117.
მიმი დიმეოს უკან მიჰყვა.
- შენ და ძანემ, ხომ არ იჩხუბეთ? - გაკვირვებით ჩაეკითხა მიმი. - თუმცა, საკმაოდ რთული დასაჯერებელია, მაგრამ...
- არ გვიჩხუბია. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - უბრალოდ, ახლა მამასთან მაქვს რაღაც გასარკვევი.
- ჰოო? - მიმიმ წარბები აზიდა. - და მაინც, რა? შეიძლება, მეც გავიგო?
- არ მომწონს, მისი კვების რაციონი!
- რაა? - ახლა უფრო გაიკვირვა მიმიმ. - ხომ იცი, ზონდით იკვებება და თანაც, სპეციალური საკვებია.
- სწორედ ეგ არ მომწონს, ეგ რაციონი! - სერიოზული ხმით მიუგო დიმეომ.
- ეს ყველაზე საუკეთესოა, რაც რამ არსებობს, სპეციალურად ვუკვეთავ მისთვის. - მიმის ნაღვლიანად ჩაეღიმა. - დეე, არ იფიქრო, რომ მამას რამეს ვაკლებ ან... ან...
- იმ საკვებში, საერთოდ არ არის ცილების რაოდენობა დაბალანსებული, რაც ახლა მამაჩემს, ძალიან სჭირდება!
- ვაი, აბა რა ვქნათ? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - იმ საკვებში ხომ უმაღლესი და საუკეთესო ხორცის შემცველი პროდუქტებია შესული, რომ ძალა მოემატოს და მალე დაგვიბრუნდეს.
- ყოველთვის არც შეიძლება მერე ეგ. ზოგჯერ, მარხვაც საჭიროა, რადგან სამარხვო საკვებს, თუნდაც კვირაში ორჯერ, შეუძლია შეამციროს გარკვეული და საკმაოდ სერიოზული დაავადებების რისკი! აი, თუნდაც პარკისონი, ასევე ალცჰეიმერი, რომლის საშიშროებაც ჯერ თუ არა, მამას გამოჯანმრთელების შემდეგ, შესაძლოა გამოუჩნდეს!
- ღმერთო ჩემო! - მიმიმ ამოიხვნეშა. - არის შვილო, აქ საკმაოდ სწავლული ხალხი და მათ, შენზე უკეთ იციან, თუ როგორ უნდა მიხედონ ყველაფერ ამას!
- მერე გგონია, რომ წესიერად იციან? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ბიჭმა. - მამას ყოველდღე, ერთი და იმავე საკვებით კვებავენ და იმას კი აღარ უკვირდებიან, რომ კვების რაციონის ცვლილებას, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ტვინზე!
- კარგი, რა დედი, კარგი რაა. - მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- დედა იცი, რომ მარხვა, ანუ სამარხვო საკვები და ამას, ყოველგვარი რელიგიური ზეწოლის გარეშე გეუბნები. - დიმეომ წუთით იყუჩა. - მარხვა, ორგანიზმის დამცავი მექანიზმების ჩართვას უწყობს ხელს, სწორედ იმ კალორიებს მავნებლობას ვგულისხმობ, რაც სამარხვო არ არის!
- და მერე? - უკმაყოფილოდ მიუგო მიმიმ.
- აი, ცოტა ხნით მივცეთ მამას სამარხვო რაციონის საკვები და დავინახავთ, რომ როგორ ბევრად უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი, როცა ვმარხულობთ, მაშინ ნეიროქიმიური ცვლილებები, ჩვენთვის სასარგებლოდ ხდება. უმჯობესდება კოგნიტური ფუნქციები, იზრდება ნეიროტროფიული ფაქტორები, ანუ თავის ტვინში, ცილების რაოდენობა გაიზრდება, რომელიც ადვილად გაუწევს წინააღმდეგობას სტრესს და ანთებებსაც კი ამცირებს ორგანიზმში. ეს საკმაოდ დიდი ასახსნელია და მოკლედ გეტყვი, თუ მამას, კვების რაციონს, ხანდახან შევუცვლით, მაშინ მის ტვინში...
- დიმეო, ძალიან გთხოვ, მორჩი! - შეუტია მიმიმ.
- მე უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ მარხვა, ასევე ასტიმულირებს ახალი ნერვული უჯრედების გამომუშავებას, ღეროვანი უჯრედებიდან, ჰიპოკამპუსში და...
- ახლა მართლა გაჩუმდი! - მიმი უკვე სერიოზულად ბრაზობდა.
- საკმაოდ გონიერი ბავშვია. - ჩაურთო იმ უცხო ექიმმა, რომელიც დიმეოს ცალკე ესაუბრებოდა ფიფოს პალატაში და მერე, ახლაც სულგანაბული უსმენდა.
- კი, საკმაოდ. - უკმაყოფილოდ მიმართა მიმიმ.
- იცით, ეს ბავშვი, მართალია. - კვლავ განაგრძო უცხო ექიმმა. - მე უკვე ვფიქრობ, კვების რაციონის შეცვლაზე და თან, დავაკვირდებით, რომ...
- ძალიან გთხოვთ. - მიმის უკვე ანერვიულებული ხმა ჰქონდა. - ჩემს მეუღლეს, არაფერი დაუშავდეს ამით, თორემ მართლა უკვე აღარ ვიცი, რას ვიზამ! ისედაც, ჭკუიდან ვარ ლამის გადასული!
- დამშვიდდით ქალბატონო.
- ჩემი ქმარი, რადგან ახლა უგონო მდგომარებაშია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფლება გაქვთ, მასზე ექსპერიმენტები ატაროთ! გიკრძალავთ ყველაფერს! გესმით! არაფერი შეუცვალოთ, ჩემი ნებართვის გარეშე! - მიმიმ ძლივს ამოისუნთქა, ისე ძლიერად უცემდა გული. - ახლა კი, შენ მომისმინე! - მიმიმ ახლა ბავშვს გადახედა. - მე ძანესთან მივდივარ და შენც, ჩემთან ერთად წამოხვალ!
- დღეს არსადაც არ მოვდივარ! - წარბი არ შეურხევია ბიჭს, ისე უპასუხა. - ხვალ, ვნახოთ. - და ის იყო, დედას ზურგი შეაქცია, რომ მიმის ხმამ გააჩერა.
- ძანე არის ძალიან ცუდად.
- რა დაემართა? - დიმეო მაშინვე შემობრუნდა.
- მაღალი სიცხე აქვს და...
- მერე წამლები, აქვს? ექიმმა გასინჯა? საავადმყოფოში არის? - ზედიზედ დააყარა კითხვები დიმეომ.
- ჯერ ზუსტად, არაფერი ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მხოლოდ ის ვიცი, რომ გადამდები არაფერია, მივიდეთ, ვნახოთ და თუ რამე დასჭირდება...
- კი, კი, წავიდეთ! - დიმეოს შეშფოთებული ხმა ჰქონდა.
- დეე, მართლა რამე ხომ არ აწყენინეთ ერთმანეთს? - კვლავ ჰკითხა მიმიმ, როცა უკვე მანქანაში ისხდნენ და ძანესთან მიჰქროდნენ.
- არა დეე. - მიამიტი სახით მიუგო დიმეომ. - უბრალოდ, ჯერ მამასთან მინდოდა საქმე მომეგვარებინა და...
- დიმე! - შეუძახა მიმიმ. - ეგ არ არის შენი საქმე და თუ შეიძლება, ნუ ერევი!
- არ გინდა, მამა რომ მალე მორჩეს?
- როგორ არ მინდა, მაგრამ შენი ასე ბავშვური და ჯიუტი ჩარევით, არ მინდა უფრო დაზიანდეს.
დიმეომ არაფერი უპასუხა.
- და ძალიან გთხოვ, თავი შეიკავე. - განაგრძო მიმიმ. - ნუ ახვევ თავს ამ ექიმებს, შენს ფილოსოფიურ კვლევებს, მერე მართლა რამე არ აურიონ და სულ არ დაგვღუპონ.
- დამშვიდდი დეე. - ანუგეშა დიმეომ. - მე მხოლოდ, საკვების შეცვლაზე ვამბობ, განა წამლების.
- ჰმ! - თავი გააქნია მიმიმ. - ახლა ბარემ, მკურნალობის დანიშნულებაც შენც შეუცვალე და მერე იქნებ, ოპერაციებიც შენ ჩაგატარებინონ ხოლმე.
- ეჰ. - ამოიხვნეშა დიმეომ. - მაქამდე ვინ მიმიშვებს, თორემ...
- რა თორემ, შვილო! რა, თორემ?! - შეუტია მიმიმ. - ზედმეტები მოგდის უკვე და ყოველნაირ ამპარტავნობასაც აქვს საზღვარი! ჯერ მხოლოდ, შვიდი წლის ხარ!
- მალე, რვის გავხდები.
- დიდი შეღავათი. - გაეცინა მიმის. - თუმცა, ჯერ ჩემი დაბადების დღეა.
- არ გინდა, ერთად გადავიხადოთ? - ეღიმებოდა დიმეოს.
- ეჰ, ჯერ მამა დადგეს ფეხზე და სულ არ მინდა ჩემი დაბადების დღე. - ამოიხვნეშა მიმიმ. - შენ კი გადაგიხდი. კლასელებთან ერთად, თუ გინდა, სხვა მეგობრებიც მოიწვიე.
- რომელ კლასელებთან? - დამცინავად ჩაეღიმა დიმეოს. - ჩემს ძველ კლასთან, ისედაც ვერ ვმეგობრობდი. ახლები კი, ლაწირაკად მთვლიან და არც უნდათ ჩემთან კონტაქტი და თანაც, მგონი მომავალი წლიდან, უფრო სხვა კლასში მიპირებენ გადაყვანას.
- მდაა. - მიმიმ თავი გააქნია. - საკმაოდ, მძიმე შემთხვევაა. მაშინ, შენ როგორც იტყვი და რასაც მოისურვებ, ისე იქნება, მხოლოდ ერთი პირობით!
- გააჩნია პირობასაც. - სერიოზულად მიუგო ბიჭმა.
- ჰმ! ახლა პირობების ულტიმატუმიც წამომიყენე! - წყენით მიუგო მიმიმ.
- კარგი, თანახმა ვარ. - თავი დაუქნია დიმეომ. - სხვა გზა, მაინც არ მაქვს.
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და არაფერი უპასუხა.
- ველოდები პირობებს. - კვლავ სერიოზულად მიმართა დიმეომ.
- მოკლედ, ყველაფერს შეგისრულებ იმ დღეს, როგორც იუბილარის სტატუსის მქონეს. - დაიწყო მიმიმ. - მხოლოდ უფროსების საქმეში, არ უნდა ჩაერიო, არც ახლა და არც, მერე! გასაგებია?
- ჰო, კარგი. - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები დიმეომ.
- აი, მოვედით. - მიმიმ მანქანა გააჩერა. - ნეტა რამე წამოგვეღო, რატომ ვერ მოვიფიქრეთ? - დანანებით გააქნია თავი მიმიმ. - მოდი, შენ ადი. მე მარკეტში ჩავირბენ. რა წამოვიღო, არც ვიცი, წვენებს ვნახავ და რამე გემრიელობებს.
- კარგი. - მიუგო დიმეომ, თუმცა ჩანდა, მანქანიდან ჩასვლას რატომღაც, არ აპირებდა.
- რა იყო? - ჩაეკითხა მიმი. - ხდება კიდევ რამე?
- დღეს ძანესთან, ვერ დავრჩები. ბებოს სახლში მინდა ისევ დავრჩეთ.
- მერე დავრჩეთ! - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - რამე პრობლემაა?
- არა. არაფერი. - ჩვეული ხმით მიუგო ბიჭმა.
- დიმეო, მომისმინე დედი. - მიმიმ თბილი ხმით მიმართა. - ასე მგონია, შენ და ძანეს, რაღაც შეგემთხვათ და მასთან შეხვედრას, თითქოს გაუბიხარ.
- ძანე არაფერ შუაშია. უბრალოდ, დღეს ასე მინდა. არ შეიძლება? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - იცი დეე, ძანე როცა ცუდად არის, მაშინ საერთოდ არ შემოდის ჩემთან კონტაქტში. მაგ დროს, საშინლად ვიწყენ და თან, ისიც არ მინდა, რომ ძანეს ეწყინოს, როცა მასთან არ ვრჩები.
- აჰა და ესე იგი, შენ გინდა, რომ მე არ დაგტოვო? - ჩაეღიმა მიმის.
- ნუ, ჰო.
- კარგი, ბატონო დიმეო, როგორც თქვენ იტყვით. - მიმიმ სიცილით გააქნია თავი. - ახლა ჩადი და მეც მალე მოვალ.
დიმეო ბედნიერი სახით გადავიდა მანქანიდან და ეზოსკენ წავიდა.
- სულ მეჩვენება, რომ ეს ბავშვი, რაღაცას აწყობს. ვითომ მიამიტობს, მაგრამ... - მიმიმ მხრები აიჩეჩა და მანქანა დაძრა.
დიმეოს გამოჩენს დიდი სიხარულით შეხვდნენ. ძანეც უკეთ იყო, თუმცა მაინც საკმაოდ სუსტად გრძნობდა თავს.
- იცი ახლა, მარტო შენი გულისთვის მოვედი. - დიმეო ძანეს გაუღიმა. - არ მინდა რომ ჩემი ძმა, ცუდად იყოს.
- ჩვენ ძმები ვართ. - თავი დაუქნია ძანემ.
- აბა, რაა! - კვერი დაუკრა დიმეომ. - მამა ძალიან მენატრება და ეს დღეები, სულ მასთან ვიყავი. ახლა დედიკოსთანაც მინდა დავრჩე. ცოდოა, სულ მარტოა. შენ კი შემპირდი, რომ მეტი აღარ იქნები ცუდად. ხომ მპირდები?
- არ წახვიდე. - უპასუხა ძანემ.
- არსად არ მივდივარ. - მიუგო დიმეომ. - ცოტა ხნით მინდა მამასაც მივხედო და მერე, დედასაც და მერე, აუცილებლად მოვალ. შენ კი, სკაიპით დამელაპარაკე, რატომ არ გინდა კომპიუტერთან მიკარება?
- არ მინდა ჩემი ძმა, კიბერ ყუთში იჯდეს.
დიმეოს გაეცინა.
- ტელევიზორს რომ უყურებ, მაშინ მასე რატომ არ ფიქრობ? - ღიმილით ჩაეკითხა დიმეო.
- იქ არავის ვიცნობ, შენ გიცნობ. - გულუბრყვილოდ უპასუხა ძანემ.
- მაშინ შემპირდი, რომ არ ინერვიულებ, ცუდად არ გახდები, სიცხე არ გექნება და მაშინ უფრო მალე მოვალ, თორემ ისე არ მოვალ იცოდე, თუ კიდევ ცუდად გახდები.
- მაშინ მალე მოხვალ?
- კი მოვალ, მხოლოდ ჯერ მამას მივხედავ და აუცილებლად მოვალ, შენც ხომ გიყვარს ფიფო?
- ფიფო ყველაზე კარგია. - მიუგო ძანემ. - ჩემი მამიკოც ყველაზე კარგია.
- ფიფო ჩემი მამიკოა და შენი მამიკოსავით ყველაზე კარგია.
- ჰო. - კვერი დაუკრა ძანემ. - დარჩები?
დიმემ დედას გახედა, მომეშველეო.
- ძანე, საყვარელო. დღეს დიმეოს ჩემთან წავიყვან და ხვალ, აუცილებლად მოგიყვან.
- კარგი. - თავი დაუქნია ძანემ.
- ხვალ სკოლის მერე, პირდაპირ შენთან მოვალ. - ჩაურთო დიმეომ.
- კი, მაგრამ სკოლა, ონლაინით არ გაქვს? - იკითხა მიმიმ.
- ის იმ დაბალ კლასში იყო, აქ ყველა დადის და მეც მინდა ვიარო. - მიუგო დიმეომ.
***
საღამოს გვიან, როცა მიმი და დიმეო სახლში დაბრუნდნენ. ბავშვმა დედას, ძველი ალბომების გადმოღება სთხოვა.
- ალბომები მამას კაბინეტშია და მოდი, ერთად ვნახოთ. - ეღიმებოდა მიმის.
დიმეო გულისყურით აკვირდებოდა თითოეულ ფოტოს. თითქოს, სათითაოდ სწავლობდა ყოველ სახეს, რომელიც ფოტოებზე იყო ასახული.
- ვაიმე, აქ რა პატარა ვარ. - იცინოდა მიმი. - ისე კარგად მახსოვს ის დღე.
- მართლა? - დიმეო ფოტოსურათს ჩააკვირდა.
- ძალიან ცუდი მჭამელი ვიყავი. დედა სულ გამწარებული მყავდა და იმ დღეს, მთელი დღის მშიერი, სანამცხვრეში წამიყვანა, რამე კალორია მაინც მიიღეო და ისე გამოვსკდი, დიდი თეთრი ხრაშუნა ბეზეს ჭამით, რომ მერე, მთელი ღამე, მუცელი მტკიოდა.
- ახლაც ცუდი მჭამელი ხარ. - აღნიშნა დიმეომ. - ის ხაჭოს დესერტი, ბოლომდე უნდა გეჭამა. ხომ იცი ბავშვს ვიტამინები, მუცელშივე უნდა მიაწოდო.
- დიმეო! - იწყინა დედამ. - შენი ჭკუის სწავლებაღა მაკლია.
- როცა მართალი ვარ... - მხრები აიჩეჩა დიმეომ.
მიმიმ არაფერი უპასუხა და ახლა სხვა ფოტოზე გადაიტანა ყურადღება. დიმეომ სურათის სანახავად კისერი წაიგრძელა.
- ეს ბებოა? რა სხვანაირია.
- აქ ბევრად ახალგაზრდაა და აბა რაა. - გაეღიმა მიმის.
- ალბათ, გვიან დაიბადე.
- როგორ გვიან? - გაიკვირვა მიმიმ.
- ბებო უფრო დიდი ქალი ჩანს, ვიდრე ახალგაზრდა დედა.
- ბებო და ბაბუ, არც იმდენად ახალგაზრდა ასაკში დაქორწინდნენ. - მიმიმ ახლა სხვა ფოტოს დახედა. - ვაიმე, აქ ჩვილი ვარ.
- მაჩვენე. - დიმეო ფოტოს, ცოტა არ იყოს, დიდ ხანს აკვირდებოდა.
- რა იყო? - გაკვირვებით ჰკითხა მიმიმ. - არ მოგწონვარ ასეთი პატარა?
- რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ მამას ჰგავდი.
- აბა, დედას ვგავარ? - გაეღიმა მიმის. - მეც რატომღაც მეგონა, რომ მამას ვგავდი. - მიმიმ ფოტოსურათი ჩამოართვა და ახლა თავად დააკვირდა.
- ვერაფერს ამჩნევ?
- არა, დედას ნამდვილად არ ვგავარ.
- და არც მამას.
- მგონი, მეც ბაბუს ვგავარ, შენსავით. - გაეღიმა მიმის.
- მამაშენი კი გგავს და ვითომ მეც მამსგავსებენ, მაგრამ ვერაფერი საერთო ვერ ვნახე.
- ჰმ.
- იცი, დეე, შენ უფრო გგავარ რაღაცით, ვიდრე დიდ ბაბუს.
- ნუ, ჰო, ალბათ. - ნირწამხდარი ხმით მიუგო მიმიმ.
- თუმცა, არც შენ გგავარ დიდად.
- აბა დიდად როგორ უნდა დამემსგავსო? - შუბლი შეკრა მიმიმ. - მე გოგო ვარ და შენ ბიჭი. აბა მაცხია რამე ბიჭური? ან შენ გიგავს რამე გოგოსი? - მიმიმ მხიარული ტონით სცადა სიტუაციის განმუხტვა.
- ეგღა მაკლია, გოგოს ვგავდე. - ცხვირი ასწია ბიჭმა.
- მეც მაგას არ ვამბობ? - მხრებია აიჩეჩა მიმიმ. - ძალიან დავიღალე, დღეს დავისვენოთ, დანარჩენი ფოტოები კი ხვალ ვნახოთ, არსად გაგვექცევა.
- რამე რომ მოხდეს და დაიწვას, განადგურდეს?
- კარგი რა დედი რაა. - იწყინა მიმიმ. - ხანძარი და უბედურებაღა გვაკლია ახლა, სრული ბედნიერებისთვის!
- დეე, რატომ ბრაზობ? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - დავასკანერებ და კომპიუტერით შევინახავ, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნება დაცული.
- კარგი, მხოლოდ არ დაკარგო და ალბომები ერთმანეთში არ აურიო.
- ახლავე ვნახავ. - დიმეომ ადგილიდან წამოფრინდა და ერთ დიდ ალბომს დასტაცა ხელი.
- რა გეჩქარება? - ეღიმებოდა მიმის.
- რამდენიმე წუთი უნდა, რა პრობლემაა. - დიმეო კომპიუტერს მიუჯდა და ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მოკლე დროში, ბევრი ფოტოები გადაეტანა სკანერით.
- დიმე, გვიანია უკვე. - მიმი მთქნარებას მოჰყვა. - დავიძინოთ, რაა.
- დეე, წადი და მოვდივარ ახლავე.
მიმის ლამის, ზეზეულად ეძინა და საწოლამდე მისვლა ძლივს მოასწრო, რომ მაშინვე გემრიელად ჩაეძინა.
დიმეომ კი მთელი ღამე კომპიუტერთან გაატარა და ისე დაათენდა თავზე, ვერც კი გაიგო. მერე საათს დახედა. მშვიდად გამორთო ყველაფერი და ძალიან ჩუმი ნაბიჯებით, დედის საწოლს მიუახლოვდა.
მიმის კი ისე ღრმად ეძინა, დიმეოს შემოპარვა, არც კი გაუგია.
დილით ბიჭმა, ძლივს ასწია თავი. სკოლაში წასვლის ხალისიც კი არ ჰქონდა.
- რა გამოვიდა ახლა ეს? - უსაყვედურა მიმიმ. - ჯერ იმდენი მოინდომე, რომ უფროს კლასში გადახტი, მერე ონლაინით მარტო პატარები სწავლობენო და სკოლაში სიარული აიტეხე და ახლა, ადგომაც აღარ გინდა?
- მივდივარ, ახლავე მივდივარ. - დიმეომ ღონე მოიკრიბა და მკვირცხლად წამოხტა.
- საუზმე მზად არის. - მიმი სავარძელში ჩაესვენა, გემრიელი ჩაის სურნელმა სიამოვნება მოჰგვარა. - ლანჩბოქსიც გაგიმზადე, უკვე ჩანთაშია და ცალკე, საუზმეც.
- ჰოდა, წავედით! არ მშია ახლა, სკოლაში შევჭამ! - დიმეომ ჩანთას ხელი დაავლო და უკვე, კართან ელოდა დედას.
- ჯერ მგონი, ადრეა.
- ცოტა კი, მაგრამ მინდა ცოტათი ადრე მაინც მივიდე. მერე ცუდი ადგილი რომ არ შემხვდეს.
- ყველას თავისი ადგილი, არა აქვს? - იკითხა მიმიმ.
- ეგ, დაბალ კლასებში, აქ კი დასწრებაზეა.
- ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. - არც იმდენად მაღალ კლასში ხარ, ასე რომ ყოყოჩობ და ვიღაცამ მგონი, ღამეც გაათია, არა?
- ნუუ, ცოტათი. - თვალი აარიდა დიმეომ.
- საინტერესოა, ცოტათი ღამის თევა, როგორია? - მიმი ბიჭს დაეწია, წინ გაუსწრო და თვალებში ჩახედა. - გიკრძალავ ყმაწვილო, ღამის თევებსაც და უფროსების საქმეებში ჩარევას!
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი.
მიმი საჭეს მართავდა და დროდადრო, დიმეოს გამოხედავდა. ბიჭს საკმაოდ სერიოზული სახე ჰქონდა და არც აქცევდა დედის გადმოხედვას ყურადღებას.
„ნეტა, რაზე ფიქრობს ეს მაიმუნი ბავშვი?“
გაუელვა მიმის.
„ან ის ძველი ალბომები, ახლა რაში დასჭირდა?
ადრეც ბევრჯერ დავათვალიერეთ და არასდროს გამოუჩენია ასეთი ინტერესი.
ახლა რამ უკბინა ნეტავ? კიდევ რა სიურპრიზს მიმზადებ, ჰა? ბავშვო!“
- დეე, ადამიანის გასაცნობად, რამდენი ხანია საჭირო? - მოულოდნელად ჰკითხა დიმეომ.
„ალბათ, ამას ფიქრობდა ამდენი ხანი?
უჰ, კიდევ კარგი.“
კვლავ გაუელვა მიმის.
- ფუთი მარილი. - მიუგო მიმიმ.
- რაა? - გაკვირვებული ჩაეკითხა დიმეო.
- ერთი ფუთი მარილიო, ამბობენ, მაგრამ ზოგჯერ, ესეც კი ცოტაა. - მიუგო მიმიმ. - ადამიანის კარგად შესაცნობად, ბევრი დრო არის საჭირო და ალბათ, ეს ფუთი მარილიც, რადგან მისი ჭამაც ბევრ დროს მოითხოვს, მაგიტომ არის შესადარებლად.
- დრო? - იკითხა დიმეომ, თუმცა ჩანდა, დედის პასუხით, სულაც არ იყო კმაყოფილი.
- რა თქმა უნდა, დრო! - განაგრძო მიმიმ. - რადგან, რაც უფრო დიდი ხანი იცნობ, ურთიერთობაც ხომ დიდ ხანს გრძელდება და თანდათან შეიცნობ, ვინ არის, რა ადამიანია.
- მე კი ვფიქრობ, რომ დროს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
- ჰმ, მართლა? - გაეღიმა მიმის. - აბა?
- ადამიანის გასაცნობად წლები კი არა, სიტუაციაა საჭირო! - სერიოზული ხმით მიუგო დიმეომ.
- ჰმ. ნამდვილად! მართალია ეს ბიჭი და რა ვქნა? - ეღიმებოდა მიმის. - აი, მოვედით.
- დეე. - დიმეომ მანქანიდან გადასვლა დააპირა, მაგრამ შეჩერდა და დედას თვალი გაუსწორა.
- გისმენ. - ღიმილით შეჰყურებდა მიმი თავის გენიოს პირმშოს.
- ახლა ერთ რამეს გკითხავ, მხოლოდ ძალიან გთხოვ, სიმართლე მითხარი.
მიმი შეცბა და დაბალი ხმით უპასუხა ბიჭს:
- მკითხე.
- მხოლოდ არ გაბრაზდე და ძალიან გთხოვ, სიმართლე მინდა. - ბიჭს ზედმეტად სერიოზული ხმა ჰქონდა.
- მკითხე. - ძლივს წარმოთქვა მიმიმ და უკვე აღარ იცოდა, თუ რაზე უნდა ეფიქრა.
- დეე, მე ნაშვილები ვარ?
- რაა?! - მაშინვე გამოერკვა მიმი. - საიდან მოიტანე?
- დეე, მე გკითხე და ზუსტი პასუხი მინდა! - კოპებ შეკრული ბიჭი, კუშტად უმზერდა დედას სახეში.
- არა! - მკვახედ მიახალა მიმიმ.
- ნუ გეშინია, დეე, შენ ყოველთვის დედად ჩაგთვლი და არსადაც არ წავლა შენგან. - დააიმედა ბიჭმა.
- რას ჰქვია ჩამთვლი?! - გაკაპასდა მიმი. - ან სად უნდა წახვიდე? ნამდვილად ჩემი შვილი ხარ! მე გაგაჩინე! და ისე ცნობისათვის, ყმაწვილო! - მიმიმ ხმას აუწია. - ახლავე მოხურე მანქანის კარი და წავიდეთ, დნმ-ს ანალიზი ავიღოთ!
დიმეოს გაეღიმა.
- სულაც არ მეხუმრება! - მიმის კვლავ, ნაწყენი ტონი ჰქონდა. - მოხურე კარი და წავიდეთ გავისინჯოთ!
- კარგი, დეე, მაპატიე. - დიმეოს აშკარად, სიხარულისგან უბრწყინავდა თვალები. - ბოდიში, დეე.
- თავხედობასაც თავისი საზღვარი აქვს! - მიახალა მიმიმ განაწყენებული ხმით.
დიმეომ მანქანიდან ჩასვლა დააპირა, მაგრამ უცებ მობრუნდა, დედას მაგრად აკოცა და უკანმოუხედავად გავარდა სკოლისკენ.
LEX. 2021 წლის 18 ივლისი, კვირა.

No comments:
Post a Comment