95.
- რა უცნაური ბავშვია. - თავი გააქნია მიმიმ. - ჰმ, საკუთარ შვილზე, რომ ამას ვამბობ.
ფიფოს მდარედ ჩაეღიმა.
- ბავშვს, არაფერი არ აინტერესებს...
- როგორ არ აინტერესებს! - გააწყვეტინა ფიფომ.
- ბავშვური და თავის ასაკის შესაფერისი არ აინტერესებს-მეთქი, ამის თქმა მინდოდა...
- და მე, შეგაჩერე. - ისევ გააწყვეტინა ფიფომ.
მიმის ჩაეღიმა.
- შეეცადე, გაუგო. - ღიმილით გადახედა ფიფომ.
- ვუგებ, როგორ არ ვუგებ...
- მაგრამ ვერ იგებ. - კვლავ გააწყვეტინა ფიფომ, რასაც მიმის სიცილი მოჰყვა.
- ისე, მართლა, ცოტა უცნაურია. - ახლა ფიფომ დაიწყო.
- მაგრამ ამაში, არაფერია ასეთი განსაკუთრებული, ან საკვირველი, ან თუნდაც, შემაშფოთებელი. - ამჯერად კი ჩუკიმ შეაწყვეტინა ფიფოს. - ბავშვი, თავის ტოლებთან, საერთოს ვერაფერს პოულობს, ეგ დიდი არაფერია! ხდება ხოლმე, და იმის გამო ხდება ხოლმე, რომ... - ჩუკის ჩაეღიმა. - ეს ბავშვი, თანატოლებთან შედარებით, საკმაოდ განვითარებული და საღად მოაზროვნეა!
- ჯერ კიდევ, საბავშვო ბაღიდან დაიწყო მასე. - ჩაურთო მიმიმ. - მეგონა, რომ ის ბავშვები არ მოსწონდა, იმ ბავშვთა ჯგუფი.
- აი, სწორედ, მანდ ხარ! - ჩუკიმ საჩვენებლი თითი ზემოთ ასწია. - ზუსტად აღნიშნე! ხედავ? ვერც ბაღში, ვერც სკოლაში და ვერც უბანში ვერ ნახა ის, ვისთანაც იმეგობრებს და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უცნაურია.
- გეთანხმები. - თავი დაუქნია ფიფომ. - მოვა დრო და ნახავს მის შესაფერისს.
- იმედია. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- ჰოდა, ახლა, შევუსრულოთ თხოვნა და გაატაროს ახალი წელი, ძანესთან ერთად. - ფიფომ ღიმილით გადახედა, ჯერ კიდევ გაოგნებულ მიმის.
- ბუნებრივია. - დაიწყო ისევ ჩუკიმ. - სახლში დაბრუნების შემდეგ, ბავშვი სულ სხვა თვალით უყურებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და თავისებური დასკვნებიც გამოაქვს, სურვილებიც შეეცვალა და...
- არა! არა! - შეაწყვეტინა მიმიმ. - დიმეო, ადრეც მასეთი იყო! უბრალოდ, რამდენადაც პატარა იყო, იმდენად არ ვანიჭებდი მის ასეთ ქცევას მნიშვნელობას.
- მართალია. - დაეთანხმა ფიფო. - ძანეს მიმართ ყოველთვის ასეთი იყო, მოსწონს
მის გვერდით ყოფნა, თავს უფრო კარგად გრძნობს.
- უფრო მშვიდად და დაცულად? - ჩაეკითხა ჩუკი.
- ნუუუ... - ფიფო წამით ჩაფიქრდა. - როცა სოფელში ერთად იყვნენ, ხშირად ბავშვები, ძანეს ფსიქოლოგიურად ჩაგრავდნენ, რის გამოც დიმეოს, სულ ჩხუბი მოსდიოდა მათთან, მაგრამ როგორც კი ფიზიკურად ვერ უმკლავდებოდა, აი მაშინ ძანეს უწევდა, ასე ვთქვათ. - ფიფოს გაეცინა. - მტრების მოგერიება.
- ესე, იგი. - გაეღიმა ჩუკის. - ეს ორი, სხვადასხვა ასაკისა თუ განვითარების ბავშვი, ერთმანეთს ავსებს და ეგ არის!
- და შენ, რას აპირებ, ამ ახალ წელს? - ფიფომ ჩუკის გახედა.
- ახალი წელი, ოჯახში! - უპასუხა ჩუკიმ. - მერე ვნახოთ, კომენდანტის საათს, თუ მოხსნიან...
- ძალიანაც კარგი, რომ კომენდანტის საათია! - ჩაერია მიმი. - ახალ წელს წესით, ოჯახში უნდა შეხვდე და სახლში გაატარო! აბა, ის არის კარგი, რომ გამოდიან გარეთ და ღრეობენ?
- მიმი, ახალი წელია და იქეიფებენ აბა, რაა. - გაეცინა ფიფოს.
- იქნებ ზოგს, როგორი ცუდი ამბავი აქვს ოჯახში და სულაც არ სიამოვნებს, შენი ღრეობის მოსმენა? - არ შეეპუა მიმი. - გახსოვს, შარშან? რა დღეში ვიყავით და როგორ გვიშლიდა ნერვებს, გარედან შემოსული ბათქა-ბუთქი!
- ჰოდა, აი წელს, იჯექით სახლებშო. - გაეცინა ფიფოს. - მაგრამ მე მინდა, რომ ახალ წელს...
- რა ფიფო? - არ აცალა მიმიმ. - მოვიწვიოთ სტუმრები? რა პრობლემაა? როდის იყო დაგიშალე?
- ჩვენ წავიდეთ სტუმრად, ძანესთან! - მიუგო ფიფომ.
- ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ რაღაცნაირად, მომერიდა იმ ხალხის. - მიმი წამით შეყოვნდა. - და თანაც, სულაც არ მინდა, კიდევ ერთი ახალი წელი, დიმეოს გარეშე... - მიმის თვალები აევსო.
- მერე წადით და იქ შეხვდით. - ჩაერია ჩუკი. - ფიფოც ვეღარ დალევს, იქ არავინ ეყოლება „საბუტილნიკი“.
ყველას გაეცინა.
- წავიდეთ, შევხვდეთ ერთად და მერე გვიან, წამოვიდეთ სახლში. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - დიმეოს თუ უნდა, დარჩეს იქ დილამდე.
- ვფიქრობ, რომ დარჩება. - ჩაურთო მიმიმ. - ახლაც იქ არის და ჯერ კიდევ, არც კი ვიცი, რა ვაჩუქო, ან რას ისურვებდა საახალწლოდ.
ჩუკის მობილური აწკრიალდა.
- რა კალათი? - გაკვირვებული უპასუხა ჩუკიმ. - ჰმ... აჰა... თან, კალათები... - ჩუკიმ ტელეფონი გათიშა და მასპინძლებს მიაჩერდა. - უღრმესი მადლობა ორივეს, ერთად და ცალ-ცალკე, მაგრამ...
- არავითარი, მაგრამ! - ფიფო წამოიწია. - მოწიე ჭიქა. - ფიფომ ჩამოასხა.
- არაფერია სამადლობელი. - დაიწყო მიმიმ. - ისეთი კარგი სასაჩუქრე კალათები ვნახე, რომ გვერდი ვეღარ ავუარე, ლამის ნახევარ ქალაქს გავუგზავნე და შენ, რატომ გამოგტოვებდი? თუმცა... - მიმიმ ფიფოს გახედა. - ფიფოც თუ...
- მეც თუ იგივეს ჩავიდენდი, არ გეგონა, არა? - გაეცინა ფიფოს.
- ჰოდა, შენებმაც ორმაგად მიიღეს საჩუქრები ამ ახალ წელს. - დაასრულა მიმიმ.
- ამიტომაც იყვნენ ასე აჟიტირებული. - ჩაურთო ჩუკიმ. - მეც მაქვს თქვენთვის საჩუქარი, მაგრამ ჯერ, ბოლომდე არ არის ფორმაში.
- ჩვენ მოვიყვანთ ფორმაში. - გაეცინა ფიფოს.
- ჯერ სიურპრიზია და ნუ მათქმევინებთ წინასწარ. - ჩუკიმ ჭიქა მიუჭახუნა.
***
- ესეც ახალი წელიიი. - ფიფომ ზანტად გაახილა თვალი. - ადე ფიფო, უკვე შეღვიძების დროა. - საკუთარ თავს შეუძახა ფიფომ, როცა ქვემოდან, მიმი უკვე გამზადებულ სადილზე უხმობდა.
- რა დროს საცივია, ჯერ არც კი მისაუზმია. - ირონიით აღნიშნა ფიფომ.
- სწორედაც რომ სადილობის დროა. - მიუგო მიმიმ.
- მგონი, პირველი ახალი წელია, რომ ასე ცოტა დავლიე.
- ჩვენ, არც შარშან გვიქეიფია. - ნაღვლიანად დასძინა მიმიმ.
- არა, მაგრამ შარშან ამ დროს, იმდენს ვსვამდი და არც კი მეკიდებოდა, ვერც კი ვგრძნობდი.
- აღარ გვინდა გახსენება, ხომ მოვილაპარაკეთ? - საყვედურით მიმართა მიმიმ.
- მოვილაპარაკეთ. - თავი დაუკრა ფიფომ. - უბრალოდ, ჩემი წლევანდელი ლოთობა, შევადარე სხვა წლებს.
- უი, თურმე, შენ რა გულდაწყვეტილი ყოფილხარ, ბოლომდე რომ ვერ გამოთვერი. - გაეცინა მიმის. - თითო ჭიქით, ყველა წამოგყევით და მაინც არ გეყო?
- აბა ეგ, რა იყო? - ჩაეცინა ფიფოს. - ძანეს ბაბუას არიქა, წნევები აწუხებსო და ორი ჭიქა, ისიც ცოლის ჩუმად, ძლივს გადაყლურწა. შენ და ძანეს ბებო, წრუპავდით და ვიღასთან დამელია?
- ჰოდა, ძალიანაც კარგი. - გაიკრიჭა მიმი. - და ვინაიდანაც და რადგანაც, სულაც არ ჰგავხარ ნაბახუსევს, შეუსრულე ბიჭებს პირობა.
- რა პირობა? - ფიფო დაიბნა. - იმედია, რამეს ისეთს არ შევპირდი, რომ მაგის თავი არ მქონდეს ახლა.
- თოვლს გაჩვენებთო, გაგუნდავებთო და აბა, სად? ქალაქში თოვლი არ მოსულა ჯერ და მოგიწევს ბატონო ფიფო, თოვლში კოტრიალი, სადმე ქალაქიდან მოშორებით.
- წავიყვანოთ მერე, რა პრობლემაა? - ამოისუნთქა ფიფომ. - თოვლით მაშინებ?
- დიმეოს უკვე ძანეს გარეშე, აღარსად უნდა. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ.
- ჰოდა, წავიყვანოთ ერთად!
- ისე, რა საინტერესოა, არა? - მიმი ჩაფიქრებული სახით ჩამოჯდა. - სინამდვილეში არც კი იცის და მაინც, მისკენ ილტვის, ალბათ...
- რა, ალბათ? - არ აცალა ფიფომ.
- არ ვიცი. - მიმიმ მოწყენილად აიჩეჩა მხრები.
- მიმი, შენც ხომ თავიდანვე, დანახვისთანავე შეითვისე ძანე და არასდროს გქონია მის მიმართ, რაღაც უარყოფითი ფიქრი, თუ ქმედება, თუ რაც არის!
- არა, რას ამბობ? - შეიცხადა მიმიმ.
- მეც სწორედ მასე ვიყავი და დიმეოც ასეა!
ფიფომ ბიჭებს პირობა შეუსრულა და შინ გვიან, მთელი დღის თოვლში ნასრიალებ-ნაგუნდავები დაბრუნდნენ.
საახალწლო სასაჩუქრე კალათების გაგზავნისას, ფიფოს არც თავისი სატრფო გამორჩენია, მასაც გაუგზავნა და ახლი წელიც, თბილი სიტყვებით მიულოცა. რის შემდეგაც, ფიფოს მობილურში, ზარები და მესიჯები არ წყდებოდა, თუმცა ფიფო პასუხებით, თავს სულაც არ იწუხებდა.
ახლ წელს ტრადიციულად, ბედობა მოჰყვა. ფიფომ აქაც გამოიჩინა თავი და სატრფოს, ყვავილების თაიგულთან ერთად, საკმაოდ ძვირფასი სუნამოც გაუგზავნა. თავად კი, არც ახლა გამოჩენილა და არც კვლავ ტელეფონზე უპასუხა.
შემდეგ შობის ღამე დადგა. ფიფოს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, თუმცა საჩუქრის გაგზავნა არც ახლა დავიწყნია.
და ისევ და ისევ, ტრადიციის მიხედვით, შობის შემდეგ, ძველით ახალი წელიც დადგა. ფიფოს პირობის თანახმად, ეს დღე, სატრფოსთან ერთად უნდა გაეთენებინა, მაგრამ ფიფო, მიმისთვის მიცემული პირობის დარღვევას, სულაც არ აპირებდა და კვლავ სასაჩუქრე კალათი გაუგზავნა, აწ უკვე ყოფილ სატრფოს.
ფიფოს ასეთ ქცევას, ქალის სერიოზული გაცეცხლება მოჰყვა და ყოველგვარი ზედმეტი ზარებისა და მესიჯების გარეშე, პირდაპირ სამინისტროში მიადგა.
ფიფო საშინლად მოიღუშა. იმდენად დაიბოღმა, რომ ვერც დაფარა. არც ქალმა დააკლო საყვედურები.
- რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემი მოსვლა, ასე გეწყინებოდა. - სასოწარკვეთილი ხმით დაიწყო ფიფოს სატრფომ. - ამდენად თუ გაგიხეთქავდა გულს.
- გულის გახეთქვა, რა შუაშია? - საყვედურითვე მიუგო ფიფომ. - ადრეც ხომ აგიხსენი, არა? არ მინდა, რომ სამსახურში, პირად ამბებზე მაკითხავდნენ, ვინც გინდა, ის იყოს!
- შენი ცოლი რომ მოვიდეს, რა? არ შემოუვებ?
- აბა, გარეთ გავაგდებ? - ფიფოს ჩაეღიმა. - არც შენ გაგდებ, მაგრამ უკვე მეორედ გთხოვ, რომ ნუ მაკითხავ აქ! არ არის ეს ის სამსახური, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია მეგობარს შეუარო და გაერთო, ან თუნდაც, მხოლოდ მოიკითხო.
- მესმის, განა არ მესმის. - ქალმა ამოიხვნეშა. - რატომ გგონია, რომ შენი მართლა არ მესმის, მაგრამ არც ერთი ზარი, არც ერთი მესიჯი, ტელეფონსაც კი არ იღებდი და შეპირებულ ახალ წელს, როგორც მივიწყებულ ნათესავს, თითქოს ვალდებულებას რომ იხდიდე, ისე გამომიგზავნე კიდევ ერთი კალათი. - ქალმა კვლავ ამოიხვნეშა. - რა? გგონია, საჩუქრების ხამი ვარ?
- აბა, ახლა ეგ რა შუაშია? - ფიფომ თავი დაძვრენა სცადა. - არც ვალდებულება მაქვს შენთან და არც შენი ვალი მაქვს. ხომ იცი, ყოველთვის მსიამოვნებდა შენი გახარება და არც საჩუქრები დამიშურებია. ვიცი გიყვარს ყურადღება და განსაკუთრებით, ჩემგან გიხარია. - ფიფო წამით შეყოვნდა. - არა, თუ საჩუქრებს მიწუნებ და ზუსტად ან მიახლოებითაც ვერ გამოვიცანი, ეგ სულ სხვა საქმეა, გამოვასწორებ. - გაუღიმა ფიფომ.
- მაშაყირებ? - ნაწყენი ხმით მიუგო ქალმა.
- სულაც არა! - თავი მოიკატუნა ფიფომ.
- საერთოდ ვერ გცნობ, რაღაც სულ სხვანაირი ხარ, შენ ის ფიფო არ ხარ, რომელიც მე შემიყვარდა.
„ჰოდა მერე, შემეშვი.“
გაივლო გულში ფიფომ და ისე ამოიხვნეშა, რომ ლამის გულიც ამოაყოლა.
- რა მოხდა? - დამფრთხალი ხმით იკითხა ქალმა. - სხვა შეგიყვარდა?
- ოოო, კარგი რააა. - ფიფომ კოპები შეკრა. - რა დროს, სიყვარულია?
- სიყვარულს დრო არა აქვს. ეჰ, სამწუხაროდ.
- მომისმინე ახლა. - სერიოზული ხმით დაიწყო ფიფომ. - ძალიან გთხოვ, კარგად და ყურადღებით მომისმინე.
- ჰო, კარგი! გისმენ აბა! საინტერესოა, როგორ იმართლებ თავს? მთელი ახალი წლები ჩამაშხამე! ახალ წელს ვერაო, ისაო, ესაო, შობას ვერაო, და ძველით ახალ წელს დილამდე, სუფრასთან მარტომ გავათენე!
- მერე, მოგეწვია მეგობრები, როდის დაგიშალე?
- არ გრცხვენია, ფიფო? - ქალი აშკარად გაბრაზდა.
- რის უნდა მრცხვენოდეს? - არ დაიხია უკან ფიფომ. - ისე, შენს არც ერთ მეგობარს არ ვიცნობ.
ქალი ისე შეცბა, თითქოს ფაქტზე გამოიჭირესო.
- ეს ალბათ უფრო, ჩემი ბრალია. - გაინაზა ქალი. - არ მინდოდა შენი თავი, ვინმეს წაერთმია.
- მერე ეგ რანაირი მეგობარია, თუ მტაცებელიც ყოფილა. - გაეცინა ფიფოს.
- ფიფო, მე სულაც არ მეხუმრება.
- დაიმახსოვრე, არავინ არვის თავს არ ართმევს, ყველა თვითონ მიდის და მოდის.
- ჰო, სამწუხაროდ. - ამოიხვნეშა ქალმა.
- რატომ, სამწუხაროდ? - ფიფოს კვლავ ეღიმებოდა. - აბა, რომელმა დაქალმა წაგართვა, ჩემი თავი?
- ეჰ, შენ ხუმრობ და მე ლამის, გაზში შევიწვი, ისეთი საუცხოო სუფრა გაგიმზადე, სახლიც ისე მოვრთე და დილამდე ვიჯექი ყუმივით, ვიდრე არ მიხვდი, რომ წიხლი მიკარი ყველაზე და ყველაფერზე!
- ჰოდა, რომ ვერანაირად ვერ მოვიცალე, მაგიტომაც საჩუქრები გამოგიგზავნე, რომ თავი, მიტოვებულად არ გეგრძნო! - ფიფო კვლავ უკან არ იხევდა.
ქალმა უხმოდ გააქნია თავი.
- ვიცი. - განაგრძო ფიფომ. - საჩუქარი, არ ცვლის ცოცხალ ადამიანს, მაგრამ არც უყურადღებოდ და მართლაც მიგდებულად არ მინდოდა გეგრძნო თავი და რაც შეეხება ტელეფონს, ვერც გიპასუხებდი და ვერც ავიღებდი, რადგან ძალიან მძიმედ და დაძაბულად გავატარე ეს ახალი წლები! ძველიც და ახალიც და ნუ გგონია, რომ ვლოთობდი და ვქეიფობდი! გინდა დაიჯერე და გინდა არა, ახალ წელს, წვეთიც კი არ დამილევია! თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ სადღაც, ასე სამ ჭიქა კონიაკს და ნახევარ ჭიქა ღვინოს. - ეს ბოლო წინადადება, სრული სიმართლე იყო და ფიფოც, მთელი თავდაჯერებით შეეცადა, რომ კარგად აეხსნა.
- რამე საშინელება მოხდა? - შეიცხადა ქალმა.
ფიფომ ამოიხვნეშა და განაგრძო:
- ნებისმიერი დანაშაული, მართლაც რომ საშინელებაა დაზარალებულისთვისაც და მისი ოჯახისა, თუ ახლობლებისთვის.
- და რა მოხდა? არ მომიყვები? - ქალი უფრო მოლბა.
- არ მოგიყვები, რადგან მე აღარ ვარ გამომძიებელი და სხვის სამუშაოს, პატივს ვცემ.
- და ისე, მომიყვებოდი? - თბილად გაუღიმა ქალმა.
- არც ისე მოგიყვებოდი და არც ასე, რადგან სახლში არ ჰყვებიან სამსახურის საქმეებს, მით უმეტეს, თუ ეს კრიმინალია.
სახლში არ ყვებიანო, ამ სიტყვებზე ქალი გაიბადრა, აშკარად ესიამოვნა ფიფოსგან ეს მინიშნება.
- მოკლედ ასეე. - ფიფო სავარძელში გადაწვა. - ახლა თუ შეიძლება, დამტოვე. სულ ცოტა ხანში, თათბირი მეწყება და შემპირდი, რომ აქ აღარასდროს აღარ მოხვალ. მე კი გნახავ, როგორც კი მოვიცლი შემოვირბენ.
- შემოვირბენ, რას ნიშნავს? - იწყინა ქალმა.
- ისედაც მასე არ მოვდიოდი? თუ ასე მალე დაგავიწყდი? - ფიფო შეეცადა, მეტი სითბო გადმოეღვარა, თუმცა უკვე აღარც სურვილი ჰქონდა და აღარც ბუნებრივად გამოსდიოდა.
- დავიწყებულ კაცს, სამსახურში არ აკითხავენ. - კვლავ წყენით მიუგო ქალმა.
და სანამ ფიფო, ხმას ამოიღებდა, მდივანმა შეატყობინა, რამდენიმე წუთში, თათბირი იწყება და მოსაცდელშიც გელოდებიანო.
ჩვეულებრივ, თათბირის მიზეზს, ხშირად თავად ფიფო იგონებდა. მაგიდის ქვეშ დატანებული ღილაკით, მდივანს ანიშნებდა და ისიც ზუსტად ხუთ წუთში, იქ მყოფთა გასაგონად ატყობინებდა, „თათბირიაო“.
- აი, ხომ ხედავ? რა დღეშიც ვარ! - ფიფო სავარძელში შესწორდა. - თათბირმა შეიძლება, დილამდეც გასტანოს და თან, გარეთ კიდევ ერთი მნახველიც გასასტუმრებელი მყავს! შენ კიდევ მსაყვედურობ, დამივიწყეო, აღარ გიყვარვარო, შენს თავს, ჩემი დაქალები წამართმევენო. - იუმორით დაასრულა ფიფომ.
- კარგი, კარგი. - ნაზად გაუღიმა ქალმა და წამოდგა. - ისე, რომ იცოდე, მე დიდ ხანს ლოდინი არ მჩვევია, ვისაც არ ვუყვარვარ და არც ვახსოვარ, მეც მალევე ვივიწყებ და მივდივარ.
„ცხრა მთას იქეთ წასულხარ.“
გაუელვა ფიფოს და თავისივე ნაფიქრზე გაეღიმა.
ფიფოს ღიმილი, ქალმა სათავისოდ მიიღო და მანაც ყურებამდე გაბადრულმა დატოვა კაბინეტი.
ფიფომ, შვებით ამოისუნთქა და მდივანს, ახალი სტუმრის შემოშვება სთხოვა.
- რა ვნებიანი ქალი გყავდა სტუმრად. - ღიმილით აღნიშნა შემოსულმა ადვოკატმა.
- უჰ, ვნებები, არ მკითხო. - ჩაეცინა ფიფოს. - ერთს თავზე ხელს გადაუსვამ და უკვე კაბინეტში გივარდებიან.
ფიფოს სიტყვებზე, ჩუკის გაეცინა.
- თუმცა, არა. - განაგრძო ფიფომ. - ვიტყუები. არც მასეა საქმე, მაგრამ ახლა ძალიან დავიღალე, ცოტაც მომბეზრდა, არც მცალია, მიმის გულის ტკენა, სულაც აღარ მინდა.
- ოჯახი, მაინც ოჯახია. - ჩაურთო ჩუკიმ.
- მოვალეობის გარდა, მიმი ძალიან მიყვარს და ახლა მის ღალატს, სხვა ყველაფერი ცუდის ჩადენა მირჩევნია!
- მერე, ნუ ჩაიდენთ ცუდს, ბატონო ფიფო და ნურც მეუღლეს უღალატებთ!
ფიფოს გაეცინა.
- მორჩა კუნტრუში! - ფიფომ თავი გააქნია. - საკმარისი იყო და შევირგო.
- შეგერგოს. - ჩუკის გაეღიმა.
- აბა, ახალი და საინტერესო, რა ხდება? სმა, ხომ არ დაგიწყია?
- ერთ ჭიქას, კი მოგიჭახუნებდი. საშინლად ცივა გარეთ.
- აი, მასე რაა. - გაიბადრა ფიფო. - ისე, მანქანას, რატომ არ ყიდულობ? თუ გინდა, დაგეხმარები! ხომ იცი, არაფრის არ უნდა მოგერიდოს ჩემთან. საშუალებაც მაქვს და სურვილიც!
- მარტო მანქანის ყიდვაზეც არ არის.
- აბა? ტარება არ იცი? არც ეგაა პრობლემა.
- რაღაცნაირად, არ შემიძლია. - ჩუკი შეყოვნდა. - სულ ვფიქრობ, სულ ათას რამეს გადავწვდები ხოლმე, განსაკუთრებით კი, მგზავრობის დროს და ჩემი თავი, მძღოლის ადგილას, ცოტა რთული წარმოსადგენია.
- ეგ არაფერი, მიეჩვევი.
- ტარება ვიცი, თუმცა უფრო ზუსტად წარმოდგენა მაქვს, სულ რამდენჯერმე გავატარე. ცოტა დაძაბულიც ვიყავი.
- ხომ გითხარი, მიეჩვევი. დიმეოს მოსწონს ძალიან და ღამით, ერთი-ორჯერ გავატარებინე.
- მაგარი ბიჭია. ძალიან მაგარი. - გაეღიმა ჩუკის. - უმაგრესი შვილი გყავს ფიფო.
ფიფო გაიბადრა.
- აბა, რაა. - განაგრძო ჩუკიმ. - ასეთი კარგი მშობლების ხელში, ცუდი ბიჭი, არც უნდა გამოსულიყო.
- თუმცა, ზოგჯერ ოჯახიც არ შველის. - დაუმატა ფიფომ.
- კი, ეგეცაა, მაგრამ მაინც ყველაფერს აქვს მნიშვნელობა.
- გეთანხმები. არავის უნდა, თავისი შვილი, ქურდი და ყაჩაღი გაიზარდოს, მაგრამ ხან ქუჩიდან და ხან უბნიდან და მეგობრებიდან ათას რამეს შეიძლება გადაეყაროს და ამას ოჯახის უკეთურობაც თუ შეუწყობს ხელს, მაშინ ხომ საერთოდ! დაღუპულია მისი ცხოვრება!
- სულ მთლიანად ცხოვრება, არა. - შეუსწორა ჩუკიმ. - უფრო ახალგაზრდობა.
- მართალი ხარ. - დაეთანხმა ფიფო. - ადამიანს, ყოველთვის აქვს გამოსწორების შანსი, თუმცა იქ სადაც მსხვერპლია, იმას აღარაფერი ეშველება, მაგრამ მაინც.
- ყოველ ადამიანში ზის, ის გაორება. სული კეთილი და სული ბოროტი და არც ერთი არსად მიდის და არ იკარგება. უბრალოდ, იქ ზის და მთავარი კი შენ ხარ, შენ ხარ ის, ვინც მისცემს მათ გაღვიძების უფლებას. შენ თუ არ გინდა, თვალსაც ვერ გაახელს და შენ თუ გინდა, ისე ჩაჰკრავ თავში იმ სიმახინჯეს, რომ დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს, ხმაც ვერ ამოიღოს!
- პროფესორივით მსჯელობ... ერთი ჩემი ძველი ნაცნობი, დიდი ხნის გარდაცვლილი პროფესორივით მსჯელობ.
- ალბათ, ისიც ასე უყურებდა ცხოვრებას?
- ალბათ. - თუმცა ფიფოს უნდოდა ეთქვა, რომ არც მასე იყო საქმეო.
- ადამიანს, ხშირად ავიწყდება, რომ თავად არის, საკუთარი თავის უფროსი და სულ სხვანაირად ხსნის, თავისი წადილის ასრულებისა, თუ მის მიმდებარე ქცევას! მერე კი, თავს იმართლებს, მე ასე მომინდაო, მე ისე მინდოდაო, მაგრამ უცებ ახლა ასე მომინდაო და რა არის, ეს - მინდა? კეთილია, თუ ბოროტი?
- ჰმ, საქმეც მაგაშია. - ფიფომ ჭიქები კვლავ შეავსო. - ბოროტი როცა გიმონებს ვერ გრძნობ, გგონია, რომ შენგან მოდის, თუმცა მაშინვე უკვე მარიონეტად ხარ ქცეული, როცა ცუდ არჩევანს აკეთებ.
- სატანის დაკრულზე ცეკვავ და შენი მელოდია გგონია.
- სამწუხარო ფაქტია. - თავი დაუქნია ფიფომ.
ჩუკიმ ჭიქა გადაჰკრა. წამით შეყოვნდა. ფიფოს თვალებში მიაჩერდა და მერე, დაბალი ხმით უთხრა:
- ქირურგზე მაქვს ახალი ამბები.
LEX. 2021 წლის 19 იანვარი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment