70.
- გააჩუმე ეგ შენი ბებერი თხა, თორემ მოუწევს შამფურზე წამოცმა. - უღრიალა კაცმა ბერს.
ბერმა არაფერი უპასუხა. შეშინებული ბავშვი, თხას ჩაეხუტა და ასე იყო მობუზული თივაზე, რადგან მის კუთვნილ საწოლზე, ახლა ის „საშინელი კაცი“, როგორც თვითონ უწოდა, წამოგორებულიყო.
- ისე კი, კარგი იქნებოდა ახლა, ციკნის მწვადები, მაგრამ შენნაირი ბებერი და უგემური ხორცი ექნება. - ახითხითდა კაცი.
ქალი სიცილისგან იჭაჭებოდა. კაცის ყოველ სიტყვაზე, ლამის სული ეგუდებოდა, ისე კისკისებდა. არც კაცი აკლებდა ხელს და ისიც, ქალთან ერთად, თავისივე სიტყვებზე სიცილით ბჟირდებოდა.
ბერი, საგონებელში იყო ჩავარდნილი. ამ უვარგის და წამხდარ ხალხს, ეს საწყალი ბავშვი, როგორ გამოვტაცო ხელიდანო, ამას ფიქრობდა.
წელამდე თოვლში, მოხუცი და დაუძლურებული ბერის, ბავშვთან ერთად გაქცევა, რთული იქნებოდა. მალევე დაეწეოდნენ კიდევაც და არც ეს კაცი ჩანდა სიკეთითა და სიბრალულით აღსავსე. პირიქით, აშკარა იყო, რომ ყველანაირ ბოროტებაზე მიუწვდებოდა ხელი.
„ეს ჩვენი მწირი მაინც, სად დაიკარგა? ნეტავ დროზე გამოჩნდებოდეს. როგორმე უნდა ავუხსნა, ეს ბავშვი დროებით, მონასტერში გადამალოს, მერე თბილ და მოსიყვარულე ოჯახსაც მოვუძებნიდი, მაგრამ მანამდე, ამ ავაზაკებს უნდა გავარიდო და თანაც, სასწრაფოდ.“
- ჰაა! ახლა! - დაიხიხინა ბოროტმა ხმამ. - რას გვაჭმევ ბებერო?! სტუმარი ღვთისააო, მე უნდა გასწავლო?! ჰა! ჰა! ჰა!
ქალი კვლავ აკისკისდა, სული ძლივს მოითქვა.
- რაც იყო, სულ შენ შეჭამე და შენი თქმის არ იყოს, ჩემი ბებერი ხორცი, რად გინდა? - წყენით მიუგო ბერმა.
- ტფუ! - ძირს დააფურთხა კაცმა. - გული ნუ ამირიე! და რას ეძახი, საჭმელს? წყალ-წყალა სუფს? ამ თხის ხორცი მაინც ჩაგეგდო? თუ, დაგენანა? ჰაა?!
ბავშვი შიშისგან მოიბუზა და უფრო მეტად ჩაეკრო მოკიკინე თხას, რომელიც გულისწამღებად კიკინებდა და თითქოს ჯიბრზე, არ ჩერდებოდა.
- უჰ! კაი მწვადს, კი შევჭამდი ახლა. - ჩაურთო ქალმა.
- კაი ღორის მწვადებიიი! - გააგრძელა კაცმა. - ნანადირევი მაინც მოგვიტანე და გვაჭამე!
- ღონე შენ გერჩის და ძალა, წადი და მოინადირე, თუ ვაჟკაცი ხარ! - შეუტია ბერმა. - თოფის სროლა არ გეხერხება, თუ ღორის გეშინია ამხელა კაცს?! - დამცინავად დაასრულა სიტყვა, რასაც კაცის ღრიალი მოჰყვა.
- ბევრს ნუ ტლიკინებ! მოძებნე რამე, გექნება გადანახული და მაჭამე! ცარიელი წყლით რომ გამბერე! თორემ აი მაგ ბებერ თხას, მწვადად გიქცევ! - კაცი წამით შეყოვნდა და მერე ბოროტი სიცილით დაუმატა. - მაშინ, ამ ბიჭს შევწვავ! გემრიელი ხორცი ხომ გაქვს, ბიჭო?! ჰა! ჰა! - კაცი საწოლიდან წამოიწია და დამფრთხალ ბავშვს ამღვრეული თვალებით ისე შეხედა, თითქოს მართლა უპირებდა შეჭმას.
ქალი კვლავ სიცილისგან ჩაბჟირდა. ბავშვი შიშისგან, უფრო მეტად მოიკუნტა.
- რას გვემუქრები, ამ უსუსურ ხალხს? - კვლავ შეუტია ბერმა. - პატარა ბავშვს, რომ აშინებ, წადი და ინადირე, თუ ასეთი ვაჟკაცი კაცი ხარ, შიმშილით სული გძვრება და ლუკმა-პური ვერ გიშოვნია, ამხელა კაცს!
- ლუკმა-პური კი არა, მე მილიონი ვიშოვნე! - უღრიალა კაცმა. - მილიონი!
- შენ კი არა, მე! - აკისკისდა ქალი.
კაცი მოიღუშა და დაბღვერილი სახით შეხედა ქალს.
- ჰო! რას მიყურებ?! ჰმ, მე რომ არა, შენ ჩემ ფეხებს იშოვნიდი! - ქალმა ამაყად ასწია ცხვირი.
- მორჩი! - შეუტია კაცმა.
- შვილო, რა მილიონი? - შეშფოთებული ხმით მიმართა ბერმა ქალს. - რა შარში გაყავი თავი, გოგო?
- ახლა, შენ მორჩი! - მიუბრუნდა ბერს გაავებული კაცი და მერე თხას გახედა. - შენც მორჩი კიკინს! წავიდა ტვინი! გააგდე ეს თხა გარეთ, თორემ მოვკალი და ეგ არის!
ბიჭი ატირდა. ბერმა დამშვიდება დაუწყო თან ყურში, ჩუმად უჩურჩულა.
- როგორც კი ის მწირი გამოჩნდება, როგორმე უნდა ავუხსნათ, რომ სასწრაფოდ წაგიყვანოს აქედან, ხომ გესმის პატარავ?
ბიჭმა ტირილით დაუქნია თავი და ცრემლები მოიწმინდა.
კაცს არაფერი გაუგია, ხან ხითხითებდა, ხანაც ბუზღუნებდა, ცალკე კი დამფრთხალი თხის კიკინი და ქალის დაუსრულებელი კისკისი აყრუებდა იქაურობას. ბოლოს ავმა კაცმა, ვეღარ მოითმინა, წამოხტა და იქვე მდგარ პატარა სკამს წამოედო. სკამი პატარა იყო, დაბალი, მაგრამ უხეში, ტლანქი და მძიმე, ხის სქელი მორისგან მოჩორკნილი. გაბოროტებულმა სკამს ხელი წამოავლო და ერთიანად გაუპო თავი, მოკიკინე თხას და ახლა, აბღავლებული ბავშვისკენ გაიწია.
- შენც ზედ მიგაყოლებ! ხმა არ გავიგო! - გადატეხილი სკამის ფეხი ჰაერში, ზედ ბავშვის თავზე დაატრიალა.
- რას სჩადიხარ! - ბერი ხელებში ეცა. - საცოდავი ცხოველი არ გეყო და ახლა, უსუსურ ბავშვს მიადექი?! შე მართლა ცხოველო!
- ერთმანეთზე დაგაკლავთ ყველას! - შეუკურთხა კაცმა და მერე შეშინებულ ბიჭს გამოხედა. - ყველაფერი, ამ ნაბიჭვარის ბრალია! - მაგიდას ძლიერად დაჰკრა მუშტი. - ხომ გითხარი მიუგდე, არ წამოათრიოო, ახლა ათრიე ასე, აღმა-დაღმა და მდევარიც აიკიდე!
- რას ამბობთ?! - შეუტია ბერმა ორივეს და მერე ქალს მიმართა. - ვისია, ეს ბავშვი?! ვის, მოსტაცეთ?!
- ვისი უნდა იყოს?! - აიჩეჩა მხრები ქალმა და ავად შეავლო ბოროტ კაცს თვალი. - რა ბრიყვიც ხარ, ის ბრიყვი დარჩი ბოლომდე! რა გარანტია გაქვს, რომ... რომ... - ქალი გაჩუმდა.
- ის გარანტია მაქვს, რომ არც ერთს არ დავტოვებ ცოცხალს! - იღრიალა კაცმა.
ქამარში გარჭობილი, ხანჯლისნაირი დიდი დანა ამოაძრო და ბავშვისკენ გაიწია, მაგრამ ბერი უკვე, ნაჯახ მომარჯვებული დაუხვდა და იქეთ შეუტია.
- ახლავე მომწყდით თავიდან, თორემ გაგიპობთ მაგ თავებს! - მთელი ხმით დაუყვირა ბერმა და ატირებული ბავშვი, ზურგს უკან ამოიფარა. - ორივემ დატოვეთ აქაურობა! ბავშვი, ჩემთან დარჩება! ორივემ მეთქი! რა გითხარით?!
- შე აყროლებულო ბებერო! - კაცი ბერისკენ წამოიმართა. ბევრი ჭიდაობა, არც დასჭირვებია ისე ადვილად გამოგლიჯა ცული ხელიდან და ერთი მოქნევით გაუპო თავი.
ქალმა დრო იხელთა და აბღავლებული ბიჭი, თავისკენ მიიზიდა და კაცს დამშვიდება დაუწყო. იქნებ როგორმე, ბავშვი მაინც დაენდო.
- არ შეიძლება მისი დატოვება! არ გესმის, ქალო? - უტევდა კაცი.
- ეს, შენ არ გესმის! უტვინო! - უკან არ იხევდა ქალი. - რა დეგენერატი ხარ! ნუთუ, ვერ ხვდები, ჩვენი სავიზიტო ბარათია!
- რანაირად?! უფრო ადვილად რომ გვიპოვნონ?!
- ვაი, რა შტერი ხარ! მონასტერში, ბავშვიან ოჯახს დახმარებაზე, უარს არ გვეტყვიან! ვიცი, რაც და როგორც უნდა ვუთხრა. თან, კაი შესაწირსაც დავუტოვებ! მთავარია, სამშვიდობოს გავიდეთ და მერე, ისე გავუქრობ კვალს, რომ??? - ქალს ჩაეცინა.
- უუ, რა ჩათლახი ქალი ხარ, ვინც არ გიცნობს. - ახითხითდა კაცი.
ბავშვი კვლავ შიშისგან კანკალებდა. ქალმა დამშვიდება სცადა.
- ახლა მომისმინე კარგად. ხომ იცი, შენ ჩემს მეტი, არავინ გყავს და მარტო, მე უნდა დამიჯერო და მე უნდა მენდო! - მერე ვითომ, ჩურჩულით და ვითომ, იმ ავი კაცის ყურის მოსარიდებლად უთხრა. - თუ გინდა, ამ საშინელი კაცისგან დავიცვათ თავი, ხმა არ ამოიღო, რაც ნახე და რაც გაიგონე, არავისთან არ უნდა თქვა! გესმის?! არასდროს! - ქალმა ხმას აუწია, ბავშვს მხრებში ჩააფრინდა და შეანჯღრია.
დიმეო გაშეშებული შეჰყურებდა და ხმას არ იღებდა.
- გაიტანე ახლა ეს მძორი აქედან, თორემ ავქოთდებით. - ქალმა თავგაჩეხილ ბერზე მიანიშნა კაცს. - სადმე თოვლში დაფლე.
- ადექი და, შენ დამარხე. - კაცი არხეინად წამოგორდა და სიგარეტი ხარბად მოქაჩა. - კიდევ კარგი, ეს სიგარეტიც ბლომად წამოგიღია, თავშენახული ქალი ხარ!
- ჰმ! - შეიფერა ქალმა. - ისე, რა აიმყრალე პირი? რას ერჩოდი, ამ ბებერს? ახლა მონასტრის გზას, როგორ დავადგე? არც კი ვიცი, საით წავიდე!
- მე ვიცი! - ამაყად მიუგო კაცმა. - იმ შენმა ბებერმა დედინაცვალმა მომატყუა, მონასტერში არიანო, მაგრამ მაინც მოგაგენი, ხომ ხედავ? ჰა! ჰა! თავიც მოვისაწყლე, ბავშვი მომტაცაო და აქეთაც, მომასწავლეს.
- ადექი, მაშინ და დროზე უნდა წავიდეთ აქედან! - ქალი დაფაცურდა. ზურგჩანთები ერთმანეთს მიაწყო. თივაში გადამალულ ფულით სავსე დიმეოს სკოლის ზურგჩანთის აღებაზე კი, ჯერ თავი შეიკავა და წამოგორებულ კაცს, მალულად შეავლო თვალი. მერე ბავშვს გახედა, იფიქრა ამან არ გამოაძვრინოს სამალვიდანო. ისევ ბავშვს უნდა ეთრია ის მძიმე ჩანთა. თუმცა, კატეგორიულად აუკრძალა, არავინ უნდა გახსნას, თორემ დავიღუპებითო. ბიჭი კი, ერთ ადგილას მოკუნტულიყო, თავი მუხლებში ჩაერგო. არც არაფრის დანახვა და გაგონება სურდა.
კაცი მშვიდად თვლემდა და ნეტარი სახით გაშხლართულიყო.
- დაიცა! - ქალმა ეჭვიანად გახედა კაცს. - მონასტერში რომ სთქვი, ბავშვი მომტაცესო და მე რომ იქ ახლა, ბავშვით გამოვჩნდები, რას იფიქრებენ? რომ მე ვარ გამტაცებელი და შენ, ანგელოზი?!
- რაც გინდა, ის მოიფიქრე! - კაცმა გვერდი იცვალა. - დამემტვრა ძვლები, ამას თუ საწოლი ჰქვია. - მერე თავი წამოჰყო და ჩაფიქრებული ხმით თქვა. - ისე რომელი მხრიდან მოვედი, არც კი ვიცი.
- ესე იგი, აქედან ვერ გავაღწევთ?! - გაკაპასდა ქალი. - სად ვიბოდიალო, ამ თოვლში და ტყე-ღრეში, ბავშვიანად?!
- გადააგდე და მოიშორე-მეთქი! თავის დროზე გითხარი და არ დამიჯერე! - უპასუხა კაცმა. - და არც ახლა გინდა, დამიჯერო. - კაცი გაჩუმდა და კვლავ განაგრძო. - მონასტრის გარეთ, ვიღაც მათხოვარი დაწანწალებდა, იმას გამომაყოლეს. აქამდე კი მომიყვანა და მერე უცებ, სადღაც გაქრა.
- ჰოო, ეგ ჩვენი მწირი იქნებოდა, აი მაგან კი იცის გზა. - ქალს ცოტა, იმედი მიეცა. - მაგრამ როდის მოვა? მალე მაინც გამოჩნდებოდეს.
ქალმა, სიტყვის თქმა ძლივს მოასწრო, რომ მწირმაც, თავი შემოჰყო. არც კაცის დანახვაზე ჰქონდა რეაქცია, არც ის, რომ ბერიც იქ არ დახვდა. თუმცა, მისი თავგაჩეხილი გვამი, სისხლის გუბეში, მღვიმის სიღრმეში, თივის გროვასთან ეგდო. კარგად რომ მოეთვალიერებინა იქაურობა, იქვე თავგატეხილ თხასაც შეამჩნევდა.
მწირი ჩვეულებისამებრ მაგიდას მიუჯდა და მის წილ ულუფას დაელოდა. ცხადი იყო, არაფერი შეუნიშნავს. ყოველთვის ასე იცოდა, ხელთათმანებიან ხელებს მაგიდაზე დააწყობდა, რომელსაც რატომღაც, არასდროს იშორებდა ხელიდან, ერთ წერტილს მიაჩერდებოდა და არც არავის უყურებდა სახეში. თითქოს, ვერც ხედავდა და ისედაც, არც არაფერი ესმოდა. ნებისმიერ წილ ულუფაზეც თანახმა იყო. ხშირად, თავადაც მოჰქონდა ტყიდან ხან კენკრა, ხან სოკო და ტყის თაფლი, ხანაც მონასტრიდან უწილადებდნენ რამეს და ისიც ბერთან მოჰქონდა, მის გარეშე, ლუკმასაც არ გატეხდა. ვერც მონასტერში ივანებდა დიდ ხანს, ღამესაც თითქოს, არსად ათევდა. დადიოდა ასე ღვთის გლახასავით აღმა-დაღმა და მხოლოდ სოფლებს, არ ეკარებოდა, არასდროს არავის უნახავს იქ.
- ამას მგონი, საჭმელი უნდა. - ქალმა, კაცს გახედა.
- მერე აჭამე და წავიდეთ ბარემ, რას ველოდოთ, აქ? - უპასუხა კაცმა. - დროზე, ადე! მოუძებნე რამე და ჩაახეთქე!
- სუპს გავაცხელებ, ერთი ულუფაც ძლივს არის, ამას კი ეყოფა. - ქალი წამოდგა. დანთებულ ღუმელს ფიჩხი შეუკეთა და ქვაბი შემოდგა. - ცოტა წყალს ჩავუმატებ, რას გაიგებს? ესეც ახლა არ მყავდეს რაა, დელიკატესებზე გაზრდილი.
- შეშა ხომ ბლომად არის? - იკითხა კაცმა.
- რაღად გვინდა? მაინც აქედან წასვლას ვაპირებთ
- აქაურობა უნდა გადავწვათ, ამის ასე დატოვება, არ შეიძლება. - დაბალი ხმით მიუგო კაცმა.
- შენ მართლა გაკლია, თუ მე მეკაიფები?! - შეუტია ქალმა. - კვამლის კვალზე, უფრო ადვილად რომ მოგვაგნებენ, მაგდენს ვერ ხვდები, თუ არ ხვდები?!
- ხოოო? ეგ სულ არც მიფიქრია, მაგრამ აბა ასე, ხომ არ დავტოვებთ ამ... ამ... - კაცმა მწირს გახედა, რომელიც გემრიელად ხვრეპდა ცხელ წვნიანს.
- შეგიძლია ილაპარაკო, ამას მაინც არც არაფერი ესმის და ვერც ხმას იღებს. - დაამშვიდა ქალმა. - ისე, ეგდოს აქ გვამი, ან თოვლში დავმარხოთ. ან აქ ბლომად თოვლი შემოვზიდოთ, შემოსასვლელი ჩავხერგოთ. ზაფხულამდე, ვერავინ მიაგნებს და მანამდე კი, ჩვენც სამშვიდობოს ვიქნებით! უჰ რა კარგი იქნება, ზღვა და სითბოო. - ქალი სიამოვნებით გაიზმორა.
მოულოდნელად მწირი ჭამას მორჩა თუ არა, წამოდგა და გავიდა.
- სად წავიდა? - კაცმა თავი წამოჰყო.
- მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ქალმა. - ასე იცის, წავა დაიკარგება. ალბათ, ისევ მონასტერში დაბრუნდა.
- და მერე, მაგას ველოდოთ, როდისღა გამოჩნდება? - შეუღრინა კაცმა.
- მალე დაბნელდება, სად ვიწანწალოთ ამ სიბნელეში? უთენია კი, მის ნაკვალევს გავყვეთ და მივაგნებთ როგორმე. - დაამშვიდა ქალმა.
- ჯერ შუადღეც არ არის. - შენიშნა კაცმა. - შენ რაღაც ისე იყურები, მგონი მოფიქრებულიც კი გაქვს ყველაფერი! და, იცოდე! ზედმეტი, არაფერი გაბედო, თორემ? - თითი დაუქნია კაცმა.
- ჰოდა, დამშვიდდი და მომენდე! ამაღამ კარგად უნდა გამოვიძინოთ. - ქალმა ბავშვს გახედა, რომელიც ერთ კუთხეში მიყუჟულიყო და არც მწირის მოსვლისას აუწევია თავი.
- დაგრჩა, კიდევ? - ქალმა მიწოლილ კაცს, თავზე გადაუსვა ხელი.
- მილიონი ევრო ღირს. - ახითხითდა კაცი. - უფასოდ, არაფერი იქნება.
ქალიც აჰყვა სიცილში. დიდ ხანს კისკისებდნენ ასე. ბოლოს დიმეოს ჩათვლიმა და დაღლილობისა და ამდენი ამბის გადატანისგან, უკვე შიმშილსაც ვეღარ გრძნობდა. ისე იყო ღონემიხდილი და ისე ღრმად ჩაეძინა, რომ მას მერე რაც იქ მოხდა, არაფერი გაუგია.
ქალმა კაცის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. რაც შეიძლებოდა, მეტი ნარკოტიკი დაუთმო. თუმცა, ისიც ამ კაცის მოტანილი იყო. ქალი ვითომ, ბლომად იყნოსავდა და კაცს რაც შეიძლებოდა, უფრო მეტს აწვდიდა და აგულიანებდა, მიდი-მიდიო. ბოლოს, როგორც იქნა, ბოლომდე გააბრუა და ალერსში მიაძინა.
მშვენივრად გათვალა. ყველაფერი ამ კაცს დაბრალდებოდა. თავად კი, სუფთად გამოძვრებოდა. მწირის მოსვლასაც დაუცდიდა და მონასტრამდე გაიკვალავდა გზას, მაგრამ ახლა მთავარი იყო, ამ კაცის დროულად მოშორება. ფრთხილი ნაბიჯებით მიეპარა და მძინარეს, თავზე დაადგა. მერე, რამდეჯერმე ძლიერად შეანჯღრია. აშკარად ჩანდა, კაცი გონზე არ იყო. ფრთხილად გამოაცალა დიდი დანა და ყელზე გამოსმა სცადა, თუმცა სიღრმე ვერ მოზომა და მხოლოდ მსუბუქად გაუსერა კანი, კაცი გიჟივით წამოხტა, ხელში ეცა და ლამის თავისივე ხელით, ისე გამოაღადრინა კისერი, რომ ქალმა, დაკივლებაც ვერ მოასწრო.
ახლა უკვე, დიმეოს ჯერი დადგა. არც ის უნდა დაეტოვებინა ცოცხალი, მაგრამ მოულოდნელად კარში, მწირი გამოჩნდა, რომელიც რატომღაც, კუშტად შეჰყურებდა კაცს და თვალს არ აშორებდა.
- ჰმ...მმმ. - კაცმა კეფა მოიქექა. გასისხლიანებული დანა, ზურგს უკნა წაიღო და ნელი ნაბიჯებით მწირისკენ დაიძრა. - სასწრაფოდ მონასტერში უნდა გავიქცეთ! იქ უნდა შევაფაროთ თავი! აქ თავდასხმა მოგვიწყვეს და აი, ხედავ რა დღეშიც ვართ?! ეს ბავშვი, უნდა გადავარჩინოთ! სამშვიდობოს გავიყვანოთ!
მწირი კვლავ უხმოდ იდგა და კაცს, თვალს არ აცილებდა, თუმცა ერთი კუნთიც არ შეტოკებია სახეზე. დიმეოს უკვე შეღვიძებოდა, შიშისგან ხმას ვერ იღებდა და ჩუმად ადევნებდა თვალს. მიხვდა, საქმე ვერ იყო კარგად. თუმცა, ის კი ვერ გაეგო, ის ქალი რაღატომ ეგდო ძირს და რატომ არ დგებოდა.
კაცი საუბარ-საუბარში, თანდათან მწირს მიუახლოვდა. გასაცოდავებული და დაბეჩავებული მწირი, ახლა უფრო ბრგე და უზარმაზარი მოეჩვენა დიმეოს, განსაკუთრებით კი, იმ ავი კაცის ფონზე, რომელიც წელამდე ძლივს სწვდებოდა მწირს და სანამ კაცი, რამეს მოიმოქმედებდა, მწირმა ისე ძლიერად ჰკრა ორივე ხელი, რომ კაცი უკან, მაგიდაზე გადაგორდა, მაგიდა აყირავდა და კაცს თავზე დაემხო. მწირი ახლა, შეშინებულ ბავშვს ეცა. მხრებში ხელი ჩაავლო, აიტაცა და გარეთ, თოვლში ბურთივით მოისროლა.
თავზე დამხობილი მაგიდის ქვეშიდან, შემალული სანადირო თოფი გამოჩნდა და კაცმაც არ დაახანა და გაავებულ მწირს ესროლა. ეს იმ დროს იყო, როცა მწირმა, სულ რამდენიმე წამით მოასწრო დიმეოს გარეთ გასროლა, თორემ ტყვია, ბავშვს არ ასცდებოდა.
დიმეომ იფიქრა, ჩემი მოკვლა უნდათო და თითქოს, წამით შეეგუა კიდეც ამას. თუმცა დიდ თოვლში, ისე რბილად გაგორდა, არც არაფერი მოსვლია. ოთახიდან ხმები მოისმოდა, რაღაც იმტვრეოდა, კაცი ღრიალებდა. გასროლის ხმაც იყო. მწირი ბარბაცით გამოვიდა და ზღურბლს მიეყრდნო.
დიმეო დაბნეული შეჰყურებდა. უცებ მწირის უკან, ხმაური მოისმა და ავი კაცი, ღრიალით მოახტა ზურგზე. მწირი დიმეოს ახლოს წაიქცა და წაქცეულმა, ორივე ხელი, ისე ძლიერად ჰკრა ბავშვს, რომ კიდევ უფრო შორს გადააგორა. ბავშვი ახლა უფრო დაიბნა. ავი კაცი მწირს, თოფით ყელში ლაგამ ამოდებული დახრჩობას უპირებდა, მაგრამ მწირი მოერია, თავი გაითავისუფლა, მერე ზედ მოაჯდა და რამდენიმე ძლიერი მუშტი უთავაზა. კაცი გაითიშა, ადგომის თავი აღარ ჰქონდა, მხოლოდ ხვნეშოდა და ღმუოდა.
მწირი მოეშვა, აღარ ურტყამდა. წამოდგა და კაცს ზურგი შეაქცია, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ კაცი ფეხებში ეცა, წააქცია ზედ დაახტა და თოფის ტარი რამდენჯერმე ძლიერად ჩაჰკრა თავში. თოვლზე სისხლის შხეფები, ზოლად გაისხა. დიმეომ ღრიალი მორთო. კაცმა ახლაღა შენიშნა ბავშვი და მისკენ გაიწია. ბიჭი ისე იყო დაბნეული და შეშინებული, რომ ვერც გაქცევა მოიფიქრა და ვერც იქვე სადმე დამალვა. კაცი ბავშვს საყელოში სწვდა და თოვლში გაათრია. დიმეო აჩხავლდა, უძალიანდებოდა. კაცი ბავშვს უფსკრულისკენ მიათრევდა და ის იყო უნდა გადაეგდო, რომ უცებ კაცს, სახე მოეღრიცა, დიმეოს თავზე გადაევლო და უფსკრულისკენ ჩაცურდა. კაცის ადგილას ახლა, მთლიანად სისხლში მოსვრილი მწირის სახე გამოჩნდა. დიმეოს ხელი ჩაავლო უფსკრულიდან შორს, ახლა სხვა მხარეს მოისროლა თოვლში.
ბავშვი, როგორც იქნა მიხვდა, მწირი ამ ავ კაცს არიდებდა და ამიტომაც აქეთ-იქეთ ისროდა, ცდილობდა რაც შეიძლებოდა, მეტად შორს მანძილზე მოესროლა მისგან. დიმეოს, ცოტა იმედი მიეცა. წამიერად მის მეხსიერებაში, მოხუცი ბერის სიტყვებმაც გაიელვა. მწირს გაგაყოლებ, გადაგმალავსო. ახლა უფრო დარწმუნდა, რომ ეს ერთადერთი ადამიანი იყო, ვისი ნდობაც, ახლა შეიძლებოდა.
თუმცა მწირს, ბიჭისთვის აღარც შეუხედავს, უფსკრულს ზურგი აქცია და ის იყო, სულ სხვა მხარეს უნდა აეღო გეზი, რომ მოულოდნელად უფსკრულიდან ამომძვრალი ავი კაცი ეცა ფეხებში.
- დამეხმარე! - ეპოტინებოდა კაცი. - მიშველე! მიშველე!
დიმეოს გასაკვირად მწირი დაეხმარა, ხელიც კი შეაშველა ამოსაძრომად, მაგრამ კაცმა, კვლავ უმუხთლა და თოფის გასროლა მოასწრო. ტყვიამ მწირს, ოდნავ მხართან გაჰკრა და დიმეოსთან იმდენად ახლოს ჩაიწუილა რომ ბავშვმა სახეზე ხელი იტაცა, თუმცა არც მოხვედრია.
მწირი გამოეცალა. უფსკრულის კიდეს ჩაფრენილი კაცი კვლავ აღმუვლდა მიშველე და უმდიდრეს კაცად გაგხდიო, მაგრამ ამჯერად მწირი, ადგილად არ იძვროდა, ზემოდან დაჰყურებდა და ელოდა ბოლოს და ბოლოს, როდისღა ჩავარდებოდა ის ბოროტი კაცი.
- გაგამდიდრებ! - ღრიალებდა კაცი. - მილიონი ევრო! მილიონი ევრო!..
მოულოდნელად მწირმა რამდენჯერმე ჩაკრა ფეხი კაცს ხელებში, ისე რომ აშკარად თითები ჩაულეწა და კაციც, ღრიალით გადაეშვა:
- მილიონიი ევროო!.. მილიონი ევროოო!.. მილიონიიი!!!...
მწირს, არც ახლა შეუხედავს ბიჭისთვის. სულ სხვა მხარეს აიღო გეზი. დიმეო მივარდა, ხელზე წამოეპოტინა და მოქაჩა. მწირმა ხელი უხეშად გააშვებინა და ამჯერად შედარებით, მსუბუქად ჰკრა ხელი. თითქოს უბიძგებდა, იქეთ წადიო, მაგრამ სად უნდა წასულიყო, ასეთი პატარა ამ უღრან ტყეში და თანაც, ამხელა თოვლში?
დიმეო ადგილიდან არ დაიძრა, მწირმა ზურგი შეაქცია, მაგრამ მაშინვე მუხლებში მოიკეცა და თოვლში პირქვე ჩაემხო. დიმეო გამოერკვა. მიხვდა, ახლა მას უნდა ეღონა რამე. მწირი ძლივს ძლივობით ამოაბრუნა. სახე თოვლით მოწმინდა და საიდანაც სისხლი სდიოდა იქ დაადო თოვლის გუნდა.
მსგავსი რამ სოფელში ენახა, როცა თამაშობის დროს ერთმა ბავშვმა თავი გაიტეხა, მაშინვე ტილოში გახვეული ყინულები დაადეს, სისხლს შეუჩერებსო. ახლა კი თავადაც ასე მოიქცა. როგორმე ეს კაცი უნდა დაეყენებინა ფეხზე, რომ ამ უღრანი ტყიდან გაეღწიათ.
მწირმა თვალები შეაღო. დიმეო თავზე დაჰყურებდა და როგორც კი შენიშნა მწირმა თვალი გაახილაო გაუღიმა. მწირი წამოიწია და ბავშვს სახეში ჩააშტერდა. პირველად უყურებდა ასე. რამდენჯერაც არ უნდა შემოსულიყო და გასულიყო, თვალებში არასდროს არავის უყურებდა. თითქოს, ვერც ამჩნევდაო. ახლა კი ბიჭს დაკვირვებით ჩააშტერდა, თოვლის გუნდა ხელში მოჭყლტა და ტყვიისგან დამწვარ ლოყაზე მიადო ბავშვს. მერე წამოდგა და ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და არემარეს დაკვირვებით მოავლო თვალი. დიმეომ შვებით ამოისუნთქა. ახლა მარტო აღარ იყო და სადმე, რომელიმე სოფლამდე ხომ მაინც ჩააღწევდნენ.
მოულოდნელად დიმეომ ხელი უშვა და უკან მღვიმეში შევარდა. თივაში გადამალული თავისი სკოლის ზურგჩანთა გამოიტანა. ჩანთა საკმაოდ მძიმე იყო, მწირი შეეშველა, მაგრამ დიმეომ არ დაანება და თავად ითავა წაღება. ჯერ კიდევ არ იცოდა, რა იყო ასეთი ამ ჩანთაში. ქალმა უთხრა, აქ ისეთი რამ არისო, რომ ამით მთელი ცხოვრება ბედნიერი და უზრუნველყოფილნი ვიქნებითო, ამიტომაც მღვიმეში მისვლისთანავე, თივაში გადაამალინა და თან მკაცრად გააფრთხილა, არავის უთხრაო. ჩანთაში ზემოდან დიმეოს სკოლის წიგნები, იყო, ხოლო ქვემოთ კი სწორედ ის იყო, რაც ნებართვის გარეშე არავის უნდა ენახა, თორემ უბედურება მოხდებოდა. ასე იყო ბავშვი დარიგებული და გაფრთხილებული.
დიმეოს მსგავსად, მწირიც შებრუნდა მღვიმეში. სანთლები, ნავთი და რაღაც ძველი ჩვრები ბლომად აბგაში გამოჰკრა. მერე ბერის მიწური სამალავიდან დარჩენილი ყველი და თაფლიც ამოიღო, რომელსაც ბერი ჩუმჩუმად მხოლოდ დიმეოს აჭმევდა, მაგრამ ამ სამალავის ადგილი, ბავშვმაც კი არ იცოდა და ახლა აღმოჩნდა ამ უსახურ მწირს სცოდნია. ბიჭი თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა. მერე გონს მოეგო, ქალის ზურგჩანთას ეცა, იქიდან რამდენიმე კოლოფი ასანთი, ასევე რამდენიმე ცალი სანთებელა ამოიღო და მწირს გაუწოდა. დიმეოს მოეჩვენა, რომ მწირს ჩაეღიმა. ბიჭმა შეიფერა, მწირის ოდნავ გაღიმება ახლა მისთვის, დიდი შექების ტოლფასი იყო. დიმეომ კიდევ მოქექა ქალის ჩანთა. ორი დიდი ფარანი და ყუთით ელემენტებიც აღმოაჩინა და ესეც მთელი სიამაყით გაუწოდა მწირს.
მწირმა კიდევ მოავლო თვალი მღვიმეს. მერე თითქოს ახლაღა შენიშნაო სასმელი წყლით სავსე დიდ ბოთლსაც წამოავლო ხელი და ბიჭთან ერთად, იქაურობა დატოვა.
LEX. 2020 წლის 12 ივლისი, კვირა.

No comments:
Post a Comment