Tuesday, September 14, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 125)

125. 
სხვენში არაფერი იყო შეცვლილი, ყოველი ნაგავი თუ უსარგებლო ნივთი ისევ იმ ადგილას დახვდა. ზოგან რაღაც დიდი უზარმაზარი ზომის ზეწრებიც კი იყო ჩამოფარებული, თითქოს მის ქვეშ, უფრო ძვირფასი რამ ყოფილიყო შენახული. ბიჭმა ესეც კარგად გადაათვალიერა, მაგრამ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ნახა. თან რასაც აკვირდებოდა და ათვალიერებდა, ყველაფერს მობილურით ფოტოებს უღებდა. 
მერე ჯერი კედლებზეც მიდგა. დიმეო დაკვირვებით მოავლო თვალი სხვენის კედლებს. იქნებ, აქ სადმე, სხვა გასავლელიც ყოფილიყო, მაგრამ მსგავსი ვერაფერი შენიშნა. სხვენის ამ ნაწილამდე, ადრეც იყო, მაგრამ ახლა უფრო შორს მოუნდა წასვლა, გადაწყვიტა ამჯერად მაინც ბოლომდე გასულიყო. 
თანდათან უფრო და უფრო წინ მიიწეოდა და სხვენის უზარმაზარ გალერეას, თითქოს ბოლო არც უჩანდა. არსად არც კარი, არც გასასვლელი და არც პატარა სარკმელიც კი ვერსად შენიშნა. უფანჯრო, უკარო, უსარგებლო ნივთებითა და დამტვრეული ავეჯით სავსე სხვენი, მხოლოდ ერთ დიდ უზარმაზარ გალერეას წარმოდგენდა და მეტი არაფერი. 
ან მართლაც რა უნდა ენახა? რას ელოდა? 
მართლა ვიღაც ხომ არ ეყოლებოდათ აქ დამწყვდეული?
დიმეო ისე მიიწევდა წინ და არც კი იცოდა, რას ეძებდა და რა უნდოდა, მაგრამ უკან მობრუნება არც უცდია. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ეს გალერეა აუცილებლად მაინც, ბოლომდე უნდა გასულიყო. თან მიაბიჯებდა და თან ფოტოებს იღებდა, დრო და დრო ჩერდებოდა, გაილურსებოდა და ყურს მიუგდებდა, მაგრამ ჩქამიც კი არსად ესმოდა. 
„ჰმ, მართლაც რა სისულელეა?! აქ რა უნდა ვინმეს?“
ეღიმებოდა დიმეოს და უკვე ბოლომდე გასული, იმ ბოლო კედელსაც მიადგა და კვლავ არაფერი საინტერესო. სხვენის საშინელი მტვრისგან გაბრუებული, გამოუძინებელი დაღლილი ბავშვი, ახლა უკვე უკან მობრუნებას აპირებდა, რომ თითქოს რაღაც ხმაურიც მოესმა. 
წამით შედგა. ის რაღაც ხმა, კვლავ განმეორდა, თუმცა ზუსტად ვერ გაეგო, ადამიანის ხმა იყო, თუ რაღაც ღმუილივით მოგუდული, ანდა საიდან ესმოდა. მერე ისიც კი გაიფიქრა, ალბათ რომელიმე მეზობლიდან ამოდის ხმაო და აქ ასე უცნაურად ამიტომ ისმისო. თუმცა მაინც გაიტრუნა, ყური კარგად მიუგდო. ხმა მართლაც ისმოდა, ხან თითქოს ახლოდან და ხან კი თითქოს შორიდან და რა ხმა იყო ეს?
თითქოს ვიღაც რაღაცას ამბობდა და სავარაუდოდ მეორე პასუხობდა, მაგრამ სიტყვების ნაცვლად, რაღაც მოგუდული ბუბუნი უფრო ისმოდა. 
დიმეო წინ წაიწია, მისი ყურადღება იატაკისკენ იყო მიპყრობილი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ხმა ნამდვილად რომელიმე მეზობლის ბინიდან ამოდიოდა, მაგრამ ვისი სახლიდან? ვინ ცხოვრობდა იქ? როგორ უნდა მიმხვდარიყო, როცა ბიჭს ახლა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ სახლის რომელი ფრთის ნაწილში იმყოფებოდა. 
ერთ ხანს ისიც კი იფიქრა, მე ხომ არ მეძებენო, მაგრამ მაშინათვე უარყო ეს აზრი, რადგან მათი ბინა, სხვენიდან ორი სართულით ქვემოთ იყო და მისივე ვარაუდით ახლა ნამდვილად სულ სხვა მხარეს ყოფილიყო. 
„თანაც, ჩვენს თავზე, მგონი არც არავინ ცხოვრობს. როგორც მახსოვს, ის ზედა ოთახები ძანეს დედა ეკუთვნის და რა ხანია, დაკეტილია.
არა, ჩვენები ნამდვილად არ არიან, სახლის რაღაც სულ სხვა ნაწილში ვიმყოფები და ნეტა მართლა სად ვარ? რომელ ადგილას?“ 
ბიჭი გატრუნული იდგა. უნდოდა, ზუსტად ის ადგილი მოეძებნა, საიდანაც ხმა ამოდიოდა, მაგრამ ამჯერად არანაირი ხმა აღარ ისმოდა.
ერთ ხანს იცადა. მერე მართლაც მობეზრდა და ის იყო, მობრუნდა, რომ იქაურობა დაეტოვებინა და ისევ რაღაც მოესმა. ბიჭი ერთ ადგილას გაიყინა, ისე გაილურსა, რომ ლამის სუნთქვა შეეკრა. ხმა კი პერიოდულად წყდებოდა და მერე ისევ გრძელდებოდა, მაგრამ რაღაც სულ სხვა მხრიდან. 
დიმეო დაიბნა. ვერაფერი გაეგო, მართლა ქვემოდან მოდიოდა ხმა თუ?.. 
„ნამდვილად გვერდითა კედლიდან მოდის.“ 
გაიფიქრა თუ არა, მაშინვე მიადგა სხვენის ბოლო კუთხეს. შიშველ კედლებს არანაირი კარისა თუ სარკმლის მსგავსი არ ჰქონდა. ცხადია იყო, აქ გასასვლელს რა უნდოდა, მაგრამ ერთი კედლის ნაწილს, რატომღაც ლამის ჭერიდან ჩამოსული, დიდი გრძელი და ალბათ თავის დროზე თეთრი და ახლა უკვე მტვრის სქელი ფენით დაფარული ზეწარი ეფარებოდა. დიმეომ ფარანი მიანათა. ზეწარი ტყუილად არ იყო ფარდასავით ჩამოფარებული. მის ქვეშაც, ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილას, ძველი ავეჯი შეინიშნებოდა, თუმცა საკმაოდ ზევით იყო აწოწილი. 
„ალბათ, ერთმანეთზე შემოდეს და რატომ იწვალეს? ადგილის მეტი რა არის აქ?“ 
ბიჭს ბევრიც აღარ უფიქრია, ზეწარს სწვდა და ერთი ორჯერ ძლიერად მოქაჩა. ზეწარი ფრიალით წამოვიდა და დიმეოს მთელი მტვერი, ზედ თავზე დაეყარა.
ბიჭს სუნთქვა ისე ძლიერად შეეკრა, რომ თავბრუ დაეხვა და წაბარბაცდა კიდევაც. ამდენი მტვრისგან ბავშვი კინაღამ გაიგუდა და როგორც იქნა, ძლივს ამოისუნთქა. ზეწრის ქვეშ მოქცეული, როგორც დიმეოს ეგონა, ერთმანეთზე შემოდებული ნივთები კი არა და ეს დიდი, ძველებური ტანსაცმლის კარადა აღმოჩნდა, რომელიც ზემოდან კუშტად უმზერდა მას და თითქოს საყვედურობდა კიდევაც, აქ რა გინდა, რას ეძებ, რა დაგრჩენიაო? 
„უჰ, კინაღამ მოვკვდი და ვერც ვერავინ მიპოვნიდა საშველად.“ 
ფიქრობდა ბიჭი და ჯერ კიდევ ეხვეოდა თავბრუ. ისე გადაიქანცა, რომ უკვე აღარც იქ გაჩერება უნდოდა და აღარც არაფერი აინტერესებდა. ის იყო, კვლავ უკან გამობრუნება დააპირა რომ ისევ რაღაც საუბრის მაგვარი მოესმა. სავარაუდოდ ორნი იყვნენ. ერთი თითქოს უფრო ხმამაღლა გრუხუნებდა, მეორე კი უფრო ნაკლებად. სიტყვების გარჩევა კვლავ შეუძლებელი იყო, და ის მოსაუბრე ხმებიც რაღაც მოგუდული ბუბუნი უფრო იყო. 
„ვითომ, სქელი კედლებიაო, ბაბუ რომ ამბობს, ძველი ნაშენებიაო, მაგრამ აშკარად მესმის ხმა.“ 
კვლავ გაიფიქრა ბიჭმა. 
ხმა კი, სწორედ იმ კედლიდან მოდიოდა, რომელსაც ის უზარმაზარი ძველებური კარადა ლამის ჭერამდე ფარავდა. 
დიმეომ ფარანი შეანათა და ჩაეღიმა. კარადაში, ნამდვილად არავინ იჯდა. 
„იქნებ სწორედ ამ კარადის უკან არის კარი და?..
მაგრამ სად გადის? სხვენზე ხომ არავინ ცხოვრობს, არც ზედა სართულებია ბოლომდე დაკავებული, ზოგან სულ ცარიელია. ავარიულია და მაგიტომო, თუმცა იქნებ მაინც ცხოვრობენ? მაგრამ რატომ ჭერში? აქ რა უნდათ?“ 
დიმეოს ინტერესი ჰკლავდა, მაგრამ ამ ერთ პატარა ბიჭს, მარტოს როგორ უნდა გამოეწია ეს ამხელა კარადა, როცა კარადის წინაც უამრავ დამტვრეულ ნივთებს მოეყარა თავი. 
ბიჭმა უკან არ დაიხია, აქეთ იქეთ მისწი-მოსწია რამდენიმე სკამის ფეხი, მერე ფანჯრის მორყეული, ნახევრად გადაშლილი ჩარჩოც გვერდით გადადო და პატარა, საცალფეხო ბილიკი გაიკვალა. ან რას არგებდა ეს, როცა წინ ამხელა რაღაც იყო აწოწილი. ძლივს მიძვრა კარადის უკან, ფარნითაც შეანათა, მაგრამ კარადის უკანა სამაგრი ფიცარი, ისე იყო კედელზე მიმაგრებული რომ არც კი ჩანდა, იყო თუ არა კარი მის უკან. 
ბიჭი ახლა კარადას წინ მოექცა, აქაც ძლივს გაიკვალა გზა, ისევ თავიდან მოუხდა ნივთების გადალაგება, მაგრამ მაინც უკან არ იხევდა. უკვე სერიოზულად ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ მართლა უნდა გაერკვია, ვინ იყვნენ სხვენში ან რატომ ცხოვრობდნენ იქ. ან იქნებ, არც ცხოვრობდნენ და ისინიც დიმეოსავით რაღაცას ეძებდნენ, მაგრამ რას? რა უნდოდათ რომ ენახათ? 
კარადას, თავსა და ბოლოში ორ-ორი დიდი კარი ჰქონდა. შუა ნაწილი კი ალბათ თავის დროზე თაროებს ეჭირა ახლა კი ისიც სხვენის მსგავსად, ათასი რამით იყო ამოვსებული. ერთი კი იფიქრა, იქნებ კარადის თავზე ავძვრეო, მაგრამ მერე იქიდან რა უნდა ექნა? სად უნდა წასულიყო? 
რადგან მეტი ვერაფერი მოიფიქრა, ახლა კარადის ერთი კარის გამოღებას შეეცადა. კარი ჩაჭედილი იყო. დიმეომ, რამდენჯერმე ძლიერად მოქაჩა და ეს უზარმაზარი კარი, საკმაოდ დიდი ხმაურით დაემხო ზემოდან, სხვა ავეჯის ნამტვრევებს. 
ასეთ დიდ ხმაურზე, კვლავ მოესმა რაღაც ბუბუნი. ახლა უფრო თითქოს ბევრად ახლოდან. ბიჭი კვლავ გაიტრუნა. იქნებ ვიღაც საიდანღაც გამოსულიყო და აი, მაშინ გასასვლელსაც მიაგნებდა, მაგრამ კვლავაც არავინ ჩანდა. 
დიმეო კარადაში შეძვრა, მერე ზედა თაროზეც შეეცადა აძრომას და აღმოაჩინა, რომ კარადის უკანა ფიცარი, საერთოდ არ იყო მიმაგრებული თვითონ კარადის ზურგზე და სულ ადვილად შეიძლებოდა მისი გვერდით გაცოცება, თუმცა არც იმდენად ადვილი აღმოჩნდა, როგორც თავიდანვე ეგონა. 
„აი, ამიტომაც იყო, რომ არაფერი ჩანდა, კარადის უკან, ეს ფიცარი ფარავდა მთლიან კედელს, მე კი მეგონა, რომ ამხელა კარადა იყო კედელზე აკრული, თურმე მხოლოდ ერთი დიდი ფიცარი ყოფილა, თუმცა საკმაოდ დიდი და განიერი და როგორი მძიმე ყოფილა“ 
ფიქრობდა ბიჭი და რის ვაი-ვაგლახით, ოდნავ გაწეული ფიცრის იქეთ, როგორც იქნა, ის „ნანატრი“ კარიც გამოჩნდა. 
კარი ერქვა, თორემ არც იმდენად ჩვეულებრივი კარების მსგავსი იყო. ძველი, რაღაც სხვადასხვა ზომისა თუ ფერის, ნარჩენი ფიცრებისგან შეკოწიწებული და ზომითაც არც იმდენად დიდი და თანაც კარის სახელურის გარეშე. საკმაოდ მომცრო, მართლაც რომ გასაძრომ-გასასვლელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ სახლის ან ოთახის კარი. 
დიმეომ ისიც კი წარმოიდგინა, რომ მეზობლის საკმაოდ მსუქანი და ზორბა კაცი, აქ ნამდვილად ვერ გაეტეოდა, თუმცა რა დროს ის კაცი იყო, როცა სწორედ იმ კარის იქედან ესმოდა კვლავ რაღაც ხმები და ახლა უფრო შედარებით გარკვევით, ორი ადამიანის საუბარი ისმოდა. ერთი უფრო ბოხი, ხრინწიანი, მეორე უფრო შედარებით რაკრაკა, თუმცა სიტყვების გარჩევა კვლავ შეუძლებელი იყო. 
დიდხანს არც უფიქრია, ანდა, სადღა ჰქონდა ფიქრის დრო, როცა უკვე ინათა და მალე სკოლაში წასვლის დროც დადგებოდა. კარადის უკან გადამძვრალ ბიჭს, კი ცალკე ამდენი მტვრის ყლაპვისა და ცალკე საშინელი სივიწროვისა ლამის სუნთქვა ეკვროდა. მაინც უკან არ იხევდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა კარს ექაჩებოდა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. 
დიმეო საშინლად დაიღალა და ისე აეშალა ნერვები, რომ მუშტებშეკრული ხელები ზევით აღმართა და ის იყო კარისთვის უნდა დაეშინა, რომ თითქოს რაღაც ძალა გამოელია და მთელი ტანით მიეკრო და მიესვენა კარს. მერე ოდნავ მიაწვა კიდევაც, თითქოს მოეჩვენა კარი დაიძრაო და ახლა უფრო მეტად მიაწვა. უკვე აშკარად ჩანდა, კარი შიგნიდან იღებოდა. კიდევ რამდენიმე ძლიერი მიწოლაც და კარი ოდნავ, ჩუმი ჭრიალით გაიღო. 
ბიჭი გამოცოცხლდა, წეღანდელთან შედარებით, ახლა უფრო ძალაც მოემატა და მეტი შემართებით შედგა ფეხი წინ. იქაურობა მობილურის ფარნით გაანათა და აღმოაჩინა, რომ სადღაც სულ პატარა, მომცრო საკუჭნაოში იმყოფებოდა, სადაც არავინ იყო და არც სხვა გასასვლელი ჩანდა. 
ამჯერად სიჩუმე იდგა, არავინ საუბრობდა. 
„მაგრამ ვიღაცეები, ხომ ნამდვილად ცხოვრობენ აქ?“
ფიქრობდა ბიჭი და გულდასმით ათვალიერებდა იქაურობას.
„აბა, ამდენი ჭირნახული რისთვის შეინახეს? და საიდან შემოდიან? დავიჯერო, ასე ჩემსავით დაძვრებიან, საჭმლის ასაღებად?“ 
საკუჭნაო მართლაც სავსე იყო. კედლებზე ჩამოკიდული, ათასგვარი ჩირი, თუ გამომშრალი ბოსტნეული. პატარა მომცრო კომოდისმაგვარი ყუთებიც კარგად იყო ამოვსებული და კარიც ამიტომ ასე ადვილად არ გაიღო, რადგან შედარებით დიდი ყუთი იმაგრებდა და დიმეომ ძლივს შესძლო შემოსვლა, მაგრამ სხვა გზა? სად იყო სხვა გასასვლელი?
„ნამდვილად იქნება, მაგრამ სად? რომელი კედელია? იქნებ ჭერიდან ჩამოდიან? ან სულაც ქვემოდან და აქ სხვენში აქვთ მოწყობილი ეს საკუჭნაო? ალბათ ხმაც მაგიტომ ისმოდა ასე ახლოდან.“ 
ბიჭმა ახლა იატაკს დახედა და თითქოს მართლაც რაღაც შეამჩნია და უნებურად, ოდნავ უკანაც დაიხია. კვლავ ვერაფერს მიაგნო. ბოლოს მაინც იმ აზრს ჩაეჭიდა, რომ ნამდვილად ქვემოდან ამოდიან აქო და ის იყო, უკან გამობრუნება დააპირა, რომ კვლავ რაღაც ხმა მოესმა და ახლა უფრო ბევრად მკაფიოდ. დიმეომ მაშინვე ჩააქრო ფარანი, მობილური ჯიბეში შეინახა და გატრუნული აეკრო იმ კარს, რომლითაც აქ შემოვიდა. 
გვერდითა კედლიდან, ვიღაც რაღაცას ითხოვდა, შედარებით მბრძანებლური ტონით, ვიდრე მეორე პასუხობდა. 
- კარგი, გავამზადებ და ისე წავალ! - უპასუხა მეორე ხმამ, რომელიც საკმაოდ ახლოდან გაისმა.
იმ პირველმა უფრო გრუხუნა და ჩახლეწილმა ხმამა კიდევ რაღაც უბრძანა, მეორე ხმა ისევ დაეთანხმა და ამჯერად, უფრო ბევრად ახლოს გაისმა და სანამ დიმეო დამალვას მოასწრებდა, სწორედ მის გვერდით კარი ჭრიალით გაიღო და ღია ჭრილში, სინათლის შუქიც ზოლად დაეცა იატაკს.
ბიჭს სუნთქვა შეეკრა. მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა იმ სინათლის შუქს და კარის თხელი ფიცარი ფარავდა გატრუნულ, კედელზე აკრულ ბავშვს.
საკუჭნაოში ახლაგაზრდა ქალი შემოვიდა და დიმეოს მახლობლად მდებარე ყუთს მიადგა. თითქოს ქვაბს მოხადა თავიო, ისეთი ხმა გაისმა, მერე ცოტა მომჟავო სუნიც ეცა ბიჭს. ისევ ქვაბის თავსახურის ხმაც და ქალმაც იქაურობა დატოვა. 
საკუჭნაოში, კვლავ სიბნელემ დაისადგურა. დიმეომ შვებით ამოისუნთქა და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, ვინ ოჯახი ცხოვრობს აქ და რატომ ასე სხვენში, როცა ამ უზარმაზარი სახლის, ბევრი ოთახი ცარიელი იყო.
„როგორც ბაბუ ამბობს, ავარიულია, მაგრამ სხვენში უფრო საშიში არ არის? როცა მის ქვემოთ ასეთი ავარიული ოთახებია?“ 
ბიჭმა მხრები აიჩეჩა და ისიც კი იფიქრა, ალბათ ეს ხალხი, ნამდვილად აქ ვინმეს ემალებაო და ახლა უფრო მეტმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. ცოტა ხანში, კიდევ რაღაც სხვა კარის ხმაც მოესმა, უფრო ძლიერად ვიდრე ამ საკუჭნაოს კარის ხმა იყო, თითქოს ვიღაცამ ძლიერად მოხურა. თუ გარედან დახურა?
დაიცადა, სანამ ბოლომდე, სულ არ მიჩუმდებოდნენ და დიდ ხანსაც არ მოუწია ლოდინი. უკვე აღარც არანაირი ფეხის ხმა ისმოდა და საუბარისთვისაც აღარ მოუკრავს ყური. 
დიმეომ ძალიან ფრთხილად შეაღო კარი და ნელი ნაბიჯებით წავიდა წინ. ოთახში დაბალი შუქი ენთო და მაინც თავისუფლად შეიძლებოდა ყველაფრის გარჩევა. დიდი უზარმაზარი სასტუმრო ოთახი, ძველებური ავეჯითა და აქსესუარებით საკმაოდ ლამაზად იყო მოწყობილი, ჭერიდან ჩამოშვებული გრძელი ფარდები, მთლიანდ ფარავდა ფანჯრებსა და კედლის დიდ ნაწილს იკავებდა. 
მისი ყურადღება, პატარა ლამაზმა, ოქროსფრად მოვარაყებული როიალმა მიიპყრო, რომელიც რატომღაც უფრო კედლისკენ იდგა, ვიდრე შუაში უნდა ყოფილიყო. ასე გაიფიქრა ბიჭმა, რადგან მისი ვარაუდით, ეს უზარმაზარი ოთახი, თავისი მორთულობითა და სიდიადით, რაღაც ძველებურ სალონს უფრო წააგავდა, რომელიც დიმეოს მიმის საყვარელი, ძველი ფილმებიდან ახსოვდა და ამ უცნაურ ოთახში შემოსვლისთანავე, სწორედ ის შეგრძნება დაეუფლა, რომ თითქოს გასული საუკუნეების ეპოქაში შეაბიჯა. 
როიალისგან ოდნავ მოშორებით ნახევარ წრედ, მრგვალი კუთხის დივანი, თავისი ფუმფულა სავარძლებით, ისე იყო დაწყობილი, თითქოს პიანისტის მოსასმენად უნდა დამსხდარიყვნენ იქ. ამ ძველებური ინსტრუმენტის თავზე კი, ასევე ძველებურ ჩარჩოებში ჩასმული, გოგონასა და ბიჭის რამდენიმე ფოტო იყო შემოწყობილი. სურათებიც ძველი ჩანდა, შავთეთრი. 
„ალბათ ამათი ბავშვობის ფოტოებია და ამიტომაც არის ასეთი ძველი.“ 
გაუელვა ბიჭს და უფრო ახლოს მივიდა, რომ ბავშვების სურათები კარგად დაეთვალიერებინა, მაგრამ ახლოდან, იმდენად საოცრად ლამაზი მიმზიდველი აღმოჩნდა ეს საკმაოდ მოძველებული ინსტრუმენტი, იმდენად ლამაზი და კოხტა იყო და თანაც საუცხოოდ მოხატული, მოოქროვილი ფეხებითა და გორგოლაჭებით, რომ ბიჭმა ვეღარ მოითმინა, მობილური ამოიღო და ფოტოების გადაღება დაიწყო.
„ნეტა ჩემი უფრო ძველებურია, თუ ეს?“ 
ფიქრობდა ბიჭი და ლამის ყველა მხრიდან უღებდა ამ საუცხოო პატარა როიალს სურათებს. 
„საინტერესოა, ამას როგორ ხმა ექნება? სულ ოდნავ რომ შევეხო კლავიშებს, ძალიან დაბალ ხმაზე...
მაგრამ თუ გვერდით ოთახში არიან, გაიგებენ და შემოვლენ. 
შეიძლება, სულაც ქურდი ვეგონო და პოლიციაც კი გამოიძახონ! 
ჰა! ჰა! როდის იყო, სახლში შეპარული ქურდი, პიანინოზე უკრავდა?“ 
თავისივე ნაფიქრალზე ჩაეღიმა ბიჭს და ახლა სხვა კუთხისკენ გადაიტანა მზერა, მაგრამ მაინც სულმა წასძლია და კვლავ ამ რაღაც უცხო და საოცარი ინსტრუმენტს დაადგა თვალი. მერე ვეღარ მოითმინა და ფრთხილად ახადა სარქველი. დიდი სიფრთხილით, სულ ოდნავ შეახო, თავისი პატარა თითები, სპილოს ძვლის, გაყვითლებულ კლავიშებს. საოცარი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კლავიშებიც მაგნიტივით იზიდავდა და ბიჭმაც გაბედა და რამდენიმე აკორდი ზედიზედ აიღო, მერე ცოტა მოუმატა და უფრო მეტი შემართებით დაიწყო დაკვრა და ალბათ უფრო მეტ ხანსაც გააგრძელებდა, რომ მოულოდნელად ვიღაცის ხრინწიანმა ხმამ ლამის გული გაუხეთქა ბავშვს. 
- ვინ ხარ?! - ზარივით გაისმა ოთახში.
დიმეო დარწმუნებული იყო, რომ ოთახში მის მეტი, ნამდვილად არავინ იყო, რადგან შემოსვლისთანავე, პირველად ამას მიაქცია ყურადღება, მაგრამ ახლა ამ ძველებურ სალონში, აშკარად ვიღაც იყო კიდევ.
მაგრამ სად? საიდან იყო ეს ხმა? 
- წყალი! წყალი მომაწოდე! - კვლავ გაისმა ოდნავ, გრუხუნა ჩახლეწილი ხმა, რომელიც ლამის ჭერიდან დაშვებული ფარდის იქედან მოდიოდა. 
დიმეო ახლოს მივიდა, ფარდას შეეხო და ბალდახინის ქვეშ ამოფარებული, ისევე როგორც ის ძველი როიალი, ასევე მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული ძველებური საწოლიც გამოჩნდა, სადაც ფუშფუშა, მოქარგული მაქმანებით გაწყობილ თეთრეულში ჩაფლული, თავზეც ასევე მაქმანებიანი ჩაჩით, საკმაოდ მოხუცებული ქალი იწვა. 
- ვინ, ხარ? - კვლავ გაუმეორა კითხვა ბიჭს და სანამ პასუხს მიიღებდა, მაშინვე, ცოტა არ იყოს, მბრძანებლური ტონით დაუმატა. - წყალი მომაწოდე!
დიმეომ გაკვირვებისგან წარბები აზიდა, რადგან ქალს წყალი იქვე, გვერდით კომოდზე ედგა. 
ალბათ წამოწევა და ხელის განძრევაც უჭირსო გაიფიქრა ბავშვმა და ახლოს მივიდა, რომ მწოლიარე ქალს, წყლის დალევაში შეშველებოდა. 
მოხუცებული კი ამ დროს, ამ პატარა, დაუპატიჟებელი სტუმრის დახმარების გარეშეც, მშვენივრად წამოიწია. ყელზე ჩამოკიდული სათვალე ცხვირზე მოირგო და დიმეოს ახლოდან ჩააკვირდა თუ არა, მაშინვე თვალები გაუფართოვდა. 
დიმეო შეცბა. ოდნავ უკანაც დაიხია. 
ქალი კვლავ სახეში ჩააშტერდა და მოულოდნელად თვალები გიჟივით დააბრიალა, რაღაც საშინელი ხავილი აღმოხდა ყელიდან და აკანკალებული დამჭკნარი ჩონჩხივით ხელი დიმეოსკენ ისე ახლოს გაიშვირა, რომ ლამის თვალებში ატაკა. 
შიშისგან გულგახეთქილი ბიჭი სირბილით გამოვარდა იქედან და ზურგში სულ იმ მოხუცებული ქალის ხმა ეწეოდა, რომელიც თითქოს, რაღაც სახელსაც უჭყიოდა, თუმცა დიმეოს უკვე მის სიტყვებს ვეღარ არჩევდა, ისე მიიჩქაროდა წინ. 
ძლივს გადმოძვრა იმ უზარმაზარი კარადიდან. სირბილით გაიარა ის უზარმაზარი გალერეა და უკვე ჩასასვლელთან მისულს, ძალა გამოეცალა, მუხლებში სისუსტე იგრძნო, თვალთ დაუბნელდა და იქვე ჩაიკეცა. 
LEX. 2021 წლის 14 სექტემბერი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment