66.
შობამაც ისე ჩაიარა, როგორც ძველით ახალმა წელმა და იანვარიც ისე მიილია, რომ ფიფოს და მიმის ცხოვრებაში, არაფერი შეცვლილა. თუმცა ბავშვი უკვე, ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა, რასაც მიმის საშინელი ისტერიკა მოჰყვა.
- რას ჰქვია, დაკარგულია?! - ბოლო ხმაზე წიოდა მიმი. - გზა დაებნა?! თუ სახლის მისამართი არ იცის?!
- ნუ, ასე ამბობენ ხოლმე. - ფიფო, მიმის დამშვიდებას შეეცადა, თუმცა თავადაც საშინლად ბრაზობდა.
- როგორ, თუ ამბობენ?! - არ ცხრებოდა მიმი. - დაკარგული კი არა, მომპარეს! გაიტაცეს! მომტაცეს!
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- დამაცადონ! - კვლავ განაგრძობდა მიმი. - მაგათ ვუჩვენებ სეირს! აბა ერთი, მაგათი შვილი ყოფილიყო? მაშინაც ასე იტყოდნენ?! ახლა, მე ვიცი, რასაც ვიზამ!
- მიმი! სისულელე არ ჩაიდინო! - შეშფოთებული ხმით შეუძახა ფიფომ.
- სისულელეს, რას ეძახი?
- არ ვიცი, რას ვეძახი, მაგრამ უკვე აღარ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე? მხოლოდ იმას ვფრთხილობ, რომ ჩემი ზედმეტი ქცევით, უფრო არ გავართულო სიტუაცია.
- და ამაზე მეტი, რაღა უნდა გართულდეს?! მთელი თვე გავიდა! - კვლავ იყვირა მიმიმ და მერე უფრო დაბალ ხმაზე დაუმატა. - თვე და ერთი კვირა!
- ჰო! თვე და ერთი კვირა და რის გაკეთებას აპირებ?
- ეგ უკვე, მე ვიცი!
- და მეც რომ ვიცოდე, არა? - ჩაეკითხა ფიფო.
- არა!
- მიმი, მართლა, რამე სისულელე არ ჩაიდინო და ამით, სულ არ დაღუპო ბავშვი! - ფიფომ ხმას აუწია. - გესმის, რასაც ვგულისხმობ? თორემ განა შენზე ნაკლებად მინდა შურისძიება? მაგრამ მეც მინდა ვიცოდე, რას აპირებ? და თანაც, როგორ?
- რას ვაპირებ? ჰმ! მაგრამ აი, როგორ? ეს უკვე მე ვიცი!
- მიმი!
მიმიმ უპასუხოდ შეაქცია ზურგი და დიმეოს ოთახში შეიკეტა. ფიფომ ცოტა ხნით იყუჩა, მერე ბავშვის ოთახისკენ წავიდა. ერთხანს იდგა ასე, თითქოს მიმის გამოსვლას ელოდა, მიაყურადა კიდევაც, მაგრამ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ფრთხილად შეაღო კარი. მიმი ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარიყო და თავი ძირს ჩაეხარა და ფიფოს შემოსვლაზე არ განძრეულა, თითქოს არც გაუგია.
- გალეო მოვა ახლა. - დაბალი ხმით შეაპარა ფიფომ.
- მოვიდეს, მერე. - მხრები აიჩეჩა და ჩურჩულით უპასუხა მიმიმ.
- შენ, არ გამოხვალ?
- რა აზრი აქვს? - მიმიმ ამღვრეული თვალები შეანათა. - ვითომ, რაღაც ახალი ამბავი... ვითომ, რაღაც წინ წავედით! გვიხარია და მერე აღმოჩნდება, რომ ისევ, იგივე! თვეზე მეტი გავიდა! - ხმას აუწია მიმიმ. - თვეზე მეტი და ისიც კი არ ვიცით, ბავშვი ცოცხალია თუ არა!
კარზე ზარი გაისმა.
- აი, მოვიდა. - ფიფო კარის გასაღებად წავიდა.
მიმი არც განძრეულა.
