Monday, March 15, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 97)

97. 
- არ მეგონა, თუ კარს გამიღებდით. - გოგონამ მოკრძალებულად შედგა ფეხი, როცა მიმიმ უკან დაიხია და გზა დაუთმო. 
- არ გეგონა, მაგრამ მაინც გაბედე. - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა მიმიმ. 
- ვცადე. - გოგონამ საწყალი თვალები მიანათა. 
სანამ ეს უცხო, დაუპატიჟებელი სტუმარი მოვიდოდა, მიმი ფიფოს ესაუბრებოდა, მობილურიც არ გამოურთავს და გოგონაც ისეთ ადგილას დასვა, სადაც ფიფოს, მიმის ჩართული ტელეფონიდან, ყველაფერი ესმოდა. 
- აი, აქ დაჯექი და მომიყევი, რატომ უთვალთვალებდი ჩემს შვილს? 
- მე... მე... - გოგონა თითქოს, ცოტა დაიბნა კიდეც. 
- ჩემს ოჯახზე, უკვე მოხდა ერთხელ თავდასხმა და მას მერე, საკმაოდ ფრთხილად და ფხიზლად ვარ. 
პასუხად გოგონა, გაფითრდა. 
- ეს... ეს თქვენ... - ენის ბორძიკით დაიწყო სტუმარმა. - თქვენ გამოაგზავნეთ გამომძიებელი? 
- ჰმ. - მიმის ჩაეღიმა. - გეგონათ, გამიჭირდებოდა მოძიება? 
- რა ვიცი... 
- და მით უმეტეს, ჩემს ქმარს... 
- სწორედაც რომ თქვენს მეუღლესთან მოვედი! - შეაწყვეტინა გოგონამ. 
- მართლა?! - მიმიმ რაც შეიძლებოდა, ხმამაღლა შეიცხადა, რომ ჩართული მობილურიდან, ფიფოს კარგად გაეგონა. - და მერე? ამ დროს რომ სახლში არ იქნებოდა, ეს ვეღარ გაითვალა? 
- ვიცი და მაგიტომაც, პირველად თქვენთან მოვედით.
- არა! - მიმის ხმა გაუმკაცრდა. - პირველად, ჩემს შვილს მიადექით და მაინც არ მესმის, რატომ ბავშვს? რა ინფორმაციის გამოტყუებას ლამობდით მისგან? 
- ძალიან გამჭრიახი ბავშვია... - დაბალი ხმით უპასუხა სტუმარმა. 
- გმადლობთ. - ცინიკური ხმით მიუგო მიმიმ. - ინფორმაციისთვის. 
- ჯერ ბავშვთან მივედი და მინდოდა თქვენამდეც მოვსულიყავი, მაგრამ თქვენმა ჭკვიანმა შვილმა, ისეთი რამ მითხრა, რომ მაშინვე დავტოვე იქაურობა. 
- ჰმ. 
- დიახ, მართალს გეუბნებით, გაოგნებული დავრჩი. - გოგონა გაჩუმდა. 
„ნეტა ასეთი, რა უთხრა?“ 
ერთ დროულად გაივლეს გულში, ცალკე მიმიმ და სატელეფონო ხაზის იქეთ, ცალკე ფიფომ. 
- და მაინც, რაო? - ვეღარ მოითმინა მიმიმ. 
- როგორც კი შეამჩნია, რომ ფოტოებს უღებდნენ, მაშინვე მომახალა: „სულ ტყუილად ცდილობ ჩემთან დაახლოვებას, აი, იმ ორ კაცს ხედავ? ისინი ჩემი ფარული დაცვაა და თან, დედაჩემიც აქ არის, ასე, რომ სანამ დროა, მოასწარით აქედან გასვლა.“ - აი ეს იყო მისი სიტყვები, თუმცა სანამ ფოტოების გადაღება დაიწყებოდა, ვფიქრობ, რომ მანამდეც მიხვდა.
„არანაირი დაცვა არ დაგვყვება. ჰაჰ! ყოჩაღ დიმეოს.“
გაიფიქრა მიმიმ. 
„ყოჩაღ მამი, ყოჩაღ.“ 
ფიფომაც ასევე იფიქრა. 
- და მერე, გამომძიებელიც რომ მოგვადგა, დავრწმუნდი. - გოგონა შეყოვნდა. - ბავშვს არაფერი მოუტყუებია. 
- ეს კარგი. - მიმიმ თავი გააქნია. - მაგრამ რა გინდათ ჩვენგან? ან ჩემი მეუღლის ნახვა თუ გაინტერესებთ, აქ რატომ მომადექით? თუ შუამავალი გჭირდებათ? 
- დიახ. 
- რა, დიახ? 
- იქნებ, თქვენ დაგვეხმაროთ და მიგვიღოს ბატონმა ფიფომ. 
- ესე იგი, სცადეთ და არ მიგიღოთ? 
- შენობაშიც კი არ შეგვიშვეს. - სტუმარი წამით შეყოვნდა. - პირადობა მოგვთხოვეს და რომ გაიგეს ჟურნალისტები ვიყავით, საერთოდ არ გაგვაკარეს იქაურობას. 
- მდააა. - მიმიმ ამოხვნეშა. - როგორც საუბრიდან ჩანს, არც აქ უნდა იყო მარტო მოსული. 
- დიახ. - გოგონა უხერხულად აიწურა. - ქვემოთ მელოდებიან. 
- დაუძახე, ამოვიდეს. მიდი, ჩადი. 
„მიმი, რას აკეთებ?“ 
გაუელვა ფიფოს. 
„რა იცი, ვინ არიან?“ 
და სანამ გოგონა ბიჭის დასაძახებლად გავიდა, მიმიმ მოახერხა და ფიფოს შეეხმიანა. 
- გესმოდა? 
- მიმი, რას ამბობ? გაგიჟდი? ვის ეპატიჟები სახლში? - შეშფოთდა ფიფო. 
- აბა, რა მექნა? 
- ახლავე მოვდივარ! შეეცადე, არ გაუშვა!
ფიფომ ტელეფონი გათიშა და სასწრაფოდ, სახლისკენ გასწია. 
- აბა! რა ინტერვიუა ასეთი, რომ ოჯახშიც შემომეჭერით და არც ბავშვი დაინდეთ! - ცინიკური იუმორით აღნიშნა ფიფომ, სახლში შესვლისთანავე.
ფიფოს ხმამაღალ როხროხზე, გოგონაზე უფრო მეტად, მის გვერდით მჯდომი ბიჭი გაფითრდა. 
- სამინისტროში არ შემოგვიშვეს... - წაილუღლუღა გოგონამ. 
- ჰოო? - ირონიულად აღნიშნა ფიფომ. - გოგონი! სამინისტრო, ცნობათა ბიურო კი არ არის, რომ ვისაც უნდა და როცა და როგორც უნდა მაშინ შემოვა, გავა და ამბებს გაიტან-შემოიტანს! 
- მით უმეტეს, თუ ჟურნალისტები ხართ. - ჩაურთო მიმიმ და წამოდგა. 
- დიახაც! - კვერი დაუკრა ფიფომ. 
წუთით, დუმილი ჩამოვარდა. ახალგაზრდები დამნაშავე ბავშვებივით თავჩახრილნი ისხდნენ. 
- მიმი! რაღაც გემრიელი სუნები წამოვიდა მაქედან! 
- ვახშმისთვის ვამზადებდი, მაგრამ თუ დარჩები სადილზე, შევეცდები მოგისწრო. 
- აუცილებლად! მაგ სურნელის ხათრით, ცოტას გავიგრძელებ შესვენების წუთებს. 
- ჩვენ წავალთ. - წაიკრუსუნა გოგონამ და წამოდგა. 
ბიჭიც მაშინვე ადგა. 
- დასხედით ორივე! - ბრძანებასავით გასცა ფიფომ.
სტუმრები ფერმიხდილი სახით დაემორჩილნენ. 
- როგორ ფიქრობთ? - დაიწყო ფიფომ. - ასე ადვილად გაგიშვებთ? თან ამდენი გიწვალიათ, გირბენიათ. ესე იგი, რაღაც სერიოზულია, არა? 
- დიახ. - ამჯერად,  ბიჭმა ამოიღო ხმა. 
- ჰოდა აბა, გისმენთ! 
სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს. ალბათ, ორივე ფიქრობდა, თუ რომელს დაეწყო საუბარი. 
- დიდ ხანს გელოდოთ? - საყვედურით შენიშნა ფიფომ. - არც იმდენად დიდი დრო მაქვს. სადილსაც თუ მოვასწრებ, ესეც ბევრი იქნება და მიმი! რას გვიმზადებ? 
- კურდღლის ჩაშუშულს! 
- ვაააუუუ! - აკრუტუნდა ფიფო. - მალე იქნება? 
- მოვასწრებ. 
- ძალიან კარგი. - უპასუხა ფიფომ. - და გისმენთ აბა! 
- მანამდე ყავა, იყოს? - ისევ გამოსძახა მიმიმ. 
- აღარ მინდა ამდენი ყავა, სამსახურშიც სულ ყავა და ყავა. აი, სტუმრებს თუ სურთ? 
- ჩვენ არ გვინდა ყავა. - უპასუხა გოგონამ. - უმჯობესია, ის გავარკვიოთ, რისთვისაც მოვედით. 
- მერე? გაარკვიეთ! - გაეცინა ფიფოს. - გისმენთ, აბა! რაღაც თითქოს, ბევრსაც მახვეწნინებთ. 
- თქვენ იძიებდით ერთ საქმეს. - როგორც იქნა, დაიწყო გოგონამ. - ჩვილ ბავშვთა ვაჭრობის საქმეს.
აქამდე ირონიული, თუ ცინიკური იერი, ფიფოს ახლა უფრო, სიმკაცრით შეეცვალა. 
გოგონა გაჩუმდა. ალბათ, ეგონა ფიფო ეტყოდა, კი როგორ არა, მერე მერეო? მაგრამ ფიფოც დუმდა. მერე ჯიბეები მოიქექა სიგარეტი ამოიღო, სანთებელაც მოიძია, მოუკიდა, საფერფლესაც გადასწვდა და ახლოს მიიწია. 
სტუმრები თვალს არ აშორებდნენ, თითქოს ყოველ მის ქცევას, იზეპირებდნენო. 
ფიფომ ღრმა ნაფაზი დაარტყა, კვამლიც ბოლომდე ამოუშვა და მერე მიმის გასძახა, ცივი წყალი მომიტანეო. 
დუმილი და ფიფოს პასუხის ლოდინიც, ძალიან გაჭიანურდა. ბოლოს ისევ, მიმი შეეშველა. 
- რა ხდება? აღარ გვეტყვით? - მიმი ფიფოს შორიახლო ჩამოჯდა. 
- ჩვენ გვაინტერესებდა... - ენის ბორძიკით დაიწყო ბიჭმა. 
- ჩვილებით ვაჭრობის ამბები. - შეეშველა გოგონა. 
- გოგონი! - ფიფომ სტუმრებს მოხედა. - და ბიჭუნი! მაგ საქმეს, ათი თუ არა, დაახლოებით, თორმეტი-ცამეტი წლის წინ მაინც ვიძიებდი და სწორედაც აღნიშნე, ვიძიებდი! მაშინ! იმ დროს! 
- დიახ. - მკვირცხლად მიუგო გოგონამ. 
- რა, დიახ? - ჩაეკითხა ფიფო. - ამდენი წლის წინ რას ვიძიებდი და რას არა და თანაც, არა მარტო მაგ საქმეებს... 
- ჩვენ, მარტო ჩვილებზე გვაინტერესებდა გარკვევა. - ახლა უფრო შემართებით უპასუხა გოგონამ. 
- და, მერე? - უკმეხად შეუბღვირა ფიფომ. 
- თქვენ ხომ იძიებდით ამ საქმეს? - შემკრთალი ხმით მიუგო გოგონამ. 
- დიახაც! ვიძიებდი! - ფიფო წამით შეყოვნდა. - ვიძიებდი და ეს უკვე, არაერთხელ აღნიშნე, ვიძიებდი და არა ახლა ვიძიებ! ესე იგი, წარსული დროა და თანაც უკვე, რამდენი წელია გასული და რას ითხოვთ ჩემგან? რა ინფორმაციაა ასეთი, რომელზეც მე შემიძლია პასუხი გავცე? ან რა დარწმუნებულნი ხართ, რომ მართლა გიპასუხებთ? 
- თქვენ ხომ ამ საქმეს იძიებდით... - გოგონამ კვლავ გაიმეორა. 
- აა, კიდევ რააა. - ფიფომ თავი გააქნია. - გოგონი ვიძიებდი, ადრე, წარსულ დროში და ახლა არც არაფერი მახსოვს და რომც მახსოვდეს, არც არაფერს ვიტყვი! 
- და, რატომ არ იტყვით? - ჩაურთო ბიჭმა. 
- და, რატომ უნდა ვთქვა? - ჩაეკითხა ფიფო. - იმიტომ რომ, თქვენ გაინტერესებთ? თუ იქნებ, ამ ინტერესის მიღმა, სულ სხვა რამ არ არის? 
სტუმრებმა ერთმანეთს, უხმოდ შეავლეს თვალი. 
- ძალიან ცოტა დრო მაქვს. - დაიწყო ფიფომ. - სადილსაც თუ მოვასწრებ, ესეც ბევრია. 
- ახლავე! - დაფაცურდა მიმი. - აქვე გავშლი, ჩაშუშულიც მზადაა. 
- ნუ წუხდებით, სხვა დროს მოვალთ. - აიწურა გოგონა და ბიჭთან ერთად წამოდგა. 
- დასხედით ორივე! - მსუბუქად შეუბღვირა ფიფომ. - თუ ჩემთან ერთად არ ისადილებთ, მაშინ ვერც ვერაფერს გაიგებთ ჩემგან. 
- ჩვენ უკვე ვისადილეთ. - მიუგო გოგონამ. 
- არ მაინტერესებს! - უპასუხა ფიფომ და პირველი თავად გადმოიღო ცხელი კერძი. მერე მიმისაც გასძახა, შენ არ დაგვეწვევიო. 
- ბარემ, ხაჭაპურსაც გავამზადებ. - გამოსძახა მიმიმ. - დიმეოს შეკვეთაა, ხაჭაპური შამფურზე დამახვედრეო. 
- ძალიან კარგი. - გაიღიმა ფიფომ. - ხაჭაპური მეც მინდა და თანაც, შამფურზე. - მერე სტუმრებს მიუბრუნდა. - ვინც აი, ახლა ამ ჩაშუშულს არ შეჭამს, იმას არაფერსაც არ მოვუყვები! 
სტუმრებს გაეცინათ და ცოტა დაძაბულობაც მოეხსნათ.
- მოკლედ. - დაიწყო ფიფომ. - მართალია, ამ საქმეს ვიძიებდი, უფრო სწორად მე გავხსენი და პირველად მე ავტეხე ერთი ამბავი. 
- და საიდან?.. საიდან მიხვედით... ამ... - ენის ბორძიკით იკითხა გოგონამ. 
- სიმართლე გითხრათ, სრულიად შემთხვევით. - მიუგო ფიფომ. - მომაკვდავი ადამიანი ეძებდა თავის შთამომავალს, რომლის შესახებაც საკმაოდ გვიანაც გაიგო და თანაც, საკმაოდ მწირი ინფორმაცია ჰქონდა. აი, ამის მერე მივყევი, მივყევი და ისეთ დანაშაულებრივ ქსელს წავაწყდი, რომ გახსენებაც კი მზარავს! 
- ბევრს უძებნია ასე, მაგრამ ვერც ვერაფერს მიაგნო და თქვენ მაინც, როგორ მოახერხეთ? - ჩაერია ბიჭი. 
- იმიტომ რომ მე, კარგი გამომძიებელი ვარ. - გაიკრიჭა ფიფო. - ხომ აგიხსენით, არა? სრულიად შემთხვევით წავაწყდი ერთ, საკმაოდ კარგად გაყალბებულ საბუთს და მერე, ხან იქეთ გადავწვდი და ხან აქეთ, კარგით რაა, დეტალები ახლა, სადღა მახსოვს? ღამეებს ვათენებდი და სადაც არ იყო შესამოწმებელი, იქაც კი ვიქექე! - ფიფო წამით შეყოვნდა. - ახლობლები ხუმრობით, არქივარიუსსაც კი მეძახდნენ. ჰაჰ! რაც მე მაშინ, იმ არქივების მტვერი ვყლაპე. 
- როგორ? - გაიკვირვა ბიჭმა. - კომპიუტერში, არაფერი იყო შეტანილი? 
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს. - როგორ გეტყობა, რომ ღლაპი ხარ. სად იყო ბიჭო იმ დროს, კომპიუტერები?
- არც თქვენს ბავშვობაში იყო? - ახლა უკვე, გოგონაც გაკვირვებული ჩანდა. 
- ჩემს ბავშვობაში თუ იყო, აი, იმ ძველ დროს, დაახლოებით, ორმოცდაათი წლის წინ და უფრო დიდი ხნის წინათ შედგენილ დოკუმენტებს, აბა ვინღა შეიყვანდა ციფრულ არქივში? ჰა? მით უმეტეს, თუ ბევრი მისაჩქმალი იყო, მაგრამ სულ ბოლომდე ყველაფრის განადგურების, მაინც შეეშინდათ ალბათ და რაღაც-რაღაცეები, მაინც დატოვეს. აი, სწორედ მაგ რაღაც-რაღაცეებს გადავაწყდი და მერე, წავიდა და წავიდა! 
- ასეთი ძველ ამბავს იძიებდით? - ერთხმად იკითხეს სტუმრებმა. 
- აბა, წეღან რა გითხარით? ყურადღებით უნდა მოგესმინათ. მოხუცებული კაცი, სიყმაწვილეში გაჩენილ შვილს ეძებდა და ამას მოჰყვა, სწორედ იმ უძველესი საბუთების ამოქექვა და ასე შემდეგ. წვრილმანები სადღა მახსოვს. 
- და ბევრი ბავშვი იყო, ასე გაყიდული? 
- ათი ათასობით. 
- რააა? - გაოგნებული ხმით იკითხა მიმიმ. 
- წლების მანძილზე, მიმი! წლების მანძილზე. - უპასუხა ფიფომ და მერე სტუმრებს გახედა. - დამაკმაყოფილებელია ჩემი ინტერვიუ? 
- ჩვენ არც კი ჩაგვირთავს არც დიქტოფონი და არც კამერა. - მიუგო ბიჭმა. 
- რაღაცას რომ მეთამაშებოდით, მაგას თავიდანვე მივხვდი. - ჩაეღიმა ფიფოს. 
- არა, ჩვენ არ ვთამაშობთ. - გოგონამ თავი ჩახარა.
- აბა? მეკაიფებით? 
- არა, არც გვიფიქრია! - უპასუხა ბიჭმა. 
- ჩვენ სწორედ, ბავშვების გაყიდვის... უკანონოდ გაყიდვის... - დაიწყო გოგონამ. 
- ჰო! უკანონოდ. - ჩაეღიმა ფიფოს. - აბა კანონიერად ადამიანის გაყიდვა, სად გაგონილა? მონების ბაზარი კი არ იყო. 
- და იქნებ გვითხრათ, ბოლოს და ბოლოს, რაშია საქმე? და იქნებ, უფრო მეტი ინფორმაციაც წაიღოთ აქედან? - ვეღარ მოითმინა მიმიმ. 
- მე ვიტყვი. - ბიჭმა გოგონას, ხელი ხელზე მოუჭირა.
- კი ბატონო. - ფიფო სავარძელში გადაწვა და სიგარეტს მოუკიდა. 
- ჩვენ, ორივე. - დაიწყო ბიჭმა. - ბავშვთა სახლში გავიზარდეთ. 
მოულოდნელად ფიფოს, სიცილი წასკდა. მიმისთან ერთად სტუმრებიც, გაკვირვებულნი უმზერდნენ ფიფოს.
- არა, არა, არაფერი. - ძლივს მოიბრუნა სული ფიფომ. - უცებ რაღაც გამახსენდა. მაპატიეთ ბავშვებო. მიდი, მიდი განაგრძე. 
- სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, არც არავინ გვიშვილა და არც არავის მოუკითხავს ჩვენთვის და ახლა... 
- ახლა ვეჭვობთ, რომ იქნებ, და-ძმა ვართ? - შეეშველა გოგონა. 
- ეჭვობთ? 
- ვფიქრობთ. 
- და რატომ ფიქრობთ? რის საფუძველზე? 
- ძალიან ბევრი შემთხვევა გავიგეთ, დაქორწინების შემდეგ, რომ და-ძმა აღმოჩენილად, შვილიც კი შესძენიათ. 
- ღმერთო, რა უბედურებაა! - შეიცხადა მიმიმ. 
- დიახ. - კვერი დაუკრა გოგონამ. - ამიტომაც გვინდა გადავამოწმოთ. სადაც კი მივედით, ვერაფერი გავიგეთ, არც არაფერი გვითხრეს. 
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ეჭვიც არ მეპარება, რომ რამეს გაგიმხელდნენ, დარწმუნებული ვარ, სიტყვასაც არ გეტყოდნენ. 
- იქნებ, დაგვეხმაროთ და... 
- ის მაინც გავიგოთ, და-ძმა ვართ, თუ არა. - შეეშველა ბიჭს გოგონა. 
- და, მე რა შუაში ვარ? - გაეღიმა ფიფოს. - ლაბორატორია მაქვს? 
- თქვენი პროტექცია, მაინც სულ სხვა იქნება და იქნებ... - გოგონა გაჩუმდა. 
- შევეცდები. - უპასუხა ფიფომ. - შევეცდები, მაგრამ ვერ შეგპირდებით. - ფიფომ ამოიხვნეშა. - თუკი, თავის დროზე, ეს საქმე მე გავხსენი და ჩემგან დაიძრა, ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც ყველაფერზე ხელი მიმიწვდება. ისე თუმცა, როგორ არ მიმიწვდება, მაგრამ აქ უკვე, სულ სხვა ამბავია. უამრავი ხალხი ჩაერია, ლამის მთელი ქვეყანა ჩაერთო, ძალიან ბევრი დანაშაული ამოტივტივდა და უკვე ყველა საქმეს და რა თქმა უნდა, ყოველ რაიონსა თუ რეგიონს, თავისი გამომძიებელი ხელმძღვანელობდა. 
- ხომ, მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ... - ჩაურთო ბიჭმა. 
- არ შემიძლია! - გააწყვეტინა ფიფომ. - ამ წუთას, ხომ აგიხსენით, რომ ყოველ ამბავს, ყოველ ისტორიას თავისი გამომძიებელი ჰყავს. მე თუ შემიძლია ოფიციალურად გამოვითხოვო, ზუსტად და კონკრეტულად, ამა თუ იმ საქმის გამოძიება, ამისთვის მყარი არგუმენტი უნდა მქონდეს, რატომ და რისთვის? არ გამოვა ბავშვებო მასე, როგორც თქვენ გინდათ. 
- ესე იგი, ვერაფერს გავიგებთ? - გოგონას თვალები აევსო. 
- რატომ არის ასე გასაიდუმლოებული? - ჩაერთო მიმი. - ნუთუ ადამიანს, არ აქვს უფლება, თავისი წარმომავლობა გაიგოს? 
- როგორ არა აქვს! - უპასუხა ფიფომ. - მაგრამ ამას, სხვა მიდგომა სჭირდება. უნდა დაიწეროს განცხადება, სწორედ იქ, სადაც საჭიროა და არა ნებისმიერ განყოფილებაში, სადაც ცალი ყურით მოგისმენენ, თავს დაგიქნევენ და თქვენი მთხოვნის ფურცელს, გვერდით გადადებენ. დიახ, გადადებენ, მაგრამ არ გაანადგურებენ. სპეციალური მიმართვის გარეშე, არაფერი გამოვა! - ფიფო შეყოვნდა. - რომ არაფერი გამოვა, ეს ცხადია, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, თქვენ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ. - ჩაეღიმა ფიფოს. 
სტუმრებმა ერთმანეთს, მალულად გადახედეს. 
- ესე იგი, პროტექციას, უფრო მეტი ძალა აქვს, არა? - ჩაურთო მიმიმ. 
პასუხად ფიფომ, ამოიხვნეშა. 
- და მაინც, არ მესმის. - განაგრძო მიმიმ. - რატომ ამდენი საიდუმლო და ჩაჩუმება? 
- მიმი, როგორ წარმოგიდგენია? - ფიფომ მზერა ჭერს მიაპყრო. - აი, ჩვენ, გვეყოლა კიდევ ერთი შვილი, რომელზეც გვითხრეს, რომ დაიღუპა, თუმცა მაშინვე არ დავიჯერეთ, ან მოგვიანებით ეჭვი შეგვეპარა. მერე როგორღაც გავიგეთ, რომ იმ კონკრეტულმა ადამიანმა, ჩვენი, ვითომდა მკვდრად გამოცხადებული შვილი, მოიპარა და გაყიდა, ან თავად იშვილა! 
- გაფიქრებაც კი არ მინდა! - შეშფოთებული ხმით მიუგო მიმიმ. 
- განვიხილოთ, რომ გაყიდა-გააშვილა, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. - განაგრძო ფიფომ. - ერთ დღესაც, ჩვენ ვიგებთ, ამ კონკრეტული პიროვნების ვინაობას და მივადგებოდი კი არა, კარს და კედლებს ჩამოვუღებდი! 
- ალბათ, არ ვიცი, რას ვუზამდი! - შეიცხადა მიმიმ. 
- აი, სწორედაც, რომ მაგაშია საქმე! - დაეთანხმა ფიფო. - ავტეხავდი ერთ ამბავს და მართლაც არ ვიცი, რა დღეშიც ჩავაგდებდი! 
- მეც ასე მოვიქცეოდი! - თავი დაუკრა გოგონამ. 
- ახლა, მეორე მხარესაც შევხედოთ. - განაგრძო ფიფომ. - მე ვარ ის კაცი, ან თუ გინდა მიმი, შენ იყავი ის ქალი, რომელმაც ეს ბავშვი მოიპარა და გაყიდა. ახლა რა ხდება, ჩემს ოჯახში? - ფიფომ სიგარეტი მოიძია და განაგრძო. - მე მყავს შვილები, ცოლი, მშობლები და წარმოიდგინეთ ამათი მდგომარეობა, როცა მხოლოდ მე დავაშავე, მე ვარ ის ბოროტმოქმედი და ამ ამბის გახმაურების გამო, ჩემს შვილები, აღმოჩნდებიან გამუდმებული და დაუსრულებელი ბულინგის ქვეშ! აქეთ ჩემს ცოლს, სრულიად შესაძლებელია, სამსახურში პრობლემებიც შეექმნას, ან დაითხოვონ კიდევაც! მყავს კიდევ ასაკოვანი მშობლები, რომელთაც აღარც უბანში დაედგომებათ და მაღაზიაშიც კი შეიძლება არ შეუშვან, პურსაც ვეღარ შეიძენენ და რა შუაშია, ყველა ეს ხალხი, როცა მე, დავაშავე? მე ვარ მთავარი ბოროტმოქმედი! აი, ამაშია ხალხნო საქმე, ამიტომაც არ არის სასურველი, გამოძიების ყველა დეტალის, საქვეყნოდ გამომზეურება!
- ესე იგი, იმის გამო, რომ იმ ბოროტის ოჯახის წევრები არ შეაწუხონ, დაუსჯელი უნდა დარჩეს? - გაკაპასდა გოგონა. 
- მე ეგ არ მითქვამს. - მიუგო ფიფომ. - დამნაშავემ, პასუხი უნდა აგოს! აუცილებლად, მაგრამ ვიმეორებ, დეტალების გახმაურების გარეშე! 
- ამიტომაც ვერც ვერაფერი გავიგეთ. - ჩაურთო ბიჭმა. 
- დიახაც. - კვერი დაუკრა ფიფომ. - ვერც ვერაფერს გაიგებდით! 
- ჩვენ მხოლოდ, ჩვენი გენეტიკის გამოკვლევა გვაინტერესებს. - ნაღვლიანად ჩაურთო გოგონამ. 
- მერე? დნმ-ს ტესტი? - მიუგო ფიფომ. - მართალია, არც იმდენად იაფია დღეს, თუმცა, ხელმისაწვდომია. 
- ჩვენთან მხოლოდ, დედაზე და შვილზე კეთდება. - ნაღვლიანი ხმით უპასუხა ბიჭმა. - და-ძმაზე არა. 
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - არ ყოფილა აბა, საშველი. 
- ხომ შეიძლება, უცხოეთში გადაიგზავნოს და იქიდან მოვიდეს პასუხი? - მხიარული ხმით ჩაურთო მიმიმ. 
- ეგ იმხელა თანხები დაჯდებაა... - ამოიხვნეშა გოგონამ. 
- მერე შეიძლება, რაღაც ფონდის შექმნა და... 
- რა რაღაც ფონდის, მიმი? - შეაწყვეტინა ფიფომ და თან, ისეთი კუშტი მზერა მიაპყრო, რომ მიმი მიხვდა, უნდა გაჩუმებულიყო. - არავინ ჩარიცხავს ფულს, იმის გამო, რომ ვიღაც ქალსა თუ კაცს, თავისი წარმომავლობის გაგება სურს, თუმცა ეს ფონდი, ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ რაღაც სხვანაირად უნდა ჩამოყალიბდეს, ინტერესები უნდა იყოს მეტი და სხვა მიმართულებებიც დაემატოს. 
- რა მიმართულებები? - ბიჭს აშკარად, იმედი ჩაესახა.
- ნამდვილად არ ვიცი. - მიუგო ფიფომ. - ისე შეგიძლიათ იფიქროთ ამაზე, ისევ თქვენს ინტერესებში შედის. აბა, წარმოიდგინე, რომ მოხვედი ჩემთან და მთხოვ საკმაოდ დიდ თანხას, შენი გენეტიკის გამოკვლევისათვის. რატომ უნდა მოგცე ამხელა ფული? რა ინტერესი მაქვს? 
- თუ ძალიან ახლობელია? - ჩაურთო მიმიმ. - ან უბრალოდ, ქველმოქმედია?
- ეგ კიდევ, დასაშვებია. - მიუგო ფიფომ. - მაგრამ მისცემს ის ფულს? ან რამდენის გადამხდელია? ან რასთან დაკავშირებით უნდა ჩარიცხოს სადღაც, რაღაც ფონდში, უცნობმა? იღუპება ვინმე? ბავშვია გადასარჩენი? აი, ამაშია საქმე. რაღაც სხვა ინტერესიც უნდა იყოს. 
- კი მაგრამ. - არ იხევდა უკან მიმი. - მარტო ეს ბავშვები ხომ არ არიან? რამდენი ადამიანი ასე, შენ არ თქვი, ათი ათასობით ბავშვის ამბავი ამოტივტივდაო?
- დიახ, სწორედაც! - ფიფო წამით შეყოვნდა და მერე დაბალი ხმით დასძინა. - უნდა შეკრიბოთ ის ხალხი, ვისაც თქვენნაირად სურთ თავიანთი წარმომავლობის გაგება, ეს თავიდან რთული იქნება, თუმცა... 
- ეს ძალიან კარგი აზრია! - თვალები გაუბრწყინდა გოგონას. 
- ისინიც ხომ შეიძლება ჩაერთონ, ვინც შემთხვევით აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში? - ჩაურთო მიმიმ. 
- ეს არ იყო შემთხვევითობა. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და ღრმად მოქაჩა. - ეს ის საზიზღარი პროექტი იყო, რომელიც უღმერთოდ და ანგარებით წყვეტდა სხვის ბედს. 
LEX. 2021 წლის 3 თებერვალი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment