მიმი კვლავ პასუხებს მოითხოვდა და აიძულებდა დედას და მამიდას, კიდევ კარგად გაეხსენებინათ, თუ ვინ იყო გარიგების მოთავე, ან კიდევ ვინ იღებდა მონაწილეობას, ასე „უთვისტომო“ ბავშვის ყიდვა-გაყიდვაში.
- ის ექთანი, რომ არ მომკვდარიყო, კი ვათქმევინებდი სიმართლეს. - მამიდამ თავი გააქნია.
- და ნეტა ერთი, რომელ სიმართლეს? - ამოიხვნეშა მიმიმ.
- იქნებ, ის რაც ვიცით, სწორედ ეგა არის სიმართლე. - დაურთო დედამ.
- თუ მასეა. - განაგრძო მიმიმ. - მაშინ ან ის სოფლიდან ჩამოსული გოგო, სად უნდა ვეძებო? რომელ სოფელში, იქნებ აღარც იმ სოფელში ცხოვრობს ახლა და აღარც ამ ქვეყანაში? და იქნებ ამ ქვეყნადაც აღარ არის!
მიმის დედას უხერხულად გააჟრჟოლა. მიმიმ ალმაცერად გადახედა.
- რა იყო, დეე? - მიმი ახლა სახეში ჩააშტერდა. - ჩემთვის ის ქალი, ყოველთვის მკვდარი იყო! შენ ხარ ერთადერთი დედა, ჩემთვის! ვერავინ ვერასდროს დაიკავებს შენს ადგილს! ასჯერ ამაზე მეტი ქონება, რომ მომცეს, ღმერთადაც რომ მაქციოს, მაინც ვერაფრით მომხიბლავს! ამ წლებს მაინც ვერანაირად ვერ დაფარავს! აი, ამაშია საქმე!
- მაპატიე, შვილო. - ამოიხვნეშა დედამ.
- და რა გაქვს, საპატიებელი? - მიუგო მიმიმ. - ის, რომ არაფერს მაკლებდი? ის, რომ არასდროს მციოდა? არასდროს მშიოდა და სითბოსა და სიყვარულში ვიყავი ჩაფლული? ეს გაპატიო? ჰმ, კარგი! რადგან ასე გული გეწვის, მაშინ სხვა რა გზა მაქვს? მიპატიებია! - გაეცინა მიმის და დედას მოეხვია.
- მე არ მაპატიებ? - ეჭვიანად გადმოხედა მამიდა.
- აბა, რაა?! - მიმი ახლა მამიდისკენ გაიწია. - შენთვისაც მიპატიებია, ჩემო მეორე დედიკოვ! კიდევ დიდ ხანს, ბევრი ხანი და სულ ასე უსასრულოდ მინდა გიყუროთ და არასდროს მომბეზრდებით, მაგრამ მაინც მინდა იმ ქალის ნახვა! საჭიროცაა და აუცილებელიც! იქნებ, და-ძმა მყავს, რა? არ უნდა ვიცოდე? და მერე ვინ იცის, დიმეოს სად და როდის გადაეყრებიან ბიძაშვილები და საშინელ ცოდვაში, რატომ უნდა ჩავადგმევინო ბავშვს ფეხი!
- ის კაცი, ცოლშვილიანი ყოფილა. - დაუმატა მამიდამ. - ვისგანაც შენ გაგაჩინა.
- აი, ხედავთ? - მიუგო მიმიმ. - მამის მხრიდან, ხომ უეჭველი მყავს და ან ძმა?! - მიმი წამით შეყოვნდა. - და-ძმას სიხარულით მივიღებდი, მაგრამ იმ კაცს, არა! არასდროს! არანაირად არა! ნამდვილი ნაძირალა ყოფილა, ორსული გოგო, როგორ მიაგდო?! თავიდან ხომ კარგად გაერთო, ისიამოვნა და მერე, აღარ მოუნდა! პირველ რიგში, მაგ კაცს არ მივიღებ, დანახვაც არ მინდა! მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, ვინ არის და ესეც შორიდან და არც მინდა რომ თვითონაც მიცნობდეს.
- და არც არის შენნაირი შვილის ღირსი! - დაურთო მამიდამ.
- ნამდვილად არ იმსახურებს! - მიმიმ ღიმილით მოიღერა ყელი.
- ჩემი ბრალია, ჩემი! - ამოიხვნეშა დედამ. - მაგდენი რომ თავის დროზე მეაზროვნა, ახლა ჩემი შვილი, ასე ხომ არ გაიტანჯებოდა.
- ისე, კი! მართალია ვიტანჯები, მაგრამ ეს უფრო ბოღმაა! - კოპები შეკრა მიმიმ. - და... სიმართლე, რომ გითხრათ, გულის კუნჭულში, საერთოდაც არ მინდა, როგორც არც იმ კაცის და განსაკუთრებით კი, იმ ქალის ნახვა! მათი შორიდან დანახვაც კი არ მინდა! - მიმიმ თავი გააქნია. - მაგრამ უბრალოდ, მაინც მინდა თვალებში ჩავხედო და ავუხსნა, რომ ღმერთმა შეგვქმნა ამ სამყაროში, თუ რაღაც სხვა ძალამ მოგვავლინა, მაგრამ შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი! - მიმიმ ხმას აუწია. - ეს ის სამყაროს პასუხია ადამიანისგან, რომლისთვისაც ღირს არსებობა!
- შემოგევლე, გენაცვალე. - მოეხვია მამიდა.
- მოგიკვდეს დედა. - ატირდა დედა.
- შენ, რატომ უნდა მომიკვდე? თუ კარგია, ის მოკვდეს! - მიმიმ წამით იყუჩა. - დაე, ყველას შურდეს! დაე, ყველა ბოროტი გასკდეს გულზე, რადგან ასეთ ბედნიერ ვარსკვლავზე ვყოფილვარ დაბადებული, რომ საუკეთესო ოჯახში გავიზარდე! ასეთმა კარგმა ხალხმა მიმიღო და შემიყვარა, თორემ საკუთარი შვილს გამყიდველი დედა, თუ სარფიან გარიგებას ვერ გამოჰკრავდა ხელს, იმ ბავშვს მაინც მიაგდებდა სადმე, უპატრონოთა თავშესაფარში! კიდევ კარგი, ბედად თქვენ გამოჩნდით ჩემს ცხოვრებაში და უბედნიერესი ბავშვობა მაჩუქეთ, თორემ ტილებისგან დაჭმული და გაუბედურებული, მეც სადმე ვეგდებოდი და ვინ იცის? ჩემგან რა დადგებოდა?! - მიმიმ ღრმად ამოისუნთქა. - უჰ, რამდენი ვილაპარაკე და განა გამაჩუმა ვინმემ?
- თავს გაუფრთხილდი. - დედამ თავზე გადაუსვა ხელი. - ჩვენ, ამ ორ მოხუც ქალს, შენს მეტი არავინ გვყავს. შენ ხარ ჩვენთვის სული და გული, შენ და შენი ოჯახი. ჩემს პატარა დიმეოს რომ ვუყურებ, ვერც კი წარმომიდგენია, რომ ჩემი სისხლი და ხორცი არ არის. გაფიქრებაც კი არ მინდა.
- შენია, აბა ვისია? - გაუღიმა მიმიმ.
- მართალია,მიმი! - დაურთო მამიდამ. - ქალი, რომ საკუთარი შვილს გაყიდის, ნეტა იმ ფულით იმაზე უკეთესი რა შეიძინა, რაც ასე ადვილად დასთმო?
- და მაინც, ვერავის იხსენებთ? - კვლავ დაუბრუნდა მიმი წამოწყებულ საუბარს. - ვინც ის ექთანი გაგაცნოთ? ან საერთოდ, პირველად ვინ დაიწყო ამაზე საუბარი? იქნებ, ასე მაინც გაიხსენოთ?
ქალები ჩაფიქრებულები ისხდნენ.
- ვიღაც ხომ იყო, ვინც შემოგთავაზათ და გზა გასწავლათ? - განაგრძო მიმიმ. - თუ ასე, პირდაპირ ქუჩაში გაგაჩერეს და შემთხვევით, თქვენ ბავშვი ხომ არ გინდათო და თქვენც ადექით და წამომიყვანეთ! - გაეცინა მიმის. - ვიღაცისგან ხომ დაიწყო ეს ყველაფერი და მართლა, ქუჩაში ხომ არ გაიცანით ის ექთანი.
- მე არაფერი ვიცი. - დაიწყო დედამ. - უფრო სწორად, არ ვერეოდი. თითქოს, ასეც იყო მაშინ წესი. კვალის არევის მიზნით, მშვილებელი მშობლები არ ჩანდნენ და არც გარიგებაში იღებდნენ მონაწილეობას. ბავშვს კი, უახლოესი ნათესავი მოიყვანდა სახლში. - დედა გაჩუმდა და მერე დაბალი ხმით დასძინა. - მამიდაშენმა ითავე ეს ყველაფერი.
- და გგონია, ახლა მე მახსოვს? - მიუგო მამიდამ. - მთელი ყურადღება, ბავშვზე მქონდა გადატანილი! ყველა ექიმები თუ პროფესორები მოგატარე, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა საბუთებიც კი არ გვქონდა ბოლომდე გაფორმებული. დედაშენი, სპეციალურად არ მახლდა თან, ისე გამომყავდი ექიმთან წასაყვანად.
- ექიმთან? - გაიკვირვა მიმიმ. - ასე პატარას, რაღაც მჭირდა კიდეც?
- ბევრიც არაფერი. - მიუგო დედამ. - და რა დიაგნოზიც არ უნდა გქონოდა, რადგან თვალი დაგადგი, მაინც აგიყვანდი! როგორც კი პირველად დაგინახე, მაშინვე მიხვდი, რომ სწორედ შენ იყავი ჩემი შვილი!
- მერე? - ღიმილით ჩაეკითხა მიმი.
- მე და მამიდაშენს, ერთად გვაჩვენეს ბავშვი. - განაგრძო დედამ. - ჰმ, თანაც, არ იკითხავ, სად?
- ჰმ. სად? - გაკვირვებით ჩაეკითხა მიმი.
- სად და სადაც სამრეცხაო თეთრეულს აგროვებდნენ, სულ ერთი წუთით შემოგვიყვანეს იქ შენი თავი. მანამდე კი თეთრი ხალათებით შეგვმოსეს, ისე მიჭერდა ის ხალათი, ისე მიჭერდა, რომ ლამის სული მეკვრებოდა, მაგრამ შენ რომ დაგინახე, მეტს ვეღარაფერს ვგრძნობდი, სხვა აღარაფერი მინდოდა შენს მეტი.
- იმ ექთანმა გაჩვენათ ჩემი თავი? - იკითხა მიმიმ.
- ჰო! - თავი დაუქნია მამიდამ. - ეგ იყო მაგ საქმის, თავიც და ბოლოც!
- მერე? - ვეღარ ითმენდა მიმი.
- მერე ჯერ თანახმა იყვნენ, თითქმის მოვრიგდით და უცებ უარი გვტკუცეს! - განაგრძო დედამ. - დედა უარზეაო, გადაიფიქრაო, მგონი იმ კაცმა მოაკითხაო, თუ რაღაც მასეთი და მოკლედ, აღარ ტოვებს ბავშვსო.
- თან სამშობიაროს ხარჯებიც უკვე ჩვენი გადახდილი იყო. - ჩაურთო მამიდამ. - არა, ჩემო გოგო, შენ კი არ გეგონოს, რომ რამეს გაყვედრით, მაგრამ ბრიყვებად, რატომ უნდა ჩავეთვალეთ? დებილი ვარ, ვიღაც უცხო გოგომ იკუნტრუშოს და მე მშობიარობის ფულები ვუხადო? რა ვალდებული ვიყავი? რისთვის?! - კოპები შეკრა მამიდამ.
- კარგი, დამშვიდდი. - გაეცინა მიმის. - და მერე? როგორ დაითანხმეთ?
- იმ ექთანს, მეორე დილასვე დავუდარაჯდით! აბა, ეს ფული რაღასთვის გადაგვახდევინეთო, ისეთი სახით უთხრა მამიდაშენმა, რომ ცოტაც და შუაზე გაგლეჯდა! - ეცინებოდა დედა.
მიმისაც გაეცინა. მამიდამ ამაყად მოიღერა ყელი.
- სხვა ბავშვს ვნახავთო. - განაგრძო დედამ. - მართალია, ახლა ჯერ არავინ ჩანს და ბარემ, ერთი-ორი თვეც მოიცადეთ და ვნახოთო, ახლა ცოტა რაღაც ამბებია ატეხილი და სარისკო საქმეაო.
- ალბათ, შეგატყვეს, რომ მეტის გადამხდელები იყავით. - ჩაურთო მიმიმ.
- თავისთავად! - დასძინა მამიდამ. - მაგრამ ჩვენ, უკან არ დავიხიეთ. თანაც, დედაშენს ღამეები არ ეძინა. რაც გნახა, იმის მერე, სულ შენზე ფიქრობდა.
- მართლა? - სიხარულით აღნიშნა მიმიმ.
- ჰო, მართლა! - თავი დაუქნია მამიდამ. - დღე და ღამე ოთახებში გადი-გამოდიოდა და სულ წუხდა, ნეტა, თუ გამოუცვალესო, ღამე თუ იტირა, აბა ვინ მიაქცევს ყურადღებასო, მშიერი ხომ არ ჰყავთო, ნეტა თუ აჭამეს კარგადო.
- ახლაც მასეა! - გაეცინა მიმის. - ისიც კი მახსოვს, მე და ფიფო, პირველად ცალკე რომ გადავედით, დედა რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ სულ მშივრები ვიყავით და ქვაბებით დაარბენინებდა ფიფოს.
- აბა, სამზარეულოში მერეც გეყოფოდა ტრიალი. - მიუგო დედამ. - შენს ქმართან მეტი დრო უნდა გაგეტარებინა, თან უკვე ორსულადაც იყავი და რისთვის გამეწვალებინე? რატომ? სადილს ხომ ისედაც ვაკეთებდი ჩემთვის და ორი სამი ულუფით მეტი, რაღა იყო?
- რაღა იყო და შენი მზრუნველობა იყო, დეე! - მოეხვია მიმი. - და ექიმთან მართლა, რატომ დაგყავდი? - ახლა მამიდას მიუბრუნდა მიმი.
- მარცხენა ფეხის ტერფთან ჰქონდა ცოტა პრობლემა და გიმკურნალეთ. - მიუგო მამიდამ.
- ჰოო? - გაიკვირვა მიმიმ. – ოპერაცია გამიკეთეთ? არც ვიცოდი.
- არა, ოპერაცია, არა. - მიუგო დედამ. - თუმცა, თავიდანვე კი გვითხრეს, ეს ბავშვი, ოპერაციის გარეშე, ვერც დადგება ფეხზეო და თუ გაიარა, შეიძლება კარგად ვერც გაიაროსო.
- რა ვიცი? - გაკვირვებით აიჩეჩა მიმიმ მხრები. - მგონი, მშვენივრად დავდივარ.
- მერე მაგათ დავუჯერებდი? - ჩაურთო მამიდამ. - პროფესორის დიპლომები კი ჰქონდათ, მაგრამ თავში თუ ჰქონდა, რამე თავში?!
- მერე მამაშენიც გადაირია. - განაგრძო ისევ დედამ. - ამ თოთო ბავშვს, რა ოპერაცია უნდა ჩაუტაროთო და თუ კი, სადმე ვინმე იყო, ყველგან მოგარბენინეთ.
- ეს როდის უკვე? - იკითხა მიმიმ. - როცა გამომიყვანეთ?
- არა, მანამდე. - მიუგო მამიდამ.
- ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. - და უარი თუ მიიღეთ, მერე მაინც როგორღა წამომიყვანეთ?
- ციხეში ამოგალპობ-მეთქი, დავემუქრე! - ჩაიხითხითა მამიდამ. - ჩემი ქმარი, თავს წაგაძრობს კისრიდან! ის ფული, რაში გადაგვახდევინე? შენ ვიღაც შტერები ხომ არ გგონივართ-მეთქი?!
- ქმარი? - ჩაეკითხა მიმი. - მამაჩემზე უთხარი?
- ვითომ, მე ამყავდა ბავშვი და დედაშენი ისე მახლდა. - აუხსნა მამიდამ. - მართლა შეშინდა, დაფრთხა. ან ის ბავშვი თქო! მგონი, ფულის დამატება გინდა და ბარემ ამოღერღე მეთქი და ის იყო მერე, ათასი მანეთი ცალკე ხელზე მოითხოვა.
- და მაშინათვე მიეცით? - წარბები აზიდა მიმიმ.
- არა, რას ამბობ?! - შეიცხადა მამიდამ. - არც ფული მაკლდა და არც ჭკუა! იმავე საღამოს დაგვირეკეს, რომ ბავშვი პრობლემურია და არ გირჩევთო, რადგან ამხელა თანხას ვიხდიდით, უფრო მეტად დაწვრილებით გაგსინჯეს და გამოგიკვლიეს.
- ჰოო? - მიმიმ წარბები აზიდა. - და დაწუნებული ბავშვების სიაში ჩამსვეს!
- ამაზე დედაშენი, სულ გადაირია. - კვლავ განაგრძო მამიდამ. - ეს ბავშვია ჩემი ბედიო! სულ მთელი ცხოვრება, ინვალიდის ეტლში რომც დარჩესო, მაინც ჩემია და მორჩაო!
მიმის თვალები აევსო. მერე თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
ტიროდა დედაც და მამიდაც.
- მერე? - ქსუტუნით მოიწმინდა სახე მიმიმ.
- მერე ის ათი დღე, სანამ ჯერ კიდევ სამშობიაროში იყავი. - დაიწყო დედამ. - მამიდაშენს ყოველდღე გამოჰყავდი. მე ჩუმად, ქუჩის კუთხეში ჩამისვამდა მანქანაში. ქალაქგარეთ მივდიოდით. იქ ვიღაც მკურნალი ცხოვრობდა, სპეციალურ მასაჟებს გიკეთებდა და მერე ისევ უკან გაბრუნებდით სამშობიაროში.
- ღმერთო ჩემო! - თავი გააქნია მიმიმ. - ჯერ სახლშიც არ გყავდით გამოყვანილი და უკვე რამდენს წვალობდით!
- თუ შვილი გინდა, უნდა გაისარჯო კიდევაც! - მიუგო მამიდამ.
- და მამიდ! - მიმართა მიმიმ. - შენ თვითონაც, რატომ არ აიყვანე ბავშვი? ახლა მამიდაშვილი მეყოლებოდა. - გაუღიმა მიმიმ.
- მიფიქრია მაგაზეც. - მამიდას ჩაეღიმა. - ისე თავიდან, სწორედაც რომ მე ვფიქრობდი ბავშვის აყვანას და ვერასდროს მოვიცალე! სულ გავიძახოდი, დღეს ხვალ, დღეს ხვალ და არ დაილია საქმე. თანაც, ისეთი სამსახური მქონდა, სულ გადარბენაზე ვიყავი, სახლში გვიან დაღლილი ვბრუნდებოდი და აბა, ოჯახის დეკორაციისთვის ხომ არ ვიშვილებდი?
- ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. - და რომ გათხოვილიყავი? რა გიშლიდა ხელს?
- კისერზე ვერავის ჩამოვეკიდებოდი და სად იყვნენ მერე კარგი ბიჭები? - ცხვირი ასწია მამიდამ. - ერთი იყო და ისიც ჩემმა რძალმა დაითრია. - დაასრულა სიცილით.
- მეორეც იქნებოდა სადმე ახლო-მახლო. - ეცინებოდა მიმისაც. - შენი ქმარი იმუშავებდა და შენ ბავშვს გაზრდიდი.
- ჩემი ძმა, განა რამეს მაკლებდა? რძალიც კარგი შემხვდა, ყოველ შესვენებაზე შემოვირბენდი, უსადილოდ არ მიშვებდა და საერთოდ, ბავშვობიდანაც საკმაოდ მდიდარ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ სამსახურში მაინც გავედი! - განაგრძობდა მამიდამ. - აბა, სახლში რა გამაჩერებდა? სამუშაოს კი ვერ შევეშვი, მაგრამ ისე მინდოდა შვილი და იმდენი ვიძახე, რომ მერე ჩემს ძმასაც მოვანდომე და აი, შენც მოხვედი და დედაშენმა კი შენი გულისთვის, სამუშაოს დაანება თავი და ასე ჩაჯდა დღემდე სახლში!
- აბა რაში მჭირდებოდა სამსახური? - თავი იმართლა დედამ. - ეჰ, საცოდავი მამაშენი, ჩიტის რძეს არ გვაკლებდა და რისთვის უნდა მემუშავა? მშიოდა თუ მწყუროდა? ამ ნაფერებ და ნალოლიავებ ბავშვს, ძიძას ნამდვილად ვერ ვანდობდი!
- ვაიმე, ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი! - მიმიმ კედლის საათს გახედა. - ბავშვი მყავს სკოლაში წასაყვანი და მერე როგორ არ უნდაა!! - გაეცინა მიმის.
- ჩვენი ბიჭი, ისედაც ნიჭიერია. - შენიშნა მამიდამ. - ნეტა, რამეს მაინც აძლევდეს ეგ სკოლა?!
- რატომაც არა! - ჩაერია დედა. - კერძო სკოლაა და ამდენ ფულს იხდის ჩემი შვილი! კეთილი ინებონ და კარგად ასწავლონ ბავშვებს.
- კარგად ასწავლიან, კარგად! - გაეცინა მიმის. - უბრალოდ, დიმეო თავს კლასს ბევრად წინ უსწრებს და საერთოდ, სკოლაში წასვლა არ უნდა, ეზარება. თვითონ დამოუკიდებლად, უფრო მეტს სწავლობს, მაგრამ ვატყობ, რომ ხალხთან ურთიერთობა არ უნდა. ამიტომაც ვაიძულებ გაერიოს თანატოლებში.
- შენ და ფიფო როგორი მეგობრული, როგორი კომუნიკაბელურები ხართ და ეს გულჩათხრობილი ბიჭი, ვის დაემსგავსა? - ეღიმებოდა დედას.
- ჩემი ბუტუსურაა! - გაეცინა მიმისაც. - წავედი ახლა, ძალით წავაჩანჩალო სკოლაში.
მამიდა აქამდე ჩუმად იყო. დედა-შვილის საუბარში არ ერეოდა. მერე კი უცებ რძალს მიუბრუნდა და ჩაფიქრებული ხმით ჰკითხა:
- შენ თუ, გახსოვს? ჯერ კიდევ იმ სახლში, როცა ვცხოვრობდი, ჩემს ქვედა სართულის მეზობელს, უშვილო მულიშვილი რომ ჰყავდა?
- უჰ, რა ვიცი, რაღა მახსოვს? - მხრები აიჩეჩა დედამ.
- აი, ზუსტად მაგან დაგვაკვალიანა. - კვლავ ჩაფიქრებული ხმით ჩაილაპარაკა მამიდამ.
- ძალიან გთხოვთ, ორივეს! გაიხსენეთ, დაწერეთ, ჩამოწერეთ ყველა ვინც გაგახსენდებათ! ძალიან მეჩქარება, საღამომდე რაღაც მაინც დამახვედრეთ! - აღელვებული ხმით მიუგო მიმიმ და დიმეოს სკოლაში წასაყვანად გავარდა.
გზიდან ჯერ მესიჯი მისწერა. დიმეომ არ უპასუხა. მერე რამდენჯერმე ზარიც გაუშვა დიმეოს, რატომღაც მობილური გამორთული ჰქონდა.
- ალბათ, დატევნა დაავიწყდა. - ბრაზობდა მიმი. - არადა, მაგ მხრივ, სულ მოწესრიგებული ბავშვია. ჩემი შეხსენება, არასდროს სჭირდებოდა. პირიქით, მე და ფიფოს აქეთ გვახსენებდა ხოლმე. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ეჰ, ფიფო, როგორ მჭირდები, შენ ალბათ ვერც კი წარმოიდგენ, თორემ ახლა, ასე გააგრძელებდი ძილს? - მიმიმ ახლა უფრო ღრმად ამოხვნეშა. - ნეტა მართლა გეძინოს და მართლა შენს გაღვიძებას ვუცდიდე... მაინც დაგელოდები, ნუ გეშინია ფიფო! არავის მივცემ აპარატის გამორთვის უფლებას! უკვე ვგრძობ ამ თემაზე, როგორ მაპარებენ საუბარს, მაგრამ ვერ მივართვი!
მიმიმ მანქანა ძანეს სახლთან შეაჩერა. დიმეო არც გარეთ დახვდა და კვლავაც მობილური გამორთული ჰქონდა. ალბათ, მართლაც დატენვა დაავიწყდა, ან სულაც გაუფუჭდაო, იფიქრა მიმი და ჩქარი ნაბიჯებით აუყვა კიბეს.
შესვლისთანავე სკამი მოითხოვა, ძლივს მოითქვა სული.
- ყველაზე მეტად კიბეები მღლის. - მდარედ გაეღიმა მიმის და ცივი წყალი მოსვა. - ვაგვიანებთ უკვე, სად არის დიმეო? იცმევს? თუ ჯერ არ გაუღვიძია?
მიმიმ ახლა ძანეს გახედა, რომლიც თავისთვის, ფანჯრისკენ მომზირალი სახით იჯდა და თითქოს, მიმის მოსვლაც არ გაუგიაო.
- მიდი, ბებო, გააღვიძე დიომეო. - უთხრა ბებიამ. - სკოლაში აგვიანდება.
ძანე უხმოდ ადგა და საძინებელში გავიდა. მალევე უკან მობრუნდა და თავის ჩვეულ ადგილას დაჯდა.
გავიდა ხუთი, ათი წუთიც, დიმეო კვლავ არ ჩანდა.
- რას აკეთებს ამდენ ხანს?!
მიმი უკვე სერიოზულად ბრაზდებოდა და ის იყო წამოდგომა დააპირა, რომ ძანეს ხმამ შეაჩერა:
- დიმეო, არ არის.
- როგორ თუ არ არის? - გაიკვირვა მიმიმ.
- ბავშვი სად არის?! - ისე შეუძახა ბებიამ ბაბუს, რომ თითქოს ის მალავდა სადმე.
- ალბათ, გარეთ გავიდა. - მხრები აიჩეჩა მოხუცმა. - იქ ზედა აივანზე დაჯდება ხოლმე და ხატავს.
- და რა დროს ხატვა იყო, ახლა?! - გაწიწმატდა მიმი. - ოღონდ სკოლაში არ წავიდეს და ყველაფერზე წავა!
- როგორ ტყუილად აწვალებენ ამ ბავშვებს. - დანანებით ჩაილაპარაკა ბებიამ.
- ეგ, არ გაგვიგოს. - დაბალ ხმაზე მიუგო მიმიმ. - ისედაც არ უნდა წასვლა და აი, მემალება ახლაც.
მიმი დიმეოს საწოლ ოთახში შევიდა. ბიჭი არც საწოლში დახვდა და არც ოთახში იყო. ვერც მისი მობილური ნახა.
„ჰმ, თან წაიღო და თანაც გამორთო, რომ სკოლაში წასვლას ასცდეს.
დამაცადოს ერთი! მეორე გაკვეთილზე მაინც მივიყვან, სად წამივა?“
მიმი ოთახიდან გამობრუნდა.
- მოდი, ჯერ ვისაუზმოთ. - შესთავაზე ბებიამ. - მოშივდება და გამოძვრება სამალავიდან.
უკვე საათზე მეტი იყო გასული და დიმეო კვლავ არსად ჩანდა. მიმი აწრიალდა, აივანზე გავიდა, ვერც ეზოში მოთამაშე ბავშვებში შენიშნა, რამდენჯერმე უმისამართოთ გასძახა კიდეც, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.
მიმის უკვე შეშფოთება დაეტყო. მოხუცებიც შეფიქრიანდნენ. მხოლოდ ძანე იჯდა, წყნარად და მშვიდად. თითქოს, სულაც არ ადარდებდა დიმეოს გაუჩინარება.
- ბაბუ. - მიმართა ბაბუმ, ძანეს. - დიმეოს ხომ არ უთქვამს შენთვის, სად მიდიოდა?
- არა! - ისე მიუგო ბიჭმა, რომ არც გამოხედა.
ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული ძანე, თავისთვის ჩაფიქრებული გაჰყურებდა ქუჩას. ვინ იცის, რას ფიქრობდა ან კი ფიქრობდა რამეს? შეიძლება, გულში სწყინდა კიდევაც რომ დილით, დიმეო ისე წასულა, არც კი გამოემშვიდობა. მერე ისიც გაიგო, რომ თურმე იმალებოდა კიდევაც და სად უნდა დამალულიყო, თუ არა, იმ საიდუმლო ადგილას, რომელიც თავად ასწავლა.
- მიდი ბაბუ, აბა ერთი დაუძახე! - კვლავ მიმართა მოხუცმა.
წამით ყველა გაირინდა და სანამ ბიჭის რეაქციებს დააკვირდებოდნენ, ძანე უხმოდ წამოდგა, გარეთ გავიდა და აივნის ბოლოსკენ წავიდა.
- სად მიდის? - ბებიამ გაკიდება სცადა, მაგრამ ბაბუმ გააჩერა:
- დააცადე, ხომ ხედავ? იცის სადაც იმალება. - ეღიმებოდა მოხუცს. - შენ რომ ახლა გაეკიდო, მერე სხვა სამალავს ნახავენ. ისე უნდა მოვიქცეთ, ვითომ ვერც მივხვდით!
- მაიმუნი ბავშვები! - მიმიმ ღიმილით გააქნია თავი.
- მაიმუნები კი არა გამჭრიახები და ჭკვიანები. - ჩაეღიმა ბაბუს. - მაგრამ ჩემნაირ გაიძვერასთან, მაინც რას გახდებიან?
დიმეომ, ჯერ სახეზე ოდნავ შეხება იგრძნო. ძლივს გაახილა თვალები. ძანე სახეში ჩაშტერებოდა, მტვრიან სახეს უწმენდდა, თუმცა არც არაფერი უთქვამს და არც არანაირი შეშფოთება ეტყობოდა.
დიმეო წამოჯდა, მაგრამ ადგომა არც უცდია. ხმაც არ ამოუღია. ჯერ კიდევ გათიშული იყო, თვალებდაჭყეტილი ცდილობდა, უფრო გამოფხიზლებულიყო.
- წამოხვალ? - ჩვეული ხმით ჰკითხა ძანემ.
- ჰო. - როგორც იქნა, ამოთქვა დიმეომ და ძლივს წამოსწია ტანი.
ძანე წინ მიდიოდა, მის უკან კი ერთიანად მტვერში ამოგანგლული დიმეო მოჩანჩალებდა. ფეხებს ძლივს ადგამდა, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო. კვლავ თავბრუ ეხვეოდა და თითქოს მხედველობაც უჭირდა. მიჰყვებოდა კვალში ძანეს და მხოლოდ მის წითელ, გრძელ მკლავიან მაისურს ამჩნევდა და იმ წითელ ფერს მისდევდა.
ოთახში შესვლისთანავე, ემოციებითა და საყვედურებით შეხვდნენ. თავიდან ბოლომდე მტვერში ამოსვრილი ბავშვის დანახვაზე, მიმი გაოგნებული დარჩა. ასეთ ადგილას სად იძრომიალეო, მაშინვე მიახალა, მაგრამ დიმეოს ხმა არ ამოუღია, ერთი შეხედა დედას, მერე თვალთ დაუბნელდა და ახლა მის წინ გაიშხლართა.
LEX. 2021 წლის 21 სექტემბერი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment