19.
გამთენიისას, ბებიამ ფრთხილად გააღვიძა, ხელში კანფეტები ჩაუყარა და თითის ტუჩთან მიდებით ანიშნა, ჩუმად იყავიო. ნახევრად მძინარე ბავშვი, თვალს ძლივს ახელდა, ისე აკნატუნებდა დანატრებულ ტკბილეულს. ამასობაში, ბებიამაც მოასწრო მისთვის, ფეხსაცმლის ამოცმა, მერე ქურთუკიც მოარგო და თავზე ნაქსოვი ქუდიც ჩამოაფხატა. თავად კი დიდი თავშალი თავზე ისე ჩამოიბურა, რომ მთლიან ტანსაც კარგად უფარავდა. მერე ბავშვი ხელში აიყვანა და თავისავე თავშალში, ისე გამოახვია, რომ თავიც კი ძლივს უჩანდა პატარას.
ფრთხილი ნაბიჯებით გამოვიდა ოთახიდან და ასევე ფრთხილად ჩაუარა მომაკვდავი რძლის საწოლს. ტკბილეულით პირგამოტენილმა ბავშვმა, ერთი კი გაიშვირა ხელი მძინარე დედისკენ, მაგრამ ბებიამ ყურში ჩასჩურჩულა:
- დედას თუ არ გავაღვიძებთ, გარეთ უფრო ბევრი საჩუქრები დაგხვდება.
ბავშვიც გაიტრუნა, ბებიას მიენდო. ბებია კი, დიდ თავშალში ასე საგულდაგულოდ გამოხვეულ, გასაყიდად გამეტებულ შვილიშვილის, დიდი ნაბიჯებით, ლამის სირბილით მიარბენინებდა სოფლის ნისლიან შარაზე, სადაც უკვე გზის გასაყართან ელოდნენ ტაქსით.
მანქანასთან მისვლისთანავე, ბებიამ ბავშვი, პლედიდან ამოაძვრინა და უკანა სავარძელზე, მისთვის უცხო, დიდ და ჩამუქებულ სათვალიან ქალს მიუსვა გვერდით. პატარამ, გაკვირვებით ახედა უცნობს. ქალმა თბილად გაუღიმა ბავშვს და პაწაწუნა ხელებში ლამაზ, ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა ქაღალდებში გახვეული ტკბილეული ჩაუყარა, რომელსაც საჩუქრად ზედ კიდევ პატარა სათამაშო, წითელი პრიალა მანქანაც მოჰყვა.
ბავშვი აღფრთოვანებული დარჩა. ბებიამ კი, გაყიდულ შვილიშვილში აღებული თანხა, უმალ გადათვალა და მაშინვე გულის პირში ჩამალა. მერე მანქანის კარიც მიუხურა, ზურგი შეაქცია და მიწას ფეხს არ აკარებდა, ისე მიიჩქაროდა შინისკენ.
მანქანამ ქალაქისკენ აიღო გეზი და ჩამოსვლისთანავე, ჯერ ნაცნობ სალონში შეიარეს. დინას, ცოტა არ იყოს ბებრული კამუფლაჟი, ისევ ახალგაზრდულად შეუცვალეს და თავისი იერი დაუბრუნეს და ახლა უკვე სახლშიც მივიდნენ, სადაც მაკა ექიმი, სულმოუთქმელად ელოდათ.
პატარა ბიჭი გაოცებული, დაბნეული და გაკვირვებული იყო. ჯერ ლამაზ ჯაკუზში, სასიამოვნოდ აჭყუმპალავეს, ახალი და ბევრად უფრო ლამაზი ტანსაცმლით შემოსეს, გემრიელადაც დაანაყრეს. მოგვიანებით კი სტუმრადაც წაიყვანეს. იქაც საკმაოდ თბილად შეხვდნენ, სულ გულში იკრავდნენ. მერე ვიღაც ქალმა და კაცმა, ბავშვს ხელი მოხვია და დიდ, ლამაზ, სულ ნაირ-ნაირი სათამაშოებით ავსილი ოთახში შეიყვანა.
- მოგწონს აქაურობა? - შეეკითხა კაცი.
თვალებგაფართოებულმა ბავშვმა, უხმოდ დაუქნია თავი.
- მიდი, აბა აირჩიე, რომელი სათამაშოც გინდა. - კვლავ ღიმილით მიმართა კაცმა.
ბიჭი კვლავ გაოცებული იდგა, აღარ იცოდა, თუ რომელი აერჩია. მერე ქალმა მის სიახლოვეს ჩაიმუხლა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.
- აქ ყველაფერი შენია, ჩემო პატარავ.
ბავშვს სასიამოვნოდ ჩაესმა ყურში.
„ხელებიც როგორი თბილია აქვს...“
გაუელვა ბიჭს.
„ჩემი დედიკოსავით... დედიკოსავით... დედიკო...“
ბავშვს მაშინვე თვალწინ წარმოუდგა საწოლზე მისვენებული, გაფითრებულ სახიანი დედა, რომელიც უკვე კარგა ხანი იყო, ნაღვლიანი ღიმილით ასაჩუქრებდა ბიჭს და მეტს, ვერაფერს პირდებოდა.
- ჩემი დედიკო მინდააა!!! - უცებ აღრიალდა ბავშვი.
ცოლ-ქმარი საშინლად შეწუხდა. ახლა უფრო მეტად ეფერნენ ბავშვს და დედასთან წაყვანას შეპირდნენ.
- მხოლოდ, ჯერ მოდი ატრაქციონები ვნახოთ. - დაუყვავა კაცმა. - სანამ ქალაქში ხარ, თორემ სოფელში ეს გართობა, არც გექნება ნანახი.
ბავშვი კვლავ ზლუქუნებდა.
- დამშვიდდი პატარავ. - ახლა ქალმა ჩაიხუტა გულში. - შენ აუცილებლად გეყოლება დედიკო! ყველაზე კარგი დედიკო!
- და ყველაზე კარგი მამიკო! - ღიმილით დაურთო კაცმა. - აბა წავედით! - ბავშვს ხელი დასტაცა და სიცილით ჰაერში ააფრიალა.
ბიჭს ცოტა გულზე მოეშვა. დარწმუნებული იყო, რომ დედასთანაც წაიყვანდნენ. მანქანაშიც ძალიან გამხიარულდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა კაცმა კალთაში ჩაისვა და მანქანის საჭის „მართვა“ მოუწია. მერე კი, ფერად-ფერადი ლამპიონებით გაჩახჩახებულ ატრაქციონებმა ხომ სულ დაავიწყა, რისთვისაც ტიროდა. უამრავმა კარუსელმაც თავბრუ დაახვია და მანქანაშიც, ისე ტკბილად ეძინა, რომ არც გაუგია, როგორ მიიყვანეს ახალ სახლში და როგორ ჩააწვინეს ლამაზ საწოლში.
- რა საყვარლად სძინავს, არა? - წაიჩურჩულა საწოლთან შორიახლოს მდგარმა ქალმა.
- მგონი, მართლა გაგვიმართლა. - ღიმილით მიუგო კაცმა. - არ ჩანს ცუდი ბავშვი.
- ბავშვი, ყველა კარგია, მაგრამ კარგად აღზრდა და სწორი მიდგომა უნდა.
- სითბოს და სიყვარულს არ მოვაკლებთ და დანარჩენი, უფალს მივანდოთ. - კაცმა ცოლს გამოხედა. - თუ დაგვიფასდება, დაგვიფასდეს და თუ არა და, ღმერთმა თავად იცის.
- მართალი ხარ. - უპასუხა ქალმა. - საწყალ ობოლ პატარას, თუ ცოტაოდენ სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებთ, აბა ამისთვის, რატომ უნდა დავისაჯოთ?
- მოკლედ, ვიტოვებთ? - ჩაეკითხა კაცი, თუმცა თავად უკვე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. სულ რამდენი საათი გაატარა ამ პატარა ბიჭთან და საოცარი გრძნობა გაუჩნდა.
- რა თქმა უნდა, ვიტოვებთ! - მყისვე მიუგო ქალმა. - ამაღამვე დავურეკავ პასუხზე და ხვალ დილიდან, უკვე ყველა საბუთს უნდა მოვაწეროთ ხელი!
- კი, კი! - თავი დაუქნია კაცმა. - ოფიციალურად უნდა ვიშვილოთ, რომ მერე, პრობლემატური არ გახდეს ეს ყველაფერი!
- ისე, რატომ უნდა გახდეს? - მხრები აიჩეჩა ქალმა. - თუ კი დედა, მშობიარობას გადაჰყვა, მამა კი, ჯერ კიდევ ცოლის ორსულობის დროს დაღუპულა და ახლა, ერთადერთი მომაკვდავი ბებიაღა დარჩა, რომელიც თანახმაა გაშვილებაზე.
- იცი, რომ ბავშვისთვის სახელის გამოცვლაც, აქეთ შემოუთავაზებია თურმე, ოღონდაც ბიჭი ბედნიერი იყოსო.
- ჰოდა, იქნება კიდევაც! - ქალმა სიყვარულით გახედა მძინარე ბავშვს. - დედიკოც ეყოლება! მამიკოც და ბებია-ბაბუაც!
რაც შეეხებოდა, ბიჭის ნამდვილ ბებიას, შვილიშვილის გაყიდვაში აღებული ფულის გამო, სიხარულისგან გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა კი გული?
თავად მრავალშვილიანი ოჯახიდან გამოსული, ახლაც მტრულად უყურებდა საკუთარ, არც თუ ისე მცირერიცხოვან მონაგარს.
და რა იყო, ეს?
შური? თუ?..
არც იმდენად გაჭირვებაში იყო გაზრდილი. საჭმელი არ აკლდათ და სასმელი. მშვენიერი სოფლის სახლი ედგათ და საკმაოდ მოზრდილი კარ-მიდამოც ჰქონდათ, მაგრამ ბევრნი იყვნენ, ძალიან ბევრნი. მშობლები და კიდევ იმათი მშობლები, გაუთხოვარი მამიდები, უფროსი ძმები ცოლებითა და შვილებით და უმცროსი დები. ამდენი რია-რიის გამო ბებიამ, ჯერ კიდევ სიყმაწვილეშივე მიაშურა ბედის საძებნელად ქალაქს. უმაღლეს სასწავლებლის გამოცდებმა, წარუმატებლად ჩაიარა და მერე, აღარც სახლში დაბრუნება სურდა. ამასობაში, რამდენიმე სამუშაო ადგილიც გამოიცვალა და ერთმა ახალგაზრდამაც დაადგა თვალი. არც თავად იყო წინააღმდეგი, მაგრამ ბიჭმა, როგორც კი მისი ორსულობა შეიტყო, მაშინათვე ზურგი აქცია. თუმცა, ვერაფერს გახდა, რადგან გოგონას, სოფლიდან ძმები ჩამოუვარდნენ და ლამის, წიხლქვეშ გაიგდეს, ცხვირ აბზუებული „სასიძო“. ბიჭი იძულებული გახდა, მისგან დაორსულებული გოგო, ოჯახში მიეყვანა და ბავშვის დაბადებამდე მაინც გაეჩერებინა იქ.
ამ ამბავს დედამთილი, საკმაოდ მტრულად შეხვდა. გამუდმებით ჩაგრავდა რძალს, რომელიც თავიდან, მართლაც ითმენდა, მერე თითქოს შეეგუა კიდევაც და აღარც აქცევდა ყურადღებას. ქმარმა, თანდათან მოუკლო სახლში მოსვლას, მერე საყვარელიც გაიჩინა და ბოლოს ისიც კი გამოუცხადა, ახალი ცოლი მომყავსო.
ასე დარჩა მარტოხელა დედად და ერთადერთი ვაჟის შემყურე, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა. მამის მხრიდან, შვილისადმი ყურადღება, მხოლოდ თვეში ერთხელ, ალიმენტით შემოიფარგლებოდა და სულ ეს იყო. ქალაქში ქირით ცხოვრებას, ისევ სოფლად დაბრუნება ამჯობინა და სამზითვოდ ბოძებულ, პატარა ნაკვეთში, ძმებმა პატარა სახლიც ჩაუდგეს.
დრო გადიოდა, ბიჭი იზრდებოდა. თანდათან ცხოვრებაც იმდენად გაჭირდა, რომ ზოგჯერ გაუსაძლისის გაძლება უხდებოდათ. დედა სულ იმას ცდილობდა, რომ მისი ერთადერთი პირმშო, შეძლებულ ოჯახთან დაემოყვრებინა. მდიდარ რძალს ეძებდა სანუკვარი შვილისთვის, მაგრამ ერთ დღესაც ბიჭმა, პატარა საწყალი ობოლი გოგონა მოუყვანა რძლად, რამაც დედამთილი, ლამის გულზე გახეთქა.
თითქოს დაავიწყდა კიდეც, თავადაც როგორი დაწუნებული რძალი იყო და ახლა, ამ საცოდავ გოგონაზე იყრიდა ჯავრს. ბიჭი კი ყველანაირად ცდილობდა, ოჯახის ამ ორ ქალს, ერთმანეთი გულით შეეყვარებინა. თუმცა, ვერაფერს ხდებოდა. დედამთილი, როგორც კი რძალს დაიმარტოხელებდა, ხან რას აყვედრიდა და ხან რას. რძალი უხმოდ იტანდა მის ჩაგვრას და ყველაფერზე, ღიმილით პასუხობდა. ფიქრობდა, აი შვილიშვილს რომ კალთაში ჩავუგორებ, მაშინ უფრო დატკბებაო, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ქალს ახლა, საკუთარი სისხლისა და ხორცისაც კი შეშურდა, მამა როგორ გვერდში უდგას ცოლ-შვილსო. პირველ შვილიშვილს, შემდგომ ტყუპებიც მოჰყვა. ახლა ეზოში, სამი პატარა გოგონა დარბოდა. მშობლების სიხარულს, საზღვარი არ ჰქონდა. ბებია კი, უფრო და უფრო იბოღმებოდა. წამდაუწუმ, მაინც იმას აძახებდა, ერთი გვარის გამგრძელებელი ვერ გაუჩინა ჩემს შვილსო და იმის მერე უფრო გასკდა გულზე, როცა გაიგო, რომ მისი დაწუნებული რძალი, კიდევ ტყუპებზე იყო ორსულად და ამჯერად, გოგონასთან ერთად, ერთი ბიჭიც იყო. ახლა იმაზე დაიწყო ჯავრი და წუწუნი, ჩემი საწყალი შვილი, წელებზე ფეხს იდგამს და ჯაფით წყდება ჯანი, ამხელა ოჯახი რომ აქვა სარჩენიო.
და ახლა უფრო მეტად შეეზიზღა რძალი...
დღედაღამ სულ მის წყევლაში იყო, ხატზეც კი გადასცა, ღმერთო, ოღონდაც ამას ახლა მუცელი მოეშალოსო და მე თუ გინდ, ცალი თვალით დამაბრმავეო. მაგრამ დედამთილის ეს წყევლა, თითქოს მალამოსავით ეფინებოდა რძალს და მშვენიერი, ჯანმრთელი ქალ-ვაჟი შეეძინა.
და ახლა კიდევ უფრო მეტად შეზიზღდა რძალი...
მთელი საოჯახო საქმეები, სულ რძლის კისერზე გადადიოდა. დედამთილი კი, სულ იმის ცდაში იყო, რომ გამუდმებით უნდა ეწუწუნა. სულ რაღაცას იტკივებდა. ხშირად იწვა და კრუსუნით, ხან ასე დაასაქმებდა პატარა შვილიშვილებს და ხან ისე. მხოლოდ მარტო მაშინ წამოდგებოდა, როცა მისი ბიჭი შინ ბრუნდებოდა და მაშინვე დაფაცურდებოდა და დაიწყებდა, უკვე რძლის მომზადებული ვახშმის გაწყობას. მერე „დაღლილ-დაქანცული“ სკამზე ჩამოჯდებოდა და სინანულით აქნევდა თავს, როგორ დავბერდი და როგორ რთულია ამდენი ბავშვის მოვლაო. ოჯახის მამა კი, უკან არაფერზე იხევდა, ჩემებს არაფერს გავუჭირვებო და ერთდროულად სხვადასხვა სამუშაოსაც კი ასრულებდა. ხან მანქანების შეკეთებით იყო დასაქმებული, ხანაც სახლის მშენებლობაზეც მუშაობდა და ხანაც, ელექტრიკოსის სპეციალობასაც ითავსებდა.
ერთ დღესაც, ახალგაზრდა კაცს, ბედმა უმუხთლა. მეზობელ სოფელში, ჭერის გადახურვისას ძირს ჩამოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.
და ახლა უფრო მეტად შეძულდა რძალი...
ერთადერთი შვილის დაღუპვის გამო, დედამთილმა ქვეყანა შეძრა. მარტო ქალებმა, ამდენი დაობლებული ბავშვი, როგორ უნდა ვარჩინოთო. მთელი სოფელი იწვოდა მათი ცოდვით და ვისაც როგორ შეეძლო, ისე ეხმარებოდა. იმ სახლის პატრონებმა, რომლის მშენებლობაზეც ბიჭი დაიღუპა, დაკრძალვაც და ყველანაირი ხარჯიც, თავიანთ თავზე იღეს, მაგრამ დედამთილმა, ესეც არ აკმარა და ახლა, კომპენსაციის სახით, ყოველ თვე დახმარება ითხოვა. ამას მალევე, სოციალურად დაუცველობის სტატუსიც მოჰყვა, მაგრამ ოჯახს მაინც, აღარაფერი ეშველა. დღითიდღე სულ უფრო და უფრო ღარიბდებოდა და ღატაკდებოდა, რადგან საკუთარი ბებია, დაობლებულ შვილიშვილებს ლუკმას პირიდან აცლიდა და მთელი ფინანსური შემოსავალი, სულ მის ხელში გადიოდა და სადღაც ქრებოდა. რძალმა არც კი იცოდა, რომ გარკვეული წილი სურსათის მიღმა, თურმე ფულადი დახმარებაც ერგებოდათ და ამ ფულს დედამთილი, მალულად იჯიბავდა. გული ბოროტი და სული დამპალი, ვერც ასე დაოკდა და რძლის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
საშინელ პირობებში აცხოვრებდა. გამუდმებით იმას აყვედრიდა, რა ცუდი ფეხით შემოხვედი ჩვენს ოჯახშიო. ჩემს შვილს, მიწა უნდა ჭამდესო და შენ, ასე გემრიელად, როგორ ილუკმებიო. საწყალი გოგო, იმ დამადლებულ ლუკმასაც კი ცრემლებს აყოლებდა, წასასვლელი არსაით ჰქონდა. შვილების გულისთვის კი, ყველაფერს იტანდა.
ერთხელაც რძალს, სისუსტემ შემოუტია. თანდათან, უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა და ბოლოს, ლოგინადაც კი ჩავარდა. ექიმთან მკურნალობის თავი, არc ჰქონდათ და დედამთილი, სოფლის ექიმბაშების დახმარებით, ათასნაირად ცდილობდa, რომ რძალი, ფეხზე დაეყენებინა, მაგრამ ყველაფერი, ამაო ჩანდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო იფერფლებოდა და ილეოდა ქალის ცხოვრება. კეთილმა მეზობლებმა, ახლა სხვა სოფლიდან მოუყვანეს საუკეთესო მკურნალი. ამის მერე, თითქოს უფრო მოიხედა. წამოდგა კიდევაც. თუმცა, კვლავაც სუსტად გრძნობდა თავს. ბავშვებს უხაროდათ, იმედი ეძლეოდათ დედა მალე კარგად გახდებაო, მაგრამ როგორც კი მკურნალი ექიმი, ცოტათი ფეხზე დააყენებდა, მეორე დღესვე კვლავ ცუდად ხდებოდა და ისევ თავიდან იწყებოდა მისი განკურნება, რომელსაც როგორც ჩანდა, დასასრული აღარ ჰქონდა.
ლოგინად ჩავარდნილ, მომაკვდავ რძალზე და უმწეო შვილიშვილებზე ზრუნვა, თავიდან ბოლომდე, ბებიის კისერზე გადადიოდა, მაგრამ რამდენად მადლიანად გადადიოდა?
დედამთილი, დღედაღამ მოთქვამდა და ვიშვიშებდა. დამეხმარეთ ხალხნო, ეს რა დღეში ვართო და ბავშვებსაც სამოწყალოდ, სულ მეზობლებში უშვებდა. ყველას ეცოდებოდა პატარები და ვისაც როგორ შეეძლო, ისე უყოფდა ლუკმას. ახალ მოყვანილ ბოსტნეულსა და ახალ დაკრეფილ ხილს არ აკლებდნენ ბავშვებს.
ერთ დღესაც მეზობელმა, ბავშვები თავისთან ასადილა და მერე საღამოსკენ, ახალ მოკრეფილი დიდი ყურძნის მტევანი მოუკითხა სნეულ რძალს. ცოტა, შენც გაისველე პირიო. ქალს მადლობის ნიშნად ცრემლები სცვიოდა. მეზობლის დასანახად, ორი-სამი მარცვალი ძლივს გაიმეტა თავის პირისთვის. ამ ლუკმასაც შვილებისთვის ზოგავდა და წავიდა თუ არა მეზობელი, დედამთილმა მაშინვე ააცალა თეფში და დაბალ ხმაზე, რძლის გასაგონად ჩაილაპარაკა:
- ეს არ იქნება კარგი გარეცხილი! სადმე რამე მატლი არ შეგყვეს და ახლა კიდევ ეგ გინდა შენ?
პასუხად რძალმა გაუღიმა. გულშიც კი არ გაუვლია თუ რა ამოძრავებდა ამ ბოროტ ქალს.
ბებიამ ყურძნის მტევანი, მალევე უკან შემოიტანა და კვლავ საწოლთან ახლოს დაუდო. ახლა შეგიძლია, თამამად შეჭამო, სულ სათითაოდ გავრეცხე მარცვლებიო. მერე ბავშვებს ხელი მოხვია და ეზოში ჩაიყვანა, დედას მოსვენება უნდაო.
ერთხანს დარბოდნენ ბავშვები ეზოში, მერე უფროსმა გოგონამ, დედასთან შეირბინა. საწოლთან, ყურძნის მტევანი, კვლავ ხელუხლებლად იდო. მწიფე ქარვისფერი მარცვლები, ფანჯრიდან შემოსულ, ჩამავალ მზის სხივებზე, ოქროსფრად ელვარებდა. ბავშვს, სულმა წასძლია და დედას სთხოვა, სულ ცოტას მოვწიწკნიო.
- სულ აიღე და ჭამე. - ჩურჩულით მიუგო დედამ. - მხოლოდ, ბებომ არ დაგინახოს. ვითომ, მე შევჭამე.
როცა ბავშვი, ხარბად დაეწაფა გემრიელ მტევანს და ლამის უკვე, მთლიანად ჰქონდა შეჭმული, სწორედ ამ დროს ვიშვიშით ეცა ბებია, ეს ხომ დედიკოს წილია, რაღად უჭამ საცოდავ ქალს, ისედაც სული არ უდგასო.
- მეც შევჭამე. - საცოდავად წაიკნავლა დედამ. - სულ ცოტა მოვუტოვე ბავშვს.
- მართლა შენ შეჭამე?! - სახეში ჩააკვირდა დედამთილი. - თუ სულ ბავშვმა ჭამა?!
რძალი გაოგნებული შეჰყურებდა დედამთილის რაღაცნაირად აელვარებულ თვალებს და ვერაფერი გაეგო, ასე მკვდრისფერი, რატომ ედო სახეზე, ნუთუ ასე ძლიერ ზრუნავს ჩემზეო.
- მე შევჭამე. - კვლავ წაიკნავლა მომაკვდავმა. დედამთილის დაჟინებულ მზერას ვეღარ გაუძლო და თვალები მილულა.
ბებია ჩაფიქრებული გადი-გამოდიოდა და ხმას არ იღებდა. მერე უცებ გამოუცხადა, აბა დაწოლის დროაო და ბავშვებიც, ერთდროულად გაიკრიფნენ, მაგრამ უფროსი ბავშვი, ბებიამ რატომღაც თავისთან, დედისგან და სხვა ბავშვების საწოლი ოთახისგან მოშორებით დაიწვინა.
ღამით, უფროსი ბავშვი, ძალიან ცუდად გახდა. კანკალებდა თან, ოფლი ასხამადა, ლოგინში ბორგავდა და შველას ითხოვდა. ბებიას არ ეძინა, საწოლში გატრუნული იწვა და ყურები დაცქვეტაზე ჰქონდა, რომ დედას, არ გაღვიძებოდა. მოგვიანებით ბავშვი მიჩუმდა, ძლივსღა ისმოდა მისი სუნთქვა. ბებიამ მაშინვე მეზობელთან გადაირბინა და ისე წააყვანინა საავადმყოფოში, რომ დედას არც გაუგია. ბავშვმა კი, იქ მისვლისთანავე დალია სული. ბებიამ ისეთი მოთქმა-გოდება დაიწყო, რომ ქვეყანა შეძრა, მისი ცოდვით. ხანს იმას ტიროდა, ეს მომაკვდავი საწყალი დედამისი, რას მოესწროო და ხან კი, დასამარხი ფული, როგორ უნდა ვიშოვნოთო. იმდენი ივიშვიშა და ბოლოს, იმას მიაღწია, რომ მეზობლებიც აიყოლია, დედას, არ უნდა გავაგებინოთო და პირდაპირ, საავადმყოფოდან გავასვენებო. ამაშიც სახელმწიფო ჩარია დასახმარებლად, თუმცა ცალკე მეზობლებისგანაც მსუყედ მიიღო შემოწირულობა.
ისე დაასაფლავეს ბავშვი, რომ დედას არაფერი გაუგია. პატარებმა არც კი იცოდნენ და ვერც მეზობლებმა გაუბედეს თქმა. ზოგს დედა უფრო ეცოდებოდა, ზოგს კი ბებია, რომელსაც მალე, სულ მარტომ უნდა ეზარდა, ამდენი მცირე წლოვანი ობოლი. დიდები მაინც იყვნენ ეს ბავშვები, სამსახურს მაინც იშოვნიდნენო, წუხდნენ სოფელში.
ბებიამ ხან რას მოჰკრა ყური, ხან რა დაუჯდა ჭკუაში და ბოლოს გადაწყვიტა, ერთი ბავშვი მაინც მიებარებინა, რომელიმე შეძლებულ ოჯახში. ერთს მეორე ბავშვის დაბინავებაც მოჰყვა და დედის სიცოცხლესთან ერთად, ასე შეწყდა ეზოში, პატარების კისკისი და ჟრიამული.
ერთხანს ასე მარტოდ მარტო, დაბეჩავებული დადიოდა ბებია სოფელ-სოფელ და თითქოს, თავსაც იმართლებდა, აბა მე მარტოხელა მოხუცებულს, როგორ უნდა გამეზარდა მცირეწლოვანი შვილიშვილებიო და ამიტომაც, ნათესავებმა წაიყვანეს, ისინი უვლიანო. მეზობლებს კვლავაც ეცოდებოდათ მოხუცი და საბრალო ობლებს, ხან რას უგზავნიდნენ სოფლიდან და ხან რას, თუმცა ადრესატამდე არც არაფერი მიდიოდა, რადგან „გულდათუთქული“ ბებია თავადაც მშვენივრად მიირთმევდა ბოძებულს.
მოგვიანებით, იმდენი ირბინა და იწანწალა სოფლის გამგეობაში, რომ ეზოში, პატარა თონეც მოაწყო და ცხელ-ცხელი პურის ცხობით ირჩენდა თავს. მერე ეზოს წინ, პატარა ფარდულიც ჩადგა და იქაც მშვენიერი ვაჭრობა ჰქონდა. ყველას ეგონა, შემოსავალი ობლებთან მიდისო და ცდილობდნენ ხშირად ესარგებლად ბებოს მაღაზიითა თუ თონის პურით. სინამდვილეში კი ბებია, არავის უყოფდა თავის „ნამოღვაწარს“. თანდათან, წელში
გაიმართა, უკვე აღარ სჭირდებოდა, სამადლოდ მეზობლებში წანწალი. შვილის სასაფლაოც ბევრად
უფრო მდიდრულად მოაწყო, მის გვერდით, თავისთვისაც წინასწარ გაიმზადა ადგილი, ხოლო საცოდავი
რძლის კი, სადღაც მიუსაფარი ძაღლივით დაკრძალულ საფლავს, სარეველა ბალახი სჭამდა და
წესიერი წარწერაც არ ჰქონდა.
ბებია უფრო და
უფრო გაიბღინძა. შეიფერა შემოსავალი. ცხვირი ზევით ასწია. პატარა ფარდულის ნაცვლად,
ახლა უკვე, საკმაოდ მოზრდილი მაღაზია ჰქონდა გამართული და ქორივით ადგა ნავაჭრს და
ისე გადიოდა დრო, რომ ერთხელაც კი არ მოუკითხავს საკუთარი სისხლი და ხორცი. ანდა, სად
უნდა მოეკითხა? ვისთან? ბატკნებივით სათითაოდ დაყიდული შვილიშვილები, სადღა უნდა ენახა?
სწორედაც რომ ბავშვების
გაყიდვაში აღებული ფულით ჰქონდა გამართული თონე და უკვე სხვისი სამადლო აღარაფერი ჰქონდა,
არაფერი აკლდა და მერე მაღაზიაც ისე აამუშავა და ისე გაიმართა წელში, რომ ახლა თავად
გადმოჰყურებდა ზევიდან, ფულის სასესხებლად მასთან მისულ თანასოფლელებს.
- ხომ იცი? - ისე
ამოიხვნეშებდა ბებია, რომ ლამის გულს ამოაყოლებდა. - ეს ობლების ფულია და პროცენტს,
ნუღარ დამიგვიანებ.
და ყველას ეგონა,
ბებია სოფლიდან ეხმარება ქალაქში ნათესავებთან დაბინავებულ შვილიშვილებსო და ლამის
უკვე ნახევარ სოფელს, მისი ვალი ჰქონდა.
საკუთარი ბებიისგან
გაყიდული შვილიშვილები კი, სულ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან ბევრად მოშორებით იზრდებოდნენ.
ტყუპ დებს, ერთმანეთი აღარ ახსოვდათ, ისევე როგორც ტყუპ და-ძმას და აღარც მომაკვდავი
დედა ახსოვდათ, აღარც თავიანთი მშობლიური სოფელი და ამ ყველაფერთან ერთად, უკვე აღარც
ერთს აღარ ახსოვდა, თუ ოდესმე დედმამიშვილი ჰყავდა.
LEX. 2022 წლის 7 ივნისი, სამშაბათი.
.jpg)
No comments:
Post a Comment