ფიფოს ელდა ეცა. თავი ძლივს შეიმაგრა, რომ არ ეღრიალა.
ან რატომ უნდა ეღრიალა?
მიმი არც ცოლი იყო მისი და აღარც საცოლე. ერთ დროს, თვითონვე მიატოვა და ახლა თავიდან ცდილობდა მის დაბრუნებას. ამიტომაც ყველაფერზე იყო წამსვლელი ოღონდაც, მიმის გული მოეგო. ოღონდაც, მიმი დაებრუნებინა და ნებისმიერ სიტუაციაში, მზად იყო გვერდში ამოდგომოდა. ოღონდაც, მიმის მისკენ მოეხედა და ყველაფერს აპატიებდა.
თუმცა, რა ჰქონდა მიმის მისგან საპატიებელი?
პრინციპში, არც არაფერი. ჰოდა, ახლა ფიფოს ჯერი იყო. უნდა დაეწყო თავიდან და ბოლომდე მოეგო ეს ბრძოლა.
ფიფო აბაზანის კარს მიაჩერდა. შხაპის ხმა უკვე აღარ ისმოდა. როგორც ჩანდა, მიმი გამოსვლას აგვიანებდა.
ფიფოსთვის ყველაფერი ნათელი გახდა. მიმი სპეციალურად არ გამოდიოდა, ვერ გამოდიოდა და როდემდე იქნებოდა იქ?
ოთახი მდუმარებამ მოიცვა და კიდევ ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს სიჩუმე, რომ კარზე კაკუნის ხმა არ ყოფილიყო.
შეკვეთილი ვახშამი მოიტანეს.
ფიფო უხმოდ შეუდგა სუფრის გაწყობას.
მიმი ისევ არ ჩანდა. საშხაპიდან კვლავ ჩამიჩუმიც არ ისმოდა.
ახლა ნამდვილად ფიფოს ჯერი იყო, მას უნდა ემარჯვა და თუ ვაჟკაცობაზე და ადამიანობაზე დებდა თავს, სწორედაც რომ ახლა იყო ამის გამომჟღავნების დრო.
- უგემრიელესი რამე-რუმეებია!! იფ, იფ, იფ! და მაგრამ რად გინდა? - საკმაოდ ხმამაღლა დაიწყო ფიფომ მიმის შეგულიანება. - ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ გემრიელ კერძებს, პატრონი არ გამოუჩნდა და ასე უსინდისოდ ცივდება და უნამუსოდ უგემურიც ხდება! - ფიფომ ხუმრობაც სცადა.
მიმი არც ახლა გამოსულა.
- და მერე, ვისი ბრალია ეს?! - ხმას უფრო აუწია ფიფომ. - სულ ერთი პატარა, მატრაკვეცა ქალის ბრალია, რომელიც შეიკეტა აბაზანაში და არც სხვას უშვებს და არც თავად გამოდის! - ფიფომ სიცილით დაასრულა თავის მონოლოგი და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
მაგრამ პასუხი კვლავაც არ ისმოდა.
- ნუ, აბა რას ვიზამ? - განაგრძო ფიფომ. - სხვა რა გზაა? ამდენის მოთმენაც ძალიან ძნელი და საკმაოდ საშინელი რამ არის, როცა ასეთი საოცარი არომატები იფრქვევა სუფრიდან და შენ კი, მუჭის სიმხსო ნერწყვს ყლაპავ და რის გულისთვის? - კვლავ ეცინებოდა ფიფოს. - იმის გულისთვის, რომ ამ სუფრის მთავრი დამკვეთი, შეიკეტა და დღეს მგონი, გამოსვლასაც აღარ აპირებს!
ფიფომ იყუჩა. ყური მიუგდო, კვლავ სიჩუმე რადგან იყო, ისევ თავად განაგრძო:
- ნუ კარგი! რა გაეწყობა? რა უშავს, რა?! მაშინ სანამ დაღამდება და სანამ გათენდება და სანამ მიმი გამოეტევა, ორივე ულუფა მე დამრჩება და მიმიმ ყლაპოს ის შხაპის წყალი! ცხელიც და ცივიც!
ფიფო გონიერი იყო. ძალიან გონიერი. მართალია, ამ ახალმა ამბავმა გული გაუხეთქა, მაგრამ სწრაფადვე მოეგო გონს. რადგან უახლოესი მეგობრის სტატუსით იყო აქ, საჭირო იყო ასევე გაეგრძელებინა. ამით უფრო მეტის მიღწევას შესძლებდა. სიმშვიდითა და მეგობრული თანადგომით უფრო მოიპოვებდა ერთხელ, ჯერ კიდევ თავის დროზე, ძლივს მოპოვებულ და თავისავე სისულელით დაკარგული გოგოს გულს. მით უმეტეს, რომ პირველად მიმი თავადვე მიატოვა და ვის გულისთვის? ვნებებს აჰყვა და თან, არც კი უყვარდა ის ქალი და შვილის გაჩენის შემდეგაც ვერ შეიყვარა. თუმცა, რომელი შვილის?
ყველაფერში დამნაშავე თავად ფიფო იყო. ყველაფერი მისი ბრალი იყო. გოგოს ჯერ თავგზა აუბნია, გვერდიდან არ შორდებოდა, ყველა თაყვანისმცემელიც ჩამოაშორა და ერთ მშვენიერ დღესაც, ისე აქცია ზურგი, რომ არც კი დაფიქრებულა, თუ რა მოჰყვებოდა, მის ასეთ აცანცარებას და ყოველივე ამის შედეგი იყო, რომ თვითონვე, თავისივე ასეთი ქცევით, მიმის უბიძგა და თავადვე ჩაუგდო იმ კაცს ხახაში.
და თუ კი, მართლაც, ის კაცი, ნამდვილად მკვლელი იყო და მიმი მის შვილს ატარებდა, ახლა უფრო მეტად საჭირო ხდებოდა მიმის გვერდში დგომა.
და თუ ის მკვლელი არ იყო ბავშვის მამა?
„იქნებ, მიმი მართლაც შეყვარებულია და სულ სხვა არის მისი რჩეული?
მაშინ, რატომღა წამოვედით ერთად? ამით იმ კაცს გააღიზიანებს? და მერე?
თუმცა, მე კი, გამწარებული ვუმტკიცებდი, მეგობრულად და ძმაკაცურად დავისვენოთო, მაგრამ მიმიც ხომ მშვენივრად ხვდებოდა, თუ ამ მეგობრობის გაგრძელება უკვე ჩვენი ერთად ყოფნა იქნებოდა?
მაგრამ ეს ბავშვი, მაინც ვისია?
იმ მკვლელის?
და იქნებ, არც ის კაცი არის მკვლელი?
ან იქნებ, მიმის სულაც სულ სხვა შეყვარებული ჰყავს?
თუ ჰყავდა?“
ამ ფიქრებში იყო ფიფო, რომ როგორც იქნა, მიმიმ იკადრა და კარი გააღო. ფიფოს თვალებს ვერ უსწორებდა. თითქოს, მართლაც მის წინაშე დამნაშავე ყოფილიყო.
- მომისმინე მიმი გენაცვალე! - მშვიდი ხმით დაიწყო ფიფომ.
მიმი ისევ ჩუმად იდგა.
- რამ დაგაღონა, აბა? - ფიფოს ისევ თბილი, მზრუნველი ხმა ჰქონდა.
ისევ დუმილი.
- იცი რაა? - ფიფომ ახლა თითქოს ცოტა ხმასაც აუწია. - ბავშვს მამა უნდა! მე კი, შენ წარმოიდგინე, რომ მზად ვარ! ყველაფერზე თანახმა ვარ! და არ მაინტერესებს ვინ და საიდან და არც არაფერს გკითხავ და არც არაფერი მომიყვე!
მიმიმ არაფერი უპასუხა და დაბნეული სახით შეავლო ფიფოს თვალი, მაგრამ კვლავ მზერა აარიდა.
- მიმი, შენ თუ ხარ თანახმა, რომ ჩვენი ეს მეგობრობა, უფრო მჭიდრო და უფრო სულ სხვა, სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს, მე მზად ვარ, შენს გვერდით ვიდგე!
- მე... მე, არც კი ვიცოდი... აზრადაც არ მომსვლია... - ძლივს ამოილუღლუღა მიმიმ.
- ხომ გითხარი, არ მაინტერესებს ვინ რამდენი იცოდა და თუ შენი სურვილიც იქნება, მაშინ ჩვენ შვილი გვეყოლება. ჩვენი შვილი! ჩვენ გავზრდით და მხოლოდ ჩვენი იქნება! - ფიფომ წამით იყუჩა და განაგრძო. - ნუ, შენ თუ სხვა გეგმები გაქვს, ჩემი სახით, მაინც ერთგული მეგობარი გეყოლება ყოველთვის, მაგრამ შენც კარგად ხვდები, მე უფრო მეტი მინდა და ყველაფრისთვის მზად ვარ!
მიმი თავჩაღუნული იჯდა სკამზე და ხმას ვეღარ იღებდა, სველი თმები სახეს ნახევრად უფარავდა.
- მიმი! შემომხედე რაა! - მუდარით სთხოვა ფიფომ.
მიმიმ წყლიანი თვალები შეანათა.
- არ გაჩქარებ და არც არაფერს გაძალებ! - განაგრძო ფიფომ. - ჩავიდეთ სახლში. მოიფიქრე კარგად, აწონ-დაწონე, ზუსტად რა გინდა? რას აპირებ? შენთვის როგორ უფრო უკეთესი იქნება და რა თქმა უნდა ბავშვის ინტერესებზეც ხომ უნდა იფიქრო? მე კი მზად ვარ, იცოდე! ნებისმიერ შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და გვერდშიც დაგიდგები, ნებისმიერი სტატუსით. - ფიფო წამით შეყოვნდა. - ახლა, სულ ყურმოჭრილ მონად, ნუ მაქცევ, მაგრამ უამრავ სურვილს სიამოვნებით შეგისრულებ!
მიმის ოდნავ, მდარედ გაეღიმა და კვლავ სიტყვა არ დაუძრავს.
- მიდი, მიდი ახლა ჭამე რამე. - ფიფომ კერძი ახლოს მიუწია. - ვიცი, რომ ჭკვიანი და საკმაოდ გონიერი გოგო ხარ! შეცდომები და ათასი კრახიც ვის არ მოსვლია, მაგრამ მთავარია, მერე როგორ მოიქცევი და დარწმუნებული ვარ, სისულელესაც არ ჩაიდენ და...
- იქნებ! იქნებ, სულაც არ მინდა ეს ბავშვი?! - მიმის ხმაში ისტერიკამ გაჟონა.
- ჰაჰ! - შესძახა ფიფო. - შენ თუ არ გინდა, მე მინდა!
მიმის სევდიანად გაეღიმა.
- ჰო, რა იყო? - იხტიბარს არ იტეხდა ფიფო. - შენ თუ მართლა არ გინდა შვილი, მაშინ მე დამითმე! ვიშვილებ ჩემი იქნება და მე გავზრდი!
- რატომ უნდა იშვილო სხვისი ბავშვი? - ცივი ხმით ჩაეკითხა მიმი, თუმცა თვალები წყლით ჰქონდა სავსე. - შენ თვითონაც ხომ შეგიძლია, რომ საკუთარი შვილი იყოლიო?
- იცი რაა? - მშვიდი ხმით მიუგო ფიფომ. - მეცნიერება ჯერ ასე შორს ვერ წასულა და ამ ეტაპზე, არც ორსულობა შემიძლია და შენ წარმოიდგინე, ვერც მშობიარობას გადავიტან! თანაც, ახლა ჩემი ორსულობა, კატეგორიულად გამორიცხულია, რადგან ბევრს ვეწევი! ვსვამ! არაფრით არ შეიძლება ახლა ჩემი დაორსულება!
მიმის, როგორც იქნა, გულიანად გაეცინა.
ფიფო კი აგრძელებდა:
- ასე, რომ სანამ მეცნიერები, ამ პრობლემას მოაგვარებენ, მანამდე შენი დახმარება დამჭირდება. და ისე მართლა! ბავშვი იმისია, ვინც მას გაზრდის! გასაგებია, გოგონი? - თვალი ჩაუკრა ფიფომ.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა, რაღაც ცოტა გულზეც მოეშვა.
ფიფო მართლაც არაფერს აძალებდა. მშვენიერი მეუღლე და მამა იქნებოდა. მიმის ცხოვრებაში, არაფერი აკლდა და მეტი რაღა უნდოდა?
- ისე, დიდ ხანსაც ნუ იფიქრებ. - განაგრძო კვლავ ფიფომ. - უბრალოდ მინდა, რომ ჩვენ თუ მართლა ერთად ვიქნებით, ყველამ ასე ჩათვალოს, რომ მართლა ჩემი შვილია, მინდა ყველამ ასე იცოდეს და სანამ გარეგნულად რამე შეგეტყობა, მანამდე მინდა, რომ უკვე...
- კი მესმის, მაგრამ მაინც ხომ უნდა დავფიქრდე და თან შენ... - მიმიმ უცებ გაჩუმდა.
თითქოს სიტყვა შუაზე გაუწყდა.
ფიფომ გაუღიმა.
- მე არასდროს დაგისვამ ზედმეტ შეკითხვას. - მიუგო ფიფომ. - მართლა გეუბნები, კარგად მოიფიქრე. იმას არა აქვს მნიშვნელობა, შენ რამდენად ფინანსურად უზრუნველყოფილი ხარ, მაგრამ ბავშვს მამა სჭირდება! აუცილებლად სჭირდება ორივე მშობელი და თუ მამის კანდიდატურა თავისუფალია, მე მზად ვარ! თუმცა, ისედაც და ასედაც, მაინც შენს გვერდით მიგულე.
- კარგი მოვიფიქრებ. - ამოისუნთქა მიმიმ. - მხოლოდ ახლა ვჭამოთ რაა, ვეღარ ვითმენ.
ფიფოს გაეცინა.
ყურებამდე გაღიმებულმა მიმიმ მსუნაგივით მოავლო თვალი სუფრას. ახლა ჭამაზე მეტად, სასაუბრო თემის შეცვლა უფრო უნდოდა.
ფიფომაც არ დააყოვნა და სწრაფადვე აუღო ალღო და ხან ერთ კერძს აწოდებდა და ხან მეორეს.
საღამომ ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. ფიფო ბევრს ხუმრობდა, მიმიც გულს აყოლებდა. ცდილობდა, ხუმრობაში ფიფოს არ ჩამორჩენოდა და მაინც, ათას რამეს ფიქრობდა მიმი. მთელი ღამე არ უძინია. საკუთარ თავზე გული მოსდიოდა.
„ნუთუ, როგორ ვერ შევამჩნიე? ამდენად სულელი როგორ ვარ? როგორ ვერ მივხვდი?
ჰმ, ფიფო რა დღეშია. ნუთუ მართლა უხარია?
ნეტა, მართლა ასე ვუყვარვარ?
არა, ისე მეც მომწონს, ყოველთვის მომწონდა, თითქმის უკვე მიყვარდებოდა, მაგრამ არ დამაცადა, უცებ მაქცია, ზურგი, მაგრამ მაინც ბოლომდე მეგობრად დარჩა. ახლა კი თითქოს, თავიდან ვიწყებთ ყველაფერს. ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია! დიახ, ძალიან კარგი ბიჭია.
პიპას კი ჩემი დანახვაც არ უნდა!
ფაქტიურად, სახლიდან გამომაგდო!
მე კი მის შვილს ვატარებ და არც კი...
არა! რატომ უნდა იცოდეს! არც მინდა რომ ოდესმე გაიგოს!
მაგრამ მერე?
მერე მასაც, რომ იგივე ბედი ეწვიოს, როგორც მამამისს? იქნებ, მერე ვინმე თავისივე ნათესავი შეუყვარდეს?
არა! არასდროს! არ დავუშვებ ამას! მკაცრად გავაკონტროლებ და მამამისსაც ჩავაყენებ საქმის კურსში.
მაგრამ მერე ბავშვი, რომ მოითხოვოს? მე არ ვუნდივარ, მაგრამ თავის შვილზე როგორ გიჟდება და ალბათ, ამ ბავშვზეც გაგიჟდება და მერე ვაიმე მართლა, რომ წამართვას?
და რატომ უნდა წამართვას? იმიტომ რომ საშინელი კაცია! ყველას და ყველაფრის მანიპულირება შეუძლია და ასე ჰგონია, როგორ თვითონ სურს ყველაფერი ისე უნდა იყოს?!
სულაც, არა! ვერ მოგართვით, ბატონო პროფესორო!
ან ფიფო იქნება ჩემი შვილის მამა, ან არავინ! ან საერთოდაც არ იქნება ეს ბავშვი!
სულაც არ მჭირდება არავინ!
და არც არავისი არაფერი მინდა!“
გამთენიისას, როგორც იქნა, ჩაეძინა.
საოცარ ზღაპარში ამოჰყო თავი. სადღაც ძველ დროში. ატრაქციონების პარკში დასეირნობდა. გამუდმებით უკრავდა რაღაც მელოდია და ძველებური ცხენიანი კარუსელების ბზრიალ-ტრიალი თავბრუს ხვევდა. უამრავი ხალხი ირეოდა. ყველა მას უღიმოდა და თითქოს, როგორც დედოფალს ისე უთმობდა გზას.
არა ეს ღიმილი არ იყო! ეს რაღაც სულ სხვა გამოხედვა იყო...
ეს ღიმილი კი არა, ეს ნიღბიანი ხალხი იყო.
ხალხიც არ ჩანდა, მხოლოდ ნიღბები გაყინული სახეებით უღიმოდნენ და გზას უთმობდნენ.
კარუსელი კი ტრიალებდა და მუსიკაც არ წყდებოდა.
მერე თითქოს გამოეღვიძა. სიზმარი ყოფილაო და ამოიხვნეშა. გაიზმორა, ბალიში გაასწორა, მაგრამ უცებ აღმოაჩინა, რომ საწოლის ნაცვლად რაღაც, ძველ პიანინოზე გაწოლილიყო და იქ ეძინა.
პიანინოს ფერგადასული ჩაყვითლებული კლავიშები კი თავისით უკრავდნენ მელოდიას.
პიპას მელოდიას უკრავდა ძველი გახუნებული პიანინო
კარუსელი კი ტრიალს აყოლებდა.
მიმიმ კლავიშებისკენ ხელი ჩაიწვდინა და პირველივე აკორდის ხმამ ისე ძლიერად შეაკრთო, რომ გამოეღვიძა.
LEX. 2017 წლის 26 სექტემბერი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment