Monday, August 12, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 18)

18.
- ცხენზე მჯდარხარ, ვაჩე? - თვალი ჩაუკრა ფიფომ. 
- არა, აბა საიდან? ახლოდანაც კი არ მინახავს.
- წინასწარ, როგორ არასდროს არ გვაფრთხილებთ, ჩამოსვლას თუ აპირებთ, წესიერად მაინც დაგხვდებოდით. - გამოეგება ოჯახის უფროსი და ფიფოს მანქანიდან გადმოსვლაში შეეშველა.
- წესიერი და უწესო დახვედრა, მე არ ვიცი! - გაიკრიჭა ფიფო. - აი აქვე, ჩემს ადგილას დამსვით და...
- ჰმ, ჩემს ადგილასო, მიითვისა უკვე ეს დიდი კაკლის ხე. - გაეცინა ოჯახის უფროსს.
- არ იდარდოთ, თან არ წავიღებ. - ეცინებოდა ფიფოსაც. - მამაოსთან ჩამოვედი. - ფიფომ წამით იყუჩა. - მაშინ შემთხვევით, რაღაც გამყვა აქედან.
- ჰოო? 
- არ შეიძლება იმის მითვისება, რაც შენი არ არის და მით უმეტეს, როცა იცი, ვისაც ეკუთვნის. 
- ასეთი რა წაიღე, რომ ასე შეწუხებულხარ? - გაეღიმა მასპინძელს და თან ცალი თვალი, ვაჩესაც შეავლო.
- სახლში, რომ მივედი, პიჯაკის ჯიბეში მამაოს მალამო აღმოვაჩინე. ვერც ვიხსენებ, როგორ და როდის ჩავიდე. საერთოდ, არ მჩვევია, მსგავსი რამ. წუხდა ფიფო. - სულ, აი, იმ თქვენი ღვინის ბრალია, ისე გამომათვრეთ...
- ჰი, ჰიი! - გაეცინა კაცს. - თვითონ ჩაგიდებდა, ისე რომ ვერც გაიგებდი.
- მართლა? - გაუკვირდა ფიფოს. - უჰ, მე კიდევ ლამის, გამისკდა გული, ისე განვიცადე.
- რა განერვიულებდა? - ისევ ეცინებოდა კაცს. - მოიპარავდი და უკან დააბრუნებდი!
- უჰ! კარგია თქვენთან. - ფიფომ ღრმად ჩაისუნთქა, სოფლის სუფთა ჰაერი.
- მერე ჩამოდით, კარგად დაგასვენებთ! იმ თქვენს კურორტებზე ნაკლები, რითია? 
- ისე, ზაფხულში, მართლაც კარგია აქ! 
- მარტო ზაფხულში? შენ შემოდგომა უნდა ნახო.
- ჰოდა ვნახავთ, თუ მოგვაქირავებ, ორ ოთახს მაინც მთელი სეზონი...
- რას ამბობ, კაცო! რას ჰქვია მოგაქირავებთ! - და უცებ კაცი გაჩუმდა. 
ფიფო მიუხვდა. ოჯახის უფროსს არ უნდოდა ზედმეტად წამოსცდენოდა, რომ ეს სახლი პიპას მერე, წესით ახლა შესაძლოა, მიმისაც ეკუთვნოდა. 
- არა, მასე არ მინდა! - ფიფომ ვაჩესკენ გააპარა თვალი. მაგრამ ბიჭი უკვე, მათ საუბარს აღარ უსმენდა, ეზოს დიდი ნაგაზის ფერებაში იყო გართული. 
- ჩამოდით, ჩამოდით, ყველას დაგასვენებთ!
ფიფომ ამოიხვნეშა და რაც შეიძლებოდა მოკლედ აუხსნა, თუ ვისთვის სჭირდებოდა, ეს დროებითი თავშესაფარი.
- მერე რაზეა საუბარი, უფროსო! - ისევ იწყინა მასპინძელმა. - აბა ქირას, როგორ გამოგართმევ? ჩამოიყვანე და იცხოვრონ აქ!
- არა, მასეც არ შეიძლება! - არ ეთანხმებოდა ფიფო. - ხუთ სულიანი ოჯახია, რაც არ უნდა დავალებული იყოთ...
- ოთახის ქირას არ გახდევინებ და მამულში მოგვეხმარონ, სახლშიაც ბევრი საქმეა.
- ჰო, სოფელში საქმეს რა გამოლევს, მაგრამ მაინც არ გამოვა ქირის გარეშე. აქაც ათასი რამ გჭირდებათ, მარტო საკვები ხომ არ არის?
- ჰოდა, რამეს დაგავალებთ ჩვენცა! - გაეცინა მასპინძელს.
- დამავალეთ!
- საშენო საქმესა!
- კი, ბატონო, მიმსახურეთ! - გაიკრიჭა ფიფო.

***
- ზოგჯერ, აღარ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა, არც კი ვიცი, რაში შეიძლება გამოგადგეთ. - ვაჩე სიტყვებს, ძლივს უყრიდა თავს.
- სამაგიეროს არ ვითხოვ, გულშიც კი არ გამივლია! - მიუგო ფიფომ. - უბრალოდ, თუნდაც ერთ ადამიანს, შეაშველო ხელი, ალბათ ესეც, რაღაც საქმეა. 
- ჰო, მაგრამ უმადური, არც ის ადამიანი არ უნდა დარჩეს.
- არ იფიქრო ამაზე! არც იფიქრო! უბრალოდ, იცოდე და გახსოვდეს. - გაუღიმა ფიფომ, აწყლიანებულ თვალებიან ბიჭს. - მე, - შენ, შენ კი სხვას! მას ვისაც, შენი მხარში დგომა დასჭირდება და თანაც, ყოველგვარი ანგარების გარეშე.
- ვიმუშავებ! ვიშრომებ! ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხზე დავდგე! მინდა ძალიან ბევრი ფული ვიშოვო და...
- შეიძლება ფულის გულისთვის, ბევრი რამ გააკეთო, მაგრამ მთავარია, საქონლად არ იქცე, რადგან მერე, ვერაფერი შეგცვლის! - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს.
„მაინც, რა ბედზე გამოჩნდა ეს კაცი, ჩვენს ცხოვრებაში.“
ჩაფიქრებული გასცქეროდა ვაჩე მიდამოს. 
„ზოგჯერ თავი, ზღაპარში მგონია. ნუთუ, მართლა არაფერი უნდა ჩვენგან? ნუთუ, არაფერს მოითხოვს, ან?..
იქნებ ოდესმე, ისეთი რამ მთხოვოს, რაც... 
რაც...
ნუ რა ვიცი, ალბათ გავაკეთებ.
ან არ გავაკეთებ! ჩემი ნებაა! 
და თუ უნდა, წამომაყვედროს თავისი სიკეთე! 
თუნდაც, სულ ცხვირში მადინოს!
არაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ მერე დედას, თვალებში ვეღარ ჩავხედო!“
- რაღაც ძალიან ბევრს ფიქრობ! - ეღიმებოდა ფიფოს. - თუ არ მოგწონს აქაურობა, მაშინ...
- როგორ არ მომწონს! - წამოიძახა ვაჩემ.
- ზაფხულში კი კარგია, მაგრამ ზამთარში, რთულია სოფელი.
- სიცივის არ მეშინია! არც სახლში გვქონდა წესიერი გათბობა და... - ბიჭი გაჩუმდა.
- ზამთარშიც ვფიქრობ, მოგიწევთ აქ ყოფნა. არა მგონია, მანამდე მოგვარდეს თქვენი პრობლემები.
- და სულ, რომ არ მოგვარდეს? - სევდიანი თვალები შეანათა ვაჩემ.
- უკვე დაიძრა, თქვენი საქმე და ვიმედოვნებ, მალე დედას ანგარიშზე ყოველ თვე მათი პენსიებიდან თანხა ჩაირიცხება, რადგან ნებაყოფლობით არ ისურვეს, წილის დათმობა.
- ჰოო? და მერე, რომ არ ჩარიცხონ?
- მაგათ, არავინ შეეკითხება, რომც მოინდომონ ხელსაც ვერ ახლებენ, ავტომატურად გადავა დედას ანგარიშზე.
- ეს კარგია! მართლა კარგია! ძალიან კარგია! - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ბიჭი.
- ისე, რომ იცოდე, ვერც დედა ვერ ახლებს ხელს იმ ანგარიშს.
- რატომ? მაშინ რა აზრი აქვს?
- რატომ და რომ არ შემოეხარჯოს! ხშირად ათასი გაუთვალისწინებელი ხარჯები იჩენს ხოლმე თავს, ამიტომ ეს ანგარიში, სანამ სწორედ იმ სათანადო თანხით არ შეივსება, მანამდე ხელს ვერავინ ახლებს. 
- მართლა?
- ჰო, მართლა! ყველა საბუთი ბანკის სეიფში ინახება, ესეც გავითვალისწინეთ, რომ არ შემოგხარჯოდათ და მერე ერთი კარგი სუფრა, თქვენზე იქნება ახალ სახლში, ხომ დამპატიჟებ?
- რა თქმა უნდა! - გაიბადრა ბიჭი.
- მანამდე კიი. - ფიფომ ეზოს თვალი მოავლო. - მდინარე, არც თუ ისე ახლოს არის. საბანაოდ, როგორც ვიცი, უფრო შორს უწევთ ასვლა. - ფიფო გაჩუმდა. - აუზი, ხომ არ მოვაწყოთ ეზოში?
- რა მაგარი იქნებაა!
- მხოლოდ ჯერ, მასპინძელს დავეკითხოთ, თუ დაგვთანხმდება, დანარჩენს მე მივხედავ. 
- აბა შენ, რას მიხედავ? - გაეცინა ოჯახის უფროსს და ხელჯოხზე მიანიშნა.
- მასალასაც ჩამოვიტან და მუშახელსაც გამოვაყოლებ. - არ დაიბნა ფიფო.
- მუშახელის მეტი, რა გვყავს აქ!
- მეც ვიმუშავებ და უფრო მალე იქნება. - ჩაერია ვაჩე.
- აბა, რაა! - გაეცინა ფიფოს და მერე უფრო, ჩაფიქრებული ხმით დაუმატა. - აუზი კი მართლაც კარგი იქნება, მაგრამ წყლის გამოცვლა გაჭირდება.
- საბანაო ადგილი, კი არის, უფრო მოშორებით, მაგრამ მდინარის კალაპოტი, ბევრად უფრო ახლოა, საიდანაც სარწყავ წყალს ვქაჩავთ ადვილად.
- მართლა? - გაუხარდა ფიფოს. - ძალიან კარგი, მაშინ ყველაფერი მოგვარებული ყოფილა! როგორც კი ჩავალ ქალაქში, მალევე ჩამოვიყვან მუშებს.
- მუშახელი არ გვაკლია აქაც!
- დამხმარეები კი მაგრამ, ყველაფერს ცოდნა უნდა და თავისი სპეციალისტი სჭირდება, ამიტომ ჩამოვიყვან დიზაინერებსაც და...
- თუ კაი საქმეს აპირებთ, ჩვენც წაგვიყვანეთ! - ღიმილით მიუახლოვდა მოძღვარი ფიფოს. - იქნება გამოგადგეთ, ჩვენი ბერები, არც თუ ისე ცოტანი ვართ, ზემოთ მონასტრიდანაც ჩამოვლენ.
- მოკლედ გადაწყდა! ერთიანი ძალებით, ეზოში აუზს ვაშენებთ, ბავშვებს გავახარებთ! - ფიფო წამოდგომას შეეცადა, მაგრამ მამაომ არ დაანება. 
- ისეთ უხერხულობაში ჩავვარდი, როცა პიჯაკის ჯიბეში თქვენი, მალამო აღმოვაჩინე, არც კი ვიცი როგორ და რანაირად მოვახერხე. - ფიფო თავის მართლებას მოჰყვა, თუმცა გასამართლებელი, არც არაფერი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მოძღვარს, თავად ჩაუდევს ფიფოს უჩუმრად და ისე გამოუტანებია.
- ესე იგი, აუზიო? 
- ჰო, თუ ოჯახის უფროსი დაგვთანხმდება. - თვალი ჩაუკრა ფიფომ, მამაოს.
- ვინ ჰკითხავს, მაგას! - ეცინებოდა მოძღვარს.
- არც მეკითხებითა და ნურც მეკითხებით! - სიცილით წამოდგა მასპინძელი. - მე მაგ აუზში, ჩამსვლელი არ ვარ! 
- ბავშვებისთვის შენდება, თორემ უფროსებმა, მდინარეს აუყევით და იქ იჭყუმპალავეთ. - მამაომ, ფიფოს გახედა.
- ესე იგი, რადგან ბავშვი არ ვარ, მე არც უნდა ჩავხტე, არა?! კარგი, ეგრე იყოს! ჯანდაბას ჩემი თავი! ავალ მდინარეზე, მხოლოდ მეტი ქირა, აღარ გამაგონო, იცოდე!
- მეც ვიმუშავებ! - ჩაერია ვაჩე. - დედა სახლს დაალაგებს, სადილსაც კარგად ამზადებს, კერვაც ეხერხება!
- რაო? კერვა ეხერხებაო? - იკითხა მასპინძელმა. - მერე მაგაზე კარგს, რას გააკეთებს? დაჯდეს და შეგვკეროს!
- მოკლედ ასე, მოვილაპარაკეთ და როდის ჩამოვიყვანო? - იკითხა ფიფომ.
- დაღამდა და კიდევ მაგას ჰკითხულობ? - გაიკრიჭა მასპინძელი. - რაღას უცდი?
- მე... მე არ ვიცი ეს სიკეთე, ყველას როგორ... - ვაჩეს თვალები აევსო.
- როცა სიკეთე მოისუსტებს, მაშინ ბოროტება ძლიერდება. - დაუყვავა მამაომ გულაჩუყებულ ბიჭს.
ფიფომ რაღაც მიანიშნა მასპინძელს. ისიც მიუხვდა, მის სტუმარს, მოძღვართან მარტო დარჩენა სურდა.
- მოდი აბა, ბიჭო, ახალი მეგობრები გაგაცნო, ბარემ! - მასპინძელი წამოდგა და ვაჩეც თან გაიყოლა.
ფიფომ რამდენჯერმე დააპირა ხმის ამოღება, მაგრამ სათქმელს თავი ვერ მოუყარა. არც მამაო იჩენდა ინიციატივას, უხმოდ, ჩვეული სიმშვიდით ელოდა, როდისღა დაადგებოდა საშველი.
- ბევრ აღსარებას იბარებთ? - როგორც იქნა, დაარღვია დუმილი ფიფომ.
- ბევრია თუ ცოტა, აბა მე რა ვიცი. - ჩაეღიმა მოძღვარს. - ვინც მოდის, ყველას ვღებულობ. ღვთის წინაშე ვარ ვალდებული, რომ უარით, არავინ გავისტუმრო.
- მდაა, რთულია ძალიან. რამდენი ადამიანიც მოვა, იმდენი გონებაა საჭირო, რომ არაფერი შეგეშალოს.
- მაგაზე თუ ვიფიქრე, შვილო, რომ არაფერი შემეშალოსო, მაშინ არც საუბარი გამომივა და არც გონიერება მეყოფა. 
- ჰმ. - თავი გააქნია ფიფომ.
- მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემთან მოსულმა კაცმა, გული მოიოხოს, სული გაიწმინდოს და თავისუფლად ამოისუნთქოს. დანარჩენი კი მერე უფლის ხელშია, თუმცა მერეც და მანამდეც, სულ უფლის ხელშია ყველაფერი.
- ჰაჰ! - ჩაეღიმა ფიფოს. - ამიტომაც არის ეს გამონათქვამი, რომ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, არა? 
- ღმერთი არც იცინის და არც ტირის და ეგ ანდაზაც, სავარაუდოდ, კომუნისტების შელამაზებული იქნება.
- ჰოო? ნეტა მართლა სინამდვილეში, როგორ იქნებოდა?
- კაცი ბჭობდა და ღმერთი, განაგებდა. - მოძღვარმა, წამით იყუჩა და მერე ღიმილით დაუმატა. - ალბათ.
- ჰმ. ალბათ. - კვერი დაუკრა ფიფომ. - და მართლაც თუ უფალი განაგებს ყველაფერს, მაშინ რაღა საჭიროა ამდენი ბრძოლა? მაინც მის ხელში არ არის ყველაფერი? როგორც მას უნდა, ისე შეაბრუნ-შემოაბრუნებს!
- ღვინო, თუ არაყი? - მოულოდნელად ჰკითხა მოძღვარმა.
ფიფო ცოტა არ იყოს, დაიბნა. რა შუაში იყო ამ საუბართან? ან კი მოძღვარს, მიმდინარე სასაუბრო თემის დახურვა, ხომ არ უნდოდა?
- რა ვიცი. - დაბნეულად უპასუხა ფიფომ. - გააჩნია სუფრას ან თუნდაც ხალისს.
- ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანაო, ხომ გაგიგია? - მოძღვარმა თვალები მოწკურა.
- ჰო, რა ვიცი. - ფიფო ისევ ვერაფერს ხვდებოდა.
- უფალმა, მოგცა ქვეყანა და შენ თვითონ უნდა აირჩიო, როგორც შენი სინდისი გიკარნახებს, ისე უნდა იცხოვრო, დანარჩენს კი, უფალი განაგებს! მისი უფლებაა, ანუ უფლის ნებაა, თუ რამდენად გაცხოვნებს, ან კი ცხონდები, თუ არა! აი ეგ არ მოგეკითხება და ნურც სხვას განიკითხავ, შენი საქმე აკეთე. 
- მაშინ, ღვინოს ავირჩევ! - გაიკრიჭა ფიფო. - ამ საუბარს, ახლა ღვინო უფრო მოუხდება. 
- როცა ნაბიჯის გადადგმას დააპირებ, მაშინ კარგად დაფიქრება გმართებს, ამაშია შენი არჩევანი და ასევე სწორად შერჩეული, კერძზე მორგებული სასმელიც! - გაეღიმა მოძღვარს.
- ჰო, სწორად უნდა იფიქრო და მერე სწორ გზაზეც ივლი. - დაუმატა ფიფომ. - თუმცა... - ფიფომ წამით იყუჩა. - მაინც შემეშალაო, მახსოვს მითხარით. 
მოძღვარი ჩაფიქრებული შეჰყურებდა მოსაუბრეს. მშვენივრად მიხვდა, ფიფოს მისგან, რაღაც სურდა.
„ალბათ ისევ პიპაზე, თუ აინტერესებს, მაგრამ ისიც, ხომ მშვენივრად იცის, რომ იმაზე მეტს მაინც ვერაფერს გაიგებს, რაც უკვე...“
- ჰოდა, აღარ მინდა, რომ კიდევ შეგეშალოთ! - ფიფომ ეზოში, ბიჭებთან მოთამაშე ვაჩეზე მიანიშნა. - ეს ოჯახი, სრულიად შემთხვევით გავიცანი და არც იმდენად სახარბიელო დროს. - ფიფომ ამოიხვნეშა. - რაც შემეძლო დავეხმარე, ან იქნებ, უფრო მეტიც შემეძლო, მაგრამ ახლა, თქვენი იმედი მაქვს, არ გაქვთ შეცდომის უფლება, აღარ გაქვთ! 
მოძღვარმა, უხმოდ დაუქნია თავი, ფიფომ კი განაგრძო:
- ამ პატარა ბიჭში... და ყველა ასეთ პატარა ბიჭში... - ფიფო გაჩუმდა. სიტყვის გაგრძელებას, აზრი აღარ ჰქონდა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.
- ადამიანი, შეცდომებზე იზრდება. - დაარღვია დუმილი მოძღვარმა და მერე, ღიმილით დაუმატა. - და არც მე არ მაქვს უფლება, რომ გაუზრდელი დავრჩე!
LEX. 2019 წლის 26 ივლისი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment