Friday, July 15, 2022

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 138)

138. 
- ოხ! - დიმეოს დანახვაზე ცინიკურად შეიცხადა მოხუცმა. - ბიჭო შენ გინდა, რომ შიშისაგან გული გამიჩერდეს, ასე მოულოდნელად რომ გამომეცხადე? 
დიმეოს ენა ჩაუვარდა, ხმაც კი ვერ ამოიღო.
- რას მიყურებ? განა მართლა შენი შემეშინდა, მაგრამ ისე უეცრად გაჩნდი. 
- ტორტი მოგიტანეთ. - წაიკნავლა ბავშვმა და ხელში დაჭერილ კოლოფზე მიანიშნა. 
- რა ტორტი? - ქალი საწოლიდან წამოიწია. 
- ჩემი დაბადების დღე იყო და ტორტი მოგიტანეთ. 
- დაბადების დღე გქონდა? მერე რატომ არ დამპატიჟე? ჰა! ჰა!
ქალის სიცილზე, დიმეოსაც გაეცინა. 
- თუ ბებრებს აღარ ეპატიჟებიან დაბადების დღეებზე? ა? 
ბიჭმა არაფერი უპასუხა, კვლავ ტორტით ხელში იდგა და აღარ იცოდა უფრო ახლოს მისულიყო, თუ სად წაეღო ეს ძღვენი. 
- და თუ იცი, რატომ აღარ ეპატიჟებიან ჩემნაირ ბებრებს დაბადების დღეებზე? - ჩაეკითხა ქალი.
- ალბათ... ალბათ იმიტომ რომ მისი ტოლი იქ არავინ იქნება. - კვლავ დაბალი ხმით მიუგო ბიჭმა. 
- ჰა, ჰა! სწორია! ყველა ჩემი ხნისას უკვე რა ხანია ჯოჯოხეთში გააქვთ გნიასი, მარტო მე შემოვრჩი... თითქოს, მართლაც ცას გამოვეკერე. - დაასრულა ჩურჩულით და მერე უცებ მთელი ხმით შეუძახა ბიჭს. - რას დაყუდებულხარ?!
დიმეო უცებ შეხტა. 
- ჰმ. მშიშარაც ყოფილხარ, თურმე. მოდი აქ! აბა ერთი მაჩვენე, როგორი ტორტი უნდა მაჭამო! 
დიმეო ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ისე ნელა მიდიოდა, თითქოს ფეხები უკან რჩებოდა. ტორტი იქვე კომოდზე დაუდო და ის იყო, უკან გამოწევას აპირებდა, რომ ქალი ხელებში ჩააფრინდა და მარწუხებივით ისე ძლიერ მოუჭირა, რომ ბიჭს შიშისგან ლამის სული გასძვრა. 
- შენ ნამდვილი ხარ? - ქალმა ახლა ბიჭს თვალებში ჩახედა. - მოჩვენება მეგონე.
დიმეო შიშისგან ხმას ვერ იღებდა. 
მოხუცმა ერთი ხელი უშვა, თუმცა მეორეთი ჯერ კიდევ მაგრად იჭერდა, კისერზე ჩამოკიდული სათვალე მოირგო და ბავშვს თვალებში ჩახედა. 
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა ქალმა და კვლავ ორივე ხელით ჩააფრინდა. - მართლა ნამდვილი ხარ, თუ მეჩვენება? იქნებ მძინავს, ან აგონიაში ვარ? 
დიმეომ უარის ნიშნად თავი გააქნია, მაგრამ ხმა მაინც ვერ ამოიღო. 
ქალი საშინლად მოიღუშა, დანაღვლიანდა. ხელები უშვა და როგორც იქნა, დიმეოც გათავისუფლდა ამ მოხუცის მარწუხებიდან. წამის წინ იქიდან გაქცევას ლამობდა, მაგრამ ახლა რატომღაც, ადგილიდან არ იძვროდა. 
- რეინკარნაცია... - ნაღვლიანად ამოიოხრა ქალმა. 
- რეინკარნაცია არ არსებობს! - მტკიცე ხმით მიუგო ბიჭმა. 
- აბა, ახლა ეს რა არის? - ჩაეკითხა მოხუცი. 
- მე არ მჯერა! 
- ჰოო? - წარბები აზიდა ქალმა და დამცინავად მიუგო. - მაინც, რატომ? 
- არ არსებობს და იმიტომ! 
- ვითომ, რატომ? ჰმ, რადგან შენ არ გჯერა, იმიტომ? 
- მართლა დაუჯერებელია, როგორ უნდა ჩამისახლდეს სხვისი სული, როცა მე, მე ვარ და ის, ის არის, მაშინ მე სად წავედი, თუ იმის სული მაქვს? სად არის ჩემი სული? შეერია? 
- ჰმ, იქნებ შეერია კიდეც! - ეღიმებოდა ქალს. 
- ჰო, აი! ესე იგი, არ არსებობს, რადგან შერეული უკვე აღარ გამოვა ის რეინკარნაცია. 
- ჰმ! უყურე შენ წრიპავ, როგორ სწორად მსჯელობ, თუმცა რეინკარნაცია რომ არსებობდეს, ახლა შენი შემხედვარე, არც გამიკვირდებოდა. 
დიმეო ვერაფერს მიხვდა. 
- მაგრამ რადგან არ გჯერა. - განაგრძო ქალმა. - იქნებ, მართლაც არც არსებობს? ან არსებობს და შენ არ გჯერა? 
ბიჭმა მხრები აიჩეჩა. 
ქალი ახლა უფრო მეტად ჩააკვირდა ბავშვს სახეში. 
 - დაუჯერებელია. - მოხუცმა კვლავ გაკვირვებით შეათვალიერა ბავშვი. მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლმორეული ხმით უთხრა. - შენ შემოგევლოს ბებო. 
დიმეო გაოგნებული იდგა და ახლა უფრო მეტად შეებრალა ეს მოხუცი მარტოხელა ქალი, რომელიც ახლა ხელებს და თითებს უსინჯავდა. 
- პიანისტს უხდება ლამაზი გრძელი და თლილი თითები. 
- კარგად ვუკრავ! - მკვირცხლად მიუგო ბიჭმა. 
- ჩემი მოსწავლე ხარ და აბა, ცუდად ხომ არ დაუკრავ? სირცხვილიც იქნება ეს! ჩემი, როგორც ქალაქში საუკეთესო პედაგოგის შერცხვენა!
პასუხად დიმეომ გაუღიმა. დარწმუნებული იყო მოხუცი ისევ თავის წარსულში იყო ჩარჩენილი. 
- დედაშენის თვალები გაქვს. - ქალმა ლოყაზე მოუთათუნა ხელი. - თუმცა მამაჩემის ასლი ხარ, მაგრამ შენ უფრო ღია ფერის თმა გაქვს. 
„დედაჩემის თვალები სულაც არ მაქვს, და არც ვიღაც დიდ ბაბუს ვგავარ. ისე სულ როგორ ვიღაც დიდ ბაბუებს მამსგავსებენ? 
ჰო, ვიცი რატომაც, ახლა უკვე ვიცი. ბაბუდას არ უნდოდა გაემჟღავნებინა რომ დედიკო აყვანილი ჰყავდათ და ამიტომაც იჩემებდა, მამაჩემს გავსო, რადგან არც დედას ვგავარ დიდად და მამიკოს მხარეს კი არც ერთს არ ვგავარ. 
ახლა კიდევ ეს ქალი იჩემებს მამაჩემს გავხარო. იქნებ მართლაც დედიკოს მხრიდან ვგავარ რომელიმე ნათესავს? 
ხომ შეიძლება სულაც ეს ქალი იყოს დედიკოს ნათესავი? როგორ ვკითხო? ძალიან ბებერია იმისთვის რომ დედიკოს ნამდვილი დედა იყოს. და იქნებ, ბებიაა?
საინტერესოა შვილი თუ ჰყავს ამ ქალს? ან იქნებ ახლა აღარც ჰყავს?“ 
- რამ ჩაგაფიქრა?! - შეუძახა ქალმა. - განა ეს შენი თითების თამაშიც გენეტიკური არ არის? 
დიმეო შეკრთა. 
„საიდან იცის რომ თითებს ვათამაშებ ხოლმე? როდისღა დამინახა, როცა ჩემი ხელები უჭირავს და ჯერ კიდევ არ მიშვებს?“ 
- ეჰ, ცხონებულმა მამაჩემმა იცოდა ასე. - ამოიხვნეშა ქალმა. - თვითონ ამბობდა, გენეტიკურიაო, მაგრამ კი აღარ მახსოვს რომელი წინაპრისგან იყო. არც მე და არც ჩემს შვილს არ გამოგვყვა, მხოლოდ ჩემს საწყალ დას ჰქონდა ეს ჩვევა.
- რატომ იყო საწყალი? 
- ხეპრე ქმარი შეხვდა და იმიტომ! - მკვახედ მიახალა ქალმა. - არა, ბოროტი კაცი სულაც არ ყოფილა, მაგრამ უწიგნური, ყველანაირ ინტელექტს მოკლებული, მარტო ჭამა-სმა ადარდებდა. მე და ჩემს დას კი გიმნაზიაც წარმატებით გვქონდა დამთავრებული და ორივეს კონსერვატორიის უმაღლესი ჯილდო გვქონდა მიღებული. ისეთი ლამაზი იყო, ისე მოხდენილად იცოდა ყელის მოღერება და ვინ შეარჩია? ვიღაც გაუნათლებელი ხეპრე, მუტრუკი! 
- თუ კი შეუყვარდა? - გულუბრყვილოდ იკითხა ბიჭმა. 
- მუტრუკი კაცი, როგორ უნდა შეგიყვარდეს? თანაც ასეთ ლამაზ ასულს? აბა ნახე იქეთ კედელზე, ნახე რა ლამაზები ვიყავით. 
დიმეომ მინიშნებული კედლისკენ გაიხედა, სადაც ოვალური ფორმის, საკმაოდ დიდი ზომის ძველებური შავთეთრი ფოტოები იყო გაკრული, საიდანაც თმებში ყვავილებ ჩაწნული ლამაზი გოგონები, ყელ მოღერებულნი და ოდნავ მომღიმარი სახით, სადღაც სივრცეში იყურებოდნენ. 
- მოგეწონე? 
დიმეომ ღიმილით დაუქნია თავი. 
- აბა, რომელი ვარ? მიცანი?
- დიახ, აი აქეთა. 
- ჰმ, როგორი მახვილი თვალი გაქვს. - შეაქო ქალმა. - ხომ ლამაზი ვიყავი? 
- ძალიან. - დიმეოს მართლაც მოეწონა, როგორი ლამაზი ყოფილაო, მაშინვე გაიფიქრა. 
- აბა? რომელს უფრო გვგავხარ? მე თუ ჩემს დას? - ქალმა დიმეოს გაკვირვებულ სახეს, კიდევ უფრო მეტად ჩააშტერდა. - დავბერდი! სკლეროზმაც ცოტა შემომიტია, მაგრამ არ იმდენად ვარ გამოჩერჩეტებული, რომ ჩემი სისხლი და ხორცი ვერ შევიცნო. 
„კი, ნამდვილად დაბერდით ქალბატონო.“
გაიფიქრა ბიჭმა, რადგან კვლავაც დარწმუნებული იყო, რომ მოხუცს ვიღაც თავისი შვილიშვილი ეგონა, რომელიც როგორც ჩანდა, აღარც ნახულობდა და ალბათ, არც შორიდან კითხულობდა. 
ქალმა ხელები და თითები დაუკოცნა ბავშვს და ცრემლები გადმოყარა. 
- ჩემი ნატანჯი ბიჭი. - ქვითინებდა ქალი. - რამდენი იწვალე და იტანჯე.
დიმეო გაკვირვებული დარჩა, საიდან იცოდა ამ ქალმა მისი ისტორია? 
„ალბათ, აქაც მოსწვდა ხმა რომ გატაცებული ვიყავი, მაგრამ როგორ მიცნო? 
ჰმ, რა სულელი ვარ, დედიკო და მამიკო ხომ ყველგან მეძებდნენ და ჩემი ფოტოებიც მგონი ყველგან იყო გაკრული, ეს ქალი კი უთუოდ ტელევიზორში მნახავდა.“ 
- შენს თითებს ვენაცვალე ბები. - ქალმა ცრემლები მოიწმინდა და ახლა მკაცრი გამომეტყველებით მიმართა. - აბა! რას დაუკრავთ ყმაწვილო? 
დიმეო შემცბარი შეჰყურებდა და ძლივს ამოიკვნესა: 
- შეიძლება იმ ფორტეპიანოზე დაკვრა? 
- და აბა, რისთვის არის? იმისთვის, რომ იდგეს და ვუყუროთ? - გაეცინა მოხუცს. - მიდი ერთი, აბა თუ გახსოვს დაუკარი რაც გასწავლე. 
დიმეო ინსტრუმენტისკენ დაიძრა, მაგრამ მაშინვე უკან მოხედა: 
- რომელი ნაწარმოები დავუკრა? 
- შენ რომელი კომპოზიტორი უფრო გიყვარს? 
- მგონი, ყველა. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. 
- ჰმ, როგორც ყოველთვის ერთი და იმავეს მპასუხობ, მე კი მაინც გისვამ ამ შეკითხვას. 
დიმეოს ცალყბად ჩაეღიმა და კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში, რომ მოხუცს ბავშვი, ნამდვილად ვიღაცაში ეშლებოდა. 
- დაუკარი! ბოლოს რაც გასწავლე, ის! – „ბრძანება“ გასცა ქალმა. 
ნეტა რომელი ან ვის რა ასწავლეო, გაიფიქრა ბიჭმა და ინსტრუმენტს სარქველი ფრთხილად ახადა. 
ძველებური, მაგრამ კარგად მოვლილი და შენახული, საკმაოდ მდიდრული და ოქროთი მოვარაყებული პატარა როიალი, საუცხოო ხმითაც გამოირჩეოდა და ბიჭი, კლავიშებს ვეღარ წყვეტდა ხელებს. ერთ ნაწარმოებს მეორეც მიაყოლა და ვეღარ ჩერდებოდა. თავადაც ჰქონდა ძველებური, ამის მსგავსი და ისიც ასეთივე პატარა როიალი, მაგრამ ეს ინსტრუმენტი, მართლაც რომ არაჩვეულებრივი იყო. 
- ყოჩაღ! - შეაქო მოხუცმა. - მშვენივრად უკრავ, როგორც ყოველთვის! 
„როგოც ყოველთვის.“ 
ჩაეღიმა ბიჭს და თან შეიფერა შექება. 
- მაგრამ არ იფიქრო, რომ შეცდომებს არ უშვებდე! - თითი დაუქნია ქალმა. - ცოტა, ზომაზე მეტად ჩქარობ. თითქოს, ერთი სული გაქვს რომ დროზე გახვიდე ბოლოში. 
დიმეოს კვლავ ჩაეღიმა. სწორედ ასეთ შენიშვნებს იღებდა ხშირად. 
- სულ ამაზე მქონდა შენთან შენიშვნა, რომ ნუ ჩქარობ! ნუ ჩქარობ! - კვლავ განაგრძობდა ქალი. - აბა ის ბოლო პასაჟი დაუკარი თავიდან. 
დიმეომ თხოვნა შეუსრულა, მოხუცი კი რამდენადაც კმაყოფილი იყო, ბიჭის შესრულებით, იმდენად კვლავ და კვლავ ნუ ჩქარობო და თანაც, სულ ასე იცი ხოლმეო. 
- სწორედ ეგ არის შენი მთავარი ნაკლი, რომ ვერ ითმენ, თუმცა საოცარი ნებისყოფა და მოთმინების უნარი გაქვს და მაინც კლავიშებს რომ ეხები, ზედმეტად ჩქარობ, თითქოს ერთდროულად გინდა ყველა კლავიშს გასწვდე! ყველა ნაწარმოები გინდა ერთი ამოსუნთქვით დაუკრა! - ქალი წამით გაჩუმდა. - ჩემი საოცარი ბიჭი. - ამოიხვნეშა ბოლოს. 
დიმეო კვლავ გაოგნებული იყო, ეს მოხუცი თითქოს მართლაც იცნობდაო, ისე ზუსტად აღწერდა მის ხასიათსა თუ ქცევას. 
- აბა ერთი, იქ უჯრიდან კოვზი მომაწოდე! – თითის გაშვერით „უბრძანა“ ქალმა და მის გვერდით მდგარ კომოდის უჯრაზე მიუთითა, თითქოს ძალიან შორს იყო მისგან და ვერ სწვდებოდა. 
ბიჭმა მაშინვე შეუსრულა თხოვნა. მოხუცმა, ბავშვის მოტანილი ტორტი გემრიელად მიირთვა, დიმეოსაც კი ეპატიჟებოდა შენც დამეწვიეო, მაგრამ ბიჭმა ამასობაში კი დრო იხელთა და რაღაც-რაღაცეები გამოკითხა.
აღმოჩნდა, რომ ასე განდეგილად ცხოვრება, თავად ამ ქალის არჩევანი ყოფილა. მშობლიურ მამისეულ სახლში, სადაც მისი ოჯახის რამდენიმე თაობა ყოფილა დაბადებული. ერთადერთ შვილთან და კიდევ სხვა ოჯახის წევრებთან ფაქტიურად გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი, კატეგორიულად არ სურდა არავის დანახვა. რაც შეეხებოდა მომვლელს, სპეციალურად ისეთი ჰყავდა აყვანილი, რომელსაც სხვა ღამის გასათევი არ ჰქონდა, ისიც იქვე ცხოვრობდა, სახლს ულაგებდა, ასაუზმებდა, სადილსაც გამზადებულს უტოვებდა და თან სხვა სამსახურშიც გარბოდა. ქირა და კომუნალურები გადასახდელი არ ჰქონდა, არც საკვები იყო მისი საზრუნავი და თან მცირე ხელფასიც ჰქონდა მოხუცისგან და მთელი დღეც თავისუფალი იყო მისგან, ამიტომაც სხვა სამსახურიც თავისი სურვილით იშოვა. საღამოს შინ დაბრუნებული კი ისევ მოხუცს უვლიდა, თუმცა ქალმა საკმაოდ ამაყად განუცხადა, რომ დიდად მოსავლელიც არ იყო, რადგან ცოტა გაჭირვებითა და ჯოხზე დაყრდნობით, მაინც შეეძლო საწოლიდან წამოდგომა, რაშიც დიმეოს უკვე ცოტა ეჭვიც შეეპარა, რადგან ქალი უკვე ორჯერ ჰყავდა ნანახი და სულ ასე საწოლში ხვდებოდა. 
- თუ ახალგაზრდა გოგოსავით ციბრუტივით ტრიალი არ შემიძლია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დავრდომილი ვარ და საწოლიდან წამოდგომაც არ შემიძლია. - უხსნიდა მოხუცი. - ლაილას ბინის ქირას არ ვახდევინებ, არც კომუნალური გადასახადი აქვს საზრუნავი და არც საჭმელი აკლია და არც სითბო და ამასთანავე, მთელი დღე თავისუფალია, მარტო დილას და საღამოს მჭირდება და ღამითაც, სულ მარტო რომ არ ვიყვე.
დიმეო თავს უქნევდა მესმისო, აბა მეტი რა უნდა ექნა და არც იქიდან წამოსვლას ლამობდა, რატომღაც მშვენივრად გრძნობდა თავს. მოხუცმაც გაიხარა ამ პატარას სტუმრობით და ენას აღარ აჩერებდა. 
- ჰმ, ლაილა, მე შევარქვი. - განაგრძობდა ქალი. - იმიტომ რომ თუ ჩაირთო, ენას აღარ აჩერებს. მაგის ხელში, არც ტელევიზორია საჭირო და არც რადიო, ყველაფერს წუთში მოგიყვება და ისე დაწვრილებით, რომ ბევრ ჟურნალისტს შეშურდება! 
ბიჭს გულიანად ეცინებოდა და თავადაც უკვირდა, როგორ კარგად გაერთო ასეთ მოხუცებულთან ერთად, რომ სულ დაავიწყდა, სახლში რომ იყო წასასვლელი და ახლად შეამხანაგებულ მეგობრებს, მხოლოდ მცირე დროით სთხოვა დახმარება.
დიმეოს მობილურში შეტყობინება შემოვიდა. კლასელი გოგონა წერდა, დედაშენმა დამირეკაო. 
ბავშვს ფერმა გადაკრა, მაშინვე წამოდგა, მოხუცის საწოლს მოშორდა და კლასელს გადაურეკა. 
გოგონამ მალევე გააგონა. 
- და რა უთხარი? - გკითხა დიმეომ. 
- ვუთხარი, რომ ჩემთან ხარ, აბა რა უნდა მეთქვა? და ისიც დავუმატე, რომ ისევ ჩვენ მოგიყვანთ სახლამდე და მაინც მეშინია, არ მოგაკითხოს, როგორმე დროზე მიდი სახლში. - გააფრთხილა გოგონამ. 
მალე მივალო უპასუხა დიმეომ, ტელეფონი გამორთო და მოხუცს გახედა. 
- წასვლა გინდა? - გამომწვევად ჩაეკითხა მოხუცი. 
- მელოდებიან. - მიუგო ბიჭმა. - არ მინდა ვანერვიულო. 
- მერე, რას ანერვიულებ? - გაეცინა ქალს. - ჩემს გასართობად კი არ ამოსულხარ აქ. ისე თუ გინდა, ხანდახან გამეცადინებ ხოლმე და უფრო კარგად დაუკრავ. 
- როგორ არ მინდა! - გაიბადრა ბიჭი და მერე ძაან სერიოზული სახით მიუგო. - ყოველი გაკვეთილის ფულს გადავიხდი, ისე მუქთაზე კი არ ვივლი! 
- ჰა, ჰა! - ქალს გულიანად გაეცინა. - რაში მჭირდება შენი ფული? განა რამე მაკლია. 
- მაშინ რამე გემრიელობებს ამოვიტან ხოლმე. 
- ნუ, მაშინ, კარგი. - კვერი დაუკრა ქალმა. - მხოლოდ ერთად ვჭამოთ, თორემ ამხელა ტორტის ნაჭერი რომ მარტოს მაჭამე, გინდა მერე დიაბეტით მომკლა?
დიმეოს მხიარულად გაეცინა. მერე თანდათან ოთახს დააკვირდა, სხვა გასასვლელ კარს ეძებდა. 
- ლაილა იმ ოთახში ცხოვრობს? - იკითხა ბიჭმა და კარზე მიუთითა. 
- დიახ! ეს მისი ოთახია და არ შეხვიდე! 
- არ შევალ. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. 
ეს ერთადერთი კარი იყო იმ საკუჭნაოს კარის გარდა, საიდანაც თვითონ შემოვიდა აქ და ის ლაილა, თუ ვიღაც, აბა საიდან გადის ან შემოდისო, ფიქრობდა ბავშვი.
- რა იყო? - ჩაეკითხა მოხუცი. - ასე გაინტერესებს სხვისი ოთახი? ჰა, ჰა! რა ჯანდაბად გინდა? 
- სხვისი ოთახი არ მაინტერესებს, უბრალოდ... - დიმეო წამით შეყოვნდა. - უბრალოდ მაინტერესებდა, იმ ოთახიდან თუ იყო გასასვლელი. 
- რა გასასვლელი? ან სად? 
- ქვემოთ. 
- ქვემოთ? ჰაჰ! - ქალმა თვალები დაჭყიტა. - აბა, შენ საიდან მოხვედი? ზემოდან ჩამოფრინდი? 
- მე... მე სხვენიდან ამოვედი... 
- ჰმ. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მოხუცმა. - რამდენჯერ ვუთხარი, ჩაკეტე ეგ ოხერი კარი-თქო, მაგრამ გისმენს ვინმე?! 
„აი, თურმე თვითონ ამ მოხუცს უთხოვნია იქიდან ჩაკეტვა, მაგრამ ვის? ვის სთხოვა? ბაბუს? რა თქმა უნდა ბაბუს, რადგან მას ჰქონდა ის გასაღები დამალული.“ 
- ან შენ! - ახლა ბიჭს მიუბრუნდა ქალი. - რას დაძვრები იმ სხვენში? წესიერად ვერ ამოხვალ ქუჩიდან? 
დიმეომ მხრები აიჩეჩა. 
- წადი ახლა სახლში, დაძინება მინდა. - გამოუცხადა ქალმა. - მხოლოდ ჯერ ეს ბალიში გამისწორე. 
დიმეო ბალიშის გასასწორებლად ახლოს მივიდა, ქალმა კი დრო იხელთა და კიდევ ერთხელ მოიქცია ბიჭის სახე ხელებში და ძალიან დაბალ ხმაზე ჩაიბურტყუნა:
- რა საოცარია... 
დიმეო გაიტრუნა. ვერაფერი უპასუხა. 
ქალმა ბიჭს ხელი უშვა და უფრო ხმამაღლა მიმართა: 
- ლაილას ოთახიდან გადი და ისე ჩადი ქვემოთ და მეორეჯერ! იცოდე, გაფრთხილებ! - თითი დაუქნია ბიჭს. - აღარ იძრომიალო იმ ნანგრევებში და მამაშენს უთხარი, ის კარი, კარგად ჩაკეტოს! 
- მამაჩემს? - გაკვირვება აღმოხდა ბიჭს. 
- ჰო, მამაშენს. - ქალი წამით გაჩუმდა. - აბა, საწყალ დედაშენს არც კი იცნობდი. - ქალმა ამოიხვნეშა. - ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. 
დიმეომ თვალები დაჭყიტა. ერთბაშად უამრავი კითხვა მოაწვა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ახლა შეკითხვას, როცა ამ ქალს, ნამდვილად ვიღაცაში ეშლებოდა. 
- რას დაყუდებულხარ? სახლში არ გეჩქარება? 
დიომეომ უხმოდ დაუქნია თავი და ის იყო ლაილას ოთახისკენ გასწია, რომ ქალმა ისევ დააწია სიტყვა: 
- ხვალაც მოდი, ერთი წესიერად უნდა გამეცადინო! დიმეომ სიხარულით ჩამოირბინა კიბეები და ისიც გაარკვია, რომ ეს სადარბაზო, სადაც მოხუცი სხვენში ცხოვრობდა, მათგან მესამე სადარბაზო იყო და სულ სხვა მხარეს ჰქონდა შესასვლელი.
LEX. 2022 წლის 15 ივლისი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment