საოცრება იყო. მიმის ძილში, სწორედ ის სიტყვები ჩაესმა, რომელმაც ამდენი ხნის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, იმ ძველი ლეპტოპის გახსნა შესძლო.
მიმიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ მთელი ხმით არ ეღრიალა. პაროლი კი მოერგო და სისტემაც ჩაირთო, მაგრამ მიმის ხელები უკანკალებდა ვერაფრით ვეღარ შესძლო, თუნდაც ერთი საქაღალდე მაინც გაეხსნა.
დილის ექვსი საათი იყო. არც თუ ისე ბევრი დრო იყო გათენებამდე დარჩენილი. ფიფო ასეთ მდგომარეობაში იყო, გვერდით ოთახში კი ამ ქვეყანად მისთვის ყველაზე საყვარელ და ალბათ, მთელს დედამიწის ზურგზე, ყველაზე მეტად ცნობისმოყვარე ბიჭს ეძინა და გამოდიოდა, რომ ფაქტიურად მარტო იყო. სწორედ ახლა უნდა მოეკრიბა გონება და ახლა იყო მისი სულიერი სიძლიერე საჭირო.
მიმიმ ისევ დახურა ლეპტოპი. ახლა მის გადათავალიერებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ვინ იცის, რა იყო იმ ფაილებში და რა მასალა იყო ჩადებული. მიმის საკუთარი ემოციების უფრო შეეშინდა, ახლა უფრო მეტად დაფრთხა, არაფერი დამემართოსო და მიუხედავად, იმისა რომ მართლაც გულით აინტერესებდა, თუ რა იყო ასეთი იქ, მაინც დახურა და გადაწყვიტა, ოჯახის რომელიმე მეგობართან ერთად ისევ გაეხსნა. ამ შემთხვევაში ქირურგი უფრო გამოდგებოდა, ვიდრე ჩუკი ან გალეო. ის იცნობდა პიპას კარგად და მან იცოდა ყველაფერი.
მიმიმ ყველაფერი აწონ დაწონა და ახლა უფრო დარწმუნდა, რომ რადგან პაროლი ასე მტკიცედ იყო დაცული, შეიძლება იქ ისეთი მასალა ყოფილიყო, რაც ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, მაგრამ ვისთვის იყო ამ ფარდის ახდა საჭირო? რა ხდებოდა?
როგორც იქნა, გათენდა და მიმის უკვე ყველაფერზე ჰქონდა თადარიგი დაჭერილი, ნახევრად მძინარე ექთანს, უთენია თავს დაადგა და სასაუზმოდ სამზარეულოში გაუშვა, მერე დაცვის ბიჭებსაც ცხელ-ცხელი ყავა შეაგება და საუზმეც იქვე გაუშალა. თავად კი, დიმეოს გაღვიძების მოლოდინში, ფიფოს გვერდით მოთავსდა და ფინჯანში ცხვირ ჩაყოფილი, ცხელი ჩაის სურნელით ტკბებოდა.
ჩაი ეგემრიელა და ცოტა თითქოს, ჩათვლიმა კიდეც, მაგრამ ამ დროს შეამჩნია, საღამურ პიჟამაში გამოწყობილმა დიმეომ, როგორ ფრთხილად ჩამოირბინა კიბეები და ფიფოს კაბინეტის კარიც ფრთხილად შეაღო.
მიმი გაიტრუნა. დიმეომ წამით კაბინეტს თვალი მოავლო და მერე უფრო თამამად შეაბიჯა და ის იყო, ფიფოს საწერი მაგიდის ქვეშიდან, თავისივე ხელით, მალულად მიმაგრებული პატარა დიქტოფონი უნდა გამოეძრო, რომ დედაც თავს წაადგა.
- უი, დეე! - დიმეომ გაკვირვებული სახით გამოჰყო თავი მაგიდის ქვეშიდან, როცა მიმის ოთახის ჩუსტებს მოჰკრა თვალი.
დიმეო დაიბნა, აღარ იცოდა, რა ეღონა. გამოეძრო ის მიმაგრებული დიქტოფონი, თუ სხვა დროს ეცადა, მაგრამ მერე დედა რომ დაეჭვებულიყო და ენახა? თუმცა, არც იმდენად ბრიყვი იყო, ეს პატარა ბიჭი. საკმაოდ საიმედოდ ჰქონდა მიმალული და ასე ადვილად, ვერავინ ნახავდა, მაგრამ მაინც.
- აღარ აპირებ, მაქედან გამოძრომას? - ჩაეკითხა მიმი. - მაინც რას ეძებ?
- ვეძებ?.. - დაბნეული ხმით მიუგო ბიჭმა. - არა! არაფერს ვეძებ! - მაშინვე გამოძვრა გარეთ და ამაყად მიაჩერდა დედას. - მომეჩვენა თითქოს, იქ რაღაც ეგდო და თურმე, ფანრიდან არეკლილი მზის სხივი ყოფილა.
- აჰ! მზის სხივი! - გაეცინა მიმის. - ამ მოღრუბლულ ცაზე, ერთადერთი მზის სხვი გამოჩნდა და ისიც... - მიმიმ უცებ მოიწყინა.
- და ისიც მამას კაბინეტში. - დიმეო დედას მოეხვია. მშვენივრად გამოიყენა ის მომენტი.
- დეე, განა მე შენ რამეს გიშლი. - უღიმოდა მიმი. - მაგრამ მეშინია, ყველაფრის მეშინია, ათასი ფათერაკი გადაგვხდა თავს და ვინ იცის, კიდევ წინ, კიდევ რა გველოდება.
- ცუდზე ნუ ფიქრობ, რაა დეე. - დიმეომ სერიოზული სახე მიიღო. - ხომ გაგაფრთხილეს? ყველაფერი ცუდი ამოიგდე გულიდან და გონებიდან, საღად უნდა იაზროვნო, რომ ბავშვი, ჯანმრთელი დაიბადოს.
- ჩემი დიდი, პატარა ბიჭი. - მიმი ბავშვს მიალერსა. - შენი იმედი მაქვს, ჩემო პრიცნო, ჩემო სიხარულო. - თვალზე ცრემლ მომდგარი, ბავშვის ფერებით ტკბებოდა და არც დიმეო უძალიანდებოდა.
- დეე. - შეაჩერა ბიჭმა აცრემლებული დედა. - მე მართლა არ ჩამირთავს მამას აპარატი.
მიმი შეცბა და გაკვირვებით ჩახედა ბავშვს თვალებში.
- მართლა მეძინა. - განაგრძო ბიჭმა. - და რომ გავიღვიძე, უკვე იმდენი ხალხი დამხვდა აქ.
- კარგი, ჩემო სიხარულო, განა ვინმე რამეს გაბრალებს. - მიმი კვლავ ბავშვს ეალერსებოდა. - უბრალოდ, გამოძიებისთვის ყოველი დეტალის ცოდნაა საჭირო.
- ეს იმიტომ, რომ გამოირიცხოს ყველაფერი ზედმეტი და დარჩეს ის, რაც სინამდვილეში მოხდა.
- ჰო, ჰო. - გაეცინა მიმის. - მიდი ახლა მოწესრიგდი, ვისაუზმოთ და ძანესთან წაგიყვან, მე ჩემს დედიკოებს მოვინახულებ.
- ჯერ არ მინდა ძანესთან.
- მართლა? - ძალიან გაუკვირდა მიმის. - კარგი, როგორც გინდა. წავიდეთ მაშინ ბებიკოებთან.
- სახლში რომ დავრჩე, არ შეიძლება?
- არ შეიძლება, რადგან მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყო და იცი შენ, რატომაც. - მიმიმ იქაურობას თვალი მოავლო და მერე უფრო დაბალი ხმით უთხრა. - მედ.პერსონალი და დაცვის ბიჭები, მხოლოდ სახლს და მამას იცავენ და შენ აქ, არ მინდა რომ უყურადღებოდ დამრჩე.
