მომდევნო კვირას არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მიმის დედა, ბევრად უკეთ იყო, მაგრამ ფიფოს სიცოცხლე, კვლავ ბეწვზე ეკიდა. დიმეო მამის ნახვას, გამუდმებით მოითხოვდა. თუმცა მიმი, უარზე იდგა. არ უნდოდა ბავშვს, ასეთ უმწეო მდგომარეობაში ენახა.
- იცის? - ძანეს ბებიამ მიმის, ორსულობაზე მიანიშნა.
- არა. - მიმიმ მოწყენილი თვალით გახედა, ძანესთან მოთამაშე დიმეოს. - ჯერ ასეთი სტრესი აქვს ბავშვს და ახლა კიდევ, ოჯახში ახალი ბავშვის შემომატება, არ მინდა რომ რაღაც ცუდად გაიგოს.
- შეიძლება, იეჭვიანოს კიდევაც. - გაეღიმა ძანეს ბებიას. - ეჰ, ეჭვიანობა ყველა ასაკში იციან ბავშვებმა, მაგრამ დიმეო, ჭკვიანი ბიჭია, დედას არ გაუნაწყენდება.
- ჯერ მაინც, არ მეტყობა და მერე, თანდათან შევაპარებ და შევაჩვევ იმ აზრს, რომ... - მიმის საუბარი, ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.
მიმი შუბლშეკრული პასუხობდა. სახეზე ეწერა, არასასიამოვნო ამბავი. ძანეს ბებია, შეშფოთებული ადევნებდა თვალს.
- მშვიდობაა? - იკითხა ჩურჩულით, როცა მიმიმ მობილური გათიშა.
- ცოტა, რაღაც უცნაურია. - ტუჩი გადმობრიცა მიმიმ. - ერთ ქალს, ჩემთან შეხვედრა უნდა და თანაც, ვის? ესაა საინტერესო.
- და ვინ არის? რა უნდა?
- ფიფოს ყოფილი საყვარელია. - ცალყბად ჩაეღიმა მიმის.
- რაა? - აღმოხდა განცვიფრებულ ქალს. - ტყუილი იქნება, ეგ ამბავი! მაგას ვერ დავიჯერებ, რომ ფიფო შენ...
- ტყუილია, თუ მართალი, ძალიან უნდა ჩემი ნახვა. ძალიან სერიოზულ საქმეზე. - მიმიმ წამით შეყოვნდა. - ალბათ, ისიც ორსულადაა და კომპენსაციას მოითხოვს. ჰაჰ!
- არ დაიჯრო, შვილო! - ქალი მიმის დამშვიდებას შეეცადა. - რამდენი ბოროტი ხალხია, მაგას რა ჰგონია? რადგან ფიფო ასეთ მდგომარეობაშია, შენ უმწეო ხარ? ნურავინ გაბედავს შენს დაჩაგვრას!
- ალბათ, ფული უნდა. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ნეტა ფიფო მოვიდეს გონს და აღარ დავეძებ არაფერს, მივაშავებ და მომეშვება.
- მასე, ნუ იტყვი! - შეეპასუხა ქალი. - დღეს ათს მოგთხოვს და ხვალ, ათასს და საერთოდ, ვინ არის? ვის დაკარგვია? ზედმეტად არ გამინაწყენოს შენი თავი, თორემ თმებით ვითრევ!
- არა, არ უნდა თმებით თრევა. - გაეცინა მიმის. - არც იმდენად გულუბრყვილო ვარ. გავიგებ ერთი, მართლა რა უნდა. - მიმი წამოდგა. - იქ დავიბარე, კლინიკაში.
- მაინც ფრთხილად იყავი შვილო.
- აი, მაგიტომაც დავიბარე იქ. გზაში გალეოსაც შევეხმიანები. განა მართლა ასე ადვილად ვენდობი უცხო ხალხს.
- დეე, მეც წამოვალ! - სერიოზული სახით მიმართა დიმეომ.
- მაშინ, დღეს ჩემთან დარჩი. - გაუღიმა მიმიმ. - არ მოგენატრე, დეე?
- არ მინდა იმ სახლში. - დიმეომ თავი ჩაქინდრა. - მამიკოს გარეშე არ მინდა იქ!
- არა, დეე. - მიმი ბიჭს მიეალერსა. - ეს დღეები, სულ ბებოს სახლში ვრჩები. შენც იქ წამოდი. მალე ბებოც დაგვიბრუნდება.
- მაშინ, მერე ისევ ხომ დამტოვებ ძანესთან?
- აბა, რაა. - გაეცინა მიმის.
- ძანეს რაღაცას ვეტყვი და წავიდეთ! - დიმეო ლამის სირბილით გაიქცა.
- საოცარი ბავშვია. - ეცინებოდა ძანეს ბებიას. - და მართლა როგორ უყვართ, ბიჭებს ერთმანეთი.
- ძმებია და მაგიტომ. - მიმის მდარედ გაეღიმა და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რატომ მოითხოვდა ფიფოს ყოფილი საყვარელი, ასე დაჟინებით მის ნახვას და თანაც, თითქმის დაფარულად, ნაკლებ ხალხმრავალ ადგილას.
მიმიმ კი პირიქით, საავადმყოფოში დაიბარა, იქ სადაც ფიფო იწვა. ასე უფრო ნაკლებ საეჭვო იქნება, ჩვენი შეხვედრაო და მართალიც იყო.
- ფიფოს ნახვა თუ გინდა, არ ვარ წინააღმდეგი. - დანახვისთანავე მიახალა მიმიმ. - ახლოს მაინც არავის უშვებენ და შორიდან, შეგიძლია შეავლო თვალი.
- ვნახე უკვე. - მშრალად მიუგო ქალმა. - შორიდან.
- ახლა არ მითხრა, რომ კიდევ ორსულად ხარ და...
- არა, არა! - გააწყვეტინა ქალმა. – პირადად, შენი ნახვა მინდოდა. - ქალი წამით შეყოვნდა. - პირდაპირ შენობით რომ მოგმართავ, უხერხული ხომ არ არის?
- ეჰ, ნეტა ახლა ამას, რა მნიშვნელობა აქვს? - ამოიოხრა მიმიმ და ქალს, დედამისის პალატისკენ წაუძღვა. - აქ უფრო მშვიდად ვისაუბრებთ.
ქალმა მორიდებით გახედა მძინარე პაციენტს.
- დედას სძინავს, ჩვენც ხმადაბლა ვისაუბრებთ. - აუხსნა მიმიმ. - და თუ მოგვისმენს, არც ეგ არის პრობლემა.
ქალს ის იყო, საუბარი უნდა დაწყო, რომ მიმის ზედმეტად გაფითრებულმა სახემ, ძლიერ შეაშფოთა.
- ცუდად ხომ არ ხარ? წყალს მოგიტან. - შესთავაზა ქალმა.
- კიდევ კარგ გუნებაზე ვარ. - მშრალად მიუგო მიმიმ. - გისმენ აბა. ასეთი რა საქმეა, რომ ასე კონფიდენციალურად უნდა შევხვდეთ. ისე თუმცა... - მიმი გაჩუმდა. ან რა უნდა ეთქვა მეტი, როცა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ახლა მაინც, თუ რაღას მოითხოვდა ეს ქალი, მისგან.
- ცოტა, უცნაური რამ გადამხდა და რატომღაც ვიფიქრე, ფიფოს ტრაგედიას, ხომ არ ეხებოდა ეს ინციდენტი.
- ნეტა კიდევ რა მოხდა? - დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა მიმიმ და ახლა უფრო აშკარად ჩანდა, რომ ძალიან ცუდად იყო.
- ექიმს ხომ არ დავუძახო? - კვლავ შეშფოთდა ქალი.
- სჯობს მითხრა, ბოლოს და ბოლოს, რა გინდა ჩემგან. - მკვახედ მიახალა მიმიმ.
- მოკლედ, ამ რამდენიმე ხნის წინ დავკარგე მობილური. თუმცა წინა დღეებში, სულ მეჩვენებოდა, რომ თითქოს, ვიღაც მითვალთვალებდა და ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა მაშინაც, როცა ტელეფონი დავკარგე. - ქალი შეყოვნდა.
- მერე? - ვეღარ ითმენდა მიმი და ისიც კი გაიფიქრა, ეს ქალი, ტელეფონის ყიდვას ხომ არ მთხოვსო?
„ალბათ, ფიფოს ნაჩუქარი დაკარგა?
და მერე მე, რა შუაში ვარ?“
- მარკეტში ვიყავი. - განაგრძო ქალმა. - სახლში რომ მივედი, ტელეფონი მაშინვე არ მომიკითხავს. მერე მოგვიანებითაც რომ არ მომხვდა თვალში, ქალაქის ნომრიდან დავიწყე რეკვა, ზარი გადიოდა, მაგრამ არსაიდან მესმოდა ხმა. თავიდან ვიფიქრე, რომ ალბათ, ხმა აქვს ჩაწეული ტელეფონს. თუმცა, მაინც ვერსად ვნახე. მერე იმ აზრს დავეყრდენი, რომ მარკეტში დამრჩა. უკვე კომენდანტის საათის დრო იყო და აბა, სად წავიდოდი? მეორე დღესვე მივაკითხე მარკეტს, მაგრამ არაფერი და საინტერესო ის იყო, რომ ზარი კვლავ გადიოდა. თუმცა დანამდვილებით მახსოვს, წინა დღეს, მარკეტში რომ მივდიოდი, მობილური თითქმის დაცლილი იყო, მაგრამ ვიფიქრე ბარემ ამოვიდოდი, მერე დავტენიდი. ახლა კი, მეორე საღამო მთავრდებოდა და ზარი კვლავ გადიოდა. ესე იგი, ვიღაცამ დატენა, მაგრამ რომ ვრეკავ, არ მპასუხობს და მაშინ ჩემი ნომერი, რაღაში სჭირდებოდა? ვერ გადააგდო? ვიცი, ცოტა ახლა ეს უინტერესო საუბარივით არის, მაგრამ შესავალი გავაკეთე იმის მერე რაც მოხდა. თუმცა, არც ის შეიძლება იყოს... - ქალი გაჩუმდა.
- გისმენ, განაგრძე. - მშვიდად მიუგო მიმიმ. - მართალია, ჯერ კიდევ, ვერაფერს ვხვდები, მაგრამ მაინც, გისმენ აბა.
- მესამე დღეს, მაინც ისევ ვცადე, დავრეკე ამ ჩემს მობილურზე და მოულოდნელად მპასუხობენ მარკეტიდან, თქვენი ტელეფონი იპოვნეს და მოაკითხეთო. რა თქმა უნდა, გამიხარდა, მივედი და აღმოჩნდა, რომ იმ დღეს, უპოვნია ვიღაც კაცს, იქვე დახლთან და მიაწოდა მენეჯერს.
- ძალიან კარგი. - მიუგო მიმიმ.
- ჰო, მაგრამ წინა დღეს, იმდენი ვაძებნინე ყველას და რომ ვრეკავდი, ზარი გადიოდა, თუმცა მარკეტში, არც კი ისმოდა და მესამე დღეს, ერთი დავრეკე და მაშინვე გამაგონეს.
- და, ესე იგი? - უკმაყოფილო სახით ჩაეკითხა მიმი.
- ესე იგი, იქ ვიღაცამ მიიტანა და მენეჯერს გადასცა ვითომ, ახლახან იპოვნა.
- და მერე? რა იყო აქ ისეთი, რომ ჩემი ნახვა მოისურვე? - კვლავ უკმაყოფილოდ იკითხა მიმიმ. - შეიძლება, იმ კაცის შვილმა იპოვნა, ბავშვს გაუხარდა სახლში მიიტანა და მშობელმა დაგიბრუნა, ან სულაც შეიძლება, ამოგაცალა კიდევაც და...
- კი, კი. - დაეთანხმა ქალი. - მეც მასე ვიფიქრე და აღარ დავეძებდი, მადლობაც კი დავაბარე მენეჯერს, თუ ის კაცი ნახოთო. ისიც კი მიპასუხეს, თითქოს ჩვენი უბნელიც არ უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი მარკეტი, ისეთ ადგილას არის, უცხო იშვიათად თუ შევა იქ.
- იქნებ სულაც, სულ სხვა უბნელს სთხოვეს რომ მიეტანა, რადგანაც არ უნდოდა, რომ გაშიფრულიყვნენ. - ჩაურთო მიმიმ.
- თავისთავად, მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ მთავარი, ახლა უნდა მოვყვე. - ქალმა წამით შეისვენა და განაგრძო. - მობილურში, ყველაფერი წაშლილი იყო. ისე კარგად იყო გასუფთავებული, რომ არაფრის კვალი არ იყო და არც ეგ გამიკვირდა, მასეც იზამდა ის, ვის ხელშიც ჩავარდა.
- რა თქმა უნდა, აბა რაში სჭირდებოდა, სხვისი აბონენტები, ან თუნდაც, ფოტოები.
- ჩემს დისშვილს აქვს, პატარა სახელოსნო და მობილურებს, კომპიუტერებს და კიდევ რაღაცეებს აკეთებენ ბიჭები. წაშლილი რაღაცეები, ისევ განმიახლეს და... და... ეს ჩემი... - ქალი შეყოვნდა. - მართლა არაფერ შუაშია ვარ, დამიჯერე! ძალიან გთხოვ. - ქალს თვალები აუცრემლდა. - რაც არ უნდა მომხდარიყო, ფიფოს მე, არასდროს გავიმეტებდი სასიკვდილოდ...