- უჰ, გავითოშე. - გალეო ხელების ფშვნეტით ჩამოჯდა ბუხართან.
- მანქანით, არ იყავი? - გაკვირვებით იკითხა ფიფომ.
- ჩემი მანქანა, იქ რას ავიდოდა, აბა? სხვისი მანქანით ვიყავი, მერე ის იქეთ წავიდა, მე აქეთ და სანამ მოვაღწიე, გავლურჯდი.
- ხოოომ. წელს საკმაოდ ცივი ზამთარია. - ამოიხვნეშა ფიფომ. - და თანაც, გადაუღებლად თოვს.
- შენ იქ უნდა გენახა, მუხლამდე თოვლი იყო, ძლივს მივაღწიე იქამდე და მერე აქამდეც, ძლივს ჩამოვედით. - გალეომ გაყინული ხელები, ცეცხლს მიუშვირა. - უჰ, რა კარგია ცხელი ბუხარი და თანაც, ცხელ-ცხელი ამბები!
- ჰოო? - დაინტერესდა ფიფო. - ცხელ ამბებს, ცხელი ყავა, თუ ჩაი?
- სულ ერთია. - გალეომ იქაურობას თვალი მოავლო და სამზარეულოსაც გახედა. - მიმი, არ არის?
- სახლშია. - უხალისოდ უპასუხა ფიფომ. - აბა, რა ამბები მოგვიტანე?! - ფიფომ მიმის გასაგონად აუწია ხმას. - სანამ ჩაის გავამზადებ, შენ დაიწყე.
- მოკლედ, მიმის ნაპოვნმა ტელეფონის ნომერმა, როგორც იქნა, ხმა ამოიდგა! - ომახიანად განაცხადა გალეომ.
- ჰოო?! - ფიფომ კვლავ ხმას აუწია და კარს გახედა, დარწმუნებული იყო, მიმი სულგანაბული უსმენდა. - და, მერე?
- ესე იგი, ტელეფონი ჩაირთო თუ არა, სიგნალიც მოვიდა და ჩვენც, მაშინვე ვიმოქმედეთ! - გალეომ, ცხელი ჩაი მოსვა და სიამოვნებით ამოისუნთქა. - ისე, რა კარგი ბიჭი ყოფილა, ეს ბიჟუს ადვოკატი, ჩუკი. ძაან მაგარი და დაუზარელი. თანაც, როგორ სწრაფად უჭრის ჭკუა და გონება. საკმაოდ ყოჩაღია.
- ჰო! ჩუკი, მართლა კარგი ბიჭია და, მერე? - ფიფო უკვე, ვეღარ ითმენდა.
- მოკლედ ჩუკიმ, თავის დას დაარეკინა იმ ნომერზე. ქალმა გააგონა, მიიკით-მოიკითხა, მილოცვები მიაყარა და მერე მოუბოდიშა შემეშალეო, იმ ქალმაც აქეთ ულოცა, მადლობებიც უხადა და გემრიელადაც იკისკისა.
- დაიცა, მერე ასე, რატომ გარისკეთ? რა გარანტიაა, რომ არ გაიგებენ, ვისი ნომრიდან დაირეკა.
- ჰოდა, ეგეც გაითვალა, მაგიტომაც ვთქვი გამჭრიახია ბიჭია-მეთქი. - ჩაეღიმა გალეოს. - მის დას აქვს, მამის მეგობრის სახელზე აღებული ნომერი, რომელიც თავის დროზე, მამამისს გაუცვლია, სახლის ნომერს თუ დაბადების თარიღს ემთხვეოდა და ასე გადაცვალეს, და რომც მოიძიონ, მიადგებიან იმ სრულიად უცხო კაცს, რომელსაც, არანაირი კავშირი არა აქვს შენთან და ჩვენთან და...
- ჰმ! ძალიან კარგი და, მერე?
- დავადექი იმ ქალს სოფელში. სადღაც, ლამის მთის ბოლო წვერზე. კი ვიცოდი ფიფო, რომ ვრისკავდი, მაგრამ...
ფიფომ უხმოდა დაუქნია თავი.
- ჰოდა, გავრისკე! - განაგრძო გალეომ. - ასე, შუახნეს გადაცილებული ქალია. ჩვეულებრივი, უბრალო. თბილად მიგვიღო. პენსიონერების აღწერაზე ვართ, მეთქი და ათასი რამ გამოვკითხე. მარტოხელაა, საყვარელი გერი ჰყავს, რომელიც სულ პატივს სცემს, როგორც კი მოუხერხდება, ის ერთადერთია, ვისი იმედიც აქვს. ახლახან, ქმარს დაშორდაო და ცოტა ხნით, შვილთან ერთად იქ შეუფარებია თავი, და ისეთი ტელეფონი მაჩუქაო, ფოტოებსაც რომ იღებსო. მაგრამ აქამდე გამორთული ჰქონია, ქმარმა რომ არ იპოვნოსო და ჩემი წასვლიდან ასე, ორ-სამ დღეში შეგიძლია ჩართოო და ამ ქალმაც ჩართოო!!!
ფიფოს ფერმა გადაჰკრა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.
- უი, რა მაგარი ტელეფონი ყოფილა-თქო, ლამის ხელებში ვეცი. - სიცილით განაგრძო გალეომ. - და რაც კი რამ იყო, ისე გადმოვწერე ჩემთან რომ ის ქალი, აზრზეც ვერ მოვიდა.
- და, მერე?! - ფიფოს უკვე, ბოლო მოთმინების ძაფი გაუწყდა.
- რა, მერე და აჰა! ნახე! - გალეომ მობილური გაუწოდა. - სანამ გაათიშინებდა, მანამდე სურათების გადაღებაც უსწავლებია და ესეც აჩხაკუნებდა, რაც შეეძლო.
- ეს! ეს დიმეოს ზურგჩანთაა! - იყვირა ფიფომ. - აი! აქ მისი ფეხიც ჩანს! ფეხსაცმელზე ვიცანი!
- ესე იგი, ორი დღის წინ ცოცხალი იყო?! - ოთახში მიმი შემოიჭრა და ფიფოს ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა. - ჩემი შვილი, ცოცხალი იყო?!
- იყო კი არა და არის! - დაუდასტურა გალეომ. - ის ქალი, თავის შვილად ასაღებს.
მიმი ცრემლმორეული ათვალიერებდა ფოტოებს და ხან გულში იკრავდა და ხანაც, ისევ თავიდან დასცქეროდა. მართალია ფოტოები, უხარისხოდ და ცუდად გადაღებული იყო, მაგრამ არაერთგან გამოჩნდა დიმეო, ხან ზურგიდან ხან მხარი, ხანაც ოდნავ გაცრეცილი პროფილით.
- და ახლა, სად არიან? - იკითხა ფიფომ.
- ამ ქალმა არაფერი იცის. თუმცა, საითკენ წავიდნენ ის კი გვიჩვენა. ქმრისგან უნდა გადამალვაო. მიახლოებითი კოორდინატები კი მაქვს, მობილურს თუ დამიბრუნებთ. - გალეოს ჩაეღიმა. - გაჩვენებთ.
- ეს ფოტოები ამოვბეჭდოთ რააა. - მიმიმ ცრემლიანი თვალებით შეევედრა გალეოს.
- ახლავე გადმოვიწერ. - ფიფო წამოდგა და მიმის, ძლივს გამოართვა გალეოს ტელეფონი.
- მოკლედ, აი ეს არის, ის გზა. - დაიწყო გალეომ ახსნა და ცდილობდა, ტელეფონში უფრო გაეშიფრა იმ მიდამოების რუქა.
- რატომ წვალობთ? - ჩაერია მიმი. - კომპიუტერით ნახეთ.
- ყოჩაღ მიმი. - შეაქო ფიფომ.
მიმიმ თბილად გაუღიმა. მთელი თვის მანძილზე, ძლივს თითქოს, რაღაც დაიძრა, კვალიც გამოჩნდა და ახლა უფრო მეტი იმედი მიეცათ.
- აი, ამის იქეთ, ვერ გავა და თუ გადამალვა უნდა, მისი სავარაუდო ადგილი აი, აქ, უნდა იყოს! - უხსნიდა გალეო.
- აქეთ უღრანი ტყეა, დათოვლილ უღელტეხილზე ხომ არ გადავა? ცოტა ქვემოთ, მიტოვებული სოფლებია მგონი ხომ და აი, აქ რა არის? იმის იქეთ? - თითი დაადო მიმიმ.
- იმის იქეთ საზღვარია. - ჩუმი ხმით უპასუხა ფიფომ.
მიმიმ შეშფოთებული სახით შეხედა. ფიფომ თვალი აარიდა.
- არც ასე ადვილია, მანდ გადასვლა. - გალეომ სიტუაციის განმუხტვა სცადა.
- მაგრამ შესაძლებელია. - დაურთო მიმიმ.
- ვერტმფრენები დაგვჭირდება! - განაცხადა ფიფომ.
მიმის უფრო იმედიანი მზერა გაუხდა და ფიფოსაც ოდნავ, მოეშვა გულზე.
მთელი თვის დაძაბულობა, დაბნეულობა და არეულობა თანდათან, იფანტებოდა. ერთმა პატარა იმედის ნაპერწკალმა გაიელვა და აბა ვინ იყო, უკან დამხევი? თუმცა, არც არასდროს დაუხევით უკან. ფიფომ ორჯერ უშედეგოდ სცადა პრემიერთან შესვლა, მესამედ კი უკვე მოახერხა, მაგრამ ამჯერად, მიმისთან ერთად. იქნებ, ასე უფრო შეგვიშვანო და ფიფოს და გასაკვირად გაჭრა, მიმის თანხლებამ და მოსაცდელში რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ეღირსათ შესვლა. აი, სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა ბავშვი, დაკარგულად. დაკარგულად, და არა გატაცებულად, რასაც ვერც მიმი ინელებდა და ვერც, ფიფო.
ნათლია, საავადმყოფოდან გამოწერეს, ფიფო არც იქ მისულა და არც სახლში ისურვა მისი მონახულება. მისი მეუღლისგან შეიტყო, ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნის დროს, მოუწვევია ნათლიას სხდომა და საკმაოდ ძლიერადაც შეუტევია, თუმცა კონკრეტულად, არავის მიმართავდა. ნათლია დარწმუნებული იყო, რომ მისი მეუღლე, აუცილებლად იქნებოდა, კარს უკან მოყურადებული.
- და თქვენ გგონიათ, ასეთი ქცევით, ფიფოს გააჩუმებდა ვინმე? - უტევდა ნათლია, თუმცა, პირადად არავის მიმართავდა. - ახლა უფრო ბევრად გაშმაგდება და ნებისმიერი ფინალის შემთხვევაში იძიებს შურს და თანაც, ბოლომდე!
- ჩვენ, რა შეგვიძლია? - შეაპარეს კითხვა.
- პირველ რიგში, ბავშვი ცოცხალი და უვნებელი უნდა დაუბრუნდეს მშობლებს! - განუცხადა ნათლიამ. - თუ ოდნავ მაინც შეიძლება რამეს მოგვარება, დაშოშმინება და სიმშვიდე (ამით, ფიფოს გაჩუმებას გულისხმობდა), ეს ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული ნაბიჯი იქნება, რომ ერთიანი ძალებით დავეხმაროთ, დანარჩენი თავისით გამოჩნდება!
და ამით, საავადმყოფოს პალატაში ჩატარებული სხდომაც დამთავრდა.
- წარმოდგენაც კი არ მქონდა. - როგორც იქნა, თვალი გაუსწორა ნათლიამ მეუღლეს, როცა პალატაში მარტონი დარჩნენ.
- იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ბავშვის გატაცებაში გირევია ხელი! - მკვახედ მიუგო ქალმა. - ასე როგორ გაიმეტე, პატარა დიმეო? შვილიშვილივით გვყავდა მიღებული.
- რამდენჯერ უნდა აგიხსნა, რომ არაფერი ვიცოდი! როგორ დაგაჯერო? - ნათლია მართლაც გულწრფელი იყო, თუმცა მეუღლის გადარწმუნება, არც იმდენად ადვილი ჩანდა.
- ის ხომ მაინც იცოდი, რომ რაღაც მზადდებოდა ფიფოს წინააღმდეგ? რატომ არ შეუშალე ხელი? რატომ არ გააფრთხილე?
- ჩვენი სამსახური ასეთია, სულ რაღაც და ვიღაც გვერჩის. ფიფოს კი ხშირად, თავისივე ამბიციები უშლის ხელს.
- უნდა გაგეფრთხილებინა! როგორმე უნდა შეგეჩერებინა!
- ქალო! რამდენჯერ უნდა გითხრა, არ ვიცოდი! არ ვიცოდი! - იყვირა ნათლიამ და მაშინვე გულზე ხელი იტაცა.
- ნუ ღრიალებ! - შეუტია ცოლმა. - თორემ კლინიკის ნაცვლად, შენს საფლავზე მომიწევს სიარული! - ქალი წამით გაჩუმდა, თითქოს ამ სიტყვებით გული მოიოხა. - და, ქალოს, ნუ მეძახი! - დაუმატა დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით.
მართლაც საინტერესო იყო, სად მალავდნენ ბავშვს, ამდენი ხანი. ფიფოს ნათლიამ, როგორც კი თავის წამოწევა შესძლო, მაშინვე ჩაერთო ბავშვის დაბრუნების საქმეში. თუმცა ჯერ, კიდევ უშედეგოდ. არავის უნდოდა გამხელა, თუ ვინ იყო ჩარეული და ვისი ბრძანებით გაიტაცეს ბავშვი. ყველა თავს იზღვევდა. ნათლიამ პირობაც კი დასდო, ფიფოს რისხვას ჩემს თავზე ავიღებ, ოღონდაც ბავშვი დამაბრუნებინეთო.
დიმეო კი ამ დროს, გაყინულ გზაზე, დაღლილ-დაქანცული მიუყვებოდა მთისკენ მიმავალ ბილიკს. გათოშილ ხელებს საკუთარი ორთქლით ძლივს ითბობდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ გატაცებული იყო.
მშობლების დაშორებას, დიმეო ძალიან დარდობდა და უკვირდა კიდეც, რადგან არასდროს შესწრებია მათ ჩხუბს. პირიქით, სახლში სულ სითბო და სიმყუდროვე სუფევდა და მაინც, დედა და მამა, რატომ უნდა დაშორებულიყვნენ? კლასელისგან იცოდა, მამამ მიგვატოვა, აღარც გვნახულობსო და ამიტომ ყოველ მამის გამოჩენას, დიდი სიხარულით ხვდებოდა. წესადაც კი გაიხადა, პარასკევიდან მოყოლებული, უქმეებსაც სულ მამასთან ერთად ატარებდა და გულში მაინც იმის შიშობდა, მამამ მეც ჩემი კლასელივით, არ მიმატოვოსო.
და ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, შუა კვირაში, მამამ მოგაკითხაო, როცა გაიგო, ისეთი სიხარულით გაფრინდა, ჩანთა და ქურთუკიც კი დაავიწყდა. თუმცა მის წასაღებადაც, მალევე მობრუნდა. ცოტა კი გაუკვირდა, გაკვეთილები ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დამთავრებული, მაგრამ არც კლასის დამრიგებელს უთქვამს უარი.
მამიკოს შენთვის სიურპრიზი აქვსო, როცა გაიგო, ისე შეხტა მანქანაში, უკანაც აღარ მოუხედავს. შემდეგ დიდხანს იმგზავრეს, მერე სხვა მანქანაშიც კი გადასხდნენ. ბავშვი დაიქანცა. თუმცა სიურპრიზის მოლოდინში, ხმას არ იღებდა. გზადაგზა უამრავი სასუსნავი უყიდეს. დიმეო ცოტა, უკან იხევდა.
- დედა ამბობს, ბევრი ჩიფსი და ბევრი შოკოლადი, არ შეიძლებაო.
- შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. - თბილად უღიმოდა ნაცნობი „დეიდა“. - ახლა შენთვის, ყველაფერი შეიძლება, შენ ხომ ჩვენი, ოქროს პრინცი ხარ!
დიმეო ვერ ხვდებოდა, ზუსტად რას ნიშნავდა ეს ოქროს პრინცობა, ან რატომ იყო თვითონ, თუმცა ძალიან მოეწონა და შეიფერა. მოგვიანებით შეიტყო, რომ მშობლების თხოვნით, უნდა დამალულიყვნენ, რადგან ბევრი მტრები ჰყოლიათ და დიმეოს არაფერი დაუშავდესო, ბავშვის გადამალვა, ამ „კეთილ დეიდას“ მიანდეს. დიმეომ ესეც მშვიდად მიიღო, თუმცა უკვე, საშინლად ენატრებოდა დედიკოც და მამიკოც. დარეკვაც რომ არ შეიძლებოდა, ამან უფრო დააღონა, მაგრამ მაინც მედგრად იდგა, თუმცა მოგვიანებით, უფრო ბევრად ცუდი ამბავი გაიგო და სულ ჩამოყარა ყურები.
- ჩვენი სახლი, ააფეთქეს? - გაკვირვებული კითხულობდა დიმეო. - და ორივე ბებოებისაც? ცოცხალიც, არავინ გადარჩა?
- არაფერი ვიცი. - თბილად პასუხობდა „კეთილი დეიდა“. - სწორედ ამის ეშინოდათ და მაგიტომაც გადაგმალეს. ჯერ ვერსად გამოვჩნდებით, აქ ვერავინ გვიცნობს, ყველას ჩემი შვილი გონიხარ და თანაც მე, ცუდად ხომ არ გექცევი?
დიმეომ თავი გააქნია.
- ხომ ყველაფერს გისრულებ? - განაგრძობდა ქალი.
დიმეომ ახლაც უხმოდ დააქნია თავი, თუმცა რას უსრულებდა? სასუსნავები და განებივრება არასდროს აკლდა, ისე საერთოდაც არ იყო პრეტენზიული ბავშვი, მაგრამ ახლა, დედის და მამის ჩახუტება, ყველაფერს ერჩივნა. იქნებ, გადარჩნენ და ისინიც ასე იმალებიანო, მხოლოდ ეს იმედი უმშვიდებდა, პაწაწინა დაღონებულ გულს. გვიან ღამით კი, ვიღაც საზიზღარი კაცის ხმა მოესმა. დიმეომ ხმის მიხედვით ასე აღიქვა. ის კაცი, აუცილებლად, საზიზღარი უნდა ყოფილიყო. ჯუჯღუნებდა, უშვერ სიტყვებს, წამდაუწუმ ისროდა და იმ „კეთილ დეიდასაც“ არ აკლებდა ხელს. ბავშვი, შიშისგან გაიტრუნა და მთელი ღამე, ასე კანკალში გაატარა. ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა. უთენია წამოაგდეს, ახალი ქურთუკი ჩააცვეს დიდი კაპიუშონით თავზე ჩამოფხატული, თავისი სკოლის ზურგჩანთაც აკიდეს, მაგრამ რატომღაც, უფრო მძიმე მოეჩვენა.
- რატომ არის ასე გამოტენილი? - იკითხა დიმეომ და ის იყო უნდა გაეხსნა, რომ ქალი ხელებში ეცა.
- ესეც, სიურპრიზია! და იქ რომ მივალთ, მერე უნდა გავხსნათ!
დიმეო უხმოდ დაეთანხმა. თუმცა, ფანჯრის რაფაზე თავისი სკოლის წიგნებს მოჰკრა თვალი და პროტესტი განაცხადა, აქ არ დავტოვებო. ქალს უარი არ უთქვამს, სამაგიეროდ ის საზიზღარი კაცი, საშინლად განრისხდა.
- რა ყველაფერს უსრულებ, ამ ლაწირაკს?! - გამოსცრა კბილებში.
დიმე შიშისგან აკანკალდა, თუმცა მის და გასაკვირად, ქალს სულაც არ შეეშინდა. ახლოს მივიდა თბილად მოეხვია და ნაზი რბილი ხმით უთხრა. ეს ხომ ჩვენი ოქროს პრინციაო. კაციც მოლბა და ბურდღუნით დაეთანხმა, თუ ასე ძალიან გინდათ ეგ წიგნებიც, თქვენ ათრიეთო. დიმეოს ძალიან გაუხარდა და ახლა უფრო მეტად ირწმუნა „კეთილი დეიდა“.
ახალ უჟამურ სახლში, ყველაფერი მოსაწყენი იყო. არც იმ ქალის გაკეთებული საჭმელი მოსწონდა და აღარც სასუსნავები უხარებდა გულს. ტელევიზორს, ანტენაც კი არ ჰქონდა. თავიდან თბილი და მხიარული კეთილი დეიდა, ახლა სულ გამოიცვალა. უფრო ანჩხლი და კაპასი გახდა. ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა, ბავშვის ატანაც აღარ ჰქონდა. თუმცა, არც არაფერს უშავებდა, მაგრამ ყველაფერი სახეზე ეტყობოდა. საზიზღარი კაცი, რომელსაც დიმეომ გულში ასე უწოდა, დღეგამოშვებით სტუმრობდა და მერე წასვლასაც აღარ ჩქარობდა. მის გამოჩენაზე დიმეოს სულ, გული უღონდებოდა. ერთ კუთხეში, ძველი ნივთივით მიგდებული ბავშვი, შიშისგან იბუზებოდა და იქვე ნარკოტიკებით გაბრუებული, „კეთილი დეიდა“ ნაბავდა თვალებს.
ახლაც ასე იყო, თუმცა სხვა დღეებისგან განსხვავებით, ის საზიზღარი კაცი რატომღაც, მთელი საღამო ხითხითებდა და ხუმრობდა. ძეხვითა და ცხელი თონის პურით პირგამოტენილმა, კიდევ ერთხელ შეუღრინა ბავშვს, ჭამე, რატომ არ ჭამო? მთელი დღეები, ჩიფსებითა და კანფეტებით გაბერილი ბავშვისთვის, ახლა ცხელი თონის პური და ძეხვი სამოთხე იყო, თუმცა იმ კაცის ხიხინი, და წამდაუწუმ, უწმაწური გინება, მადას ბოლომდე უკარგავდა დამშეულ ბავშვს და მიუხედავად ყველაფრისა, დღეს რატომღაც უფრო კეთილიც კი ჩანდა, თუმცაღა თვალები მაინც ავად უელავდა და ქალსაც ერთი-ორჯერ, უკანალზეც კი შემოჰკრა ხელი. დიმეს გასაკვირად „კეთილ დეიდას“ სულაც არ სწყენია, პირიქით უფრო აკისკისდა, კალთაშიც კი ჩაუჯდა და დიმეო, თავისი წილი პურითა და ძეხვით, სხვა ოთახში დასაძინებლად გააბრძანეს.
ასე მაშინ ხდებოდა, როცა ის კაცი ღამით მოისურვებდა დარჩენას და ბავშვსაც იმ ცივ და გაყინულ ოთახში უწევდა დაძინება. თუმცა, რა დააძინებდა, შიშით გული უსკდებოდა და ლამობდა, დროზე გათენებულიყო, რომ ძველ, ჟანგიან ღუმელთან მაინც გაეთბო გათოშილი სხეული.
ერთ ღამესაც, ჩვეული ჯიჯღინი შემოესმა. საზიზღარი კაცი მუშტებს მაგიდაზე უბრახუნებდა, რაღაც ლაწა-ლუწის ხმებიც გაისმა. დიმეო გაიტრუნა. ჩვეულებრივ მათ ჩხუბსა და კინკლაობას, ყურს არც უგდებდა, მაგრამ ახლა, აშკარად მასზე საუბრობდნენ და რაღაცას, ვერ იყოფდნენ.
- რა ჯანდაბად გინდოდა, ნაბიჭვრების აკიდება?! - ღრიალებდა კაცი.
- ჯერ კიდევ საჭიროა, გამოგვადგება. - ეჯუჯღუნებოდა ქალი.
- მე შენ როდის გითხარი, დროულად მოიშორე თავიდან ეგ ბავშვი, თორემ მერე შეეჩვევი, და აჰა!
- ერთ მაგდენს თუ არა, მაგისგან კიდევ, კარგად ვიშოვნით! - არ ეპუებოდა ქალი.
- საშიშია მეთქი, ქალო! საშიში! - კვლავ უღრიალა კაცმა. - შენს უტვინო თავში, მაგდენი არ შედის?! გგონია, კიდევ გადაგვიხდიან? რა გარანტიაა? და რომც გადაგვიხადონ, ორივეს ამოგვიცნობს! ვეღარ გაძღა, შენი გაღორებული, გულ-მუცელი?!
- მაგათგან აღარც ველოდები, ეგ არც მიფიქრია, მაგრამ აი, საზღვრებს მიღმა, უფრო მეტიც ეღირება!
- ქალო, საზღვარზე გადაყვანას ეხუმრები შენ?!
- ვნახოთ!
- რა, ვნახოთ?! მოიშორე-მეთქი თავიდან და მორჩა! - კაცმა წამით იყუჩა. - შენ არც გაძალებ, მე თვითონ ვიზამ!
ნეტა რა უნდა ექნა, ამ საზიზღარ კაცს ისეთი, რომ იმ ქალს არ შეეძლო? ამ ფიქრებში ჩაეძინა დიმეოს, მაგრამ გვიან ღამით, ვიღაცის ხელის შეხებამ გააღვიძა. ქალმა ყურში უჩურჩულა. ადექი ჩქარა, მივდივართო.
ბევრი იარეს თოვლსა და ქარბუქში და როგორც იქნა, გამთენიისას, ერთ სახლს მიადგნენ. შუახნეს გადაცილებული მასპინძელი ქალი თბილად შეხვდა, გულშიც კი ჩაიკრა გათოშილი ბავშვი. ახლავე დაგანაყრებთო და სამზარეულოშიც დატრიალდა. „კეთილმა დეიდამ“ კი დრო იხელთა და დიმეოს უჩურჩულა.
- თუ გინდა რომ გადავრჩეთ და კარგად დავიმალოთ, შენ ჩემს შვილად უნდა გაგასაღო.
- გასაღება, რა არის? - ვერ მიუხვდა პატარა.
- ვითომ, ჩემი შვილი ხარ, ქმარი გვცემდა და გამოვიქეცით სახლიდან. - ქალმა ნატკენ შესიებულ ლოყაზე ხელი მოისვა. - დროებით, შენი სახელიც უნდა დაივიწყო. რაღაც სხვა რამ უნდა დაგარქვა. შენ აირჩიე, თუ გინდა. მხოლოდ იცოდე, არც უნდა შეგეშალოს და არც უნდა დაგავიწყდეს! და როცა დაგიძახებ, უნდა მიპასუხო.
- მაშინ, ჩემს ნამდვილ სახელს უნდა ჰგავდეს. - წაიკვნესა ნაღვლიანად ბავშვი.
- ჰმ. კაი დაქოქილი ბიჭი კი ხარ ისე, შენც. - გაეღიმა ქალს.
- ამ ლამაზ ოქროს ბიჭს, რა ჰქვია. - დიასახლისმა ცხელ-ცხელი წვნიანი შემოიტანა. - ახლა სადილობის დრო არ არის, მაგრამ ცხელი წვნიანი გესიამოვნებათ, მერე კიდევ, იმდენ გემრიელობებს დაგიცხობთ, რომმმ. - დიმეოსთან ახლოს მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა. - რა გქვია, ჩემო პატარავ?
- მე, დდიი... დოტი! - მხიარულად წამოიძახა ბავშვმა. - დოტი, მქვია!
LEX. 2020 წლის 20 ივნისი, შაბათი.

No comments:
Post a Comment