Sunday, May 17, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 59)

59.
- მაინც, რა დარწმუნებული ხარ, რომ ნაღდად ის ქალი იყო? - ფიფომ, მოსუფთავებული თეფში,  გვერდით გადადო.
- ვიცი! - უკან არ იხევდა მიმი. - დარწმუნებული ვარ!
- კი მაგრამ, დღეს ვიღას უკვირს სუნამო? რა ფასიანიც არ უნდა იყოს, ყველაფრის შეძენა შეიძლება, სრულიად ადვილად და მარტივად!
- მაგაზე არ არის. - მიმი ფიფოს თეფშისკენ გაიწია. - დაგიმატო კიდევ?
პასუხად ფიფომ, მხრები აიჩეჩა.
- დამატება არავის გინდათ? - მიმიმ სტუმრებს გადახედა.
- ერთ პატარა ტოლმას კიდევ... - მოწიწებით გაუწოდა თეფში გალეომ.
- არა, მე არა! საკმარისია, გვიანია ისედაც. - გაუღიმა მოხუცმა.
- ფიფო, არც შენ?
- გავრისკავ, კიდევ ერთ ტოლმას. - მდარედ გაუღიმა ფიფომ. - და შენ, რატომ არ ჭამ? უგემრიელესია!
- კი, ძალიან გემრიელია და მეტი, აღარ მინდა. - წაიკრუსუნა მიმიმ. რაც შეჭამა, იმასაც ძალით ღეჭავდა და ისევ ფიფოს ხათრით, გემოს მაინც ვერ ატანდა.
- ასე ხელაღებითაც არ შეიძლება დაბრალება. - დაიწყო მოხუცმა. - კარგი და, არაფერ შუაში იყოს და მერე? ესეც ხომ უნდა გაითვალისწინო?
- მეც მაგას არ ვამბობ?! და მიმი კი, ჯიუტობს! - კვერი დაუკრა ფიფომ.
- მივიდეთ, დავაკავოთ და მერე აღმოჩნდეს, რომ არაფერ შუაშია... - ჩაერია გალეო, თუმცა მიმიმ გააწყვეტინა:
- ჯერ უნდა იპოვნოთ, რომ დაიჭიროთ, მაგრამ როგორ თუ არაფერ შუაშია? - გაწიწმატდა მიმი. - განა მაგ ქალის წყალობით არ გახვედით ბიჟუზე და მთელი სინდიკატიც აღმოაჩინეთ? თუ ასე მალე დაგავიწყდათ?
- არა, მიმი ჯერ, რა დროს დავიწყებაა? - შეეპასუხა ფიფო.
- მაგაში, მართალი ხარ. - დაემოწმა დეტექტივი. - დიახაც, სწორედაც რომ მაგ ქალის წყალობით აღმოვაჩინეთ ბიჟუს მთელი ბუნაგი, რომელზედაც საერთოდ წარმოდგენაც კი არ გვქონდა!
- და აბა, მე რას ვამბობ? - კოპები შეკრა მიმიმ. - თქვენ კი, ასე არა, ისე არაო, გაიძახით!
- მიმი! მიმი! მიმი! - გააჩუმა ფიფომ. - ჩვენ მხოლოდ, მას ნარკობიზნესზე შეიძლება პასუხი ვაგებინოთ, რადგან ამის, არა ერთი დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს, მაგრამ ბავშვის გატაცებაზე, ერთი არგუმენტიც კი არ მოგვეპოვება, რომ ზუსტად, ეგ ქალია ჩარეული!
- როგორ არ გვაქვს? - უკან არ იხევდა მიმი. - ნუთუ, ოდნავადაც მაინც არ შეგეპარა ეჭვი, რომ...
- ეჭვები კი, მეც მაქვს. - გააწყვეტინა ფიფომ. - მაგრამ როგორ დავამტკიცო? შენც ხომ კარგად იცი, რომ ასე ცარიე სიტყვაზე მტკიცებას, აზრი არ აქვს! თუ, რა? გამოვიდე სასამართლოზე და ის ვილაპარაკო, მჯერა და ვერ ვამტკიცებო? თუ, მიმის სუნამოს არომატი ეცნო და მისი ცხვირი, არასდროს ცდებაო?
- აბა მოწმეები რომ არიან ხოლმე, თვითმხილველნი? - არ შეეპუა მიმი. - განა სხვა დამამტკიცებელი საბუთი აქვთ, საკუთარი თვალით ნანახის მეტი?
- ნუ, ჰო! - გაეცინა ფიფოს. - თვალს უჯერებენ და ცხვირს არა.
მიმი მოიბუზა. ფიფოს არაფერი უპასუხა და ყურები ჩამოყარა.
- ისე ჩემს დროს, მართლაც იყო, რომ ერთი სუნამოთი, თვალდახუჭულიც კი იცნობდი ახლობელს. - დაიწყო მოხუცმა. - მეტი არც ჰქონდა და ამოჩემებაც იყო, შეიძლება მიჩვევაც, ან სხვას ვერ შოულობდა, მაგრამ ახლა კი, სხვა დროა. ერთი ღილაკის დაჭერა და სახლშიაც მოგიტანენ.
- მეც მაგას არ ვამბობ? - დაუდასტურა ფიფომ. - მიმიმ კიდევ აიჩემა.
- ზედმეტად დახვეწილი ქალია. - შეეპასუხა მიმი. - უფრო სწორად, კარგად გაუგო გემო დახვეწილობას, მანერებს, პომადისა და პარფიუმერიის შერჩევას. მე თქვენ პარფიუმის ტიპზე გესაუბრებით, თქვენ კი, სუნამოო აგიჩემებიათ.
- შენ თვითონ აიჩემე, სუნამო ვიცანიო. - შეეპასუხა ფიფო.
- მე თვითონ ვურჩიე! - წამოიძახა მიმიმ. - როდის, რომელ სეზონზე და რომელ ტანსაცმელზე, როგორ მაკიაჟზე. რომელი და როგორი, პომადის ფერის მიხედვით, სეზონზე! ამინდზე! - მიმის ხმაში, ცოტა ისტერიკაც შეერია და ფიფოს ზურგი შეაქცია.
- ეჰ, მიმი, მიმი. - ჩაეცინა ფიფოს. - იქნებ, ეგ დიდი სიბრძნე, შენს გარდა სხვებმაც, რომ იცოდნენ არ შეიძლება? - ამოიხვნეშა ფიფომ. - იქნებ, სულ სხვამ ურჩია და სულ სხვას?
- როგორ არ შეიძლება, მაგრამ ხომ არის, არა? რაღაც, შეგრძნება ან უკვე, აღარ ვიცი. - მიმიმ მოწყენილად გააქნია თავი. - არ ვიცი, უკვე აღარ ვიცი.
- მარტო შეგრძნებებით, ვერც ვერაფერს დავაბრალებ და ვერც ვერავის დავიჭერთ! - დაუმატა გალეომ.
- მაგრამ ნამდვილად რომ ქალი იყო, ეს ხომ ფაქტია?! - უკან არ იხევდა მიმი.
- ფაქტი? - ჩაეკითხა ფიფო. - აბა, ფაქტი?
- ქალის და კაცის სუნამოს, მაინც ვარჩევ! - მიმიმ ამაყად ასწია ცხვირი. - ეს არის ჩემი ფაქტი!
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მიმის ფაქტი და ისევ ნული არგუმენტი.
- რატომ, ნული? - არ სთმობდა მიმი.
- იმიტომ რომ სუნამო, არანაირ არგუმენტად არ გამოდგება! - უპასუხა ფიფომ. - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუნამოს ფლაკონზე, ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები აღმოჩნდება, ხოლო რაც შეეხება სურნელს, ეს არანაირ არგუმენტად არც გამოდგება და მისი მტკიცება კი, სასაცილოდაც არ ეყოფათ!
- და იქნებ კაცმა დაისხა, იმ ქალის სუნამო? - იკითხა გალეომ, რასაც ფიფოს ქირქილი მოჰყვა.
- კაცს რატომ უნდა დაესხა? - კვლავ ეღიმებოდა ფიფოს. - აი, მიმის სუნამო, მე რატომ უნდა დავისხა? თუ ჩემი არ მაქვს, ნუ მაქვს, მაგრამ ქალის სუნამო, რატომ უნდა დავისხა?
- იქნებ, მოსწონს? - ახლა გალეო აღარ იხევდა უკან. - შენ წარმოიდგინე, ძალიან ბევრ ქალს მოსწონს მამაკაცის სუნამო და ხშირადაც იყენებს.
- კი, მართალია. - დაემოწმა მიმი.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - რაღაც არ მახსენდება, რომ მიმი, ჩემს სუნამოს ისხამდეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მირჩევს და თავად ყიდულობს ჩემთვის.
- ალბათ, არ დამჭირვებია და მაგიტომ. - უპასუხა მიმიმ. - ჩემიც ბევრი მაქვს!
- ისე, შენ რა იცი? - ფიფო ახლა გალეოს მიუბრუნდა. - ყველა შენი ქალი, შენს სუნამოს ხმარობდა?
ყველას გაეცინა.
- შენს ნაჩუქარ სუნამოს, ვუფრთხილდები და სააბაზანოში არ ვტოვებ. - უპასუხა გალეომ და ახლა, უფრო მეტი სიცილი მოჰყვა მის სიტყვებს, თუმცა მიმიმ, გაცინებისთანავე უფრო მეტად მოიწყინა.
- და იქნებ სულაც, სუნამოს გარდა, კიდევ სხვა რამემაც მიგანიშნა და ამიტომაც გვიმტკიცებ ასე თავგამოდებით? - ფიფომ მიმის გადახედა. - ჰა, მიმი?
მიმი ჩაფიქრდა.
- იქნებ, უფრო კარგად გაიხსენო? - ჩაეკითხა ფიფო. - შეეცადე, აბა?
- კი, ნამდვილად ქალი იყო! ნამდვილად! - მიმი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
რამდენიმე წუთს დუმილი ჩამოვარდა. ყველა მიმის მისჩერებოდა და ელოდნენ, იქნებ კიდევ რამე გაეხსენებინა.
- ფეხსაცმელი... - წაიჩურჩულა მიმიმ. - მისი ფეხსაცმელი!
- ჰმ. - ჩაეცინა ფიფოს. - წვრილ ქუსლზე, თუ „ტანკეტკაზე“? მოტოციკლეტს, ნეტა მართლა, რომელი მოუხდება?
- არა, არა! - თავი გააქნია მიმიმ. - ზომა ვიგულისხმე.
- აუჰ. - უკმაყოფილოდ შესძახა ფიფომ. - ზოგიერთ ქალს, მამაკაცის ზომა ფეხსაცმელი სჭირდება და ასევე, ზოგიერთ ჩია მამაკაცს, სულაც მოზარდზე უფრო პატარა ფეხი აქვს და როგორ გავიგოთ ახლა?
- ესე იგი, ისევ უარგუმენტოდ ვრჩებით? - წაიკვნესა მიმიმ.
ფიფომ თავი ჩაქინდრა.
- და ამდენი დამთხვევა? - მიმის ხმაში სასოწარკვეთილება გაისმა. - ნუთუ მართლა, არაფერს ნიშნავს?
ფიფოს თავი არ აუწევია, ისე გააქნია უარის ნიშნად.
რაც უფრო მეტს საუბრობდნენ ამ თემაზე, მით უფრო რწმუნდებოდა ფიფო, რომ მიმი, მართალი იყო და ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა, ყველა სხვა დაუსაბუთებელი ვერსია, ბოლომდე გამოერიცხა. საიდან არ მიუდგა, სად არ გავიდა, მაგრამ მიმი, მაინც ჯიუტად და უცვლელად ასახელებდა, ის ქალი იყოო.
- ამდენ ქაქანში, ჩემი ტოლმაც გაცივდა. - ფიფომ საუბრის გადატანა სცადა, რადგან ატყობდა მიმი, ასე ადვილად არ დათმობდა თავის ვერსიას.
- ახლავე შეგიცვლი. - წამოხტა მიმი. - სუფრაზე სპეციალურად არ დავდგი, მალე ცივდება, ქვაბშივე ჩავტოვე გაზზე. - აქაქანდა მიმი. - თანაც რამდენია, სახლში, არაფერი დაიტოვეთ? - მდარე ღიმილით გადახედა მოხუცს.
- ჩემი ქალი მარხვაზეა და ჩემი წილიც, აქ მივირთვი. - უპასუხა მოხუცმა.
- ჰმ, თვითონ მარხვაზეა და ხორციან საჭმელს კი, მაინც ამზადებს? - გაუკვირდა მიმის.
- მიჩვეულია უკვე, წლებია ასე იქცევა. მე კი ვერასდროს მოვაბი თავი, ვერც მარხვას და ვერც...  ალბათ, სიკვდილის წინ თუ მოვასწრებ და ვიტყვი აღსარებას და ვეზიარები, თორემ ისე... - ხელი ჩაიქნია მოხუცმა.
- დაიცა, რა დროს მაგაზე ლაპარაკია? - უსიამოვნო საუბარი შეაწყვეტინა ფიფომ. - თქვენს იმედზე ვტოვებ მიმის მთელი დღის განმავლობაში და გულიც დამშვიდებული მაქვს.
- ჰო, მაგრამ რომ ვერ გავამართლე მაინც? - უპასუხა მოხუცმა.
- მაინც, გავიპარე, არა? - ნაღვლიანად ჩაეღიმა მიმის.
- თვალსა და ხელს შუა! - დაუმატა ფიფომ. - ერთიც დამიმატე მიმი და მეყოფა.
ფიფოს თეფშზე ამოღებულ ტოლმას, ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა.
„ისე მართლაც, რა გემრიელს ამზადებს ის ქალი. სრულიად განსხვავებული გემოთი.“
გაიფიქრა ფიფომ და ის ძველი დრო გაახსენდა, როცა პირველად გასინჯა ტარხუნიანი ტოლმა და ისიც ამ ქალის ნახელავი.
- აი! - უცებ წამოიძახა მიმიმ. - ამიტომაც იყო, რომ დიმეო, მომღიმარი სახით ჩაუჯდა მანქანაში!
- რაა? - ჩაეკითხა ფიფო.
- იცნო და იმიტომ! - უპასუხა მიმიმ. - დიმეო, მანქანაში უცხოს, ასე ადვილად არ ჩაუჯდებოდა! ადვილად კი არა, საერთოდ არ ჩაუჯდებოდა! ის ქალი იცნო და იმიტომ ჩაჯდა! - დაასრულა მიმიმ, უკვე აღფრთოვანებული სახით.
ფიფოს მიტკლისფერი დაედო. ძლივს შესძლო ლუკმის გადაყლაპვა, რომ უკან არ გადმოეფურთხებინა. ცივმა ოფლმა დაასხა და ისეთი ძალით მოუჭირა ხელი ჩანგალს, რომ მაჯა აუკანკალდა. მიმის არაფერი შეუნიშნავს. აგიზგიზებულ ბუხართან მოკალათებული, თავისი ვერსიის სიმართლეში კიდევ უფრო დარწმუნებული, ისეთი გაბრწყინებული ემოციებით ხსნიდა ამ ახალ აღმოჩენას, რომ თითქოს ბავშვი, უკვე მართლაც ნაპოვნი ჰყავდათ და იმასაც ამტკიცებდა, აი ხომ ვამბობდი, კამერაშიც ჩანდა ბავშვი უღიმოდაო და თქვენ კი, არ დამიჯერეთო.
არც მოხუცს შეუმჩნევია რამე, ისიც მიმისთან ჩართული საუბრობდა და რადგან მიმის, საკუთარი ვერსია, ბევრად უფრო სიმშვიდეს გვრიდა, ისიც თავს უკრავდა, ჰო, შეიძლება მართალიც ხარო.
მხოლოდ, გალეომ შენიშნა ფიფოს ასეთი აღელვება და მაშინვე მიხვდა რატომაც. სასოწარკვეთილი თვალებით, ფიფოს მიაჩერდა. ზედმეტი სიტყვები, საჭირო აღარ იყო, უხმოდ მიუხვდნენ ერთმანეთს, რომ საქმე ბევრად, ბევრად უფრო ცუდად იყო. დაუწერელი კანონის თანახმად, თუ კი გატაცებული, მისი გამტაცებლის სახეს დაინახავდა, ხშირ შემთხვევაში მას ცოცხალს არ დატოვებდნენ და ამ შემთხვევაში სახეზე კი არა, ბავშვი პირადად იცნობდა იმ ქალს.
გალეომ აკანკალებულ მაჯაში ჩაავლო ხელი და რაც შეიძლებოდა, დაბალი ხმით წაიჩურჩულა:
- შენს გვერდით ვარ! მიმიფურთხებია ყველა კანონისთვის!
ფიფომ არაფერი უპასუხა და ხელი გაითავსუფლა მისგან.
- მიმის ჯერ, ნურაფერს აგრძნობინებ. - განაგრძო გალეომ. - წინასწარ, ნუ შეუქმნი პანიკას. ვფიქრობ, ჯერ კიდევ...
- რა, ჯერ კიდევ? - კბილებში გამოსცრა ფიფომ. - რა, კიდევ? - ახლა უფრო ხმამაღლა მოუვიდა და მიმიმაც ყურები ცქვიტა.
- იყავი მიმი, მე ავალაგებ, უკვე ზედმეტადაც მოვშინაურდი. - გალეო სწრაფად წამოხტა, რომ მიმი ახლოს არ მოეშვა და მთელი ტანით დაეფარა ფიფოს, რომელიც ჯერ კიდევ, გაფითრებული სახით იჯდა.
- ფიფო, ახლა შენ უნდა იმარჯვო! - უჩურჩულა დაბალი ხმით. - შენი ბოღმა და მიმის პანიკა, არაფერში გვარგებს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვა, ქვაზე არ უნდა დავტოვოთ! და მე მარტო, ამას ვერ ვიზამ! აიყვანე თავი ხელში, სანამ მიმის შეუმჩნევია!
ფიფომ ცარიელ ბოთლს გახედა.
- ახალი დამისხი! - არც შეუხედავს გალეოსთვის, ისე უბრძანა.
- არ გინდა ახლა, ამდენი დალევა. მთელი ბოთლი შენ მარტომ გამოცალე. პირიქით, ახლა უფრო მეტად უნდა იყო ფხიზლად!
- ფხიზლად ვარ! მაინც არ მეკიდება!
- ჰოდა, მით უმეტეს!
ფიფომ დაცვარული სახე მოიწმინდა და წამოდგა.
- რას აპირებ? - იმდენად ხმამაღლა მოუვიდა გალეოს, რომ მიმიც და მოხუცი სტუმარიც, ფიფოს მიაჩერდა.
- ტუალეტში შესვლას ვაპირებ! - გამოაცხადა ფიფომ. - შეიძლება?
- გვიანია უკვე. - უხერხული სიტუაცია გაფანტა მოხუცმა. - თქვენც მოსვენება გინდათ. ხვალ გოზინაყს და ცოტა საცივსაც და სხვა რამეებსაც მოგაწვდით და არც დიდ ხანსაც აღარ მოგაწყენთ, დილიდანვე შემოგაწოდებთ. აი, გალეო როგორც კი მომაკითხავს...
- ვაიმე, არ გინდათ რაა, ნუ წუხდებით და ან საერთოდ, რამეგოზინაყება. - აწრიპინდა მიმი.
- დიმეოს ძალიან უყვარს! ჰოდა, შენც ვალდებული ხარ, დაახვედრო სუფრაზე ის, რაც ბავშვს უყვარს და აი ნახავ, როგორ მალე დაგიბრუნდება. - დააიმედა მოხუცმა.
- კი, დიმეოს უყვარს... ძალიან უყვარს... - წაიჩურჩულა მიმიმ.
- მეც მოვდივარ და გაგიყვანთ. - მიმართა დეტექტივმა მოხუცს, თუმცა სულაც არ უნდოდა ახლა ფიფოს დატოვება. - ხვალ მეც შემოგირბენთ, ჩემები გოჭს წვავენ და მოგაწვდით, დედაჩემის გაკეთებულ გოზინაყსაც და შევადაროთ აბა, ვისი აჯობებს.
- კარგი, რაა. - მიმის მდარედ გაეღიმა. - შენ მაინც ნუღარ წუხდები, ვინ არის აქ ახლა, გოჭებისა და საცივების შემჭმელი?
- ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც წესია! - მხარი აუბა მოხუცმა დეტექტივს.
- მხოლოდ ნაძვის ხის აწყობას მაინც, ნუღარ მომთხოვთ! - მიმის ცრემლები გადმოსცვივდა. - დიმეს ძალიან უყვარდა აწყობის პროცესი, მერე კი, ზედაც აღარ უყურებდა.
- მიმი! - შეუძახა გალეომ. - უყვარდა კი არა, უყვარს! - თან თვალი ტუალეტის კარისკენ გააპარა. ჩანდა ფიფო, ჯერ კიდევ გამოსვლას არ აპირებდა.
ცოტა ხნით, დუმილი ჩამოვარდა.
- რას აკეთებს ამდენ ხანს? - შეწუხებული ხმით იკითხა მიმიმ, რადგან ფიფო უკვე მართლაც დიდ ხანს აღარ ჩანდა.
- ძალიან ბევრს სვამს და... - გალეომ ვითომ დაამშვიდა, თუმცა ისიც საგონებელში იყო ჩავარდნილი.
- სწორედ მაგას ვგულისხმობ! ცუდად ხომ არ გახდა? - მიმი აღარ დაელოდა პასუხს და ტუალეტის კარზე ბრახუნით, ფიფოს მოუხმო.
ფიფომ როგორც იქნა, გააღო კარი. მთელი თავი და პერანგი მთლიანად სველი ჰქონდა და იქაურობაც, სულ წყლით იყო მოწუწული.
- ცუდად ხარ? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა მიმიმ.
- უკვე კარგად ვარ, გადამიარა. - ფიფომ მიმის თვალი აარიდა. - უცებ მომეკიდა და ცივმა წყალმა ცოტა აზრზე მომიყვანა.
- წადი, გამოიცვალე, სველი ხარ! გაცივდები. - მიმის აღარც შეუხედავს ისე შეუდგა იქაურობის მოსუფთავებას.
- დავრჩები მე და...
- არა! არა! არა! - შეაწყვეტინა ფიფომ გალეოს. - მარტო მინდა ყოფნა! - ახლა უფრო ხმამაღლა მოუვიდა, მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - მაპატიეთ.
- კარგი, გავალთ, ჩვენ. - გალეომ მოხუცს გახედა და მანაც თავი დაუქნია, სჯობს წავიდეთო. - ფიფო, აბა შენ იცი, ახლა. - მაჯაზე მოუჭირა ხელი გალეომ. - მხნედ იყავი და...
ფიფომ ცივად გააშვებინა ხელი და საძინებლის კიბეს აუყვა.

***
უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მიმიმ ფიფოს საძინებლის კარი რომ შეაღო და იქვე გაჩერდა.
- არ მძინავს. - დაასწრო ფიფომ, ისე რომ არც გადმობრუნებულა და აცრემლებული თვალები ბალიშითვე მოიწმინდა.
- გაცივდი? - წაიჩურჩულა მიმიმ დაბალი ხმით.
- არ ვიცი.
- რაღაც ცუდად ქსუტუნებ.
- ჰო, ალბათ. - მიუგო ფიფომ და მიმისკენ გადმობრუნდა.
- ცხელი ჩაი მოგიტანო?
- არ მინდა. ჩამოვალ მერე.
- კარგი. - წაიწრიპინა მიმიმ. თითქოს გასვლა აპირებდა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა.
- რა იყო? - ფიფომ თავი წამოსწია.
- არა. არაფერი. - დაბალი ხმით მიუგო მიმიმ.
- ვერ იძინებ?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- გინდა, აქ დაიძინო? - ფიფო მიუხვდა, მიმის მარტო დარჩენა უჭირდა.
მთელი ის პერიოდი, რაც ბავშვი იყო გატაცებული ორივენი ბუხართან, დივანზე ათენებდნენ ღამეს, ახლა კი ჩანდა, მიმი მარტო ვერ ჩერდებოდა.
- არ შემიძლია ძილი.
- ჰო, არც მე მძინავს.
მიმიმ მხები აიჩეჩა და არაფერი უპასუხა. მერე ზურგი შეაქცია და დაბალი ხმით, მაგრამ ფიფოს გასაგონად ჩაილაპარაკა:
- ჩავალ, ჩაის დავადგამ.
ფიფოსთვის უკვე გასაგები გახდა, მიმის არც მარტო ყოფნა უნდოდა და ვერც თავის და ვერც ფიფოს საძინებელში, ვერ მოისვენებდა.
- ჩამოვალ ახლავე! - მიაძახა ფიფომ და წამოდგა. ისევ ცივ წყალს შეუშვირა სახე. სარკეს თვალი ვეღარ გაუსწორა, საშინელი სანახავი იყო. უპეები ამოშავებული და დაბერილი ჰქონდა.
- გამაგრდი ფიფო! - შეუძახა თავს. - და აჩვენე მართლაც, რას ნიშნავს თავზე ხელის აღება! ომი გინდათ? მიიღებთ!
ფიფო ქვემოთ ჩავიდა. მიმი ჩამქრალ ბუხარს უჩხიკინებდა.
- გამოდი, მე დავანთებ!
- ჩაი დაგისხა? - შესთავაზა მიმიმ.
- ჯერ არ მინდა. - მშრალად მიუგო ფიფომ.
ერთხანს ისხდნენ, ასე უხმოდ დივანზე და აგიზგიზებულ ბუხარს შეჰყურებდნენ. მიმის თითქოს, უფრო გულზე მოეშვა, ბავშვი უცხოსთან არ არის და რატომ უნდა მოექცეს ის ქალი ცუდადო. ფიფოს კი პირიქით, გული გახეთქვაზე ჰქონდა და შურისძიების გეგმებზე ფიქრობდა.
„არავის დავინდობ! აღარავის! ყველას ერთმანეთზე გადავადუღებ! ხან ამაზე გამაჩუმეს, ხან იმაზე მომთაფლეს და თანამდებობითაც... “
მაგრამ ვინ იყო, ეს ყველა? რამდენი იყო? ერთადერთი კვანძი, მხოლოდ ბიჟუ ჩანდა და რაც შეეხებოდა იმ კაცს, რომელმაც ქირურგს, იმ ბუნაგის შესასვლელი უჩვენა, საერთოდ არც ფიგურირებდა და არც კი ჩანდა იქაუობისთვის, მართლა ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ჩვეულებრივ, რიგითი სტუმრის სტატუსით, ძალიან ადვილად გამოძვრა, თუმცა ფიფოს უკვე, თავის გონებაში, მონიშნული ჰყავდა და დეტექტივისთვისაც, ახალი დავალების მიცემა იყო საჭირო, ყველაფერი უნდა გაერკვია მასზე, მაგრამ ახლა გვიანი იყო, ისედაც მთელ დღეებს ფიფოს გვერდით ატარებდა და ცოტა მოსვენებაც ხომ უნდოდა ბიჭს.
უეცრად კარზე, ზარი გაისმა. ორივე ადგილზე შეხტა. შემცბარი სახეებით ერთმანეთს გადახედეს და ვერც ერთი ვერ იძვროდა ადგილიდან. ზარი კვლავ განმეორდა. მიმიმ ახლა უკვე, ვედრებით შეხედა ფიფოს.
- მე გავაღებ! - ფიფო წამოიწია. - იჯექი, შენ.
ნეტა ვინ უნდა იყოსო, გაიფიქრა ფიფომ. გალეო ნამდვილად არ იქნებოდა, ასე გვიან უკითხავად, ასე არც დააფრთხობდა. აუცილებლად, წინასწარ დარეკავდა, ან მესიჯს მაინც მისწერდა.
კარის გაღებისთანავე, ფიფო სახტად დარჩა, როცა ზღურბლზე მდგარ ახალგაზრდაში, ბიჟუს ადვოკატი შეიცნო. ფიფო ისე დაიბნა, რომ ვერც სახლში შემოიპატიჟა და თითქოს, გზასაც არ უთმობდა.
- შეიძლება? - მოკრძალებით იკითხა ახალგაზრდამ.
ფიფო კვლავ გაოგნებული შეჰყურებდა და ადგილიდან არ იძვროდა.
- მომიტევეთ, ასე გვიან რომ შემოგეჭერით, მაგრამ აქ სადარბაზოში, რთული იქნება საუბარი.
LEX. 2020 წლის 17 მაისი, კვირა.

No comments:

Post a Comment