- მაშინ დაურეკე ბაბუს და ბებოს და მოვიდნენ. - კოპები შეკრა ბიჭმა.
- ბაბუს აცემინებს ეს ორი დღეა, იცი ეს შენ და ვერ მოვლენ. - მიუგო მიმიმ. - და თანაც, შენ მარტო ძანესთან გაგირბის გული და ახლა ასე, რამ აგაღელვა? - ჩაეღიმა მიმის.
მშვენივრად ხვდებოდა, დიმეოს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და სახლიდან გასვლაც, მაგიტომ არ სურდა და არც ტყუილად შეძვრებოდა ფიფოს მაგიდის ქვეშ.
- არა, კი არ ვღელავ, უბრალოდ სამეცადინო მაქვს. - მშვიდი ხმით მიუგო დიმეომ.
- დღეს შაბათია, დიმე და ან ძანესთან წაგიყვან ან ჩემთან ერთად ივლი! ასე რომ, აირჩიე!
დიმეო აშკარად მოიღუშა, თუმცა ხმა ვეღარ ამოიღო ისე დაემორჩილა დედას.
მიმიმ ფიფოს კაბინეტი კარგად მოათვალიერა, მაგიდის ქვეშაც შეიხედა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ნახა, თუმცა, გუმანით გრძნობდა, დიმეო ტყუილად არ იქნებოდა შემძვრალი, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ბიჭს, ასე ადვილადაც ვერ გამოტეხავდა.
***
როგორც ყოველთვის, ძანემ გაიხარა დიმეოს ხილვით.
- ისე ჩაეხუტნენ ერთმანეთს, გეგონება დიდი ხნის უნახავები იყვნენ. - მათ დანახვაზე გაეცინა მიმის.
- ახლა, შემიძლია მშვიდად მოვკდე, ძანეს ისეთი პატრონი უდგას გვერდით, არაფერს გაუჭირვებს. - თვალზე ცრემლი მოადგა ბებიას.
- ვაიმე, ახლა სიკვდილი, არავინ გამაგონოთ, თორემ მართლა გავგიჟდები! - მიმის სიცილში, ლამის ისტერიაც შეერია. - დიმე! საღამოს შემოგივლი და სახლში მივდივართ, იცოდე!
დიმეომ უკმაყოფილოდ დაუქნია თავი.
„მართლა რა უცნაური ბავშვია.“
ფიქრობდა მიმი.
„ჯერ არც უდნოდა აქ მოსვლა და მერე, საღამოს წაგიყვან-მეთქი, და ახლა კიდევ, მაგაზე იბღვირება.“
- მიმი! - სადარბაზოდან გამოსულს, ვაჩეს ხმა მოესმა ზურგიდან.
- ვახ! ეს რა ბიჭია, რა ბიჭი! - გაუღიმა მიმიმ. - საით გაგიწევია? დაჯექი, მიგიყვან.
- ანდრა მელოდება. ახალი კულინარიული შედევრი უნდა გამასინჯოს.
- ძალიან კარგი. მიგიყვან. - მიმიმ მანქანის კარი გამოაღო.
- შენც ხომ არ წამოხვალ? - შესთავაზა ვაჩემ.
- კარგი. წავიდეთ აბა და სულ ჩვენ შევუჭამოთ!
ვაჩეს გულიანად გაეცინა.
მიმისაც სწორედ ქირურგთან გასაუბრება აწყობდა. იმ ლეპტოპის არსებობაზე უნდა მოეყოლა ან საერთოდ, ღირდა კი რამედ, იქ არსებული ინფორმაცია?
თუმცა, მიმის არც გახსენებია, რომ ქირურგი, დიდი ხანია უკვე ორ სამსახურში მუშაობდა და არც კი დახვდებოდა სახლში. სამაგიეროდ, ანდრას მომზადებული გემრიელობებიც დააგემოვნა და შეუქო კიდევაც ნამუშევარი და მერე უკვე წასასვლელად რომ ემზადებოდა, მოულოდნელად ვაჩემ ისეთი კითხვა დაუსვა, მიმი ადგილზე გახევდა.
- რა ქნა დიმეომ? გამოადგა ის ძველი დიქტოფონი? - კითხულობდა ვაჩე.
- დიქტოფონი? - გაოცდა მიმი, თუმცა მაშინვე მოაგონდა დიმეოს მაგიდის ქვეშ ძრომიალი და შეეცადა ისეთი სახე მიეღო, რომ ვითომ, მართლა რამე იცოდა.
- ჰო, ალბათ. - ჩვეული ხმით მიუგო მიმიმ.
- გუშინ დილით მთხოვა. - განაგრძო ვაჩემ.
„აჰა, ესე იგი, უკვე დილიდან ემზადებოდა ჩვენს მოსასმენად.“
გაიფიქრა მიმიმ.
- სამეცადინოდ მჭირდებაო. - განაგრძობდა ისევ ვაჩე.
„ჰმ, სამეცადინოდ სჭირდებოდა ბიჭს, უფროსების მოსმენა.“
***
- საით გაგიწევიათ? - მიმიმ გაკვირვებული სახით ჰკითხა დედას და მამიდას, როცა ასე გამოპრანჭულები ნახა.
- გასვენებაში მივდივართ. - მიუგო დედამ.
- ვაიმე, რა გასვენებაში? - შეუტია მიმიმ. - ექიმმა დაგრთო ნება?
- რამდენი ხანია უკვე დავსეირნობთ და შენ არც კი შეგიმჩნევია. - თითქოს წყენით მიუგო მამიდამ.
- კი მაგრამ...
- დამშვიდდი, მიმი. - უთხრა დედამ. - მივალთ, მივუსამძიმრებთ და წამოვალთ. სასაფლაოზე აღარ გავყვებით.
- ფრთხილად იარეთ. - დაარიგა მიმიმ.
- ჩემი მანქანით არ მივდივათ! - მიუგო მამიდამ.
„უჰ, კიდევ კარგი.“
გაიფიქრა მიმიმ.
ბოლო დროს მამიდა, იშვიათად იჯდა საჭესთან, ჯანმრთელობის გამო ფრთხილობდა. თუმცა, არც არაფერი ისეთი აწუხებდა, მაგრამ მიმი მაინც განიცდიდა და უშლიდა მანქანით სიარულს.
- იქ იმდენი ხალხი იქნება, მანქანა სადაც არ უნდა გავაჩერო? - განაგრძო მამიდამ. - მერე ვიღაც ტუტუცი მომაყენებს უკან და ახლა იმას უნდა ველოდო?!
- აი, ტაქსიც მოვიდა. - დედამ ხელჩანთა აიღო.
მიმიმ ღიმილით გააყოლა თვალი.
მერე სავარძელში გემრიელად მოთავსდა და სახლს მოავლო თვალი. მიმის კარგი ბინა ჰქონდა და როგორც კი ოდნავ სახლს სიძველე შეეპარებოდა, მაშინათვე რემონტის თადარიგს დაიჭერდა და უმოკლეს ვადაში, სახლი სიახლით ბზინავდა.
ახლაც კარგად დაუკვირდა ჭერს, კედლებს. ყველაფერი წესრიგში იყო. მერე სამზარეულოსა და სააბაზანოშიც შეიხედა, თავის ოთახშიც გავიდა და იქაურ საშხაპეში შესვლისთანავე, მაშინვე გაახსენდა დედის სიტყვები, ფიფომ რემონტი გააკეთაო.
- და რა რემონტი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - აქ არაფერი შეცვლილა! - მიმი ახლა უფრო დაკვირვებით დაუწყო თვალიერება. - ყველაფერი ისეა, როგორც დავტოვე, ან რა ჰქონდა სარემონტო?
ბუტბუტებდა თავისთვის და ის იყო, სააბაზანოდან გამოსვლა დააპირა, რომ კარის უკან მოთავსებული კედლის კარადაც გამოაღო. ხალათი, პირსახოცები, ყველაფერი ისევ ისე ელაგა, როგორც მიმი ტოვებდა ხოლმე. მერე რატომღაც კარადის შიდა კედელზე კაკუნს მოჰყვა და ერთ ადგილას, ქვედა მხარეს, რაღაც ყრუ ხმა მოესმა, მიმი კედლის იმ კუთხეს მიაწვა. რაღაც კედელში დატანებული იმავე ფერის ფიცარი გამოძრავდა. ორივე ხელით ჩააწვა, თითქოს უფრო მოარყია გამოსწია, და მის უკან დიდი, სკოჩით კარგად შეფუთული ყუთიც გამოჩნდა. მიმიმ მაშინათვე მაკრატელი მოიძია, ყუთს ოდნავ ერთ მხარეს ჩაუჭრა, მერე უფრო მეტად მოსწია, თავი სანახევროდ მოახია. ყუთი სავსე იყო, ასევე კარგად შეფუთული და სკოჩით შეკრული საქაღალდეებით.
რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ ეს ყველაფერი ფიფომ გადამალა, მაგრამ რაში სჭირდებოდა და რატომ? ფიფომ ხომ უკვე დეტექტივის მოვალეობას დიდი ხანია აღარ ასრულებდა და რაში სჭირდებოდა ამხელა თანამდებობის კაცს, ამდენი დოკუმენტების ასე გადამალვა, ან საერთოდ რა საბუთები იყო? სავარაუდოდ, ყველაფრის პასუხი იქ იქნებოდა, მაგრამ რა იყო ეს პასუხი? რისთვის, ან ვისთვის იყო საჭირო?
- სიამოვნებით დავწვავდი ყველაფერს! - ისე წამოიყვირა მიმიმ, რომ საკუთარმა ხმამაც კი შეაკრთო და შეშინებულმა, ირგვლივ მიმოიხედა.
რა თქმა უნდა, მარტო იყო და მთელ სახლშიც მის მეტი, სხვა არავინ იყო. რამდენიმე წუთს იდგა ასე და შეჰყურებდა ფიფოს მიმალულ ყუთს. ახლა არც მისი სამალავიდან გამოთრევის თავი ჰქონდა და არც იქ არსებული მასალის წაკითხვის სურვილი.
ერთი კი გაიფიქრა, გალეოს დავურეკავ და წაიღოს მოაშოროს აქედან ეს მასალებიო. იქნებ, სულაც ამის გამო გაწირეს ასე ფიფოს სიცოცხლეო, მაგრამ აი, სწორედ ამან უფრო ჩააფიქრა, ვინ იცის, რას ინახავს ფიფო და ახლა კიდევ ის საწყალი დეტექტივიც არ ჩავაგდო ხიფათშიო.
„სანამ არავინ იცის, რომ ეს აქ ინახება, მანამდე მშვიდად შემიძლია ვიყო, ვითომ?“
გაივლო მიმიმ.
„და თუ ვინმეს გავუმხილე, მერე უფრო გავრცელდება და რომც ოფიციალურად ჩავაბარო, მერე მაინც ვიღაც გამოჩნდება, ვისაც ეგონება რომ კიდევ რაღაცას ვმალავდით და ვინ იცის, კიდევ ის რა ახალ ხიფათში გაგვახვევს.“
მიმიმ თავი გააქნია.
„არა, არა! სჯობს გავჩუმდე! იყოს ასე როგორც არის.“
ყუთი როგორც იყო, ისევ ისე მიმალა და კარის გასაღებად გაემართა, სადაც უკვე კარს მიღმა დედა და მამიდა მის გაღებას ელოდნენ.
- ამდენი ხანი, რომ არ აღებდი შევშინდით! - ცოტა საყვედურიც გაურია ხმაში მამიდამ.
- კართან ხომ არ ვიდგებოდი? - გაკვირვა მიმიმ. - სანამ აქამდე მოვედი, ზარს თითი აღარ აუშვით და...
