ბევრი რამ ჰქონდა უკვე შესწავლილი, მიმისაც არანაირი ეჭვი არ გასჩენია, როდესაც დიმეომ თავად დაიწყო ოთახის ყვავილებზე ზრუნვა და თავად ურჩევდა მათ ადგილებს. 
მწირი კი დიმეოს, ფიფოს თავდასხმის საქმის გამოძიებაში ეხმარებოდა. თუმცა ეს დახმარებაც ბევრი ვერაფერი იყო. მწირი მხოლოდ ბავშვს არიგებდა, გამუდმებით სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. დიმეოს მაინც ახარებდა ეს და ბედნიერი იყო მისი ხილვით, აბა ასეთ უბადრუკ და უთვისტომო მწირს, რომელი გამოძიება უნდა ეწარმოებინა და რომელი საქმე უნდა გაეხსნა. 
დეტექტივმა, ფიფოს ავტოფარეხის კამერის ჩანაწერები გადაამოწმებინა, რომელიც მხოლოდ მარტო ერთი თვე ინახებოდა და ესეც გალეოს ძალისხმევით იყო.
აღმოჩნდა რომ დიმეო, ყოველ ათ დღეში ერთხელ, დაახლოებით ერთი და იმავე დროს ჩადიოდა ავტოფარეხში, სულ რამდენი წუთს ჩერდებოდა და მერე ისევ ადიოდა სახლში და მაქსიმალურად ცდილობდა კამერებს არიდებოდა. ავტოფარეხში კი, დიმეოს იქ ყოფნისას, არავინ შედიოდა და არც მანამდე ჩანდა ვინმე უცხო შესული და არც დიმეოს მერე გამოსული. 
დეტექტივი ჩაფიქრდა და რადგანაც, ბოლო დროს დიმეო, რატომღაც ჩუკის უფრო დაუახლოვდა და თითქოს მას უფრო ენდობოდა, ამიტომაც გალეომ თავისი ეჭვები ადვოკატს გაანდო. 
- მართლა რა საინტერესოა... - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ჩუკიმ. - თუ ბავშვი იქ არავის ხვდება, მაშინ რაღაცას აკეთებს იქ და რას აკეთებს ასეთს? 
- თანაც, კამერებისგან მიუწვდომელ ადგილას. - დასძინა დეტექტივმა. 
- დაიცა, დაიცა. - ჩუკიმ ჩანაწერი უკან დააბრუნა და მერე სხვა ჩანაწერს შეადარა. - აი, ხედავ? 
- რას? - გალეო ინტერესით ჩააკვირდა. 
- ჩანაწერები, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კუთხით არის. 
- და ესე იგი... - გალეომ წარბები აზიდა. - ვიღაც უცვლის მიმართულებას? 
- ნუუ, ასე გამოდის.
- კი მაგრამ ვინ? - თავი გააქნია დეტექტივმა. - ნუთუ, დიმეო ძვრება იმ სიმაღლეზე?
ბოლო ერთი თვის მანძილზე, ყველა ჩანაწერი ერთმანეთს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ სწორედ დიმეოს ავტოფარეხში ვიზიტის დროს, სათვალთვალო კამერა, სულ სხვა მხარეს იყო მიმართული, მერე კი ისევ უბრუნდებოდა თავის ადგილს. 
- უეჭველი ვიღაცას ხვდება. - დაასკვნა ჩუკიმ.
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი. 
- ან იქნებ, მართლაც რაღაცას აკეთებს და არ უნდა რომ შეამჩნიონ? - განაგრძო ჩუკიმ. 
- ეგეც შეიძლება. - ამოიხვნეშა დეტექტივმა. 
- დაიცა, დაიცა! - თავი გააქნია ჩუკიმ. - აი, აქ უფრო კარგად ჩანს! შეხედე, აბა! 
დეტექტივი ჩუკის მინიშნებულს ჩააკვირდა.
- როცა დიმეო ფარეხში შედის. - განაგრძო ჩუკიმ. - კამერა უკვე მანამდეა მობრუნებული, აი ამაშია საქმე! - მდააა... - გალეო ჩაფიქრდა. 
რა უნდა ეღონა? ან ახლა, რა უნდა ეთქვა, არც კი იცოდა. 
- და მიმდებარე ქუჩებზე არ გადაამოწმე? - იკითხა ჩუკიმ.
- კი, მაგასაც გადავხედე და არავინ შემიმჩნევია საეჭვო, რომ ფიფოს სახლისკენ წამოსულიყო. 
- საეჭვო არავინ და უეჭვო? – ღიმილით ჩაეკითხა ჩუკი. 
- ორ-სამჯერ მათხოვარი თუ მიბანცალებდა... - გალეომ ჩუკის თვალი გაუსწორა, რომელიც არანაკლებ გაკვირვებული უმზერდა. 
- რაღაც, ძალიან ხშირად ხომ არ ფიგურირებს მათხოვარი დიმეოს ირგვლივ? - ჩაფიქრებული ხმით უთხრა ჩუკიმ. 
- ჰო, მაგრამ ქალაქში, ლამის ყოველ ქუჩაზე დადიან და... - გალეო გაჩუმდა. 
- და მაინც, ასე ხშირად დიმეოს ახლომახლო, შენ საეჭვოდ არ გეჩვენება? 
- უბრალოდ, რა ვიფიქრო არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა გალეომ. 
- ისე, თუ რამის დაშავება უნდოდა, აქამდე წესით დაუშავებდა, არა? 
- ჰო, ალბათ... - ჩაფიქრებული ხმით მიუგო გალეომ და მერე მობილურს დასწვდა. 
ცოტა ხანში, გააგონეს კიდეც და დეტექტივმაც, მაშინვე დავალებაც მისცა: 
- დიმეოს ახლომახლო ვინც გაუვლის ან გამოუვლის, თუნდაც ხმაც არ გასცეს და თუნდაც ნებისმიერი, ბომჟიც და მათხოვარიც, ყველა უკლებლივ დააფიქსირეთ! ამ ეტაპზე, თუნდაც მათხოვარს მეტი ყურადღება მიაქციეთ, ვიდრე დიმეოს ტოლს, ან რომელიმე მოზარდს!
- და ვითომ, ეს „გვიშველის“? - ჩაეცინა ჩუკის. 
- რა ვიცი. - ღიმილითვე მიუგო გალეომ. - ეგ ისეთი გამჭრიახი და საღი გონების ბავშვია, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ავტოფარეხს ახლა საერთოდაც აღარ გაეკარება. 
- და შეიძლება, ისიც კი იყნოსოს, რომ თვალს ადევნებენ. 
- არც ეგ არის გამორიცხული. - ღიმილით გააქნია თავი დეტექტივმა და მართალიც იყო. 
დიმეოს უმალვე ჰქონდა თადარიგი დაჭერილი და მისი ქმედებანი, არც ასე ადვილი გასაშიფრი იყო. 
ამ ამბიდან, ლამის ორი კვირა იყო გასული და დიმეო, არსადაც არ გამძვრალა. ჩვეულებრივ, ხან სახლში იყო და ხანაც, ბებიებისა თუ ძანეს მოსანახულებლად მიდიოდა. 
დეტექტივს კი ყოველი დღის ბოლოს, ლამის უკვე ერთი და იგივეს მოახსენებდნენ ხოლმე, უჩვეულო არაფერი მომხდარაო. ხოლო რაც შეეხებოდა ბომჟებსა და მათხოვრებს, ისინიც ჩვეულ ადგილას, თავისავე ამოჩემებულ ქუჩებსა თუ სკვერებში დაძრწოდნენ.
დრო გადიოდა და დიმეოც უკვე ვეღარ ითმენდა. დნმ-ს პასუხის მოლოდინში, ლამის უკვე სული ელეოდა ბავშვს და როგორც იქნა, ის ნანატრი დღეც დადგა. ჩუკი შეეხმიანა, გამოგივლი და ერთად წავიდეთო. 
კლინიკის დერეფანში, სულ ცოტა ხნით მოუწია დიმეოს მარტო დარჩენა, რადგან ჩუკის, რატომღაც მხოლოდ მას, ერთ-ერთ კაბინეტში სთხოვეს შესვლა. 
- ცუდი პასუხია? - შეშფოთებული ხმით იკითხა ბავშვმა. 
- არა, არა. - დაამშვიდა ჩუკიმ. - ჩემი ახლობლები არიან და სულ სხვა საქმეზე სჭირდებათ ჩემი დახმარება. აქ დამელოდე და ახლავე მოვალ. 
დიმეოს გულზე მოეშვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. 
სულ რამდენიმე წუთში, იმავე კაბინეტიდან, სადაც ჩუკი შევიდა, ექთანი გოგონა გაფითრებული სახით გამოვიდა და პირდაპირ დიმეოსკენ წამოვიდა. ბავშვი უსიამოვნოდ შეიშმუშნა, თუმცა ექთანმა ბიჭს ჩაურა და სულ ოდნავ მოშორებით, ცალკე მჯდარ რაღაცნაირად ამღვრეული თვალებიან გოგონას მიუჯდა. 
დიმეო სმენად იქცა. 
- ჩუკის არ უთხრა რომ ვიყავი. - დაბალ ხმაზე უთხრა გოგონამ.
- არა, რას ამბობ. - ასევე დაბალ ხმაზე მიუგო ექთანმა, თუმცა დიმეოს მაინც ყველაფერი ესმოდა. 
- და საშველი თუ არის რამე? - ნაღვლიანი ხმით ჰკითხა გოგონამ. 
- საშველი, ოპერაციაა, მაგრამ... 
- ისევ ოპერაცია... - გოგონამ ამოიხვნეშა. 
- ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და რას ეტყვის ექიმი, ჯერ ზუსტად არც კი ვიცი. - მიუგო ექთანმა.
- არ მინდა, რომ ჩუკი მომიკვდეს... - გოგონას ცრემლები გადმოსცვივდა. 
- წინასწარ მაინც ნუ გამოიტირებ. - შეაგულიანა ექთანმა, თუმცა მის ხმაშიც საიმედო ტემბრი მაინც არ ჩანდა. 
- არ მინდა რომ აქ მნახოს. - გოგონა წამოდგა და მაშინვე გასასვლელისკენ გაეშურა.
ექთანი კი კვლავ იმ კაბინეტში შებრუნდა. 
მერე ჩუკიც გამოვიდა და დიმეოს სანატრელი პასუხები, სიხარულით აუფრიალა ცხვირ წინ, მაგრამ ბიჭს თითქოს არც არაფერი ესმოდა, ვერც ვერაფერს ხედავდა და ვეღარც ვერაფერს გრძნობდა. მისი გონება, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაგონილი ამბის ირგვლივ ტრიალებდა და მაინც, რატომ კვდებოდა ჩუკი? 
რა იყო მიზეზი?
LEX. 2022 წლის 28 აგვისტო, კვირა.

No comments:

Post a Comment