Monday, September 23, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 24)

24.
- უჰ, როგორ გაგიჭვარტლავს აქაურობა. - მიმიმ ფიფოს კაბინეტში შესვლისთანავე, ცხვირზე ხელი აიფარა. - ფანჯარა მაინც გამოგეღო. - მიმი ახლა ფანჯრის გასაღებად გაიწია. 
ფიფომ ხმა არ გასცა, მიმიმ კი განაგრძო:
- როგორც მახსოვს, ბავშვი დღეს უნდა ჩამოგეყვანა.
- ხვალ ჩამოვიყვან. - დაბალი ხმით უპასუხა ფიფომ.
- რა იყო? რა ხმა გაქვს? - მხიარული ტონით მიმართა მიმიმ.
- შენი პასუხის მოლოდინში, აბა როგორი ხმა უნდა მქონდეს?
- კარგი, რაა. - გაეცინა მიმის.
„გადამრევს ეს გოგო, თავი ისე უჭირავს ვითომც აქ არაფერიო.“
დაიბოღმა ფიფო. წამოდგა და კაბინეტიდან გასვლა დააპირა.
- რა იყო? მართლა, რა სახე გაქვს? - დააწია მიმიმ, ისევ და ისევ მხიარული ტონით.
- გითხარი უკვე და რადგან პასუხი არ გაქვს...
- ჰო! არ მაქვს პასუხი და რა ვქნა? - მიმი ყურებამდე იკრიჭებოდა.
- ჰოოო. კარგი. გასაგებია ყველაფერი.
- ჰოდა, რა ცხვირი ჩამოგიშვია მერე? - ბედნიერი ღიმილით მიმართა კვლავ მიმიმ.
„მაინც ვერაფერი გავიგე.“
გაიფიქრა ფიფომ.
„დამაცადე დაღამდეს. ან ჩემთან დაიძინებ ან მე მოვალ შენთან!“ 
- შენ არ წამოხვალ ბავშვის წამოსაყვანად?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ფიფომ დაასწრო:
- რატომ, რა იცი?! არ უნდა გაინტერესებდეს, სად გაატარა შენმა შვილმა, მთელი ზაფხული? სად ეძინა? როგორ ოთახში? რას ჭამდა?
- ყველაფერი, ისედაც უჩემოდ გადაწყვიტეთ და ჩემს სიტყვას უკვე, რა აზრი ჰქონდა? რამეს შეცვლიდა?
- არც არაფერს! და სხვათა შორის, ბიჭმა თვითონ ასე გადაწყვიტა, მე არც ძალა დამიტანებია და მით უმეტეს, არც არაფერი მითქვამს.
- ასე უცებ, თვითონ მოვიდა და გითხრა? - მიმის ხმაში, ცინიზმი იგრძნობოდა.
- შენ წარმოიდგინე, ჰო! 
- ნუ, რა ვიცი. - მიმიმ სახე უკმაყოფილოდ დამანჭა. - აქედანვე თუ მის ჭკუაზე ვიარეთ... რა ვიცი?
- სულაც არ ვაპირებ, ექვსი წლის ბავშვის ჭკუაზე სიარულს, მაგრამ როცა მართალია, რატომაც არა? ზოგჯერ მის გადაწყვეტილებასაც უნდა ვცეთ პატივი!
- ვეცი პატივი და მეტი რა ვქნა?! - შუბლი შეკრა მიმიმ. - იქ წამოსვლას მაინც ნუ დამაძალებ.
- ტანსაცმლის შეგროვებაც დაძალებაა?
- უი, სულ დამავიწყდა, დღესვე გადმოვალაგებ! იმდენი რამ მაქვს, ზოგი არც ჩამიცვამს, ზოგს კი ალბათ, აღარც ჩავიცვამ.
- ჰოო, სოფელში კი ყველაფერი გამოდგება, ბოლო-ბოლო ნაჭრებად მაინც გამოყენებენ.
- ჰმ! ჩემი ტანსაცმელი, ასე უბრალო ნაჭრებად გამოსაყენებელი სულაც არ არის. - ჩაეღიმა მიმის. - ფეხსაცმელიც რამდენი მექნება.
- ჰაჰ, ჩემი ფეხსაცმელები ცალ-ცალად არის გაცვეთილი. თითქოს სხვადასხვა ძირი აქვს.
- მაგ ჯოხს, რომ საერთოდ მოიშორებ, მერე ერთნაირად გაიცვითება.
- რა იცი შენ? იქნებ, საერთოდაც ვერ გადავაგდო?
- შენზეა დამოკიდებული, როგორ მოუვლი.
- შევეცდები. 
- ისე, ჯერ შენი ტანსაცმელები, ხომ არ გადმოვაწყოთ? დაგეხმარები.
- მე უკვე მზად მაქვს.
- ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. - აბა ერთი ვნახოთ, რა გადააწყვე. - და სანამ ფიფო კიბეზე ააღწევდა, მიმის აღშფოთებული ხმა, უკვე მისი საძინებლიდან ისმოდა. 
ფიფოს, მთელი საწოლი ტანსაცმლით გაევსო, ადგილიც აღარ იყო.
- ესაა გადმოვაწყვეო? - აწუწუნდა მიმი. - ეს გადმოწყობილი კი არა გადმოყრილია!
- არა, აქეთ მხარეს რაც არის, ის მინდა დავიტოვო.
- ისეა არეულ-დარეული. - მიმი ფიფოს ტანსაცმლის დათვალიერებას შეუდგა. - ეს პიჯაკი არ გააჩუქო! ძალიან გიხდება და თანაც, ჩემი შერჩეულია. - მერე სხვას დასწვდა. - ესეც მომწონს.
- რაც შენ გინდა, ის გადააწყვე, ჩემთვის სულ ერთია. 
- სულ ერთი, როგორ არის? - წყენით მიუგო მიმიმ. - რას ჰქვია, სულ ერთია! 
მიმი აქაქანდა. ვეღარ ჩერდებოდა. ყოველ სამოსს სათითაოდ ამოწმებდა. ფიფო უკვე აღარ უსმენდა, ისე უკრავდა მიმის თავს და ყველაფერზე ეთანხმებოდა.
- მშია! - ამოიღმუვლა უკვე გულგაწვრილებულმა ფიფომ.
- აი, მოვრჩი უკვე და გავამზადებ ვახშამს. რა მოვამზადო?
- რა ვიცი? სულ ერთია.
- რა ყველაფერი სულ ერთია დღეს შენთვის?
- მთავარია იღეჭებოდეს და ყველაფერს შევჭამ.
- დედაჩემმა მითხრა, საღამოს თუ შემოივლით, კარგი რამე-რუმეები მექნებაო. 
- ჰოო? ვააა, ნეტა რაა?
- შინაური კუპატი და კიდევ...
- სტოპ! შეჩერდი! კუპატი საკმარისია! 
- დედა მართლა გემრიელ კუპატს ამზადებს. - მიმი წამით ჩაფიქრდა. - ისე, დედაჩემთანაც იმდენი რამე მექნება და იქიდან ხომ არ დამეწყო? 
ფიფოსაც სწორედ ეს უნდოდა. დარწმუნებული იყო, მიმი იმ ძველ ლეპტოპს, სწორედ იქ გადამალავდა.
რაც ის უცხო და აშკარად მოძველებული ლეპტოპი, მიმის საწერ მაგიდაზე აღმოაჩინა და შემთხვევით სეიფსაც მიაგნო, მას მერე, მოსვენება დაკარგა. ბევრჯერ ეცადა, მიმის სახლში არ ყოფნის დროს, სეიფის გახსნას, მაგრამ კვლავ ვერაფერი, ვერანაირი კომბინაცია ვერ მოარგო და ვეღარც ის ლეპტოპი ნახა, იმ დღის მერე. იქნებ, სამსახურიდან ჰქონდა მოტანილი და მერე ისევ წაიღოო, ესეც კი გაიფიქრა და სამსახურშიც არაერთხელ მიაკითხა. იქ კი აღმოჩნდა, რომ ყველას, უახლესი მოდელი ჰქონდა და ხშირადაც ცვლიდნენ ბევრად უფრო ახლებში, ძველებს კი უკანვე აბარებდნენ, თავიანთ მომწოდებელ ფირმაში.
„ფაქტიურად აქ, შარშანდელ ლეპტოპსაც კი აღარ იყენებენ და ის, რამდენიმე წლის წინანდელი, რაში დასჭირდებოდა მიმის? 
და რადგან სამსახურისთვის ვერ გამოიყენებს, საგულდაგულოდაც გადამალა, თან პაროლიც დაადო, ესე იგი, რაღაცისთვის არის საჭირო და სად შეიძლება წაეღო, თუ არა დედამისთან.“
- არ წავიდეთ? არ გინდა კუპატი?
ფიქრებიდან, მიმის შეკითხვამ გამოარკვია.
- რა თქმა უნდა! თანაც ახლავე!
ფიფო არც შემცდარა, მიმის მართლაც დედასთან, თავის ძველ ოთახში ჰქონდა გადამალული. არც მისი მოძებნა გასჭირვებია. მიმის ოთახს თვალი მოავლო თუ არა, მაშინვე მიხვდა. უეჭველი ტანსაცმლის კარადის თავზე შემოდებდა. ასე უფრო საიმედოდ იქნებოდა. 
მიმის, კარადის ორივე კარი გამოეღო და ტანსაცმლის გადარჩევაში იყო. ფიფომ დრო იხელთა და კარადის თავზე ხელი მოაფათურა. ძლივს შესწვდა, ძალიან გაუჭირდა მტკივან ფეხზე დაყრდნობა და ცერებზე აწევა. მიმი უეჭველი, სკამზე შემდგარი გადამალავდა, სხვანაირად ვერ შესწვდებოდა.
მართალია, ძალიან ადვილად მიაგნო. თუმცა როგორ უნდა წამოეღო ისე, რომ არავის დაენახა. ახლა უკვე, ეს აფიქრებდა ფიფოს.
- ეს ერთი პარკი წამოიღე შენ და დანარჩენი გაამზადე, მერე გამოვუშვებ მძღოლს და ის ჩაიტანს. 
- რატომ უნდა აწვალო ის ბიჭი? - გაუკვირდა მიმის. - ბარემ ჩვენ ჩავიტანდით, ჩემებიც მომეხმარებიან.
- კარგი, რა მიმი! - დაიჯღანა ფიფო. - განა სიმძიმის აწევა არ შემიძლია, მაგრამ ამ ჯოხით ნუ მაწვალებ რაა, თანაც ან შენ, ან ამ ქალებს, რა ძალა გადგათ ათრიოთ, ეს ამდენი ბარგი ან ლიფტამდე ან მერე მანქანამდე. მოვა ის ბიჭი და ჩაიტანს უცებ.
- ჰო, კარგი, უბრალოდ...
- საჩქაროც არ არის, შეიძლება ჯერ მარტო ეს ერთი ჩავიტანო, მერე კიდევ სხვა დროს დანარჩენი. - ფიფოს საუბარი ისე მიჰყავდა, როგორც მას აწყობდა.
- მეც გადავხედავ. - ჩაურთო მამიდამ. - მეც და დედაშენიც ვნახავთ, სოფელში შეიძლება ყველაფერი გამოდგეს. 
- ჰოდა, ბარემ გაამზადეთ და მერე ერთად წავიღოთ. - დაეთანხმა ფიფო.
მშვენივრად გათვალა. თავის მძღოლთან ერთად, ბარგის წასაღებად, იმ გადამალულ ლეპტოპსაც გააყოლებდა ხელს. გულში ეღიმებოდა. ყველაფერი ისე მოაწყო, როგორც მას სურდა. ახლა მთავარი იყო, ზუსტი დრო შეერჩია, როცა მიმი სამსახურში იქნებოდა და იმ დროს მოსულიყო.
ეს დროც მალე დადგა. მეორე დღესვე, დრო რომ აღარ დაეკარგა, მძღოლთან ერთად ეწვია. მიმის ოთახში თავისუფლად შეაჭრა და სხვა დანარჩენ ბარგთან ერთად, ის ნანატრი ლეპტოპიც მძღოლს უჩუმრად გადასცა. ფიფომ შვებით ამოისუნთქა და მოულოდნელად მამიდის ალმაცერ მზერას გადააწყდა. 
- მოხდა რამე? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო.
- არა... არაფერი... - ჯერ ცოტა ენის ბორძიკით დაიწყო მამიდამ და მერე უფრო ხმა ამოიდგა. - რა უნდა მომხდარიყო?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - უბრალოდ, კარგად ვიცნობ მაგ მზერას. 
მამიდამ თავი გააქნია და არაფერი უპასუხა.
- მართალია, ადრე ვერ ვეწყობოდით. - დაიწყო ფიფომ. - არც მოგვწონდა ერთმანეთი, მაგრამ მერე დავმეგობრდით, მე პირადად დიდ პატივს გცემდით, ადრეც და ახლა კი უფრო მეტად.
- ჩემგან რის გაგება გსურს? - მამიდამ თვალები მოწკურა. - რა გინდა, რომ იცოდე?
- წარმოდგენაც კი არ მაქვს, მაგრამ არც არაფერი გამომეპარება. - ფიფო ცოტათი შეტევაზეც გადავიდა. თუმცა რას უტევდა და რატომ, მართლაც არ იცოდა.
- იცი, როცა მიმი აქ არის, ყოველთვის კარზე აკაკუნებ და ძალიან ფრთხილად ეკითხები, შეხვიდე, თუ არა. - დაიწყო მამიდამ. - თითქოს, მისი ნებართვა გჭირდება. უბრალოდ ეძახი და მხოლოდ მიმის პასუხის მერე, აღებ კარს. ახლა კი, ისე შეიჭერი ოთახში, რომ ცოტა მეუცნაურა კიდეც, გამიკვირდა.
- ჰოო. - ფიფოს გაეცინა. - ოთახში არავინ იყო და რატომ უნდა დამეკაკუნებინა კარზე? ან ვისთვის დამეძახა?
- კარგია, რომ იცავ ეტიკეტებს, ეს ძალიან მომწონს, მაგრამ რომელი საუკუნეა? დღეს დარჩა ვინმე, რომ მეუღლის საძინებლის კარს, ნებართვის გარეშე არ აღებდეს? - და მამიდამ ისევ ალმაცერად გადახედა. - სხვადასხვა საძინებლებიც გაქვთ, იქ თქვენს სახლშიც და იქაც მასე იქცევი, შეგამჩნიე.
ფიფოს ალმურმა გადაჰკრა.
„ბებერი მელა!“
კი გაიფიქრა, მაგრამ ყელში ისე მოაწვა ბოღმა, რომ ხმა ვერ ამოიღო.
მამიდამ სავარძლისკენ მიუთითა. ფიფო გახევებული ჩამოჯდა. 
- რა კარგია, რომ დაიცადე. - სიდედრი სიხარულით შეეგება ფიფოს სავარძელში მოთავსებას. - ხუთ წუთში მზად მექნება ხაჭაპური.
- არა, იყოს მეჩქარება. - ფიფომ თავის დასაძვრენად წამოდგომა სცადა, მაგრამ მამიდამ, ისეთი არწივისებური მზერა სტყორცნა, რომ ფიფოც სავარძელს მიეყინა.
- უკვე ჩავაცხვე, მზად იქნება მალე. აქაც შეჭამე და იქაც გაგატან. 
- არ მივდივარ სახლში, სოფელში მივდივარ, ბავშვი უნდა ჩამოვიყვანო.
- ჰოდა, სოფელში გაგატან!
- შენ სულ გამოჩერჩეტდი, ჩემო რძალო? - შეუტია მამიდას. - ქალაქიდან სოფელში წაიღოს ხაჭაპური?
- აბა, რა გავატანო?
- არაფერი არ გინდათ! რაც საჭიროა ყველაფერი მიმაქვს!
- ეგ ხაჭაპური, მძღოლს ჩაუტანე, სანამ ფიფო აქ ყავას დალევს. - ბრძანებასავით გასცა მამიდამ და მერე უფრო ჩუმად გადაუჩურჩულა რძალს. - იქნებ კაცს, ტუალეტში უნდა და...
- და ჩემი ერიდება? და შენი არა? - ჩაეცინა სიდედრს.
- მე ყავას მოვამზადებ, შენ ქვემოთ ჩახვალ. 
- ჰო, კარგი, კარგი...
ფიფოს, მამიდის მოხერხებულობაზე ეღიმებოდა, მაგრამ რა ჰქონდა ჩაფიქრებული ამ ქალს, ან ზუსტად რის გაგება სურდა? 
მიმის ბავშვი, რომ ფიფოსგან არ ჰყავდა, ეს მათ გარდა, კიდევ მხატვარმა იცოდა, თუმცა ფიფოსგან ფარულად, ქირურგმაც იცოდა, მაგრამ ის პირადი საიდუმლო, რომ ცოლ-ქმარს, სხვადასხვა საძინებლებში ეძინათ და ერთმანეთს არ ეკარებოდნენ, ეს მხოლოდ, მიმიმ და ფიფომ იცოდა და ცდილობდნენ არავისთან გაემხილათ.
- ეს უბრალო ეტიკეტია. - ფიფომ ყავის ფინჯანი ახლოს მიიწია. - თავიდანვე ასე მივეჩვიე და ახლა მომწონს კიდეც. ამაში უჩვეულო არაფერია, ზოგი ქმარი წიხლით რომ აღებს კარს, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი და მისაღები? და ელემენტალური კულტურა მიუღებელი?
- მართალი ხარ! - კვერი დაუკრა მამიდამ. - დღეს ისეთი დროა, რომ მართლაც ელემენტალური კულტურა გიკვირს კაცს, მაგრამ მაინც მაკვირვებს, რომ...
- თუ საძინებლების ამბავს გულისხმობ, ხომ იცით, როგორი საშინელი ხვრინვა ვიცი და არც ესაა საიდუმლო! და თუ კი გვაქვს იმის საშუალება, რომ მშვიდად გვეძინოს, რატომაც არა?
- მართალი ხარ, ისევ გეთანხმები. - მამიდა დამნაშავესავით თვალს ვეღარ უსწორებდა სიძეს. - რა ვიცი, ალბათ ეს ყველაფერი, ჩემი ეჭვიანი ხასიათის გამოა. რაღაც პარანოიასავითაც დამჩემდა, თითქოს ყველგან, შეთქმულებას ვხედავ და არ მინდა, რომ რამე გამომრჩეს.
- ეს უკვე, ზედმეტი ინტერესის ნიშანია. - ჩაეღიმა ფიფოს.
- ძალიან ხშირად არც შევმცდარვარ და ალბათ, უფრო მაგიტომ... ჰო, ალბათ უფრო მაგიტომაც დავრჩი ასე მარტოხელა... გაუთხოვარი...
„აუჰ, ახლა გაახსენდა?“
ფიფომ ღიმილი ძლივს შეიკავა.
„იმედია, თავის სასიყვარულო ისტორიების მოყოლას არ დაიწყებს ახლა. თუმცა, რომელი სასიყვარულოს? ეს ქალი, როდესმე, ვინმეს შეიყვარებდა? იკადრებდა კი, ამას?!“
- მიხარია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. - მამიდამ თემის შეცვლა ამჯობინა. - აშკარად უკეთ დადიხარ. 
- კი, მადლობა ღმერთს, ფეხი შემინარჩუნდა. ჩვენმა მეგობარმა ქირურგმა, იმდენი გააკეთა, იმდენი იწვალა და რა არ უმტკიცა, რომ შეუძლებელიც კი, შეაძლებინა და დღეს, ასე ვთქვათ, გადავრჩი! 
- საუკეთესო მეგობრებს, მაინც არაფერი სჯობს.
- აბა, რაა. - ფიფოს ახლა უფრო მეტად მოეშვა გულზე. 
- ბავშვობის მეგობრები, მაინც სულ სხვაა. ბოლომდე მოგყვება.
- ბავშვობის? - ფიფოს გაკვირვებული სახით გაეღიმა. - ეჰ, ბავშვობის მეგობრებიდან, არც არავინ შემომრჩა. იშვიათად ვეხმიანები, თითო-ოროლას.
- მეგონა, ქირურგი ბავშვობის მეგობარი იყო, ისე გულიანად იცის გვერდში ამოდგომა.
- ქირურგი? 
- ჰო, ქირურგს ადრეც ხომ იცნობდი?
- კი, უკვე რა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. იცი, მე და მიმიმ, ერთდროულად გავიცანით და ეს ყველაფერი, დიმეოს ბრალია. - ეცინებოდა ფიფოს. - დაიბადა თუ არა, ერთმანეთიც გაგვაცნო.
- როგორ? - გაიკვირვა მამიდამ. - მე ვიფიქრე, რომ ადრეც იცნობდით ერთმანეთს!
ფიფომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ნირწამხდარი მზერით ჩააშტერდა.
- ნუ ყოველ შემთხვევაში, როცა მიმიმ დამარეკინა და მერე აქ რომ მოვიდა მიმის სამშობიაროში წასაყვანად, მაშინ რატომღაც, ასე ვიფიქრე. - მამიდა უცებ გაჩუმდა. ფიფოს სახის გამომეტყველებაზე მიხვდა, რომ ძალიან ზედმეტი მოუვიდა. 
- ესე იგი, ადრეც იცნობდა? - გაიკვირვა ფიფომ. - ქირურგს, ჩემზე ადრე იცნობდა? ბევრად ადრე ვიდრე... - ფიფო უცებ გაჩუმდა და კოლოფიდან ამოღებული სიგარეტი, თითებში ჩაიმტვრია.
LEX. 2019 წლის 21 სექტემბერი, შაბათი.

No comments:

Post a Comment