Monday, August 22, 2022

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 142)

142. 
- დეე, დღეს არ დამირეკო რაა. - დიმეო მომღიმარი სახით შევიდა ფიფოსთვის ოთახშივე მოწყობილ პალატაში, მერე მამას ფრთხილად მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა. - დილა მშვიდობისა მამა. 
მიმიმ ნაღვლიანი ღიმილი შეაგება. 
- და რატომ არ უნდა დაგირეკო? ან სად მიბრძანდებით ყმაწვილო ისეთ ადგილას, რომ ზარის შემოშვებაც კი აკრძალულია? 
- ხომ შემპირდი იმ ვეტერინარ ბაბუსთან სოფელში გაგიშვებო? 
- კი, შეგპირდი და თანაც, მხოლოდ ერთი კვირით და ახლა გინდა წასვლა? 
- დღესვე, არა. 
- რაღაც გეგმები გაქვს? - ღიმილით ჩაეკითხა მიმი. 
- ჯერ ძანეც აქ არის და სანამ ისინი წავლენ იმ სოფელში, მანამდე მეც აქ დავრჩები. 
- აქ დარჩები, თუ ძანესთან? - კვლავ მომღიმარი სახით ჩაეკითხა მიმი. 
- ვნახოთ. 
- და კატეგორიულად არ გინდა ძანესთან ერთად იმ სოფელში წასვლა? 
- ძანესთან ერთად კი მინდა, მაგრამ აი ზუსტად იმ სოფელში, არ მინდა! 
- კარგი, როცა გინდა მაშინ მითხარი და მე თვითონ წაგიყვან. - მიმიმ მოწყენილი თვალი შეავლო ფიფოს ურეაქციო სხეულს. 
- იცი, დეე, როგორი შეგრძნება მაქვს? - დიმეომ დედის გამხიარულება სცადა. - რომ მალე, სულ მალე, რაღაც დიდი სასიხარულო სიურპრიზი გველოდება და ძალიან გაგვახარებს ყველას! 
- მართლა, დეე? - მიმი თბილად გაუღიმა ბიჭს. - ჩემი მზრუნველი. 
- მართლა! დარწმუნებული ვარ! - სერიოზული სახით უპასუხა ბავშვმა. 
- ესე იგი, შენ უკვე იცი და... 
- არაფერი ვიცი. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და თვალი აარიდა. 
მიმის გაეღიმა. 
- ჯერ არაფერი ვიცი. - კვლავ გაიმეორა ბავშვმა. 
- ჰმ, ჯერ? - მიმის ახლა უფრო გემრიელად ჩაეცინა. - ჯერ თუ არ იცი, ესე იგი, მაინც რაღაც იცი, არა?
- არაფერი ვიცი. - კვლავ ჯიუტად გაიმეორე ბიჭმა. - და ხომ გითხარი? ასეთი შეგრძნება მაქვს მეთქი და ასე რატომ ჩამაცივდი? 
- ჰო, კარგი, კარგი. 
მიმი ატყობდა რომ დიმეო რაღაც სიურპრიზს უმზადებდა დედას, ალბათ უკვე ვეღარც ითმენდა და მაინც ცოტათი წამოსცდა. 
- სიურპრიზები კი კარგია, მაგრამ დღეს რატომ არ უნდა დაგირეკო, აბა მითხარი. 
- გალეს ვათხოვე ჩემი მობილური. თავისი გაუტყდა, თუ დაკარგა... 
- აა, ალბათ ჰოო, დაემტვრეოდა, კიბიდან დაგორებულა და აბა რაა. 
- კიბიდან დაგორდა? - დიმეომ წარბები აზიდა. 
ბიჭს დილიდანვე თვალში მოხვდა, რომ დეტექტივს, თითქოს განძრევაც უჭირდა და ხელის ოდნავ მოძრაობაზეც კი სახეზე გამოხატულ ტანჯვას, აშკარად მალავდა. თუმცა აბა დედას ხომ არ ეტყოდა, რომ ყველაფერი დავინახეო, მაშინ იმის თქმაც მოუწევდა, თუ რა უნდოდა იქ იმ დროს, როცა უკვე დიდი ხნის ჩაძინებული, თავის საწოლში უნდა ყოფილიყო. 
- ვუყიდოთ ახალი? - შესთავაზა მიმიმ. 
- ვუყიდოთ. - ყურებამდე გაუღიმა ბიჭმა და კვლავ ფიფოს კაბინეტში შებრუნდა, სადაც გალეო, წინა ღამით გადამხდარ იარებს იშუშებდა. 
გალეოს უკვე დაერეკა ჩუკისთვის და დიმეოც მის დასახვედრად მოემზადა. 
მიმის დაჟინებული თხოვნით, დეტექტივს მაინც მოუწია ქირურგთან ვიზიტი, თუმცა მათი შეხვედრა, მაინც მიმის სახლში შედგა, რადგან გალეოს უფრო და უფრო გაუჭირდა მოძრაობა და ქირურგიც თავად ესტუმრა. 
- მშვენივრად მიუბეგვიხარ. - დაბალ ხმაზე აღნიშნა ქირურგმა, როცა მიმი ჯერ კიდევ ოთახიდან იყო გასული. 
- კარგად დავილეწე. - მიუგო გალეომ. - მიმიმ არ მინდა რომ გაიგოს, სჯობს ისე იცოდეს, როგორც ვუთხარი. 
- რა საჭიროა. - კვერი დაუკრა ქირურგმა. - ამ გოგოს ისედაც არ აკლია ნერვიულობა და მაინც მიკვირს, აქამდე რომ მოხვედი, სახლში რატომ არ წახვედი? ან პირდაპირ ჩემთან მაინც მოსულიყავი.
გალეომ არაფერი უპასუხა და სიგარეტს დასწვდა. 
- აქ სპეციალურად მოგიყვანეს? - ჩაეკითხა ქირურგი.
დეტექტივმა უხმოდ დაუქნია თავი. 
- გასაგებია. - ჩაილაპარაკა ქირურგმა. - მიმისთვის არც არის საჭირო ამის გაგება და მაინც, არაფერი უკითხავს? 
- საერთოდ არაფერი. - გალეომ იყუჩა და განაგრძო. - მხოლოდ ერთი ვუთხარი, რომ კიბეზე დავგორდიო და მორჩა, არც არაფერი მკითხა. 
- ჭკვიანი გოგოა. - თავი დაუქნია ქირურგმა. - მშვენივრად ხვდება კიდეც, რომ რაღაცაშია საქმე, მაგრამ აი, ხომ ხედავ, არა? ზედმეტ კითხვებსაც არ სვამს და სამაგიეროდ, არ გაგიშვა სახლში და აქვე დაგტოვა. 
- უაღრესად კეთილია და გული მტკივა, რომ ასეთ ხალხს, რატომ არ უმართლებს ხოლმე ცხოვრებაში? - გალეომ ამოიხვნეშა. - ნუთუ ეს გოგო იმსახურებს იმას, რომ საყვარელი ადამიანის ასე დღითიდღე გაქრობას უნდა უყუროს? 
- ნამდვილად არ იმსახურებს, მაგრამ ეს დღითიდღე გაქრობა, რაღა იყო? 
- ნუთუ, შენც გგონია, რომ ფიფო მართლა გონზე მოვა? ან თუ მოვა, როგორი იქნება ეს გონი? 
- ზედმეტად ილუზიებში არც მე ვარ გადავარდნილი, თუმცა არის სულ მცირე, ფიფოს გადარჩენის, სულ რამდენიმე პროცენტი. 
- და ეს პროცენტებიც რამდენად სრულფასოვანი იქნება, ესეც კიდევ საკითხავია. 
- გეთანხმები. - კვერი დაუკრა ქირურგმა. - მიმი, კი იმ ერთი პროცენტის იმედით არის და ყურებს მაინც არ ყრის და სწორედ ეს მომწონს მასში. იცის, რომ ფიფოს ჯერ სიცოცხლე და მერე თუ რაღაც განგებამ მისი გამოღვიძება ინება, მაინც სასწორზეა და უკან არ იხევს. 
- აბა ბიჭებო, ხომ არ წავიხემსოთ? - მიმის ყურებამდე უღიმოდა სახე, როცა კარი შემოაღო. 
- ამ წუთას არ ვისაუზმეთ? - ღიმილითვე მიაგება დეტექტივმა. 
- კი, ამ წუთას. - თავი დაუკრა მიმიმ. - სულ მცირე ოთხი საათი მაინც გავიდა და თანაც, ჩვენმა მხატვარმაც შეიღვიძა და ბარემ ერთად მივუსხდეთ. 
- ჩემზე ჭორაობთ? - მხატვარმაც უმალ შემოჰყო თავი.
ყველას გაეცინა.
- ჰო, დიახაც! - განაგრძო მხატვარმა. - ქრონიკული ძილისგუდა ვარ და ამას უკვე აღარაფერი ეშველება, ასე არ არის ექიმო? - მხატვარმა ქირურგს გახედა. 
- ნუუ, ზოგჯერ მედიცინა უძლურია. - სიცილით მიუგო ქირურგმაც.
- დიმეო სად არის? - იკითხა მხატვარმა. 
- ჯერ კლასელები უნდა ვნახოო და მერე ძანესთან დავრჩებიო. - უპასუხა მიმიმ. - არადა, გუშინაც აპირებდა დარჩენას, მაგრამ მერე შუადღისკენ ვაჩემ მომიყვანა აღარ გაჩერდაო. მომკლა მაგის უცნაურობებმა. 
- ბავშვს აქვს ხელოვანის სული და რატომ გიკვირს მიმი? - ჩაეკითხა მხატვარი. - ერთი ნათლია ხომ მაინც ვყავარ ხელოვანი და ეს ნიჭიც ჩემგან გადაეცა. 
- მე კიდევ მგონია, რომ დეტექტიური ალღო აქვს და ეს მამისგან ერგო. - დაურთო გალეომ. 
- მასე მედიცინაშიც კი მოინდომა ცხვირის ჩაყოფა. - ეცინებოდა მიმის. 
- ჰოდა, ეს უკვე ჩემგან დაენათლა. - დაუმატა ქირურგმა. 
- და გუშინ არ გაჩერდა ძანესთან და ვაჩემ მოიყვანა? - იკითხა გალეომ. 
- აბაა! - მიმიმ წარბები აზიდა. - ღამე დავრჩებიო და საღამოც კი არ იყო, რომ ვაჩეს წამოაყვანინა თავი. - მიმიმ წამით იყუჩა. - მაინც ვერიდები და არ ვუშვებ, რომ მარტო იაროს. 
მიმიმ კიდევ რაღაცაზე საუბრობდა, დეტექტივის ჩაფიქრებული მზერა კი ქირურგის გარდა, მხატვარმაც შეამჩნია. 
- ჰა, ამოღერღე ახლა, რა მოხდა სინამდვილეში. - როგორც კი მიმი გავიდა მაშინვე მხატვარი გალეოს სიახლოვეს ჩამოჯდა. 
- კიბიდან დავგორდი მეთქი და მეტი რა გითხრა, აბა? - მიუგო გალეომ. 
- და რაღაც სხვანაირად დაინტერესდი დიმეოს გუშინდელი სახლში მოსვლით, თუ მომეჩვენა? - კვლავ ჩაეკითხა მხატვარი. 
- რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა გალეომ. - ალბათ, მოგეჩვენა. 
- ჰო ისე. - ღიმილით ჩაურთო ქირურგმა. - მსგავსი მოჩვენებები, მეც დამეწყო. 
- ალბათ, ასაკის ბრალია. - ჩაიქირქილა მხატვარმა.
გალეომ ამოიხვნეშა და თავი გააქნია. 
- რა იყო? - არ მოეშვა მხატვარი. - არ გვენდობი?
- ნდობა, რა შუაშია? - მიუგო დეტექტივმა. - უბრალოდ, არც თქვენი საფრთხეში ჩაგდება მინდა და არც მიმიმ მინდა რომ ზედმეტად ინერვიულოს.
- და, მაინც? - ქირურგი და მხატვარი, ერთდროულად მიაჩერდა დეტექტვს. 
- წუხელ, აქ რომ მოვდიოდი. - დაიწყო გალეომ. - მანქანიდან გადმოსვლისთანავე დამხვდნენ. თვალიც კი ვერ მოვკარი, ისე ჩამომაცვეს თავზე, სადღაც წამათრიეს და მაგრადაც მიმბეგვეს, მაგრამ მიმის ხომ არ ვეტყვი ამას? 
- და ვერც კი ხვდები ვინ იყვნენ, ან ვისგან? - კვლავ დაუსვა კითხვა მხატვარმა. 
- მოდით, რაა. - მიუგო დეტექტივმა. - ასე ყველაფერში ნუ ჩაერევით. ხომ ხვდებით, რატომაც ვამბობ ამას? 
- და დიმეოს მისვლა მოსვლაზე, ასე რატომ ჩააცივდი? - კვლავ არ მოეშვა მხატვარმა. 
- ჰოოო... - დეტექტივმა წამით იყუჩა. - როგორც მიმიმ გვითხრა, გუშინ დიმეო, თურმე ვაჩეს მოუყვანია სახლში და თანაც, საღამოსკენ. 
- ჰო, მერე? - არ აცლიდა მხატვარი. 
- მერე ის, რომ. - განაგრძო დეტექტივმა. - ბავშვმა სულ სხვანაირად მითხრა და არ მომწონს ეს ტყუილი, რადგან დავუნახივარ, თუ როგორ ჩამტენეს მანქანაში, გადაუღია კიდევაც მობილურით ყველაფერი. კიდევ კარგი, თავისი ტელეფონი დამიტოვა და არც არავისთვის უთქვამს. 
- ჭკვიანი ბავშვია, არავის ეტყვის. - დაუმატა ქირურგმა. - თუმცა, საკმაოდ ხიფათში კი ჩაუგდია თავი, მობილურით რომ გიღებდა.
- იმედია, ბავშვი არავის შეუნიშნავს. - ჩაურთო მხატვარმა.
- ფაქტია, რომ დიმეო, მართლა არავის დაუნახავს. - მიუგო დეტექტივმა.
- მაგრამ შენ მაინც, კიდევ რაღაც არ მოგწონს, ხომ? - ჩაეკითხა მხატვარი.
- დრო არ ემთხვევა. - ჩაფიქრებული ხმით უპასუხა დეტექტივმა. - მიმის, გვიან შევპირდი სტუმრობას, სახლში წასვლამდე შემოგივლი-თქო. 
- და დიმეომაც, მაგ დროს დაგინახა, აქ რომ მოხვედი? - ცინიკურად იკითხა მხატვარმა. - და მერე, რა იყო ამაში ასეთი?  
- დიმეო სახლში, ჯერ კიდევ, საღამოს დადგომამდე მოიყვანეს. - მიუგო დეტექტივმა. - და როგორც ვიცით, მიმი მარტო არსად უშვებს და რა უნდოდა ბავშვს, გვიან ღამით, უკვე ლამის, თორმეტი საათი ხდებოდა, გარეთ და თანაც, ავტოფარეხში? 
- მდაა. - ამოიხვნეშა ქირურგმა. 
- და თვითონ, რა გითხრა? - ისევ იკითხა მხატვარმა.
- ძანესგან დედამ რომ მომიყვანაო, მობილური მანქანაში დამრჩენიაო და მაგიტომაც ჩავედიო და კიდევ, ვიმეორებ, მიმი მარტოს, არ ჩამოუშვებდა ასეთ დროს, თავადაც ჩამოჰყვებოდა. 
- ან სულაც, დაცვას სთხოვდა. - დაუმატა ქირურგმა.
გალეომ უხმოდ დაუკრა კვერი.
- რაღაცას ხლართავს ეს მაიმუნი. - თავი გააქნია მხატვარმა. 
- იქნებ, შენ უფრო გენდოს. - გალეომ მხატვარს გახედა. 
- და მომიყვება, რამეს? - ჩაეცინა მხატვარს.
- მთავარია, ბიჭმა ამ თავის პატარა საიდუმლოებებითა და ბავშვური უბრალო ეშმაკობებით, არაფერი მოიწიოს. - ჩაფიქრებული ხმით დაურთო ქირურგმა.
- აი, სწორედ მეც ეგ მაფიქრებს. - დაეთანხმა გალეო. 
- და ვითომ, მე მეტყვის? - ეჭვიანად გამოხედა ორივეს მხატვარმა. 
დიმეო კი ამ დროს ჩუკისთან ერთად, ერთ-ერთი კლინიკის პარკში სეირნობდა. დიდი ხვეწნითა და მოწიწებით სთხოვა ადვოკატს დნმ-ს ანალიზის ჩატარებაზე დახმარება. მანამდე კი დეტექტივს სთხოვა შუამდგომლობა, როცა მობილურის ჩანაწერი გაუწოდა.
- დიმე. - უხსნიდა ჩუკი. - განა არ დაგეხმარები, მაგრამ ხომ იცი, არ მინდა რომ მერე მიმის ეწყინოს და რამე ისე არ გამოვიდეს. 
- და რატომ უნდა ეწყინოს? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - მე ხომ სიურპრიზს ვუმზადებ? 
- მის ზურგსუკან რომ ვმოქმედებთ, ეს მაინც არ მომწონს. 
- წინასწარ არ მინდოდა, რომ იმედი მიმეცა. იქნებ, უბრალოდ დამთხვევაა და თუ მართლა ის მოხუცი ქალი, ჩვენი ნათესავია, მაშინ დედიკოც ხომ გაიხარებს! ბოლოს და ბოლოს, ის მაინც ეცოდინება, ვინ არის და ვისი გვარის არის. 
- მაგაში გეთანხმები. - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - ტყუილი იმედები სულაც არ გვჭირდება, მაგრამ ის ბებო დაგვეთანხმება რომ ანალიზი ავუღოთ? 
- მე უკვე დავითანხმე! 
- ჰმ. და როგორ მოახერხე? - გაეცინა ჩუკის და სანამ პასუხს მიიღებდა, კლინიკის კარი გაიღო და იქიდან თეთრხალათიანმა გოგონამ ხელიც დაუქნია, მოდითო.
როგორც ჩანდა, ჩუკის აქ კარგად იცნობდნენ. ლამის ყველა ესალმებოდა და თბილად მოიკითხავდა. თუმცა, რატომღაც ყველა სინანულით და სევდიანი თვალებით უქნევდა თავს. 
- და, ონკოლოგიურ განყოფილებაში, რატომ მოვედით? - გადაუჩურჩულა ბიჭმა ჩუკის. 
- ნუ, თუ ჩავთვლით იმას, რომ კლიენტი, არასრულწლოვანია და მაინც დაჟინებით მოითხოვს, თავისი პატარა ცხვირის, დიდების საქმეში ჩაყოფას, მაშინ უმჯობესია, რომ მივმართოთ ნაცნობებსა თუ ახლობლებს. - ღიმილით მიუგო ჩუკიმ. 
დიმეოსაც ჩაეღიმა. 
მოსაცდელში, ერთ-ერთი კაბინეტის კარი გაიღო, ვიღაც თეთრხალათიანმა ჩუკის უხმო და რაღაც გადასცა. 
- აბა, წავედით! - უთხრა ჩუკიმ ბიჭს.
- სად? 
- იმ ხალხთან, ვინც უნდა გავატაროთ ამ ტესტზე.
პასუხად დიმეოს ისეთი სახე მიეცა, რომ თითქოს უკვე აღარ უნდოდა და უკანაც იხევდა. 
- რა იყო? - ჩაეკითხა ჩუკი. - თუ გადაიფიქრე, არ არის პრობლემა.
- არა, არ გადავიფიქრე, მაგრამ... - დიმეომ მზერა აარიდა. 
- დიმე. - ჩუკი ბიჭისკენ დაიხარა. - იქნებ, უფრო გასაგებად ამიხსნა, რა ხდება და გპირდები, რომ არავის ვეტყვი. 
- არ მინდა, რომ ჯერ ვინმემ იცოდეს იმ ქალზე. 
- და არც გინდა რომ გამიმხილო, თუ სად ცხოვრობს, არა? - ჩუკის გაეცინა. 
დიმეომ მდარედ გაუღიმა. 
- დიმე მითხარი, რა ვქნათ და ისე მოვიქცეთ, როგორც შენ გინდა. 
დიმეო წუთით ჩაფიქრდა და მერე ჩუკის მიუგო: 
- კარგი, წავიდეთ ერთად, მხოლოდ ვითომ შენ ექიმი ხარ. 
- ნუ, რა გაეწყობა! - გაეცინა ჩუკის. - ვიქნები ექიმი და ისე, ბატონო დიმეო, თერაპევტი თუ ქირურგი? 
- პედიატრის გარდა, ყველაფერი წავა. - ღიმილით მიუგო დიმეომ.
- და სავარაუდოდ, არც ფსიქიატრი უნდა გვინდოდეს.
- არა, არა! - გაეცინა დიმეოს. - ფსიქიატრიც არ გვინდა. 
- მაშინ, თერაპევტი უფრო მისაღებია და რა უნდა გავაკეთო, ან რა კითხვები უნდა დავუსვა, ბარემ სანამ მივალთ, გზაშივე მავარჯიშე. - ეღიმებოდა ჩუკის.
მოხუცი საკმაოდ გაოცებული დარჩა, როცა დიმეომ აუწყა, რომ საუკეთესო ექიმი მოგიყვანეო, თანაც დაუმატა, ჩემი მეგობარიაო. 
- შენ ჯერ, მიწასაც არ აცილებიხარ და შენ მეგობარი, საუკეთესო ექიმი, როგორ გამოდის? - ცინიკურად მიუგო ქალმა. 
- ახალგაზრდა, ნიჭიერი პროფესორია! - დიმეომ ჩუკის გახედა, ამყევიო. 
- დიახ, ასაკი ნამდვილად არ მეტყობა. - კვერი დაუკრა ჩუკიმ. 
- ახალგაზრდა... ნიჭიერი პროფესორი... - მოხუცმა ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. 
- აბა, რომელ წამლებს სვამთ? - ჩუკი საწოლთან ჩამოუჯდა და სერიოზული სახით მიმართა. 
- წამლებს მამამლივით კი არ ვყლაპავ! - ჩაეცინა ქალს. - წნევის გაზომვისას, ისევ ლაილა თუ დამაძალებს...  
- მომვლელია. - აუხსნა დიმეომ ჩუკის. 
- ჰოო, წამალი ყოველთვის არც არის საჭირო. - კვერი დაუკრა ჩუკიმაც. - და ისე, რა გაწუხებთ? 
- მე რა მაწუხებს?! - ქალს გულიანად გაეცინა. - იქეთ ვაწუხებ დედამიწას! იქ მკვდრებს ვაკლივარ და აქ ცოცხლებს კი ჩემი დანახვაც არ უნდათ და იცი რაა?! - ქალმა ხმას აუწია. - არც მე მინდა მათი დანახვა და მორჩა! 
- ნება თქვენია. - დაეთანხმა ჩუკიც. - ვისი დანახვაც არ გვინდა, ნუ გვინდა. 
მოხუცს ჩაეღიმა, მერე სათვალე მოირგო და უცხო სტუმარს დააკვრიდა. 
- შენ ისეთივე ექიმი ხარ, როგორც მე... - ქალი წამით შეყოვნდა. - როგორც მე მეტალურგი, ჰა, ჰა!
ჩუკისაც გაეცინა და ოდნავ წამოწითლდა კიდეც დიმეო კი უხერხულად აიწურა.
- დიახ, არ ვარ ექიმი! - აღიარა ჩუკიმ. - ადვოკატი ვარ, მაგრამ სიცხის გაზომვაც ვიცი და წნევისაც. 
- უჰ! დიდი შეღავათი. - ცინიკურად მიუგო მოხუცმა. - სიცხე, არ მაქვს და წნევას კი დილა-საღამოს, ლაილაც მიზომავს. 
- წნევის გაზომვა, რა პრობლემაა? ეგ ყველას შეუძლია. - მიუგო ჩუკიმ. 
- ლაილას გარეშე, მაინც არ გამომდის. - მოხუცმა ამოიხვნეშა. - მარტო ვერ ვიზომავ.
- რატომ? - გაიკვირვა ჩუკიმ. – დღეს უკვე ისეთი წინსვლაა ტექნიკურ სფეროში, რომ ელექტრო წნევის აპარატიც არსებობს, რომელიც ზუსტად წერს ციფრებს, ასევე ხმოვანი შეტყობინების ჩართვაც შესაძლებელია, სისხლში შაქრის რაოდენობის გაზომვაც კი შეიძლება სახლის პირობებში და ასე შემდეგ. 
- მართლა? - მოხუცმა წარბები აზიდა. - და ლაილამ ნეტა რატომ არ იცის, ამ უახლესი ტექნოლოგიის გარღვევაზე ნეტავ? 
- ალბათ, არ დაინტერესებული. - მიუგო ჩუკიმ. - თუმცა, არც იმდენად იაფია. 
- მე გიყიდი! - შემართებით მიმართა დიმეომ. 
- ოჰ! - ჩაეცინა მოხუცს. - არც იმდენად ღარიბი ვარ, რომ ერთი წესიერი წნევის აპარატი ვეღარ ვიყიდო! 
- მაშინ მე მოვიტან! - კვლავ უკან არ იხევდა ბავშვი.
- პენსიაზე, გაგატან ფულს და ყველაზე საუკეთესო შემირჩიე. 
- კარგი. - დაეთანხმა დიმეო, თუმცა გულში ჩაეღიმა, სულაც არ დაელოდებოდა მოხუცის პენსიას, თავად უყიდდა ყველაზე საუკეთესოს. 
- და შენ რაო, რა მითხარი? - მოხუცი ახლა ჩუკის მიუბრუნდა. - ადვოკატი ვარო? 
- დიახ! 
- და ადვოკატები და ვექილები, რაში მჭირდება? - ცინიკურად მიუგო ქალმა. - რამე მაქვს დასატოვებელი თუ? იქნებ, ამ სხვენიდანაც მასახლებთ? 
- არსადაც არ გასახლებთ. - გაუღიმა ჩუკიმ. - დიმეოს მეგობარი ვარ, ოჯახის ახლობელი.
- აჰა, ესე იგი, ოჯახის ადვოკატი. - დაასკვნა ქალმა. - ძალიან კარგი. 
დიმეომ ღიმილით გააპარა თვალი ჩუკისკენ, ამით აგრძნობინა რომ მოხუცი არ ბრაზდებოდა ახალი სტუმრის დანახვაზე. 
- რას ითხოვ ბიჭო?! - მოხუცმა დიმეოს გადახედა. - განა რა ქონება მაქვს რომ შენ დაგიტოვო? 
- მე... მე არაფერი მინდა. - დაიბნა ბავშვი. 
- არანაირი ქონებრივი პრეტენზია და არც სხვა რამ პრეტენზია. - ჩაერია ჩუკი. - უკვე ხომ გითხარით, დიმეოს მეგობარი ვარ. 
- და, მერე რა? - მკვახედ მიუგო ქალმა. 
- ბიჭს სურს რომ თქვენთან, ნათესაური კავშირი დაამტკიცოს და ამისთვის დნმ-ს ანალიზია საჭირო.
- მეტი საქმე არ მაქვს, ახლა პოლიკლინიკაში მატარო, ანალიზების ჩასაბარებლად! - იწყინა ქალმა. 
- პოლიკლინიკაში სირბილი, ნამდვილად არ მოგიწევთ. - დაამშვიდა ჩუკიმ.
- და მაინც, რის დამტკიცებას ცდილობ, ბიჭო შენ?! - მკაცრად შეუტია მოხუცმა. 
დიმეო აიწურა.
- რაა?! - განაგრძო ქალმა. - სურათები, არ ნახე? მეტი, რაღა მტკიცებულება გინდა?
- რა სურათები? - იკითხა ჩუკიმ. 
ქალმა უკმაყოფილო სახით, ხელით მიანიშნა. 
ჩუკი წამოდგა, ლამაზ პატარა როიალზე შემოწყობილი, ძველებურ ჩარჩოებში, ძველ, შავ-თერ ფოტოებს ჩააჩერდა და მერე გაოცებისგან დიმეოსაც გახედა.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა, თითქოს აინიშნა, აი ხომ ხედავ ტყუილად არ ვცდილობო. 
- მართლაც საოცარი მსგავსებაა. - ჩუკი ხან ფოტოს აკვირდებოდა და ხან კვლავ დიმეოს. 
- აბა მაშინ, რა ანალიზები მომინდომე? - უკმაყოფილოდ მიახალა მოხუცმა. - არსადაც არ წამოვალ! ვისაც აინტერესებს ჩემი ნახვა, თავად მოვიდეს აქ! 
- დამშვიდდით ქალბატონო. - ჩუკიმ მოხუცის დამშვიდება სცადა. - არავინ არაფერს გაიძულებთ, მხოლოდ ამ პატარა ბიჭის ინტერესებს ვიცავ და მაგიტომაც ვარ აქ. 
- რის ინტერესებს იცავ შენ? ან რა სჭირს ამ ბავშვს, ასეთი დასაცავი? - კვლავ უკმაყოფილო ხმა ჰქონდა მოხუცს. - ამას ისეთი მამა ჰყავს, არავის დაცვა არ სჭირდება! 
- დიახ, სრულიად გეთანხმებით. - ჩუკიმ კვერი დაუკრა. - თუმცა, თუ თქვენ უარს არ გვეტყვით და... - ჩუკიმ ჯიბიდან ტესტისთვის პატარა შეკვრა ამოიღო. 
- ეს რა არის? - ცინიკურად აღნიშნა ქალმა. - ყურები უნდა გამომიწმინდო? 
ჩუკის გაეცინა და აუხსნა, თუ როგორი მარტივი პროცედურა იყო და ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, მაინც შეატყობინებდა. მოხუცი უყოყმანოდ დაეთანხმა, თუმცა მაინც ვერ მიმხვდარიყო, თუ რა საჭირო იყო ამის გაკეთება, რადგან როგორც თავად ამტკიცებდა, ფაქტი სახეზე იყო და ეს ფაქტიც, მართლაც არ იყო საფუძველს მოკლებული. 
მსგავსება იმდენად იდენტური იყო, რომ ჩუკიმაც ვერ დაფარა გაოცება, ამიტომაც უფრო მეტად გადაწყვიტა ბავშვს დახმარებოდა, თუმცა თავიდანვე ეს ყველაფერი ბიჭის ახირება ეგონა და მაინც არ უთხრა უარი, ისე დაუდგა გვერდში, თანაც იმაზეც ეღიმებოდა, რომ დეტექტივმა ისეთი ხმით სთხოვა დიმეოს დაეხმარეო, თითქოს მართლაც რაღაც სერიოზულ დავალებაზე აგზავნიდა. ადვოკატს დიმეოსთვის ზედმეტი შეკითხვები არც დაუსვამს, ისე აუსრულა წადილი. გულში უხაროდა, რომ ფიფოს ოჯახის ყველაზე პატარა და ასეთ ჭირ-ვარამ გადატანილ წევრს, რაღაცით მაინც ხომ მოგვრიდა სიხარულს, ამიტომაც უყოყმანოდ შეუსრულა თხოვნა და სახტად დარჩა, როცა აღმოაჩინა რომ დიმეო, სულაც არ სცდებოდა და მართლაც არ იყო ეს რაღაც ბავშვური ახირება. ძველი ფოტოდან მომზირალი სერიოზული და ნაღვლიან თვალებიანი ბიჭი ძალიან ჰგავდა დიმეოს, როგორც გარეგნულად, ისე სახის გამომეტყველებითაც და ამ ერთი შეხედვითაც ძალიან დიდი პროცენტით იკვეთებოდა მათი ნათესაური კავშირი, თუმცა ზოგჯერ მსგავსი სიტუაცია, მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევა ყოფილა და მეტი არაფერი.
ჩუკის დახმარებით, ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც საჭიროება მოითხოვდა და რადგანაც მიმისთვის ეს სიურპრიზი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისგან, ასე უჩუმრად ვერანაირ ტესტს ვერ აიღებდნენ და აქ ისევ დიმეომ ითავა, რომ თავისივე დნმ-ი შეედარებინათ, იმ ვიღაც უცხო ბებოსთან, რომელთანაც რაღაც კავშირი, როგორც ჩანდა, უთუოდ უნდა ყოფილიყო.
LEX. 2022 წლის 22 აგვისტო, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment