84.
ფიფო შეკრთა, გამოეღვიძა. ახლა უფრო ნათლად შეიგრძნო, რომ იმ მომენტში, იმ რაღაც მომენტში ქირურგი მართლაც გაფითრებული შეჰყურებდა ბავშვს და საინტერესო ის იყო, რომ სწორედ ასეთივე სახე ჰქონდა მიმისაც, როგორც დილით, ასევე იმავე საღამოსაც, მაგრამ რა მომენტი იყო ეს? როგორ უნდა გაერკვია, ისე რომ არც მეგობრისთვის ეწყენინებინა და ზედმეტად არც მიმის მოსვლოდა გული და უფრო არ ჩაკეტილიყო.
ჯერ კიდევ გათენებას ბევრი უკლდა. ფიფომ წამოდგომა დააპირა, მაგრამ ხელი რაღაც დამძიმებულად მოეჩვენა, ახლაღა შენიშნა მის მკლავზე დიმეო როგორ გემრიელად ფშვინავდა.
„ჰმ, ნეტა როდისღა შემომიძვრა? არც გამიგია.“
ჩაეღიმა ფიფოს და შეეცადა აღარ განძრეულიყო, რომ ბავშვი არ გაეღვიძებინა. ცხვირი ბავშვის თმებში ჩარგო და მისი სურნელით დამტკბარს თავადაც ჩაეძინა.
დილით ხელის შეხებამ გააღვიძა, ნამძინარევი თვალი ყურებამდე გაღიმებულ მიმის შეავლო.
- გაგვიანდება სამსახურში. - ჩურჩულით უთხრა მიმიმ და ღიმილით მძინარე ბავშვს გახედა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.
ფიფომ ფრთხილად გამოაძვრინა ხელი ბავშვის თავიდან და სამზარეულოსკენ დაეშვა.
მიმი კითხვის ნიშნით მიაჩერდა.
- რა იყო? - ჰკითხა ფიფომ.
- კიდევ დაეწყო ის ღამის კოშმარები?
- არ ვიცი. - თავი გააქნია ფიფომ. - როცა გამომეღვიძა იქ დამხვდა, არაფერი გამიგია.
- ადრე იცოდა მასე. ჩემთან შემოძვრებოდა, როცა მარტონი ვიყავით.
- ჰო, ჩემებთან რომ ვრჩებოდი, მაშინაც ჩემთან იძინებდა. ღამის შიშები ჰქონდა, ალბათ რაღაც ქვეცნობიერად წინასწარ გრძნობდა, საშინელება უნდა გადაეტანა.
- ახლა ისევ დაიწყო და... რამე კიდევ გვემუქრება?.. - მიმი გაფითრებული ჩამოჯდა სკამზე.
- არა მგონია. - ფიფო წამით შეყოვნდა. - სიგნალიზაციის სისტემა გამოვცვალოთ?
- ზოგჯერ ეგეც არ შველის და იცი რომ, როცა თავიდან ცვლიან, სწორედ მაშინ ხდება ინფორმაციის გაჟონვაც.
- ჰო ოო? - ჩაეღიმა ფიფოს. - მაშინ დარჩეს როგორც არის.
- დარჩეს. - კვერი დაუკრა მიმიმ.
- გინდა ვინმე თანამშრომელი? დაცვის ბიჭებიდან? ცალკე ხელფასს გადავუხდი.
- არა! არ მინდა, არც მასეა საქმე. უბრალოდ ბავშვის კოშმარები მაღელვებს.
- იქნებ, სულაც არ იყო კოშმარი და ისე უბრალოდ მომესიყვარულა და მერე ჩაეძინა?
- შეიძლება. - მიმიმ რაღაცნაირი მზერა მიაპყრო.
- ეჭვიანობ? - ფიფოს გაეცინა.
პასუხად მიმიმ თავი გააქნია.
- ვისაუზმოთ და მოგიყვები ცხელ-ცხელ ამბებს, ჩვენს მეგობარ ქირურგზე. - უთხრა ფიფომ.
მიმიმ ყავა ჩამოასხა.
საკმაოდ გაკვირვებული დარჩა ფიფოს მონაყოლით.
- მართლაც, რა საოცარი კაცია. - ამბობდა მიმი. - ამასაც ხომ მოფიქრება უნდა, ამდენი წელია ვიცნობ და პირველად მესმის.
- შენ ჩემზე ადრე იცნობდი.
- ხომ მოგიყევი? - მიმიმ თვალი აარიდა.
ფიფო სახეში ჩააშტერდა.
- დიმეოზე რომ ვიყავი ორსულად, ბოლო თვეებში, მაშინ გავიცანი. - მიმიმ ახლა უკვე შესძლო თვალის გასწორება, რადგან მართლაც მასე იყო.
- ჰო. რა ვიცი.
- რა იყო?
- არაფერი. - ფიფო კვლავ სახეში ჩააშტერდა.
მიმიმ ვეღარ გაუძლო და თვალი აარიდა.
- მიმი!
მიმი შეკრთა.
- სულ ცდილობ, რომ რაღაც დამიმალო. - დაიწყო ფიფომ. - და შენ გგონია, რომ ეს, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დროს, დიდი არაფერია! თუმცა, კი შეიძლება, ძალიანაც მნიშვნელოვანი რამაც იყოს, მაგრამ ყველაზე მეტად, ის მწყინს, რომ მე მიმალავ და სანამ, ბოლო მომენტში, რაღაც არ ხდება, მანამდე, ხმასაც არ იღებ! თითქოს ვიღაც, მტარვალი ვიყო, რომ ამის გამო დაგსჯი, თუ რა? ან, შეუგნებელი ვარ? ასე, მიცნობ? არის რამ, რაც ვერ გაგიგე? შეიძლება მეწყინა და გამიტყდა კიდევაც, მაგრამ ამის გამო, ზედმეტად გისაყვედურე?
- არ ვიცი? ფიფო, არ ვიცი? - მიმი ჩურჩულით ჩამოჯდა, თავზე ხელები შემოიდო.
- კარგი რა, მიმი, რაა. შენთვის მეგობარზე მეტი აღარ ვარ? ამდენი წლის მერეც აღარ მენდობი?
- ფიფო, როგორ აგიხსნა, აბა? რაღაც ეჭვები ვარაუდები, თითქოს ასეა, თითქოს ისე და სულ მგონია, რომ... რომ... სადღაც აქვე, ჩემს ახლო-მახლო მისი აჩრდილია და რაღაც... თან ახლა უფრო შემომიტია, წლების მერე, დიმეოს გატაცების დროს რომ გამახსენდა და მის მერე, გონებიდან ვერ ვიგდებ!
- ამიტომაც არის, რომ ხანდახან ბავშვს როცა უყურებ, უცებ სახე გიფითრდება, ხოლმე. - ჩაეღიმა ფიფოს.
- მართლა?
- შეგნიშნე და არა ერთხელ.
- მართლა?
- ჰმ, მართლა და არა მარტო შენ!
- მართლა? - მიმიმ ახლა უფრო მეტად დაკარგა ფერი.
- ჰო, მიმი, მართლა! მართლა!
- და კიდევ ვის? - აკანკალებული ხმით ჰკითხა მიმიმ.
- იცი, შენ ძალიან კარგადაც, ვის! - ცოტა არ იყოს, წყენით მიუგო ფიფომ და კარისკენ დაიძრა. - მე არ ვარ ის კაცი, ვინც ნდობას არ იმსახურებს! ისე, რომ იცოდე.
ფიფომ კარი გაიხურა. სამსახურისკენ მიიჩქაროდა. ახლა უფრო მეტად დაინტერესდა ქირურგის ოჯახის ისტორიით და გადაწყვიტა, ბოლოს და ბოლოს გაერკვია, მისთვის დაფარული საიდუმლო, თუ მიჩქმალული ტრაგედია.
მოგვიანებით, მიმის შეეხმიანა. დღეს ჩემებთან ვრჩებიო და პასუხსაც აღარ დაელოდა, ისე გაუთიშა.
მიმიმ მაინც ვერ მოისვენა და უფრო გვიან გადაურეკა. ფიფომ იგივე პასუხი გასცა, ჩემებთან ვრჩებიო და კვლავ მაშინვე გაუთიშა ტელეფონი.
მიმი აწრიალდა. ადგილს ვეღარ პოულობდა. ოთახიდან ოთახში, გადი-გამოდიოდა. ბოლოს უკვე მოთმინების ფიალა აევსო, ბავშვს ძილიც არ დააცადა, ისე წამოაყენა საწოლიდან და ნახევრად მძინარე, მანქანაში ჩაისვა.
ფიფო სიცილით შეხვდა, გულში კი საშინლად გაუხარდა, ძლივს დაფარა ემოცია. მიმიმ კვლავ ბავშვს დააბრალა, ვერ მოისვენაო. დედამთილმაც მხარი აუბა, ბიჭი მამისგან, შორს არ უნდა იყოსო, ყოველდღე ხედავდესო, თორემ მერე, მთელი დღე დედის შემყურე, გოგოსავით ნაზი გაიზრდებაო. ათას რამეს გადასწვდნენ, რადგან როგორც დედამთილ-მამამთილი, ისე მიმიც დარწმუნებული იყო, რომ ფიფო კვლავ, სახლიდან წამოვიდა და ახლა ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ როგორმე უკანვე მიებრუნებინათ.
ფიფომ ერთხანს უყურა, აცალა ბოლომდე დაეცალათ სათქმელი და ბოლოს, სიცილით მიახალა მოყაყანე ხალხს:
- ხალხნო, რა გჭირთ?! უამრავი საბუთები მაქვს გადასახედი. თავის დროზე, კომპიუტერში ვერ მოხერხდა ამათი შეტანა და ბარემ, აქვე ვნახავდი.
- ამის გულისთვის მერე, ბავშვი უნდა დაანაღვლიანო? - შეუტია დედამ. - მოგეხმარებით ყველა და ჩაგატანინებთ ამ ყუთებს, განა რამდენია?
- დე, ძალიან ბევრია და არც კი ვიცი ჯერ ზუსტად, რომელი უფრო მჭირდება. - უპასუხა ფიფომ. - და შენ რას ჩამატანინებ ამხელა ყუთებს? ან მიმი და ან, მამაჩემი?
- რატომაც, არა? - მიმიმ თავი წამოჰყო. - ყველა ერთად, შევძლებთ ნელ-ნელა.
- დამშვიდდით, ხალხნო! - იწყინა ფიფომ. - არ არის საჩქარო. ბარემ, აქვე მოვითავებ-მეთქი და თქვენც გნახავდით! - ფიფომ მშობლებს გადახედა. - ნუთუ, ასე გეწყინათ ჩემი მოსვლა, რომ რამდენიმე საათი, ვეღარ ამიტანოთ?!
- ნუ კარგი, როგორც გინდა. - მშრალად მიუგო მიმიმ.
- ფიფო! - დედა წამოდგა. - წამოდი შენ ჩემთან!
ფიფო უკმაყოფილო სახით, მორჩილად გაჰყვა დედას.
- შენ თუ კიდევ რაღაცას ეშმაკობ! შენ თუ კიდევ ვიღაც ალქაჯი აიკიდე, არ ვიცი, რას ვიზამ! ანგელოზივით ცოლ-შვილს, კაცი ასე ხელს ჰკრავდეს, არ გამიგია! რა გაქვს მეტი საქმე? მზამზარეული, გაწყობილი ოჯახი, წესიერი, პატიოსანი, ლამაზი, მოსიყვარულე მეუღლე და უსაყვარლესი, უნიჭიერესი შვილი და რა გინდა მეტი? ამაზე უკეთესს, ინატრებს კაცი?
- მორჩი? - მშვიდად მიუგო ფიფომ.
- ფიფო, იცოდე! - დედამ თითი დაუქნია.
- დედა, საქმე მაქვს, მართლა და... - ფიფომ ხმას დაუწია. - აქ ისეთი საბუთები, ამის გამოჩენა, არსად არ შეიძლება, არც სახლში მიტანა მინდა, ის კი არა და აქაც რომ ვინახავ, ესეც სახიფათოა. - მერე უფრო ხმას დაუდაბლა. - არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც მათქმევინე.
- ღმერთო ჩემო. - შეიცხადა დედამ ჩურჩულით. - რამე შარში ხომ არ ხარ შვილო?
- არა, დედა, არა! უბრალოდ, ახლა ასეა საჭირო. განა რამეა, მაგრამ ზოგს, არ აწყობს იმ დოკუმენტების გამომზეურება, ბევრს უკვე, დიდი ხნის განადგურებულიც ჰგონია.
- ჰოდა, ეგ არის სწორედაც შარი.
- დეე, დამშვიდდი. არავინ იცის შენს მეტი, მამამაც კი არ იცის და შენ თუ არ გამიბაზრებ და ჩუმად იქნები, ვერც ვერავინ გაიგებს.
- არა, შვილო, რას ამბობ?! მამასაც კი არ ვეტყვი.
- ჰოდა, ძალიან კარგი! - ფიფომ ამოისუნთქა. - სახლში მაინც არ მინდა მიტანა, მაშინ უნდა ჩავკეტო, მერე მიმი უფრო დაინტერესდება და რად მინდა აბა, ეგ?
- კარგი, შვილო, კარგი, მაგრამ ახლა წადი სახლში, თუ ასე საჩქარო არ არის ამ ქაღალდების ქექვა და სხვა დროს, მოდი, დღისით. ცოდოა ბავშვი, უკვე რა ხანია ეძინება და ხომ ხედავ, უშენოდ ვერ იძინებს.
- ჰოო. - გაეცინა ფიფოს. - წუხელ გამომეღვიძა და ჩემს მკლავზე ეძინა, ისე ჩუმად შემომძვრალა, არც გამიგია.
- აი, ხომ ხედავ? ეგაა სიყვარული, სითბო და მიდი ახლა წადი, დააძინეთ ბავშვი.
- მიმი! გაემზადე, მივდივართ! - გასძახა ფიფომ. - მძღოლს მესიჯი მისწერა, ხვალ ჩემებთან აღარ მომაკითხო, სახლში ვიქნებიო, მერე რამდენიმე საქაღალდე ერთ ყუთში გადაიტანა, ყუთს ხელი წამოავლო და ოთახი დატოვა.
გზაში არც ერთს, ხმა არ ამოუღია. სახლში მისვლისას, ბავშვმა მალევე დაიძინა. ფიფო ბუხართან, ტელევიზორს ჩაუჯდა. ჩანდა, ჯერ კიდევ, დაძინებას არ აპირებდა. მიმი კი თითქოს, სამზარეულოს ვერ ელეოდა.
- მიმი!
- ბატონო! - მაშინვე უპასუხა მიმი.
- რამე რომ იყოს, ცხელი ჩაი იქნება?
- ვნახოთ, აბა? - გაეღიმა მიმის.
ფიფომ, მამისეული სახლიდან წამოღებული ყუთი, ახლოს მიიწია. იქვე, დაბალ მაგიდაზე გაშალა და იმ მოძველებული საბუთებში ჩარგო თავი.
- სენდვიჩიც გაგიმზადე. - მიმიმ ლანგარი, იქვე დაუდგა.
- გმადლობ. - ფიფოს თავი არ აუწევია, ისე უპასუხა.
მიმი წამით შეყოვნდა და მერე გასვლა დააპირა, თუმცა ფიფომ, შეაჩერა.
- მაინც, რა ქცევა იყო, ჩემებთან რომ მომივარდი? - ფიფო დივანს მიეყრდნო და თავი, უკან მიდო.
- რას ჰქვია, მოგივარდი? - იწყინა მიმიმ. - ბავშვმა...
- მე შენ, ჩემებთან მისვლა-მოსვლას კი არ გიშლი! - გააწყვეტინა ფიფომ. - როცა გინდა ესტუმრე და დარჩი კიდევაც, თუ გინდა, მაგრამ მე, სულ სხვა რამეს გეკითხები და იცი შენ, ეს.
- მეგონა, ისევ მიგვატოვე... - წაიჩურჩულა მიმიმ.
- მიმი, მე თქვენ, არ მიმიტოვებიხართ! მხოლოდ, ამ სახლიდან წავედი. ბავშვიც ხშირად მიმყავდა და სხვათა შორის, შენთანაც მშვენიერი ურთიერთობა მქონდა.
- უცებ რომ აღარ გამოჩნდი და ის პერიოდიც მომაგონდა, მაშინაც ასე იყო და მერე დიმეოც... - მიმის ხმა ჩაუწყდა.
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს და გულში საშინლად გაუხარდა. მშვენივრად მიხვდა, მიმი ფიფოს, ვერ ელეოდა და ამისთვის, ნებისმიერი მიზეზის მოშველიებასაც არ ერიდებოდა, თუმცა მიზეზი, ისედაც რეალურად არსებობდა.
ფიფო სენდვიჩს დასწვდა.
- შენ არ გინდოდა?
- არ მინდოდა. - დაბალი ხმით მიუგო მიმიმ და მაგიდაზე გაშლილ ფურცლებს თვალი შეავლო. - ძველ საქმეებს იძიებ?
- კი, საკმაოდ ძველს! და შენ რა იცი, ძველია თუ ახალი?
- ახალი საქმეები, უკვე ისედაც კომპიუტერში იქნებოდა შეტანილი. - ჩაეღიმა მიმის.
- უყურე შენ. - სიცილი ვერ შეიკავა ფიფომ.
- რა მიხვედრაც ამას უნდოდა.
- გაინტერესებს?
- ნუ, თუ საიდუმლო არ არის...
- ჩემო მიმი, დაიმახსოვრე. - ღიმილით შეეცადა ფიფო ახსნას. - ყოველი საქმე, რომელიც ძიების პროცესშია, წესით, ყოველთვის საიდუმლოდ უნდა ინახებოდეს, მაგრამ გააჩნია სიტუაციას, ცოტ-ცოტა გაჟონვები, ხდება ხოლმე.
- და მანდ, რა ხდება? - მიმიმ თავით, ფურცლებზე მიანიშნა.
- ერთი ძველი, გამოუძიებელი ავარიაა. მსხვერპლი, ადგილზევე გარდაცვლილა, მკვლელი კი დანაშაულის ადგილიდან, უკვალოდ გამქრალა.
- მერე? ახლა არის რამე ხელჩასაჭიდი?
- მოკლედ, ვარაუდით და თანაც, ბევრად მოგვიანებით, აღმოჩნდა და თანაც ვიმეორებ, ვარაუდით, ეს მანქანა ეკუთვნოდა ერთ ხანში შესულ პენსიონერ ქალს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე, არა თუ საჭესთან, არამედ საწოლიდანაც ძლივს დგებოდა. ამჟამად, ეს ქალბატონი კი გარდაცვლილია, მაგრამ მაშინ, როცა მის კვალზე გავიდნენ, ასეთ მწოლიარე მდგომარეობაში დახვდათ.
- იქნებ, სანამ მის კვალზე გავიდოდნენ, ამ ქალს ჯერ კიდევ შეეძლო მანქანის მართვა?
- და მერე ჩავარდა ლოგინად?
- ხომ შეიძლება?
- რატომაც არა. - უპასუხა ფიფომ. - მაგრამ რას გვაძლევს ახლა, ეს?
- არც არაფერს, ჰო?
- არც არაფერს. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- და ოჯახის წევრებს, მეზობლებს არ გამოჰკითხეს, ეს ქალი ასეთ მდგომარებაში როდიდან არისო?
- ზუსტად ვერავინ დაუსახელა. დაახლოებით, იმ ავარის პერიოდში, თითქოს უფრო ჯანზე იყო, მაგრამ რამდენად მართავდა საჭეს, მაგ შეკითხვაზე, სულ სხვა და სხვა პასუხებია აქ აღნიშნული. - ფიფომ გაშლილ ქაღალდებზე მიუთითა.
- და ის მანქანა?
- ჰოო, რაც შეეხებოდა მანქანას, ავტო ფარეხში ეგდოო, წლებია არავინ იყენებდაო, მერე მოგვპარეს და გაძარცვული ვიპოვნეთო და ამის დამადასტურებელი საბუთებიც არსებობდა. თუმცა მანქანა, იმ საბედისწერო ავარიიდან, ბევრად გვიან იქნა აღმოჩენილი, როგორც გაძარცვულ-დამტვრეული, და ეს დაახლოებით იმ პერიოდში, როცა უკვე მის კვალზე გავიდნენ. ოჯახის წევრები კი იფიცებოდნენ, წლებია ეს მანქანა არც მოგვიკითხავსო და ერთ დღესაც პოლიციიდან აცნობეს, ასეთ მდგომარეობაში ნაპოვნი მანაქანის შესახებ. აი, ასეე!
- მანქანის გატაცებაც, რა საინტერესოდ დაემთხვა.
- აი, ხედავ? არც შენ არ გჯერა და მე, ან ვინმე თანამშრომელი, დაიჯერებდა?
- მერე, რატომ დაუჯერეს?
- არ დაუჯერეს, მაგრამ ვერც დაუმტკიცეს! - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და ღიმილით გახედა მიმის. - ახლა არ მითხრა, აივანზე გადიო.
- იყავი. ბავშვს მაინც სძინავს და არ მოუწევს თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვა.
- კარგი, რა მიმი, რაა. - იწყინა ფიფომ. - როდის იყო, რომ ბავშვთან ვეწეოდი.
- არ გსაყვედურობ, დამშვიდდი.
- მშვიდად ვარ. - ფიფომ ცალყბად გაუღიმა და მაგიდაზე გაშლილი ფურცლები კვლავ ააშრიალა.
- ესე იგი, ამ საქმიდან, ვერაფერი ირკვევა?
- ასე გამოდის. - ჩაფიქრებული ხმით უპასუხა ფიფომ.
- და არც თავიდან ძიების წამოწყებას აქვს აზრი, არა?
- ასე, ჩანს.
- მისი ნათესავები, ხმასაც აღარ ამოიღებენ, სადაც აქამდე ჩუმად იყვნენ.
- რა თქმა უნდა! ეჭვიც არ მეპარება.
- მდაა. - მიმიმ სავარძელზე თავი მიდო და თვალები ჭერს მიაპყრო. - სულ ეს არის? მეტი სხვა საქმე, არაფერია?
ფიფომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- ნუთუ, ამხელა ყუთი დასჭირდა? - განაგრძო მიმიმ. - ამ ერთ საქმეს, რომელიც ასე გაუხსნელი დარჩა.
- დამაცადე. - ქაღალდებში თავჩარგულმა ფიფომ ისე უპასუხა, რომ არც კი შეუხედავს. - ზოგჯერ, უფრო მეტი ყუთებიც იყო. - დაუმატა ფიფომ დაბალი ხმით და არც ახლა აუწევია თავი.
მიმი გაიტრუნა. მიხვდა, ფიფომ რაღაც ახალი აღმოაჩინაო და ამბის მოლოდინში, გაილურსა.
ფიფომ, ჩაფიქრებული სახით მიაგდო რამდენიმე ფურცლები მაგიდაზე. მერე ერთად მოხვია და ყველაფერი, კვლავ ყუთში ჩააბრუნა. ერთი ხელით, ჯოხს დაეყრდნო, მეორე კი, ყუთს წამოავლო, მაგრამ ყუთი, ოდნავ აყირავდა და ფურცლები გადმოცვივდა. მიმი მაშინვე წამოხტა, ძირს მიმობნეული ქაღალდები უკანვე ჩააბრუნა და ფიფოს ყუთი ჩამოართვა.
- სად დავდო?
- ჩემს კაბინეტში შეიტანე. - მშრალი ხმით მიუგო ფიფომ.
- სეიფში დავდო?
- არ არის აუცილებელი. უბრალოდ, ბუხართან მოვარიდე, ბავშვმა შემთხვევით არ შეყაროს. - ფიფოს კვლავ, მოღუშული სახე ჰქონდა.
მიმი მშვენივრად მიხვდა, ფიფომ რაღაც ისეთი რამ აღმოაჩინა, რომ გუნება გაუფუჭდა. ზედმეტი შეკითხვები აღარც დაუსვამს და რადგან ფიფომ საბუთების გადასანახად სეიფი არ გამოიყენა, ესე იგი, მიმისთან დასამალიც, არაფერი ჰქონდა. თუმცა, სეიფის კოდი, მიმიმ ფიფოსგან, ისედაც იცოდა.
ფიფომ უკვე კიბეც აირა და მალე თავისი საძინებლის კარს შეაღებდა, როცა ჯერ კიდევ, ქვემოთ ერთ ადგილას მდგარმა მიმიმ, ჩაფიქრებული ხმით დააწია კითხვა:
- და ის მსხვერპლი, ვინ იყო? რას ამბობენ, მისი ოჯახის წევრები?
- ქირურგის შვილი.
LEX. 2020 წლის 7 ნოემბერი, შაბათი.

No comments:
Post a Comment