- რა ხდება? - გაკაპასდა მიმი. - ამიხსნი თუ არა ბოლოს და ბოლოს?!
- ზუსტად იმ დღეს, როცა ფიფოს ესროლეს, სწორედაც რომ ჩემი ტელეფონიდან არის მესიჯი გაგზავნილი, რომ ფიფოს ვითომ, იქ ველოდებოდი, სასწრაფო საქმეზე, მაგრამ სწორედ ეს ის დღეა, როცა მობილური, უკვე დაკარგული მქონდა და...
- რაა?! - მიმის იმდენად ხმამაღლა აღმოხდა, რომ მიმის დედამ, ამოიკრუსუნა.
- გეფიცები, მართლა არაფერ შუაში ვარ. - კვლავ იფიცებოდა აცრემლებული ქალი.
- კარგი, მჯერა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შენ, ნამდვილად არ ესროდი, ან იქნებ სულაც, საკმაოდ გამოცდილი მსროლელი ხარ და...
- არა, არა! - თავი გააქნია შეწუხებულმა ქალმა. - იარაღი, ახლოდანაც კი არ მინახავს.
- ჰო, მაგრამ რატომ მაინც და მაინც, შენი ტელეფონი გამოიყენეს და არა სხვისი? თუნდაც ჩემი. ხომ შეეძლოთ, ვითომ მე ვიბარებდი სახლში და იქ დახვედროდნენ?
- არაფერი ვიცი და ამიტომ შენთან მოსვლა გადავწყვიტე, ისე ჯერ პოლიციაში კი მინდოდა, მაგრამ შემეშინდა, მართლა მე არ დამბრალებოდა.
- კარგი, გავარკვევ მაგასაც, მაგრამ იცოდე! - მიმი ქალისკენ გადმოიხარა. - ეს რომ ტყუილი აღმოჩნდეს, არ დაგინდობ! - მერე მობილური მოიმარჯვა და გალეოს იქ მისვლა სთხოვა. - ახლა ჩვენი ახლობელი მოვა, დეტექტივია...
- რას ამბობ? - შეიცხადა ქალმა. - მე არაფერ შუაში ვარ...
- ხომ გითხარი? ახლობელია და ის, ყველაფერს გაარკვევს და თუ დამნაშავე ხარ, ხომ იცი? არ დაგინდობ! - კვლავ დაემუქრა მიმი.
- სანამ მოვა, მანამდე ყავა ხომ არ დაგველია? - შესთავაზა ქალმა. - თან, სიგარეტსაც მოვწევდი.
- ყავის აპარატი დერეფანშია, სიგარეტის მოსაწევად კი შეგიძლია, აივანზე გახვიდე.
- შენც შემოგიტან ყავას. - ქალი წამოდგა.
- არა. არ მინდა, მე არ ვსვამ ამ ყავას.
- ჰო, რა თქმა უნდა. - ქალს ცალყბად გაეღიმა. - ფიფოს არასდროს ეშლებოდა, საყვარელი ქალის განებივრება.
- იცი? სანამ ფიფოს საერთოდ გავიცნობდი, ჩემმა მშობლებმა, ისეთ ფუფუნებაში გამზარდეს, რომ ფიფოს არც დაესიზმრება. - მიმი მძინარე დედას, საწოლზე ჩამოუჯდა და თმაზე, ფრთხილად გადაუსვა ხელი. - ჩემი დედიკო, ყველაზე თბილი, გულუხვი და ალერსიანი ქალია მთელი დედამიწის ზურგზე.
დიდ ხანს ლოდინი არც მოუწიათ. ქალმა, ყავის დალევა და სიგარეტის გაბოლებაც მოასწრო და დეტექტივმაც, შემოაღო კარი. ყველაფერი რომ მოისმინა, მასაც მიმის მსგავსად, ეჭვი გაუჩნდა. რაღა მაინც და მაინც ეს ქალი იყო გარეული ამ საქმეში, მართალია, თითქოს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც.
- რას იტყვი, აბა? - ჩაეკითხა მიმი გალეოს.
- რაღაც არ მომწონს, ამ ამბავში. - მიუგო დეტექტივმა და ქალს, სახეში ჩააკვირდა.
ქალი უხერხულად აიწურა და აშკარად წამოჭარხლდა.
- მე ყველაფერი ვთქვი, რაც ვიცოდი. - წაილუღლუღა დამნაშავესავით.
- ჰო, მაგრამ ბოლომდე, არა! - გალეო შეტევაზე გადავიდა. - სანამ დროა და სანამ ჯერ კიდევ აქ ვართ, სანამ განყოფილებაში არ გადამიყვანიხარ, დანაშაულის დაფარვისა თუ მონაწილეს სტატუსით, გირჩევ ყველაფერი, აქვე აღიარო და მერე როგორც მიმი გადაწყვეტს, ისე იქნება! ან დაგაკავებთ და ან გაგიშვებთ, თუ უშუალოდ, შენ არ გისვრია ფიფოსთვის!
ქალი საშინლად შეწუხდა, ცრემლები ყარა და ბოლოს, აღიარა სრული სიმართლე.
- ჩემს დის შვილს სთხოვა, ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მთელი თვეა ემეგობრებოდა. ხშირად მიჰქონდა მასთან ხან ტელეფონები, ხან ლეპტოპები, აკეთებინებდა და ფულსაც, მეტს უტოვებდა. გაიხარა ბავშვმა, ასეთი კარგი კლიენტით. მერე უფრო დაუმეგობრდა. რამდენჯერმე, შესვენების დროს მოაკითხა. კაფეშიც პატიჟებდა, ახალი და ძვირიანი მანქანაც გაატარებინა და მოიხიბლა ბავშვიც. ერთხელაც ვითომდა, თავისი საცოლის გაშაყირება მოინდომა და არც კი ვიცი, როგორ დაითანხმა, ჩემი ტელეფონი მოაპარინა და ის მესიჯიც გაუშვა. თუმცა აი, გეფიცებით, ბავშვმა არც კი იცოდა, თუ რა მესიჯი იყო გაშვებული. მესამე დღეს კი მარკეტში, ვიღაც სულ სხვა კაცმა მიიტანა მობილური. ეგეც გამოვკითხე ბავშვს და ის მისი დამეგობრებული კაცი, სულ სხვანაირი აღწერა და მობილურის მარკეტში მიმტანი კი, ბევრად უფროსი ასაკის ყოფილა.
- ეგ შეიძლება, მარკეტის ან იმ ქუჩის კამერებით გაირკვეს. - ჩაურთო მიმიმ. - თუ ჯერ კიდევ არ წაუშლიათ.
- კი შეიძლება. - კვერი დაუკრა გალეომ. - ვნახოთ და მერე?
- მერე ასე გასუფთავებული ტელეფონი რომ ვნახე. მივუტანე ჩემს დის შვილს გასასწორებლად. ჯერ თავიდანვე, როგორც კი ჩემი მობილურიდან წაშლილი ფაილების ამოღებას შეუდგა, თითქოს მომეჩვენა, რომ ბავშვს, აშკარად რაღაც არ ესიამოვნა. მაშინ დიდად არც მივაქციე ყურადღება. ვიფიქრე, ეზარებოდა და მერე რომ მითხრა დამიტოვე და დილით მოგიტანო, უფრო დავრწმუნდი, რომ დაეზარა და ხვალისთვის მაგიტომ გადადო. მეორე დღეს კი ბავშვს, სიცხემ აუწია. ისე ცუდად გახდა და ძლივს ამოღერღა, დედამისმაც კი არ იცის ჯერ. ის მისი მეგობარი კაცი კი, იმ დღიდან გაქრა, რაც ჩემი მობილური იგდო ხელთ.
- და რამდენი წლისაა, ეს ბავშვი? - ცოტა არ იყოს, ცინიკურად ჩაეკითხა გალეო.
- ჩვიდმეტის არის, სკოლა დაამთავრა და ეხერხება ტექნიკა, ეს სახელოსნოც მეგობრებთან ერთად გახსნეს და...
- და მოგვიწევს, ამ ბავშვის დაკითხვა. - შეაწყვეტინა გალეომ.
- ხომ აგიხსენით, რომ არაფერ შუაშია. - ფერი წაუვიდა ქალს.
- ჰოდა სჯობს, მე დავკითხო, თავისავე სახლში, ვიდრე განყოფილებაში დაიბარონ და სხვებმა დაჰკითხონ! - მიუგო გალეომ.
- მართალია. - კვერი დაუკრა მიმიმ. - ისედაც ხომ ჩანს, რომ ბიჭი გამოიყენეს. ისევ შენ უნდა მიხედო ამ საქმეს.
- წავედით, მაშინ. - წამოდგა გალეო. - ერთად მოვინახულოთ ის ბიჭი და ვნახოთ აბა ერთი, რას მეტყვის.
მიმიც წამოდგა, მაგრამ გალეომ ღიმილით შეაჩერა:
- მიმი, შენ სადღა მოდიხარ? არ გინდა ზედმეტად ჩარევა. უფრო სწორად, გამოჩენა. გნახავ მერე.
მიმიმ არაფერი უპასუხა, ცოტა უკმაყოფილო სახეც ჰქონდა, მაგრამ მიხვდა, გალეო მართალი იყო. მერე დიმეო მოიკითხა. ამდენი ხანი მამის სანახავად ატუზული დატოვა, დიდი შუშის კედელთან, მაგრამ რომ მივიდა, ბავშვი იქ აღარ დაუხვდა. წამით გული შეუღონდა, თუმცა მალევე შეამჩნია, ვიღაც პატარა, ხალათითა და ცხვირ-პირ აკრული, როგორ ესაუბრებოდა მასზე ბევრად უფროს, თეთრ ხალათიან კაცს. ბავშვს იმდენი მოუხერხებია და ისეთი კითხვები მიუყრია, ისე ყოფილა იმ აპარატურით დაინტერესებული, რომლითაც ფიფოს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ, რომ ნებაც კი დართეს, ახლოდან ეხილა ეს ყველაფერი.
- ძალიან საოცარი ბავშვია. - აღნიშნა დიმეოსთან მოსაუბრე პროფესორმა. - ამდენი ცოდნა და მიხვედრა, აქაურ პერსონალსაც რომ ჰქონდეს, რაღა გვიჭირს მაშინ? - დაასრულა სიცილთ.
მიმისაც გაეცინა და მერე გაკვირვებული სახით ჰკითხა დიმეოს:
- დეე, როგორ მოახერხე, იქ შესვლა? მეც ძლივს მიშვებენ და ისიც, ხშირად არა.
- ბებო, როგორ არის? - შეუბრუნა კითხვა ბიჭმა. - მისი ნახვა, მაინც ხომ შეიძლება?
- კი, როგორ არა! - მიმიმ ბავშვს, ხელი მოხვია და ბებიის სანახავად წაიყვანა.
ამასობაში კი გალეო, ფიფოს ყოფილი სატრფოს სახლს სტუმრობდა, სადაც ის შეშინებული ბიჭი, იმ ქალის დისშვილი, დარდისგან საწოლიდან ვერ დგებოდა.
- თუ არ შეწუხდებით, ფინჯან ყავას დავლევდი. - მიმართა ორივე დას დეტექტივმა და ბიჭის საწოლთან ჩამოჯდა. - შენ კი წამოდექი, ახლა! ასე დამალვით და ვითომდა ავად გახდომით, თავს მაინც ვერ დაიცავ!
ბიჭი უხერხულად შეიშმუშნა და შეშინებული თვალები დახარა.
- თანამდებობის პირის, განზრახ მკვლელობის მცდელობა მოაწყვეს! ბეწვზეა ის კაცი, გადარჩენილი! ჯერ კიდევ, სიკვდილს ებრძვის და როგორ ფიქრობ? შენ ვერ მოგაგნებენ? ნუ გგონია, რომ ამდენი ხანი, რადგან არავინ მოგაკითხა, ასე ადვილად მოგეშვებიან? პირიქით, რომ იმალები და არც სამსახურში არ ჩანხარ, აი ეს უფრო საეჭვოა, რომ რაღაც მართლა იცი!
- აბა, რა ვქნა? - შეშინებული ხმით იკითხა, დამფრთხალმა ბიჭმა.
- ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომიყვე და მერე, მე გადავწყვეტ, თუ...
- მე არაფერი ჩამიდენია! - ატირდა ბიჭი. - არაფერ შუაში ვარ, არავინ მომიკლავს და არც დავხმარებივარ!
ბიჭის ტირილზე, დედა და დეიდა, პანიკით შემოიჭრნენ, მაგრამ გალეომ დაამშვიდა.
- დაგვტოვეთ ქალებმა, თუ შეიძლება და მგონი წეღან, ფინჯანი ყავა გთხოვეთ, თუ არ გაქვთ, იყოს ჩაისაც დავლევ!
- ახლავე. - დეიდა ყავის შემოსატანად გავიდა, ბიჭის დედა კი ჯიუტად იდგა და კარს არ შორდებოდა.
- ქალბატონო, მოუტანეთ ამ ბიჭსაც ან ჩაი, ან ყავა და საფერფლესაც თუ მომაწვდით, ხომ ეწევით აქ?
- კი, როგორ არა! - ქალმა საფერფლე ახლოს დაუდგა.
- დეე, მე კომპოტი მინდა, ხომ გვაქვს? - მიმართა ბიჭმა გაბზარული ხმით.
- კი დედიკო, ახლავე. - ცრემლმორეული მიუგო დედამ. - მოგიკვდეს დედა, ორი დღეა ბავშვი მშიერია, არაფერი ჭამა.
- აბა, მასე რა გამოვა? - მსუბუქად უსაყვედურა გალეომ. - შიმშილობა და ლოგინად ჩავარდნა, ეს რა ქალური საქციელია? რა? შენც კაპასი გოგოსავით, დეპრესია ხომ არ გაქვს?
ბიჭი უხერხულად შეიშმუშნა.
- კარტოფილი შემიწვი რაა, დეე. - ამოილუღლუღა ბიჭმა.
- კი, დედი, თქვენც ხომ დაგვეწვევით? - ქალმა გაბრწყინებული თვალებით გადახედა დეტექტივს.
- რატომაც არა. - მიუგო დეტექტივმა. - მხოლოდ გასვლისას კარი გაიხურეთ, რაა.
გალეომ ღიმილით გამოხედა ბიჭს, რომელიც ახლა უფრო, თავისუფლად გრძნობდა თავს, თუმცა მაინც აქეთ-იქეთ აცეცებდა დამფრთხალ თვალებს.
- აბა, გისმენ! თუმცა ის უკვე ვიცი, თუ როგორ დაგიმეგობრდა ვიღაც, მერე როგორ და რატომ გთხოვა დეიდაშენის მობილური, გააგზავნა მესიჯი, ვითომ თავის შეყვარებულთან და ამის მერე, რა ხდება? შენ ამოყარე წაშლილი მესიჯები და იქ ნახე ფიფოსთან გაგზავნილი შეტყობინება.
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი.
- ეგ კარგი, მაგრამ მაინც არ მესმის, შენ ასეთი შეშინებული, რატომ ხარ? დავიჯერო არ იცოდი, რომ დეიდაშენი ფიფოსთან... - გალეო წამით შეყოვნდა და ბოლო სიტყვა, რაც შეიძლებოდა დაბალ ხმაზე წარმოსთქვა. - მეგობრობდა?
- კი, ვიცოდი. - წაიბურტყუნა ბიჭმა.
- და, მერე? დავუშვათ, მართლაც დეიდამ დაიბარა იმ საბედისწერო შეხვედრაზე. თუნდაც, სულ სხვა მიზნით! ისე, უბრალოდ და ამ დროს, მართლაც დაემთხვა, რომ იმ კაცს ესროლეს! - გალეო სახეში ჩააშტერდა ბიჭს. - მაგრამ ახლა მე ის უფრო მაინტერესებს, შენ რაღატომ ხარ, ასე შეშინებული?
- დეიდაჩემს, მართლა არ გაუგზავნია არავითარი მესიჯი.
- დავუშვათ გააგზავნა და მართლაც შეხვდა! სწორედ ამ დროს დაემთხვა და ფიფოსაც ესროლეს და თუ დეიდა მოწმეა, მაშინ ჩვენ, მე და შენ, უნდა ვაიძულოთ სიმართლის თქმა! რა თქმა უნდა, როგორც მოწმეს და არა დამნაშავეს!
- არა, არა! დეიდა, მართლა არაფერ შუაშია, თუ დამიჯერებთ, ასეა! მართლა! - ბიჭმა თავი ჩაქინდრა.
- აი, მინდა კიდეც დავიჯერო, მაგრამ რაღაც მაკავებს. - მიუგო გალეომ. - თითქოს, კიდევ რაღაც უნდა იყოს მანდ, რის თქმასაც ახლა ვერ ბედავ, მაგრამ დამიჯერე, ბავშვო! სანამ დროა, აქ, ჩემთან აღიარე, ვიდრე იქ, განყოფილებაში წაგიყვანოთ, ჯერ როგორც, მოწმე და მერე კი აღმოჩნდეს რომ თანამონაწილეც ხარ!
ბიჭმა უნდობლად ამოხედა დეტექტივს. მერე წამოდგა, ტანსაცმლის კარადის უკან ხელი შეაცურა და სკოჩით დამაგრებული მობილური ჩამოხია და დეტექტივს გაუწოდა.
- ეს რა არის? - იკითხა გალეომ. - კიდევ სხვისი მობილურიც გამოიყენეს?
- დეიდას მარტო, მესიჯის ამბავზე მოვუყევი. დანარჩენი კი, მანდ გადმოვწერე. ეს კარგი ტელეფონია, პატრონმა გაყიდა ადრე, მერე შევაკეთე ჩემთვის მინდოდა, ჯერ ნომერიც კი არ ჩამირთავს მანდ.
გალეომ ჩანაწერებს გადახედა და ლამის, გული გაუჩერდა. ფიფოს მკვლელობის მცდელობა, ვიდეოზე იყო აღბეჭდილი.
- ეს ჩანაწერი, არის კიდევ სადმე? - გაოგნებული ხმით იკითხა გალეომ.
- არა! - მიუგო ბიჭმა. - ისე გადმოვწერე, არავის უნახავს, დეიდასთან ისე გავაქრე, რომ ასე ადვილად, ვერავინ ნახავს.
- თუ სრულ სიმართლეს ამბობ, დაგეხმარები რომ შარს აგაცილო. ეს რომ ვინმემ გაგიგოს, ცოცხალს არ დაგტოვებენ და ოჯახსაც ამოგიხოცავენ, შენც ხომ ხვდები უკვე, თუ რა ხალხთან გქონია საქმე? ამხელა თანამდებობის პირს, ასე გაუსწორდნენ და შენ დაგინდობენ?
- გეფიცებით, ყველაფერი სიმართლე ვთქვი! - ბიჭი გაფართოებული თვალებით მიაჩერდა დეტექტივს.
- ამ მობილურს, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობო. სხვა გზა არ გვაქვს!
გალეო წამოდგა თუ არა, ოთახში ქალები შემოვიდნენ და სუფრაზე მოუხმეს.
- ძალიან მეჩქარება, სხვა დროს იყოს. - მიუგო გალეომ. - და თქვენი მობილური მჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ვეღარ დაგიბრუნებთ.
- კარგი, მაშინ ნომერს ამოვიღებ. - ქალმა ამოიხვნეშა. - ნაჩუქარი იყო. ეჰ, როგორ ვუფრთხილდებოდი.
გალეო მშვენივრად მიუხვდა, თუ ვისი ნაჩუქარიც იქნებოდა, მაგრამ ახლა, სხვა გზა არ ჰქონდა.
- ეს ისევ, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით. - უპასუხა გალეომ. - თორემ მართლა ტელეფონის ჩამორთმევა კი არ მინდა.
- ახლა როგორ მოვიქცეთ? - იკითხა ბიჭის დედამ.
- იყოს სახლში, ვითომ კოვიდზე ეჭვობთ. სადღაც ერთ საათში, გამოვუგზავნი ბრიგადას შესამოწმებლად. მეზობლებიც კარგად დაინახავენ და თუ ვინმე გითვალთვალებთ, ისიც შეამჩნევს სკაფანდრიან მედპერსონალს. ამის მერე, ასე ადვილად, არავინ მოგეკარებათ. მოგვიანებით იტყვით, რომ ცრუ განგაში იყო და სულ ტყუილად შეგეშინდათ. ტესტმა კოვიდი, არ დაადასტურა! უბრალოდ, მწვავე ბრონქიტი ჰქონდა. აი, სულ ეს არის! მომავალი კვირიდან ვნახოთ, თუ სახიფათო ვერაფერი შევნიშნეთ, მე თვითონ გაცნობებთ და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს იმ სამსახურში, რადგან არ მინდა, საეჭვოდ გამოჩნდეს.
დეტექტივის წასვლის შემდეგ, ბიჭი ცოტა არ იყოს, უგემურად მიირთმევდა მის საყვარელ, შემწვარ კარტოფილს. თუმცა ახლა უფრო, უკეთ გრძნობდა თავს და აღარ დაეძებდა იმ, მისთვის ასე სანუკვარი მობილურის დაკარგვას.
საღამოს გვიან, დიდი ამბულატორიის მანქანით, თავიდან ფეხებამდე შეფუთული ექიმების ბრიგადა, ვითომდა ავადმყოფის გასასინჯად, სინამდვილეში კი სანოვაგით დატვირთული ეახლა და ამასთან ერთად, მიმის გამოგზავნილი, ორი საუკეთესო მობილურიც მოუტანეს თან.
LEX. 2021 წლის 21 ივნისი, ორშაბათი.

No comments:
Post a Comment