Sunday, January 19, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 40)

40.
თენდებოდა. ფიფოს საწერ მაგიდასთან ჩასძინებოდა. მიმი ფეხაკრეფით მიუახლოვდა. სანამ ფიფოს მშობლები გაიღვიძებდნენ, უკვე ყავის მომზადებაც მოესწრო და ახლა ცდილობდა, ქაღალდებით სავსე მაგიდაზე ყავის დასადებად, პატარა ადგილი გამოენახა.
მოულოდნელად, მიმის თვალს, ქირურგის გვარი მოხვდა. სწორედ ამ გაშლილ საქაღლდეზე ედო თავი ფიფოს და გემრიელად ფშვინავდა. მიმი ფურცლის ფრთხილად გამოძრობას შეეცადა, მაგრამ ფიფოს შეეღვიძა. მიმიმ უკან დაიხია.
- მმმ... რა გემრიელი ყავის სურნელია. - ამოიზმუვლა ფიფომ და თვალების უკეთ გახელას შეეცადა. მერე დამფრთხალ მიმის მოავლო თვალი. - რომელი საათია?
- ჯერ ადრეა. - წაიჩურჩულა მიმიმ. - ძალიან ადრეა.
- და რაღას წამოხტი, მერე? - ფიფომ ფინჯანი ახლოს დაიდგა. - ჩემი ყავისთვის ადექი, ამ სიცივეში? - გულში საშინლად გაუხარდა, მაგრამ შეეცადა, რომ მიმისთვის, ზედმეტი სითბო და მზრუნველობა, აღარ გამოეხატა.
- ჩემთვისაც მოვიმზადე. - მიმი თითქოს, თავს იმართლებდა.
- მერე შეწექი და ისე დალიე. - ფიფო პლედში კარგად გაეხვია და ცხელი ყავაც ესიამოვნა. 
- ასე ძალიან, რატომ ცივა აქ? - მიმი კვლავ საწოლში შეწვა და ყავის ფინჯანს, ორივე ხელი ჩაავლო. - ეს ოთახიც ძლივს თბება, არადა მთელი ღამე, გამათბობელი კი იყო ჩართული.
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- როგორც მახსოვს, მაშინ კაპიტალური რემონტის დროს, გამათბობლის სისტემა მთლიან სახლზე იყო დამონტაჟებული და რატომ არ თბება? იქნებ, დაზიანდა და გამოსაცვლელია?
- არც გამოსაცვლელია და არც დაზიანებულია. - უპასუხა ფიფომ. - შეგნებულად არ უნდათ, რომ ჩართონ. მარტო თავიანთ საძინებელს ათბობენ. სასადილო ოთახი კი, ისედაც სამზარეულოდან თბება. ამდენი ზედმეტი ხარჯი, არ გვჭირდებაო და აი, ჩვენც კი გაგვყინეს აქ. - ჩაეცინა ბოლოს.
- შენ უნდა გადაუხადო კომუნალურები, ხომ ხედავ, რომ დღეს პენსია, საკმარისი არ არის.
- და აბა, ვინ იხდის? - ფიფო წამით გაყუჩდა. - ისე კი მიკვირდა, გადასახადები ასე ცოტა, რატომ იყო.
- ჰოდა, ახლა აიძულე ჩართონ წესიერად გათბობა და შეგიძლია უთხრა, რომ უკვე წინასწარ გაქვს გადახდილი, გამორთვას აზრი არა აქვს, ან რა ვიცი, მოიფიქრე რამე.
- ჰო, მოვიფიქრებ რამეს. - ფიფო გაიზმორა. - შხაპის მიღება მინდა, თან ძალიან მშია, თან ცოტასაც წავიძინებდი.
- ჯერ შხაპი მიიღე, მერე სანამ ცოტას გამოიძინებ, მანამდე გემრიელ საუზმეს მოვამზადებ ან ჯერ ბარემ, ისაუზმე და მერე გამოიძინე.
- აჰა. - გაეცინა ფიფოს. - წამებში მოაგვარა საქმე. - ფიფომ კარადა გამოაღო. - პირსახოცი, შენც გინდა? იკადრებ ჩვენს აბაზანაში შესვლას? - ფიფოს ირონიულად ეღიმებოდა.
- ვაიმე, არააა. - მიმის შეაჟრჟოლა. - იქაც ისე ყინავს.
- ჰო, იქაც ცივა. ჯერ ცოტას, ორთქლით გავათბობ და მერე შევალ.
- მანამდე, საუზმეს მოგიმზადებ.
- იყოს არ გინდა. ვიცი, რაც იქნება. ესენი მარხვაზე არიან და გამხეთქეს გუშინ, შემწვარი კარტოფილითა და დაკონსერვებული აჯაფსანდალის ჭამით. დღეს ლობიო იქნებაო, იგივე მდგომარეობაში. - ეცინებოდა ფიფოს. - ჰო, ისე თაფლი და ლიმონი კი არის, ჩაიზე მშვენივრად წავა.
- მაშინ გავალ და რამეს ამოვიტან. - მიმი წამოდგა. - ალბათ, იქნება უკვე ღია ან მარკეტისკენ ჩავალ.
- კაი, იყოს, არ გეზარება?
- მეც მომშივდა და ბავშვიც რომ გაიღვიძებს, რძის ნაწარმს მაინც ამოვუტან.
- ისე, ჰო. - დაეთანხმა ფიფო. - ცოდოა ბავშვი, ლობიოთი ხომ არ გავხეთქავ. ხაჭაპურს კი გამოვაცხობინებ, ყველი თუ აქვთ მაინც. ან ლობიანებს.
- ჰოდა, ყველსაც ამოვიტანდი. დიმეოს დილით, ცხელი შოკოლადი უყვარს, ბარემ მოვუტან.
- ბეკონის ნაჭრებსაც თუ მოაყოლებ, კარგი გოგო იქნები.
- კარტოფილი?
- კარტოფილი არის კი, ხახვიც და მასეთებიც! შენ მხოლოდ რძის ნაწარმი და ბეკონის ნაჭრები წამოიღე დილის სენდვიჩებისთვის, მერე ბავშვს კარტოფილსაც შევუწვავთ, ნუ გეშინია, აქ არ დავტოვებთ მშიერს.
მიმი გასვლას აპირებდა და თან ფეხს ითრევდა, ერთი სული ჰქონდა გაეგო, რატომ ჩიჩქნიდა ფიფო ქირურგის უკვე ძველ, ჩავლილი ტრაგედიის ამბებს, მაგრამ ფიფოც თითქოს, მიმის წასვლას ელოდა და მის ჯიბრზე, სააბაზანოში შესვლას აჭიანურებდა.
მიმი მალევე დაბრუნდა და მაშინვე თვალი საწერ მაგიდას შეავლო, მაგრამ ფიფოს ყველაფერი მოეწესრიგებინა და ერთი გაშლილი საქაღალდეც კი აღარ იდო უკვე მაგიდაზე.
ჩვეულებრივ ისაუზმეს. ფიფოს ქირურგი, არც ახლა უხსენებია. ბავშვსაც ისე გვიან გაეღვიძა, რომ უკვე სადილობის დროც მოსულიყო. სადილმაც ჩვეულებრივ ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული. რამდენიც მიმიმ ბავშვს ხელი მოჰკიდა და წასვლა დააპირა, იმდენი დედმთილ-მამამთილმა, დარჩით-დარჩითო, მიმიც უხერხულად იწურებოდა და ფიფოც მშვენივრად ამჩნევდა, რომ მიმის, სულაც არ უნდოდა იქიდან წასვლა.
საღამო იწურებოდა. უკვე მიმის მართლა უნდა გადაეწყვიტა, რჩებოდა თუ მიდიოდა სახლში. საბოლოო სიტყვა მაინც, კვლავ ფიფოს ეკუთვნოდა. ის კი ხმას არც იღებდა. იჯდა თავის საწერ მაგიდასთან თავჩარგული და ვითომც ღია კარშიც არ ესმოდა, რა ხდებოდა სასადილო ოთახში. 
ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, ბოლოს მიმიმ წასვლა გადაწყვიტა. ბავშვს არ უნდოდა, მაგრამ დედამ რაღაც უთხრა ყურში, დიმეო სიხარულით დათანხმდა. ფიფომ მანქანამდე მიაცილა, ბავშვი მაგრად ჩაკოცნა და მანქანის კარი მიუხურა. ახლა მიმის ჯერი იყო, მისთვისაც უნდა ეთქვა რაღაც, დამშვიდობებოდა მაინც. 
- ნახვამდის. - მიმიმ ცალყბად გაუღიმა და მანქანის კარი გამოაღო.
- მიმი! 
ფიფოს ხმაზე, მიმი შეჩერდა. 
- მე არ დავბრუნდები. - უთხრა ფიფომ და თვალი გაუსწორა.
მიმიმ არაფერი უპასუხა. ისე ჩაჯდა მანქანაში და ისე დაძრა ადგილიდან, ფიფოსკენ არც გამოუხედავს.
მანქანა უკვე რა ხანია თვალს მიფარებოდა, ფიფო კი ადგილად არ იძვროდა.

***
- ასე სასტუმროებში, როდემდე უნდა ვიაროთ? - ქალმა ამოიხვნეშა და ფიფოს მკერდზე მიეკრო. 
- აბა? ვიქირაოთ? - ფიფოს ხმაში, უკმაყოფილება გაისმა. - მერე იქ, ვინ მოგვემსახურება? ან აქ, რატომ გრძნობ ცუდად თავს? ალაგებ-დალაგება, შენ არ გეხება, ვახშამიც და დესერტიც ნომერში მოაქვთ და სხვათა შორის, არც ჭურჭლის რეცხვა გიწევს.
- ჰო, მაგრამ ამ ფასად, მთელი თვის ქირა დაიფარებოდა. მზა საჭმელს, რესტორნიდანაც გამოვიძახებდით და მეც მშვენივრად მეხერხება სამზარეულოში ტრიალი, ისეთ გემრიელ კერძებს ვამზადებ, როო... ნუ გეშინია, არ მოგწამლავ. - გაეცინა ბოლოს.
- მე არ მაწყობს და არც მინდა ბინის დაქირავება და შენ თუ გინდა, იქირავე მერე, რა პრობლემაა?
ქალი გაიბუსა, კარგად ვერ გათვალა ფიფოს ხასიათი და ძალიან ადვილად გაიშიფრა. ფიფოც მშვენივრად მიუხვდა, ქალი რასაც უმიზნებდა და პირდაპირ შეაგება სათქმელი.
- ვერ ვიტან, ღამით სხვაგან დარჩენას, წესიერად ვერ ვისვენებ და გამოუძინებელიც ვრჩები! - დაამატა ფიფომ.
- დედაშენთან, ხომ რჩები და ვიფიქრე, ბარემ ცალკე გვექირავა, თან ერთად.
- ხან სახლში ვარ, ხან ჩემებთან! და საერთოდ, რატომ მახსნევინებ? - ფიფო უკვე ბრაზდებოდა. - დედაჩემთან იმიტომ ვრჩები, რომ ცოტა ვერ არის კარგად და სხვათა შორის, მიმიც ხშირად რჩება იქ. - ფიფომ იცრუა. მიმი მხოლოდ ერთხელ დარჩა, მაგრამ ახლა ასეთი ტყუილის თქმა, საჭიროდ ჩათვალა და თვალიც არ დაუხამხამებია, ისე იცრუა.
მალე თვე შესრულდებოდა, რაც ფიფო სახლიდან წამოვიდა. ამ პერიოდში ქირურგს, რამდენჯერმე დაუკავშირდა. მიზეზი მარტივი და ბუნებრივიც იყო. ხან ბავშვი ასეირნეს ერთად, ხან კი ფიფომ, ახლობლის შვილებს გაუწია, ასევე ახლობელ ქირურგთან რეკომენდაცია. მიზეზი არ დაილეოდა, მაგრამ ფიფო მაინც ვერ ახერხებდა მისთვის საინტერესო საუბრის წამოწყებას, რამდენჯერაც დააპირა, იმდენჯერ თავი ვერ მოაბა, არც მეგობრის წყენინება უნდოდა და ვერც სხვანაირად გაართმევდა თავს. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ სულ თავისი საქმიანობის შესახებ ჩააგდებდა ხოლმე სიტყვას და მერე, ხან რას გადაწვდებოდნენ და ხან რას, მაგრამ ვერასდროს, ფიფოსთვის საინტერესო თემამდე, მაინც ვერ მივიდნენ. 
დილაობით, ბავშვი სკოლაში მიჰყავდა, მერე კი მიმის გამოჰყავდა. საღამოობით, აუზზეც ხვდებოდნენ ერთმანეთს. აუზიდან მიმის ფიფო, თავისივე მანქანით მიჰყავდა მშობლების სახლამდე. ყოველ პარასკევს, ბავშვი ფიფოს გამოჰყავდა სკოლიდან და ორშაბათამდე, თავისთან იტოვებდა.
ფიფოს დედა, რას არ ეცადა. ხან საიდან მიუდგა და ხან საიდან, მაგრამ ვერც ვერაფერი შეიტყო, ასეთი კარგი წყვილი, რისთვის დაშორდნენ ერთმანეთს. არც გაბუტულებს ჰგავდნენ, მშვენივრად საუბრობდნენ და ხუმრობდნენ კიდეც ერთმანეთში. 
- მიმი, რა კარგი გოგოა. - ისე ამოიხვნეშა ფიფოს დედამ, რომ ლამის, გულიც ამოაყოლა.
- და მერე, ვინ ამბობს, რომ ცუდია? - უპასუხა ფიფომ.
- ბავშვი, ცოდო არ არის? - განაგრძობდა დედა. - ხან იქეთ არის და ხან, აქეთ.
- რა ვიცი, ადრე შეჭმული გყავდი, ყოველ ორ დღეში ერთხელ, შვილიშვილი ნუ მომანატრეო და ახლა კვირაში სამი დღე აქ გყავს და მაინც კიდევ წუწუნებ?
- მე მინდა, რომ თქვენ შერიგდეთ!
- არც გვიჩხუბია. - მშვიდი ხმით უპასუხა ფიფომ.
- აბა? - არ ეშვებოდა დედა. - მიმი ისეთი სათნო და კეთილი გოგო ჩანს, რომ ვერც დავიჯერებ, რამე თუ დაგიშავა.
- მართალია! მიმი ძალიან კარგი გოგოა. - ჩაერია ფიფოს მამა.
- და მერე, ვინ ამბობს, რომ ცუდია?! - ფიფომ ხმას აუწია. - იქნებ მე ვარ ცუდი და საშინელი?! ჰა?!
- კარგი, შვილო, დაწყნარდი, რა მოგივიდა? - დაუყვავა მამამ. - დედას არ უნდა, რომ ოჯახი დაგენგრას, ამიტომაც რას არ ცდილობს.
- არ შეიძლება, რომ ცოტა ხნით, მშობლებთან ვიცხოვრო? თუ მაინცდამაინც, ბინა უნდა ვიქირაო, რომ ტვინი არ შემიჭამოთ?!
- რას ჰქვია, იქირაო? - ახლა მამამ იწყინა. 
- მიმი... - არ მოეშვა დედა. - და მერე როგორ არის შენზე შეყვარებული, იმავე ღამესვე მოგადგა აქ. ასე შუაღამით, ბავშვი ლოგინიდან წამოაყენა და ეს, შენი გულისთვის გააკეთა! ნუთუ, ვერ ხვდები?
- ხომ დაგეთანხმე უკვე, რომ მიმი, ძალიან კარგი გოგოა! და მორჩა! - ფიფომ, ხმას აუწია. - იქნებ, მე ვარ საშინელი? ამაზე, არ გიფიქრიათ?!
- ჰოდა, თუ შენ დააშავე, მიხვალ და ბოდიშს მოუხდი! - უთხრა მამამ. - ლაჩრულად კი არა, ვაჟკაცურად! კაცურად მიხვალ და მოუბოდიშებ და დაბრუნდები შენს სახლში!
- რა იყო? მშობლიური სახლიდან მაგდებთ?
- ხომ იცი, რომ მასე არ არის? მაგრამ... 
- არც გვიჩხუბია! - გააწყვეტინა ფიფომ.
- აბა? 
- უბრალოდ, ავდექი და წამოვედი და მორჩა! - ფიფომ ხმას აუწია.
- კი მაგრამ, მაინც რამე მიზეზი, ხომ უნდა არსებობდეს? - კვლავ არ მოეშვა დედა.
- მე ვარ მიზეზი! მე! მე თვითონ ვარ, მიზეზი!
- რატომ, შვილო?
- საყვარელი მყავს! - ფიფოს ხმაში, ცინიზმი გაისმა. - ახლა, დაწყნარდით?
- ვაი, ჩემს თავს! - შეჰკივლა დედამ. - ეს რა ჩაიდინე, შვილო?
- ოჰ! ჩავიდინე! ვიძალადე! - გამოაჯავრა ფიფომ.
დედა ტირილს და მოთქმას მოჰყვა.
- ჰო, კარგი ახლა, ქალო დამშვიდდი. - მამა, დედის დამშვიდებას შეეცადა. - ვის არ მოსვლია? ცოტა გაიკუნტრუშა ბიჭმა და მორჩა! დაუბრუნდება მალე თავის ცოლ-შვილს.
- ეგ არ არის, თქვენი საქმე! და საერთოდ! შემეშვით ორივე!
დედა კვლავ მოთქვამდა, ტიროდა და ფიფოს ეჩხუბებოდა.
- ბიჭო, საყვარელი ვის არ ჰყოლია, მაგრამ ანგელოზივით ცოლ-შვილი, კი არ მიუტოვებია. - თვალი ჩაუკრა მამამ, იქნებ ასე უფრო გაემხნევებინა შვილი, რომ ოჯახს დაბრუნებოდა.
- ვიცი მე, ჩემი საქმე! - უღრიალა ფიფომ ორივეს. - შემეშვით! თორემ იცოდეთ, აქედანაც გადავალ და საერთოდ ვეღარც მნახავთ!
ფიფომ კარი გაიჯახუნა. ბედად, მძღოლიც დროულად მოვიდა, დიდ ხანს არ დასჭირვებია ქუჩაში ლოდინი.
LEX. 2020 წლის 19 იანვარი, კვირა.

No comments:

Post a Comment