- ჰო, რა ვიცი, შვილო, ჩვენ შეგვეშინდა. - ჩაურთო დედამ.
- ორსულად ვარ, ხომ არ გავიწყდებათ და სირბილითაც ვერ გამოვიქცეოდი. - მიმის ხმაში წყენა დაეტყო.
- კარგი გოგო, რას ანერვიულებ, ბავშვს?! - მამიდამ დედა დატუქსა.
- მე ვანერვიულებ, თუ შენ? - არ ჩამორჩა დედა. - შენ არ დაიწყე?
მათი ბუზღუნის შემყურე, მიმის გულიანად გაეცინა.
საღამოსკენ სახლში მიმავალს, ერთი სული ჰქონდა გაეგო, დიმეომ მოასწრო თუ არა იმ დიქტოფონის აღება. თუმცა, არც მანქანაში და არც მერე არაფერი უკითხავს ბავშვისთვის, ხმაც კი არ ამოუღია ამ თემაზე.
სახლში მისვლისთანავე დიმეო, თითქოს განგებ, დედას არ შორდებოდა. მიმიმ რამდენჯერმე, სპეციალურად ისე მოადუნა ყურადღება, რომ ბიჭს თავისუფლად შეეძლო ფიფოს კაბინეტში შეძრომა, მაგრამ არც განძრეულა.
„იქნებ, უკვე მოასწრო?“
ფიქრობდა მიმი.
„კი მაგრამ როდისღა აიღო? თავზე რომ დავადექი, მაშინვე გამოძვრა და ხელშიც არაფერი ეჭირა. თან იმდენი ვეფერე, იმდენი ვეხუტე, უჩუმრად ამ ალერსში ვამოწმებდი კიდევაც, მაგრამ არაფერი ჰქონდა თან.“
მერე ძილის დროც მოვიდა. დიმეო ზლაზვნით გაემართა საძინებლისკენ. მიმიც თან მიჰყვა, ერთად ფილმის ყურებაც შესთავაზა და სანამ არ ჩაეძინა, გვერდიდან არ მოშორებია. მიმიმ ფრთხილად გამოაცალა მკლავი ჩაძინებულ ბავშვს, ქვევით ჩავიდა და გულდასმით შეუდგა ფიფოს საწერი მაგიდის თვალიერებას. ვერაფერი საეჭვო ვერ ნახა, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შესძლო მაგიდის ქვეშ შეძრომა, თუმცა არაფერი დახვდა. იქნებ, ვერ ვხედავო და ხელითაც კარგად მოაფათურა და მოულოდნელად, მაგდის ქვეშ, ერთ კუთხესთან რაღაც წებოვანი კვალი აღმოაჩინა.
ახლა უფრო დარწმუნდა, დიმეო მართლაც უსმენდა მათ, მაგრამ როგორ? რანაირად მოახერხა, ასე შეუმჩნევლად აღება, როცა მიმის ერთი წუთითაც არ დაუტოვებია ფიფოს კაბინეტი, მეთვალყურეობის გარეშე.
„რა ვიღონო, აღარ ვიცი?
გავაღვიძო, ვეჩხუბო, თუ კუთხეში დავაყენო?
სიმართლეს მაინც არ მეტყვის და ისევ ტკბილი სიტყვით მაინც, იქნებ რამე ვათქმევინო.“
აღარ შემიძლია ამდენი სიურპრიზებიო, ფიქრობდა მიმი და დილით კი კიდევ ერთი დაემატა, როცა კარის გაღებისთანავე ზღურბლზე, ზურგჩანთა მოკიდებული, მხატვარი უღიმოდა.
ძველი მეგობრის დანახვამ, მიმიმ ძლიერ გაიხარა, ცრემლებიც კი ვერ შეიკავა ისე ჩვილივით აბღავლდა.
- არსად გაგიშვებ! არავითარი სასტუმრო და ნათესავები.
- თანაც, ყოფილი ცოლის! - ღიმილით აღნიშნა მხატვარმა.
- იყავი ფიფოს ოთახში, რამდენი ხანიც გინდა. - შესთავაზა მიმიმ.
- შენი ზედმეტად შეწუხება, ნამდვილად არ მინდა, თორემ ყოფილი ცოლის, ყოფილ სიდედრ-სიმამრთან ღამის გათევას, ისევ ყველაზე უბრალო ჰოსტელი მირჩევნია.
- დაივიწყე სასტუმრო და ჰოსტელი! - მკაცრად შეუტია მიმიმ. - მეგობარი მჭირდება და სანამ ფიფო ფეხზე არ დადგება, მანამდე არსად გაგიშვებ!
მიმის სიტყვებზე, მხატვარს ნაღვლიანად ჩაეღიმა.
- ოღონდ ფიფო ადგეს და სულ ქუჩაში გავათევ ღამეს. - მხატვარი ფიფოს პალატაში შევიდა და მერე მიმის დაბალი ხმით გასძახა. - მიმი! აქ დავლევ რა ყავას.
- მეც მანდ მოვალ. ძველი დრო გავიხსენოთ სამივემ ერთად.
- ეჰ! - ისე ამოიხვნეშა მხატვარმა, ლამის გულიც ამოაყოლა. - მართლა რა დრო იყო, ფიფო, ჰაა?! ადე, ბიჭო! ადე!
- მეც სულ ვესაუბრები. - ნაღვლიანი ხმით დაიწყო მიმიმ. - ზოგჯერ მგონია, რომ მართლა მისმენს, ან უბრალოდ მინდა რომ ესმოდეს ჩემი.
- და შენ რა იცი? იქნებ, მართლა ესმის და ვერ რეაგირებს, რომ შეგატყობინოს.
- ჰმ. დიმეოც მაგას მეუბნება, ისიც ჩამოუჯდება ხოლმე აქ და საიდუმლოებებს უზიარებს, ოღონდ ჯერ ყველას გამოგვაძევებს ოთახიდან და მერე.
- დიდი ბიჭია უკვე, ჰო?
- და ძაან სერიოზული. - დაურთო მიმიმ ღიმილით.
მოულოდნელად მხატვარი გაფითრდა, თითქოს რაღაცის თქმა აპირებდა და ასე პირ ღია, ფერწასული და გახევებული, მიმის ზურგს უკან რაღაცას შესცქეროდა. მიმიმ უკან მიიხედა. დიმეო კიბეებზე უხმაუროდ ჩამოსულიყო და ახლა ნელი ნაბიჯებით მათკენ მოიწეოდა.
- როგორ გავს... როგორ გავს... - ძალიან დაბალ ხმაზე ყრუდ წაიბუტბუტა მხატვარმა.
- ჰო, მაგრამ მან არც კი... - დაბალ ხმაზევე მიუგო მიმიმ.
- ვიცი, მიმი. განა, რამე შემეშლება. - ასევე ჩუმადვე უპასუხა მხატვარმა და მერე უფრო მაღალი ხმით დასძინა. - ეს რამხელა ბიჭი გაზრდილა! აი, ამის იმედი როცა გაქვს, რა მოგკლავს?! გესმის, ფიფო?! მოგესწრო ვაჟკაცი და გეყოფა ახლა, ადგომის დროა! გესმის ბიჭო?!
- ესმის. - მშვიდი ხმით გამოეპასუხა დიმეო. - მამას ყველაფერი ესმის, მაგრამ ახლა მისი გონება ასტრალშია გასული, სხვა განზომილებაშია, შეიძლება გვპასუხობს კიდეც და ვერ შემოდის ჩვენთან ისეთ კონტაქტში, რომ მისი რეაქცია ჩვენთვის გასაგები იყოს.
- მიმი, რამდენი წლის არის ეს ბავშვი? - ოდნავი ირონიით იკითხა მხატვარმა.
- მალე რვა წლის ვხდები. ერთ კვირაში. - სერიოზული ხმით მიუგო დიმეომ.
- ვიცით ბატონო, შენი დაბადების დღე, ხელშიც კი მეჭირე! - ღიმილით მიუგო მხატვარმა და ბავშვს ხელი მოხვია. - არ ვიცოდი შენთვის რა ჩამომეტანა, ბევრი ვიფიქრე, ვერც მიმისგან შევიტყვე თუ რა უფრო გიყვარს, ამიტომ აი, ეს ჩემგან, პატარა სუვენირი და მერე დაბადების დღეზე, ნამდვილ საჩუქარს გაჩუქებ! - მხატვარმა ჯიბიდან ოდნავ მომცრო კოლოფი ამოაძვრინა და ბიჭს გაუწოდა.
- კარგი რაა. - შეწუხდა მიმი. - დიმეოს არ...
- ვიცი, რომ არაფერს აკლებთ შენ და ფიფო, მაგრამ ეს ჩემგან არის და ასეთი არც ექნება. - მიდი აბა, გახსენი!
ბიჭმა კოლოფი ჩამორთვა და გახსნა, სადაც პატარა თითის სიგრძე, ოქროთი მოვარაყებული, სპილოს ძვლის ჭოგრიტი იყო. საჩუქარი მართლაც საინტერესო იყო და თანაც ძალიან ლამაზი.
- ერთი ბეწოა, მაგრამ ნახე როგორი ლინზები აქვს, თან ორმხრივია! - უხსნიდა მხატვარი, აღფრთოვანებულ ნათლულს.
მიმი ფიქრებში ჩაძირული შეჰყურებდა ორივეს.
„რა კარგია მხატვარიც, რომ აქ არის. იქნებ, ერთად ვნახოთ ის ლეპტოპი? ქირურგსაც ზედმეტად აღარ შევაწუხებ.
ან იქნებ, მასაც დავუძახო და სამივემ ერთად ვნახოთ?
აღარ ვიცი! აღარ ვიცი, რა ვიდარდო? რომელი ერთი? ცალკე კიდევ ის ყუთი მადარდებს. ნეტა, სულ არ მენახა!
საღამომდე მოვიფიქრებ, როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ დიმეოს აქ გაჩერება, იმ დროს, როცა სერიოზულ საქმეზე ვსაუბრობთ, ნამდვილად არ შეიძლება და არც ფიფოს კაბინეტში შევალთ. ჩემს საძინებელში ავიყვან ორივეს და იქ ჩავრთავთ იმ წყეულ ლეპტოპს.“
- დეე! დღეს ძანესთან დავრჩები, რაა? - შეევედრა დიმეო.
მიმიმ ღიმილით დაუქნია თავი. სწორედაც, რომ ეს აწყობდა ახლა.
- ეს ის სახლია? ჩვენ რომ დავძვრებოდით? - იკითხა მხატვარმა.
- ჰოო! - გაეცინა მიმის.
დიმეომ გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა.
- მერე შენ რომ დაგვეკარგე, გახსოვს? - ეცინებოდა მხატვარს.
- როგორ არ მახსოვს?! - იცინოდა მიმიც.
- სად? სად დაიკარგე? ძანეს სახლში? - დიმეო გაოცებული მიაჩერდა დედას.
- რა გაგიკვირდა? - მიუგო მიმიმ. - შენ არ იყავი, ამას წინათ თავი რომ გვაძებნინე?
დიმეო გაიბუსა, არაფერი უპასუხა.
- ისე მართლა, რა უცნაური სახლია. - დაიწყო მხატვარმა. - სანამ აქეთ ვარ, არ დავლაშქროთ?
- მე ჩემი ღიპით, სადმე კედლებში რომ ჩავრჩე ის გინდა? - გაეცინა მიმის.
- შენ, სახლში დარჩი და აი, მე და დიმეო დავლაშქრავთ! არა, დიმე?
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი, თუმცა მიმიმ ისიც მშვენივრად შეამჩნია, რომ ეს შემოთავაზება ბიჭს, დიდად არ ეპიტნავა.
LEX. 2021 წლის 9 ნოემბერი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment