Sunday, December 1, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 33)

33.
მიმი, გიჟივით დააცხრა თავს, მძინარე ფიფოს და საწოლთან, კომოდზე მდგარი ნათურა, პირდაპირ თვალებში მიანათა. ფიფო დაფეთებული წამოჯდა. ჯერ კიდევ, ნახევრად ფხიზელი, გაკვირვებული შეჰყურებდა ეიფორიაში მყოფ მიმის, ის კი აღელვებული ხმით, ერთსა და იმავეს იმეორებდა, - გამახსენდა, გამახსენდაო.
- მიმი დამშვიდდი, ჩამოჯექი და ისე მომიყევი, რომ ბავშვი არ გააღვიძო. 
მიმის ენა არ გაუჩერებია და ერთი ამოსუნთქვით მიაყარა, ის რაც რეალურად გაიგონა და მერე სიზმრადაც ჩაჰყვა.
- მდააა. - ფიფომ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა, როცა მიმის არეულ-დარეული საუბარი ბოლომდე მოისმინა.
მიმი კი მზად იყო, კვლავ არაერთხელ ჩასულიყო სოფელში, უფრო მეტად დამეგობრებოდა იმ ქალებს და უფრო მეტი რამ გაერკვია. ისე ზეიმობდა ამ აღმოჩენას, რომ თითქოს დანაშაული, მისი წყალობით, უკვე ბოლომდე იყო გახსნილი.
- ერთი სული მაქვს, როდის გათენდება და... - მიმი, საკუთარი აღმოჩენით, აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. - გალეს როცა ეტყვი, წარმომიდგენია, როგორ გაუხარდება.
- ჰო, რა ვიცი?
- გინდა, მე ვეტყვი?
- არაფერსაც არ ეტყვი! 
- შენ ფიქრობ, რომ ეს საუბარი, მართლა არაფერს ნიშნავდა? - იწყინა მიმიმ.
- მიმი! არც თუ ისე, დიდი ხნის წინ გითხარი, რომ ნებისმიერი საუბრის ახსნა, ასეც შეიძლება და ისეც! ის, რისი რეალური ფაქტიც არ მაქვს, იმას ხომ ვერ დავაბრალებ?
- ხო, მაგრამ... ისინი, ხომ აშკარად ნარკოტიკებზე საუბრობდნენ?
- შესაძლებელია, მაგრამ სიტყვა, წამალი, ახსენეს? არა! არც არანაირი წამლის დასახელება და არც...
- არც, რა?
- სულაც არ მინდა, შენი მოწმედ გამოყენება.
- კი, მაგრამ ეს ჩანაწერები?
- არც ეგ არ წავა. 
- ესე იგი, სულ ტყუილად... - მიმიმ ყურები ჩამოყარა. 
- სულ ტყუილად გიწვალია. - გაეცინა ფიფოს.
- არა, სულაც არ მიწვალია, მე უბრალოდ... - მიმის ხმა გაებზარა. - უბრალოდ, შენი გახარება მინდოდა.
ფიფოს ახლა უფრო ხმამაღლა გაეცინა. გული სიხარულით აევსო. მზად იყო, წამოვარდნილიყო და მიმი გულში ჩაეკრა, მაგრამ თავი შეიკავა და ეს თავის შეკავებაც კი ძალიან გაუჭირდა, ძლივს მოთოკა ვნება.
„არა! არავითარ შემთხვევაში! მიმიმ თავად უნდა გადმოდგას ნაბიჯი! და მერე ვნახოთ!“
- არა, როგორ არ გამიხარდა, მაგრამ შენი არც სასამართლოში მოწმედ გამოყვანა მინდა და არც ასეთ რთულ და საშიშ საქმეში გარევა. აი ამაშია საქმე.
- და რა არის აქ საშიში? - გაუკვირდა მიმის. - პირზე რომ დაადგე, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დაფქვავს, ან ერთი ან მეორე!
- პირზე არა ცხვირზე. - ჩაეცინა ფიფოს. - რა უნდა, ერთი ორი ქალის დაჭერას? ან თუნდაც, კაცის? მაგრამ საქმე, სულ სხვა რამეშია და არ მინდა შენი ჩარევა! საშიშია მიმი, ძალიან საშიში! შენ ხომ არ გგონია, მწვანილების გამყიდველთან გვაქვს საქმე? ეს უზარმაზარი ბიზნესია და ღმერთმა უწყის, საიდან მოდის და მერე სად მიდის. მარტო ერთი-ორი წვრილი „ბარიგის“ დაჭერით, ფონს ვერ გავალთ! 
- ესე იგი, მართლა სულ არაფერი მოიტანა ჩემმა გამოძიებამ. - მიმი ნირწამხდარი წამოდგა და კარისკენ გაემართა.
- მოიცა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მასეც ნუ იტყვი, რომ სულ არაფერი მოიტანა. დიახაც, რომ მოიტანა და იმაზე მეტი მოიტანა, ვიდრე ახლა შენ იფიქრე. - ფიფო წამით შეყოვნდა. - აი, სწორედ შენი გამოძიების თანახმად, აეხადა ფარდა იმას, რომ უკვე გასაგებია, ვინც აწვდიდა ნარკოტიკებს მსხვერპლს, მაგრამ ახლა იმას თვითონ საიდან და ვისგან მოაქვს, ახლა ამაზე უნდა ვიტეხო თავი და მეცოდება ჩემი საწყალი თავი. მიმი, დილის ხუთი საათია...
- კარგი, დაისვენე. - გაეღიმა მიმის. - მე, გავალ.
- თუ გინდა, დარჩი! - მიახალა ფიფომ და მაშინვე ინანა.
- აღარც დამეძინება უკვე. - მიმიმ მხრები აიჩეჩა.
„მერე დასაძინებლად, ვინ გპატიჟებს?“ 
ღიმილით გაივლო გულში ფიფომ.
- ჩავალ ქვემოთ, ცხელ კაპუჩინოს დავლევ. - მიმი კარისკენ გაემართა. - გინდა შენც ამოგიტანო?
- არა! მერე სიგარეტიც მომინდება.
- არავითარი თამბაქოს სუნი საძინებელში და მის შემოგარენში! 
- მაშინ, თუ ნებას დამრთავ, ძილს გავაგრძელებ. 
მიმიმ არაფერი უპასუხა, ისე გაიხურა კარი, მაგრამ აშკარა იყო, ახლა მარტო ყოფნა, სულაც არ სურდა, ყველაფერი სახეზე ეწერა და ფიფოც მშვენივრად მიხვდა. თუმცა, წარბიც არ შეურხევია, ისე წაიფარა საბანი თავზე.
„ძალიანაც კარგი.“
ჩაეცინა ფიფოს.
„აქეთ უნდა გახვეწნინო. დამაცადე, ჯერ სად ხარ. უფრო მეტად მოვიცლი შენთვის. სანამ მაგ ჯიუტ რქებს, არ დაგამტვრევ, მანამდე ვერ მოვისვენებ. მერე კი თვითონ სიტუაცია გამოაჩენს დავრჩებით ერთად, თუ არა.“
ფიფო პირაღმა ამობრუნდა. თვალები ჭერზე გაუშტერდა. სადაცაა გათენდებოდა და ახლა ძილის შებრუნებას, აზრიც აღარ ჰქონდა, თუმცა აბა, რა დააძინებდა? მიმის ნაამბობმა, ათასი ფიქრი გაუჩინა. 
„არა, არა! არანაირად არ შეიძლება ამ საქმეში მიმის გარევა! იმედია, დამიჯერებს და სისულელეს არ ჩაიდენს!
ჰმ. როგორ უნდოდა ჩემთან კიდევ ეკურკურააა. ჰა, ჰა! ვერ მოგართვი! ჯერ სად ხარ მიმი, დამაცადე მე შენ!“
ფიფო საწოლიდან წამოდგომას შეეცადა. უნდოდა ჯოხის დახმარების გარეშე ამდგარიყო. თავიდან ცოტა გაუჭირდა, მერე უფრო გათამამდა, მაგრამ ბოლოს ძლიერ დაეჭიმა კუნთი და საშინელი ტკივილი იგრძნო.
- არაუშავს. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ნელ-ნელა მივაჩვევ, როგორც გამომივა ისე იქნება. მერე რა? ზოგს სულ არ აქვს ფეხი, ზოგს კი არც ერთი და ზოგიც საერთოდ, ეტლს არის მიჯაჭვული. - მერე სარკეში საკუთარ თავს მოჰკრა თვალი. - დიახ! - გაიშვირა საჩვენებელი თითი. - შენ შესძლებ! იმაზე მეტს შესძლებ, ვიდრე გგონია!
ფიფო სამზარეულოში ჩავიდა. მიმის ფინჯანზე, ორივე ხელი ჩაევლო და მზერა, ფანჯარაში მოშრიალე, შემოდგომის ფერებში არეკლილი ფოთლებისკენ მიეპყრო. 
- შენ ისევ იმაზე ფიქრობ? - ფიფომ სკამი გამოსწია და მის პირდაპირ დაჯდა.
- გინდა ყავა? - ჩუმი ხმით წაიკნავლა მიმიმ.
- აბა, კაპუჩინოო? - ცალყბად გაეღიმა ფიფოს.
- შენ რომელი გინდა?
- რა ვიცი? სულ ერთია. რომელიც მზად არის, ის დამისხი და მოეშვი იმაზე ფიქრს!
- რაზე? 
- რაზეც უთენია ვისაუბრეთ. 
- და შენ რა იცი, მე რაზე ვფიქრობ ახლა? - ჩაეღიმა მიმის.
- რაზეც გინდა, იმაზე იფიქრე, მაგრამ გამოძიებას, შეეშვი! არ არის ეს შენი საქმე! 
- მერე მე ხომ არ ვიძიებ? უბრალოდ, რაღაც-რაღაცეები გავარკვიე და სულ ეს არის.
- არ გინდა! არც ეგ რაღაცეებიც, არ გინდა!
- მაგრამ...
- არავითარი, მაგრამ! მორჩა! - ფიფომ ტონს აუწია.
მიმი მოიღუშა.
- ჯერ ეგ ერთი. - დაიწყო ფიფომ. - ამ საქმეს, თავისი გამომძიებელი ჰყავს და მას სამუშაოს ართმევ, მის საქმეს აკეთებ, მის მაგივრად მუშაობ...
- მე მხოლოდ, დახმარება მინდოდა და სრულიად შემთხვევით გამომივიდა. - იწყინა მიმიმ. - იმის მაგივრად, რომ გაგხარებოდა, აქეთ იბღვირები?
- სწორად გამიგე და ნუ გესმის უკუღმა. ასეა თუ ისეა, მეც ვარ ამაში ჩართული, რადგან ბოლოს მაინც ეს საქმე, დახურული თუ დაუხურავი, მაინც ჩემს მაგიდაზე უნდა მოხვდეს, რადგან მათი უფროსი ვარ! - ფიფო მიმისკენ გადმოიხარა. - შენ კი, ბოსის ცოლი ხარ და ნუ ერევი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობაში!
- კარგი, არ ჩავერევი, მაგაში მართალი ხარ. გეთანხმები, მაგრამ გალეს რატომ არ გინდა, რომ უთხრა? შენც ხომ კარგად მიხვდი, რომ ის საუბარი, ნამდვილად იმას ეხება.
- შესაძლებელია, მაგრამ მაინც მაგრამ. - ფიფომ ამოიხვნეშა. - ის, რაც მე და შენ ვიცით, გვგონია და დარწმუნებულიც ვართ, ეს სასამართლოსთვის საკმარისი არ არის. არ არის კი არა, არც არაფერი არ არის და შენც ვერ გამოხვალ მოწმედ. არ გამოდგები, რადგან...
- რადგან ბოსის ცოლი ვარ. - ცინიკურად ჩაეღიმა მიმის.
- თუნდაც! 
- ჰო და, ბოსი თუ ხარ, რა არ შეგიძლია, ხელი დაადო პირდაპირ დამნაშავეს? ნუთუ, შენს სიტყვას არ ენდობიან? ნუთუ, შენი ვარაუდი, არაფერს ნიშნავს?
- ნებისმიერ ვარაუდს, ჯერ დამტკიცება უნდა, თორემ მასე ვარაუდით, კი ვიცოდი და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ სერიული მკვლელის კვალში ვიდექი, თვალებში ვუყურებდი და ვერაფერს ვუმტკიცებდი და... - და ფიფომ ახლაღა შენიშნა მიმის გაფითრებული სახე.
- მერე თუ იცოდი, რატომ... მე რატომ არ შემაჩერე... - წაიჩურჩულა მიმიმ. - ახლა ხომ მართლა იქნებოდი დიმის... დიმეოს ნამდვილი...
მიმის საუბარი არ ჰქონდა დასრულებული, რომ სამზარეულოში ბავშვი შემოიჭრა და ფიფოს ზურგზე აახტა.
- აი, ჩემი პრინციც მოვიდა! - აროხროხდა ფიფო. 
- მე თუ, პრინცი ვარ, მაშინ შენ მეფე ხარ? 
- ასე გამოდის! - ეცინებოდა ფიფოს. მერე მიმის მიუბრუნდა. - ეს ჩემი ნამდვილი პრინცია და აღარასდროს გავიგო მსგავსი რამ! გასაგებია!
მიმის არაფერი უთქვამს. უხმოდ შეაქცია ზურგი და საუზმის სამზადისს შეუდგა. 
ფიფო მიხვდა, რომ ძალიან ცუდად გამოუვიდა. მართლა რა საჭირო იყო იმ კაცის ხსენება, ვისი გახსენებაც, ასე ძლიერ უწამლავდა სულს მიმის და თანაც, მთავარი დამნაშავე, მაინც თვითონ იყო. თავის დროზე, მან თავად მიუგდო ეს გოგო მკვლელს და ახლა კი?..
- მაპატიე... - წაიჩურჩულა ფიფომ.
- რა?
- ბოდიშს გიხდი. არ უნდა მეხსენებინა.
- ვცდილობ ნაკლებად გავიხსენო, მაგრამ ზოგჯერ... თუმცა ძალიან იშვიათად... - მიმი დამნაშავესავით თავჩაღუნული ჩამოჯდა სკამზე.
- და ის სიტყვები, აღარ გავიგო! - ფიფომ ტონს აუწია. - აღარც ხმამაღლა და აღარც გულში გაივლო!
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი.
- ბავშვი გაამზადე, სკოლაში მე წავიყვან. - ფიფო სკამიდან წამოდგა. - დღეს სკოლის მერე, ბებიებთან წადით და თუ გინდა, იქ დარჩით. მე საქმე მაქვს. 
- არ მინდა ბებიებთან დარჩენა. - გააპროტესტა ბავშვმა. 
- იცი, როგორ მოენატრე ბებოებს? - შეეშველა მიმი ფიფოს.
- ღამე რატომ უნდა დავრჩე? - მერე ფიფოს მიუბრუნდა. - რომ შემპირდი ის დიდი თვითმფრინავი ავაწყოთო?
- მერე ავაწყოთ! - თავი დაუქნია ფიფომ. - ხვალ!
- შენ გუშინწინაც მასე მითხარი და მაშინაც მასე მითხარი, ბაბუმ რომ გამოგვაცილა, გახსოვს პირობა, რომ მიეცი, ამ კვირაში დავეხმარებიო, მომატყუე?
- აარააა... - ფიფო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს.
- მე რომ დაგეხმარო და ერთად, რომ ავაგოთ? - მიმი ღიმილს ძლივს იკავებდა.
- შენ, მამა ხარ?! - გაგულისდა ბიჭი. - ეს შვილების და მამების საქმეა!
- აჰა! - მიმი ფიფოს მიუბრუნდა. - და ასეთი რა ხდება, რომ სახლიდან გვიშვებ?
- რა უნდა ხდებოდეს? - გაიკვირვა ფიფომ. - დილამდე მომიწევს მუშაობა, უამრავი საბუთები დამიგროვდა ხელმოუწერელი, სანამ ყველას სათითაოდ გადავხედავ ამასობაში, გათენდება. 
- მერე იმუშავე შენს კაბინეტში, ვინ გიშლის? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- ღამეს რომ გავათევ, თქვენი შეწუხება არ მინდა. 
მიმიმ არაფერი უპასუხა. ფიფოს თვალს არ აცილებდა. რა თქმა უნდა, ფიფოს თავის მართლება, აბსურდული იყო. აბა, მართლა რა შუაში იყო ოჯახის შეწუხება, როცა მისი კაბინეტი ქვედა სართულზე იყო და დილამდეც რომ ეკითხა და ეფურცლა, ამით არც არავის შეაწუხებდა.
მიმი თვალს არ აცილებდა. ფიფო მიხვდა, უმჯობესი იყო გაემხილა, თუ რას აპირებდა. 
- ეჰ, ნეტა მეც დავდიოდე სკოლაში. - ფიფო ბავშვის ჩანთას დასწვდა. - ასეთი მაგარი ჩანთა რომ მქონოდა, უფრო მაგრად ვისწავლიდი. - ჩანთიდან პატარა ბლოკნოტი და პასტა ამოიღო. ფურცელი ბავშვის უჩუმრად ამოხია.
მიმი გაოგნებული შეჰყურებდა და სახეზე ყველაზე მეტად გაოცება მაშინ გამოეხატა, როცა ფიფოს დაწერილი წაიკითხა.
„ვფიქრობ, სახლში მისმენენ.“
- სახლი დასალაგებელია? - მიმიმ ფიფოს, თვალი თვალში გაუყარა. 
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი და ახალი წერილი დაწერა.
„საღამოს კრიმინალისტებს ველოდები.“
ახლა უფრო გასაგები გახდა მიმისთვის, თუ რატომ ითხოვდა ფიფო, ცოლ-შვილის წასვლას სახლიდან.
- ვფიქრობ, რომ დღისით მოვიყვან დამლაგებელს. - მიმის სახეზე ღიმილი აისახა. - ასე არ სჯობს? სანამ დიმე სკოლაშია, ჩვენ სამსახურებში, მოვიდეს და დაალაგოს.
ფიფოს გაეღიმა. მიმი მართალი იყო. 
- საღამოს კი ერთად ავაწყოთ ის მატარებელი. - დაასრულა მიმიმ.
- თვითმფრინავი! - შეუსწორა დიმეომ.
- ისე მატარებელიც ხომ გვაქვს? - უკან არ იხევდა მიმი. - თუ არ გვაქვს, დღესვე ვიყიდოთ!
- კარგი, იყოს მასე. - დაეთანხმა ფიფო თან გულში ეცინებოდა, რატომ თავად არ იფიქრა, რომ ეს წმენდა დღისით, მართლა დილის საათებში უფრო სჯობდა.
საღამოს, მიმი ბავშვთან ერთად, დიდი ყუთით დაბრუნდა. სათამაშოების ლამის ყველა მაღაზია შემოიარეს და შეპირებული ასაწყობი მატარებელიც, დიდ ხანს არჩიეს.
გალეო და ფიფო, კონიაკს წრუპავდნენ და ძალიან დაბალ ხმაზე, რაღაცას ბუტბუტებდნენ. მიმის შემოსვლისთანავე, ფიფომ ჭიქა წამოსწია და თავის ოდნავი დაკვრით ანიშნა, ყველაფერი წესრიგშიაო. მიმი შეეცადა, ბავშვი თავის ოთახში გაეყვანა, მაგრამ დიმეო გაჯიუტდა. უნდოდა, მამასთან ერთად აეგო კონსტრუქტორი. მიმის ნაყიდმა, ახლა სათამაშომაც კი არ უშველა. ამჯერად ფიფომ დათმო და ბავშვთან ერთად, თვითმფრინავის აგებას შეუდგა, რაშიც სტუმარიც კი ჩაერთო.
დრო და დრო ფიფო და გალეო, გამოძიებაზე საუბრობდნენ, მხოლოდ მათთვის გასაგებ ენაზე. მიმი ყურებდაცქვეტილი უსმენდა, ცდილობდა არაფერი გამოჰპარვოდა და ერთი სული ჰქონდა, სანამ ფიფო მის მიერ გამოქექილ ამბავს აუწყებდა, მაგრამ მიმისდა გასაკვირად, ფიფო დუმდა და როგორც ჩანდა, არც აპირებდა ამ თემაზე ხმის ამოღებას. 
- ისე, საიდან მოიტანე, რომ სახლი ასეთი დასალაგებელი იყო? - მიმი წამოდგა და ფიფოს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.
ცხადი იყო, სახლის დალაგებაში კრიმინალისტების ვიზიტს გულისხმობდა.
- ნუთუ, ამხელა სახლის, მარტო დასუფთავება, რთული არ არის შენთვის? - ფიფომ ხელი ტუჩთან მოისვა და თან მიმის ფარულად ანიშნა, გაჩუმდიო.
- ჰო, ალბათ. - მიმიმ მხრები აიჩეჩა და ჩაფიქრდა.
მაინც რატომ გააჩუმეს? თუ უკვე ყველაფერი წესრიგში იყო. 
- ისე, შენი კაბინეტიც, როგორი დასასუფთავებელი იქნება, არა? სამსახურს ვგულისხმობ. - კვლავ შეაპარა კითხვა მიმიმ.
- იქ დამლაგებელი მყავს! ავეჯს კი, ხელს არ ვახლებ. - ფიფომ, ცოტა არ იყოს, მკაცრად შეხედა მიმის. - იდგეს იქ, სადაც დგას!
ფიფო რაღაცაზე მიანიშნებდა. მიმი ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ ის გაიგო, რომ საუბრის თემა, უნდა შეეცვალა და ასეც მოიქცა. თუმცა თავში სულ, ის უტრიალებდა, რა ხდებოდა მის სახლში და რატომ იყო, ასეთი ზედმეტი სიფრთხილე საჭირო.
მოგვიანებით, სტუმარიც რომ წავიდა და ბავშვმაც დაიძინა. ფიფომ, მიმის ხელი ჩაჰკიდა და მისივე საძინებლის, სააბაზანო ოთახისკენ წაიყვანა, თან ტუჩთან თითის მიტანით ანიშნა, ხმა არ ამოიღოო. მერე შხაპიც და პირსაბანი ონკანიც ძლიერად მოუშვა და მიმის სულ ჩურჩულით აუწყა.
- ეჭვი მქონდა, რომ სახლშიც მისმენდნენ. 
- სახლშიც? - წაიჩურჩულა მიმიმ. - ესე იგი, სამსახურში?..
- ჰო. - თავი დაუქნია ფიფომ. - იქ დარწმუნებული ვიყავი და გადავამოწმე კიდევაც, თუმცა ხელი არ ვახლებინე. ასე სჯობს, ეგონოთ, რომ მისმენენ. ვიცი, რა უნდა ვილაპარაკო და რა არა.
- კი, მაგრამ ვინ აკეთებს ამას და რატომ?
- ვერაფერს გეტყვი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მხოლოდ ის ვიცი, რომ არავის ვენდობი ბოლომდე. 
- და გალემ? მან რა იცის? 
- ამ ეტაპზე ვენდობი, თუმცა არც არაფერი შემიმჩნევია, მაგრამ ახალგაზრდაა და არც იმდენად ფინანსურად უზრუნველყოფილი, მომავალში რა იქნება არ ვიცი.
- შეიძლება, ბევრი ფულიც გქონდეს, მაგრამ სულ სხვა ამბავში დაგიჭირონ ყურებით.
- კი, მიმი, კი. - ამოიხვნეშა ფიფომ. - არც ეგ არის გამორიცხული. 
- და სახლში? აქ რატომ გვისმენენ?
- ალბათ ფიქრობენ, რომ თუ ჩემს კაბინეტში რამეს ისეთს, მათთვის ხელჩასაჭიდს არ ვიტყვი, მაშინ იქნებ, სახლში მაინც წამომცდეს.
- და იქნებ, კამერებია დაყენებული და ყველაფერს... ყველაფერს ხედავენ... - მიმის ხმა აუკანკალდა. 
- არა. არა! დამშვიდდი. - გაეღიმა ფიფოს. - არც მასეა საქმე. მხოლოდ საუბარს თუ მოისმენენ.
- კი, მაგრამ რატომ არ მოაშორე მერე? 
- ხელი არ ვახლებინე. მხოლოდ შევამოწმებინე. ჩემსა და შენს კაბინეტებშია, სამზარეულოში და მისაღებ ოთახში. აქ ზედა სართულზე არაფერია, მაგრამ საკმაოდ ძლიერი აპარატურაა და შესაძლებელია, სხვა ოთახიდანაც დაიჭიროს საუბარი.
- ღმერთო ჩემო. - მიმიმ შეიცხადა. - რა დღეში ვართ. 
- დამშვიდდი. - რა დღეში მაშინ ვიქნებოდით, რომ არ გვცოდნოდა. 
- და ახლა, რას აპირებ?
- არც არაფერს! ეგონოთ, რომ ყველაფერი იციან. ასე სჯობს, რადგან ეს თუ გაიგეს, რომ გავშიფრე, მერე სხვა მხრიდან შემომიგდებენ რამეს, ისეთს.
- და რა გარანტია გაქვს, რომ ის კრიმინალისტები, აქ ვინც მოიყვანე, იქიდან რომელიმე არ ჩაგიშვებს, ან...
- დარწმუნებული ვარ. - ჩაეღიმა ფიფოს. 
- მეც, რომ ვიყო დარწმუნებული, არა?
- სულ სხვას, უცხოს, ვისაც არანაირი კავშირი არა აქვს სამართალდამცავებთან, მაგრამ ძალიან კარგად ესმის კომპიუტერიზაცია და მისთანები, სწორედ მას ხვდა წილად ეს ბედნიერება, რომ გადაემოწმებინა, ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება. 
- მერე ის, რამდენად სანდოა? 
- ხომ აგიხსენი უკვე. იმდენად სანდოა, რომ ჩვენი უსაფრთხოება ვანდე. წამო გავიდეთ, დაღლილი ვარ. დასვენება მინდა. - ფიფო კარისკენ წავიდა, მერე მიმის მოხედა. - გალემ არაფერი იცის. - ზურგი შეაქცია და გავიდა.
მიმი გაოგნებული იდგა.
„რა საშინელებაა, როცა შენს პირად ცხოვრებაში, ვიღაც უსინდისოდ იქექება.“
კიდევ დიდ ხანს ფიქრობდა. იხსენებდა, რამე ისეთი საუბარი, ხომ არ ჰქონია ფიფოსთან, რომ... ან რა უნდა ყოფილიყო ისეთი და საერთოდ, რას ნიშნავდა, ეს „ისეთი“?
„კარგია, რომ ფიფოს ვიღაც მაინც ჰყავს, ვისაც ბოლომდე ენდობა. თუმცა, მეც ხომ სანდო ვარ? მეც მენდობა ბოლომდე... ალბათ... 
იმედია, მართლა მენდობა.
ნეტა მართლა, ვინ არის ის? თანაც, არც მისი კოლეგაა და არც არაფერი აკავშირებს. შეიძლება, მამამისი? არა, არა. ჩემი მამამთილიც ხომ იურისტია. ნუ ნათლია, გამორიცხულია. წლებია უკვე, მას აღარც ენდობა. 
და იქნებ სულაც, ნათლია „უჩალიჩებს“ ამას? ან რაში სჭირდება, ფიფოს ჩაძირვა? თუ საკუთარი ტყავის გადარჩენა უნდა? ჰმ, არც გამიკვირდება. დიდი გაიძვერა ვინმეა. 
აბა, ერთი გაბედოს და რამე დაგვიშავოს, ან ფიფოს, ან...“ 
მიმი შეშინებული წამოფრინდა და ბავშვის ოთახში შევარდა. დიმეოს ტკბილად ეძინა. მიმი საწოლთან ჩამოუჯდა, თავი ბალიშზე მიადო და მისი სუნთქვითა და სურნელით დატკბა. 
LEX. 2019 წლის 1 დეკემბერი, კვირა.

No comments:

Post a Comment